იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ჩხაიძის განცხადებით, 6 წლის ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პაციენტი დაიღუპა.
„საბა კიწმარიშვილი ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან გადმოიყვანეს, ჩატარებულია ბევრი კვლევა ინფექციური დაავადებების გამორიცხვის მიზნით. გამოირიცხა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ლეიშმანიოზი, ბრუცელოზი, შიდსი, ჰეპატიტები და ა.შ. როცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც არაინფექციური, ამის შემდეგ, როგორც საეჭვო სისხლდენურ დაავადებაზე, ბავშვი გადმოყვანილი იქნა იაშვილის კლინიკაში,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ექიმის თქმით, 6 წლის ბავშვის საბოლოო დიაგნოზი დადგინდა განმეორებითი ძვლის ტვინის ფუნქციის შემდეგ, დიაგნოზი იყო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, რომელიც დადასტურდა სპეციალური კვლევით. „ეს კვლევა უტარდება ლეიკოზით და მსგავსი დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს“
ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე იყო მძიმე „, რამდენჯერმე მოვიწვიეთ კონსილიუმი, მათ შორის სხვა კლინიკის სპეციალისტებიც, ჰეპატოლოგი, ონკოლოგი, ფტიზიატრი, რევმატოლოგი, პედიატრი, ინფექციონისტი ყველა რესურსი, რაც ჰქონდა კლინიკას, გამოვიყენეთ და ჩატარდა ყველა ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევა, ჩატარდა ძალიან ფართო მკურნალობა. ასევე, აგრესიული ანტიობიოტიკოთერაპია, ჰორმონების სისტემური თერაპია, სისხლის კომპონენტების გადასხმა სჭირდებოდა, რადგან დაავადების დინამიკა განვითარდა სხვადასხვა დაავადებით, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა და ა.შ.“
„ეს დიაგნოზი ისმება ერთეულ კლინიკებში, სადაც გენეტიკურ და სისხლის დაავადებებზე მკურნალობის გამოცდილება აქვთ. მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობის შანსი 20 პროცენტია, რადგან იშვიათი დაავადებაა, რომლის დიაგნოსტიკას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 80 პროცენტი პაციენტების ამ დიაგნოზით იღუპება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც“.
გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებმა დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ექიმების დასჯას მოითხოვენ.
6 წლის საბა კიწმარიშვილი 19 იანვარს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მშობლების განცხადებით, ბავშვისთვის დროულად არ მოხდა დიაგნოზის დასმა, რის გამოც მკურნალობა არასწორად და დაგვიანებით ჩატარდა.
Leave a Reply