Category: არქივი

  • სახალხო დამცველს მთავარ პროკურორთან შეკითხვები აქვს

    სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მთავარმა პროკურორმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს პირადი ცხოვრების საქმეებზე არსებულ ყველა შეკითხვას და დადგინდეს  ვინ დგას პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის უკან.

    ლომჯარიამ დღეს საზოგადოებას მიმართა, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება არის დანაშაული და მკაცრად ისჯება, ამიტომ ასეთ ვითარებაში საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა  გამოიჩინოს და ხელი არ შეუწყოს კადრების გავრცელებას.
    “მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება არის დანაშაული და საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას თავი, შეიკავონ მათ შორის სოციალურ ქსელებში ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებისგან რათა ხელი არ შეუწყონ იმ ჯგუფებს ინტერესებს, ვინც  ამ კადრების გავრცელების უკან დგანან”

    “დღესაც პროკურატურის მიმართ გვაქვს კითხვები იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ინიციატორი, ჩვენ მთავარ პროკურორს უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა ის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა უშლის ხელს იმას, რომ დაადგინონ საიდან და ვისი ინიციატივით ხდება სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების ატვირთვა”, – აღნიშნა  ლომჯარიამ.

  • მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

    გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

    25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და  მალხაზ კობაური დამნაშავედ  ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნეს.

  • ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე მოზარდი დააკავეს

    ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა  განაცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, დაკავებული პირი არასრულწლოვანია. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება,თუმცა გამოძიება გრძელდება.

    „ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ უკვე, მოზარდია დაკავებული. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია აღიარებს ამ ქმედებს. ინტერესი არანაირი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა. ატვირთა იუთუბზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

    დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  ინტერნეტსივრცეში კვლავ  გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო და მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.ამ საკითხთან დაკავშირებით იგი დაკითხვაზე იმყოფება.
    პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ასევე აღმოაჩინა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • “ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა”-ქობულია საკუთარი სახლის გაქურდვის ფაქტზე

    ქობულია საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

    როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

    “თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ.”- განაცხადა ქობულიამ.

    გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.

  • თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებს

    ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს – A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. დედაქალაქის მერმა ტაქსების ახალი რეფორმის შესახებ  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე  ისაუბრა.

    „B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთღის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ახალი რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ტაქის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები.  რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა  მძღოლს დარჩება.

    „ჩვენ ვთქვით, რომ ვაგაკეთებდით, დავამზადებდით სპეციალურ მანათობლებს, რომელიც ასევე უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან. როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, როცა მძღოლი თავისუფალია, თეთრი ფერის მანათობელი იქნება. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „აითიჯი ჯორჯია“, რომელიც ყველასთვის უფასოდ დაამზადებს მანათობლებს“,- განაცხადა კალაძემ.

  • ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

    ელისო კილაძე ამ წუთებში  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება.
    დაკითხვის თემა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების მასალების ინტერნეტში ხელახალი გავრცელებაა.

    ”ქრონიკა+”-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს “ფეისბუქის” ერთ-ერთმა მომხმარებელმაამ კადრების არსებობის შესახებგუშინ ღამე აცნობა, რის შემდეგაც კილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და 112 მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟი ქრონიკა +-ის ოფისში გამოიძახა.

  • დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს არ უშვებენ

    დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი არ შეუშვეს.

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის განცხადებით, დედაქალაქის მერმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს  მისცა.

    “შიშის ფაქტორია ალბათ, მეტი რა უნდა ვთქვა, ორი ადამიანი მოვედით. ერთი ავიდეს ლილე ლიპარტელიანიო და ხაბეიშვილი არ ამოვიდესო. მაინტერესებს, რა განსხვავებაა ჩემსა და ლიპარტელიანის მანდატებს შორის,”-ამბობს ხაბეიშვილი.

    ხაბეიშვილი დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე მთაწმინდაზე, ნიკოლოზ ტვერელის სახელობის ეკლესიის საძირკველთან მიმდინარე მშენებლობის გაპროტესტებას აპირებდა.
    დედაქალაქის მერი კახი კალაძე  მთავრობის სხდომაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხს შეეხო და განაცხადა რომ მშენებლობა ყოველგვარი კანონის დაცვით მიმდინარეობს.

    თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ დედაქალაქის ტაქსების რეფორმაზე საუბრით დაიწყო და ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

    “არის ლიცენზიის 2 მიმართულება A და B კატეგორიები, B კატეგორიის მძღოლს არ ექნება არც ტაქსის გადაღებვის ვალდებულება, მათ შეუძლიათ “ტაქსიფაის” და “უბერის” სისტემაში გაერთიანდნენ.”-განაცხადა კალაძემ.

  • ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს ვერ საქმდებიან

    ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალები შესაბამისი გადამზადების გავლის მიუხედავად,  ვაკანსიების არარსებობის გამო, ვერ საქმდებიან. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ რომ მათ დასასაქმებლად შესაბამისი ვაკანსიები ამ ეტაპზე არ მოიძებნება.

    „სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობა აიღოს. ამ 21 ქალიდან დაკომპლექტდა სამი ჯგუფი, რომლებიც გადიან ორკვირიან პრაქტიკულ სწავლებას. ეცნობიან არსებულ მარშრუტებს, კომპანიის შიდა სამზარეულოს. გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ თუ სატრანსპორტო კომპანიაში ვაკანსიები იქნება და ეს ქალებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დასაქმება. ამ ეტაპზე კომპანიაში ვაკანსია არ გვაქვს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ავტომატურად გაჩნდება ახალი ვაკანსიები, რაც ასე არ არის. ახალი ავტობუსები ანაცვლებს ძველ ტრანსპორტს, შესაბამისად, ისევ ძველი მძღოლები დასაქმდებიან“, – ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1400-მდე მძღოლია დასაქმებული, აქედან ქალი მხოლოდ 2 მათგანია.

  • მაღაზია “ზუმერი” არასრულწლოვნებმა გაქურდეს-პოლიციამ საქმე გახსნა

    პოლიციამ რუსთავში მაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ამხილეს.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

  • პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები youtube–დან უკვე აღებულია

    ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ამ დროისთვის youtube–დან უკვე აღებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიდეო ამ პლატფორმაზე იყო განთავსებული გუშინ გავრცელდა. როგორც გაირკვა, ვიდეო ორი კვირის წინ იყო ატვირთული და სანამ წაშლიდნენ, 7 ათასამდე ნახვა დააგროვა.
    სავარაუდოდ ეს სწორედ ის ვიდეოა, რომელიც ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა და რომლის გავრცელების გამო საქმე აღიძრა 19 ადამიანის წინააღმდეგ.

    ამ ფაქტთან დაკავშირებით ქრონიკა + – ის რედაქტორი, ელისო კილაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ვიდეოს არსებობის შესახებ სამართალდამცავებს ოფიციალურად მან შეატყობინა.

    “არის თუ არა ეს ძველი კადრები თუ ახალი ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე კადრები ნანახი არ მაქვს. ჩემს ფეისბუქზე კომენტარში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩემთვის უცნობმა დაწერა, რომ იუთუბზე ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომელიც ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას. ლინკი ასევე გავუგზავნე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შეტყობინებას დავრეკე 112-ში,”-აცხადებს ელისო კილაძე.