ტელეკომპანია პირველმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ტელეფონით თანამოსაუბრეს თანამდებობიდან გაშვების მიზეზებზე უყვება.
ჩანაწერში სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ მას მას “პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკები” დაუპირისპირდნენ. ხაბაძე ჩანაწერში მათ ბიზნესინტერესებზე საუბრობს, რასაც მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.
“ბიძინას რომ ველაპარაკე, ბათუმში დაბალი [რეიტინგი] გაქვსო. რატომ მაქვს მეთქი ბათუმში დაბალი, ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი შემოგვტენეს, არ მემორჩილება, აკეთებს მისებურად – მეთქი. ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი, ბიძინას რომ ველაპარაკებოდი, ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დამეთხვა
ბულვარის თემაც და” – ისმის ხმა, რომელიც წყაროს ინფორმაციით ხაბაძეს ეკუთვნის.
ამონარიდი “ტვ პირველზე” გასული აუდიოჩანაწერიდან:
არჩილ ხაბაძე: გიორგი რაღაცაზე იყო ნაწყენი და არ ამბობდა, მე ერთი ორჯერ ვუთხარი…
უცნობი: გიორგი?
არჩილ ხაბაძე: კვირიკაშვილი, ცხვირი დარჩა გაშვერილი, რა ვიცი მე, იგი ხომ არ ვარ..
უცნობი: ისე რა იყო თემა?
არჩილ ხაბაძე: ვერ მივხვდი რაცხა.
უცნობი: დღემდე არ იცი?
არჩილ ხაბაძე: დღემდე არ ვიცი. ბოლო შეხვედრა რომ იყო და ჩავიყვანე უმაღლესი საბჭოდან ჩემი მინისტრები, ვერ მივხვდი, 13 მინისტრი დამახვედრა და რაცხა ყ… სიტუაცია შეიქმნა, ამის გამო არ იყო, რაცხა ჩაჩორტეს, ვერ მივხვდი, ვერ ვხვდები.
უცნობი: დღემდე არ იცი მიზეზი რა უნდა?
არჩილ ხაბაძე: არა, მე მითხრა მიზეზი, სისხლის გადასხმაა საჭიროო და მერე მაქ ვოლსკი..
უცნობი: სისხლის გადასხმაა საჭირო და ესე იგი ჩემს ფლაგზე გადმო და ჩემთანო?
არჩილ ხაბაძე: არა, სისხლის გადასმაა საჭირო რეგიონში, მაქ პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკებიც დამიპირისპირდნენ.
უცნობი: ვოლსკიც დაგიპირისპირდა და ტრიპოლსკიც?
არჩილ ხაბაძე: ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე.
უცნობი: არ უკეთებდი?
არჩილ ხაბაძე: რა არ ვუკეთებდი, ტირ-პარკი მაგის არაა, ვოლკსის.
უცნობი: რომელი ტირ-პარკი?
არჩილ ხაბაძე: მეორე, იგი რომაა. მაგან იჩალიჩა. მერე ტრიპოლსკი მაგერ არ გვყავდა, ქობულეთში რომ ლაზიშვილს პატრონობდა და რაცხა, ახლა ჩაბარებული რომაა.
უცნობი: კაროჩე მაგენის ტენდერები და შავბნელი საქმეები ჩაჩეხე.
არჩილ ხაბაძე: ვჩეხავდი სერიოზულად.
უცნობი: მერე მაი ბიძინამ არ იცი ყველაფერი თუ არ ეუბნებოდი?
არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი, არ დადგა, იქამდე არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო.
არჩილ ხაბაძე ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური აუდიოჩანაწერში საკუთარ ხმას ვერ ცნობს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ასეთი საუბარი მართლაც შემდგარიყო. ხაბაძე ამბობს, რომ ცრუ ინფორმაცია სპეციალურად რამდენიმე პირს მიაწოდა.
“ჩემი წასვლის შემდეგ ბევრი ცდილობდა რაღაცეების გარკვევას, მათ შორის იყვნენ პროვოკატორების მსგავსი პიროვნებები და მათი აქტიურობა ჩემთან მიმართებით მაინტერესებდა… ვაფიქსირებდი იმას, რომ ადრესატამდე მისულიყო ის, რაც მათთვის იქნებოდა საინტერესო, მცდარ ინფორმაციას ვაწვდიდი, რამდენიმე იყო, ამ პიროვნებასაც ვერ ვცნობ, იმ 3-4-დან იქნება, ის 3-4 პიროვნება, ვინც დავაფიქსირე, ყველა ერთი ნარატივით იყო. რაღაც პროვოკაციული მომენტი იყო, მაინტერესებდა ზუსტად ეს, რომ რაღაც დაძაბულობა შემეტანა, ამათმა ეს ინფორმაციები რაც მოიტანეს, მე დავადასტურე, ზუსტად ის მაინტერესებდა, ამათ რა აინტერესებდათ” – უთხრა ხაბაძემ TV პირველს და განმარტა, რომ გია ვოლსკის მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
“ყოველთვის მეკითხებოდნენ ბატონი გიას პოზიციაზე, არ ვიცი, აქ იყო მსჯელობები, რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ცრუ ინფორმაცია მივაწოდე იმიტომ, რომ ადრესატამდე რომ მივიდოდა, რა გამოვიდოდა, საჭირო იყო იმ მომენტისთვის მისი სახელის გამოყენება” – ამბობს ხაბაძე.
არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2016 წლის ივლისში დატოვა. მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ხაბაძე მაშინ ზურაბ პატარაძემ შეცვალა.
Leave a Reply