Category: არქივი

  • პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ისევ გავრცელდა

    ერთ–ერთ პოპულარულ ვიდეო პლატფორმაზე კვლავ დევს ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. როგორც ვიდეოზეა მინიშნებული, ის ორი კვირის წინ აიტვირთა და დღემდე მისი გავრცელების აღკვეთისთვის ქართველ სამართალდამცავებს როგორც ჩანს ზომები არ მიუღიათ. ვიდეოს ამ დროისთვის უკვე 5400 ნახვა აქვს.

    საუბარია ვიდეოკადრებზე, რომელთა  გავრცელების გამო თებერვლის დასაწყისში 19 ადამიანი დააკავეს. ეს კადრები ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა.

  • რუსთავში ბუნებრივი აირით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
    ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.
    როგორც მეზობლები “ინფო რუსთავთან” საუბრისას აცხადებენ, მამაკაცი ღამით ბინაში მარტო იმყოფებოდა, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული იყო გაზის გამათბობელი, რომელიც სავარაუდოდ მოულოდნელად გაითიშა და ამის გამო ბინაში გაზი დაგროვდა.

    გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

    მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

  • ქვემო ქართლის ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

    ტელე–რადიო კომპანია ტვ4–მა, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს დღეს მაუწყებლობა შეწყვიტა. არხმა საღამოს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გაუშვა, რომელშიც არხის სპეციალური განცხადება გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არის მათი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. თუმცა ტელეარხი არ აკონკრეტებს ვისგან მოდის ეს მცდელობა და რა კონკრეტული საფრთხე ემუქრება ტელეკომპანიას. სპეციალური საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა.

    “TV4 21 წელია, საკუთარ ქალაქს და მთელ რეგიონს ემსახურება. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოჰყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან . ჩვენ ვასრულებდით მედიატორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის.

    უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო. თუმცა დღეს, 21 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით . გარკვეული ძალები ცდილობენ ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა.

    დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. დღეს საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ TV4 და რადიო 4-მა მაუწყებლობას დროებით შეწყვეტს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი.

    განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე. ჩვენ ვწყვეტთ მაუწყებლობას! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია დაგემშვიდობოთ”, – ნათქვამია არხის საგანგებო განცხადებაში.

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.

    ჩინეთში  გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გეგმები და ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.

    სიჩუანის დედაქალაქ ჩენგდუს მოწინავე 5 ტურისტული კომპანია საქმიანი და გასართობი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. სიჩუანის პროვინციის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთიდან საქართველოში 2017 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 75.2%-ით გაიზარდა.

    2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 60.2%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  • გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

    87 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა.
    წლების მანძილზე ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მოგვიანებით მისი კინოკარიერაც დაიწყო. 1976 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1979 წელს გახდა სახალხო არტისტი. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.
  • ჯგუფ ნიუტონის სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

    ჯგუფ ნიუტონის  ახალგაზრდა სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბაბი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, მის მხარდასაჭერად არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.სამწუხარო  ინფორმაციას და გამოსათხოვარ სიტყვებს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

  • “მიხეილ გიორგაძემ ეროვნული ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას დამცირებითა და მუქარით უპასუხა”-ეროვნული მუსიკალური ცენტრი

    ფილარმონიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი კულტურის სამინისტროსა და ეროვნული ორკესტრის დაპირისპირების მიზეზი გახდა. როგორც ცნობილია, სიმფონიური ორკესტრი ფილარმონიის შენობაში დაბრუნებას მოითხოვს. ეს მოთხოვნა დღეს კულტურის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ უარყოფითად შეაფასა და ნიკოლოზ რაჭველს “გიგანტომანი” უწოდა.
    მუსიკალური ცენტრის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს და მიხეილ გიორგაძეს პუნქტობრივად პასუხობს:
    „კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას საკონცერტო დარბაზით უზრუნველყოფის შესახებ ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა. მან დღეს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ რაჭველს დაემართა გიგანტომანია და რომ შესაძლოა ორკესტრის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. იგი აგრეთვე, შეეცადა ციფრებით მანიპულირებას.

    1. მიხეილ გიორგაძეს თბილისის საკონცერტო დარბაზი რატომღაც გიგანტური მოეჩვენა ეროვნული ორკესტრისთვის და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ დარბაზი წელიწადში თითქმის 300 დღე უმოქმედოდ დგას და სრულ დეგრადაციას განიცდის სფერო, რომელიც ყველა ქვეყანაში დიდი წარმატებით ვითარდება.

    2. სამარცხვინოა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კულტურის სამინისტროს სათავეში მდგარმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, თუ რა დებულებით იმართება სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ რაჭველს ის ვერც დანიშნავს და ვერც მოხსნის, რადგან ეს კომპეტენცია მხოლოდ ეროვნულ ორკესტრს და სამხატვრო საბჭოს გააჩნია გია ყანჩელის ხელმძღვანელობით. ნიკოლოზ რაჭველი 2017 წლის 4 დეკემბერს 4 წლის ვადით ხელმეორედ იქნა არჩეული ეროვნული ორკესტრის მიერ.

    3. რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას, 2018 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მიხეილ გიორგაძეს და ცენტრის ხელმძღვანელობას დაევალა დარბაზის აშენებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა დეტალების მოკვლევა გამოცდილი არქიტექტორული კომპანიების ბაზაზე, საიდანაც გაირკვა, რომ სიმფონიური მუსიკისთვის განკუთვნილი დარბაზის მშენებლობა 40-45 მილიონი ევროს ინვესტირებას მოითხოვდა.

    4. ჩვენ იმთავადვე მიგვაჩდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს მთავარი ფილარმონიული დარბაზი და ვერ ხდება მისი სრული დატვირთვა, მიზანშეწონილია მისი განახლება და ფილარმონიული ორკესტრის სწორედ ამ შენობაში დაბინავება და არა სახელდახელო უხარისხო საკონცერტო დარბაზის აშენება“ – ნათქვამია  განცხადებაში.

  • ბასილაშვილის დასანანი მარცხი 18 წლის მეტოქესთან – ნიკა მაიამის დაემშვიდობა

    მაიამის მასტერსის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელ ჩოგბურთელს ფელიქს ოჟე ალიასიმს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში, 6:7, 4:6 დამარცხდა.

    ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე მე-17 ჩოგნად იყო განთესილი და მარცხის მიუხედავად  ATP-ის რეიტინგში პოზიციას არ დაკარგავს.

    ფელიქსი ჩოგბურთის ნამდვილი აღმოჩენაა, ექსპერტები მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი შემდეგ ეტაპზე კირიოსისა და ჩილიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

  • ქუთაისში მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს

    ქუთაისიში  მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს.

    არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

    უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, აია-ვაჯიკის სანაპიროზე, მოხდა. შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ბორტზე დარჩენილი 11 მიგრანტი მაშველებმა გადაარჩინეს.

    გავრცელებული ცნობით, რეზინის ნავში, ძირითადად, ავღანელი და ირანელი მიგრანტები ისხდნენ, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას თურქეთის გავლით ცდილობდნენ.