Category: მსოფლიო

  • მამაკაცმა მიწაზე მიყინული კნუტები თბილი ყავის დახმარებით გადაარჩინა (ვიდეო)

    კანადაში ქალაქ ალბერტაში მოქალაქემ მიწაზე მიყინული კნუტები ცხელი ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს.   ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როდესაც მან  3 კნუტი დაინახა. ისინი კუდებით მიწაზე იყვნენ მიყინულები. ერთ-ერთის გათავისუფლება დივიშმა მალევე მოახერხა, ორი კნუტის კუდებს ირგვლივ ყინულის გასადნობად კი თბილი ყავა გამოიყენა, რომელიც მანქანაში ჰქონდა. 

    კნუტების გადარჩენის შემდეგ დივიშმა ისინი  ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს დაუტოვა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.

  • კორონავირუსი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ნაკლებად საშიშია – ბრიტანელი მკვლევარი

    ლონდონის, „იმფერიალ კოლეჯის“ ინფექციური დაავადებების მკვლევარი, ექიმი ნატალი მაკდერმოტის განცხადებით, ახალი კორონავირუსი გასაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთაც ადრე გარკვეული დაავადებები აქვთ გადატანილი. მაკდერმოტმა ამის შესახებ „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

    მისივე თქმით, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთაც გვერდითი დაავადებები არ აწუხებთ, ვირუსს მომაკვდინებელი შედეგები არ ექნება და ის შესაძლოა მხოლოდ „გრიპის სიმპტომებით გამოიხატოს“. ექიმის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსს საჭიროების შემთხვევაში მომზადებული ხვდება.

  • კორონავირუსი შოტლანდიაშიც გამოჩნდა

    კორონავირუსმა შოტლანდიამდე მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ “Daily Record” ავრცელებს.

    ამ დროისათვის, ოთხი ადამიანი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების გამო საავადმყოფოში გადის შემოწმებას. როგორც ცნობილია, ოთხივე მათგანი ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა. ისინი უხანიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.

    შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ქალაქია დაავადების გავრცელების ეპიცენტრი.

    კორონავირუსის წყარო შესაძლოა გველები იყვნენ – რას ამბობენ მეცნიერები
    კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენა უკვე დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურშიც.

    ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 634 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 17-ს შეადგენს.

  • შოკისმომგვრელი კადრები ესპანეთიდან, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

    შტორმ “გლორიას” შედეგად   ესპანეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა ხოლო ოთხი დაიკარგა. ძლიერი ქარის, ძლიერი წვიმის, თოვლისა და უზარმაზარი ტალღების შედეგად ტარაგონას რეგიონში 220 ათასი ადამინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზღვის ტალღებმა დააზიანა ბარსელონასა და ვალენსიას სანაპიროები.

    როგორც გამოცემა The Guardian წერს, ერთ-ერთი ადამიანი ვალენსიაში ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა, ალიკანტეს პროვინციაში ქალი კი საკუთარი სახლის ნანგრევებმა იმსხვერპლა. ფერმერი ალმერიაში მას შემდეგ მოკვდა, რაც შტორმის დროს სათბურში ჩაიკეტა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დატბორილ ტერიტორიაზე იპოვეს გარდაცვლილი.

    მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ოთხ პირს, მათ შორისაა 25 წლის ბრიტანელი, რომელიც მაშინ დაიკარგა, როცა თავის მოტოციკლს მართავდა ჩრდილოეთ იბიცაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში თქვეს, რომ ბრიტანელის დაკარგვის შესახებ მათ კოლეგამ შეატყობინა. მისი თქმით, მან მხოლოდ მიტოვებული მოტოციკლი იპოვა.

  • ჩინეთი ერთჯერად პარკებს და პლასტმასის ნივთებს კრძალავს

    ჩინეთს, რომელიც მსოფლიოში პლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია, ერთჯერადი პლასტმასის შემცირების ახალი გეგმები აქვს. მთავრობამ 5-წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

    ჩინეთის დიდ ქალაქებში 2020 წლიდან არადეგრადირებადი ჩანთები აიკრძალება, 2022 წლიდან კი ყველა სხვა ქალაქში. აკრძალვა შეეხება პლასტიკური პარკების წარმოებასა და რეალიზაციას, რომელიც 0,025 მმ-ზე ნაკლები იქნება.

    გარდა ამისა, სარესტორნო ინდუსტრია 2020 წლიდან კოქტეილის ჩხირებს , ე.წ. საწრუპებს ვეღარ გამოიყენებს. რესტორნებს ერთჯერადი ნივთების 30%-ით შემცირებაც დაევალებათ.

    BBC-ს ინფორმაციით, ჩინეთი უკვე წლებია საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ებრძვის , რომელსაც მისი 1.4 მილიარდი მოსახლე ქმნის.

    ჩინეთის ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი, რომელიც 100 საფეხბურთო მოედნის ზომისაა, გეგმიდან 25 წლით ადრე უკვე გაივსო. მხოლოდ 2017 წელს ქვეყანამ 215 მილიონი ტონა ნაგავი შეაგროვა, რისი გადამუშავებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

  • 2153 მილიარდერს უფრო მეტი სიმდიდრე აქვს, ვიდრე 4.6 მილიარდ ადამიანს-,,ოქსფამი”

    კვლევითი ორგანიზაცია ,,ოქსფამი” კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რის მიხედვითაც 2019 წელს 2153 მილიარდერს უფრო მეტი ქონება აქვს, ვიდრე 4.6 მილიარდ ადამიანს მსოფლიოში. კვლევის თანახმად, უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე 6.9 მილიარდი ადამიანი.

    ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი შედეგი სექსისტური და ხარვეზიანი ეკონომიკური სისტემის გამოწვეულია.
    ,,ასეთი განსხვავება დაფუძნებულია ხარვეზიან და სექსისტურ ეკონომიკურ სისტემაზე, რომელიც უფრო მეტად აფასებს პრივილეგირებულ, უმეტესად მამაკაცთა სიმდიდრეს, ვიდრე მილიარდობით მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც არაანაზღაურებად სამუშაოზე , პირველ რიგში, ქალები აკეთებენ მსოფლიოს გარშემო”,- წერია კვლევის აღწერაში.

    „ოქსფამის“ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცები 50%-ით მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები. საშუალოდ, მსოფლიოში, ქალები მთავრობის 18%-ს, პარლამენტის კი 24%-ს შეადგენენ.

    მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს 22 ყველაზე მდიდარი მამაკაცი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ყველა ქალი ერთად აფრიკაში.

    ,,ოქსფამი” მთავრობებს რეკომენდაციების აძლევს, რითაც შეძლებენ არსებული ვითარების გამოსწორებას. ,,დაასრულეთ ექტრემალური სიმდიდრე ექსტრემალური სიღარიბის დასასრულებლად”- მოუწოდებს ორგანიზაცია მსოფლიოს. გარდა ამისა, მათი თქმით მნიშვნელოვანია, შეიცვალოს სექსისტური რწმენები და საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ქალებს არასათანადო მდგომარეობაში აყენებს.

    ოქსფამი(OXFAM) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში გენდერულ უთანასწორობასა და სიღარიბეს ებრძვის.

  • პარაგვაის ციხიდან 75 საშიში დამნაშავე გაიქცა

    პარაგვაის ციხიდან 75 საშიში პატიმარი მიწისქვეშა გვირაბის საშუალებით გაიქცა. მათი უმეტესობა, უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების The First Command of the Capital წევრები არიან. ოფიციალური უწყებები ადასტურებენ, რომ ციხიდან  განსაკუთრებით საშიში კრიმინალები გაიქცნენ და მათი ნაწილი უკვე ბრაზილიაშია.

    პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით, გაქცევაში საშიშ დამნაშავეებს ხელი  ციხის ადმინისტრაციამ  შეუწყო, რის გამოც, ადმინისტრაციის თანამშრომლებს პატიმრობა ემუქრებათ.

  • არ მინდა საბჭოთა პერიოდში დაბრუნება, როცა ლიდერები სიცოცხლის ბოლომდე თანამდებობაზე რჩებოდნენ- პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის თქმით, მას არ მოწონს საბჭოთა ის პერიოდი, როცა საბჭოთა ლიდერები სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში რჩებოდნენ, მემკვიდრეობის საკითხი კი გაურკვეველი იყო.

    ამის შესახებ პუტინმა 18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა, როცა ერთ-ერთმა ვეტერანმა ჰკითხა, ხომ არ გააუქმებდა კონსტიტუციურ ნორმას, რომელიც პრეზიდენტობის მოყოლებით მესამე ვადით შენარჩუნებას უკრძალავს.

    „ძალიან შემაშფოთებელი იქნებოდა იმ ვითარებასთან დაბრუნება, რომელიც 1980-იანი წლების შუა პერიოდში გვქონდა, როცა სახელმწიფო ლიდერები ხელისუფლებაში რჩებოდნენ, ერთმანეთის მიყოლებით, სიცოცხლის ბოლომდე და მათი წასვლის შემდეგ ძალაუფლების გადაცემის აუცილებელი პირობები გაურკვეველი იყო“, – თქვა პუტინმა.

    ცნობისთვის, პუტინი უკვე მეოთხე ვადით არის პრეზიდენტის პოსტზე, მას თანამდებობა 2000 წლიდან უკავია. 2008-2012 წლებში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი 2018 წელს ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. ვადა 2024 წელს ეწურება, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა პუტინი, მას კონსტიტუცია მიყოლებით მესამე ვადით კენჭიყრის უფლებას არ აძლევს.

    ცოტა ხნის წინ ის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა გადადგა.

  • “რამდენი ხის აღმოჩენას ელოდებით კოსმოსში?“–აშშ–ს კოსმოსური ძალების ახალ ფორმას სოციალურ ქსელებში დასცინიან

    აშშ–ს კოსმოსურმა ძალებმა ახალი ფორმის ნიმუში გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი და დაცინვა მოჰყვა. ის ჩვეულებრივი სამხედროს საზაფხულო ფორმისგან დიდად არ განსხვავდება, შესაბამისად, ქსელების მომხმარებლებმა დასვეს კითხვა, ასეთი ფორმით ვის უნდა დაემალონ კოსმოსში.

    “მესმის, რომ ძნელი გასაცნობიერებელია, მაგრამ მარცხნივ ახალი ფორმის ფოტოა, მარჯვნივ კი ღია კოსმოსის. ყურადღებით შეადარეთ და იპოვეთ განსხვავება“ წერს მეცნიერი ჯეი რეჰლინგი ტვიტერში.

    საპასუხოდ აშშ–ს კოსმოსური სააგენტო შეეცადა განემარტა, რომ უბრალოდ ისინი იყენებენ სამხედრო საჰაერო ძალებში უკვე არსებულ ფორმას და ამგვარად ახალი ფორმის შემუშავებაზე და შეკერვაზე თანხებს ზოგავენ. გარდა ამისა, სამხედროები ამბობენ, რომ კოსმოსური ძალების სამხედროები დედამიწაზე განსაკუთრებით არ უნდა გამოირჩეოდნენ სხვა ტიპის სამხედროებისაგან.

    ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში დაცინვები და ხუმრობა არ შეწყეტილა.

    “რამდენი ხის აღმოჩენას ელოდებით კოსმოსში?“– წერს კომედიური ჟანრის მწერალი, ჯეიმს ფელტონი ტვიტერში.

    “ღია კოსმოსში ვერავინ გაიგებს, რამდენად სასაცილოები ხართ“ – წერს მწერალი და პროდიუსერი კრეიგ მეიზინი.

    ტელეწამყვანი რიჩარდ ჩემბერსი კი პენტაგონს ურჩევს კოსმოსისთვის უფრო შესაფერისი სამოსი მოძებნონ და მაისურის ფოტოსაც სთავაზობს:

    “ძალიან იმედგაცრუებული ვარ მწვანე ფერით. აი, ასეთი შეფერილობა უფრო კარგი კამუფლაჟი იქნება კოსმოსისთვის“ – წერს ის ტვიტერში.


    ახალი კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოაცხადა. მან თქვა, რომ კოსმოსური ძალების მიზანი სამხედრო მოქმედებების უახლეს თეატრში აგრესიის შეჩერებაა.

    სხვათა შორის, შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა, რომელიც სამხედრო საჰაერო ძალების ქოლგის ქვეშ შეიქმნა, სულაც არ არის განკუთვნილი ორბიტაზე კოსმოსური დესანტის გასაგზავნად.

    უფრო მეტად მის ამოცანებში შედის ასობით ამერიკული თანამგზავრის და კავშირის და მეთვალყურეობის საშუალებების დაცვა.

    კოსმოსურ ძალებში დაახლოებით 16 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი იქნება. პირველივე წელს კოსმოსური ძალებისთვის 40 მილიონი დოლარი გამოიყო.

  • პარიზში პრეზიდენტის საყვარელი რესტორანი დაწვეს

    ფრანგული პოლიცია პარიზის ცნობილ რესტორან “როტონდაში“ შაბათს დილით მომხდარ ხანძარს იძიებს. ეს ძველი რესტორანი ცნობილია იმით, რომ იქ რეგულარულად დადის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. გამომძიებლებმა დამწვარი შენობის იატაკზე ცეცხლსაშიში სითხის კვალი აღმოაჩინეს. როგორც ფრანგული პრესა ამტკიცებს, ნაპოვნია რესტორნის სიახლოვეს მიგდებული ყვითელი ჟილეტი.

    რესტორნის შეფ პოვარის, ფრანკ გონეს განცხადებით მოხდა შენობაში უცხო პირების შეღწევა, შემდეგ კი ხანძარი დაიწყო. ის დარწმუნებულია, რომ ხანძარი საფრანგეთის პრეზიდენტს უკავშირდება, თუმცა მტკიცებულებების გარეშე კონკრეტულ ბრალდებებზე საუბარი არ სურს.

    პარასკევს საღამოს მაკრონის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა პარიზის თეატრში საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც თავად საფრანგეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. პრეზიდენტის დასაცავად ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა მივიდა. აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტია “დაუმორჩილებელი საფრანგეთის“  ლიდერი პოლიციამ არეულობების მზადების ბრალდებით დააკავა.

    მაკრონის წინააღმდეგ პროტესტის მთავარი მიზეზი მის მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმაა, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციების და საწარმოების თანამშრომელთა ინტერესებს ლახავს.