Category: არქივი

  • სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს

    სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე მისი ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა.

    “ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა , საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა … წამოვიყვანე და დღეს “პრეზიდენტის ძაღლია” და მისი ერთგული მეგობარი : ბედმა გაუღიმა და მეც . დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გომბორას ნაერი ბევრია ვინც ასე გზაზე გველოდება.“–წერს ზურაბიშვილი 

  • ზელენსკიმ, პოროშენკოსთან სტადიონზე გასამართ დებატებში, არბიტრის როლი ტიმოშენკოს შესთავაზა

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან.

    უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ადასტურებენ, რომ 19 აპრილს ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის დებატების გამართვა იგეგმება.

    პრეზიდენტობის კანდიდატმა ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, დამოუკიდებელი არბიტრის როლი იულია ტიმოშენკოს შესთავაზა.

    „ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია  მიიღებს  თუ არა მონაწილეობას „დამოუკიდებელი არბიტრის“ სახით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში.

    სტადიონზე დებატების გამართვის ინიციატორი შოუმენი და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკია.

    ზელენსკიმ პეტრო პროშენკოს დებატებზე დასათანხმებლად 24 საათიანი ვადა 3 აპრილს მისცა. პოროშენკომ ზელენსკის გამოწვევა მალევე  მიიღო. 

    ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დამოუკიდებელი არბიტრის როლს დაგეგმილ დებატებში, თუმცა პროგნოზირებენ, რომ დებატები უპრეცედენტოდ სანახაობითი იქნება.

  • 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება

    მთავრობა პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

    „დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    “მომავალ 2019 წელს სრულდება 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან. საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება. იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის შანსს ღვთის მიერ გარდამოვლენილი მადლის განახლებას. წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის კურთხევა, გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. მადლის განახლება გახდება გვირგვინი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი აღმავლობის პროცესებისა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, მოგზაურობაში, რომელიც მომავალ წელს ოცდამეათეჯერ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სამღვდელოებასა და მრევლისაგან შემდგარი ჯგუფები ყველა ეპარქიიდან“, – აღნიშნულია  სინოდის  2018 წლის განჩინებაში.

  • ესპანეთში 25 ქართველი კრიმინალი დააკავეს

    შსს–ს ინფორმაციით, 4 აპრილს ქართველი სამართალდაცველებისა და ესპანეთის პოლიციის თანამშრომლობით, ბარსელონაში მაშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

    სპეცოპერაცია “მერლინ-ტაკას” შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 25 საქართველოს მოქალაქე. მასშტაბურ სპეცოპერაციაში 250 მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა.

    საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.ესპანური მედია, სპეცოპერაციის ჩატარებამდე წერდა,რომ ქართულმა დაჯგუფებამ 70-მდე ბინა გაძარცვა.

    სპეცოპერაცია  ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში განხორციელდა, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს  ტერიტორია უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

    მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

    გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.

    დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას.

    აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.

  • აშშ–ში დაიხურა პროგრამა, რომელსაც 3 ათასი კატა ემსხვერპლა

    თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ამერიკელი მეცნიერები კატებს გაფუჭებული ხორცით კვებავდნენ და სამედიცინო მიზნებისთვის ხოცავდნენ. ამიერიდან ამას ბოლო მოეღო.
    ამერიკის ხელისუფლებამ ცხოველების უფლებების დამცველთა ზეწოლით ტოქსოპლაზმოზის შესწავლის სამეცნიერო პროგრამის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 22 მილიონი დოლარი დაჯდა და 3 ათასი კატის სიცოცხლე შეიწირა.
    “ტოქსოპლაზმოზის შესწავლა სხვა გზით მოხდება. შეწყდება კატებზე ცდების ჩატარება და ეს აღარასოდეს მოხდება“ – ნათქვამია აშშ–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
    ტოქსოპლაზმოზი საშიში და მომაკვდინებელი დაავადებაა, რომლის მაპროვოცირებელი ბაქტერიები ძაღლის და კატის ნერწყვში და გაფუჭებულ პროდუქტებში გვხვდება.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ადამიანთა 95%–ს ჯანსაღი იმუნური სისტემით ტოქსოპლაზმოზი არანაირად არ უვლინდება. თუმცა დაავადება ძალიან საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის (ბავშვი შესაძლოა დედის საშოშივე დაავადდეს) და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.
    კატა ერთადერთი ცხოველია, რომლის ორგანიზმშიც ტოქსოპლაზმოზის გამომწვევ პარაზიტს – T. Gondii–ს სრული სასიცოცხლო ციკლის გავლა და კვერცხების დადება შეუძლია. ექსპერიმენტის ფარგლებში კატებს გაფუჭებულ ხორცს აჭმევდნენ, შემდეგ კი მათი ორგანიზმიდან პარაზიტის კვერცხებს იღებდნენ. ამის შემდეგ ცხოველებს აძინებდნენ.
    ცხოველების დამცველი აქტივისტების მტკიცებით, სპეციალურად ამ ცდისთვის ასობით კატას ამრავლებდნენ, შემდეგ ჯანმრთელ ცხოველებს კლავდნენ, რომელთაგან ბევრი სამი თვისაც კი არ იყო.
    პროგრამა 1982 წელს დაიწყო. არასამთავრობოების გათვლით მას შემდეგ ცდების ფარგლებში დაახლოებით 3 ათასი კატა მოკლეს. ცხოველების უფლებადამცველები ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო კატების ტოქსოპლაზმოზისგან განკურნება და მათთვის პატრონის მოძებნა.

    მარტში ამერიკის კონგრესის ყველა ფრაქციამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც “კატების აქტიც“ უწოდეს. კონგრესმენები მოუწოდებდნენ შესაბამის უწყებებს, შეეწყვიტათ “კატების მკვლელობა გადასახადის გადამხდელთა ფულით.“
    კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა, კონგრესის ქვედა პალატის წევრმა კალიფორნიიდან სამინისტროს გადაწყვეტილება მოიწონა. “მათ ხალხის აზრს ყური უგდეს და ჩვენს პრეტენზიების სწორად უპასუხეს “ – დაწერა კონგრესმენმა ტვიტერზე.
    აქტივისტები გამარჯვებას ზეიმობენ: ბოლოს და ბოლოს კატების სასაკლაოს ბოლო მოეღო. პროგრამის დახურვის შემდეგ ლაბორატორიაში 14 კატა რჩება, თუმცა მეცნიერები პირობას დებენ, რომ მათ სახლებში წაიყვანენ და სათანადოდ მოუვლიან.
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლევების და ცდების შედეგად აშშ–ში ტოქსოპლაზმოზის დაავადება განახევრდა.
  • “დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო”-კლინიკის ექიმები ბავშვის გარდაცვალებაზე

    იაშვილის სახელობის ბავშვთა  საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

    ჩხაიძის  განცხადებით, 6 წლის ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პაციენტი დაიღუპა. 

    „საბა კიწმარიშვილი ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან გადმოიყვანეს, ჩატარებულია ბევრი კვლევა ინფექციური დაავადებების გამორიცხვის მიზნით. გამოირიცხა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ლეიშმანიოზი, ბრუცელოზი, შიდსი, ჰეპატიტები და ა.შ. როცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც არაინფექციური, ამის შემდეგ, როგორც საეჭვო სისხლდენურ დაავადებაზე, ბავშვი გადმოყვანილი იქნა იაშვილის კლინიკაში,“ – აცხადებს  ივანე ჩხაიძე.
    ექიმის თქმით, 6 წლის ბავშვის საბოლოო დიაგნოზი დადგინდა განმეორებითი ძვლის ტვინის ფუნქციის შემდეგ, დიაგნოზი იყო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, რომელიც დადასტურდა სპეციალური კვლევით. „ეს კვლევა უტარდება ლეიკოზით და მსგავსი დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს“

    ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე იყო მძიმე „, რამდენჯერმე მოვიწვიეთ კონსილიუმი, მათ შორის სხვა კლინიკის სპეციალისტებიც, ჰეპატოლოგი, ონკოლოგი, ფტიზიატრი, რევმატოლოგი, პედიატრი, ინფექციონისტი ყველა რესურსი, რაც ჰქონდა კლინიკას, გამოვიყენეთ და ჩატარდა ყველა ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევა, ჩატარდა ძალიან ფართო მკურნალობა. ასევე, აგრესიული ანტიობიოტიკოთერაპია, ჰორმონების სისტემური თერაპია, სისხლის კომპონენტების გადასხმა სჭირდებოდა, რადგან დაავადების დინამიკა განვითარდა სხვადასხვა დაავადებით, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა და ა.შ.“

    „ეს დიაგნოზი ისმება ერთეულ კლინიკებში, სადაც გენეტიკურ და სისხლის დაავადებებზე მკურნალობის გამოცდილება აქვთ. მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობის შანსი 20 პროცენტია, რადგან იშვიათი დაავადებაა, რომლის დიაგნოსტიკას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 80 პროცენტი პაციენტების ამ დიაგნოზით იღუპება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც“.

    გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებმა  დღეს  ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი  ექიმების დასჯას მოითხოვენ.
    6 წლის საბა კიწმარიშვილი 19 იანვარს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მშობლების განცხადებით,  ბავშვისთვის დროულად არ მოხდა დიაგნოზის დასმა, რის გამოც მკურნალობა არასწორად და დაგვიანებით ჩატარდა.

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

    საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 12 000-მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე  4 600-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

    2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გუშინ 18:00 საათზე დასრულდა. 

    გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 

  • “ვიმოქმედე ნატოს სტანდარტით”-იზორია მფრინავი ქალის სკანდალზე

    ლევან იზორია პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფარგლებში სამხედრო მფრინავი ქალის სკანდალს შეეხო, მისი განცხადებით ეკატერინე ქვლივიძეს  არ ჰქონდა უფლება უმიზეზოდ დაეტოვებინა სამხედრო სამსახური და სწორედ ამის გამო დაეკისრა მას ფულადი სანქცია.

    მინისტრი არ იზიარებს ოპონენტების შეფასებას, რომ თავდაცვის უწყება მფრინავის დისკრედიტაციას ცდილობს. იზორია ამბობს , რომ ქვლივიძის სწავლებები აშშ-ში  საკმაოდ ძვირი დაჯდა.

    მინისტრის თქმით, აშშ-ში სწავლების დასრულების და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის უწყებამ მფრინავთან კონტრაქტი გააფორმა, სადაც  ის გაფრთხილებული იყო, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში  ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.

    “ნატოს სტანდარტია და ამის დამკვირდებას ვცდილობთ, რომ სამხედრო სამსახური უნდა იყოს ვალდებულებებთან დაკავშირებული, მათ შორის გარკვეული წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალებმა ვიმოქმედეთ სწორედ ამ სტანდარტით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

    იზორიას განცხადებით, ქვლივიძემ დისკრიმინაციაზე საუბარი  მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმე სასამართლოში შევიდა.

    “ამ კურსის განხორციელება აშშ-ს დაუჯდა 51 ათასი დოლარი, პლუს, მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენს თავდაცვით ბიუჯეტს ათეულობით ასევე დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, ამ შემთხვევაში და ეს შემთხვევები, მარტო ამ ფაქტს არ ეხება, არამედ არსებობს ზოგადი ფორმა, რომ თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს მას მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს ამხელა თანხებთან არის დაკავშირებული. ის ვალდებულია, 8 წელი იყოს თავდაცვის ძალებს და ემსახუროს თავდაცვის ძალებს, მან ჩამოსვლისთანავე, მას შესთავაზეს ზუსტად იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო, თუმცა 4 თვის შემდეგ, პირადი სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ მან მოაწერა ხელი გაფრთხილებას, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის, მაინც მოაწერა ხელი, ამის ახსნის გარეშე და ეს ყველაფერი ხდება ერთი წლის წინ და დღეს, ამ ერთი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის მოემართა, თუ ასეთ ფაქტს, ჰქონდა, დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი,”-განაცხადა იზორიამ.

    მფრინავი ქალი  თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. უწყება კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სასამართლოს გზით სთხოვს.

  • სილქნეტმა 200 მილიონის აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა

    საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.

    ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.

    ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით.

    „სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი: „დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს სილქნეტის არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სილქნეტის მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.

    სილქნეტის ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.

    თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე : „თიბისი ბანკს ეამაყება, რომ თიბისი კაპიტალმა მონაწილეობა მიიღო სილქნეტის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდის წარმატებით განთავსების პროცესში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია თიბისის და სილქნეტის წარმატებული თანამშრომლობის. ეს განთავსება მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც სილქნეტისთვის ასევე საქართველოსთვის, რადგან კიდევ ერთ კერძო ქართულ კომპანიას გამოუცხადეს ნდობა საერთაშორისო ინვესტორებმა.“

    სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.

  • თბილისში ჰიპოპოტამის ქანდაკება დაიდგმება-მერიამ კონკურსი გამოაცხადა

    თბილისში ჰიპოპოტამის ქანდაკება დაიგეგმა- 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს ქანდაკების ესკიზის შესარჩევად მერიამ უკვე  კონკურსი გამოაცხადა. 

    ჰიპოპოტამის ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.მერიას  ჰიპოპოტამი “ბეგის” ქანდაკება  დაახლოებით  90 000 ლარი დაუჯდება. კონკურსის პირობები დედაქალაქის მერიის საიტზეა განთავსებული.

    წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.

    თბილისის მერიამ კონკურსი საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციისა და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისთვისაც გამოაცხადა. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება.

    “კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში” – აცხადებს მერია.