Blog

  • “როგორ მოახერხეთ ასეთი სახლების უფასოდ აშენება?”-ბოკუჩავას მწვავე კითხვები მინისტრ იზორიას

    “რა ავტომობილით გადაადგილდებით ბატონო ლევან და როდის შეიძინეთ?” – თავდაცვის მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ 2012 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა და მინისტრის ახლანდელი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.

    ბოკუჩავას თქმით, 2012 წელს ლევან იზორია ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ბოკუჩავამ მინისტრს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიში წარდგენის დღეს პარლამენტის ეზოში გადაღებული არაერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო აჩვენა და ჰკითხა, რა ღირს მისი ავტომობილი და როდის შეიძინა.

    ბოკუჩავამ მინისტრს კიდევ ერთი ფოტო წარმოუდგინა, სადაც ლევან იზორიას შემოსავლების მზარდი დინამიკაა ასახული.

    „ვისურვებდი რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ.

    ბოკუჩავამ ლევან იზორიას მისი ფეშენებელური სახლის ფოტოც წარმოუდგინა, რომელიც ლევან იზორიამ მინისტრად დანიშვნის შემდეგ აიშენა, თუმცა დეკლარაციაში ხარჯები არ მიუთითებია.

    „დეკლარაციის მიხედვით, თქვენ საერთოდ არ დაგიხარჯავთ არცერთი თეთრი, მე მაინტერესებს, როგორ აიშენეთ ბატონო ლევან, უფასოდ ასეთი ტიპის სახლები,“-მიმართა მინისტრს ბოკუჩავამ.

  • განგაში მეტროში-მგზავრებს ვაგონი დააცლევინეს

    განგაში თბილისის მეტროში – მეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს.ევაკუაციის მიზეზი  მგზავრებს არ განუმარტეს, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. რაც შეეხება დაცლილ მატარებელს, ის  ჩიხში გადაიყვანეს.

    „300 არაგველზე”  ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“-განაცხადა ერთ-ერთმა  მგზავრმა.

    მგზავრები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები მეტროსადგურებში საკმაოდ მოხშირდა, თუმცა მეტროს შეფერხების მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

  • “ბიზნესები ჩავუჩეხე”-ხაბაძის გადადგომის მიზეზები ფარულ ჩანაწერში

    ტელეკომპანია პირველმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ტელეფონით თანამოსაუბრეს თანამდებობიდან გაშვების მიზეზებზე უყვება.

    ჩანაწერში სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ მას  მას “პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკები” დაუპირისპირდნენ. ხაბაძე ჩანაწერში მათ ბიზნესინტერესებზე საუბრობს, რასაც მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

    “ბიძინას რომ ველაპარაკე, ბათუმში დაბალი [რეიტინგი] გაქვსო. რატომ მაქვს მეთქი ბათუმში დაბალი, ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი შემოგვტენეს, არ მემორჩილება, აკეთებს მისებურად – მეთქი. ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი, ბიძინას რომ ველაპარაკებოდი, ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დამეთხვა
    ბულვარის თემაც და” – ისმის ხმა, რომელიც წყაროს ინფორმაციით ხაბაძეს ეკუთვნის.

    ამონარიდი “ტვ პირველზე” გასული  აუდიოჩანაწერიდან:

    არჩილ ხაბაძე: გიორგი რაღაცაზე იყო ნაწყენი და არ ამბობდა, მე ერთი ორჯერ ვუთხარი…

    უცნობი: გიორგი?

    არჩილ ხაბაძე: კვირიკაშვილი, ცხვირი დარჩა გაშვერილი, რა ვიცი მე, იგი ხომ არ ვარ..

    უცნობი: ისე რა იყო თემა?

    არჩილ ხაბაძე: ვერ მივხვდი რაცხა.

    უცნობი: დღემდე არ იცი?

    არჩილ ხაბაძე: დღემდე არ ვიცი. ბოლო შეხვედრა რომ იყო და ჩავიყვანე უმაღლესი საბჭოდან ჩემი მინისტრები, ვერ მივხვდი, 13 მინისტრი დამახვედრა და რაცხა ყ… სიტუაცია შეიქმნა, ამის გამო არ იყო, რაცხა ჩაჩორტეს, ვერ მივხვდი, ვერ ვხვდები.

    უცნობი: დღემდე არ იცი მიზეზი რა უნდა?

    არჩილ ხაბაძე: არა, მე მითხრა მიზეზი, სისხლის გადასხმაა საჭიროო და მერე მაქ ვოლსკი..

    უცნობი: სისხლის გადასხმაა საჭირო და ესე იგი ჩემს ფლაგზე გადმო და ჩემთანო?

    არჩილ ხაბაძე: არა, სისხლის გადასმაა საჭირო რეგიონში, მაქ პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკებიც დამიპირისპირდნენ.

    უცნობი: ვოლსკიც დაგიპირისპირდა და ტრიპოლსკიც?

    არჩილ ხაბაძე: ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე.

    უცნობი: არ უკეთებდი?

    არჩილ ხაბაძე: რა არ ვუკეთებდი, ტირ-პარკი მაგის არაა, ვოლკსის.

    უცნობი: რომელი ტირ-პარკი?

    არჩილ ხაბაძე: მეორე, იგი რომაა. მაგან იჩალიჩა. მერე ტრიპოლსკი მაგერ არ გვყავდა, ქობულეთში რომ ლაზიშვილს პატრონობდა და რაცხა, ახლა ჩაბარებული რომაა.

    უცნობი: კაროჩე მაგენის ტენდერები და შავბნელი საქმეები ჩაჩეხე.

    არჩილ ხაბაძე: ვჩეხავდი სერიოზულად.

    უცნობი: მერე მაი ბიძინამ არ იცი ყველაფერი თუ არ ეუბნებოდი?

    არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი, არ დადგა, იქამდე არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო.

    არჩილ ხაბაძე ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური აუდიოჩანაწერში საკუთარ  ხმას ვერ ცნობს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ასეთი საუბარი მართლაც შემდგარიყო. ხაბაძე ამბობს, რომ  ცრუ ინფორმაცია სპეციალურად რამდენიმე პირს მიაწოდა.

    “ჩემი წასვლის შემდეგ ბევრი ცდილობდა რაღაცეების გარკვევას, მათ შორის იყვნენ პროვოკატორების მსგავსი პიროვნებები და მათი აქტიურობა ჩემთან მიმართებით მაინტერესებდა… ვაფიქსირებდი იმას, რომ ადრესატამდე მისულიყო ის, რაც მათთვის იქნებოდა საინტერესო, მცდარ ინფორმაციას ვაწვდიდი, რამდენიმე იყო, ამ პიროვნებასაც ვერ ვცნობ, იმ 3-4-დან იქნება, ის 3-4 პიროვნება, ვინც დავაფიქსირე, ყველა ერთი ნარატივით იყო. რაღაც პროვოკაციული მომენტი იყო, მაინტერესებდა ზუსტად ეს, რომ რაღაც დაძაბულობა შემეტანა, ამათმა ეს ინფორმაციები რაც მოიტანეს, მე დავადასტურე, ზუსტად ის მაინტერესებდა, ამათ რა აინტერესებდათ” – უთხრა ხაბაძემ TV პირველს და განმარტა, რომ გია ვოლსკის მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

    “ყოველთვის მეკითხებოდნენ ბატონი გიას პოზიციაზე, არ ვიცი, აქ იყო მსჯელობები, რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ცრუ ინფორმაცია მივაწოდე იმიტომ, რომ ადრესატამდე რომ მივიდოდა, რა გამოვიდოდა, საჭირო იყო იმ მომენტისთვის მისი სახელის გამოყენება” – ამბობს ხაბაძე.

    არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2016 წლის ივლისში დატოვა. მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ხაბაძე მაშინ ზურაბ პატარაძემ შეცვალა.

  • “თქვენ ფიქრობთ რომ ამოეფარებით ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ?”- სამადაშვილი იზორიას მიმართავს

    “თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, როგორ ფიქრობთ, ამოეფარებით ჯარს? “-რიტორიკული შეკითხვით პარლამენტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მიმართა.

    სამადაშვილმა მინისტრს ჰკითხა, რა უფრო დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ის რომ ოპოზიცია სვამს კითხვებს თავდაცვის სისტემაში არსებული კორუფციის შესახებ, თუ ის, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

    “სრულიად უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე გავხდით ამ დარბაზში, როდესაც თქვენ ტოლობის ნისანი დასვით ქართულ ჯარს და იმ ჩინოვნიკებს შორის ქართულ ჯარში, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში და ოპოზიცია დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით ქართულ ჯარში.

    “ესეთი პრეცენდენტი არ მახსენება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და დაესვა ტოლობის ნიშანი ჯარს და საკუთარ თავს და ჩინოვნიკებს შორის. თქვენ ფიქრობთ რომ ამოეფარებით ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში? უკაცრავად, რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია თქვენი მთავარსარდლის და ქვეყნის პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ამასთან დაკავშირებით არ მახსოვს თქვენი დაფიქსირებული პოზიცია არც ამ დარბაზში და არც სხვაგან. თუ ჩვენი შეკითხვები – კორუფცია არსებობს თუ არა ჯარში, სირცხვლია? და არანაირ კითხვას, რომელსაც გასცემთ პასუხის ამ დარბაზში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • თბილისში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო

    თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო. პირველ ეტაპზე ჭადრის ხეების შეწამვლა მტკვირს ორივე სანაპიროზე განხორციელდა. ხეებს დაავადება ანთრაქნოზი გამოუვლინდა. პირველ ეტაპზე სულ 2140 ძირი ჭადრის ხე შეიწამლა. წამლობა პირველად განხორციელდა იტალიური ბორდოს 3 პროცენტიანი ხსნარით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა, მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში.  ჯამში სულ შეიწამლება 6745 ჭადარი რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, რობაქიძის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, ბუშის ხიდიდან – აეროპორტამდე, მოსკოვის გამზირზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, შარტავას ქუჩაზე, ა. კალანდაძის ქუჩაზე, გ. ჭყონდიდელის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, აგლაძის ქუჩაზე, კანდელაკის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, ც. დადიანის გამზირზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ქეთევან წამებულის გამზირზე. სანიტარიული ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარიული კვლევის შედეგებს დაეფუძნა.

  • ჯარიდან წასული მფრინავი ქალი პარლამენტის სხდომაზე არ შეუშვეს

    პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრი ლევან იზორია მოხსენებით გამოდის, თავდაცვის სამინისტროდან პროტესტის ნიშნად წასული მფრინავი ქალი არ შეუშვეს.

    ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.

    თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს  გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი , რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან სექსიზმის მსხვერპლი გახდა.

    მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.

    წამოსვლიდან 5 თვის შემდეგ ქვლივიძემ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს  საჩივრით მიმართა.

  • ”ცდები თუ ფიქრობ, რომ რასისტული კომენტარი შეგრჩება” – ხაბიბი მაკგრეგორის კომენტარს გამოეხმაურა

    მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის რასისტულ პოსტს უპასუხა, სადაც კონორი მის მეუღლეს პირსახოცს უწოდებს.

    “თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ნებისმიერი რელიგია შეურაცხყო და არ დაზარალდები, ცდები”, – წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

    ორ მებრძოლს შორის დაპირისპირება არ ცხრება და ისინი ერთმანეთის დასამცირებლად ყველა საშუალებას იყენებენ. შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორის მიერ კარიერის დასრულებაზე განცხადების შემდეგ დაღესტნელმა მებრძოლმა ის შეადარა ცოლს, რომელიც ყოველთვის მიდის სახლიდან, მაგრამ ბოლოს, მაინც ბრუნდება.

    იხილეთ კონორის კომენტარი ხაბიბის ქორწილზე აქ.

  • დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა

    “დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა”- ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ  ცოტა ხნის წინ გაახმოვანა.

    ქვეყნის დატოვების მიზეზად ადვოკატი დავით ბაგრატიონის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

    “ჩემი მარწმუნებლის დედას გუშინ ღამით გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის ჰოსპიტალიზებულია ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივადაა გადარჩენილი. ამ წუთას ის მადრიდში ჰოსპიტალში იმყოფება. ჩემი მარწმუნებელი იძულებული გახდა, გუშინ, გვიან ღამით, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, ესპანეთში გამგზავრებულიყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

    მისივე თქმით, დამადასტურებელ დოკუმენტი, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გასაჯაროვდება.

    „როგორც კი ჩავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას კლინიკიდან გადმოგვიზავნის და ჩვენ გავასაჯაროვებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

    ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია.

    „ამაში უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონ დავითი არ იყო ძებნაში. მის მიმართ არანაირი ბრალდება არ არის ოფიციალურად წარდგენილი. შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლო”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

    ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოში  დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ვერავინ ნახავს.

    “ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენ მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენარს, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება, რადგან ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და აღნიშნულს ადგილი არ ექნება”, – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

  • როცა გავიგე რომ არია კვდება- მეისი უილიამსი “სამეფო კარის თამაშებზე”

    რამდენიმე დღის წინ ჯიმი ფელონს შოუში მეისი უილიამსი ჰყავდა სტუმრად. მეისი უილიამსი ყველასათვის  ცნობილ პერსონაჟის არია სტარკის როლს ასრულებს სერიალში “სამეფო კარის თამაშებში” როდესაც  ჯიმი ფელონმა მეისის სთხოვა რომ პატარა დეტალი მაინც გაემხილა  ბოლო სეზონიდან, მეისის შემთხვევით წამოსცდა რომ ” გადაღების ბოლო დღეები განსაკუთრებით ემოციური იყო ყველასათვის, როდესაც გავიგე რომ არია მეორე ეპიზოდში კვდება…”

    ყველასათვის საყვარელი სტარკების ქალიშვილის სიკვდილი რა თქმა უნდა არავის გახარებია და დარბაზიც რამდენიმე წუთის განმავლობაში შოკში იყო, თუმცა შოუ დადგმული იყო და ეს უბრალოდ 1 აპრილის ხუმრობა იყო.

    გუშინ ასევე გამოქვეყნდა სერიალის ბოლო თიზერი სადაც  მიტოვებული ვინტერფელი ჩანს, ასევე ჩანს ბრან სტარკის ცარიელი სავარძელი, მეფის მარჯვენის გულსამაგრი, ჯეიმი ლანისტერის მარჯვენა ხელის ოქროს იმპლანტი, არია სტარკის “ნემსი”, ბუმბული რომელიც რობერტმა 1 სეზონში ლიანა სტარკის ქანდაკებაზე დატოვა, ჯონ სნოუს სისხლიანი მახვილი და დეინერის ტარგარიანის გულსაბნევი. თუ რას უნდა ნიშნავდეს  თიზერის ეს კადრები ჯერ-ჯერობით უცნობია. ყველაზე რეიტინგული სერიალის ბოლო სეზონის პრემიერა კი 14 აპრილს შედგება.

  • “გუშინ პარლამენტში საზარელი ინციდენტი მოხდა”-ადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს უჩივის

    “გუშინ პარლამენტის სხდომაზე საზარელი ინციდენტი მოხდა “-  ამ სიტყვებით ცოტა ხნის წინ  ფრაქციის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის წევრებს მიმართა და   გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სხდომის წამყვანის თამარ ჩუგიშვილის მხრიდან  ემზარ კვიციანისთვის მიკროფონის გათიშვა გააპროტესტა.

    ადა მარშანიას თქმით, მომხდარს  “პატრიოტები” პარლამენტის ეთიკის საბჭოში გააპროტესტებს, რათა გუშინდელ სესიაზე მომხდარი ფაქტი განიხილოს.

    “პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. უფრო მეტიც, მან გაბედა და ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და მას ციტირებდა – ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური ტექსტი“, – განაცხადა ადა მარშანიამ.