Blog
-
“ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია,რომ ამაში არ ვმონაწილეობ“–მარგველაშვილი პოლიტიკურ პროცესებზე
“თანამედროვე მიმდინარე პოლიტიკას რომ ვაკვირდები, ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“.– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როცა დღევანდელ პრეზიდენტს ფაქტიურად ორი სასახლე აქვს, მას კი სასახლის გამო მთელი ხელისუფლება დაუპირისპირდა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: “გინდ ორი იყოს, გინდ 22 , არც მაინტერესებს“.გიორგი მარგველაშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოშორდა. ერთადერთი კომენტარი მთაწმინდის არჩევნების დღეს გააკეთა, როცა ხმის მისაცემად მივიდა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ერთფეროვანი ჭაობი უწოდა.ის დღეს ჯიპაში სტუდენტებს ლექციებს უკითხავს და პოლიტიკას მხოლოდ თერიულად, სტუდენტებთან განიხილავს, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებულ ამბებს. მის სალექციო კურსს პოლიტიკა ჰქვია.ერთადერთი კომენტარი პოლიტიკური პროცესის შესახებ ასეთია:“დღეს ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვიღაც მესამეა. და ნაციონალური მოძრაობისთვისაც მთავარი კონკურენტი ვიღაც მესამეა.ორივეს აქვს შესაძლებლობა, როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება, გაანადგუროს ეს ნერგი.“– ამბობს გიორგი მარგველაშვილი. -
მადონას კიდევ ერთი ახალი კლიპი ახალი ალბომის გამოშვებამდე
გამოვიდა მადონას კიდევ ერთი ახალი კლიპი Crave, რომელიც მომღერალმა რეპერ Swae Lee–სთან ერთად ჩაწერა. ვიდეო მოგვიანებით მადონას ახალი ალბომის – Madam x –ის ნაწილი გახდება. კლიპის სიუჟეტში პოპ ვარსკვლავი სასიყვარულო წერილებს წერს ახალგაზრდა შეყვარებულს და მათ საფოსტო მტრედებით უგზავნის. კლიპი, ისევე როგორც მადონას სხვა ვიდეოები დახვეწილი ქორეოგრაფიით გამოირჩევა. მადონას ახალი ალბომი 14 ივნისს გამოვა. ალბომი 13 ახალი კომპოზიცია შევა, მათ შორის ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი სიმღერები.
ცოტა ხნის წინ მადონამ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კლიპი გამოუშვა, რომელიც ამავე ალბომში შევა. ვიდეოს სახელწოდებაა Medellín – კოლუმბიური ქალაქის სახელი. მასთან ერთად კლიპში კოლუმბიელი მომღერალი მალუმი მონაწილეობს. ეს ალბომი მომღერლის კარიერაში რიგით 14–ეა. მადონა ამბობს, რომ მისი ახალი მუსიკის შთაგონების წყარო ლისაბონი იყო და მისი ალბომი სწორედ ლისაბონში დაიბადა. “ლისაბონში ჩემი ტომი და არაჩვეულებრივი მუსიკოსების ჯადოსნური სამყარო ვიპოვნე, რომლებმაც ჩემი რწმენა გაამყარეს იმის შესახებ, რომ მუსიკა მთელ მსოფლიოს აკავშირებს და სამყაროს სულია. “ – ამბობს პოპ მომღერალი.
-
ვინ შეცვლის ტერეზა მეის.ბრიტანეთის პრემიერი შესაძლოა ბორის ჯონსონი გახდეს
24 მაისს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს თანამდებობიდან წავა. მისი შემცვლელი მმართველი კონსერვატიული პარტიდან უნდა მოიძებნოს. საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 2022 წელს არის.კონსერვატორებს უნდათ ახალი ლიდერი პარტიის ყოველწლიურ კონფერენციამდე აირჩიონ, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება.შიდაპარტიული გამოკითხვებით ლიდერობს ლონდონის ყოფილი მერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი , თუმცა მას პარტის შიგნით მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს.კონსერვატორებმა ბრექსითით გახლეჩილი პარტია უნდა შეადუღაბონ, ჯონსონი კი კომპრომისების დიდოსტატი ნამდვილად არ გახლავთ.ბორის ჯონსონს თანაპარტიელების 32.4% უჭერ მხარს. ამდენივე პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს დანარჩენ 15 კანდიდატს ერთად აღებულს. თუმცა ჯონსონს პრემიერ მინისტრის პოსტი ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს. ის პარტიის რეიტინგის ლიდერი 2016 წელსაც იყო, თუმცა საკუთარი კანდიდატურა შიდაინტრიგების გამო არც კი წამოაყენა და პრემიერი ტერეზა მეი გახდა. ჯონსონი ერთ–ერთი მთავარია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა წყალობით ბრექსითი საერთოდ შესაძლებელი გახდა.
მას შემდეგ, რაც პრემიერობა ტერეზა მეის დაუთმო, ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. თუმცა, ამ როლისთვის არასაკმარისად დიპლომატიური იყო.ის ევროკავშირს ადანაშაულებდა, რომ ბრიუსელის პოლიტიკამ უკრაინაში ომი გამოიწვია, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ურჩხულს უწოდებდა, რუსეთის პრეზიდენტს კი ელფ დობის ადარებდა ჰარი პოტერიდან. ასეთმა კარიერამ ლოგიკურად თანამდებობიდან მისი წასვლა გამოიწვია. ჯონსონმა პოსტი ევროკავშირთან მისი აზრით “ძალიან მსუბუქი შეთანხმების გამო“ დატოვა, არადა ეს შეთანხმება მისმა პარტიამ მოამზადა.ბოლო თვეებში ჯონსონი შეიძლება ითქვას სათადარიგო სკამზე მჯდომი დეპუტატი იყო. ის დაუნდობლად აკრიტიკებდა ტერეზა მეის და მუდმივად ვარდებოდა უხერხულ სიტუაციებში. მაგალითად, 3 მაისს განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მისცა ხმა, არადა მის ოლქში იმ დღეს არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა.
-
აფეთქება საფრანგეთში – დაშავებულია 8 ადამიანი
საფრანგეთის ქალაქ ლიონში აფეთქება მოხდა. ფრანგული ტელეარხის france24-ის ცნობით, დაშავდა 8 ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური.დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. პოლიცია მოსახლეობას მიმდებარე ქუჩებზე არ უშვებს.
საფრანგეთში მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებენ, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
-
სპეცრაზმი და პოლიცია ახალქალაქში. დაკავებულია ოპოზიციის მზარდამჭერი
კურიერის ინფორმაციით ამ წუთებში ახალქალაქში დაძაბული ვითარებაა – “ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის მხარდამჭერი, კიმ კუნგოიანი. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს.
აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 02:00 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. როგორც რაისიანი განმარტავს, ჩხრეკას მხოლოდ დაკავებულის დედა ესწრება და სახლში სხვას არავის არ უშვებენ. რაისიანის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულს სახლში ჩხრეკისას იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდონ.
დაკავებული კუნგოიანის სახლთან იმყოფებიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, პოლიცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს.
პოლიციას კუნგოიანის დაკავების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, კუნგოიანის ახლობლები კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტი აქციებს აანონსებენ.
“რუსთავი 2”-თან საუბრისას, აშოტ რაისიანი იხსენებს, რომ კუნგოიანი დაახლოებით ნახევარი წლის წინაც დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მას 24 საათი ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა მაშინ მისი გათავისუფლება მოხერხდა. რაისიანი კუნგოიანის შევიწროვებას, დაკავებულის პოლიტიკურ სიმპატიებს და ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირებს.
-
დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამამ პოლიციის განყოფილება დატოვა
დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა საღამოს ცხრა საათისთვის პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა. მიხეილ დვალიშვილი საკუთარი სახლიდან სოფელ აღაიანიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.
20 წლის ახალგაზრდა იმ საბედისწერო ღამის დეტალებზე პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს, როდესაც საკუთარი შვილი გარდაცვლილი იპოვა, თუმცა გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება.
როგორც ცნობილია, ქორწინების დროს დვალიშვილის მეუღლე არასრულწლოვანი იყო. არ არის გამორიცხული მომავალში პოლიციამ ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში დაადანაშაულოს.
„რა თქმა უნდა, ვითანამშრომლე გამომძიებელთან, დაზარალებულად ვიგრძენი თავი, ვითანამშრომლებ კიდევაც, რა თქმა უნდა. არანაირი არაფერი არ ყოფილა, არც დარღვევა ოჯახში, არც კონფლიქტი და არანაირი არაფერი, უბრალოდ, გვყავდა სტუმრები და ჩვეულებრივად იყო, ნორმალურ ოჯახს როგორც შეეფერება, მაგრამ საღამოს ისეთი ტრაგედია იყო, ისეთი რამ მოხდა, რომ დაგვღუპა სულ ყველა, თუ გადავიტანთ ამას, ჯერჯერობით, არც ვიცით,“ – ამბობს მიხეილ დვალიშვილი.
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 20:28 წთზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან 13 კილომეტრში ხოლო თბილისიდან 59 კილომეტში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
შეგახსენებთ რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში უკვე მესამედ ფიქსირდება მიწისძვრა.
-
სასამართლომ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეუფარდა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ საქართველოს “ეროვნული ერთობის” წევრს, გიორგი ჭელიძეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის ვადის ათვლა 2018 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება.
გადაწყვეტილება დაასაბუთდა და აღინიშნა, რომ პირადი ჩხრეკისას ჭელიძის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.
“2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ გ.ჭ.-ს მიმართ. სასამართლომგანზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესითდამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
-
7 თვის ჩვილის მამა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დაკითხვაზე იმყოფება
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბავშვის მამა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.
ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მოკლული ბავშვის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
20 წლის მიხეილ დვალიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.