Tag: დონალდტრამპი

  • ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწავლავი ნივთიერება, რიცინი აღმოაჩინეს

    ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწავლავი ნივთიერება, რიცინი აღმოაჩინეს

    დონალდ ტრამპისთვის თეთრს სახლში გაგზავნილი წერილის კონვერტში მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა. წერილი თეთრი სახლისთვის გაგზავნილი ფოსტის შემმოწმებელმა უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა და მან თეთრ სახლამდე ვერ მიაღწია.

    CNN–ის ინფორმაციით, რიცინის დასადგენად ორი ტესტი ჩატარდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ პაკეტი კანადიდან არის გაგზავნილი.

    კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის პრესმდივნის, მერი-ლიზ ფაუერის განცხადებით, პაკეტის შესახებ საგანგაშო ინფორმაცია მათთვის ცნობილია და კანადელი სამართალადამცავები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამერიკელ კოლეგებთან. თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, კომენტარისგან თავს იკავებენ.

    ტრამპის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძიების ფედერალური ბიურო და საიდუმლო სამსახურმა გამოძიება დაიწყეს.

    ცნობისთვის, რიცინი ერთ-ერთი უძლიერესი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც მცენარის მარცვლიდან მოიპოვება და სიკვდილს 36-72 საათში იწვევს. მისი უმცირესი დოზის მიღებაც კი შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

  • ტრამპის მხარდამჭერ აღლუმზე რამდენიმე ნავი ჩაიძირა

    ტრამპის მხარდამჭერ აღლუმზე რამდენიმე ნავი ჩაიძირა

    რამდენმე ნავი შეეჯახა ერთმანეთს და ჩაიძირა ტეხასის შტატში მდებარე ტრევისის ტბაში. ინციდენტი ნოემრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აღლუმის დროს მოხდა. დიდი ტალღები ტბაში სავარაუდოდ ნავების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია, რომლებიც ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს მოძრაობდნენ. ამას ადასტურებს ფოტო, რომელზეც ჩანს ტრამპის კამპანიის სიმბოლიკიანი ნავები როგორ მანევრირებენ ერთმანეთთან ახლო დისტანციაზე. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხალხის ტბიდან ამოყვანა მაშველებს მოუწიათ.

    ღონისძიების – Lake Travis Trump Boat Parade ორგანიზება ფეისბუქზე მოხდა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველად სოციალურ ქსეში  2500ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

    ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით ჯერჯერობით არ არსებობს გაზრახ ბოროტი ქმედების არავითარი ნიშანი, თუმცა გამოძიება მაინც დაიწყო. სააგენტო როიტერის ცნობით ჩაიძირა მინიმუმ ოთხი მცურავი საშუალება, სხვა ნავები კი ქვებს შეეჯახნენ.

    ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ტალღები მაშინ წარმოიქმნა, როცა ყველა ნავმა ერთდროულად დაიწყო მოძრაობა. ოსტინის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა კი დააზუსტა, რომ აღლუმის დროს ამ რაიონში, და შესაბამისად ტბაზე შტორმი არ ყოფილა.

     

     

  • ეს ტრაგედიაა, არ უნდა მომხდარიყო, სერიოზულად შევისწავლით – ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

    ეს ტრაგედიაა, არ უნდა მომხდარიყო, სერიოზულად შევისწავლით – ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს.

    „ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, არ უნდა ხდებოდეს. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა შევისწავლი,“- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

    მისივე თქმით, მას არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გერმანიის შედეგები და ის ამაზე კარგად არის განწყობილი.

    “მათ უნდათ რაღაცის გაკეთება, მათ მოქმედება უნდათ, ეს არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ ვმუშაობთ უამრავ ქვეყანასთან უამრავ საკითხზე. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოში, როგორც იცით. გეუბნებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ამას გეტყვით”,– აცხადებს ტრამპი.

    მანვე აღნიშნა, რომ თუ ნავალნი მოწამლულია, ძალიან გაბრაზდება.

    “ვხედავთ ციფრებსა და დოკუმენტებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან უახლოეს დღეებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა “ცალსახა მტკიცებულება” იმისა, რომ ესაა “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი” რუსეთში მზადდება.

  • რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარადგინა

    რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარადგინა

    ჩრდილოეთ კარილინის შტატის ქალაქ შარლოტში რესპუბლიკური პარტიის კონვენცია გაიხსნა, რომელსაც უკვე მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

    პრეზიდენტმა პარტიის ნომინაცია მეორე ვადით უკვე მიიღო და აღტაცებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ თავყრილობაზე შეიკრიბნენ, ეკონომიკური პროგრამის და საფონდო ბირჟის წარმატების შესახებ აუწყა.

    ტრამპმა თქვა, რომ დასაქმების კუთხით მისმა ადმინისტრაციამ დიდ წარმატებას მიაღწია, როცა ბოლო სამი თვის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. პრეზიდენტს ამ ეტაპზე არ ჩამოუყალიბებია ქვეყნის განვითარების კონკრეტული ხედვები. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მან ისაუბრა მისი ოპონენტი, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იყო.

    დონალდ ტრამპის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ობამა და ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი 2016 წელს არჩევნების დროს მის კამპანიაზე ჯაშუშობდნენ და რომ ეს ძალისხმევა დროულად იქნა გამომჟღავნებული. პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი იგივეს აპირებენ ახლაც. ამასთან ერთად, პრეზიდენტის თქმით, წელს, როდესაც მილიონობით ამერიკელი უკვე დარეგისტრირდა საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით მიიღოს მონაწილეობა და ხმა დისტანციურად მისცეს, ეს პროცესი კორუფციას შეუწყობს ხელს.

    გასულ კვირას, კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად, დემოკრატიული პარტიის კონვენცია ვირტუალურად გაიმართა, სადაც გამომსვლელები ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ეთერში, ზოგჯერ კი წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მიმართვებით გამოდიოდნენ ონლაინ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

    დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

    “რობერტი ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. რობერტ, მე შენ მიყვარხარ. მშვიდად განისვენე”, – წერია ტრამპის განცხადებაში.

    რობერტ ტრამპი ავად რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ის ჰოსპიტალში 14 აგვისტოს მოათავსეს, თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • “ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“–ტრამპი ამერიკულ საშხაპეებში წყლის ხარჯვის ლიმიტს აუქმებს

    “ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“–ტრამპი ამერიკულ საშხაპეებში წყლის ხარჯვის ლიმიტს აუქმებს

    “ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“– განაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა და დაიჩივლა, რომ თავი ნორმალურად ვერ დაუბანია. მისი ადმინისტრაცია გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს ამერიკული შხაპების სიმძლავრის შეზღუდვა.

    აშშ–ს ენერგეტიკის სამინისტრო ოფიციალურად გამოვიდა წინადადებით შეიცვალოს შხაპში წყლის ხარჯვის დაანგარიშების მეთოდი და ფაქტიურად გაუქმდეს შეზღუდვა, რომელიც თითქმის 30 წლის წინ შემოიღეს, შემდეგ კი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაზუსტდა.

    1992 წლის კანონის მიხედვით (მაშინ პრეზიდენტო ჯორჯ ბუშ უფროსი იყო), ამერიკული შხაპის გამტარიანობა წუთში 9.5 ლიტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

    ეს კანონი ქვეყანამ წყლისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით მიიღო.

    უფროსი ბუშის ეპოქის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და გამოჩნდა რამდენიმე თავიანი საშხაპეები. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კი დააკონკრეტა წესი და დაადგინა, რომ 9.5 ლიტრი წყლის ლიმიტი არა ყოველ ცალკეულ თავს, არამედ მთლიანად საშხაპე კონსტრუქციას ეხებოდა.

    სწორედ ამ წესის შეცვლა უნდა ენერგეტიკის სამინისტროს. მისი ინიციატივით კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ლიმიტი შხაპის ყოველ ცალკეულ თავს ეხება. ანუ, თუ საშხაპეში მაგალითად ოთხი შხაპის თავია, წყლის ჯამური გამტარობა შეიძლება წუთში 38 ლიტრი იყოს.

    ერთი თვის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიჩივლა, რომ თავის ნორმალურად დაბანა არ შეუძლია:

    “ჩართავ შხაპს და წყალი არ მოდის. გინდა ხელი დაიბანო – წყალი არ მოდის. და რა უნდა ქნა? დგახარ შხაპში უფრო დიდხანს. არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ მე თმა იდეალურად უნდა მქონდეს. იდეალურად!“–თქვა ტრამპმა 16 ივლისს თეთრი სახლის წინ მდელოზე გამოსვლისას.

    მანამდე, გასული წლის დეკემბერში ტრამპი ჩიოდა, რომ შხაპში წყალი კი არ მოედინებოდა, წვეთავდა. ცოტა ხნის წინ, კომპანია  Whirpool–ის ქარხანაში ვიზიტისას კი განაცხადა, რომ უკვე გაათავისუფლა ამერიკელი ხალხი შხაპში წყლის ხარჯვის ლიმიტისგან, თუმცა იმ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება ოფიციალურად გამოქვეყნებული ჯერ არ იყო.

    ორგანიზაციები, რომლებიც ეკოლოგიისა და ენერგომომარაგების საკითხებზე მუშაობენ, ტრამპის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან. ერთ–ერთი მათგანის ხელმძღვანელი, ენდრიუ დელასკი ინიციატივას სულელურს უწოდებს.

    “თუ 4–5 თავიან საშხაპეში თითო თავზე  წუთში 38 ლიტრი წყლის ხარჯვა გექნებათ, უბრალოდ წყალი წაგიღებთ“– უთხრა დელასკიმ ასოშეითედ პრესს.

  • Tik Tok-ი შესაძლოა დავბლოკოთ – პრეზიდენტი ტრამპი აკრძალვის განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს

    Tik Tok-ი შესაძლოა დავბლოკოთ – პრეზიდენტი ტრამპი აკრძალვის განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს

    დონალდ ტრამპი ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok-ის აშშ-ში აკრძალვის შესახებ განკარგულებაზე ხელის მოწერას შაბათს გეგმავს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

    „რაც შეხება TikTok-ს, ჩვენ მას შეერთებულ შტატებში ავკრძალავთ,“- აღნიშნა ტრამპმა.

    მისივე თქმით, ამ მიზნით, შესაძლოა საგანგებო უფლებამოსილება ან პრეზიდენტის განკარგულება გამოიყენოს.

    „მე ამის უფლებამოსილება მაქვს. ხელმოწერა ხვალისთვის იგეგმება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

    პრეზიდენტის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენას კომპანია Microsoft-ი გეგმავს.

  • ბრიტანეთის დედოფალი, პრეზიდენტი ტრამპი, ბიონსე და სხვა ვარსკვლავები… უცნაური რიგი მადამ ტიუსოს მუზეუმთან(ფოტოები)

    ბრიტანეთის დედოფალი, პრეზიდენტი ტრამპი, ბიონსე და სხვა ვარსკვლავები… უცნაური რიგი მადამ ტიუსოს მუზეუმთან(ფოტოები)

    ლონდონის ცენტრში მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების ცნობილი მუზეუმის გახსნის წინ  შესასვლელთან უჩვეულო რიგი გამოჩნდა. რიგში პირველი დედოფალი ელისაბედ მეორე იდგა, მის უკან პრემიერი ბორის ჯონსონი, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მომღერალი ბიონსე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და სხვა ცნობილი ადამიანები.

    ამ ადამიანების ერთად ნახვა რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მადამ ტიუსოს მუზეუმში ყველაფერი შესაძლებელია: მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ცნობილი ადამიანების ფიგურები ქუჩაში გამოეტანათ და ამგვარად გაეკეთებინათ რეკლამა კარანტინის შემდგომ მუზეუმის გახსნისთვის, ამავე დროს იმ წესების დემონსტრირება მოეხდინათ, რომლითაც მუზეუმი ამჟამად მუშაობს.

    მადამ ტიუსოს მუზეუმი კორონავირუსის გამო მარტის ბოლოს დაიხურა, ისევე როგორც ბრიტანეთის ყველა მუზეუმი. ის დამთვალიერებლებისთვის შაბათს იხსნება.

    მუზეუმის დაარსების თარიღად 1835 წელი ითვლება, როცა სკულპტორმა მარია ტიუსომ ლონდონში, ბეიკერ სთრითზე პირველი გამოფენა გახსნა.

    მადამ ტიუსოს მუზეუმი ლონდონის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა და მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს იზიდავს.

  • ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების ინიციატივით გამოდის

    ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების ინიციატივით გამოდის

    აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის ინიციატივით გამოდის, რომელიც წესით ამ წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.

    ამერიკის ლიდერმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა. მან არჩევნების გადატანის აუცილებლობის მოტივად კორონავირუსის პანდემია და ფოსტით ხმის მიცემის დროს შესაძლო თაღლითობა დაასახელა.

    “თუ გავითვალისწინებთ საყოველთაო ხმის მიცემას ფოსტით, 2020 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე არასარწმუნო და თაღლითური იქნება. ეს აშშ–სთვის უდიდესი სირცხვილია. უნდა გადავიტანოთ არჩევნები, რათა ადამიანებმა შეძლონ სათანადოდ ხმის მიცემა – მშვიდად და უსაფრთხოდ“ – წერს ტრამპი.

    აშშ–ში ცოტა ვინმეს თუ ჯერა, რომ ფოსტით ხმის მიცემა მართლაც მაქინაციების საფრთხეს უკავშირდება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ გაილაშქრა ასეთი მეთოდით ხმის მიცემის წინააღმდეგ.

    მანამდე აშშ–ს ცალკეულმა შტატებმა პანდემიასთან დაკავშირებით ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა გაამარტივეს.

    ტრამპის გადაწყვეტილება სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება არჩევნების გადასატანად. აშშ–ს გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი კითხვაზე – შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, პასუხობს, რომ ეს საკითხი არ შეუსწავლია.

    აშშ–ს კონსტიტუციით საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადატანა მხოლოდ კონგრესს შეუძლია. აშშ–ში კიდევ სამი ფედერალური კანონი ადგენს არჩევნების ზუსტ და უცვლელ თარიღს: “სამშაბათი დღე, ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ“ – ეს არის ნორმა, რომელიც 1845 წლიდან არ შეცვლილა.

    აშშ–ს კანონმდებლობით არჩევნების გადატანა აღმასრულებელი ბრძანების საშუალებით შეუძლებელია. წარსულში ტრამპი საკუთარი გადაწყვეტილებების სწორედ ამ მეთოდით გაფორმებას ამჯობინებდა.

    ამჟამინდელ სიტუაციში თუ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფორმებს, დათქმულ დროს არ უყრის კენჭს და არ დაამტკიცებს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტრამპის უფლებამოსილება იურიდიულად 2021 წლის 20 იანვარს ამოწურულად ჩაითვლება.

  • სატელეფონო ზარი ვაშინგტონი მოსკოვი – ტრამპი პუტინს ესაუბრა

    სატელეფონო ზარი ვაშინგტონი მოსკოვი – ტრამპი პუტინს ესაუბრა

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის კომუნიკაცია შედგა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბარს წინ უძღვოდა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და კანადის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპარვას ჰაკერული თავდასხმებით ცდილობდა. ამის გამო, რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დააკისრა. თუმცა, უცნობია ისაუბრეს თუ არა ამ საკითხის შესახებ პრეზიდენტებმა.

    მედიისთვის არსებული ინფორმაციით, სატელეფონო ზარის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა კოვიდ19-ის პანდემიის, ირანის და ბირთვული შეთანხმების შესახებ გაცვალეს მოსაზრებები.

    თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიასთან ერთად პრეზიდენტებმა განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის გახსნის თემაც. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი პრეზიდენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა განვითარდეს.

    სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიარაღებაში შეჯიბრი თავიდან იქნება აცილებული და იმედს გამოთქვამს, რომ ვენაში მიმდინარე ბირთვული შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

    საერთაშორისო მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა ირანის შესახებაც ისაუბრეს. კერძოდ ყურადღება გაამახვილეს ირანის ბირთვულ პროგრამებზე.

    წყარო: ამერიკის ხმა