Category: არქივი

  • თბილისში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო

    თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო. პირველ ეტაპზე ჭადრის ხეების შეწამვლა მტკვირს ორივე სანაპიროზე განხორციელდა. ხეებს დაავადება ანთრაქნოზი გამოუვლინდა. პირველ ეტაპზე სულ 2140 ძირი ჭადრის ხე შეიწამლა. წამლობა პირველად განხორციელდა იტალიური ბორდოს 3 პროცენტიანი ხსნარით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა, მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში.  ჯამში სულ შეიწამლება 6745 ჭადარი რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, რობაქიძის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, ბუშის ხიდიდან – აეროპორტამდე, მოსკოვის გამზირზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, შარტავას ქუჩაზე, ა. კალანდაძის ქუჩაზე, გ. ჭყონდიდელის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, აგლაძის ქუჩაზე, კანდელაკის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, ც. დადიანის გამზირზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ქეთევან წამებულის გამზირზე. სანიტარიული ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარიული კვლევის შედეგებს დაეფუძნა.

  • ჯარიდან წასული მფრინავი ქალი პარლამენტის სხდომაზე არ შეუშვეს

    პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრი ლევან იზორია მოხსენებით გამოდის, თავდაცვის სამინისტროდან პროტესტის ნიშნად წასული მფრინავი ქალი არ შეუშვეს.

    ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.

    თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს  გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი , რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან სექსიზმის მსხვერპლი გახდა.

    მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.

    წამოსვლიდან 5 თვის შემდეგ ქვლივიძემ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს  საჩივრით მიმართა.

  • ”ცდები თუ ფიქრობ, რომ რასისტული კომენტარი შეგრჩება” – ხაბიბი მაკგრეგორის კომენტარს გამოეხმაურა

    მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის რასისტულ პოსტს უპასუხა, სადაც კონორი მის მეუღლეს პირსახოცს უწოდებს.

    “თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ნებისმიერი რელიგია შეურაცხყო და არ დაზარალდები, ცდები”, – წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

    ორ მებრძოლს შორის დაპირისპირება არ ცხრება და ისინი ერთმანეთის დასამცირებლად ყველა საშუალებას იყენებენ. შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორის მიერ კარიერის დასრულებაზე განცხადების შემდეგ დაღესტნელმა მებრძოლმა ის შეადარა ცოლს, რომელიც ყოველთვის მიდის სახლიდან, მაგრამ ბოლოს, მაინც ბრუნდება.

    იხილეთ კონორის კომენტარი ხაბიბის ქორწილზე აქ.

  • დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა

    “დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა”- ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ  ცოტა ხნის წინ გაახმოვანა.

    ქვეყნის დატოვების მიზეზად ადვოკატი დავით ბაგრატიონის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

    “ჩემი მარწმუნებლის დედას გუშინ ღამით გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის ჰოსპიტალიზებულია ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივადაა გადარჩენილი. ამ წუთას ის მადრიდში ჰოსპიტალში იმყოფება. ჩემი მარწმუნებელი იძულებული გახდა, გუშინ, გვიან ღამით, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, ესპანეთში გამგზავრებულიყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

    მისივე თქმით, დამადასტურებელ დოკუმენტი, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გასაჯაროვდება.

    „როგორც კი ჩავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას კლინიკიდან გადმოგვიზავნის და ჩვენ გავასაჯაროვებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

    ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია.

    „ამაში უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონ დავითი არ იყო ძებნაში. მის მიმართ არანაირი ბრალდება არ არის ოფიციალურად წარდგენილი. შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლო”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

    ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოში  დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ვერავინ ნახავს.

    “ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენ მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენარს, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება, რადგან ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და აღნიშნულს ადგილი არ ექნება”, – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

  • “გუშინ პარლამენტში საზარელი ინციდენტი მოხდა”-ადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს უჩივის

    “გუშინ პარლამენტის სხდომაზე საზარელი ინციდენტი მოხდა “-  ამ სიტყვებით ცოტა ხნის წინ  ფრაქციის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის წევრებს მიმართა და   გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სხდომის წამყვანის თამარ ჩუგიშვილის მხრიდან  ემზარ კვიციანისთვის მიკროფონის გათიშვა გააპროტესტა.

    ადა მარშანიას თქმით, მომხდარს  “პატრიოტები” პარლამენტის ეთიკის საბჭოში გააპროტესტებს, რათა გუშინდელ სესიაზე მომხდარი ფაქტი განიხილოს.

    “პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. უფრო მეტიც, მან გაბედა და ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და მას ციტირებდა – ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური ტექსტი“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

  • ახალქალაქის სამლოცველოში უცნობმა პირებმა სიწმინდეები დააზიანეს (ვიდეო)

    ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სამლოცველოში, უცნობი პირები შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს.  როგორც თვითმხილველები ამბობენ სალოცავად მისულ მოქალაქეებს ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. წლებია ხულგუმოსა და ბავრას მოსახლეობა  ამ  სამლოცველოში ლოცულობს.  დამსხვრეულია წმინდანების ქანდაკებები, დახაზულია ხატები მოსახლეობა კი მომდარის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს.სამლოცველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და 13-ე საუკუნით თარიღდება. 

    „სამლოცველო არის სომხურ-ქართული, ძირითადად სომხები დადიან. ძვირფასი არაფერი არ დაზიანებულა, თუმცა ყველა ხატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ხალხის მიტანილი ხატები იყო. დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, – განაცხადა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯომარემ, ნაირი ირიციანმა.

    „ყველაფერი გატეხილი და მიმოფანტული დაგვხვდა. ეს ჩვენი სამლოცველოა, ხალხი მოდის აქ, ტოვებენ ხატებს, ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ. უცნობმა ადამიანებმა დასცინეს ჩვენს სიწმინდეს. გაანადგურეს წმინდანთა სურათები“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი

    “დილით, როდესაც ჩვენ მივედით წმინდა ადგილზე, დავინახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეული იყო. ხატები სამლოცველოში ჰქონდათ მიმოფანტული. ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია, ხალხი აქ სალოცავად დადის. დაუდგენელმა პირებმა ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.” – განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სააგენტო “jnews.ge”-ს.

  • დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსითის გადადებას მხარი დაუჭირა

    დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა.

    დოკუმენტს 313 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი კი 312 იყო. კანონპროექტის საბოლოოდ მიღება აუცილებელია, რათა ქვეყანამ  ევროკავშირიდან არარეგულირებული გასვლა თავიდან აიცილოს.

    ახალი კანონპროექტი, რომელიც თემთა პალატამ  დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს ბრიუსელს ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადაწევა სთხოვოს. დოკუმენტის ტექსტი განსახილველად პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცა.

    ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.

    დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსითის პირობებზე შეთანხმება ვერც მთავრობამ და ვერც პარლამენტმა ვერ მოახერხა.

  • ინტერნეტით ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

    შსს-ს ცნობით,  ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს-ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

    “ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

    ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

    სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

    დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

    პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო”, – აცხადებენ შსს-ში.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    შსს-ის ცნობით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე “ჰეროინი”, 980 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2200 აბი “ექსტაზი”, 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

  • ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა

    ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც  გადმოსვლა მოასწრო.

    ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

  • ტრანსგენდერი ქალები “მაჭახელას” პერსონალს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

    ტრანსგენდერი ქალების თქმით, რესტორანი “მაჭახელა” ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ისინი დაცვის თანამშრომლებს და მომსახურე პერსონალს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

    მათი თქმით, რესტორნის პერსონალმა ჯერ სიტყვიერი,შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის მოტივად ტრანსგენდერი ქალები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებენ.

    დაზარალებულმა  ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

    „შემოვედით და გვითხრეს, რომ აქ ხალხია და თქვენ აქ არ შემოგესვლებათო. გენდერული იდენტობის გამო გამოგვყარეს გარეთ. “თქვენ ისეთი ხალხი ხართო, რომ სირცხვილიაო,“-ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.

    ერთ-ერთი ტრანსგენდერი ამბობს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს რესტორნის მენეჯერი და პერსონალი ტრანსგენდერ ქალებზე.

    “ჩემი მეგობრების მიმართ მოახდინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაცვამ, მენეჯერმა ასევე. დაზიანებები აქვს ხელზე, თმებში მოკიდეს ხელი და გამოათრიეს ძალით,”-ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი.

    “მაჭახელაში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.