Tag: დონალდტრამპი

  • ნიუ იორკის მერია ტრამპის ორგანიზაციასთან კონტრაქტებს წყვეტს

    აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკის მერია, გასულ კვირას კაპიტოლიუმზე მომხდარი იერიშის შემდეგ, წყვეტს ტრამპის ორგანიზაციასთან “The Trump Organizaition” გაფორმებულ კონტრაქტებს. აღნიშნულის შესახებ ნიუ იორკის მერკმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

    “ამბოხების წაქეზება შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ აშკარად დანაშაულებრივი ქმედებაა. ასე, რომ ქალაქ ნიუ იორკს აღარ ექნება არანაირი კავშირის ტრამპის ორგანიზაციასთან”, – განაცხადა ბილ დე ბლაზიომ ტელეკომპანია MSNBC-ს.

    ტრამპის ორგანიზაციას კონტრაქტები გაფორმებული აქვს ცენტრალური პარკის ატრაქტიონთან, ცენტრალურ პარკში მდებარე ორ ყინულის საციგურაო მოედანთან და გოლფის მოედანთან ბრონქსის რაიონში. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კონტრაქტების ღირებულება ყოველწლიურად 17 მილიონ დოლარს შეადგენს.

    დონალდ ტრამპის ვაჟი ერიკ ტრამპი, რომელიც საოჯახო ბიზნესს თავის ძმასთან ერთად განაგებს, გამოეხმაურა ნიუ იორკის მერიის გადაწყვეტილებას.

    “ეს გადაწყვეტილება ბილ დე ბლაზიოს არაკომპეტენტურობისა და ფაქტების აშკარა უგულვებელყოფის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

    მისი განცხადებით, ტრამპის ორგანიზაცია კონტრაქტების გაწყვეტას არ შეურიგდება.

    “ნიუ-იორკს არ აქვს იურიდიული უფლება, შეწყვიტოს ჩვენი კონტრაქტები და თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ, ტრამპის ორგანიზაციისთვის მილიონობით დოლარის გადახდა მოუწევთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დისკრიმინაცია და ჩვენ ვგეგმავთ ენერგიულ ბრძოლას”, – დასძინა ერიკ ტრამპმა.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანული “დოიჩე ბანკი”, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოკავშირე, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ტრამპთან თანაშრომლობას წყვეტს.

  • წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომ ტრამპის ადგილი მაიკ პენსმა დაიკავოს

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    რეზოლუცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გამოიყენოს 25-ე შესწორების მე -4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მოიწვიოს და მოახდინოს მთავრობის აღმასრულებელი დეპარტამენტების მთავარი ოფიცრების მობილიზება კაბინეტში, რათა განაცხადონ ის, რაც აშკარაა: რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულება.“

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია. „არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება ”, – წერს პენსი.

  • ტრამპის ფანატებში პოპულარული სოციალური ქსელი Parler გაითიშება. ამაზონმა მას მონაცემების შენახვაზე უარი უთხრა

    სოციალური ქსელი Parler შესაძლოა გაითიშოს. ამაზონმა გადაწყვიტა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებში პოპულარულ ამ პლატფორმას მონაცემთა შენახვაზე უარი უთხრას.

    ამაზონი Parler–ს ჰოსტინგის მომსახურებას ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროს დროით კვირას საღამოს 23:59 საათზე შეუწყვეტს. თუ მანამდე Parler სხვა სერვერს ვერ მოძებნის, საიტი, ყველა მისი მომსახურება და აპლიკაცია მიუწვდომელი გახდება.

    ამაზონი ჰოსტინგის მომსახურებას უამრავ საიტს უწევს, მათ შორის მსხვილ საიტებსაც. მან Parler–ს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამ სოცქსელში ძალადობის მოწოდების შემცველი 98 პოსტი აღმოაჩინა.

    მანამდე ამავე მიზეზით გუგლმა Parler–ის აპლიკაცია  ანდროიდის მოწყობილობებისთვის განკუთვნილი მისი მაღაზიიდან ამოიღო. მას მიბაძა ეფლმაც, მას შემდეგ, რაც მოთხოვნა 24 საათში კომპანიისთვის დამაკმაყოფილებელი მოდერაციის პროცედურები ჩაეტარებინათ სოციალურმა ქსელმა არ დააკმაყოფილა.

    Parler–ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ მატცე ამაზონის გადაწყვეტილებას პასუხობს და ტექნოლოგიურ გიგანტებს სიტყვის თავისუფლებაზე კოორდინირებულ შეტევასა და თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის განადგურებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ სოციალური ქსელი მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი შესაძლოა ერთი კვირის მანძილზე იყოს, რადგან კომპანიას მოუწევს საიტი ხელახლა გადააწყოს.

    “ჩვენ არ დავემორჩილებით პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ავტორიტარული დიქტატორების მხრიდან, რომლებსაც სიტყვის თავისუფლება სძულთ“– დაწერა მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ქსელში.

    სიენენი გაეცნო წერილს, რომელიც ამაზონის ვებ სერვისების განყოფილებამ Parler–ს გაუგზავნა. სწორედ ეს განყოფილება უზრუნველყოფს ქლაუდ სერვისების ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოებას. წერილში ნათქვამია, რომ ეს სოციალური ქსელი არ შეესაბამება AWS–ის სამომხმარებლო შეთანხმებებს.

    წერილში ნათქვამია, რომ ისინი ვერ უკარნახებენ სოციალურ ქსელს, რომელი კონტენტი დაუშვას მის საიტზე გამოსაქვეყნებლად, თუმცა მათ არ შეუძლიათ მომსახურება გაუწიონ კლიენტს, რომელსაც არ აქვს უნარი ოპერატიულად აღმოაჩინოს და წაშალოს  კონტენტი, რომელიც ახალისებს და აქეზებს ძალადობას.

    Parler პოზიციონირებს, როგორც თავისუფალი სიტყვის ნაკრძალი და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ამერიკელ მემარჯვენე რადიკალური შეხედულებების მომხმარებლებში, რომლებსაც ბოლო თვეებში ფეისბუქზე, იუთუბზე და ტვიტერზე ძალადობრივი მოწოდებების, დეზინფორმაციის და სხვა წესების დარღვევის გამო ასანქცირებენ.

    Parler-ის შტაბბინა ნევადაში მდებარეობს. ის თავის პროდუქტს თავისუფალ, მიუკერძოებელ ქსელს უწოდებს, სადაც ნებისმიერი აზრი შელამაზების გარეშე შეიძლება გამოითქვას. მოდერაციის პროცესი ამ ქსელში ისეთი მკაცრი არ არის, როგორც მის პოპულარულ კონკურენტებში. სწორედ ეს იზიდავს შეთქმულების თეორიების მიმდევრებს და რადიკალებს, რომელთა გამონათქვამები ფეისბუქზე და ტვიტერზე სიძულვილის გამოხატულებად და ძალადობისადმი მოწოდებად ფასდება.

    პარლერის ცოტა ხნის წინანდელ პოპულარულ პოსტებს შორის იყო წინადადებები კაპტოლიუმის შენობის დაწვის შესახებ, სპიკერ ნენსი პელოსთან ერთად, მოწოდება ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის მკვლელობის შესახებ და გამოკითხვა შეკითხვით: დემოკრატებიდან ვისი მოკვლაა პირველ რიგში საჭირო, ასევე კონსპიროლოგიური თეორია იმის შესახებ, რომ კაპიტულიუმის შტურმის უკან სინამდვილეში მოძრაობა ანტიფას წევრები დგანან.

    პარლერის მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ, როგორ ჯობდა კონგერსისთვის ხელშეშლა ბაიდენის გამარჯვების სერთიფიცირების პროცესში.

    სოციალური ქსელი Parler 2018 წელს გამოჩნდა და განსაკუთრებით პოპულარული აშშ–ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა, ძირითადად ტრამპის მხარდამჭერების გამო, რომლებიც ამ ქსელში განიხილავდნენ დაუსაბუთებელ განცხადებებს არჩევნების გაყალბების შესახებ.

    თავად ტრამპს ამ პლატფორმაზე გვერდი არ აქვს, თუმცა 2020 წელს, როცა მან პოპულარობის მოპოვება დაიწყო, ამ ქსელში ექაუნთი გახსნა ამერიკის კონსერვატიული მოძრაობის რამდენიმე გავლენიანმა ფიგურამ. მათ შორის ტეხასის სენატორმა, ტედ კრუზმა, რომელსაც 4.9 მილიონი ხელმომწერი ყავს და ფოქს ნიუსის წამყვანმა, შონ ჰენიტიმ, რომელსაც 7 მილიონი ხელმომწერი ყავს.

    ნოემბრის არჩევნების შემდეგ პარლერი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია გახდა აშშ–ში მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა და ტვიტერმა აქტიურად დაიწყეს მომხმარებლების დაბლოკვა დეზინფორმაციის გავრცელებისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე შეტევის გამო.

  • კარგია, რომ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა, მაიკ პენსის მოსვლა სასიამოვნო იქნება – ბაიდენი

    აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. პენსის განაცხადა, რომ მზად იყო ცერემონიაზე დასასწრებად, თუ მოწვევას მიიღებდა, შემდეგ კი ის პირადად ბაიდენმა მიიწვია. ბაიდენის თქმით, ინაუგურაციაზე ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება.

    რაც შეეხება ტრამპის დასწრებას, მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება, ბადენმა კი აღნიშნა, რომ „კარგია, თუ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა“.

    „ეს ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზეც მე და ის ოდესმე შევთანხმებულვართ. მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ის ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში,”- თქვა ბაიდენმა.

    აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

  • Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

    Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

    სოციალურმა ქსმელმა ტვიტერმა აშშ–ს პრეზიდენტის ანგარიში გააუქმა.

    “დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში.

    ტვიტერმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიიში 12 საათით დაბლოკა და განაცხადა, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ანგარიშს სამუდამოდ გააუქმებდნენ.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დაბლოკილია დონალდ ტრამპის Facebook-ის და Instagram- ის ანგარიშები  და მინიმუმ  ორი კვირით იქნება დაბლოკილი დარჩება –იქამდე, სანამ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას არ გადაიბარებს.

  • ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს -დონალდ  ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილ დემონსტრანტებზე

    ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს -დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილ დემონსტრანტებზე

    “ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს”-  ამის შესახებ დონალდ ტრამპი ტვიტერზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, სადაც კაპიტოლიუმში შეჭრაში ბრალდებულების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

    “კაპიტოლიუმში შეჭრით, დემონსტრანტებმა ამერიკის დემოკრატიას ზიანი მიაყენეს. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და დესტრუქციაში მონაწილეობდა, თქვენს ჩვენ ქვეყანას არ წარმოადგენთ. ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს”, – აცხადებს ტრამპი.

     

  • ჩვენი საოცარი მოგზაურობა ახლა იწყება – ტრამპი მხარდამჭერებს

    ჩვენი საოცარი მოგზაურობა ახლა იწყება – ტრამპი მხარდამჭერებს

    დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ რაც ტვიტერის დაბლოკილი ანგარიშის აღუდგა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

    აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ძალაუფლებას “თანმიმდევრულად” გადააბარებს.

    “კონგრესმა ახალი ადმინისტრაციის შედეგები დამტკიცა და ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ახლა ჩემი ყურადღება მიმართულია ძალაუფლების თანმიმდევრული და შეუფერხებელი გადაცემისკენ. ეს მომენტი მოითხოვს ურთიერთობის აღდგენასა და შერიგებას”, – ამბობს ტრამპი.

    ის კაპიტოლიუმში მხარდამჭერების შევარდნასაც გამოემხაურა და თქვა, რომ ისაც აღშფოთებულია უკანონობის, ძალადობისა და არეულობის გამო. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკა იყო და ყოველთვის იქნება კანონის უზენაესობისა და წესრიგის ქვეყანა, კანონდამრღვევები კი პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე.

    ტრამპმა თავის მხარდამჭერებსაც მიმართა და თქვა, რომ მოგზაურობა ახლა იწყება.

    “მშვენიერო მხარდამჭერებო, ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ  ჩვენი საოცარი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება”, – თქვა ტრამპმა.

  • კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

    პოლიციის ოფიცერი, რომელიც კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრისას დაშავდა, გარდაიცვალა.

    აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაიან სიქნიკი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მომიტინგეებთან ფიზიკური დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იგი კაპიტოლიუმის პოლიციაში 2008 წლიდან მსახურობდა.

    6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

    ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

    მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

     

  • ტრამპის მთავრობას მინისტრები ტოვებენ

    ტრამპის მთავრობას მინისტრები ტოვებენ

    დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტს მინისტრები ტოვებენ. თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, რომელმაც ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა.

    დევოსმა უსინდისობა უწოდა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრას. ბეტსი დევოსის განცხადებით, სიტუაციაზე გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რიტორიკამ და ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.

    “ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა”, -თქვა დევოსმა.

    თანამდებობა ასევე დატოვა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ. მისი შეფასებით, ვაშინგტონში მომხდარი ძალადობა პროვოცირებული იყო დონალდ ტრამპის რიტორიკით.

    გარდა ამისა, ტრამპის გუნდიდან წავიდა პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

    ასევე, ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე მეტ პოტინგერი.

    ცნობისთვის, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

    ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

    მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

     

  • ტრამპის ანგარიშები სოციალურ ქსელებში მინიმუმ ორი კვირით–საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დაბლოკილი იქნება

    დონალდ ტრამპის Facebook-ის და Instagram- ის ანგარიშები მინიმუმ  ორი კვირით იქნება დაბლოკილი–იქამდე, სანამ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას არ გადაიბარებს.

    ამის შესახებ “ფეისბუკის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.   ერთი დღით ადრე ტრამპს ანგარიშზე წვდომა შეუზღუდა “ტვიტერმა”. თავდაპირველად “ფეისბუკმა” ტრამპი მხოლოდ 24 საათით დაბლოკა, მაგრამ ვადის ამოწურვისთანავე სანქცია გაუგრძელა. ცუკერბერგი ამბობს, რომ ხელისუფლების გადაბარების პერიოდში ტრამპისათვის მათი პლატფორმის შეუზღუდავად დათმობა დიდ საფრთხეს შეიცავს:

    “უკანასკნელი 24 საათის შოკისმომგვრელმა მოვლენებმა თვალნათლივ გვიჩვენა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლებაში დარჩენილი დროის გამოყენებას ძალაუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გადაბარების პროცესის საზიანოდ აპირებს. მისმა გადაწყვეტილებამ, ეს პლატფორმა კაპიტოლიუმში შეჭრილი მომხრეების წასაქეზებლად და არა დასაგმობად გამოიყენოს, სამართლიანად შეაშფოთა საზოგადოება აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. გუშინ მისი ეს განცხადებები წავშალეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ მათი შედეგი – და სავარაუდოდ განხრაზვა – ახალი ძალადობის პროვოცირება იქნებოდა.

    უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას ვაძლევდით, ჩვენი პლატფორმით ესარგებლა. დრო და დრო მის ტექსტებს ვშლიდით, ან აღვნიშნავდით, თუ ტექსტების შინაარსი ჩვენს წესებს ეწინააღმდეგებოდა. ამას ვაკეთებდით იმიტომ, რომ გვჯერა, საზოგადოებას აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს პოლიტიკურ სიტყვაზე, მათ შორის წინააღმდეგობრივ სიტყვაზეც. მაგრამ დღევანდელი კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, ვხედავთ ჩვენი პლატფორმით ძალადობრივი ამბოხებისკენ მოწოდებას დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.”– განაცხადა ფეისბუქის დამფუძნებელმა.

    მისი თქმით კონგრესში არჩევნების შედეგების სერტიფიცირების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ დარჩენილმა ცამეტმა დღემ და ინაუგურაციის შემდგომმა დღეებმა მშვიდობიანად და დამკვიდრებული დემოკრატიული ნორმების შესაბამისად ჩაიაროს.
    “მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული საფრთხე მეტისმეტად დიდია. ამიტომ მის “ფეისბუკსა” და “ინსტაგრამზე” დადებულ შეზღუდვას განუსაზღვრელი ვადით და სულ ცოტა, ორი კვირით ვაგრძელებთ, სანამ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება.”

    6 იანვარს Facebook-მა წაშალა ვიდეო, რომელშიც ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდაჭერებს მიმართა, შემდეგ კი პრეზიდენტს 24 საათით Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშებით სარგებლობა შეუზღუდა.

    Facebook-ის წარმომადგენლის გაი როსენის თანახმად ვიდეო შექმნილი “საგანგებო” ვითარებიდან გამომდინარე წაიშალა.

    “ეს არის საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ ვიღებთ შესაბამის საგანგებო ზომებს, მათ შორის შედის პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლას. ჩვენ ის წავშალეთ, რადგანაც გვჯერა, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს” – წერდა როსენი Twitter-ზე.