Blog

  • მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესეს

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

    იუსტიციის საბჭოს მდივანს განაცხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც ჰქონდა შეტანილი, თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭომ მიქაუტაძე  საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გაამწესა.

    კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს დასრულდება. საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატის განაცხადია შესული.

  • 25 მაისიდან ჭიათურაში შიმშილობის დაწყებას ქალებიც გეგმავენ

    ჭიათურაში გაფიცვა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. ქალაქში ყველა მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. 

    25 მაისიდან ჭიათურაში შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ -ამის შესახებ აქციის მონაწილე ქალბატონებმა განაცხადეს.

    ერთ-ერთი ქალის თქმით,  თუ  „ჯორჯიან მანგანეზი“ დღეს საღამომდე არ დადებს პირობას, რომ  მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ,  შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ. მაღაროელების აქციაზე საღამოს ბაზრობაზე დასაქმებულებიც მივიდნენ, მანამდე კი პროტესტს ტაქსის და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ. 

    “ჩვენც დავსხდებით აქ, ქალები. ჩვენი გულისთვის რატომ უნდა იყვნენ ესენი მარტო, ვიქნებით აქ, ვიშიმშილებთ. ისიამოვნოს ჩვენმა მთავრობამ და „ჯორჯიან მანგანეზმის“ ხელნძღვანელობამ, ან დააკმაყოფილონ მოთხოვნები, ან წავიდნენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

    სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული.  ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

  • მე არ ვიცი „არკო“, „მარკო“ და „პარკო” – კალაძის პასუხი ოპოზიციას

    თბილისის მერი კახი კალაძე საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც, მერიამ შპს „არკოს“ 4000 კვ.მ.-ის სატყეო ფართობის სანაცვლოდ, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 37 ათასი კვ.მ. მისცა. კალაძის განცხადებით, ადგილმონაცვლეობას მერია ტერიტორიის საფასურის მიხედვით აკეთებს.

    „ადგილმონაცვლეობისას ტერიტორიების შეფასებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან აკრედიტებული ბიუროები აკეთებენ.მე არ ვიცი ზუსტად „არკო“, „მარკო“ და „პარკო”. გეტყვით იმას, რომ მონაცვლეობა ხდება ძალიან მარტივი სქემით. ხდება შეფასება სამხარაულის მიერ, ან დიდი ოთხეულიდან, ან აკრედიტებული ბიუროებიდან და ფასების მიხედვით ხდება მონაცვლეობა. შეიძლება იყოს 100 კვადრატული მეტრი ვაკეში, რუსთაველზე და პირობითად, მისი ღირებულება 1000 ლარი იყოს, ასევე იყოს 500 კვ.მ. გლდანში და მისი ფასი იყოს გაცილებით ნაკლები“, – განაცხადა კახი კალაძემ.

    რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მეორე ბრალდებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია გზების გასაკეთებლად პროცენტიან სესხს იღებს კომერციული ბანკებიდან. კალაძე ამბობს, რომ სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის მიწოდება ვერ ხდება, მერია ხსნის საკრედიტო ხაზს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდეს.

  • “ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა ილჰამ ალიევს”- ნათელაშვილი

    “ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა ილჰამ ალიევს”- „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.  

    ნათელაშვილი მოითხოვს, შეწყდეს დელიმიტაციის პროცესი, სანამ პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერთვება.

    “ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ოლიგარქ ილჰამ ალიევს.

    გაცხარებული ტემპებით მიდის ამ წუთშიც მუშაობა, რათა ეს ქართული უძველესი სიწმინდე საბოლოოდ იქნა ოკუპირებული. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიშალოს ე.წ. მოღალატეობრივი დელიმიტაციის კომისია, შეწყდეს, ყოველგვარი მოლაპარაკებები, სანამ ფორმატში არ ჩაერთვება ევროკავშირი და აშშ, შესაბამისი წერილები გაგზავნილია,“-აცხადებს ნათელაშვილი.

  • რამოსმა შესაძლოა რეალი ზაფხულში დატოვოს – პრობლემები მადრიდულ კლუბში

    გავლენიანი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის რეალის კაპიტანი ზაფხულში რეალის დატოვებას გეგმავს.

    სერხიო რამოსის წასვლის მიზეზი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კონფლიქტია. აიაქსთან წაგებული 1/8 ფინალური დუელის შემდეგ გასახდელში გუნდის კაპიტანსა და კლუბის მეპატრონეს შორის შელაპარაკება მოხდა.

    როგორც გაირკვა რამოსს უკვე აქვს არაერთი შემოთავაზება ევროპული კლუბებიდან. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესპანელი.

  • გადააყენებენ თუ არა ხვალ თანამდებობიდან გვარამიას.სამთავრობო ანალიტიკოსი შესაძლო სცენარზე წერს

    სახელისუფლო ანალიტიკოსი, გია აბაშიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იმ შესაძლო სცენარზე წერს, რომელიც ხვალ ტელეკომპანია რუსთავი2-ში შეიძლება განვითარდეს.

    “როგორც შევიტყვე, ხვალ, 25 მაისს, “რუსთავი2”-ის პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება. არსებული კანონმდებლობით კი, ეს, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ასევე ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც…

    მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება. შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა – განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ – განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი “ფუი ეშმაკს!” 🙂
    ექს-პროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის თუ რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე თუკი ბრალდება დამტკიცდა.
    რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია – ამოცანაა ფინანსებისაგან დაცლილი ტელეკომპანია ადრე თუ გვიან დახვდეს ქიბარ ხალვაშს…
    დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო ‘განვეშორების’ შეძახილს “ერორის” პარტნიორთა კრებაზე…“– წერს გია აბაშიძე.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. ნიჟარაძის ადვოკატმა მოთხოვნები ბრიფინგზე გაახმოვანა. ნიჟარაძე რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.

    ყავლაშვილის განცხადებით, თუ მოხდება არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ სასამართლოდან სარჩელს უკან გაიწვევენ. ნიჟარაძის მხარეს აინტერესებს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და პარტნიორების პოზიცია მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

    „შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, არბიტრაჟში დავის გადატანა,. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების გადაცემა მსოფლიოში წამყვანი 4 აუდიტორული კომპანიისთვის, სხვადასხვა შესაბამისი საკითხებით და წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს,“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

    სამაუწყებლო კომპანია რ2-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ ამავე ტელეკომპანიის, მისი სხვა მფლობელების, ნიკა გვარამიას და გაყიდვების სახლის, ინტერმედიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა რამდენიმე კვირის წინ წამოიწყო. ის ზიანის ანაზღაურების სახით ათეულობით მილიონ ლარს ითხოვს, რომლის დიდი ნაწილი მისი მოთხოვნით ტელეკომპანიის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს.

  • “ტერეზა მეის დაუღალავი ძალისხმევისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ”-დევიდ კამერონი

    დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ტერეზა მეის გადადგომას ტვიტერზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. 

    კამერონმა ტვიტერზე მეის  სიტყვით გამოსვლას ძლიერი და გაბედული უწოდა.

    “ტერეზა მეი მართალია, რომ კომპრომისი ბინძური სიტყვა არაა და დაუღალავი ძალისხმევისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. ვიცი, რამდენად მტკივნეულია გააზრება იმისა, რომ შენი დრო ამოიწურა და ახალი ლიდერია საჭირო. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო —იმედი მაქვს, რომ კომპრომისის სულისკვეთება გაგრძელდება”.

    ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პოსტს 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს.ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მან დღეს განაცხადა.

    კამერონი 2016 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც რეფერენდუმზე მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

  • მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

    ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. ცოტა ხანში კენჭი უნდა უყარონ საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს. კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს სრულდება.

    კონკურსში მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი იღებდა. მათ ინსტანციის შეცვლა სურდათ, თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე ოთხივე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გიორგი მიქაუტაძეს განაცხადი შეტანილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის კანდიდატურას ხსნის.

    კანდიდატებს შორის იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე, რომელსაც სურდა, რომ მეორე ინსტანციაზე გადაენაცვლებინა. მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოს კი თბილისიდან ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოში უნდოდა გადასვლა. რევაზ ნადარაიას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, სურდა, რომ ჩამოქვეითებულიყო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამხდარიყო.

    კონკურსის გაჭიანურებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ამ საკითხზე განმარტება გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

    „კონკურსი როდესაც დაიწყო, საბჭოს ჰყავდა თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც დატოვა თანამდებობა. ამის შემდეგ გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა, რომელიც ობიექტურად იწვევდა კონკურსის გაჭიანურებას და ეს არ იყო ხელოვნური პროცესები. ამასთან ერთად, ზუსტად ის წევრები, რომლებიც საყვედურს გამოთქვამენ, რომ რატომ გაჭიანურდა კონკურსი, მუდმივ რეჟიმში ცდილობდნენ, ყველანაირი ხერხით შეეფერხებინათ კონკურსი და საჯარო მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ კონკურსი უნდა შეჩერდეს, შეფერხდეს, თუმცა როდესაც დასჭირდათ, რომ სხვაგვარად გამოიყენონ ეს სიტუაცია, პრეტენზიებს გამოთქვამენ, რატომ გაჭიანურდა პროცესი. ასეთი მიდგომა არასერიოზულია,“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    კონკურსთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი კლანის წევრების გადალაგებას ემსახურება და არა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას.

    „ის, რომ პროცედურა, რასაც ჰქვია კონკურსი, უნდა ემსახურებოდეს ახალი კვალიფიციური კადრების შედინებას სასამართლო სისტემაში, რეალურ და სამართლიან შეჯიბრს, სინამდვილეში ის ემსახურება საბჭოს წევრი, კლანის წევრი, მოსამართლე წევრების ჭადრაკის დაფაზე გადასალაგებლად, ალბათ, იმისთვის, რომ მათ უკეთესად აკონტროლონ სასამართლო სისტემა. მათ უნდა ჰკითხოთ, ალბათ, ერთ მომენტში დროის ერთ მონაკვეთში როგორ მოინდომა კლანის წევრების უმეტესობამ ახალ თანამდებობაზე გადასვლა, როგორ მოხდა, რომ საბჭო ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

  • ტოჩინოშინს გადამწყვეტი გამარჯვება გაუუქმეს – გაუგებარი გადაწყვეტილება შიმპანების მხრიდან

    დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს რიგით მე-13 სატურნირო დღეს ტურნირის ორი ფავორიტი ქართველი ”ტოჩინოშინი” და იაპონელი ასანოიამა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ბრძოლა ერთი შეხედვით ქართველი გოლიათის დომინაციით წარიმართა და მეტოქეც დოჰიოს კიდესთან დაანარცხა მიწაზე, თუმცა ამის შემდეგ დოჰიოზე შიმპანები (სუმოს მსაჯები) ამოვიდნენ და რამდენიმეწუთიანი მსჯელობის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადეს, რომ ორთაბრძოლის მსაჯმა ტამაჯირომ გამარჯვება არასწორად მიაკუთვნა ტოჩინოშინს და მოგება ასანოიამას ჩაუთვალეს.