აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსში, რომლითაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეტანა–გატანისა და გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – სამუდამო პატიმრობა და განსაკუთრებული ზომის სახთი სიკვდილით დასჯა დააკანონეს.
კანონპროექტის ინიციატორი ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი დრაბია.
ე.წ. კანონმდებლებმა კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის მაისში სოხუმის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს – კემალ ოსმანოვს, დიმიტრი ნესტერნეს და ელდარ მამედოვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. აქედან ერთს 15 წელი, მეორეს 18, მესამეს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ადვოკატებმა კოდექსის ჩანაწერები გამოიყენეს და საკასაციო კოლეგიამ მათ მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქა.
ე.წ. დეპუტატმა, ვალერი აგრბამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ შეუძლებელი იქნება გასაღების მიზნით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის დანაშაულის შემსუბუქება.
აფხაზეთში სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ზომა დღემდე არსებობს, თუმცა 2007 წლიდან აფხაზეთში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი მოქმედებს.
კანონპროექტი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი ნორმები კი ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.
Leave a Reply