Blog

  • რატომ არის მაღაზიაში ნაყიდი პომდვრის უმეტესობა უგემური

    ცნობილია, რომ ჩვეულებრივი პომიდორი, რომლებსაც მაღაზიაში ვყიდულობთ არც ისე გემრიელია. მიზეზი აქამდე მთლად გასაგები არ იყო. ცოტა ხნის წინ კი გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ტომატის დნმ–ს ის ნაწილი, რომელიც პომიდორს საგემოვნო თვისებებს აძლევს, პომიდვრის თანამედროვე სახეობების 93%–ში არ არსებობს.
    “რამდენჯერ მოგისმენიათ წუხილი იმის შესახებ, რომ მაღაზიაში ნაყიდი პომიდორი ბოსტანში მოყვანილს ვერც შეედრება?“– ამბობს კლიფორდ ვეილი, ბრიტანეთის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის მცენარეული გენომების კვლევის პროგრამის დირექტორი.“ ჩვენი კვლევა გვაძლევს პასუხს ამ მოვლენის მიზეზებზე და გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ პომიდრვრის ახალი სახეობების გამოყვანას უკეთესი თვისებებით“
    მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მოაგროვა მონაცემები პომდვრის კულტივირებულ და ბუნებრივი გზით მზარდ 725 სორტის გენომის შესახებ. შემდეგ კი ეს მონაცემები პანგენომში გააერთიანა, რომელიც ყველა სორტის გენეტიკურ მახასიათებელს აერთიანებს. შემდეგ ეს პანგენომი კულტივირებული სორტის – Heinz 1706 –ის გენომს შეადარეს.
    დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ Heinz 1706–ის საკონტროლო გენომს თითქმის 5 ათასი გენი აკლია, რომლებიც სხვა პომიდვრებს გააჩნიათ. სწორედ ეს არარსებული გენები აძლევენ პომიდორს უნარს პათოგენებს მოერიოს.
    პომიდორმა ეს გენები არა გენური მოდიფიკაციების შედეგად დაკარგა, არამედ სტანდარტული ძველმოდური სელექციისას, როცა პომიდვრის გამომყვანები ცდილობდნენ ის თვისებები გაემყარებინათ, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების მიმართ მის მდგრადობას განაპირობებს.

    “პომიდვრის მოყვანისა და სელექციისას ძირითადად ყურადღებას აქცევდნენ ისეთ თვისებებს, როგორც არის ზომა და გამძლეობა ხანგრძლივი შენახვისას. ამიტომაც ზოგიერთი გენი, რომლებიც ნაყოფის მნიშვნელოვან თვისებებს და სტრესფაქტორებისადმი მათ მდგრადობას განაპირობებს, დაიკარგა.“– ამბობს კორნელის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ჟანჩჟუნ ფეი.
    ამ წარსულში უცნობი გენების აღდგენამ შესაძლოა მეცნიერებს მომავალში პომიდვრის უფრო გემრიელი ჯიშების გამოყვანის საშუალება მისცეს.
    “ეს ახალი გენები მემცენარეებს საშუალებას მისცემს პომიდვრის ელიტური სორტები შექმნან, რომლებიც იმ დაავადებების მიმართ გამძლეობით იქნებიან გამორჩეული, რომელთა წინააღმდეგ ახლა პესტიციდების საშუალებით იბრძვიან“– ამბობს კორნელის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი ჯეიმს ჯიოვანონი.
    გენომურმა ანალიზმა ასევე გამოავლინა გენის იშვიათი ფორმა, რომელიც პომიდორს უნიკალურ გემოს ანიჭებს. როგორც გაირკვა, ველურად მზარდი პომიდვრის სორტების 93%–ში ეს გენი არსებობს. მისი სახელწოდებაა TomLoxC და ის ხელს უწყობს კარატინოიდების, ანუ პიგმენტების გამომუშავებას, რომლებიც პომიდორს სიწითლეს აძლევს და საგემოვნო თვისებებს მატებს.
    უკვე ახლა ბევრი მემცენარე, განსაკუთრებით აშშ–ში TomLoxC გენის გამოყენებას იწყებს პომიდვრის ახალი სორტების გამოყვანისას. ადრე ეს იშვიათი გენი მხოლოდ პომდვრის სორტების 2%–ში იყო, ახლა კი უკვე 7%–ში გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით მაღაზიის დახლებზე სულ უფრო მეტი გემრიელი პომიდორი გამოჩნდება.

  • აცრემლებული ტოჩინოშინი – ლევანი უსამართლო მარცხს უემოციოდ ვერ შეეგუა

    ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინსა და ასანოიამას შორის გამართული ორთაბრძოლა სუმოს სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრძოლა თითქოს ქართველის გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, რადგან მან მეტოქე დოჰიოს კიდეზე დაანარცხა და გიოჯიმაც გუმბაი ტოჩინოშინის მხარეს ასწია, თუმცა ამის შემდეგ დოჰიოზე შიმპანები (სუმოს მსაჯები) ამოვიდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავდნენ გიოჯის გადაწყვეტილებას. 

    საბოლოოდ მათ გააუქმეს ტოჩინოშინისთვის მიკუთვნებული გამარჯვება და მოგება ასანოიამას ჩაუთვალეს იმ მიზეზით, რომ ტოჩინოშინმა გდების შესრულებამდე თვითონ გადადგა ფეხი დოჰიოს მიღმა. მაგრამ გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ შიმპანებმა შეცდომა დაუშვეს და ქართველ გოლიათს რეალურად ფეხი დოჰიოს საზღვარს გარეთ არ გადაუდგამს. გამეორების ნახვის შემდეგ ტოჩინოშინმა ემოციები ვერ შეიკავა.

  • “საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს’- სერგო მეთოფიშვილი ანა დოლიძეზე

    მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს ანა დოლიძეს იმის გამო აკრიტიკებს რომ ის იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დაესწრო. სხდომაზე სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიდნენ კენჭს. 

    „ის საკითხი, რომლის გამო გადავდეთ და შესვენება გამოვაცხადეთ, იყო ამ არაკომპეტენტური ანა დოლიძის მიერ დაყენებული. ეს საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს. გესმით რა ხდება? მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მთავარია, კითხვა დასვა და წავიდა, ამდენად აინტერესებს ეს საკითხი,” – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

    საბჭოს სხდომას ასევე არ ესწრება არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. უცნობია, რა მიზეზით არ ესწრება სხდომას ანა დოლიძე. სწორედ ამის გამო, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ის კრიტიკის ობიექტი გახდა.

  • რაზე ილაპარაკეს ბრედ პიტის ყოფილმა ცოლებმა ხანმოკლე შეხვედრისას

    ჯენიფერ ენისტონმა დიდი ხანია წყენა დაივიწყა და შეურიგდა ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს, თუმცა ანჯელინა ჯოლის, რომელიც მათი განქორწინების მიზეზი გახდა, დღემდე ვერ იტანს და არ ახსენებს. მაგრამ ამ დღეებში დუმილი დაარღვია და Vanity Fair–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მათ ურთიერთობაზე ისაუბრა.
    სერიალ “მეგობრების“ ვარსკვლავმა თქვა, რომ ანჯელინას პირადად ცხოვრებაში ერთხელ, სრულიად შემთხვევით გადასაღები სტუდიის ავტოსადგომზე შეხვდა. ეს 2004 წელს მოხდა.
    იმ დროისათვის ჯენიფერის და ბრედის ურთიერთობები დაძაბული იყო. ოჯახში უთანხმოება იზრდებოდა. ბრედ პიტს არ უნდოდა რომ ჯენიფერს ცნობილი სიტკომის ბოლო სეზონში მიეღო მონაწილეობა. ჯენიფერმა კი გადაწყვიტა, რომ სისულელე იყო უზარმაზარ ჰონორარზე უარის თქმა, რომელიც ერთი სერიისთვის 1 მილიონ დოლარს შეადგენდა.
    თავად პიტი ფილმ “მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებისთვის ემზადებოდა, სადაც მისი პარტნიორი ანჯელინა ჯოლი იყო. ამიტომაც ავტოსადგომზე ანჯელინას დანახვისას ბრედ პიტის მაშინდელი ცოლი მას ისე მიესალმა, როგორც ქმრის კოლეგას.
    “გავჩერდი და გავეცანი. ვუთხარი: ბრედი ძალიან მოხარულია, რომ თქვენთან იმუშავებს. იმედი მაქვს კარგ დროს გაატარებთ“ – იხსენებს ამ მომენტს ინტერვიუში ჯენიფერ ენისტონი. მისდა სამწუხაროდ მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

    გადაღებების დროს ბრედ პიტი ანჯელინასთან ურთიერთობაში ისე ჩაეფლო, რომ ცოლთან სულ უფრო დისტანცირდა. 2005 წლის იანვარში კი იმ პერიოდში ჰოლივუდის ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა. მალე ანჯელინა ბრედ პიტისგან დაფეხმძიმდა და გოგონა შაილო გააჩინა.
    ჯენიფერმა ბრედთან დაშორება მძიმედ გადაიტანა. ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს ბოდიში მხოლოდ 2017 წელს მოუხადა იმ ტკივილისთვის, რაც განქორწინებით მიაყენა. ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ კი მასთან მეგობრული ურთიერთობა განაახლა. ამჟამად ყოფილ მეუღლეებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ბრედი ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ენისტონის 50 წლის იუბილეზეც კი მივიდა.
    ჯენიფერ ენისტონი ახალი ურთიერთობების გაბმას არ ჩქარობს. ის ირწმუნება, რომ ამისათვის დრო არ აქვს.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7802 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7799 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1102 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.48 თეთრი შეადგინა.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  11 პირი შეიწყალა.  8 მსჯავდებული პირი დღესვე დატოვებს საპატიმროს.პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული მათ შორის ერთ-ერთი ქალია და ისინი სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

    “პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

    ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან,”-  ნათქვამია განცხადებაში.

  • „ოცნების“ აქტივისტი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა

    სულ ცოტა ხნის წინ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადა ამოიწურა.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 9 კანდიდატი მიიღებს. კანდიდატთა სია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

    დირექტორობის კანდიდატები არიან:

    მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;

    დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;

    გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი;

    გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;

    ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;

    ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

    ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის ჟურნალისტი;

    ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი

    თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური,  მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ჯერ კიდევ კაპანაძის  გადაყენებამდე გაჩნდა ვერსიები, რომ  მაუწყებლის შემდეგ დირექტორად თორნიკე მჟავანაძე მოიაზრებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მჟავანაძე  „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. 

    აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

    განცხადების გადარჩევის შემდეგ, კანდიდატებთან შედგება გასაუბრება.

    მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს  არაუგვიანეს 4 ივნისისს აირჩევს.

  • ვაინშტეინი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს 44 მილიონს გადაუხდის

    ჰოლივუდის კინოპროდიუსერმა, ჰარვი ვაინშტეინმა დაასრულა წინასწარი მოლაპარაკება საპროცესო გარიგების შესახებ იმ მსახიობი ქალების სამოქალაქო სარჩელზე, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. გარიგების თანხა დაახლოებით 44 მილიონი დოლარია.
    ვაინშტეინის წინააღმდეგ ბრალდებები საფუძვლად დაედო სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საერთაშორისო მოძრაობას #MeToo.
    რამდენიმე ოსკარის მფლობელი პრდიუსერი 2018 წელს დააკავეს გაუპატიურებების ბრალდებით. პროდიუსერს ოფიციალური სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს ხუთ ეპიზოდში.
    თუმცა გარდა ამისა, კიდევ 70–ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში. მაგალითად, მსახიობმა ეშლი ჯადმა მას სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ როგორც თვითონ ამტკიცებს პროდიუსერმა სექსზე უარის გამო მისი კარიერა დაანგრია.
    ვაინშტეინი სექსუალურ დანაშაულში საკუთარ ბრალეულობას უარყოფს.
    გაკოტრებული საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co–ს იურისტმა, ადამ ჰარისმა სამოქალაქო საქმეების მოსამართლეს შეატყობინა, რომ ეკონომიკური შეთანხმების ზოგადი მონახაზი მოსარჩელეებთან უკვე შეთანხმებულია. “მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – აცხადებს ის.
    ვაინშტეინის ადვოკატება გაზეთ Wall Street Journal–ს განუცხადეს, რომ შეთანხმების მთლიანი თანხა ყველა სამოქალაქო სარჩელზე დაახლოებით 44 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა სამოქალაქო სარჩელების დარეგულირება ვერ მოახდენს გავლენას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელც ნიუ იორკის პროკურატურამ ვაინშტეინის წინააღმდეგ აღძრა. სასამართლო ამ საქმეზე ივნისში გაიმართება.

    ფოტოზე: ქალების ნაწილი, რომლებმაც პროდიუსერი ძალადობაში დაადანაშაულეს: გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, კარა დელევინი, მირა სორვინო, როზანა არტეკი, ლეა სეიდუ

    ვაინშტეინის დაცემა

    პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმები ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ ოსკარის ჯილდოებს. მათ შორის: “შეყვარებული შექსპირი,“ “მეფე ლაპარაკობს“, “არტისტი“.
    ვაინშტაინი იდგა სტუდია Miramax –ის სათავეებთან ჯერ კიდევ 1970–იან წლებში და ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.მთლიანობაში მისი პროდიუსერობით გადაღებულმა ფილმებმა 81 ოსკარი მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.
    თუმცა ჰოლივუდის კულუარებში მრავალი წლის მანძილზე დადიოდა ხმები, მისი მოღვაწეობის ბნელი მხარის შესახებ. მსახიობ ქალებს ეშინოდათ “მის დივანზე მოხვედრა“, რომელიც კასტინგების დროს გამოიყენებოდა. ზოგიერთ ტელესერიალში ჰარვის რეპუტაციაზე მინიშნებებიც კი მოხვდა.
    2017 წელს New York Times –ის სტატიაში პირველად გამოქვეყნდა ძალადობის და შევიწროების მრავალრიცხოვანი ეპიზოდების დეტალები. ამ სტატიაში ათობით ქალმა სახელგანთქმული კინომოღვაწე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.ერთ ერთი პირველი საჯარო ბრალმდებლები მსახიობები როუზ მაკგოუენი და ეშლი ჯადი იყვნენ.
    ბრალდებები 1992 წლის მოვლენებიდან იწყებოდა. ქალები ყვებოდნენ, როგორ პატიჟებდა მათ პრდიუსერი საქმიან ლანჩზე საკუთარ ნომერში, იქ შიშველ ტანზე შემოცმული ხალათით ხვდებოდა და მათგან მასაჟის გაკეთებას ითხოვდა.ზოგ შემთხვევაში ის პორტიეს ნომრის გასაღებს ართმევდა და ქალებს სასტუმროს მათივე ნომერში უვარდებოდა. ზოგი მსახიობი ყვებოდა, რომ მათ მოახერხეს “მსუქანი და მძიმე“ პროდიუსერის მორევა და გაქცევა, ზოგმა კი განაცხადა რომ პროდიუსერმა გააუპატიურა.ასეთი ისტორია ათეულობით იყო.
    თავიდან ვაინშტეინმა განაცხადა, რომ გამოცემას უჩივლებდა, თუმცა საბოლოოდ ბოდიშის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ თავის ცხოვრებაში “ბევრი ტკივილი მიაყენა“ სხვებს. თუმცა სექსუალური შევიწროება და ძალადობა პირდაპირ არ აღიარა.
    ვაინშტეინთან დაკავშირებით დაწყებულმა სკანდალმა გლობალური მაშტაბი მიიღო და მოძრაობა #MeToo გამოიწვია.
    3 ივნისს ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყება. ვაინშტეინს სექსუალური ძალადობის 5 ეპიზოდში ედება ბრალი. დაზარალებულია ორი ქალი. თუ ვაინშტეინი დამნაშავედ ცნეს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
  • გურჯაანის საავადმყოფოში პაციენტს კლინიკაში არ უშვებდნენ

    გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

    გიორგი ხეტეშვილი, რომელსაც უბნის ექიმის დახმარება სჭირდებოდა, კლინიკის მენეჯერმა შენობაში არ შეუშვა. პაციენტის თქმით, ამისთვის რუსუდან კუპატაშვილმა დაცვის თანამშრომლების მობილიზება გამოაცხადა.

    გიორგი ხეტეშვილის განცხადებით, კუპატაშვილს მასთან პირადი დაპირისპირება აქვს. მისი მტკიცებით, გასულ კვირას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს მის მცირეწლოვან შვილსაც.

    საავადმყოფოს მენეჯერი შენობაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ადგილზე ტელევიზია მივიდა. ხეტეშვილს სამედიცინო დახმარება მხოლოდ ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ გაეწია.

  • სახალხო დამცველი გაფიცულ მაღაროელებს ხვდება

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში გაფიცულ მაღაროელებს ხვდება.

    “რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას, პირველ რიგში ეს ეხება შრომით პირობებს, ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების და სამუსაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას, იმიტომ რომ დღეს რაც მოვისმინე ის 12 საათიანი რეჟიმი 2 კვირის ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილია მაქსიმუმ სამუშაო საათებად, მითუმეტეს მათ უწევთ ძალიან მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

    შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი სულ უფრო მასშტაბური ხდება. მათი ნაწილი შიმშილობს.

    სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.