Tag: დონალდტრამპი

  • ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

    ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

    ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან.

    დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი.

    პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში გამოკვეთილად ლიდერობს როგორც ინფიცირების (2 781 025), ისე სიკვდილობის (130 813) მაჩვენებლებით. ამ ეტაპზე, კოვიდ-19-ის გართულებით გარდაცვლილი ამერიკელების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთად აღებულ შემდეგ სამ განვითარებად ქვეყანაში: ბრაზილია, რუსეთი და ინდოეთი.

    ტრამპს უარყოფითი გამოხმაურებები აქვს მასშტაბურ ანტირასისტულ გამოსვლებზე რეაქციის კუთხითაც, და ახლა უკვე ავღანეთში მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებთან დაკავშირებული სკანდალის გამოც. ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტმა 30 ივნისს “ტვიტერზე” დაწერა: “მარტოხელა მებრძოლი”!

    ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთრი თავი წინააღმდეგობებთან მებრძოლ ერთადერთ ჯარისკაცად წარმოაჩინა. სავარაუდოდ, ესეც საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

    ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რომელიც პიუს კვლევითმა ცენტრმა 30 ივნისს გამოაქვეყნა, ტრამპი ბაიდენს 10 პროცენტით ჩამორჩება. გამოკითხულ ამერიკელთა შორის, რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% მხარს ბაიდენს უჭერს, ტრამპს კი – 44% ემხრობა.

    პრეზიდენტის მომხრეებს ეს მონაცემები არ აშინებთ. ისინი 2016 წლის არჩევნებს იგონებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ეტაპზე, დაახლოებით ამ დროს, ივნისში, ის ჰილარი კლინტონსაც 10 პროცენტით ჩამორჩებოდა, თუმცა არჩევნებზე მისი დამრცხება მაინც მოახერხა.

    “მკვლევარები ქვიშაში რამდენიმე მარცვალს უყურებენ, მთელი სანაპიროს ნაცვლად. ერთადერთი გამოკითხვა, რომელიც ფასობს, არის 2020 წლის 3 ნოემბერი” – ამბობს ლინდა ტროკინი, სემინოლის საგრაფოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფლორიდის შტატში.

    იმედს არ კარგავს არც მისი კოლეგა ტეხასის შტატის, დალასის საგრაფოში – როდნი ანდერსონი. მისი თქმით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის “დამსახურებები წინა პლანზე წამოიწევს” და ეს რეალური გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენისთვის, რომელიც “სიტყვებს თავს ვერ უყრის”.

    სავარაუდოდ, რესპუბლიკელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასაც სწორედ ეს გათვლა აქვს. დონალდ ტრამპი ხშირად ხმარობს გამოთქმას “ჩუმი უმრავლესობა” და ამით მიანიშნებს, რომ გამოკითხვების უმეტეს ნაწილში ბაიდენის დაწინაურების მიუხედავად, მას მეტი მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებისგან, ვინც არჩევნებამდე ძალიან არ აქტიურობს.

     

  • ირანმა პრეზიდენტ ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა. მიზეზი გენერალ სულეიმანის მკვლელობაა

    ირანმა პრეზიდენტ ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა. მიზეზი გენერალ სულეიმანის მკვლელობაა

    ირანის ხელისუფლებამ აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და კიდევ 35 ადამიანის დაპატიმრების სანქცია გასცა, რომლებიც გენერალ კასემ სულეიმანის სიკვდილთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ თეირანის პროკურორმა, ალი ალ–კასიმ მეხრმა განაცხადა. ირანის ხელისუფლებამ შესაბამისი განცხადებით ინტერპოლს მიმართა და პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას ამ ადამიანებისთვის „წითელი სტატუსის“ მინიჭება მოთხოვა.

    თუმცა ინტერპოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ირანის მოთხოვნის განხილვას ტრამპის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რადგან ორგანიზაციის წესდება მას უკრძალავს განახორციელოს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ქმედება ან ჩარევა.

    ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი გენერალი სულეიმანი 3 იანვარს ბაღდადში ამერიკული რაკეტით მოკლეს. ამ მოქმედებების ბრძანება ტრამპმა გასცა, რომელმაც გენერალს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უწოდა და ის ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედროებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების თავდასხმის მზადებაში დაადანაშაულა.

    მაშინ ირანმა პირობა დადო, რომ გენერლის სიკვდილისთვის შურს იძიებდა. ის 2015 წლის ბირთული შეთანხმებიდან გავიდა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებს ესროლა. საპასუხოდ აშშ–მ ირანის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე საჰაერო შეტევა განახორციელა.

    ალ–კასი მეხრას თქმით, ტრამპსა და კიდევ 35 ადამიანს ბრალს წაუყენებენ “ტერორიზმისა და მკვლელობისთვის “, თუმცა ირანელ პროკურორს დანარჩენი 35 ადამიანის ვინაობა არ დაუსახელებია.

  • ტრამპი ზოგიერთი ტიპის ვიზებს ზღუდავს, გრძელდება მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვებიც

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წლის დასასრულამდე, უცხოელი მუშახელისთვის საიმიგრაციო ვიზების ბევრ კატეგორიას ზღუდავს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგებია და ამერიკელი მუშახელის სამუშაო ადგილების დაცვაა.

    ვიზების კატეგორიებს შორისაა: ეიჩ-1-ბ (H-1B), ელ-1 (L1) და ასევე ჯეი-1 (J1) გტიპის ვიზები. დროებითი აკრძალვა ასევე მოიცავს ეიჩ-2ბ (H-2b) ტიპის ვიზას, რომელიც სეზონურ მუშახელზე გაიცემა. შეზღუდვების მიუხედავად, პრეზიდენტის ბრძანება მოიცავს ასევე გამონაკლისებს მათ შორის მკვლევარებს (J1-ის შემთხვევაში) და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, ჯანდაცვის მუშაკებს და ძიძებს.

    თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა რათა დაცულ იქნას ამერიკელი მუშახელი, რომელიც პანდემიამ აზარალა. ამ ვიზის კატეგორიებს სულ 525,000 ადამიანი იყენებს. მარტის შუა რიცხვების შემდეგ კი შეერთებულ შტატებში 45,5 მილიონმა ადამიანმა შეიტანა განაცხადა უმუშევრობის კომპენსაციაზე, რაც ქვეყანაში მუშახელის საერთო რაოდენობის (164,4 მილიონი) მეოთხედია. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ეს რიცხვი 20.5 მილიონამდე შემცირდა, მას შემდეგ რაც მილიონობით ადამიანი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს.

    პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის პანდემიას საბაბად იყენებს, რათა შეერთებულ შტატებში იმიგრაციის შემცირების მისეული გეგმა განახორციელოს. პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინა არჩევნებზე, იმიგრაციის შემცირება იყო.

    ბევრმა დიდმა კომპანიამ და ბიზნეს ჯგუფმა გამოთქვა უკმაყოფილება ვიზების შეზღუდვის გადაწყვეტილების გამო. მათ შორის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სავაჭრო პალატამ. ისინი აცხადებენ, რომ უცხოელი მუშახელი მათი საქმიანობის ცენტრალური ნაწილია.

    ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ მწვანე ბარათებზე არსებულ შეზღუდვას გააგრძელებს. მწვანე ბარათების გაცემა, შეერთებული შტატების გარეთ მყოფი პირებისთვის, პრეზიდენტმა ორი თვის წინ შეზღუდა. ეს გადაწვეტილება ძირითადად ოჯახის წევრებს შეეხება. თუმცა, ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ კვლავ დაასპონსორონ საკუთარი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პრეზიდენტი ტრამპი პოლიციის რეფორმის მიზნით აღმასრულებელ ბრძანებას მიიღებს

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომელიც პოლიციის რეფორმას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რეფორმა „მეტი ინვესტიციის და კარგი პრაქტიკის წახალისებისკენ“ იქნება მიმართული.

    რეფორმის მთავარი ნაწილი მასერთიფიცირებელი ორგანოს შექმნა იქნება, რომელიც ოფიცრებს გაწვრთნის დე-ესკალაციისა და ძალის გამოყენების განახლებული სტანდარტებით.

    კიდევ ერთი ნაწილი, ეგრეთწოდებული, თანა-რეაგირების სამსახური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაძალადობრივ გამოძახებებზე პოლიციის ოფიცერთან ერთად სოციალური მუშაკიც წავა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური აშლილობების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევაში.

    ამ ბრძანების პარალელურად, კონგრესში უფრო ყოვლისმომცველ რეფორმას განიხილავენ, რომლის მიღებასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ლევან ბოძაშვილი

    თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ლევან ბოძაშვილი

    თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს. ბოძაშვილის თქმით, ამერიკის შესუსტება საქართველოს ინტერესებში არ არის.

    „ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა გამოაჩინა, რომ სისტემამ ამის პრევენცია ვერ შეძლო. სიტუაცია არის აბსოლუტურად უპრეცენდენტო და ესკალირებული იმდენად, რომ ვფიქრობდი კიდეც, ტრამპის გადადგომა ან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამოცხადება ხომ არ უშველილს ამ ყველაფერს? ახლა რაც ხდება ამერიკაში არის ერთგვარი ღირებულებითი ომი. აქ პოლიტიკური ორთქლის გამოშვებაა აუცილებელი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ და ეს ყველაფერი უკავშირდება პირველ რიგში ტრამპს და არავის სხვას. მთელ მსოფლიოს მიეცა სალაპარაკო, განსაკუთრებით პრორუსული განწყობის ქვეყნებს, ჩინეთს, ირანს და რუსეთს თავისთავად, რომ ამერიკას აღარ აქვს საშუალება ასწავლოს ჭკუა სხვას, ვინაიდან მას თავისთან ვერ მოუგვარებია. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ამერიკის იმიჯი, როგორც დემოკრატიის გამავრცელებლის იმიჯი და ეს ჩვენთვის წარმოშობს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს

    ამ ყველაფერს უკვე აქვს გავლენა მსოფლიოზე. ამერიკის შესუსტება არც ერთ შემთხვევაში არ არის საქართველოს ინტერესებში. ნებისმიერი ასპექტით ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში, ყველაფერი, რაც ხდება, ასხამს ჩინეთის წისქვილზე წყალს. ბუნებრივია, ჩინეთი საოცრად გაძლიერდება ამის გამო. რაც იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობის განმსაზღვრელი, ეს იყო დემოკრატიის ექსპორტი, რომელსაც ის ახორციელებდა ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოში. ამიტომაც იყო ამერიკა სასურველი პარტნიორი და ეს აღქმა რომ შეიცვალოს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ გადანაწილებას მსოფლიოში, რა დროსაც ჩვენ მოგვიწევს ახლებური მიდგომების და ახლებური თავდაცვის მექანიზმებზე ძალიან სერიოზული დაფიქრება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

  • დონალდ ტრამპი უსაფრთხოების მიზნით ბუნკერში გადაიყვანეს

    დონალდ ტრამპი უსაფრთხოების მიზნით ბუნკერში გადაიყვანეს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი  მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  

    საიდუმლო სამსახურის აგენტებმა,დონალდ ტრამპი  უსაფრთხოების მიზნით, თეთრ სახლთან არსებულ ბუნკერში, საპროტესტო აქცციების დროს  გადაიყვანეს. როგორც ცნობილია  ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციების გამო, ვაშინგტონის მერის განცხადებით, აშშ-ს დედაქალაქში კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

  • “ბრბოს ძალადობას შევაჩერებთ“– ტრამპი ქვეყანაში დაწყებულ პროტესტის ტალღაზე

    “ბრბოს ძალადობას შევაჩერებთ“– ტრამპი ქვეყანაში დაწყებულ პროტესტის ტალღაზე

    აშშ–ში პროტესტის ტალღა არ ცხრება. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციური ძალადობის და აფროამერიკელების მიმართ უდიერი დამოკიდებულების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს თემა ქვეყანაში არაერთხელ ყოფილა აქტუალური. ამჯერად კი მღელვარების მიზეზი მინეაპოლისში მომხდარი ინციდენტი გახდა, სადაც პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გამოყენების შედეგად  46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. შაბათს ინდიანაპოლისში არეულობებისას ადამიანი დაიღუპა.

    ვაშინგტონში კი შაბათს საღამოს თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ადამიანია შეიკრიბა. მომიტინგეების ნაწილმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების შუშების მტვრევა დაიწყო. ისინი პოლიციას ქვებს და წყლის ბოთლებს ესროდნენ. პასუხად პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენა.

    შეტაკება მოხდა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც თეთრ სახლს იცავდნენ.

    აშშ–ს პრეზიდენტმა მადლობა უთხრა სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც მისი თქმით ეფექტურად უზრუნველყოფდნენ თეთრი სახლის დაცვას, ამავე დროს გააკრიტიკა ვაშინგტონის მერი, მიურიელ ბოუზერი, რომელმაც მისი თქმით არ მისცა უფლება დედაქალაქის პოლიციას ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო. ტრამპმა არეულობებს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ “ პროფესიონალურად ორგანიზებული“ უწოდა და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია “ბრბოს ძალადობას შეაჩერებს, სრულად შეაჩერებს!“

    ფლოიდის სიკვდილს პრეზიდენტმა ტრაგედია უწოდა და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა გამოძიება დააჩქაროს.

    ვაშინგტონთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, დენვერში, ჩიკაგოსა და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვაშინგტონის მსგავსად, ძალადობრივ ტალღაში გადაიზარდა.

    ლოს ანჯელესში პროტესის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს და სკანდირებდნენ – “შავების სიცოცხლეც ფასეულია“. პოლიციამ აქციის დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

    ფილადელფიაში მინიმუმ 13 პოლიციელი დაშავდა, დაწვეს პოლიციის ავტომობილები.

    სოლთ ლეიქ სითიში დემონსტრანტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს, რის შემდეგაც იუტას შტატის გუბერნატორმა ქალაქში ეროვნული გვარდიის სამხედროები გაგზავნა.

    ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე მინეაპოლისში პროკურორმა პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

    ორივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შოვინს შესაძლოა სულ 35 (25 პირველი და 10 მეორე ბრალდებისთვის) წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

     

    დანარჩენ სამ ოფიცერს, რომლებიც დაკავების ინციდენტში მონაწილეობდნენ, ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

  • ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

    ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

    ცოტა ხნის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განზრახული აქვს “კავშირი გაწყვიტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, რადგან მისი თქმით ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაეხმარა. ტრამპის თქმით, ჯანმო “ჩინეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო“, რომელიც ზეწოლას ახდენდა ორგანიზაციაზე, რათა მას მსოფლიო შეცდომაში შეეყვანა. ჩინეთმა კი დროულად არ გაავრცელა ინფორმაცია ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ და ამით უდიდესი ზიანი მიადგა მთელ მსოფლიოს, ადამიანების სიცოცხლეს და ეკონომიკას. ტრამპი გადაწყვეტილებას იმითაც ხსნის, რომ ჯანმომ “ვერ შეძლო უკიდურესად აუცილებელი და საჭირო რეფორმების გატარება.“

    აშშ–ს პრეზიდენტი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ჯანმოს ხელმძღვანელობა ბრმად ენდობოდა კოვიდ19–ის შესახებ პეკინიდან მიღებულ ინფორმაციას. ჯერ კიდევ აპრილში ვაშინგტონმა შეწყვიტა შენატანების გადახდა ორგანზაციის ბიუჯეტში იმ დრომდე, სანამ გაირკვეოდა ჯანმო–ს როლი იმ მოვლენებში, რომლებმაც პლანეტაზე ვირუსის ფართო გავრცელება გამოიწვია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ცოტა ხნის წინანდელ ვირტუალურ სხდომაზე აშშ–მ ასევე ბრალი დასდო ჯანმო–ს არადროულ მოქმედებაში, რამაც ვაშინგტონის აზრით პანდემიის გაძლიერება გამოიწვია.

    შეგახსენებთ, რომ აშშ–ს შენატანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა სხვა ქვეყანაზე დიდი იყო და წელიწადში 450 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ თანხის დაკარგვა მძიმედ აისახება ორგანიზაციის მუშაობაზე.

  • Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი დამალა

    Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი დამალა

    სოციალურ ქსელმა Twitter-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი დამალა, მიზეზად, კი “ძალადობის წახალისება” მიუთითა. როგორც კომპანია აცხადებს, ტვიტი არღვევს მის წესებს, მაგრამ მას არ მოაშორებენ და მხოლოდ დამალავენ რადგან საზოგადოების ინტერესი ამთემასთან დაკავშრებით დიდია.

    მკვლელობას აპროტესტებენ.ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.

    „ ეს ავაზაკები არცხვენენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ახლა ველაპარაკე გუბერნატორ ტიმ უოლცს და ვუთხარი, რომ ჯარი მასთან იქნება მთელი დროის განმავლობაში.  რაიმე სირთულის შემთხვევაში ხელში ავიღებთ კონტროლს, როცა მაროდიორობა დაიწყება, სროლაც დაიწყება. გმადლობთ!”- დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე 

    ცოტა ხნის შემდეგ კი მისი ტვიტი დაიმალა და მასზე Twitter-ის წარწერა გამოჩნდა: “ეს ტვიტი სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება და ახალისებს ძალადობას. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ის კვლავ ხელმისაწვდომია”. ეს გაფრთხილება გადავიდა იმ ადამიანების პროფილებზეც, რომლებმაც ის გადატვიტეს.

    დონალდ ტრამპის ტვიტი  მინეაპოლისსში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება, რამდენიმე დღისწინ აფროამერიკელი კაცის,  ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელებმა ის ასფალტზე დააწვინეს, კისერზე მუხლი დააჭირეს. ჯორჯ ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა რომ შეეწყვიტათ რადგან ვეღარ სუნთქავდა შემდეგ კი მან მოძრაობაც შეწყვიტა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სწორედ ამ მომხდარი ამბის გამო მინეაპოლისსში უკვე მესამე დღეა პროტესტის ტალღა არ წყდება. დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.

     

  • “ტვიტერი თავისუფალ სიტყვას ახშობს“ – ტრამპი მას შემდეგ, რაც  სოციალურმა ქსელმა მის ტვიტებს გამაფრთხილებელი იარლიყი მიამაგრა

    “ტვიტერი თავისუფალ სიტყვას ახშობს“ – ტრამპი მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა მის ტვიტებს გამაფრთხილებელი იარლიყი მიამაგრა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ტვიტერს” შურისძიებით დაემუქრა, მას შემდეგ რაც სამშაბათს, სოციალური მედიის პლატფორმამ მის განცხადებებზე ფაქტების გადამოწმების გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა. ” ტვიტერი თავისუფალ სიტყვას ახშობს და მე, როგორც პრეზიდენტი ამას არ დავუშვებ.” – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა და “ტვიტერს” წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა დააბრალა.

    სოციალური ქსელები ბოლო დროს მათ პლატფორმებზე ცრუ, გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებას ებრძვიან. “ტვიტერს” ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე მეთოდი აქვს, მათ შორისაა შედარებით ახალი რეგულაცია: გაფრთხილება ფაქტების გადამოწმების შესახებ. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტის ე.წ. ტვიტებზე გაფრთხილების იარლიყის მიმაგრება, თავისთავად უპრეცედენტო ფაქტია.

    რა მოხდა სამშაბათს “ტვიტერზე”

    მათ, ვინც სამშაბათს პრეზიდენტ ტრამპის “ტვიტერის” გვერდი გახსნა, ასევე დაინახა მის ტვიტზე თან დართული შეტყობინება სათაურით: “ტრამპი უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ წერილობით ხმის მიცემა არჩევნების გაყალბებას გამოიწვევს”.

    “ტვიტერის” ამ გაფრთხილებას თან ახლავს რამდენიმე მასალა, მათ შორის “სი-ენ-ენის”, “ვაშინგტონ პოსტის” და დართული აქვს შემდეგი ფაქტ-ბოქსი, რაც ფაქტების ნუსხას, სიას ნიშნავს:

    – ტრამპი არასწორად აცხადებს, რომ წერილობით ხმის მიცემა “არჩევნების გაყალბებას” გამოიწვევს. ფაქტების გადამმოწმებლები ამბობენ, რომ ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობს.

    – ტრამპმა არასწორად განაცხადა, რომ კალიფორნია ბიულეტენებს გაუგზავნის “ყველას, ვინც შტატში ცხოვრობს, ვინც არ უნდა იყოს ის და როგორც არ უნდა მოხვედრილიყო იქ”. სინამდვილეში, ბიულეტენებს მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს.

    – მართალია ტრამპმა მიზანში კალიფორნია ამოიღო, მაგრამ წერილობით ბიულეტენები სხვა შტატებშიც გამოიყენება, მათ შორის ორეგონში, იუტაში და ნებრასკაში.

     

    “ტვიტერის” პასუხი

    “ტვიტერი” უკან არ იხევს და საკუთარ გადაწყვეტილებას იცავს. კომპანიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მათი უპრეცედენტო ნაბიჯი ახალ პოლიტიკას ეფუძნება, რომელიც არ დაუშვებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

    პრეზიდენტ ტრამპის ტვიტები “შეიცავს პოტენციურად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცესის შესახებ” და შესაბამისად, მათზე დამაგრდა იარლიყი, რათა მკითხველს საშუალება ჰქონდეს წერილობით ხმის მიცემის პროცედურის შესახებ “დამატებით კონტექსტს” გაეცნოს.

    ხმის მიცემა კალიფორნიის შტატში

    პანდემიის კოვიდ-19 გამო, კალიფორნია გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 3 ნოემბერს არის დაგეგმილი, ამომრჩევლებს ბიულეტენები წერილობით გაუგზავნოს. ამ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტი არ ეთანხმება და დემოკრატ გუბერნატორ გევინ ნიუსომს უჩივის.

    “ტვიტერის” მიერ რესპუბლიკელი პრეზიდენტის გზავნილებზე მიმაგრებული გაფრთხილება, “პატარა ნაბიჯია სწორი მიმართულებით”, დაწერა “ტვიტერზე” კალიფორნიის სახელმწიფო მდივანმა ალექს პადილამ და ყველას მოუწოდა საკუთარი წვლილი შეიტანოს ტყუილების გამოაშკარავებაში. მისი თქმით, პრეზიდენტი მიზანმიმართულებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას წერილობით ხმის მიცემის თაობაზე”.

    წყარო: ამერიკის ხმა