Blog

  • სექსუალური შევიწროების საქმე- ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია კოლეგისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

    „მოვითხოვთ შეუჩერდეს უფლებამოსილება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს“, – ეს განცხადება, დღეს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა გააკეთეს.

    ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამავე დროს  საკრებულოს წევრია.

    ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. მოთხოვნა დღეს ბათუმის საკრებულოში არ დაკმაყოფილდა.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

    მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა.

    უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი სტუდენტის ბრალდებას უარყოფს.

  • საქართველოში გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს ფარულად უსმენდნენ -IDFI

    ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიყურადების ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები სამჯერ არის გაზრდილი. 

    ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

    2015 წელს სასამართლოს საგამოძიებო უწყებებიდან ფარული მოსმენა-მიყურადების მიზნით მიმართეს 2719-ჯერ, 2018 წელს კი 9606-ჯერ. აღნიშნული მოთხოვნების 97 პროცენტი კი მოსამართლემ დააკმაყოფილა.

    რაც შეეხება  სატელეფონო მიყურადების მონაცემებს,  2018 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, ორჯერ არის გაზრდილი სატელეფონო მიყურადებაზე სასამართლოში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობები – 93 პროცენტი დააკმაყოფილა მოსამართლემ.

    თუ რა ტიპის დანაშაულზე ითხოვენ საგამოძიებო უწყებები ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე თანხმობას, ამასთან დაკავშირებით IDFI-ის თანახმად, მოყვანილია რამდენიმე ტიპის დანაშაული, მათ შორის, თაღლითობა, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ქრთამის აღება და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება.

    2018 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ არის გაზრდილი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოში განხილული შუამდგომლობები.

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ სასამართლო მარტივად გასცემს ამ შუამდგომლობებს.

    „საკმაოდ გაზრდილი არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები 2015 წლიდან. კერძოდ, თუ 2015 წელს ჩვენ გვქონდა 2700 ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებული, 2018 წელს ეს საკმაოდ გაზრდილი არის და წარმოადგენს 9600-ს ანუ ზრდა საკმაოდ საგრძნობი არის. ამ სტატისტიკაში განსაკუთრებით აღსანიშნავი არის სატელეფონო მიყურადების სტატისტიკა… ეს სტატისტიკაც საკმაოდ გაზრდილი არის ბოლო წლების განმავლობაში და ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ გაზრდილი არის სასამართლოში ფარული მიყურადების დაკმაყოფილება,“ – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

  • ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგა

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა. მან განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, ცოტა ხნის  წინ გააკეთა.

    მიზეზად ტერეზა მეი  ბრექსიტის პროცესის წარუმატებლობას ასახელებს.ის თავის მოვალეობას 7 ივნისამდე შეასრულებს. ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად 2016 წლის 13 ივლისიდან დაინიშნა.

  • თბილისში სახლის აივანი და სახურავი ჩამოინგრა

    თბილისში, საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ჩამოინგრა.შემთხვევაკრწანისის რაიონში, ყავლაშვილის 10 ნომერში მოხდა.  შემთვევის შედეგად 3 ოჯახი უბინაოდ დარჩა. ადგილზე კრწანისის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გამგეობის ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.

    მოსახლეობის განცხადებით, მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიც ცუდ დღეშია და არ არის გამორიცხული, ნგრევა ისევ განმეორდეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • დააკავებენ თუ არა მოკლული ბავშვის მამას-არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო

    შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    როგორც ცნობილი გახდა, დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დაღუპული ბავშვის მამას პატიმრობა ემუქრება.

    22 მაისს სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის, ბავშვის 16 წლის დედა დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

    მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ეს  მუხლი13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • კადრები დავით გარეჯიდან – ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით მუშაობენ

    ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც დილიდან შეუჩერებლად მუშაობს.  დავით გარეჯიდან “რუსთავი 2-მა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს რომ  მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. 

    მომლოცველებს და ადგილობრივებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ტერიტორია დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც.

    ბაქოში დღეს სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეებმა საზღვრის ამ დრომდე შეუთანხმებელ მონაკვეთზე უნდა იმსჯელონ.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 31 000 ლარს აღემატება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

  • “ზოგიერთი მგზავრი პანიკაში ჩავარდა”-ბათუმის აეროპორტში თელა-ვივის რეისი დაგვიანებით დაეშვა

    ისრაელის ავიაკომპანია “El Al”-ის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 7 საათის დაგვიანებით დაჯდა. თვითმფრინავი  გამოფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში.

    გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დაშვების მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გადახურება გახდა.

    „აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვითარება კრიტიკულია და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაბრუნდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბორტზე ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ზოგიერთი მგზავრი პანიკაში ჩავარდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ავარიული დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავის გაფუჭება გახდა,”-ამბობს მგზავრი ესთერ აიზენბერგერი.

    თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

  • 1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს

    1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

    „წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით განსხვავებულად დაიწყო. ქვეწარმავლის გამოღვიძებას და გააქტიურებას, ბუნებრივი ციკლის სწორად წარმართვას შესაფერისი ამინდი სჭირდება, რაც გამოიხატება მზიანი დღეების სიმრავლით და წვიმიანი ამინდების სიმცირით. შარშან აპრილის თვე შედარებით თბილი იყო, წელს ციოდა, რის გამოც, ქვეწარმავალმა გვიან გაიღვიძა. თუმცა, ახლა უკვე სიტუაცია ნელ-ნელა ბალანსდება. 15 მაისიდან გამოძახებები გააქტიურდა, რაც ქვეწარმავლების რაოდენობის ზრდით გამოიხატა. რაც შეეხება სტატისტიკას, შარშან აპრილში 15 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს – 16. თუმცა, რადიკალური სხვაობაა მაისში, როცა ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა იყოს. 2018 წელს მაისში 140 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს, 17 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ – 28, როცა ამ დროისთვის მინიმუმ 70-80 უნდა ყოფილიყო დაჭერილი. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად არის შემოსული შეტყობინებები, რადიკალურად განსხვავებული წერტილები არ არის. შესაძლებელია 5-6 გამოძახებით მეტი იყოს გარეუბნებში, რომელიც ბუნებრივ არეალთან ახლოს არის, თუმცა, მკვეთრი განსხვავება უბნებს შორის ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ზანდუკელმა სააგენტოსთან. 

    ზანდუკელის განცხადებით, შხამიანი გველის გამოჩენის ალბათობა მაღალია, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. მისი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით, 26 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა.