Blog

  • ახალქალაქის სამლოცველოში უცნობმა პირებმა სიწმინდეები დააზიანეს (ვიდეო)

    ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სამლოცველოში, უცნობი პირები შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს.  როგორც თვითმხილველები ამბობენ სალოცავად მისულ მოქალაქეებს ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. წლებია ხულგუმოსა და ბავრას მოსახლეობა  ამ  სამლოცველოში ლოცულობს.  დამსხვრეულია წმინდანების ქანდაკებები, დახაზულია ხატები მოსახლეობა კი მომდარის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს.სამლოცველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და 13-ე საუკუნით თარიღდება. 

    „სამლოცველო არის სომხურ-ქართული, ძირითადად სომხები დადიან. ძვირფასი არაფერი არ დაზიანებულა, თუმცა ყველა ხატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ხალხის მიტანილი ხატები იყო. დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, – განაცხადა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯომარემ, ნაირი ირიციანმა.

    „ყველაფერი გატეხილი და მიმოფანტული დაგვხვდა. ეს ჩვენი სამლოცველოა, ხალხი მოდის აქ, ტოვებენ ხატებს, ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ. უცნობმა ადამიანებმა დასცინეს ჩვენს სიწმინდეს. გაანადგურეს წმინდანთა სურათები“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი

    “დილით, როდესაც ჩვენ მივედით წმინდა ადგილზე, დავინახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეული იყო. ხატები სამლოცველოში ჰქონდათ მიმოფანტული. ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია, ხალხი აქ სალოცავად დადის. დაუდგენელმა პირებმა ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.” – განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სააგენტო “jnews.ge”-ს.

  • დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსითის გადადებას მხარი დაუჭირა

    დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა.

    დოკუმენტს 313 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი კი 312 იყო. კანონპროექტის საბოლოოდ მიღება აუცილებელია, რათა ქვეყანამ  ევროკავშირიდან არარეგულირებული გასვლა თავიდან აიცილოს.

    ახალი კანონპროექტი, რომელიც თემთა პალატამ  დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს ბრიუსელს ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადაწევა სთხოვოს. დოკუმენტის ტექსტი განსახილველად პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცა.

    ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.

    დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსითის პირობებზე შეთანხმება ვერც მთავრობამ და ვერც პარლამენტმა ვერ მოახერხა.

  • ინტერნეტით ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

    შსს-ს ცნობით,  ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს-ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

    “ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

    ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

    სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

    დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

    პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო”, – აცხადებენ შსს-ში.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    შსს-ის ცნობით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე “ჰეროინი”, 980 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2200 აბი “ექსტაზი”, 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

  • ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა

    ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც  გადმოსვლა მოასწრო.

    ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

  • ტრანსგენდერი ქალები “მაჭახელას” პერსონალს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

    ტრანსგენდერი ქალების თქმით, რესტორანი “მაჭახელა” ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ისინი დაცვის თანამშრომლებს და მომსახურე პერსონალს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

    მათი თქმით, რესტორნის პერსონალმა ჯერ სიტყვიერი,შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის მოტივად ტრანსგენდერი ქალები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებენ.

    დაზარალებულმა  ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

    „შემოვედით და გვითხრეს, რომ აქ ხალხია და თქვენ აქ არ შემოგესვლებათო. გენდერული იდენტობის გამო გამოგვყარეს გარეთ. “თქვენ ისეთი ხალხი ხართო, რომ სირცხვილიაო,“-ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.

    ერთ-ერთი ტრანსგენდერი ამბობს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს რესტორნის მენეჯერი და პერსონალი ტრანსგენდერ ქალებზე.

    “ჩემი მეგობრების მიმართ მოახდინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაცვამ, მენეჯერმა ასევე. დაზიანებები აქვს ხელზე, თმებში მოკიდეს ხელი და გამოათრიეს ძალით,”-ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი.

    “მაჭახელაში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

  • ქეთი თოფურიას ფანჯრის ქვეშ სიყვარულში გამოუტყდნენ

    რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ინსტაგრამზე რამდენიმე წამიანი ვიდეო დადო, რომელზეც მისი აივნიდან გადაღებული ტროტუარი ჩანს, სადაც თაყვანისმცემელმა გული და ინიციალები დაუხატა. “ახლა ავტირდები“ – ასეთია ქეთი თოფურიას კომენტარი.
    ინსტაგრამ ხელმომწერთაგან ბევრმა გადაწყვიტა, რომ ამ გზით მომღერალს სიყვარული ყოფილმა შეყვარებულმა, რეპერმა გუფმა აუხსნა, რომელსაც გასული წლის შემოდგომაზე დაშორდა. თუმცა სასიყვარულო გზავნილის ავტორი ჯერჯერობით უცნობია. თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა ამ დღეებში ახალი ტრეკი ჩაუშვა სახელწოდებით “სიცარიელეა“, რომელიც ქეთი თოფურიას ეძღვნება. სიმღერის ტექსტში გუფი ყვება, რა მძიმეა საყვარელ ქალთან განშორება, რომ ის ძალიან ენატრება, მოგონებებით ცხოვრობს და იმედი აქვს რომ ქეთი აპატიებს და მეგობრებად მაინც დარჩებიან.

  • სამძებრო სამუშაოები მტკვარზე-მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    მტკვარში  სამძებრო სამუშაოები მაშველებმა დღეს უნდა განაახლონ. მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას შეეცდებიან, რომელიც  გუშინ გავრცელებული ინფორმაციით,  მდინარეში გადახტა.

    მომხდარზე  შეტყობინება 112-ს მოქალაქემ მიაწოდა. სამძებრო  სამუშაოები გვიან ღამემდე უშედეგოდ მიმდინარეობდა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ქრთამის მიცემის ფაქტზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

    სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

    ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა. თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ბექა ხ. საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

    გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.”-აღნიშნულია განცხადებაში

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ წლის 2-3 ივლისს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს:

    „საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები. მათ ვრცლად ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებაზე, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას.

    კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით.

    ამ ფონზე ხაზი გაესვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს ერგნეთის იპრმ-ის აღდგენის ფაქტი და ხაზი გაუსვეს აღნიშნული მექანიზმების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირების საჭიროებას.

    თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში იანვარ-თებერვალში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის აქტიურ პოლიტიკას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობაზე მიზანმიმართულ შეტევას წარმოადგენს. განხილულ იქნა აგრეთვე ეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ, სხვადასხვა მავნე მწერების გავრცელება, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.

    მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობა.

    „ძალის არგამოყენებისა და შესაბამისი საიმპლემენტაციო ზომების“ თემაზე გაიმართა აგრეთვე საინფორმაციო სესია, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნა განხილული მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების მაგალითები.

    რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინეს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვისას. კერძოდ, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, აღნიშნულ თემაზე საგნობრივი დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით.

    მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 ივლისს.

    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

  • მეტეხის ხიდიდან მტკვარში სავარაუდოდ მამაკაცი გადახტა

    ამ წუთებში მეტეხტს ხიდთან საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. იქვეა სასწრაფო დახმარების მანქანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ მეტეხის ხიდიდან მტკვარში მამაკაცი გადახტა. თუმცა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, მართლაც გადახტა თუ არა მტკვარში მამაკაცი. ამ დროისთვის მაშველები მტკვრის სანაპიროს პერიმეტრზე საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. მობილიზებულია მყვინთავების ჯგუფიც.