Category: არქივი

  • თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზიას დაესხნენ თავს

    შეიარაღებულმა პირმა დაბალანსებული კვებისა და წონის გასაკონტროლებელი პროდუქციის მაღაზია “ჰერბალაიფის” დაყაჩაღება სცადა.

    თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე  სამართალდამცველები არიან მობილიზებული და   ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი  საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. როგორც ცნობილი გახდა თავდამსხმელმა ვერაფრის წაღება ვერ მოახერხა.

    თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელი შენობაში სამედიცინო ნიღბით შევიდა, ის შეიარაღებული იყო და სასხლეტსაც კი გამოკრა ხელი, თუმცა იარაღმა არ გაისროლა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

  • ირაკლი ოქრუაშვილი “გუნდს აკოწიწებს“ და მსურველებს ფეისბუქით ეპატიჟება

    ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, გუნდის ფორმირებას იწყებს. ახალი გუნდის წევრების მოძებნა კი პირდაპირ ფეისბუქ გვერდიდან დაიწყო. დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ გუნდში ეპატიჟება მათ, “ვისაც ქვეყანა სტკივა“.

    “ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ. უდავოა, რომ ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა. ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულს ვიწყებდი, ადამიანებს ვარჩევდი იქიდან საიდანაც შეიძლებოდა არჩევა.

    ასარჩევად საქმე კი არასდროს არ მქონდა, რადგან სუფთა, წესიერი, გამოცდილი და “უნაკლო” ადამიანები, როდესაც საქმე რისკიან გეგმებს ეხებოდა, მორალისტობდნენ, იმალებოდნენ და ბუჩქებიდან ყურებას ამჯობინებდნენ, რათა შემდეგ ამის გამო ვეკრიტიკებინე.

    მოკლედ, ვაკოწიწებ გუნდს, რომელმაც ქვეყანას ცვლილება უნდა მოუტანოს. არ ვაპირებ პოლიტიკისათვის დამახასიათებელი კლიშეებით და სტერეოტიპებით ადამიანების შერჩევას ანუ აუცილებელი არაა პოლიტიკოსი იყო ან ერკვეოდე მასში.

    ისიც კარგად მესმის, რომ დიმიტრი გელოვანის პოვნა შეუძლებელია. მოკლედ და კონკრეტულად, ვისაც ქვეყანა სტკივა კეთილი იყოს იმ ადამიანების მობრძანება. მერე არ დამიწყოთ ეს რატომ გყავს ან ის რატომ გყავსო. თუ ცვლილება გინდათ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ და გელით.

    პ.ს. იმ კასპელი ფილოსოფოსის არ იყოს, მეც ერთ ცხოვრებისეულ დასკვნამდე მივედი. კაცები, როგორც წესი, პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, არაფრისმაქნისები არიან. ამიტომ, განსაკუთრებით კეთილი იყოს შემტევი, ჭკვიანი, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი, ცნობადი და არაცნობადი ქალების მობრძანება.

    პ.პ.ს. გნებავთ აქ მომწერეთ, გნებავთ მტრედს გამოატანეთ წერილი. ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

  • შეცდომით გაგზავნილი მესიჯი.ეკა ბესელიას მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი მესიჯბოქსი გაუგზავნა

    ტვ პირველის ეთერში დღეს ეკა ბესელიამ იმ მესიჯზე ისაუბრა, რომელიც შეცდომით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ”Watsapp” –ში გაუგზავნა.

    ბესელია ამბობს, რომ მის სალანძღავად პარტიაში მესიჯბოქსი შემუშავდა, რომელიც მამუკა მდინარაძემ შეცდომით მას ჩაუგდო.

    “ჩემთან დაკავშირებთ, როგორც ჩანს მომზადდა მესიჯი და მამუკა მდინარაძემ გზავნიდა იქ, სადაც იგზავნება ხოლმე მესიჯები და მოვიდა ჩემს „ვოთსაფში“, სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე.

    წავიკითხე და მივხვდი რომ შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯები, იმიტომ დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები, რას დაემსგავსნენ, დამწკრივდნენ და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს. ზუსტად იგივეა გამოგზავნილი რაც ილაპარაკა მდინარაძემ კობახიძემ, ვოლსკიმ…

    ვოლსკი არ გამორჩეს ახლა, ზარდიაშვილის დონეზეა უკვე დასული. ძველი ბიჭის ხმით ილაპარაკოს ეკა ბესელიაზე და მერე მაგარი და ღირსეული პოზიცია ექნება. მშვიდობაში მასაც ეს როლი. მე ამათ რომ ვიყურებ მეცინება, ნახეთ რა დღეში არიან, რას დაემსაგავსა ეს ყველაფერი. მრცხვენია მართლაც რომ ამ პარტიაში ამდენი წელი ვიყავი….

    ამ მესიჯში წერია, როგორ უნდა მლანძღონ და მთათხონ… მერე მივწერე მდინარაძეს, ეს მესიჯი მე უნდა გავახმოვანო თქო? მერე ამას მოყვა მისი ახსნა განმარტებები და ბოდიშები. ვის რაში უნდა მისი ბოდიშები”, – ამბობს ეკა ბესელია.

    მამუკა მდინარაძე მესიჯის გაგზავნას არ უარყოფს, თუმცა ამბობს რომ ეს არა მესიჯბოქსი, არამედ ეკა ბესელიას შესახებ მისი თანაგუნდელების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნაკრები იყო, რომელიც ოცნების წევრს, ნინო წილოსანს კითხვის პასუხად გუგზავნა.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა განახლდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

    „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ივანიშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვს.

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, საქმე ეხება ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს.

    სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დაინტერსდა,  იყო თუ არა ნათელაშვილი ჯაშუშად გამოცხადებული 2007 წელს, რაზეც „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა უპასუხა, რომ ეს სინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის ივანიშვილის დავალებით სააკაშვილმა გაავრცელა თავისი კონტროლირებადი ტელევიზიებით.

    შალვა ნათელაშვილი პროცესზე ივანიშვილის დასწრებას ითხოვს.

  • ხმაური და დაპირისპირება ტვერელის ეკლესიასთან. მოსახლეობა აპროტესტებს, დეველოპერი მშენებლობას არ წყვეტს

    ხმაური იყო დღეს ტვერელის ეკლესიასთან, სადაც ზალდასტანშვილის ქუჩის მოსახლეობა, არასამთავრობოები და პოლიტიკოსები საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. კომპანია “მკ დეველოპმენტმა“ ტერიტორიაზე მიწის თხრა ტვერელის ეკლესიის ძირში დაიწყო. მონგრეულია ეკლესიის ჯებირიც. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპლექსი მიწის თხუთმეტი მეტრის სიღრმეზე ჩათხრას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი ქანების პიროებებში საშიშია. პროექტს აპროტესტებენ ურბანისტები, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აზრით, გარდა იმისა, რომ მთაწმინდის ფერდობზე მსგავსი მშენებლობები საშიშია, პროექტი უხეშად იჭრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფიზიკურ და ვიზუალურ ზონაში და მას აზიანებს.

    საპროტესტო აქციაზე პროექტის დეველოპერიც მივიდა, რომელიც აცხადებს რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. იგივეს აცხადებენ თბილისის მერიაში, სადაც მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ბოლოს გასცეს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიტიკოსები და არასამავრობოები ამბობენ, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა პროექტის კანონიერებას არ ნიშნავს. ხმაური და კამათი ტვერელის ეკლესიასთან დიდხანს გაგრძელდა. აქციაზე მივიდნენ საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი, თბილისის ჰამქრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი, პარლამენტარი ელენე ხოშტარია, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი, მწერალი ლაშა ბუღაძე.

  • ჯეკ შეპარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

    ჯეკ შეპარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება, საქალაქო სასამართლომ შეპარდის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება   ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ   შეპარდის ექსტრადირება  გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება.

    სასამართლო პროცესზე დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე თანხმობა თავად ჯეკ შეპარდმაც განაცხადა.

    ჯეკ შეპარდი ქართველ სამართალდამცავებს “კურიერის” კამერის თანდასწრებით ჩაბარდა. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოში გასული წლის მარტში ჩამოვიდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა. ბრიტანეთის დატოვება  მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი მეგობარი გოგონა მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

    შეპარდი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე  საუბრობდა, მისი თქმით,  გარდაცვლილის მამა პენიტენციალურ სისტემაში მუშაობს და შეპარდს დაემუქრა, რომ მას ციხეში ცუდი დღეები ელოდა. სწორედ ამიტომ ის იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთი დაეტოვებინა.

    შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

  • არასრულწლოვნები 18 საათის შემდეგ, ღამის კლუბებში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე არ დაიშვებიან

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში, ბავშვთა კოდექსის განხილვაზე განაცხადა, რომ ბავშვები 18 საათის შემდეგ, ღამის კლუბებში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე არ დაიშვებიან- ამის შესახებ სოფიო კილაძემ პარლამენტში “ბავშვთა უფლებების კოდექსზე” მუშაობისას განაცხადა.

    კილაძის თქმით, კანონპროექტში არ იყო დაზუსტებული, რომელი საათიდან არ დაიშვებოდნენ ბავშვები ღამის კლუბში. დოკუმენტში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ ბავშვები კლუბში მშობლის თანხლების გარეშე ღამის 12 საათამდე არ დაიშვებიან.

    “64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24:00 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

    საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვად 18 წელს მიუღწეველი პირი მიიჩნევა.

  • გია ვოლსკი – “ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ივანიშვილს შეუტიოს”

    ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

    გია ვოლსკის განცხადებითვე, ბრალდებები, რომელიც ბესელიას მხრიდან კობახიძის მიმართ ჟღერდება, ტყუილია და ეს თავად ბესელიამაც იცის.

    „გული მწყდება, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილზე შეტევა. ეს მთავარ ნარატივად გაიხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე გაიმყაროს პოზიციები და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა. ის ახსენებს კობახიძეს და კიდევ სხვა გვარებს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი ტყუილი. ეს სჭირდება იმიტომ, რომ ძნელია პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშის დაკავება“, – გია ვოლსკიმ.

  • ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სასულიერო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ

    ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სასულიერო  პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, თუ ოჯახი მოითხოვს და საჭიროდ ჩათვლის, რომ ეკლესიის წარმომადგენლის ჩართვა არის საჭირო მათ მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხებში, ამის შესაძლებლობას მათ ახალი კოდექსი მისცემს, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა კოდექსის მეცხრე ნაწილს შესაბამისი დებულება ემატება.

    „კოდექსისი მეცხრე ნაწილში, გავაჩინეთ ასეთი დებულება, თუ ოჯახი ითხოვს საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლის, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლის ჩართვას ისეთ შემთხვევებში, რომელსაც ისინი პრობლემურად მიიჩნევენ, არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ის პირები, ვისაც ოჯახი მოითხოვს და კონსულტაციების დონეზე იყოს შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებული. ვფიქრობთ, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან დიდი არის მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებით და რა თქმა უნდა სხვა კონფესიებისაც იმ გადმოსახედიდან, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. მგონია, რომ ძალიან კარგი ცვლილება არის ეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

    კოდექსის მეცხრე ნაწილი ბავშვის ზეგავლენისგან დაცვას ეხება.

  • გაფიცულმა სოც მუშაკებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს

    გაფიცული სოციალური მუშაკები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. მათი 22-პუნქტიანი მოთხოვნები უცვლელია და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

    ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, გაფიცვა პრობლემას არ შექმნის, რადგან 200 სოც მუშაკი სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლეს, შესაბამისად ბენეფიციარები მომსახურების გარეშე არ დარჩებიან, რადგან  სააგენტოს სხვა თანამშრომლები ემსახურებიან.

    გაფიცვა რეგიონებშიც მიმდინარეობს, ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალეს.სოც მუშაკების მხარდასაჭერად მოქალაქეები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ და საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ სოც მუშაკების პროტესტთან დაკავშირებით.