Blog

  • ლუიკი: ნატოში საქართველოს მისაღებად პოლიტიკური ნება გაჩნდება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს

    პატარა ქვეყნებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იშვიათად და ხშირად, მოულოდნელად ჩნდება და ის ძალიან ხანმოკლეა. ამიტომ, საქართველო მაქსიმალურად უნდა მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტში და ამ შესაძლებლობას დაელოდოს. ამას, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს. ის ასევე დასძენს, რომ ნატო ღირებულებების ალიანსია, რომელში გაწევრიანებამაც ყველა წევრ ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა მოუტანა. რუსეთი კი ამ ფაქტს არასწორად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის. ესტონეთის თავდაცვის მინისტრს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “ნატო ევროპული ღირებულებების თანამეგობრობაა. შენ, როგორც ქვეყანამ უნდა გაიზიარო ეს ღირებულებები და ეს მხოლოდ განცხადებების ფორმით არ უნდა გააკეთო. განცხადების გაკეთება მარტივია. მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ იქცევი პოლიტიკურად, როგორია შენი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვცადეთ, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ ქვეყნებთან და ვიქცეოდით ზუსტად ისე, როგორც ნატოს და ევროკავშირის ნებისმიერი წევრი.ამას საქართველოც აკეთებს. საქართველოს, ამერიკის შემდეგ, ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ უნდა დაიჯერო, რომ ევროპის წევრი ხარ. როცა ამის თავად გწამს, ამას სხვებიც დაიჯერებენ. ერთი რამ სამწუხაროა. როცა ჩვენ გავხდით ნატოს წევრი, ევროპის ეგრეთწოდებული ხელახალი გაერთიანების ტალღა ჯერ ისევ არსებობდა. ეს ღირებულებებზე დაფუძნებული შეხედულება იყო. ამერიკაში გადაწყვეტილებების მიმღებთა და მოაზროვნეთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც რკინის ფარდის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ, ევროპულ ოჯახს უნდა დაბრუნებოდნენ.

    დღეს სამწუხაროდ ხალხი უფრო ნაკლებად საუბრობს ღირებულებებზე და უფრო მეტად პრაქტიკულ გათვლებზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, ეს დროებითია. ღირებულებები ჩვენ გვაერთიანებს, ღირებულებები ნატოს ერთობის საწინდარია. ამიტომაა ნატო ასეთი უნიკალური თავდაცვითი ალიანსი. მე ღრმად მწამს ნატოს მომავლის და ღრმად მწამს იმის, რომ საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად ნატო ღია ორგანიზაციად უნდა დარჩეს. ეს, რა თქმა უნდა, სამხედრო ორგანიზაციაა, პოლიტიკურად ის შეუღწეველი ციხე-სიმაგრე არ უნდ აიყოს. ნატოს პროექტის სიდიადე სწორედ ის არის, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეეძლოს მასში გაწევრიანება თუ ის მზად არ ის საკუთარი ვალდებულებები იკისროს. ვფიქრობ, ეს ასევ გაგრძელდება. ვწუხვარ, რომ ამას ასე დიდი დრო სჭირდება.“ – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

  • პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

    პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად მისმა უმცროსმა ძმამ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა.

    წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ხეზე ჰიჯაბით დაეკიდა, რამაც მისი მოგუდვა გამოიწვია.

    ტრაგედიის მიზეზების დასადგენად სამართალდამცავები უკვე მუშაობენ.

    წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ ბავშვის გარდაცვალება უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • საჩხერელმა მეხანძრე–მაშველებმა მიუსაფარი ძაღლები საცხოვრებლად სახანძრო განყოფილებაში წაიყვანეს

    საჩხერეში გადარჩენილმა ძაღლის ლეკვმა, დედასთან ერთად ბინა საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში დაიდო. მეხანძრე-მაშველებმა მათ ხის სახლი აუშენეს და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს.
    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით მეხანძრე–მაშველების ოთხფეხა მეგობარი გუშინწინ ღამით ჭაში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. სამსახურის თანამშრომლებმა ლეკვი უვნებლად ამოიყვანეს.მიუსაფარი ძაღლი დედასთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. მეხანძრე–მაშველებმა დედა შვილი გუშინ მოინახულეს, შემდეგ კი მათი მეურვეობა გადაწყვიტეს.  ამიერიდან, მათზე მეხანძრე-მაშველები იზრუნებენ.

  • ბათუმის ციხის პატიმრების უკიდურესი პროტესტი – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

    ბათუმის ციხის მსჯავრდებულები, რომლებმაც თვითდაზიანებები მიიყენეს და ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ დეესკალაციის საკანში არიან მოთავსებული-ამის შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    უწყებაში  პატიმრების ბრალდებებს უარყოფს და  ამბობენ, რომ ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

    პენიტენციური სამსახური  მხოლოდ წყლის მიწოდების პრობლემას ადასტურებს, თუმცა განმარტავენ, რომ ამ ტერიტორიაზე წყალი მოსახლეობასაც გრაფიკით მიეწოდება.

    “წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.

    რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება.

    პატიმრების უსაფრთხო საკანში განთავსებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკნებში მათი განთავსება, ხდება არა დასჯის მიზნით, არამედ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის უსაფრთხოება, პატიმრის ქცევა გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ და ა.შ.,“-ნათქვამია განცხადებაში.

  • “საქმის მასალებში დიდი ალბათობით მტკიცებულებები არ არსებობს”-ვახუშტი მენაბდე

    თბილისის საქალაქო სასამართლოში  ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქციის 6 მონაწილის  სასამართლო სხდომა გადაიდო. 

    “სასამართლოს გადადება მოვითხოვეთ და მოსამართლემ დაგვიკმაყოფილა. საქმის მასალებს უნდა გავეცნოთ, მაგრამ რაც უკვე ვიცით ისაა რომ მათში ვიდეო მტკიცებულებები არ დევს. რაც მაღალი ალბათობით ნიშნავს – ისინი არც არსებობს და პოლიციელთა წინასწარდალაგებული ჩვენებითი აპირებენ ფონს გასვლას.”-აცხადებს საიას იურისტი და აქციის დროს დაკავებული  ვახუშტი მენაბდე.

    ვახუშტი მენაბდე დღეს სწორედ იმ ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვდა, რომელიც მისი თქმით, აქტივისტების უდანაშაულობას დაამტკიცებს.

    აქციის მონაწილეები, პირველ აპრილს მაშინ დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდნენ.

    პოლიცია მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სწორედ ამიტომ  სთხოვს.

    პროცესი 19 აპრილს 11:00 საათზე განახლდება.

  • ბრუნეიში ჰომოსექსუალებს სიკვდილით დასჯიან

    სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ბრუნეიში ჰომოსექსუალობა დღეიდან დანაშაულად ითვლება. ინფორმაციას BBC-ზე ვკითხულობთ. ჰომოსექსუალებს შორის სქესობრივი კავშირი ახალი კანონით სიკვდილით კერძოდ კი ქვით ჩაქოლავენ. სიკვდილით დაისჯება პირი რომელიც ქორწინებაშია და სქესობრივ კავშირს მესამე პირთან დაამყარებს. ქურობის შემთხვევაში კი სასჯელი კიდურის ამპუტაცია იქნება.
    “მსურს ჩვენს ქვეყანაში ისლამური სწავლება და წესები უფრო ძლიერი გახდეს”.- ბრუნეის სულთანი ბოლკიაჰი საჯარო, ახალ კანონს ასე გამოეხმაურა. ბრუნეის LGBT პირებმა პროტესტი გამოთქვეს ახალ კანონთან დაკავშირებით და კანონს “შუა საუკუნეების სასჯელი” უწოდეს.ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ახალი კანონის მიღებამდე 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა

  • სოფელ ბანძასთან სახანძრო მანქანა გადაბრუნდა

    მარტვილის რაიონის  სოფელ ბანძასთან სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    სახანძრო მანქანა  მარტვილის მონასტერში ხანძრის ჩასაქრობად იმყოფებოდა და  შემდეგ  ადგილზე ბრუნდებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • ვინ არის სლოვაკეთის ახლადარჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი

    სლოვაკეთის მოსახლეობამ გასულ კვირას პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ზუზანა ჩაპუტოვა ლიბერალი გარემოსდამცველი აქტივისტი და ახალბედა პოლიტიკოსია, რომელიც ხალხს კორუფციის დამარცხებასა და გამჭვირვალობას დაჰპირდა.
    ჩაპუტოვას მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი იყო ის, რომ მმართველმა ძალამ და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა “სახელმწიფო მიიტაცეს”. ეს გზავნილი განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ახალგაზრდა, განათლებულ ამომრჩეველში.
    მართალია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაპუტოვა შედარებით ახალბედაა, მაგრამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც მას მანამდეც იცნობდნენ, როგორც ლიბერალ იურისტს.
    საბოლოო გამარჯვება ჩაპუტოვამ არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, პირველ ტურშიც მას მთავარ მოწინააღმდეგეზე 20 %-ით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული. მეორე ტურში კი ჩაპუტოვამ ვეტერანი დიპლომატი, მაროშ შევჩოვიჩი ხმათა 58 %-ით დაამარცხა. ამ უკანასკნელს მხარს მმართველი პარტია, სმერი უჭერდა.
    ხელისუფლება ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2017 წლის განმავლობაში, დიდხანს უგულებელყოფდა ანტიკორუფციული მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალხის პროტესტს, მაგრამ 2018 წლის თებერვალში მომხდარი ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო იძულებული გახდა გადამდგარიყო. 27 წლის ჟურნალისტი იან კუჩიაკი საცოლესთან ერთად საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. კუჩიაკი გამომძიებელი ჟურნალისტი იყო და ინტერნეტგამოცემა Aktuality.sk-ისთვის მუშაობდა. ჩაპუტოვა ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ აგორებული პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, მოსახლეობას მოუწოდებდა დაპირისპირებოდნენ ბოროტებას და პოლიტიკური ისტებლიშმენტის შერყევის პირობას დებდა, რომელიც მისი თქმით კულისებიდან იმართებოდა.
    ჩაპუტოვას მოწინააღმდეგემ მაროშ შევჩოვიჩმა მასზე თითქმის 20 %-ით ნაკლები ხმები მიიღო. შეფჩოვიჩი გამოცილი დიპლომატია. 2009 წლიდან ევროკომისიის წევრია, 2014 წლიდან კი ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტია. პროდასავლური კურსის მქონე კანდიდატს მხარს მმართველი პარტია უჭერდა. “სმერი” ქვეყნის პოლიტიკაში 2006 წლიდან დომინირებს და ახლაც, კვლავ ყველაზე პოპულარული პარტიაა, მაგრამ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა მათ მომავალი წლის არჩევნებში პარლამენტში გავლენა დააკარგინოს.
    45 წლის ზუზანა ჩაპუტოვა არასაპარლამენტო ლიბერალური პარტიის “პროგრესული სლოვაკეთის“ წევრია, თუმცა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტიას დატოვებდა. ამაში მას მმართველი პარტიის კოალიციაში მყოფი, უნგრული უმცირესობის წარმომადგენელი პარტია და სხვა, ოპოზიციური პარტიებიც უჭერდნენ მხარს. კაპუტოვამ გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს მადლობა სლოვაკურის გარდა, უნგრულ, ჩეხურ და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე გადაუხადა.

    ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს ჩაპუტოვას გამარჯვება, როგორც პოპულისტების და ევროპული ერთობის მოწინააღმდეგეთა მარცხი. თუმცა მათივე თქმით, ლიბერალი პრეზიდენტის გამარჯვებამ შესაძლოა სისტემის მოწინააღმდეგეთა, სმერ-ის მხარდამჭერთა და სხვათა მობილიზაციაც კი გამოიწვიოს. ყოფილმა პრემიერმა, ფიკომ გასულ კვირას ლიბერალებს უკვე უწოდა „ხალხი ღირებულებების გარეშე“.
    ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის პრეზიდენტის პოსტს ივნისში დაიკავებს. ის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი იქნება მას შემდეგ, რაც 1993 წელს სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. პოსტზე ლიმიტირებული უფლებამოსილება ექნება, თუმცა მას შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. საინტერესოა, რომ ამ უფლებით მას შეეძლება ხელი შეუშალოს გადამდგარი პრემიერის, რობერტ ფიკოს სურვილს, პოლიტიკის დატოვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. პრეზიდენტს შეუძლია მისი კანდიდატურა არ დაამტკიცოს.
  • დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დაიხურა

    დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა  დაიწყო.

    მოსამართლემ  პროცესების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

    დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც ველისციხის ინციდენტთან არიან დაკავშირებულები.

    გამოძიების მასალების მიხედვით, სასამართლოზე დაახლოებით 80-მდე პირის გამოკითხვა უნდა მოხდეს.

    დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კირკიტაძის სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი, როგორ მიმდინარეობს პროცესი.

    ადვოკატის განცხადებით, პროცესზე ადგილი ჰქონდა მოწმეთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს, რაც დარბაზში ადეკვატურ რეაქციებს იწვევდა, შესაბამისად დარბაზში ხმაურის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს იყო.

    გიორგი კონდახიშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე სხდომის გახსნის შუამდგომლობას დააყენებს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს.

    შემდეგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

    კირკიტაძე  პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 2018 წლის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავეს.

  • სასამართლომ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა ორ მამაკაცს ერთდროულად დააკისრა

    ბრაზილიის გოასის შტატის სასამართლომ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა ორ მამაკაცს ერდროულად დააკისრა. საქმე იმაშია, რომ ისინი იდენტური ტყუპები არიან და დნმ ტესტმა მამობის დასადგენად მკაფიო შედეგი ვერ დადო.
    მოპასუხეებმა უარი თქვეს ნებაყოფლობით ეთქვათ, თუ რომელი მათგანი იყო რეალურად პატარა გოგონას მამა. ამ გზით ისინი ცდილობდნენ ალიმენტის გადახდისთვის თავი აერიდებინათ.
    ტყუპები, რომელთა გვარი არ ხმაურდება და რომლებიც სასამართლო საქმეში მოხსენიებულნი არიან როგორც ფერნანდო და ფაბრისიო, ქალებთან პაემანზე რიგრიგობით დადიოდნენ და თავს ერთმანეთად ასაღებდნენ. ამიტომაც გოგონას დედამ არ იცის, რომელი მათგანისგან დაორსულდა.
    მოსამართლემ განაცხადა, რომ სიმართლის დამალვით მოპასუხეებმა პატარა გოგონას წაართვეს უფლება იცოდეს, ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. ამიტომაც მოსამართლემ დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ორივე მამაკაცი მიუთითა.
    ორივე მამაკაცი ბავშვის შესანახად ალიმენტს გადაიხდის ყოველთვიურად 230 რეალის ოდენობით(დაახლოებით 60 დოლარი). ეს თანხა ბრაზილიაში მინიმალური ხელფასის 30%–ს შეადგენს. ამგვარად გოგონა ორმაგ ალიმენტს მიიღებს.
    “ერთ–ერთი მოპასუხე ცდილობდა განზრახ შეეყვანა სასამართლო შეცდომაში და დაემალა მისი მამობის ფაქტი. კანონის მიხედვით ასეთი ამაზრზენი მოქმედება უნდა დაისაჯოს“– ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
    მოსამართლის აზრით, მამაკაცებმა ბოროტად ისარგებლეს ერთმანეთთან მსგავსებით და ქალებს ატყუებდნენ – პაემნებზე ერთმანეთის ნაცვლად დადიოდნენ, რათა ორივეს ქონოდა შესაძლებლობა ერთდროულად რაც შეიძლება ბევრი პარტნიორი ყოლოდა. როცა ქალები ღალატში გამოიჭერდნენ და განრისხდებოდნენ, ტყუპები აქაც მსგავსებას იყენებდნენ, ხელს მეორე ტყუპისკენ იშვერდნენ და ამტკცებდნენ, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და სინამდვლეში ეს საქციელი ძმამ ჩაიდინა.