Tag: დონალდტრამპი

  • ქვეყანაში რომ მშვიდობა იყოს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს – მეუფე იოანე ხელისუფლებაზე

    “ქვეყანაში რომ მშვიდობა იყოს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს”- – ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნებს.

    „არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

  • მე გავიმარჯვე, 71 მილიონი ლეგალური ხმა მივიღე – ტრამპი

    მე გავიმარჯვე, 71 მილიონი ლეგალური ხმა მივიღე – ტრამპი

    დონალდ ტრამპი არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ლეგალური ხმებით არჩევნები მან მოიგო.

    “დამკვირვებლები არ დაუშვეს ხმების დასათვლელ ოთახებში, მე გავიმარჯვე არჩევნებში, 71 000 000 ლეგალური ხმა მივიღე. ბევრი ცუდი რამ მოხდა, რისი ნახვის საშუალება ჩვენს დამკვირვებლებს არ მიეცათ. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. მილიონობით ბიულეტენი გაიგზავნა ფოსტით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ის არ მოუთხოვიათ”. – წერს ტრამპი ტვიტერზე.

    ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა.

    ბაიდენს ახლა 290 ხმა აქვს, ტრამპს 214, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო.

  • დონალდ ტრამპის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 14 წლის ვაჟს, ბარონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა.ამ ეტაპზე ტრამპის შვილს სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.

    შვილის დაინფიცირების შესახებ პრეზიდენტმა აიოვაში, ამომრჩეველთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარონი ახლა კარგად არის და მისი გამოჯანმრთელება არის იმის მაგალითი, რატომ უნდა გაიხსნას სკოლები.

    „ისინი ახალგაზრდები არიან, მათი იმუნური სისტემა ძლიერია და ვირუსს იგერიებენ. დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

  • ტრამპი ვირუსის გამავრცელებელი აღარ არის. რა ვიცით ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის შესახებ

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა გარშემომყოფთათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი, შონ კონლი აცხადებს. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მემორანდუმშია ნათქვამი, აღარ არსებობს არანაირი ნიშანი რომ ვირუსი აქტიურად მრავლდება. როდის გაუკეთდა ბოლო ტესტი პრეზიდენტს, მკურნალი ექიმის განცხადებაში არ არის ნათქვამი.

    შაბათს აშშ–ს პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა – იქიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადიოდა. ტრამპმა შეკრებილებს უთხრა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და პირობა მისცა, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალე მზად იქნება.

    ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ მას შეუძლია ხალხში თავისუფლად გამოჩნდეს, რადგან ის ვირუსის გამავრცელებელი აღარ არის. აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. ამ პერიოდში დაგეგმილია ორი დებატი კანდიდატებს – დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის.

     

    თეთრი სახლის აივნიდან გამოსვლა პრეზიდენტის სიტყვად ითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ შეიძლება იყოს. ამიტომაც ტრამპი უკვე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის რდოს პოლიტიკურ განცხადებებს თეთრი სახლიდან აკეთებს.

    ტრამპმა პირობა დადო, რომ ორშაბათს ფლორიდაში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოვა. კვლევის შედეგებით ამ საკვანძო შტატში არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება ძნელია, არადა ფლორიდის ამომრჩევლის გარეშე თეთრ სახლში მოხვედრა ძალიან რთულია.

    ბოლო კვლევებით ტრამპის კონკურენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი მას მცირედით უსწრებს. ABC News/Ipsos–ის კვლევებით ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ 35% იწონებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

    თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არა ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობაზე, არამედ შტატების მიერ მიცემულ ხმებზეა დამოკიდებული.

    სწორედ ამ სისტემის წყალობით წააგო ჰილარი კლინტონმა 2016 წელს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში მთელი ქვეყნის მაშტაბით ტრამპზე მეტი ხმა დააგროვა.

    რა ვიცით ამ დროისთვის ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ

    თავად ტრამპმა Fox News –თან ინტერვიუში თქვა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და წამლები აღარ ჭირდება.

    ხუთშაბათს შონ კონლიმ თქვა, რომ პრეზიდენტს უკვე შეუძლია საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა.

    მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, მან სამი დღე საავადმყოფოში გაატარა, სადაც დექსამეტაზონით, რემდესივირით და კომპანია Regeneron–ის ანტისხეულების კომპლექსით მკურნალობდნენ.

    აშშს დაავადებისა და კონტროლის ცენტრი ათდღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას იძლევა ყველასთვის, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები გამოაჩნდება. სერიოზული სიმპტომებით დაავადებულთათვის კი აუცილებელია ჰოსპიალიზაცია და 20 დღიანი იზოლაცია.

    თავად ტრამპი არაერთხელ გამოთქვამდა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ნიღბების და სოციალური დისტანციის აუცილებლობის შესახებ.

    აშშ–ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ პრეზიდენტის ადმინისტრაცია 26 სექტემბრის შეხვედრის შემდეგაც გააკრიტიკა, როცა პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს ნიღბები არ ეკეთათ და არც სოციალური დისტანცირების წესებს იცავდნენ. თეთრი სახლის წინ მდელოზე გამართული შეხვედრის მინიმუმ 11 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ხშირად წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

     

  • “თავს იმაზე კარგად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ!“–ტრამპი

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის აივანზე ნიღაბი დემონსტრატიულად, კამერების წინ მოიხსნა და შენობაში ისე შევიდა. მანამდე კი, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” ამერიკელებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ კოვიდ-19-ს, დაავადებას, რომლის გართულებებით ამერიკაში თითქმის 210 000 ადამიანი გარდაიცვალა.

    “არ შეგეშინდეთ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენს ცხოვრებაზე დომინირების” – დაწერა “ტვიტერზე” 74 წლის პრეზიდენტმა საავადმყოფოდან წასვლამდე. დონალდ ტრამპის თქმით, ის თავს ახლა უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

    პრეზიდენტ ტრამპს კოვიდ-19-ის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს. მან სამი დღე მერილენდის შტატის ქალაქ ბეტესდაში, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაატარა, სადაც მას ინტენსიურ მკურნალობას უტარებდნენ.

    შონ კონლიმ, მისმა ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი თეთრ სახლში გაგრძელდება. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ტრამპის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე ჯერ შეიძლება, ბოლომდე გასული არ იყოს.

    პრეზიდენტს საავადმყოფოში სტეროიდ “დექსამეტაზონით” მკურნალობენ, რომელიც კოვიდ-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს ენიშნება. ტრამპს ასევე უსხამენ “რემდესივირს”. ეს უკანასკნელი დაავადების დასაწყისში ინიშნება და პროტოკოლით, ხუთდღიან მკურნალობას მოიცავს.

    პრეზიდენტს ასევე მისცეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას ჯერ არ დაუმტკიცებია. ეს არის “რეჯენერონი”, პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი.

    ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიღებული გამოცდილების მიუხედავად, პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის დარჩენილ დროში, კვლავ აგრძელებს ვირუსული პანდემიის ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოჩენას. ის ხშირად საჯაროდ დასცინოდა ოპონენტ ჯო ბაიდენს ნიღბის ტარების გამო.

    შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნების ოფიციალური თარიღი 3 ნოემბერია. თუმცა, ნაადრევი კენჭისყრა უკვე დაიწყო და საარჩევნო ოლქების მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გამო, ელექტორატის თითქმის ნახევარი ხმას ადრე მისცემს, ან ფოსტით, ან უბანზე ფიზიკურად მისვლით.

    კოვიდ-19-ზე ანალიზს სისტემატურად იღებს რესპუბლიკელი პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. მიმდინარე თვეში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ორი დებატებია ჩანიშნული, 15 და 22 ოქტომბერს. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ის ავადმყოფობის მიუხედავად, შემდეგ დებატებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

    კიდევ ერთი დებატებია დაგეგმილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ხვალ, 7 ოქტომბერს, ერთმანეთს რესპუბლიკელი მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. დებატების მოდერატორი იქნება სიუზან ფეიჯი (USA Today).

    დებატების ორგანიზატორი, ტრადიციულად, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების კომისიაა. კომისიის ორპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პრეზიდენტების დებატებში 9 სეგმენტი იქნება, რომელთაგან თითოეულს 10-10 წუთი დაეთმობა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ტრამპი საავადმყოფოდან თეთრ სახლში დაბრუნდა

    აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა. ის კორონავირუსით დაინფიცირდა და 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

    ტრამპი თეთრი სახლის აივანზე გამოჩნდა და პირბადე დემონსტრაციულად მოიხსნა.

    საავადმყოფოს დატოვებამდე მან ამერიკელებს საკუთარ ტვიტერზე მიმართა:

    “ნუ შეგეშინდებათ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ კორონავირუსს დაამარცხებთ. ჩვენ საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გვაქვს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში შექმნეს”. – განაცხადა მან.

    ტრამპი კორონავირუსზე მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია პირველი ლედი, მელანია ტრამპიც.

  • ტრამპის მკურნალობაში ექიმებმა დექსომეტაზონი ჩართეს

    ტრამპის მკურნალობაში ექიმებმა დექსომეტაზონი ჩართეს

    დღეს ცნობილი გახდა აშშ–ს პრეზიდენტის მკურნალობის დეტალები. დონალდ ტრამპს ორი დღის წინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, შონ კონლი ამბობს, რომ ტრამპს სტეროიდი დექსამეტაზონი გამოუწერეს. მას როგორც წესი მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებს აძლევენ, რათა სუნთქვის პრობლემები აიცილონ თავიდან. დექსამეტაზონი პრეზიდენტს იმის გამო დაუნიშნეს, რომ ბოლო ორ დღეში მის სისხლში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნად დაეცა. ექიმმა კონლიმ განაცხადა, რომ ტრამპს რეკომენდაცია მისცა დამატებითი ჟანგბადი მიიღოს. კითხვაზე, რატომ მისცა ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს, და არა აქამდე ის ამბობს: “მინდოდა გუნდში ოპტიმიზმის საერთო სულისკვეთების შესაბამისი ვყოფილიყავი. ფაქტი ის არის, რომ ის დაავადებას კარგად უმკლავდება.“

    ამავე დროს, კონლის თქმით პრეზიდენტის საავადმყოფოდან გამოწერას ორშაბათისთვის გეგმავენ. ტრამპი მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.

    ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეორე დღეა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. დღემდე მისი მკურნალი ექიმი აცხადებდა, რომ აშშ–ს პრეზიდენტს დამატებითი ჟანგბადი არ ჭირდებოდა. ტრამპის მკურნალობაში გუშინ რემდესივირიც ჩართეს. პარასკევს კი ცნობილი გახდა, რომ მას პარასკევს კონლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე ანტისხეულებისგან დამზადებული კოქტეილის 8 გრამიანი დოზა მიიღო, რომელიც კომპანია Regeneron–მა შეიმუშავა.

  • წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რით მკურნალობენ Covid19–ით ინფიცირებულ ამერიკის პრეზიდენტს

    თეთრი სახლის ექიმმა, შონ კონლიმ შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმების ჯგუფი  “უკიდურესად კმაყოფილია პროგრესით„ რომელსაც აშშ–ს პრეზიდენტის მკურნალობისას მიაღწიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტრამპს ნორმალური ტემპერატურა ჰქონდა. ხველა და სურდო შესუსტდა, თუმცა პრეზიდენტი დაღლილობას გრძნობს. კონლი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ სიფრთხილის ზომაა.

    “დიდი ყურადღებით ვაკვირდებით გართულების ნებისმიერ ნიშანს, რომელიც კორონავირუსთან ან პრეზიდენტისთვის დანიშნულ მკურნალობასთან არის დაკავშირებული. ვაკვირდების მისი გულის, თირკმელების და  ღვიძლის მუშაობას. ყველაფერი რიგზეა“– განაცხადა ტრამპის მკურნალ ექიმთა ჯგუფის წევრმა შონ დულიმ და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ჟანგბადის აპარატთან არ შეუერთებიათ, რადგან მას სუნთქვის სირთულეები არ ჰქონია.

    თუმცა ტრამპის მკურნალი ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, როდის გამოწერენ მას კლინიკიდან და როდის დაბრუნდება თეთრ სახლში.

    ამასობაში სააგენტო როიტერმა თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეღამის განმავლობაში ტრამპის ზოგიერთმა სიმპტომმა ექიმების შეშფოთება გამოიწვია და შემდეგი 48 საათი გადამწყვეტი იქნება დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის კურსის განსაზღვრისთვის.

    იგივე წყარო აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.  ამ წყაროს ბევრი ამერიკული მედია ეყრდნობა და მის გვარს არ ასახელებენ, თუმცა როგორც ამბობენ, ჟურნალისტებში მისი ინფორმაცია ნდობას იწვევს.

    რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს თეთრ სახლში კლინიკაში გადაყვანამდე ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ.

    გამოცემა New York Times ორ ოფიციალურ პირს ციტირებს, რომლებმაც თქვეს, რომ პარასკევს ტრამს სუნთქვა უჭირდა, სისხლში ჟანგბადის დონე დაეცა, რამაც ექიმები აიძულა ის ჟანგბადის აპარატზე შეეერთებინათ.

    ამ ინფორმაციას არაეთრი საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს.

    თეთრი სახლი ცდილობს განმარტოს ის გაურკვევლობა, რაც ტრამპის მკურნალი ექიმების განცხადებებს მოჰყვა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ერთ–ერთ ექიმს უბრალოდ შეეშალა, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი უკე 72 საათია ავად არის. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ექიმი გულისხმობდა იმას, რომ პრეზიდენტი უკვე მესამე დღეა ავად არის, ანუ ხუთშაბათის საღამოდან.72 საათი კი მაშინ იქნებოდა, ტრამპისთვის კორონავირუსის დიაგნოზი ოთხშაბათს დილით რომ დაესვათ, მანამდე, სანამ ის მინესოტაში გაემგზავრებოდა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ასევე ნიუ ჯერსიში, სადაც კამპანიის სპონსორებს შეხვდა.

    ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ტრამპმა დიაგნოზის დასმიდან მხოლოდ 36 საათის შემდეგ დაწერა ტვიტერზე, რომ კორნავირუსი აღმოაჩნდა.

    თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ მეორე ექიმი გულისხმობდა მეორე დღეს, და არა 48 საათს იმ მომენტიდან, როცა ტრამპმა ექსპერიმენტული პრეპარატების კომპლექსის , Regeneron–ის მიღება დაიწყო.

    აშშ–ს პრეზიდენტი მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში თეთრი სახლიდან ვერტმფრენით მალევე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მან თეთრი სახლის წინ მდელოზე გაიარა და ვერტმფრენში დამოუკიდებლად ავიდა. ეცვა საქმიანი პიჯაკი  და ნიღაბი ეკეთა. არაფერი უთქვამს ახლოს მდგომი ჟურანლისტებისთვის, თუმცა ცერა თითი აწია. ექიმები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიფრთხილის ზომაა. თეთრი სახლის წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და  პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას ჰოსპიტლიდან განაგრძობს.

    კორონავირუსი დაუდგინდა ტრამპის ცოლს, მელანია ტრამპსაც.

    რით მკურნალობენ ამერიკის პრეზიდენტს

    ტრამპის ექიმი, შონ კონლი აცხადებს, რომ მას დამატებითი ჟანგბადი არ ჭირდება, თუმცა სპეციალისტებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მას რემდესივირით უმკურნალებენ.

    კვლევების თანახმად რემდესივირი, რომელიც თავდაპირველად ებოლას მკურნალობისთვის შემუშავდა, ანგრევს ვირუსის გამრავლების უნარს და შეუძლია სიმპტომების ხანგრძლივობა შეამციროს.

    პარასკევს კონლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე ანტისხეულებისგან დამზადებული კოქტეილის 8 გრამიანი დოზა მიიღო, რომელიც კომპანია Regeneron–მა შეიმუშავა.

    ანტისხეულები კორონავირუსს “ეკვრიან“, მას იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდიან და  ორგანიზმის უჯრედებს იცავენ.

    ასეთი მკურნალობა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება და ჯერჯერობით მარეგულირებელ ორგანოებს ის არ დაუმტკიცებიათ. მართალია ბევრს იმედი აქვს, რომ ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდება, თუმცა ექიმების ნაწილი გაოცებულია, რომ პრეზიდენტმა ეს მეთოდი აირჩია, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია.

    თეთრი სახლის ექიმის თქმით ტრამპი ასევე იღებს ცინკს, ვიტამინ D–ს, ფამოტიდინს, მელატონინს და ასპირინს.

    სპეციალისტები ამბობენ, რომ 74 წლის პრეზიდენტი რისკჯგუფშია, მიუხედავად ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა. მიზეზი მისი ასაკი და წონაა.

  • პრეზიდენტი ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    პრეზიდენტი ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც პარასკევს კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზირებულია. მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ტრამპს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი თეთრი სახლიდან ვერტმფრენით ვაშინგტონის სამხედრო ჰოსპიტალ Walter Reed Military Hospital–ში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ის ჰოსპიტალში ანალიზების გასაკეთებლად გადაიყვანეს.

    დონალდ ტრამპთან ერთად კორონავირუსი მის მეუღლეს, მელანიასაც დაუდგინდა. 

  • ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა

    ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა

    ამერიკელმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ, შეაჩერა. სასამართლომ ამ გზით სოციალური ქსელის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მისცა.

    ჩინური აპლიკაციის წარმომადგენლობამ კი ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

    შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ  გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ის აპლიკაციის დაბლოკვას 12 ნოემბრიდან გეგმავდა.

    აშშ-ს პრეზიდენტის  ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვინაიდან მათ წვდომა აქვთ მილიონობით ამერიკელის  პირად ინფორმაციაზე, რაც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვისაც.

    შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ტიკ-ტოკის საშუალებით, ჩინეთი ამერიკის მოქალაქეებზე პირად მონაცემებს აგროვებს. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.