Tag: დონალდტრამპი

  • ტრამპის მეზობლებს მისი საცხოვრებლიდან გამოსახლება უნდათ. რას ედავებიან აშშ–ს ყოფილ პრეზიდენტს

    მეზობლები დონალდ ტრამპისთვის მისი კუთვნილი კლუბის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გამოყენების აკრძალვას ითხოვენ.

    იმის შესახებ, რომ ტრამპს არ აქვს უფლება მუდმივად ცხოვრობდეს ფლორდის შტატში, ქალაქ პალმ–ბიჩში მდებარე მისი კერძო კლუბის, “მარ ო ლაგო“–ს ტერიტორიაზე და ახლო მომავალში სხვა საცხოვრებელი უნდა მოძებნოს, ამ კვირას ერთდროულად რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომლებიც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის მეზობლების ინტერესებს იცავენ.

    “ჩვენი აზრით მარ–ო–ლაგო შეიძლეა გადაიქცეს მისი მხურვალე და აგრესული მხარდამჭერების კონცენტრაციის ადგილად, რომლებიც პატივს არ სცემენ კანონს.“– განაცხადა ქალაქის საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ადვოკატმა ფილიპ ჯონსონმა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “შევინარჩუნოთ პალმ–ბიჩი“–ს სახელით გამოდიოდა. ეს ორგანიზაცია ისტორიული მემკვიდრეობის დაცვით არის დაკავებული.

    მხარდამჭერები ტრამპს მარ–ო–ლაგოსკენ მიმავალ გზაზე ესალმებიან

    ადვოკატმა რეჯინალდ სტამბომ კი, რომელიც ექს პრეზიდენტის რამდენიმე მეზობლის ინტერესებს იცავს, ყველას შეახსენა, რომ ბოლო წლებში მის კუთვნილ კლუბში ტრამპის ხშირი ვიზიტების გამო ფეშენებელური პალმ–ბიჩის ბინადრებს გადაკეტილი ქუჩების, საცობების, ადგილობრივი აეროპორტის დახურვის და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების პირობებში მოუწიათ ცხოვრება. იურისტის თქმით, მისი კლიენტები შიშობენ, რომ კერძო კლუბის ტრამპის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გადაქცევა მათი უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს.

    “პალმ–ბიჩში გასაყიდად არის გამოტანილი უამრავი შესანიშნავი სახლი, და დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია მოძებნოს მისთვის შესაფერისი საცხოვრებელი“– დააკონკრეტა ადვოკატმა.

    იურისტების მთავარი არგუმენტი 1993 წელს ტრამპსა და ქალაქის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებაა. ამ დოკუმენტის თანახმად, მომავალმა პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება არ გამოეყენებინა კლუბი მის პირად მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად.

    რა შეთანხმება დაარღვია ტრამპმა

    მარ–ო–ლაგოს მამული ფლორიდაში ტრამპმა 1985 წელს 10 მილიონ დოლარად იყიდა.

    ტერიტორია თითქმის 7 ჰექტარს იკავებს და თავის დროზე ამერიკის ერთ–ერთ უმდიდრეს ქალს, მერჯორი პოსტს ეკუთვნოდა. სახლი მამულის ცენტრში მდებარეობს. ის გასული საუკუნის 20–იან წლებში აშენდა და ფლორიდის შტატში სიდიდით მეორე სახლად ითვლებოდა. სახლში არის 58 საძინებელი, 33 საპირფარეშო და სამი ბომბდამცავი თავშესაფარი.

    1980 წელს შენობა ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.

    პოსტის მემკვიდრეობის თანახმად 1073 წელს მამული აშშ–ს ფედერალური მთავრობის საკუთრება გახდა, თუმცა ხელისუფლებამ ვაშინგტონში ჩათვალა, რომ მისი შენახვის ხარჯები მეტისმეტად დიდი იყო და რვა წლის შემდეგ საჩუქარი პირველი მფლობელის მემკვიდრეებს გადასცა.

    ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მამული, რომელიც დიდი ხანია ყველასგან მიტოვებული იყო, დონალდ ტრამპმა კერძო რეზიდენციისთვის იყიდა და მაშინვე დაიწყო მისი გადაკეთება. სახლს დაახლოებით 2 000 კვ. მ. წვეულებების დარბაზი მიაშენეს, მოაწყვეს დამატებითი ოთახები, ტენისის კორტი და ღია აუზი ხედით ატლანტიკის ოკეანეზე. მოგვიანებით მამულის ტერიტორიას შეუერთდა გოლფ კლუბიც.

    1990-იანების ბანკროტობის სერიის შემდეგ მომავალმა პრეზიდენტმა მამულის ნაწილ–ნაწილ გაყიდვა და მის ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სახლის აშენება სცადა, თუმცა ქალაქის მერიამ ნებართვა არ მისცა.

    ამის ნაცვლად ტრამპმა ქალაქის საბჭოს რეზიდენციის დახურულ კერძო კლუბად გადაკეთება შესთავაზა. 1993 წელს, ქალაქის საბჭოზე ტრამპის ადვოკატმა კლუბის პროექტი წარადგინა და  ყველას არწმუნებდა, რომ თავად ტრამპი და მისი ოჯახის წევრები მარ–ო–ლაგოში ცხოვრებას აღარ აპირებდნენ, ტრამპი უბრალოდ კლუბის წევრად დარჩებოდა და მხოლოდ სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახებით სარგებლობას შეძლებდა.

    ქალაქის საბჭოსთან შეთანხმება  კლუბის წევრების რაოდენობის შეზღუდვასაც ითვალისწინებდა მაქსიმუმ 500 ადამიანით. შეზღუდულია მათი ავტომობილებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილებიც. მთავარი პუნქტი კი, რომლითაც ახლა ტრამპის მეზობლების ადვოკატები აპელირებენ ის არის, რომ კლუბის წევრებს მამულის ტერიტორიაზე ზედიზედ შვიდ დღეზე მეტი ხნის მაძილზე ცხოვრება არ შეუძლიათ, ისიც წელიწადში სამჯერ, ანუ წლის განმავლობაში მამულში მათი ყოფნის მაქსიმალური ვადა 21 დღეა.

    შეთანხმებას ხელი მაშინ ტრამპმაც მოაწერა და მისმა ადვოკატებმაც.

    კერძო კლუბი სწრაფად გახდა აშშ–ში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული. გაწევრიანების შენატანი ამჟამად 200 ათასი დოლარია. გარდა ამისა, კლუბის წევრებმა ყოველწლიური შენატანი – 14 ათასი დოლარი უნდა გადაიხადონ, სტუმრები კი მამულში გატარებულ ყოველ ღამეში ნომერში 2 000 დოლარს იხდიან.

    ჟურნალ Forbes–ის მონაცმებით მამულის ამჟამინდელი ღირებულება 160 მილიონი დოლარია, კერძო კლუბი კი დღემდე ტრამპის იმ მცირერიცხოვან აქტივებს შორის რჩება, რომელსაც მფლობელისთვის შემოსავალი მოაქვს. მხოლოდ 2019 წელს მამულმა ტრამპს 21 მილიონ დოლარიანი მოგება მოუტანა.

    რატომ უნდათ მეზობლებს ტრამპის გამოსახლება

    ბოლო 25 წლის მანძილზე დონალდ ტრამპი საკმაოდ პრობლემურ მეზობლად ითვლებოდა.

    მაგალითად, 1995 წელს მან ოლქის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა პალმ–ბიჩის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავების მარშრუტის შეცვლა. მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ავიალაინერების ხმაური კერძო კლუბის წევრებს ხელს უშლიდა. სასამართლოში მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, რომლის თანახმად ტრამპმა თითქმის ერთი ჰექტარი ტერიტორიის შეღავათიანი არენდა მიიღო. სწორედ იქ აშენდა მოგვიანებით ტრამპის საერთაშორისო გოლფ კლუბი.

    2010 წელს მომავალმა პრეზიდენტმა კვლავ უჩივლა აეროპორტს და მეორე ასაფრენი ბილიკის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. 2015 წელს კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს პრეტენზიით, რომ ფრენები ხმაურის, გამონაბოლქვის და დაბინძურების დაშვებელზე მაღალ დონეს იწვევდა მის მამულში. ტრამპი ზარალს 100 მილიონ დოლარად აფასებდა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 1997 წელს ტრამპი შეეცადა ქალაქის ხელისუფლებისთვის ეჩივლა იმ მიზეზით, თითქოს პალმ–ბიჩის მერია ებრაელთა დისკრიმნაციაში იყო შემჩნეული, იმ დროს, როცა მისი კლუბის წევრთა დიდი ნაწილი იუდეველი იყო.

    ყველაზე ცნობილი დავა კი ტრამპსა და ქალაქის მერიას შორის სახელმწიფო დროშის ზომასა და სიმაღლესთან დაკავშირებით შედგა. 2006 წელს ბიზნესმენმა კლუბის ტერიტორიაზე 24 მეტრის სიმაღლის ნაგებობაზე 6×9 მეტრის ზომის ამერიკული დროშა აღმართა.

    ამის შემდეგ მერიამ მას ოფიციალურად შეატყობინა, რომ 13 მეტრზე მეტ სიმაღლეზე დროშის დამონტაჟება აკრძალული იყო და ნაგებობის დაშლა მოთხოვა. ქალაქის საბჭომ ასევე დღეში 1250 დოლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა ყოველ დღეზე, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეასრულებდა.

    საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ მამულმა არაფორმალურად თეთრი სახლის მეთაურის. “საზაფხულო რეზიდენციის“ ტიტული მიიღო. 4 წლის მანძილზე ტრამპი 30–ჯერ ეწვია მარ–ო–ლაგოს და იქ ჯამში 99 დღე გაატარა. 2017 წლის იანვარში პალმ–ბიჩის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსში არასაფრენი ზონა გამოცხადდა, აშშ–ს საიდუმლო სამსახურების თანამშრომლებმა კი ნავებისა და იახტებისთვის კლუბის სიახლოვეს სპეციალური საშვების რეჟიმი შემოიღეს.

    პრეზიდენტის ვიზიტების დროს მიმდებარე ქუჩები იკეტებოდა, კლუბის ყველა თანამშრომელი კი პირად შემოწმებას გადიოდა. კლუბთან ახლოს მდებარე ლანტანას აეროპორტი ხშირად აცხადებდა ფრენების შეწყვეტის შესახებ.

    ადგილობრივი მაცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მშენებლობამ მამულის ტერიტორიაზე და პრეზიდენტის გეგმებმა ოკეანეში სპეციალური ნავმისადგომის მშენებლობის შესახებ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ნავმისადგომის მშენებლობის უფლება არ მისცა, ვერტმფრენის მოედანი კი დროებით ნაგებობად გამოცხადდა და პირობა დაიდო, რომ მას ტრამპის საპრეზიდენტო ვადის გასვლისთანავე აიღებდნენ.

    2019 წელს ტრამპმა გამოაცხადა, რომ “ჩაწერის“ ადგილი შეიცვალა და ოფიციალურად ნიუ იორკიდან პალმ– ბიჩში გადავიდა. მიზეზი მის მიმართ  ნიუ იორკის პროკურატურის საგადასახადო პრეტენზიები გახდა.

    გასული წლის დეკემბერში ადვოკატმა რეჯინალდ სტამომ ქალაქის ხელისუფლებას პირველი წერილი გაუგზავნა, რომლითაც ტრამპი 1993 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. კიდევ ერთი საჩივარი იურისტმა აშშ–ს საიდუმლო სამსახურებს გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომები ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის.

    ამ კვირაში პალმ–ბიჩის ქალაქის საბჭოს სპეციალურ სხდომაზე გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მისი გოლფ–კლუბის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

    მისი ადვოკატის, ჯონ მერიონის მტკიცებით 1993 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მხოლოდ კლუბის წევრებსა და სტუმრებზე ვრცელდება, აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი კი ახლა მამულის ერთ–ერთი თანამშრომელია.

    “ის ახლა მარ–ო–ლაგოს პრეზიდენტია. ის პრეზიდენტი იყო მანამდეც, სანამ აშშ–ს პრეზიდენტი გახდებოდა, და ახლაც კვლავ კლუბის პრეზიდენტი გახდა“– ამბობს ის.

    ადვოკატის მტკიცებით ტრამპის მოვალეობები მამულში საქმეების ყოველდღიურ კონტროლს, თანამშრომლებზე დაკვირვებას, ფინანსური დოკუენტების შემოწმებას და კლუბის წევრების დახვედრას გულისხმობს. შესაბამისად, მისი აქ ცხოვრება აუცილებელია.ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტრამპი ყოველდღიურად აქტიურად არის ჩართული ტერიტორიის მოვლაში.

    ქალაქის საბჭოს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, შეძლებს თუ არა ტრამპი საკუთარი კლუბის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გამოყენებას. მხარეებს აპრილამდე ახალი არგუენტების მომზადება შესთავაზეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ქალაქის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას.

  • სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

    სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

    9 თებერვალს, ვაშინგტონში, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიული, მეორე საიმპიჩენტო მოსმენები დაიწყო. სენატში მოსმენები სავარაუდოდ ერთ ან ორ კვირას გასტანს. წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი უკვე დაუჭირა და მუხლები სენატს გადასცა. ახლა პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხი ამ პალატამ უნდა განიხილოს.

    პრეზიდენტს ბრალი “ამბოხების წახალისებაში” ედება. 6 იანვარს, ტრამპის მოხრეებმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა მიიტანეს. სანამ ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართებოდნენ, თეთრი სახლიდან, პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ “ებრძოლათ”. კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მოქალაქე დაშავდა და 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

    სენატის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სენატორთა 2/3-ის, მხარდაჭერა, 67 წევრის თანხმობა სჭირდება. 2020 წლის არჩევნების შედეგად, სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატებმა 17 რესპუბლიკელი უნდა დაითანხმონ. დიდი ალბათობით, დემოკრატები ამას ვერ შეძლებენ და სენატი პრეზიდენტ ტრამპს მეორედ გაამართლებს.

    ამერიკის კონსტიტუციაში ნათლად არ არის გაწერილი ის, თუ რამდენ ხანს და როგორ უნდა მიმდინარეობდეს სენატის საიმპიჩმენტო სასამართლო. ამიტომ, ყოველ ჯერზე, სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები წესებზე თანხმდებიან.

    10 თებერვალს წარმომადგენელთა პალატის ბრალდების მხარს, 16-საათი მიეცემა საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დრო და პირობები ექნებათ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს, ანუ დაცვის მხარეს. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, სენატორებს შეეძლებათ კითხვები წერილობით დასვან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა

    აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერებისთვის სამსახურის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.ბაიდენს მიჩნია, რომ სქესობრივი კუთვნილება არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას სამხედო სამსახურისთვის და რომ ამერიკის ძალა მის მრავალფეროვნებაშია.

    “პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს ხელი მოაწერა აღმასრულებელ დადგენილებას, რომლის თანახმად, ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახური უწევს, ამის შესაძლებლობა ექნება”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

    დონალდ ტრამპმა 2017 წელს განაცხადა, რომ ტრანსგენდერებს ამერიკის არმიაში სამსახური აეკრძალებათ. 2019 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომელიც ტრანსგენდერების უდიდეს ნაწილს ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს უკრძალავდა. ნებისმიერ ტრანსგენდერს, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა, უფლება ჰქონდა სამსახური მხოლოდ იმ სქესის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაევლო, რომელიც მას დაბადებისას ჰქონდა.

  • უვარგისი მემკვიდრეობა: ტრამპის 5 გადაწყვეტილება, რომლებსაც ბაიდენი გაპრეზიდენტებისთანავე გააუქმებს

    თეთრ სახლში შესვლისთანავე ამერიკის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც მისი აზრით ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენეს.

    ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ–ს 46–ე პრეზიდენტის გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა ქვეყნისთვის დამანგრევლად მიაჩნიათ, თეთრი სახლის ახალი ბინადარი კი გეგმავს მისი პრეზიდენტობის პირველი დღეები მისი წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას დაუთმოს.

    16 იანვარს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს მემორანდუმი “პირველი 10 დღის შესახებ“. ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  რონ კლეინმა განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებების გამო აშშ ერთბაშად ოთხი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ესენია: კორონავირუსის ეპიდემიის კრიზისი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური კრიზისი და რასობრივი უთანასწორობის კრიზისი.

    მისი თქმით, თანამდებობის დაკავებისთანავე ბაიდენი ამ ოთხი კრიზისის გადასაჭრელად გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს. გარდა ამისა, სხვა, მოსალოდნელი კრიზისების და საფრთხეების თავიდან აცილებას და მსოფლიოში ამერიკის პოზიციების აღდგენას შეეცდება.

    გთავაზობთ ხუთ საკითხს, რომლებთან დაკავშირებითაც ბაიდენი წინამორბედის გადაწყვეტილებების შეცვლას პირველ რიგში შეეცდება:

    პარიზის კლიმატის შეთანხმება

    2017 წლის ივნისში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლას აპირებს. შეთანხმება, რომელსაც მხარს 195 ქვეყანა უჭერს, ქვეყნებს ავალდებულებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის დონე შეზღუდონ.

    კრიტიკის მიუხედავად 2019 წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ დოკუმენტები გაგზავნა შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

    კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი 20 იანვარსვე განაცხადებს პარიზის შეთანხმებაში აშშ–ს დაბრუნების შესახებ.

    აშშ–ს ახალ ადმინისტრაციაში პირველად ისტორიაში გაჩნდება “კლიმატის მეფის“ თანამდებობა. ამ გლობალური პრობლემის ადგილობრივი კურატორის თანამდებობას ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დაიკავებს.

    აშშ–ში შესვლის აკრძალვა

    ტრამპის ადმინისტრაციის ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება 2017 წელს განკარგულების ხელმოწერა იყო აშშ–ში 7 მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენელთა შესვლის აკრძალვის შესახებ.

    პრეზიდენტის განკარგულებამ მაშინ აშშ–ში პროტესტის ტალღა გამოიწვია. მისი გასაჩივრება სასამართლოებში არაერთხელ სცადეს, სანამ 2018 წელს ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უმნიშვნელო ცვლილებებით აშშ–ს უმაღლესმა სასამართლომ არ დაამტკიცა.

    წინასაარჩევნო კამპანიისას ბაიდენი ხშირად საუბრობდა რასობრივი და რელიგიური უმცირესობების შევიწროებაზე. თავის მემორანდუმში თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კლეინმა დაადასტურა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენი ტრამპის აკრძალვას დაუყოვნებლივ გააუქმებს.

    საიმიგრაციო გადაწყვეტილებები

    ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით თეთრ სახლში შესვლისთანავე ბაიდენი კონგრესს გადასცემს კანონპროექტს, რომლის მიხედვით ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი 8 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ლეგალურ სტატუსს მიიღებს, არამედ მოქალაქეობის პრეტენდენტიც გახდება.

    ამ კანონპროექტის მიხედვით არალეგალი მიგრანტები პოლიციის შემოწმებას გაივლიან, ნასამართლეობის და კანონდარღვევის არარსებობას დაამტკიცებენ, ასევე გადასახადების გადახდის შესახებ დოკუმენტებს წარადგენენ. აქედან ხუთი წლის შემდეგ კი მათ შეუძლიათ აშშ–ში ბინადრობის უფლების, ანუ მწვანე ბარათის პრეტენდენტები გახდნენ, სამი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა მიიღონ.

    მიგრანტების ზოგიერთი კატეგორიისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, რომლებიც აშშ–ში მათმა მშობლებმა შეიყვანეს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისათვის ეს ვადები შეიძლება შემცირდეს.

    ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს აშშ–ს სამხრეთ საზღვარზე ოჯახების გაყოფის შესაჩერებლად.

    ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებით ბავშვები და ზრდასრულები, რომლებსაც მექსიკასთან აშშ–ს საზღვრის კვეთის დროს დააკავებდნენ, სასამართლომდე საიმიგრაციო ცენტებში რჩებოდნენ. შედეგად რამდენიმე ასეული ბავშვი მშობლებთან დააშორეს.

    იღბების რეჟიმი

    თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, გაპრეზიდენტების შემდეგ პირველივე დღეებში ბაიდენი გეგმავს პანდემიასთან ბრძოლის ახალი წესები გამოაცხადოს. მათ შორის იქნება ე.წ. “100 დღიანი ნიღბების გამოწვევა“ (“100 Day Masking Challenge”).  .

    “ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველა ფედერალური ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე შტატებს შორის საზღვრის კვეთისას“–აზუსტებს კლეინი.

    გამოსახლებების აკრძალვა და სტუდენტები

    ახალი პრეზიდენტი აპირებს განათლების დეპარტამენტს მიმართოს თხოვნით მორატორიუმი გააგრძელოს სტუდენტური სესხების გადახდაზე.

    გასული წლის გაზაფხულზე კორონავირუსთან დაკავშირებულ ზომების დამტკიცებისას აშშ–ს კონგრესმა გასცა დროებითი ნებართვა ამ სესხების არგადახდის შესახებ. ამ მორატორიუმის ვადა 2020 წლის დეკემბერში ამოიწურა. ახალი ადმინისტრაციის აზრით კი ვადა გაურკვეველი დროით უნდა გადაიწიოს.

    ბაიდენი ასევე აპირებს მორატორიუმის გაგრძელებას არენდატორების გამოსახლებაზე, რომლებიც პანდემიის გამო საცხოვრებლის ქირას ვეღარ იხდიან. დროებითი აკრძალვის ვადა ასეთ გამოსახლებებზე ასევე გასული წლის დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. საცხოვრებლის დაკარგვის წინაშე 14 მილიონამდე ამერიკელი აღმოჩნდა.

    ბაიდენი თვლის, რომ არგადამხდელთა გამოსახლების აკრძალვა მინიმუმ 2021 წლის სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

  • მელანია ტრამპი ამერიკელებს დაემშვიდობა. თეთრი სახლი ახალი ბინადრების დასახვედრად ემზადება

    ოთხშაბათს, ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ცოლი, ჯილი თეთრ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. აშშ–ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დამლაგებელთა მთელი არმია იმუშავებს  დონალდ ტრამპის და მისი გუნდის კვალის წასაშლელად რეზიდენციის როგორც სამუშაო, ისე საცხოვრებელ ფლიგელში. ადგილზე დარჩება მხოლოდ ის საგნები, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის: ავეჯი, ჭურჭელი, ნახატები. როგორც წესი, თეთრი სახლის ახალი ბინადარის დასახვედრად მზადება არჩევნების დასრულებისთანავე იწყება, თუმცა ამჯერად ეს პროცესი ბევრად გვიან დაიწყო, რადგან ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა დამარცხების აღიარებაზე.

    ამავე დროს, მელანია ტრამპმა, რომელიც ორ დღეში აშშ–ს პირველი ლედი აღარ იქნება, უკვე მიმართა ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით. ვიდეოში, რომელიც მან ტვიტერზე დადო ამბობს, რომ უკანასკნელი ოთხი წელი დაუვიწყარი იყო, საკუთარ სამუშაოს კი “მის ცხოვრებაში  უდიდესი პატივი უწოდა“. მან მოუწოდა ამერიკელებს არასოდეს მიმართონ ძალადობას, რომლის საშუალებით არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება და რომელსაც გამართლება არ აქვს.

    ამასთან, მელანიამ გადაწყვიტა არ გაიმეოროს დამკვიდრებული  მომავალი პირველი ლედისთვის საცხოვრებელი ოთახების გადაცემის შესახებ ტრადიცია. როგორც წესი, მიმავალი პირველი ლედი მის შემცვლელს პარკში და რეზიდენციის საცხოვრებელ ფლიგელში გასასეირნებლად იწვევს, რის შემდეგაც ისინი ჩაის სვამენ. 150 წლიან ტრადიციას დაარღვევს მისი ქმარიც. დონალდ ტრამპი არ აპირებს  ოთხშაბათს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწროს.

    A Farewell Message from First Lady Melania Trump pic.twitter.com/WfG1zg2mt4

    — Melania Trump (@FLOTUS) January 18, 2021

  • ამერიკელების 68%-ს არ სურს ტრამპი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს

    პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმიდან ორ კვირაში, არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცს დადებს. საზოგადოებრივი აზრის ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა „პიუ“, წარმავალი და მომავალი პრეზიდენტების შესახებ ამერიკელები გამოკითხა.

    გამოკითხულ ამომრჩეველთა 64% დადებითად აფასებს ჯო ბაიდენის ქცევას მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გამოკითხულთა უმრავლესობა, ასევე იწონებს ბაიდენის არჩევანს, საკუთარი მომავალი კაბინეტის დაკომპლექტებისას და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს.

    ამ ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს, პრეზიდენტობის განმავლობაში, საკუთარი პოზიტიური შეფასების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ტოვებს – 29%. ამასთან გამოკითხულთა უმრავლესობა, მის ქცევას არჩევნების შემდეგ მკვეთრად უარყოფითად აფასებს და ამგვარი შეფასებები მზარდია. მის მიმართ უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 68%-იდან, რაც მას ნოემბერში ჰქონდა, ახლა 76%-ია.

    პიუს კვლევითმა ცენტრმა, ახალი კვლევის ფარგლებში, 8-12 იანვრის მონაკვეთში 5 360 ზრდასრული ამერიკელი გამოკითხა. მათგან 4 040 აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა დიდ უმრავლესობას, არ სურს, დონალდ ტრამპი მთავარ პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს მას შემდეგ, რაც ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებს. 68% ფიქრობს, რომ ის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, მთავარ ეროვნული პოლიტიკური ფიგურა აღარ უნდა იყოს. მხოლოს 29%-ს მიაჩნია, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ის მნიშვნელოვან ფიგურად უნდა დარჩეს.

    ავტორიტეტული კვლევით ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საზოგადოების ორი მესამედი, 6 იანვარს მომხდარ ძალადობაში გარკვეულ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ტრამპს აკისრებს. 52 პროცენტი ამბობს, რომ ამ მოვლენებში მისი პასუხისმგებლობა დიდია. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი, 24% ფიქრობს, რომ მომხდარი პრეზიდენტ ტრამპის პასუხისმგებლობა არ არის.

    „პიუმ“ ამერიკელთა აზრი, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებაც მოისმინა. 13 იანვარს, წარმომადგენელტა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი „აშშ-ის ხელისუფლების მიმართ, ძალადობის წაქეზების“ ბრალდებით გამოუცხადა. გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება ქვეყნისთვის, თუ პრეზიდენტ ტრამპს დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებდნენ, მისი ვადის ამოწურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღის განმავლობაში კი პრეზიდენტის მოვალეობას, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეასრულებდა. 45%-ს კი მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი, თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე, 20 იანვრამდე უნდა დარჩეს.

    ჯო ბაიდენი

    ბაიდენი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, საზოგადოების პოზიტიური შეფასებით ზურგამაგრებული იკავებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% იწონებს ბაიდენის სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს – ამერიკელთა ამ ნაწილს მოსწონს არჩეული პრეზიდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

    შედარებისთვის: 2017 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 39% იწონებდა მაშინდელი მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამომავლო გეგმების შესახებ წარმოდგენილ ხედვებსა და განმარტებებს.

    იმავე საკითხში, 2009 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენ ბარაკ ობამას მოწონების რეიტინგი 70% იყო.

    ამერიკელთა 57% იწონებს ბაიდენის საკადრო პოლიტიკას – მომავალი კაბინეტის წევრების სერჩევისა და სხვა დაგეგმილი მაღალი დონის თანამდებობრივი დანიშვნების შესახებ. 46%-ს აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენი ფედერალური მთავრობის მუშაობას გააუმჯობესებს. 28% ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ბაიდენი არსებულ სიტუაციას გააუარესებს. 24%-ს კი მიაჩნია, რომ მას დიდი ეფექტი არ ექნება.

    დემოკრატებმა, თეთრ სახლთან ერთად, მოიგეს სენატის უკრავლესობაც. ამ ფონზე, ათიდან 6 დემოკრატი, 62% ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა, როგორც პრეზიდენტმა, უნდა სცადოს რესპუბლიკელ ლიდერებთან ერთად მუშაობა. „იმის მიუხედავად, გამოიწვევს თუ არა ეს იმედგაცრუებას მის ამომრჩევლებში.“

    კამალა ჰარისი

    ამერიკელების მოსაზრებები გაყოფილია არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიმართ. ის ისტორიას შექმნის – 20 იანვარს პირველი ქალი, შავკანიანი და ასევე აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

    გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარს მიაჩნია, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კვალიფიციურია პრეზიდენტად მსახურობისთვის. თითქმის ამდენივე საწინააღმდეგოდ ფიქრობს.

    საზოგადოების უმრავლესობა, 55% ელოდება, რომ მას ბაიდენის ადმინისტრაციაში საკმარისი რაოდენობის გავლენა ექნება. 36%-ს მიაჩნია რომ მას ძალიან დიდი გავლენა ექნება, 7% კი ფიქრობს, რომ მისი გავლენა ძალიან მცირე იქნება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “საქართველოში ტრამპის მსგავსი ოლიგარქი პოლიტიკიდან მიდის, თუმცა ეს ბევრს არ ჯერა“–Washington post

    გავლენიანი გამოცემა ვაშინგტონ პოსტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას სტატიას უძღვნის. “საქართველოში ტრამპის მსგავსი ოლიგარქი პოლიტიკიდან მიდის, თუმცა ეს ბევრს არ ჯერა“–ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ივანიშვილის ძალაუფლების ბუნებაზე და პოლიტიკიდან მის წასვლაზეა საუბარი:

    “თითქმის ათი წელია საქართველოს მისი საკუთარი ტრამპიანული ამბავი აქვს: მილიარდერი, რომელმაც პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა, რომელმაც ის ქვეყნის დეფაქტო მმარველად აქცია, რომელც შავი ზღვიდან კავკასიის ქედებამდეა გადაჭიმული.

    ახლა 64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს ტოვებს, რათა საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის გადაცემაზე კონცენტრირდეს.

    ეს შთამაგონებელი ნარატივია – განსაკუთრებით იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ებღაუჭებიან და იშვიათად მიდიან ნებაყოფლობით. დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ამის ბევრს არ ჯერა ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტებსა და რეგიონალურ პოლიტოლოგებს შორის.

    ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ მმართველობას კულისებიდან გააგრძელებს, რა გზითაც თავს აარიდებს პასუხისმგებლობას იმ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე და მიდრეკილებებზე, რაშიც მას ბრალს სულ უფრო და უფრო ხშირად დებენ.

    ივანიშვილის “ქართული ოცნების” კოალიციამ, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია და პარლამენტში სკამების დაკავებაზე უარს ამბობს.

    ბოლო დროს, ივანიშვილის მმართველობა აშშ–დანაც გააკრიტიკეს. ივანიშვილის, მოსკოვთან აქვს კავშირები, და ამავდროულად, იმ ქვეყანაშია, რომელსაც ნატოში შესვლის ამბიცია აქვს.

    ივანიშვილის ფულზე დაფუძნებული პოლიტიკა, რეგიონის სხვა ლიდერებისასაც ჰგავს. ბოლო 12 თვის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განსაკუთრებით გააქტიურდა, რომ მისი გავლენები 2036 წლამდე გახანგრძლივდეს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ მან აგვისტოს არჩევნები, რომელიც რეალურად გაყალბდა, მოიგო.

    ეს ყველაფერი, შეიძლება შევადაროთ დონალდ ტრამპსაც, რომელიც ახლაც ზრუნავს თავის პოლიტიკურ მომავალზე. ოთხშაბათს მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სულაც არ ეხმიანება, იმ პოლიტიკურ სილას, რომელიც გააწნეს.

    ორშაბათს, განდეგილმა და თვალსმოფარებულმა ივანიშვილმა, თავისი პერსონალური ფრაზებით წერილი გამოაქვეყნა სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან გადის.

    “როგორც ცალკეული ინდივიდი, მე ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები, არჩევნებში ხმას მივცემ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს იქნება ჩემი სამოქალაქო გარჯა” – ამბობს ივანიშვილი.

    რეგიონის ანალიტიკოსებს და ქართველ პოლიტიკოსებს, ივანიშვილის გულწრფელობის იმედი არ აქვთ. მან 2013 წელსაც დატოვა პრემიერის პოსტი და ანალოგიურად იფიცებდა, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა, მიუხედავად ამისა, 2018 წელს “ქართული ოცნების” უფროსად დაბრუნდა.

    “არ არსებობს არანაირი დასაყრდენი, იმის დასაჯერებლად, რომ ახლა განსხვავებულად იქნება რამე, მისი საზოგადოება მართვის სადავეებში მთავარ პოზიციებზე რჩება და ვერავინ აუკრძალავს მას თავის როლში ყოფნას ” – თქვა ქართველმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.

    ივანიშვილმა 2013 წელს, თქვა, რომ ის თავის “ოცნებას” არაოფიციალურად ფინანსურად მხარს დაუჭერდა და რჩევებსაც მისცემდა. ახლა კი ამბობს, რომ საქმე სრულიად სხვაგვარადაა და თუ მის არყოფნაში “ოცნებას” გაუჭირდა, ის არ ჩაერევა. ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით, ქართველებს განუცხადა, რომ მას ბოლოჯერ უსმენდნენ.

    საქართველოში, ბოლო ათწლეულის ყველაზე მდიდარი და გავლენებით ძლიერი ივანიშვილი ცდილობდა საზოგადოების თვალს ნაკლებ მოხვედროდა, ინტერვიუებსაც და საჯარო გამოსვლებსაც ერიდებოდა.

    გამოცემა “ფორბსზე” დაყრდნობით, მისი ქონება 4.8 მილიარდი დოლარია, რაც თავისი ბანკით და პოსტ–საბჭოტა რუსეთში ადრეულ 90–იანებში დააგროვა. ის 108,000 კვ.მ. -ის ფართობის შუშის კომპლექსში ცხოვრობს და მთებში ჩაფლული საქართველოს დედაქალაქს, თბილისს გადაჰყურებს. მის უზარმაზარი ხელოვნების კომპლექტში, პიკასოს და მონეს ნამუშევრები შედის.

    ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ ის თავისი მატერიალური ქონების 90%–ს, რაც 1.5 მილიარდია, უფორმებს იმ “ქართუ ბანკის” საქველმოქმედო ფონდს, რომელიც თავადვე დააარსა 1995 წელს, საქართველოს “გაუმჯობესების” მიზნით.

    “200 მილიონ დოლარს ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ვიტოვებ, შვილები ძალიან გონიერი მყავს და ვიცი თუ დაჭირდებათ, თავისით გამოიმუშავებენ” – თქვა ივანიშვილმა

    მისი პოლიტიკიდან წასვლა, სწორედ იმ დროს დაემთხვა, როცა ის მჭიდრო პოლიტიკური დაკვირვების ქვეშ იყო.

    ევროპის უსაფრთხოების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ოქტომბრის არჩევნები აგრესიული ჩარევებით და ამომრჩეველზე ზეწოლით ჩატარდა.

    გასულ 12 თვეში, 6–მა კანონმდებელმა აშშ–დან, პრემიერ გიორგი გახარიას მიმართა, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკან ხევდა, მათ შორის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმით, რომლებიც მაგალითად საარჩევნო რეფორმას ითხოვდნენ.

    შემდეგ, სხვა აშშ–ის კონგრესის წევრებსა და მაიკ პომპეოს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” საქართველოში ანტი–ამერიკულ კამპანიას ატარებდა – ქვეყნიდან აძევებდა ამერიკულ კომპანიებს”, რაც ივანიშვილის რუსეთთან კავშირებით იყო მოტივირებული და ნაკარნახევი, იმის მიუხედავად რომ ივანიშვილი უარყოფს კრემლთან კავშირებს.

    ივანიშვილის მთავარმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ “ივანიშვილმა იგრძნო რომ მას ძირი გამოეთხარა და ამ რყევას გრძნობს ის თავად, რადგან ქართველების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მან არჩევნები მოიპარა”.

    “ვიცი, ის გააგრძელებს კულისებს მიღმიდან მართვას, მშვენივრადაა ამას შეჩვეული, თუმცა, ამჯერად გასხვავებულად” – თქვა ასევე მიხეილ სააკაშვილმა.

    მიხეილს სააკაშვილი, “ქართული ოცნებისგან” ძებნილადაც იყო გამოცხადებული, მის არ ყოფნაში, პატიმრობა ორჯერ მიუსაჯეს. იყო ბრალდებაც, რომ ის თავისი პრეზიდენტობის დროს, ოპოზიციონერებს დაესხა თავს. – ამას თავად სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

    ამასობაში კი, “ქართული ოცნების” კრიტიკოსები მათზე ამბობენ, რომ “ოცნებამ” ყველა შტოზე მოახერხა თითქმის სრული გავლენისა და მართვის სადავეების მოპოვება. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს,  “ნაციონალურმა მოძრაობამ”  ამ არჩევნებში ხმების 27% მოიპოვა.

    ბიძინა ივანიშვილი კი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში წერდა, რომ ის წუხდა, საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიციის ვერ ჩამოყალიბების გამო.

    “პარლამენტში ერთი ძალა დომინირებს, ოპოზიცია თითქმის არ არსებობს, რაც არაჯანსაღია. თუმცა, ამ ერთმა ძალამ, არჩევნებში ხმების 48% მოიპოვა, არ ვთვლი რომ ეს ევროპული ერებისთვის ტრაგედიაა” –ფიქრობს ივანიშვილი.

    მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა “ქართული ოცნება” 42 წლის, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გადააბარა, მაინც ბუნდოვანია, როგორ იარსებებს პარტია, ივანიშვილის გარეშე.

    საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, რომელმაც საარჩევნოდ გაყალბება და დარღვევები გამოავლინა,  თქვა, რომ ” ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნება” და “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილი”.

    თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის გულით პოლიტიკოსი არ არის და ეს “პენსიაზე გასვლა” დაიმსახურა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯერა მისი.

    “ჩემი პოლიტიკაში მოსვლა საჭიროება იყო, მიყვარს ჩაკეტილი ცხოვრება და სრულიად გახარებული ვარ, რომ პოლიტიკიდან მივდივარ. მიხარია ისიც, რომ ვიყავი ისეთ პოზიციაში, საიდანაც ჩემს ერში ცვლილებების შეტანა შემეძლო, რაც მე აქ ვარ, საქართველო უნიკალური ერი გახდა და ამით ვარ კმაყოფილი” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.“– წერია სტატიაში.

  • Home Alone-დან ტრამპის ამოჭრის იდეას მაკოლეი კალკინიც იზიარებს

    ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმის, „მარტოს სახლში “ მთავარი როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი სოციალურ ქსელში პეტიციის იდეას გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ფილმის მე-2 ნაწილიდან  დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას ითხოვენ.

    ტვიტერზე ერთმა მომხმარებელმა მოითხოვა, რომ ფილმის მარტო სახლში მეორე ნაწილში “დონალდ ტრამპი 40 წლის მაკოლეი კალკინით ჩაანაცვლონ”. მაკოლეი კალკინი ამ მოწოდებას ერთი სიტყვით გამოეხმაურა: “მიღებულია”.

    აღსანიშნავია, რომ სასტუმროს, რომელშიც აღნიშნული სცენაა გადაღებული, იმ დროს სწორედ დონალდ ტრამპი ფლობდა.დონალდ ტრამპი ფილმში სულ რამდენიმე წამით ჩნდება. ცნობისთვის.

    ცნობისთვის, 7 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ფილმიდან ტრამპის კადრის ამოღების შესახებ პეტიცია სწორედ  ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიქმნა.
  • აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ახლა გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს

     

    ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერთა ძალადობრივი შეჭრის წახალისების ბრალდების გამო აშშ-ის მიმავალ პერზიდენტ დონალდ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. ამ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტს მხარი 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა, რაც დემოკრატების ხმებთან ერთად საკმარისია იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. სულ პრეზიდენტის იმპიჩმენტს 232-მა კონგრესმენმა მისცა ხმა. წინააღმდეგი კი – 197 კონგრესმენი იყო.

    შეერთებული შტატების კონგრესის მთავარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ზუსტად 1 კვირის წინ შეიჭრნენ და კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესს ხელი შეუშალეს. თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი – პოლიციის ოფიცერი. კანონმდებლები პრეზიდენტს ძალადობრივი თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის მიზეზად თავდასხმამდე დემონსტრანტების წინაშე გაკეთებულ განცხადებებს მიიჩნევენ. შტურმს წინ უძღვოდა დონალდ ტრამპის მიმართვა მისი მხარდამჭერებისადმი საპროტესტო აქციაზე. სწორედ ტრამპმა მოუწოდა მათ ვაშინგტონის ცენტრიდან კაპიტოლიუმის შენობისკენ წასულიყვნენ, სადაც არჩევნების შედეგების დამოწმების პროცედურა მიმდინარეობდა.

    კაპიტოლიუმის შტურმს მეორე დღესვე მოჰყვა ტრამპის იმპიჩმენტისკენ მოწოდებები, მიუხედავად იმისა, რომ მას უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება.  სწორედ ამ მოწოდებით დარეგისტრირდა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში – “აჯანყებისკენ მოწოდება ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ”.

    კანონპროექტის დარეგისტრირებამდე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კონგრესმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენების და ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა, თუმცა რესპუბლიკელმა ვიცეპრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი პალატის თავმჯდომარისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა.

    წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტისთვის კენჭის ყრის პარალელურად, სენატის უმრავლესობის ლიდერი, უარს აცხადებს სენატში სხდომის ჩანიშვნაზე იმპიჩმენტის პროცესის გასამართად.

    ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს თანამდებობიდან არ გადააყენებენ, მისი ვადის ამოწურვამდე მომავალ კვირას.

    სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის პრესსპიკერმა, „ტვიტერზე“ დაადასტურა, „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაკკონელმა, სენატის უმცირესობის ლიდერ ჩაკ შუმერს აცნობა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის შემდეგ, არ სურს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, საგანგებო სესიის გამართვა.

    წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის მიღების შემდეგ, კანონპროექტი სენატს უნდა გადაეგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის სენატს დაუყოვნებლივ გადაეგზავნა, რესპუბლიკელების უმრავლესობით მართულ ზედა პალატაში კანონპროექტი, უდიდესი ალბათობით, ჩავარდება.

    სენატი მუშაობას 19 იანვარს გააგრძელებს, ბაიდენის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ რამდენიმე დღეში სენატში უმრავლესობა დემოკრატებს ექნებათ, რადგან ჯორჯიას შტატის ორივე ოლქში გამართულ მეორე ტურში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

    შესაბამისად, დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატში იმპიჩმენტის პროექტის მიღების შემდეგ, საქმის არსებითი განხილვა (trial) დაიწყება. დასასრულს, სენატმა, კენჭისყრის გზით, უნდა გადაწყვიტოს, გაამართლებს, თუ გაამტყუნებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს. წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით, სადაც იმპიჩმენტის კანონპროექტის გატანას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, გამამტყუნებელ განაჩენს სენატის სრული შემადგენლობის 2/3-ზე მეტი მხარდაჭერა დასჭირდება.

    სენატის მხრიდან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა შესაძლოა აშშ-ის კანონმდებლობით ყოფილი პრეზიდენტებისთვის გათვალისწინებული ყველა პრივილეგია დაკარგოს, ისევე როგორც, ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება.

    ვაშინგტონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და ინაუგურაციამდე 1 კვირით ადრე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

     

  • კაპიტოლიუმში, სადაც ტრამპის იმპიჩმენტს განიხილავენ, ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

    აშშ-ში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. კონგრესის შენობაში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.

    კოლუმბიის ოლქის ეროვნული გვარდიის მაიორმა, რენე ლიმ განაცხადა, რომ სამხედროების მობილიზება უსაფრთხოებისთვის გახდა საჭირო.

    “ეროვნული გვარდია აქ არის, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ჩვენი თანამემამულე ამერიკელების უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – თქვა რენე ლიმ.

    შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და კონგრესის სხდომის ჩაშლა სცადეს, სადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ.