Category: მსოფლიო

  • ბოინგ 737 Max-ში ახალი ხარვეზები აღმოაჩინეს. ამ მოდელის ფრენა ახლო მომავალში აღარ განახლდება

    ამერიკულმა კომპანია Boeing–მა 737 Max-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ახალი ხარვეზები აღმოაჩინა, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ამის შედეგად შესაძლოა ამ მოდელის ლაინერების ერთი წლის წინ შეწყვეტილი ფრენა კიდევ დიდხანს არ განახლდეს.

    სააგენტოების, როიტერის და ფრანს პრესის ცნობით კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით ხარვეზები ტექნიკური შემოწმებისას აღმოჩდა. გაირკვა, რომ არასწორად მუშაობს სისტემა, რომელიც ფრენის წინ ზოგიერთი აგრეგატის გამართულობას ამოწმებს.

    როიტერი ხაზს უსვამს, რომ მომხდარი კიდევ უფრო გადაავადებს ამ ლაინერების საჰაერო სივრცეში დაბრუნებას, თუმცა კომპანიაში ამას უარყოფენ. ბოინგში აცხადებენ, რომ უკვე მუშაობენ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე და იმედი აქვთ, რომ მას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 737 Max-ში გაუმართაობა აღმოაჩინეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ–ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ პრობლემები აღმოაჩინა თვითმფრინავის ელექტროგაყვანილობაში. გაირკვა, რომ ელექტროგაყვანილობის ორი კვანძი იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ფრენისას ამის გამო შესაძლოა მოკლე ჩართვა მოხდეს, რაც თვითმფრინავის კატასტროფას გამოიწვევს.

    ეს ხარვეზები თვითმფრინავის შემოწმებისას აღმოჩნდა, რაც უკვე ამ ლაინერების ფრენის შეჩერების შემდეგ დაიწყო. მიზეზი ორი ავიაკატასტროფა გახდა, რომლებიც ერთმანეთიდან რამდენიმე თვის ინტერვალში მოხდა.

    პირველი კატასტროფა 2018 წელს ინდონეზიაში მოხდა და მას 189 ადამიანი შეეწირა. მეორე 2019 წლის მარტში, ეთიოპიაში. დაიღუპა 157 ადამიანი. გამოძებისას გაირკვა, რომ მიზეზი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა, რომელიც პილოტებისთვის არ უსწავლებით.

    საქმე ეხება სისტემას, რომელიც თვითმფრინავის მდგომარეობის კორექტირებას ახდენს. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი სიჩქარეს კარგავს სისტემა ავტომატურად დაბლა სწევს თვითმფრინავის წინა მხარეს, რათა მან სიჩქარე თავიდან აკრიფოს. თუმცა, როგორც გაირკვა პილოტებმა ამ ახალი ფუნქციის შესახებ არაფერი იცოდნენ.

    კონგრესში ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ მოსმენებზე გაირკვა, რომ ჯერ კიდევ პირველი კატასტროფის დროს იყო პროგნოზი, რომ იმავე მიზეზით კიდევ 15 ლაინერის კატასტროფა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ლაინერის ფრენები არ აუკრძალავთ იმ იმედით, რომ ბოინგი პრობლემას მოაგვარებოდა.

    ლაინერების ფრენა მხოლოდ მეორე კატასტროფის შემდეგ აკრძალეს.

  • The Times: რუსეთის დაუფარავი ომი დასავლეთის წინააღმდეგ დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

    ბრიტანული გამოცემა The Times კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (Henry Jackson Society) რუსეთის და ევრაზიული კვლევის ცენტრის დირექტორის, ენდრიუ ფოქსალის (Andrew Foxall) სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: რუსეთის დაუფარავი ომი დასავლეთთან დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

    გთავაზობთ სტატიის თარგმანს

    რუსეთი დასავლეთთან ომის მდგომარეობაშია. ის იყენებს პროპაგანდას, ეკონომიკურ იძულებას, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარას, მკვლელობებს საზღვარგარეთ და დიპლომატიურ ზეწოლას. ის სისტემატიურად არყევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ის ომს აწარმოებს სამართლებრივ ველზე, ბოროტად იყენებს საერთაშორისო იურიდიულ თანამშრომლობას და სამართალდამცავ ინსტიტუტებს.

    2000 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა რუსეთში ავტორიტარული კლეპტოკრატიის შექმნა დაიწყო. ამ სისტემაში არჩევნები და პოლიტიკური ინსტიტუტები სრულიად გამოშიგნულია, სასამართლო ხელისუფლება ნებაწართმეული და უხერხემლო, რეჟიმის მცირერიცხოვან კრიტიკოსებს, მათ შორის ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს კლავენ.

    ეს სისტემა მტაცებლობაზე და კორუფციაზეა დაფუძნებული. 2017 წელს ჩრდილოვანი ეკონონომიკის წილად, სადაც კრიმინალი მეფობს და გადასახადებს არ იხდიან, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედი მოდიოდა. ეს დაახლოებით 473 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ეს უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი.

    ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების ცენტრშია კორუფცია, გადაფასებას ექვემდებარება კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება. რუსეთში კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აკონტროლონ და აიძულონ. და იმისთვის, რომ პუტნმა და მისმა გარემოცვამ დაუსჯელად მოქმედება შეძლონ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არ ებრძვიან ორგანიზებულ დანაშაულს, არამედ თანამშრომლობენ მასთან.

    ეს კლეპტოკრატია რუსეთის საზღვრებს გაცდა. ჭირი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, იმიტომ რომ კრემლი ცინიკურად და ბოროტად იყენებს სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო თანამშრომლობას. ამაზე საუბარია ლონდონში მდებარე “ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

    რუსეთი ინტერპოლის “წითელი შეტყობინებების“ სისტემას იყენებს რეჟიმის კრიტიკოსებთან საბრძოლველად. ინტერპოლის წესებით ეს არ არის დაშვებული, თუმცა ამ სისტემას მონაცემებს ადგილობრივი პოლიციური უწყებები აწვდიან. სხვა ადგილებში რუსეთი სასამართლოებს გადასცემს საეჭვო და დაუსაბუთებელ მასალებს და აშკარად ცრუობს. გარდა ამისა, ის დაკავებულია ამ სასამართლოების თანამშრომლების მოსყიდვით.

    ამავე დროს, რუსეთი დაჟინებით იკავებს მნიშვნელოვან თანამდებობებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც მას დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩაშალოს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი მექანიზმები.

    2017 წელს ჩინოვნიკი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვლადიმირ ვორონკოვი სათავეში ჩაუდგა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის ქვეგანყოფილებას. ალექსანდრ პროკოპჩუკი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016–2018 წლებში ინტერპოლის ვიცე–პრეზიდენტად მუშაობდა.
    რუსეთი ასე იმიტომ იქცევა, რომ კრემლი დარწმუნებულია: დასავლეთის იურიდიული ორგანოები ნაკლებად გააპროტესტებენ იმ მტკიცებით განცხადებებს, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს სახელით ისმის.
    გარდა ამისა, კრემლი ვარაუდობს, რომ დასავლეთი არ შეამოწმებს დეტალურად რუსეთის მოთხოვნებს, არადა სიტუაცია აშკარად ითხოვს ამას.

    ჯერჯერობით კრემლი მართალია. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ “ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ საფრთხეს ქმნის “ გაერთიანებული სამეფოსთვის, როგორც ეს სამეფო ადვოკატმა, ბენ ემერსონმა განაცხადა.

    დროა ბრიტანეთმა გაიღვიძოს და პრობლემის მაშტაბები გააცნობიეროს. რუსეთის სახელმწიფოს და მისი ორგანოების განცხადებები უფრო დეტალურ იურიდიულ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს. ისევე, როგორც რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები. უნდა დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება იმ საკითხზე, თუ როგორ მანიპულირებს ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობით სამართლებრივ სფეროში, საერთაშორისო წესრიგის მოსარღვევად მისი მაშტაბური ძალისხმევის ფარგლებში.

  • უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პრემიერ ალექსეი გონჩარუკთან შეხვერა გამართა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ პარასკევს განცხადება დაწერა და ქვეყნის მეთაურს გადასცა. ამას წინ უძღვოდა სკანდალი ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც მამაკაცი გონჩარუკის მსგავსი ხმით ამბობს, რომ პრეზიდენტს ეკონომიკაზე “პრიმიტიული“ წარმოდგენელი აქვს.

    “დღეს მივიღე თქვენი განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ბოლოდროინდელ კონფლიქტურ სიტუაციებთან, თუ სკანდალებთან, თუ როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, ძალიან უსიამოვნო სიტუაციასთან დაკავშირებით“– თქვა შეხვედრაზე ზელენსკიმ. მას არ უხსენებია ის ფაქტი, რომ გადადგომის შესახებ პრემიერმა პარლამენტს უნდა მიმართოს და არა პრეზიდენტს.

    “იცით როგორი პირადი დამოკიდებულება მაქვს თქვენს მიმართ და თქვენი ახალგაზრდა მთავრობის მიმართ. ვიფიქრე, და მეჩვენება, რომ ასე უფრო სწორი იქნება. გადავწყვიტე მოგცენთ შანსი თქვენ და თქვენს მთავრობას, თუ გადაწყვეტთ ზოგიერთ საკითხს, რორმლებიც დღეს ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას“– დასძინა პრეზიდენტმა.

    ზელენსკის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა მთავრობის წინაშე რამდენიმე გადაუდებელი ამოცანა დასახა და განაცხადა, რომ ახლა არ არის დრო ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური რყევებისთვის.

  • “შენელებული მოქმედების ნაღმი“– ჩინეთში შობადობა კატასტროფულად დაეცა

    ჩინეთში შობადობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ასეთი დაბალი შობადობა 70 წლის წინ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გაუქმებულია წესი, რომელიც ერთ ოჯახს ერთზე მეტი შვილის ყოლას უკრძალავდა.2019 წელს ქვეყანაში 14, 65 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 580 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. სტატისტიკის ნაციონალური სააგენტოს თქმით, ეს 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    შობადობა ჩინეთში უკვე ბევრი წელია თანდათანობით ეცემა, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემაა. ამასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩინეთში ბევრად გაიზარდა, ამიტომაც მოსახლეობის რაოდენობამ 2019 წელს 1.4 მილიარდი ადამიანი შეადგინა, წინა წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 1.39 მილიარდი იყო.

    ექსპერტები სიტუაციას შენელებული მოქმედების ბომბს უწოდებენ ქვეყნის დემოგრაფიისთვის, როცა დასაქმებულ უმრავლესობას მოუწევს შეინახოს უმუშევარი უმრავლესობა.

    შობადობით ჩინეთი ჩამორჩება აშშ, სადაც 1000 ადამიანზე თორმეტი ახალდაბადებული მოდის, თუმცა წინ უსწრებს იაპონიას, სადაც 1000 მოქალაქეზე 8 ახალდაბადებული ბავშვია. ჩინეთში ეს მაჩვენებელი ათას მოქალაქეზე 1.48 ახალშობილია.

    მსოფლიო ბანკის მონაცემებით შობადობის საშუალო მაჩვენებელმა მსოფლიოში 2017 წელს 18.65 ბავშვი შეადგინა 1000 ადამიანზე.

    1979 წელს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლებამ შემოიღო პოლიტიკა სახელწოდებით: “ერთი ოჯახი–ერთი ბავშვი“. ამ კანონის დარღვევა დიდ ჯარიმებს, სამსახურიდან გათავისუფლებას და ზოგჯერ იძულებით აბორტსაც იწვევდა.

    გამონაკლისი იყო დაშვებული სოფლის მაცხოვრებლებისთვის, თუ მათი პირველი შვილი გოგო იყო. ეთნიკური უმცირესობებისთვის, 2013 წლიდან კი წყვილებისთვის, რომელშიც ერთი მშობელი მაინც ოჯახში ერთადერთი შვილი იყო.

    სწორედ ამ პოლიტიამ გამოიწვია ჩინეთში გენდერული დისბალანსი. შედეგად 2019 წელს ჩინეთში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას 30 მილიონით აღემატება.

    “ერთი შვილის პოლიტიკა“ ჩინეთში 2015 წელს დასრულდა, როცა ხელისუფლებამ ოჯახებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა, თუმცა ამ რეფორმამ შობადობის შემცირება ვერ შეაჩერა.

  • ტრამპი კლოუნია, რომელიც თითქოს ირანელ ხალხზე წუხს- აითათოლა ალი ხამენეი

    ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ტრამპი არის კლოუნი, რომელიც ირანელ ხალხზე მოჩვენებითად წუხს, სინამდვილეში კი მათ ,,ზურგში შხამიან ხანჯალს ჩასცემს”.

    მისი განცხადებით, აშშ-მ გენერალი სოლეიმანი ლაჩრულად მოკლა, რითიც ამერიკამ საკუთარი იმიჯი შელახა. აიათოლამ აღნიშნა, რომ ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთიდან გააძევებს, რაც მისთვის სასჯელი იქნება სოლეიმანის მკვლელობის გამო.

    მისივე თქმით, ერაყში, ამერიკულ პოზიციებზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ ირანს „ღვთიური მხადაჭერა“ ჰქონდა, როცა აშშ-ს „სილა გაულაწუნა“.

    ირანის უმაღლესმა ლიდერმა საკუთარ სიტყვაში ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც ახსენა და მათ აშშ-ს მსახურები უწოდა. ხამენეის განცხადებით, მათ არ აქვთ ირანის დაჩოქების ძალა.

    ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს თეირანში პარასკევის ლოცვას გაუძღვა. ბოლო რვა წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანის უმაღლესი ლიდერი პარასკევის ლოცვას აღავლენს.

  • აშშ-ის სენატმა კანადა-მექსიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაამტკიცა

    იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა გადაჭრა. დღეს, მექსიკასთან და კანადასთან პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო შეთანხმება, სენატში კენჭისყრით დამტკიცდა. ახალმა ხელშეკრულებამ ჩაანაცვლა “ნაფტას” სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლის გაუქმებაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო.

    კენჭისყრამ სენატს საშუალება მისცა საიმპიჩმენტო გარჩევის წინ, რომელიც სულ ცოტა, რამდენიმე კვირა გასტანს, სავაჭრო შეთანხმების საკითხი დაესრულებინა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ცოტა ხნით ადრე მიანიშნა კიდეც, რომ სავაჭრო შეთანხმების საკითხზე კენჭისყრა, შესაძლოა იმპიჩმენტის დაწყებამდე მომხდარიყო.

    კანადასთან და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების მიღებამდე ერთი დღით ადრე კი, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების პირველ ფაზას მოაწერა ხელი.

    ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ხანგრძლივ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ ხელი მოაწერეს საწყის შეთანხმებას, რომელმაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის, ბოლო 18 თვის განმავლობაში გამწვავებული სავაჭრო დავა უნდა განმუხტოს.

    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება უდიდესია, რომელიც ოდესმე უნახავთ“. მან ასევე თქვა, რომ ის „მთელ მსოფლიოში მყარი მშვიდობის“ გზამკვლევი იქნება.

    დეკემბრის შუა რიცხვებში შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ ე.წ. „პირველი ფაზის შეთანხმებაზე“. ის ჩინეთს მოუწოდებს გაზარდოს ამერიკული საქონლის შესყიდვა, შეწყვიტოს პრაქტიკა, რომლითაც უცხოურ კომპანიებს ტექნოლოგიის გადაცემას აიძულებენ და არ მოახდინოს საკუთარი ვალუტის მანიპულაციები იმ მიზნით, რომ მათი ექსპორტი გაიაფდეს.

    შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, დისკუსიის მეორე ფაზა მალე დაიწყება. მესამე ფაზა კი არ იგეგმება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ავსტრალიაში წყალდიდობისას დაკარგული 3 წლის გოგონა და მისი ძაღლი იპოვეს

    3 წლის გოგონა და მისი ძაღლი დაკარგვიდან 24 საათში იპოვეს. ისინი ძლიერმა წყალდიდობამ დასავლეთ ავსტრალიაში, საკუთარი სახლიდან გაიტაცა, წერს BBC.

    გოგონა და მისი ძაღლი ხაფანგში მაშინ აღმოჩნდნენ, როცა ძლიერმა წვიმამ სახლთან მისასვლელი გზები დატბორა.

    სამაშველო სამსახურმა მალევე ვერტმფრენით მათი ძებნა დაიწყო. ხუთშაბათს, შუადღით ისინი სახლიდან 3.5 კმ-ში ვერტმფრენიდან დააფიქსირეს.

    როდესაც გოგონასთან მივიდნენ, ის მთლიანად ტალახით იყო დასვრილი, მაგრამ სხვა მხრივ კარგად გრძნობდა თავს.

    ,,მისი ძაღლი მაშინაც მის გვერდით იყო და იცავდა გოგონას”,- განაცხადა პოლიციამ.

    პილბარას პოლიციის ზედამხედველმა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელები და ძაღლი შეაქო, რომელმაც მთელი დროის განმავლობაში გოგონა მარტო არ დატოვა.

    დასავლეთ ავსტრალიის რეგიონ პილბარაში ბოლო რამდენიმე დღეა ძლიერად წვიმს, რამაც წყალდიდობა და გზების ჩაკეტვა გამოიწვია.

  • უკრაინაში ამერიკის ყოფილ ელჩზე გამოძიება დაიწყო

    უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაიწყო მუშაობა. საქმე ეხება ამერიკის ყოფილ ელჩზე, მარი იოვანოვიჩზე, სავარაუდო თვალთვალის დაწესებას. ამ საქმეზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    ეს ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლევ პარნასმა, დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის თანაშემწემ თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იცოდა იმ ზეწოლის შესახებ, რაც უკრაინაზე ხორციელდებოდა. პარნასი გულისხმობდა იმ გამოძიებებს, რომელიც უკარაინას უნდა ჩაეტარებინა ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის თაობაზე.

    ტრამპმა “ზუსტად იცოდა რაც ხდებოდა” თქვა ტელეკომპანია MSNBC-ისთან ინტერვიუში ლევ პარნასმა.

    “ნიუ-იორკ თაიმსმა” კი პარნასის შემდეგი ციტატა მოიყვანა: “თავს დავდებ, რომ ტრამპმა ზუსტად იცოდა რაც ხდებოდა, რასაც რუდი ჯულიანი აკეთებდა უკრაინაში”.

    დონალდ ტრამპი უარყოფს ჯულიანის უკრაინაში გაგზავნას და მის მოწინააღმდეგეზე, ჯო ბაიდენზე კომპრომატების შეგროვების დავალების მიცემას.

    თუმცა, პარნასმა თქვა : “ტრამპმა იცოდა ჩემი ყველა მოქმედების შესახებ… არაფერს გავაკეთებდი რუდი ჯულიანის, ან პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე”, თქვა პარნასმა.

    პარნასის განცხადებით, მისი საქმე იყო ჯულიანისთან ერთად შეხვედროდა მაღალი თანამდებობის უკრაინელებს და მოეძებნა კომპრომატები ჯო ბაიდენსა და მის შვილ – ჰანტერ ბაიდენზე. ეს უკანასკნელი უკრაინულ გაზის კომპანია “ბურისმაში” გასულ წლამდე მმართველი საბჭოს წევრი იყო.

    პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება შეუჩერა და შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბარში მიანიშნა, რომ ბაიდენების საქმის გამოძიება დაეწყო. სწორედ ეს ბრალდებები გახდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი, რომელსაც მხარი წარმომადგენელთა პალატამ დეკემბერში დაუჭირა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “არ მინდა პირფერობის, სიცრუისა და უსამართლობის ნაწილი ვიყო”- ირანელმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქვეყანა დატოვა

    კიმია ალიზადეჰმა, ირანელის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა, ქვეყანა სამუდამოდ დატოვა. ამის შესახებ ვრცელი პოსტი მან ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა და მიზეზებზე ისაუბრა.

    ამის შესახებ 21 წლის ოლიმპიელი სპორტსმენი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. მიზეზად კი ქვეყანაში არსებული უსამართლობა და მთავრობის “თვალთმაქცობა” დაასახელა,სპორტსმენი აცხადებს, რომ მას არ სურს, ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენოს.

    “არავის მივუწვევივარ ევროპაში და არც მაცდური შემოთავაზება მიმიღია. მაგრამ მე ვიღებ სამშობლოდან შორს ყოფნის ტკივილს და სირთულეებს, იმიტომ, რომ არ მინდა პირფერობის, სიცრუისა და უსამართლობის ნაწილი ვიყო,ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულია, ვიდრე ოლიმპიური ოქრო, მაგრამ მე ირანის შვილად დავრჩები, სადაც არ უნდა ვიყო. “, – წერს  კიმია.

    კიმია ალიზადეჰმა 2016 წლის ოლიპმიურ თამაშებში, ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

    ალიზადეჰმა განცხადება ქვეყნის დატოვების შესახებ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზა დაბომბა, მოგვიანებით კი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც ბორტის სრული შემადგენლობა, 176 მგზავრი ემსხვერპლა.

  • “ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვტყუით”- ჟურნალისტები ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ტოვებენ

    ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის სულ მცირე ორმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა და 13-წლიანი ტყუილისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

    ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მოსახლეობის აზრზე და შეარყრია მედიის პოზიცია:„ჩემთვის ძალიან რთული დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხალხი დაიხოცა. მაპატიეთ, რომ ეს ძალიან გვიან გავიგე. და მომიტევეთ იმ 13 წლისათვის, როდესაც ტყიულებს გეუბნებოდით. ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვტყუით მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ მათდამი ნდობა დაიკარგა, თუმცა არ იციან, რომ ამ მედიის და ადგილობრივი მედიების უმეტესობის სანდოობა დიდი ხანია გამქრალია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მედიები აპროტესტებდნენ ამ სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო მედია მას მხარს უჭერდა“- დაწერა გელარ ჯაბარიმ.

    შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი.

    8 იანვარს ირანულმა რაკეტამ თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოაგდო უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად ირანი უარყოფდა ავიაკატასტროფაში მონაწილეობას და სახელმწიფო მედია ავრცელებდა ცნობებს იმაზე, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და აფრენიდან მალევე ცეცხლი გაუჩნდა. სიმართლეს არც ეს შეესაბამებოდა.

    ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ 11 იანვარს აღიარა და შეცდომისათვის ბოდიში მოიხადა, თუმცა ამ დრომდე ირანის ქუჩებში აქციები არ წყდება. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა.