Category: არქივი

  • “საქართველოს მოქალაქეები მოსალოდნელი დაკავებების შესახებ ინფორმირებული იყვნენ”-საგარეო საქმეთა სამინისტრო

    “ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისი წესით გაივლიან ყველა იმ სასამართლო პროცედურას, რაც ესპანეთის შიდა კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმი დაარღვიეს, საერთაშორისო სტანდარტებით ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ სასამართლოში ან გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ საუბრისას განაცხადა.

    ვლადიმერ კონსტანტინიდი იქ მყოფი ქართველების ორ კატეგორიას გამოყოფს. პირველ კატეგორიაში შედიან პირები, რომლებსაც დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი.

    “იქ არის ძირითადად ორი კატეგორია. ერთი, ვისაც ბრალი ედება კონკრეტულ დანაშაულებში, მათ შორის ორგანიზებული ხასიათის, ხოლო მეორე კატეგორია არის ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ კანონმდებლობას არღვევენ, დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი და შესაბამისად, უკანონოდ იმყოფებიან ესპანეთის ტერიტორიაზე.აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდება გამოძიება და დარწუნებული ვართ, რომ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი,” – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

    მისი თქმით,  საქართველოს მოქალაქეები ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სპეცოპერაციის დაწყებამდე.

    “საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩართული არის და ინფორმირებულია ყველა დეტალზე. ჩვენი კონსული სპეცოპერაციის დაწყებამდეც არაერთხელ იყო აღნიშნულ მოქალაქეებთან სხვადასხვა ლოკაციაზე. აუხსნა მათ არსებული ვითარება, კონსულტაციები გაირა მოქალაქეებთან ანუ არაინფორმირებულობასთან საქმე არ გვაქვს. საწუხაროდ, იქ არიან ადამიანები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ თან, თუმცა საკონსულოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ადამიანები გაფრთხილებული ყოფილიყვნენ სავიზო რეჟიმის დარღვევის შესაძლო შედეგებზე”, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი დაკავებები უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის.

    “ჩვენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან ერთად მივიღეთ ისტორიული პრივილეგია და ამ პრივილეგიას თან მოჰყვება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ყოველი ასეთი ფაქტი პროცესზე დადებითად არ აისახება”, – აღნიშნა მან.

    შეგახსენებთ, ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე.

  • ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი თვის ბოლომდე განიხილება

    პენიტენციური სამსახური და ადგილობრივი საბჭო ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ თვის ბოლომდე იმსჯელებს – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
    მათი ინფორმაციით,  საქალაქო სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლის იგნორირებაშიც მერაბიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ, პენიტენციურ დაწესებულებას 26 მარტს ჩაბარდა. ამჟამად  გამოთხოვის პროცესშია ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ადგილობრივი საბჭო კი  ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს უახლოეს სხდომაზე, მიმდინარე თვის ბოლომდე განიხილავს.
  • “კალაძე გაგიჟდა და ბეჰემოთის ძეგლს დგამს”-ლევან ხაბეიშვილი

    „ნაციონალური მორაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის ცენტრში ჰიპოპოტამის ძეგლის დადგმის ინიციატივას ეხმაურება.

    „აუხსენით კალაძეს, რომ 13 ივნისი იყო არა მოვლენა, არამედ, ტრაგედია, თანაც არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთელი ერის. კალაძე გაგიჟა და ბეჰემოთის ძეგლს დგამს თბილისის ცენტრში, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარი უნდა დახარჯოს, თუ მთლიანად საკრებულოს უმრავლსეობა შეიშალა და თვლიან, რომ 13 ივნისის ტრაგედია დაკავშირებულია ბეჰემოთთან და არა ადამიანებთან“? – კითხულობს ლევან ხაბეიშვილი

    13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს  ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შესარჩევად მერიამ  კონკურსი უკვე გამოაცხადა.

    ჰიპოპოტამის ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ. დედაქალაქის ბიუჯეტს   ჰიპოპოტამის ქანდაკება დაახლოებით 90 000 ლარი დაუჯდება. 

  • “ადამიანი თუ არ შესრიალდა, ისე ვერ შეაღწევს საშხაპეში”-ფოთის სტადიონის ვიდეო

    სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ფოთის რეაბილიტირებულ სტადიონზე გადაღებული ვიდეომასალა  გავრცელდა. კადრები იმ საშხაპეს ასახავს, რომელიც ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი.

    ვიდეოში ჩანს, რომ საშხაპე  სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

    “ადამიანი თუ არ შესრიალდა, ისე ვერ შეაღწევს საშხაპეში” – ამბობს ვიდეომასალაში ”ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

    ცხვიტარია პასუხს ზედამხვედველი სამსახურებისგან  მოითხოვს და მიიჩნევს, რომ ფული ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება.

  • “ქართული მარში” პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს

    “ქართული მარში” პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის და საარჩევნო პროცესში ერთვება.
    „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით,მოძრაობა  მემარჯვენე-ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი იქნება. პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მარშისა“ და „არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფის“, მოძრაობა „ეროვნულებისა” და კიდევ რამდენიმე სახალხო ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნება. ორგანიზაციას სავარაუდოდ „ეროვნული ფრონტი” დაერქმევა.
    მარშის წევრები ახალ ოფისში მუშაობას უკვე შეუდგნენ. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მოძრაობა  ყველა პოლიტიკურ პროცესში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას.
    „ქართული მარშის” ბაზაზე გაიხსნა ახალი ოფისი და „ქართულმა მარშმა” ახალი შემადგენლობით, რეორგანიზებულად და ახალი სისხლით დაიწყო მუშაობა იმ საკითხებზე, რაც არის ჩვენი ეროვნული ინტერესების სფერო. მინდა აღვნიშნო, რომ “ქართული მარშის” და რამოდენიმე სამოქალაქო ჯგუფი “მოძრაობა ეროვნულების” ბაზაზე, უახლოეს ხანებში, შეიქმნება და გამოცხადდება პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩაატარებს დაფუძნების ყრილობას. ეს მოძრაობა იქნება მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი და ერთგვარი გაგრძელება იმ ევროპული ნაციონალიზმისა, რომელიც არის მაგალითისთვის, იტალიაში ვიცე-პრემიერის, ბატონო სოლვინის პარტია, ქალბატონი ლე პენის პარტიის მსგავსი საფრანგეთში. მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში. არჩევნებშიც რა თქმა უნდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებში მივაღწევთ წარმატებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
  • განათლების სამინისტრო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

    განათლების მინისტრის პირველი მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შესახებ კომენტარი გააკეთა.

    ზედგინიძის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, განმეორებით, დაჩქარებული წესით ისევ მოხდება.

    “პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში მოხდება დადგენილი რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა,დღეს მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

    კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

    შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის.

  • კატალონიურ კლუბს მესისთვის სამუდამო კონტრაქტის გაფორმება სურს

    საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტმა ჟუზეპ მარია ბარტომეუმ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არგენტინელ ვასრკვლავთან, ლიონელ მესისთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმება სურს, ამის შესახებ ესპანური გამოცემა მარკა წერს.

    სამხრეთ ამერიკელს კატალონიურ გრანდთან მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამ თარიღს დალოდებას არ აპირებს და დიდი ალბათობით სამუდამო კონტრაქტს მანამდე შესთავაზებს.

    „გვსურს, რომ მას ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს და ფეხბურთის თამაშით დიდხანს მიიღოს სიამოვნება. ლიონელ მესი ბარსელონას საზღვრებს გასცდა. მას მთელი მსოფლიო აღმერთებს და ტაშს უკრავს“, – განაცხადა ბარტომეუმ.

    ლიონელ მესიმ ბარსელონასთან 2017 წელს გაახანგრძლივა კონტრაქტი.

  • “თიბისის” საქმე რეგულატორისთვის რიგითი საზედამხედველო შემთხვევაა-კობა გვენეტაძე

    სამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა -განაცხადა კობა  გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

    კობა გვენეტაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს ევალება ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვეღარ ახერხებდა.

    კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის გამო მიიღო ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება და ჩამოაშორა მმართველ რგოლს ხაზარაძე-ჯაფარიძე.

    „ხაზგასასმელია, რომ ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, “თიბისი ბანკის” ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. მსურს აღვნიშნო, რომ ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობის მიხედვით არის კონფიდენციალური,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

    “მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისთვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე. დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას როგორც ჩვენი, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ,“ – განაცხადა  გვენეტაძემ.

    ეროვნულმა ბანკმა თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა ორი თვის წინ მოითხოვა. ამ გადაწყვეტილების მიღების  საფუძველი  ოფიციალურად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დასახელდა. 

    საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება  გაასაჩივრა.მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვეს.

  • “საგანგაშო არაფერია,ეს იყო ტექნიკური ხარვეზი”- მარიამ ჯაში აბიტურიენტებს მიმართავს

    “ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო, ” – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას გამოეხმაურა. ინიციატივა  სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

    მარიამ ჯაშმა აბიტურიენტებს მიმართა და აღნიშნა რომ საგანგაშო არაფერია.

    “მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

    „რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა,” – აღნიშნა ჯაშმა.

    შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა  პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო, მიზეზი კი სხდომის დარბაზში არსებული ხმაური დასახელდა, რის გამოც დეპუტატებმა ვერ გაიგეს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა.

    კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

  • ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობამ მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

    სამოქალაქო მოძრაობამ და მისმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში სამოქალაქო მოძრაობის წევრის, ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინეს. წარდგენა ამაღლების ქუჩაზე მდებარე ლადოს ბაღში გაიმართა.
    სამოქალაქო მოძრაობა არჩევნებში პირველად მონაწილეობს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მათი გუნდის ამოცანაა ადამიანებში ნიჰილიზმი გადატეხონ. “არ მინდა რომ ჩემი შვილები ხვალ და ზეგ უპერსპექტივობის გამო წავიდნენ ამ ქვეყნიდან. თავს ვალდებულად ვთვლი ჩვენი შვილებისთვს ვიბრძოლო. “ – ამბობს სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი. წარდგენას მოჭადრაკე ნანა იოსელიანიც ესწრებოდა, რომელმაც მთაწმინდელებს ლევან იოსელიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
    ლევან იოსელიანი წარსულში აქტიურ პოლიტიკაში არ მონაწილეობდა. ის პროფესიით იურისტია და 2014 წელს, როცა ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოში იყრიდა კენჭს, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2016-2017 წლებში ილინოისის შტატში, ჩიკაგოში მონაწილეობდა სასამართლოს მედიაციის პროგრამაში როგორც მედიატორი. 2018 წლიდან არის სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი.
    მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.