Category: მსოფლიო

  • ესპანეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა-არის მსხვერპლი (ვიდეო)

    ესპანეთის ქალაქ ტარაგონაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი.

    გარდაცვლილი ადამიანი აფეთქების შემდეგ შენობასთან ახლოს იპოვეს. დაშავეულთაგან 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

    ოფიციალური პირების განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები არ გავრცელებულა. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას მშვიდად იყვნენ და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.

    სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ცეცხლის ალი ჩანს.

  • ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

    თეირანში, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააპატიმრეს.ირანის სასამართლოს სპიკერის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება

    ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ეს იყო უპატიებელი შეცდომა, რაშიც მხოლოდ 1 პირი ვერ იქნება დამნაშავე და  ირანმა უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

    ,,ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა აღიარონ საკუთარი შეცდომა, ეს იქნება პირველი ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ განმეორდება”,- ამბობს ჰასან როუჰანი.

    გამოძიებას ზედამხედველობას ,,სპეციალური სასამართლო” უწევს.

    ირანის ხელისუფლებამ 11 იანვარს უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება აღიარა. მათ ამ ფაქტს ,,ადამიანური შეცდომა” უწოდეს. თვითმფრინავი ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 8 იანვარს ჩამოაგდო. დაიღუპა 176 მგზავრი.

  • აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქ პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა

    აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქსა და “დემოკრატიული პარტიის” ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, სანქციები დაუწესა – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე გაავრცელა.

    “ვლადიმირ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონს და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. აშშ მხარს უჭერს მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში “, — ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.   

    პლახოტნიუკი მოლდოვის ყველაზე მსხვილი დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. მას  მოლდოვის არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებდნენ.

    პლახოტნიუკის  წინააღმდეგ საქმეა აღძრული მოლდოვასა და რუსეთშიც. მან მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა და ამ დრომდე ძებნაში იმყოფება. 

  • ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

    ირანმა უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოფიციალური თეირანის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოგდება შემთხვევით მოხდა. ეს განცხადება ირანის სასამართლოს წარმომადგენლმა გოლამხოსეინ ესმაილმა გააკეთა. 

    მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პირობა დადო,  რომ საქმეზე დეტალურ გამოძიებას  ჩაატარებენ. 

  • ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის ირანთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი არ არის.

    „პირდაპირ რომ ვთქვა, მე არ მაღელვებს, ჩაერთვებიან თუ არა მოლაპარაკებებში“, – თქვა ტრამპმა კვირას, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. და იქვე მოუწოდა ირანელ კოლეგას უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და არ დახოცოს საკუთარი დემონსტრანტები.

    თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრიენი, ტელეკომპანა „სი-ბი-ეს“-სთან საუბარში ამბობს, რომ ამერიკა ირანის ლიდერებზე ზეწოლას ზრდის და ირანელებს მოლაპარაკებების გარდა სხვა არჩევანს აღარ უტოვებს.

    ირანში კვირას ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა. აქციის მონაწილეების პროტესტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ “უკრაინული ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. ბორტზე მყოფი 176-ივე ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა კანადის მოქალაქე იყო. ირანის ხელისუფლება თავიდან დანაშაულის დაფარვას ცდილობდა და აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

    თვითმფრინავს ირანული რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გასროლილი რაკეტა მოხვდა. ყუდსის განცხადებით, ეს „ტრაგიკული შეცდომა იყო“ და ისინი ბოდიშს იხდიან. “უკრაინული ავიახაზების” „ბოინგ 737“-ის ჩამოგდება, ირანის მიერ ერაყში, ამერიკული ბაზების მიმართ სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა.

    ირანმა ამერიკულ ბაზებშე შეტევა მას შემდეგ მიიტანა, რაც ვაშინგტონმა რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი გაანეიტრალა.

    აქციის მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. შაბათს გამართულ სტუდენტთა დემონსტრაციაზე ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებიც ისმოდა.

    პროტესტი ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეორე ტალღაა. ორი თვის წინ, ირანმა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით ჩაახშო, მას შემდეგ რაც ირანელები საწვავზე ფასების ზრდის გამო, ქუჩაში გამოვიდნენ. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ინფორმაციით, მთავრობის მიერ დემონსტრაციების ჩახშობისას, 300-მდე ადამიანი მოკლეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ერაყში ავიაბაზა დაიბომბა

    სი ენ ენ–ის ინფორმაციით ერაყში ბალადის ავიაბაზა დაიბომბა. ერაყელი სამხედროების განცხადებით კვირას გვიან საღამოს “კატიუშას“ ტიპის რვა რაკეტამ, რომლებიც ბაზას ესროლეს ერაყის სამხედრო საჰაერო ძალების ოთხი ოფიცერი დაჭრა. დასავლური მედიის ინფორმაციით ამერიკელი სამხედროები ბაზაზე სავარაუდოდ არ იმყოფებოდნენ. მათ ეს ბაზა ირან–ამერიკას შორის დაძაბულობის გამწვავების შემდეგ დატოვეს. 

    ბალადის ავიაბაზა ამერიკელ სამხედროებს და სხვა უცხოელ დამკვეთებს ემსახურება. ის ბაღდადის ჩრდილოეთით, 46 მილის დაშორებით მდებარეობს.

  • ფილიპინებში ვულკანი იღვიძებს. ფერფლის სვეტმა 1 კილომეტრს მიაღწია. ფოტორეპრტაჟი

    ფილიპინებში, ვულკან ტაალის მიერ ამოფრქვეული ფერფლით შექმნილმა სვეტმა დღეს სიმაღლეში ერთ კილომეტრს მიაღწია. ხელისუფლებამ ბატანგასის პროვინციიდან სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია დაიწყო. პროვინციაში 80 000ადამიანზე მეტი ცხოვრობს.ადგილობრივი მედიის ცნობით ევაკუაცია სამ ქალაქი – სან ნიკოლასში, ბალეტესა და ტალისაიში დაიწყო. მათი მოსახელობა ჯამში 80 000 ადამიანს აჭარბებს.


    ფილიპინების ვულკანოლოგიის და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის დონე ხუთბალიანი შკალით სამ ბალამდე გაზარდა.


    ფერფლი ვულკანის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდა.


    ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის გაფრთხილებით, რომ ვულკანური ფერფლი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გახდეს. ადამიანებს სახლში დარჩენას, რესპირატორების და დამცავი სათვალეების გამოყენებას ურჩევენ.

    მანილას საერთოაშორისო აეროპორტმა, რომელიც ვულკანიდან 85 კილომეტრში მდებარეობს რეისები დროებით შეაჩერა.

    ვულკან ტაალის მაღალი აქტივობა 2019 წლის 28 მარტიდან შეიმჩნევა, თანაც ბატანგასის პროვიციაში მცირე მიწისძვრებიც დაფიქსირდა.

  • “პრემიერებიც ხორციელები ვართ“– ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ხანძრებთან ბრძოლაში დაშვებული შეცდომები აღიარა

    ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა აღიარა, რომ ხელისუფლების ბრძოლა ტყის ხანძრებთან ყოველთვის ეფექტიანი არ იყო და ახლა დეტალური ანალიზი ჭირდებათ.

    ტელეარხ ეი–ბი–სისთვის მიცემულ ინტერვიუში მორისონმა განაცხადა, რომ ზოგიერთ პრობლემასთან უკეთ ბრძოლაც შეიძლებოდა.
    ““ეს ძალიან მგრძნობიარე გარემოა, ძალიან ემოციური გარემო. პრემიერ მინისტრებიც ხორციელი ადამიანები ვართ, როცა ამ ადამიანებთან ვურთიერთობთ(იგულისხმება ტყის ხანძრებისგან დაზარალებულები)“ – თქვა პრემიერმა.

    მორისონმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მეხანძრეების მძიმე შრომას სტიქიასთან ბრძოლაში, ასევე იმას, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა ითამაშოს უფრო აქტიური როლი ამ პრობლემების მოგვარებაში.

    პრემიერმა საჯარო გამოძიების შესახებ გამოაცხადა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად ეფექტურად მოქმედებდა ხელისუფლება კრიზისულ სიტუაციაში.

    პრემიერის ამ განცხადებამდე მორისონის მთავრობა ავსტრალიის მოქალაქეების მხრიდან უმკაცრესი კრიტიკის ობიექტი გახდა. ბევრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ხანძრებთან ბრძოლაში საკმარიის არ აკეთებს, ამის შედეგად კი სექტემბრიდან მოყოლებული მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა.

    ახალი სამხრეთ უელსის შტატში ვიზიტისას, რომელიც ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების მოსმენა მოუწია ადგილობრივებისგან, რომელთაგან ერთ–ერთმა მას იდიოტი უწოდა.

    პარასკევს ავსტრალიის ქალაქების – სიდნეის, მელბურნის და კანაბერას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც მთავრობისგან მოითხოვდა სასწრაფოდ თქვას უარი მადნეულის ტიპის საწვავზე.

    თუმცა ინტერვიუში მორისონმა აღნიშნა, რომ ხანძრები პირველ რიგში გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება, ამიტომაც ამ პრობლემების მოსაგვარებლად გლობალური ზომებია საჭირო.

    “ჩვენ უფრო ხანგრძლივი, ცხელი და მშრალი ზაფხულების ეპოქაში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას დიდი კლიმატური ცვლილებები ახდენს“– თქვა პრემიერმა.

    შაბათს ავსტრალიაში ხანძრები მცირედით შესუსტდა, თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით მომავალ კვირას კვლავ ცხელი ამინდია მოსალოდნელი, რაც ხანძრებს ხელს უწყობს.

    ხელისუფლება ამბობს, რომ სიტუაცია მანამ არ შეიცვლება, სანამ ძლიერი წვიმები არ დაიწყება.დღეისათვის ახალ სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 123 აქტიური კერაა. 2 ათასზე მეტი სახლი განადგურებულია.ვიქტორიას შტატში კი ხანძრის 32 კერაა. შაბათს ხანძართან ბრძოლისას ადგილობრივი მეხანძრე დაიღუპა.

  • შოკი, მრისხანება და პროტესტი ირანში ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებაში საკუთარი ბრალეულობის აღიარების შემდეგ

    თეირანში ამირ კაბირის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის წინ შაბათს რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომას ითხოვდა.

    “მთავარ სარდალო წადი!“– სკანდირებდნენ ირანელი სამხედროების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებით აღშფოთებული დემონსტრანტები. შაბათს ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ მისმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს ბოინგი, რომელშიც 176 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყო 83 ირანელი და ათეულობით ირანული წარმოშობის კანადელი.
    ირანულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროტესტის ვიდეო, სადაც ჩანს უნივერსიტეტთან შეკრებილი ხალხი, რომლებიც ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდდირებენ.

    ერთ–ერთ ვიდეოზე ისმის, როგორ სკანდირებს ხალხის მასა, რომ გადადგომა არ არის საკმარისი და საჭიროა სასამართლო.

    ვრცელდება ინფორმაცია შარიფის სახელობის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ. ეს უნივერსიტეტი ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებაა.

    ზოგიერთი ინფორმაციით ავიაკატასტროფისას დაღუპული მინიმუმ ათი ადამიანი სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.
    ცნობები თეირანის ორ უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციების შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოებში: – IRNA და ISNA–ში გამოქვეყნდა.

    სამთავრობო სააგენტო IRNA იუწყება, რომ აიათოლა ჰამენეიმ ბრძანება გასცა გამოიძიონ შესაძლო დაუდევრობა, რომელიც შეიძლებოდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი გამხდარიყო. ჰამენეიმ განაცხადა, რომ არსებობს შეცდომის მტკიცებულებები და გამოვიდა მოწოდებით, მიიღონ ზომები რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

    ირანის პარლამენტმა განაცხადა, რომ კვირას ავიაკატასტროფის გარემოებებს ღია სხდომაზე განიხილავს.

    ირანის პრეზიდენტმა როუჰანმა თქვა, რომ ირანი დამწუხრებულია მომხდარის გამო და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.დიდ ბრიტანეთში ირანის ელჩმა ბოდიში მოიხადა მისი წინა მცდარი განცხადებების გამო. ის ამტკიცებდა, რომ ირანს თვითმფრინავისთვის რაკეტები არ უსვრია.

    მრისხანება, შოკი, მომხდარის დაუჯერებლობა. ამ სიტყვებს იყენებენ ირანელები თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით საკუთარი გრძნობების გამოსახატად.

    კატასტროფაში საკუთარი ბრალის სამდღიანი უარყოფის შემდეგ ისლამური რევოლუციის გუშაგთა მეთაური გამოვიდა განმარტებებით, რომელმაც ვერავინ ვერაფერში დაარწმუნა.

    შაბათს საღამოს ირანში ხალხი დაღუპულებს იგონებდა, თეირანის ცენტრში იკრიბებოდა და სკანდირებდა: “სიკვდილი დიქტატორს!“

    ისინი არმიის მთავარსარდლის, ანუ ირანის უმაღლესი ლიდერის, ჰამენეის გადადგომას ითხოვენ.

    ბევრი ამბობს, რომ რომ არა სხვა ქვეყნების მთავრობების მხრიდან ზეწოლა, ირანი არასოდეს აღიარებდა შეცდომას.უპასუხოდ რჩება მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არ დაიკეტა ირანის საჰაერო სივრცე სარაკეტო შეტევის დროს, რომელიც თეირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ განახორციელა.

  • აშშ–ს ახალი სანქციები: ირანს მილიარდობით დოლარის ზარალი ელის

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი და მძლავრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. როგორც შტატების ხელისუფლება ამბობს, ირანი დაწესებული სანქციებით მილიარდობით დოლარს დაკარგავს.

    ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სანქციები 3 პუნქტისგან შედგება.

    პირველი პუნქტის მიხედვით ეკონომიკური სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ან თანამშრომლობს ირანული ქსოვილების წარმოების, სამთო მრეწველობის და მშენებლობის სფეროებში. ამისთვის კი უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი ტრამპი სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს.

    ამერიკის შეერთებული შტატები 8 ირანელ საჯაროს მოხელის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, რომლებიც როგორც ვაშინგტონში ამბობენ, მონაწილეობდნენ სამი დღის წინ ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვაში.

    სანქციების მიზანი ირანისთვის შემოსავლის წყაროების შეზღუდვაა, რითიც როგორც ვაშინგტონში ამბობენ, რეჟიმი რეგიონში ტერორისტული ქსელების გაძლიერებას და ბირთვული პროგრამის დახვეწას ახერხებდა.

    დამატებითი ეკონომიკური სანქციების შესახებ პირველი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკის შეერეთებული შტატები ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვის საპასუხოდ, ირანს მძლავ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა. პარასკევს, სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთეს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

    შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზა დაბომბა. დაბომბვის შედეგად არავინ დაღუპულა.

    მანამდე, კი ამერიკელმა სამხედროებმა ყუდსის ძალების სარდალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.