Blog

  • ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი –  დეკანოზი ელიზბარ

    ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი – დეკანოზი ელიზბარ

    “წერია, ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი” – აცხადებს დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ტვ “მთავართან” საუბრისას. მისი  თქმით, ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, ეკლესია მაშინ იტყვის  ყველაფერს, როცა ამის დრო დადგება.
    “მე 40 წელია ვაზიარებ ამას, მე გამოვიარე ბევრი ვირუსები საწამლავიც რომ შემოუგდიათ ეკლესიაში. კოვზით ზიარება სასჯელია, ვინც არასწორად მიიღებს, იქ წერია თვითონ ლოცვაში, რომ ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა, რა შუაშია კოვზი”, –  თქვა დეკანოზმა ელიზბარმა.
    პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.
    კორონავირუსის დროს ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის საპატრიარქო სასულიერო პირებს დღეს, 3 აპრილს სმს-ით სამ რეკომენდაციას გაუგზავნის.
  • აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს

    აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსში, რომლითაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეტანა–გატანისა და გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – სამუდამო პატიმრობა და განსაკუთრებული ზომის სახთი სიკვდილით დასჯა დააკანონეს.
    კანონპროექტის ინიციატორი ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი დრაბია.
    ე.წ. კანონმდებლებმა კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის მაისში სოხუმის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს – კემალ ოსმანოვს, დიმიტრი ნესტერნეს და ელდარ მამედოვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. აქედან ერთს 15 წელი, მეორეს 18, მესამეს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ადვოკატებმა კოდექსის ჩანაწერები გამოიყენეს და საკასაციო კოლეგიამ მათ მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქა.
    ე.წ. დეპუტატმა, ვალერი აგრბამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ შეუძლებელი იქნება გასაღების მიზნით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის დანაშაულის შემსუბუქება.
    აფხაზეთში სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ზომა დღემდე არსებობს, თუმცა 2007 წლიდან აფხაზეთში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი მოქმედებს.
    კანონპროექტი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი ნორმები კი ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.
  • სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს

    სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე მისი ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა.

    “ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა , საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა … წამოვიყვანე და დღეს “პრეზიდენტის ძაღლია” და მისი ერთგული მეგობარი : ბედმა გაუღიმა და მეც . დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გომბორას ნაერი ბევრია ვინც ასე გზაზე გველოდება.“–წერს ზურაბიშვილი 

  • ზელენსკიმ, პოროშენკოსთან სტადიონზე გასამართ დებატებში, არბიტრის როლი ტიმოშენკოს შესთავაზა

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან.

    უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ადასტურებენ, რომ 19 აპრილს ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის დებატების გამართვა იგეგმება.

    პრეზიდენტობის კანდიდატმა ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, დამოუკიდებელი არბიტრის როლი იულია ტიმოშენკოს შესთავაზა.

    „ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია  მიიღებს  თუ არა მონაწილეობას „დამოუკიდებელი არბიტრის“ სახით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში.

    სტადიონზე დებატების გამართვის ინიციატორი შოუმენი და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკია.

    ზელენსკიმ პეტრო პროშენკოს დებატებზე დასათანხმებლად 24 საათიანი ვადა 3 აპრილს მისცა. პოროშენკომ ზელენსკის გამოწვევა მალევე  მიიღო. 

    ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დამოუკიდებელი არბიტრის როლს დაგეგმილ დებატებში, თუმცა პროგნოზირებენ, რომ დებატები უპრეცედენტოდ სანახაობითი იქნება.

  • 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება

    მთავრობა პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

    „დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    “მომავალ 2019 წელს სრულდება 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან. საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება. იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის შანსს ღვთის მიერ გარდამოვლენილი მადლის განახლებას. წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის კურთხევა, გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. მადლის განახლება გახდება გვირგვინი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი აღმავლობის პროცესებისა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, მოგზაურობაში, რომელიც მომავალ წელს ოცდამეათეჯერ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სამღვდელოებასა და მრევლისაგან შემდგარი ჯგუფები ყველა ეპარქიიდან“, – აღნიშნულია  სინოდის  2018 წლის განჩინებაში.

  • ესპანეთში 25 ქართველი კრიმინალი დააკავეს

    შსს–ს ინფორმაციით, 4 აპრილს ქართველი სამართალდაცველებისა და ესპანეთის პოლიციის თანამშრომლობით, ბარსელონაში მაშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

    სპეცოპერაცია “მერლინ-ტაკას” შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 25 საქართველოს მოქალაქე. მასშტაბურ სპეცოპერაციაში 250 მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა.

    საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.ესპანური მედია, სპეცოპერაციის ჩატარებამდე წერდა,რომ ქართულმა დაჯგუფებამ 70-მდე ბინა გაძარცვა.

    სპეცოპერაცია  ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში განხორციელდა, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს  ტერიტორია უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

    მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

    გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.

    დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას.

    აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.

  • აშშ–ში დაიხურა პროგრამა, რომელსაც 3 ათასი კატა ემსხვერპლა

    თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ამერიკელი მეცნიერები კატებს გაფუჭებული ხორცით კვებავდნენ და სამედიცინო მიზნებისთვის ხოცავდნენ. ამიერიდან ამას ბოლო მოეღო.
    ამერიკის ხელისუფლებამ ცხოველების უფლებების დამცველთა ზეწოლით ტოქსოპლაზმოზის შესწავლის სამეცნიერო პროგრამის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 22 მილიონი დოლარი დაჯდა და 3 ათასი კატის სიცოცხლე შეიწირა.
    “ტოქსოპლაზმოზის შესწავლა სხვა გზით მოხდება. შეწყდება კატებზე ცდების ჩატარება და ეს აღარასოდეს მოხდება“ – ნათქვამია აშშ–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
    ტოქსოპლაზმოზი საშიში და მომაკვდინებელი დაავადებაა, რომლის მაპროვოცირებელი ბაქტერიები ძაღლის და კატის ნერწყვში და გაფუჭებულ პროდუქტებში გვხვდება.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ადამიანთა 95%–ს ჯანსაღი იმუნური სისტემით ტოქსოპლაზმოზი არანაირად არ უვლინდება. თუმცა დაავადება ძალიან საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის (ბავშვი შესაძლოა დედის საშოშივე დაავადდეს) და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.
    კატა ერთადერთი ცხოველია, რომლის ორგანიზმშიც ტოქსოპლაზმოზის გამომწვევ პარაზიტს – T. Gondii–ს სრული სასიცოცხლო ციკლის გავლა და კვერცხების დადება შეუძლია. ექსპერიმენტის ფარგლებში კატებს გაფუჭებულ ხორცს აჭმევდნენ, შემდეგ კი მათი ორგანიზმიდან პარაზიტის კვერცხებს იღებდნენ. ამის შემდეგ ცხოველებს აძინებდნენ.
    ცხოველების დამცველი აქტივისტების მტკიცებით, სპეციალურად ამ ცდისთვის ასობით კატას ამრავლებდნენ, შემდეგ ჯანმრთელ ცხოველებს კლავდნენ, რომელთაგან ბევრი სამი თვისაც კი არ იყო.
    პროგრამა 1982 წელს დაიწყო. არასამთავრობოების გათვლით მას შემდეგ ცდების ფარგლებში დაახლოებით 3 ათასი კატა მოკლეს. ცხოველების უფლებადამცველები ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო კატების ტოქსოპლაზმოზისგან განკურნება და მათთვის პატრონის მოძებნა.

    მარტში ამერიკის კონგრესის ყველა ფრაქციამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც “კატების აქტიც“ უწოდეს. კონგრესმენები მოუწოდებდნენ შესაბამის უწყებებს, შეეწყვიტათ “კატების მკვლელობა გადასახადის გადამხდელთა ფულით.“
    კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა, კონგრესის ქვედა პალატის წევრმა კალიფორნიიდან სამინისტროს გადაწყვეტილება მოიწონა. “მათ ხალხის აზრს ყური უგდეს და ჩვენს პრეტენზიების სწორად უპასუხეს “ – დაწერა კონგრესმენმა ტვიტერზე.
    აქტივისტები გამარჯვებას ზეიმობენ: ბოლოს და ბოლოს კატების სასაკლაოს ბოლო მოეღო. პროგრამის დახურვის შემდეგ ლაბორატორიაში 14 კატა რჩება, თუმცა მეცნიერები პირობას დებენ, რომ მათ სახლებში წაიყვანენ და სათანადოდ მოუვლიან.
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლევების და ცდების შედეგად აშშ–ში ტოქსოპლაზმოზის დაავადება განახევრდა.
  • “დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო”-კლინიკის ექიმები ბავშვის გარდაცვალებაზე

    იაშვილის სახელობის ბავშვთა  საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

    ჩხაიძის  განცხადებით, 6 წლის ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პაციენტი დაიღუპა. 

    „საბა კიწმარიშვილი ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან გადმოიყვანეს, ჩატარებულია ბევრი კვლევა ინფექციური დაავადებების გამორიცხვის მიზნით. გამოირიცხა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ლეიშმანიოზი, ბრუცელოზი, შიდსი, ჰეპატიტები და ა.შ. როცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც არაინფექციური, ამის შემდეგ, როგორც საეჭვო სისხლდენურ დაავადებაზე, ბავშვი გადმოყვანილი იქნა იაშვილის კლინიკაში,“ – აცხადებს  ივანე ჩხაიძე.
    ექიმის თქმით, 6 წლის ბავშვის საბოლოო დიაგნოზი დადგინდა განმეორებითი ძვლის ტვინის ფუნქციის შემდეგ, დიაგნოზი იყო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, რომელიც დადასტურდა სპეციალური კვლევით. „ეს კვლევა უტარდება ლეიკოზით და მსგავსი დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს“

    ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე იყო მძიმე „, რამდენჯერმე მოვიწვიეთ კონსილიუმი, მათ შორის სხვა კლინიკის სპეციალისტებიც, ჰეპატოლოგი, ონკოლოგი, ფტიზიატრი, რევმატოლოგი, პედიატრი, ინფექციონისტი ყველა რესურსი, რაც ჰქონდა კლინიკას, გამოვიყენეთ და ჩატარდა ყველა ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევა, ჩატარდა ძალიან ფართო მკურნალობა. ასევე, აგრესიული ანტიობიოტიკოთერაპია, ჰორმონების სისტემური თერაპია, სისხლის კომპონენტების გადასხმა სჭირდებოდა, რადგან დაავადების დინამიკა განვითარდა სხვადასხვა დაავადებით, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა და ა.შ.“

    „ეს დიაგნოზი ისმება ერთეულ კლინიკებში, სადაც გენეტიკურ და სისხლის დაავადებებზე მკურნალობის გამოცდილება აქვთ. მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობის შანსი 20 პროცენტია, რადგან იშვიათი დაავადებაა, რომლის დიაგნოსტიკას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 80 პროცენტი პაციენტების ამ დიაგნოზით იღუპება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც“.

    გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებმა  დღეს  ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი  ექიმების დასჯას მოითხოვენ.
    6 წლის საბა კიწმარიშვილი 19 იანვარს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მშობლების განცხადებით,  ბავშვისთვის დროულად არ მოხდა დიაგნოზის დასმა, რის გამოც მკურნალობა არასწორად და დაგვიანებით ჩატარდა.

  • ბრესტში ნაციზმის მსხვერპლ ებრაელთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

    ბელორუსში, ქალაქ ბრესტში ელიტური მრავალბინიანი სახლის მშენებლობისას საძირკვლის თხრის დროს ებრაელთა სამარხი იპოვნეს, სადაც 1000ზე მეტი ადამიანი ერთდროულად იყო დამარხული. ეს ადგილი ბრესტის იმ ნაწილშია, სადაც გერმანული ოკუპაციის დროს ებრაული გეტო მდებარეობდა. გეტოში 18 000 ადამიანი ყავდათ გამომწყვდეული. ტერიტორია მავთულხლართით იყო შემოსაზღვრული. მოგვიანებით ნაცისტებმა გეტოს ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. სავარაუდოდ აქ დამარხული ადამიანები მაშინ დახოცეს. სამხედროები, რომლებიც სამარხის გასუფთავებაზე და ცხედრების ამოყვანაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ გარდაცვლილებს შორის ბევრი ბავშვია. ადგილობრივი ებრაული თემი ამ ადგილზე ჰოლოკოსტის ისტორიის ამ ნაკლებად ცნობილი ეპიზოდის მემორიალის დადგმას ითხოვს.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ წარსულშიც ქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე ფაშისტების მიერ მოკლული ებრაელები იყვნენ დამარხული, თუმცა ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ასეთ მაშტაბურ განადგურებასთან ქონდათ საქმე.

    ადგილობრივი ებრაული თემის წარმომადგენლები თვლიან, რომ სავარაუდოდ ბრესტის ტერიტორიაზე ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ებრაელები მასობრივად არიან დამარხული. მათი თქმით საბჭოთა ხელისუფლება ებრაელთა განადგურების ფაქტებს მალავდა და ეს თემა ტაბუდადებული იყო.

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

    საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 12 000-მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე  4 600-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

    2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გუშინ 18:00 საათზე დასრულდა. 

    გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.