Category: სხვადასხვა

  • “იმედი”-ს ეთერში გასული ფილმი, რომელიც რუსულ პროპაგანადად შეფასდა

    ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციამ ფილმი “ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდად” შეაფასა. ეთერში გასულ ფილმს, დაახლოებით ტელეკომპანია “იმედი”-ს  10-ზე მეტი ჟურნალისტი ემიჯნება. 

    ეთერში გაშვებულ ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის. 

    „ტელეკომპანიას აქვს ძალიან ლიბერალური სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს იმ ფილმებს რომელიც გადის ტელეკომპანიის ეთერში. ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია“, -განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. 

    “არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” -წერია იმედის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ფეისბუქ სტატუსებში.  

    {{VIDEO}}

  • 27 წელი აფხაზეთის ომიდან – უცნობი ფოტოები

    აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

    პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

    1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

    რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

    ომის შემდგომი მძიმე პერიოდი, ბრიტანელ ფოტოგრაფ მაიკ გოლდუოტერს  ფოტოებზე აქვს აღბეჭდილი. ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

    ფოტოებზე სოხუმის დაცემის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ლტოლვილი მოსახლეობა და ქვეყნის მაშინდელი პირველი პირები არიან დაფიქსირებულები.

    {{PHOTOGALLERY}}

  • რუსეთში კრუიზი სახელად „წმინდა რუსეთი“ დაიწვა (ვიდეო)

    რუსეთში, მდინარე ვოლგაზე, კრუიზი სახელად „წმინდა რუსეთი“ იწვის – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრუიზზე ხანძარი დღეს 11 საათსა და 40 წუთზე გაჩნდა.

    კრუიზი ერთი წლის განმავლობაში ციმბირის პორტში რემონტდებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • “საჩხერლებისგან გამიგონია ,ახალგაზრდობაში კარტს კარგად აწყობდაო“–ოქრუაშვილის ციხის სიზმარი ივანიშვილზე

    პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ციხიდან ფეისბუქზე კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “ციხის სიზმრები“ ქვია.

    იმისთვის, რომ ციხეს თავი ვირტუალურად დააღწიო, არსებობს რამდენიმე საშუალება.

    ერთი ესაა კითხვა ,როცა იმ ნაწამოებში გადადიხარ,რასაც კითხულობ ,ხოლო მეორე და მარტივი საშუალებაა ძილი , როცა სიზმრებს მიყავხარ სხვა სამყაროში.

    კითხვით დავიწყე . ის იყო „ოსტატი და მარგარიტა“ -ში პოპლავსკიმ კატას პასტორტი რომ მიაწოდა,იქამდე მივაღწიე და ჩამეძინა.

    მესიზმრა ისევ წიგნს ვკითხულობდი.

    კადრი ცოტა გავადიდე და აღმოვაჩინე , რომ ციხის საკანში ვიყავი და იქ ვკითხულობდი.
    აქაც არ გამიმართლა.

    ამასობაში „კარმოშკა“ გაიღო , „კლუჩნიკმა“ თავი შემოყო და გახარებული ხმით მამცნო- ქვეყანაში გადატრიალება მოხდაო .
    როგორ მეთქი ?

    ბერამ და უჩამ გადატრიალება მოაწყვეს და ბიძინა ჩამოაგდესო . რამდენიმე საათია კალაძემ , გახარიამ და ღარიბაშვილმა მასზე ჩვენება მისცეს და ბიძინა დააპატიმრესო.

    არ გასულა დიდი დრო და კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა .

    კარი გაიღო და „პალასატი“ ფორმაში გულზე მირტყმული 666 ნომრით გრიგოლიჩი ჩემს კამერაში წიხლით შემოაგდეს.

    ვფიქრობ ჩემი გაჭირვება არ მეყოფა, ესღა მაკლდა მეთქი .

    რა ხდება აქანეო – ჭორვილურად მკითხა გრიგოლიჩმა

    რა ხდება გრიგოლიჩ და როგორც ვატყობ დედა გაქვს მო….ლი მეთქი .

    არაა საქმე მთლად მასეო, ბოლომდე არ გამწირავს ჩემი ბერაო .

    როგორც შენ იტყვი მეთქი ვუპასუხე და კითხვა განვაგრძე.

    აქანე მაყურებელი მე უნდა ვიყოო გამომიცხადა .

    იყავი გრიგოლიჩ , რა პრობლემაა , ღამ-ღამობით საბანს ვიხდი და თუ მაინც უნდა მიყურო დამაფარე , რომ არ გავცივდე მეთქი .
    ნუ დამცინიხარ შენეო – მითხრა და გაჩუმდა .

    ეწყინა აშკარად . ცოტა ხანში მოიწყინა ყურადღება , რომ არ მივაქციე .

    _რა ვქნათ ახლა ჩვენე , რით გევირთოთ თავიო- მკითხა

    _კითხვა შენ არ იცი გრიგოლიჩ , შენი ეკა აქ არ გვყავს , რომ წაგიკითხოს,ლოტო ჩვენ არა გვაქვს , ნარდი და მონოპოლი და აბა რა გითხრა .

    _მოდი კარტს გეთამაშებიო, ცოტა ხანში მითხრა .

    რომ დავეთანხმე თვალებგაბრწყინებულმა ჩასძახა:

    _ადიკო! ახალი კალოდაო.
    _რა ადიკო გრიგოლიჩ ციხეში ხარ შუშის სასახლეში კი არა მეთქი .

    ბევრი საჩხერელისგან გამიგონია , რომ ახალგაზრდობაში კარტს კარგად აწყობდაო და ერთ დროს რუსეთში შულერობითაც ირჩენდა თავს,ამიტომ, ჩემი კარტის კალოდიდან ორი ტუზი და ორი კაროლი მოვუტეხე .

    _რაზე ვითამაშოთო ?- შემეკითხა

    _ფულზე გრიგოლიჩ ,სხვა რაზე უნდა გეთამაშო, პინგვინი და ზვიგენი მე არ მჭირდება და ნამუსზე კიდე ვერ გეთამაშები , მაინც არა გაქვს მეთქი .

    დავიწყეთ თამაში.

    აწყობს გრიგოლიჩი კარტს .მოსდის ხან ორი ტუზი, ხან ორი კაროლი .სამი ვერ მოიხელთა ვერც ერთხელ , რადგან წინასწარ ამოვაცალე .

    სამი დამა ყველა დარიგებაზე ხელში მიჭირავს და ვუგებ .750 000 000 რომ წააგო ცივმა ოფლმა დაასხა, აღარ გინდაო.
    ნება შენია, როგორც იტყვი , ხვალ ღამის თორმეტ საათამდე წაგებული უნდა ჩამაბარო მეთქი.

    რა არის ჩემთვის 750 000 000 ? ბიჭო შენ გგონია თავს გევიფუჭებო?

    მთელი ღამე კარებზე ბრახუნში და ადიკოს გინებაში გაატარა, მაგრამ ადიკო არ ჩანდა.

    დილით ადვოკატის სტატუსით ენძელა მაჭავარიანი მოუვიდა და უთხრა -ბერას დავალებით ბოკერია-უსუფას მთავრობამ ანგარისები დაგიყადაღა და მთელი ფული ჩამოგართვაო .

    დადის და სცემს მთელი დღე ბოლთას , ელოდება როდის ამოვარტყამ წიხლს წაგებულის ჩაუბარებლობისათვის .გახდა 12 საათი და იყვირა – „ფუფლო „ ვარო .

    ვიცი გრიგოლჩ , მეც და მთელმა საქართველომ შვიდი წელია ეგ იცის ,მაგრამ მარტო „ფუფლო“ ვარ ძახილით ვერ გამოძვრები მეთქი .

    _რას მიპირებ შენე მეო?

    _ რას და სამი კარტი ცხვირში იმდენი უნდა გირტყა , სანამ არ დავიღლები მეთქი.

    გამთენიამდე იმდენი ვურტყი , სანამ ცხვირი კომბოსტოს არ დავუმსგავსე .

    8642 -ე დარტყმაზე გამეღვიძა კარის გაღების ხმაზე .

    ამბობენ , ციხეში ყველაზე ხშირად მტრები ესიზმრებათო .თუ კიდევ გამოჩნდა გრიგოლიჩი ჩემს სიზმრებში, გაგაგებინებთ .

    გაგრძელება იქნება

  • მღვდელმა ნათლობისას ბავშვს ტრავმები მიაყენა. დედა პოლიციაში ჩივის (ინციდენტის ამსახველი ვიდეო)

    რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა, იღუმენმა ფონტიუსმა ერთი წლის ბავშვს ნათლობისას ტრავმა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო ერთ–ერთმა რუსულმა პორტალმა გაავრცელა. ინციდენტი მარიენბურგის ტაძარში მოხდა. კადრებზე ჩანს, როგორ აყოფინებს მღვდელი თავს ატირებულ ბავშვს წყალში ძალის გამოყენებით. მას შემდეგ კი, რაც შეშფოთებული დედა ბავშვის დახმარებას ცდილობს, დედას შვილს არ აძლევს.

    როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბავშვის მონათვლაში დედამ 3500 რუბლი გადაიხადა. ნათლობის შემდეგ ბავშვს დაზიანებები და სილურჯე აღენიშნება. ქალმა პოლიციას მიმართა. გარდა ამისა, მისი თქმით ამ ინციდენტს ეპარქიაშიც მიაქციეს ყურადღება და ქალს შეპირდნენ, რომ მღვდელს მსახურების უფლებას შეუჩერებენ.

    ვიდეოსთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი თავად მღვდელმაც გააკეთა.

    “ვითომ რა მოხდა? არაფერიც არ დაშავებულა. მე არაფერში ვარ დამნაშავე. უბრალოდ დედა იყო ძალიან ემოციური – არაეკლესიური ადამიანი აღმოჩნდა და შვილის მონათვლისთვის მზად არ იყო.“ –თქვა მან და დასძინა, რომ ნათლობის რიტუალი ბავშვის წყალში სამჯერ ჩაყვინთვას ითვალისწინებს და არა თავზე ოდნავ წყლის დასხმას.
  • “3.5%–ის წესი“: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პროტესტი, რომელშიც მოსახლეობის 3.5% მონაწილეობს ყოველთვის აღწევს შედეგს

    მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ დიქტატურასთან და ავტორიტარულ მმართველობასთან ბრძოლაში მშვიდობიანი პროტესტი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება. ამასთან, გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობამაც კი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.თუ ასეთი ადამიანების წილი კრიტიკულ ნიშნულს, მოსახლეობს 3.5% –ს გადაცდება, მაშინ მშვიდობიანი პროტესტი პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს ცვლილებებს.

    მაგალითი ბევრია. 1986 წელს მილიონობით ფილიპინელი გამოვიდა მანილას ქუჩებში მშვიდობიანი საპროტესტო ლოცვით. ამ პროცესს ხალხის ძალის რევოლუცია, იგივე ყვითელი რევოლუცია უწოდეს. მარკოსის ავტორიტარული რეჟიმი მეოთხე დღეს დაემხო.

    2003 წელს ხანგრძლივი მასობრივი სახალხო პროტესტების შედეგად სუდანში და ალჟირში თანამდებობიდან გადადგნენ ამ ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებიც პოსტს ათწლეულობის მანძილზე იკავებდნენ.

    ყოველ ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სამოქალაქო წინააღმდეგობამ პოლიტიკური ელიტა დაამარცხა და რადიკალურ ცვლილებებს მიაღწია.

    არსებობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის, ერიკა ჩენოვეტის კვლევის დამაჯერებელი შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მხოლოდ მორალური არჩევანი არ არის.

    მეოცე საუკუნის ასობით საპროტესტო კამპანიის გაანალიზების შედეგად ჩენოვეტი მივიდა დასკვნამდე, რომ არაძალადობრივი პროტესტი ორჯერ მეტად აღწევდა მიზანს, ვიდრე ძალადობრივი.და მართალია მოვლენათა განვითარების დინამიკა შესაძლოა ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მკვლევარმა გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისთვის საკმარისია პროტესტში მოსახლეობის დაახლოებით 3.5%–ის აქტიური მონაწილეობა.
    ჩენოვეტის დასკვნების გავლენა შეგვიძლია ცოტა ხნის წინანდელი “გადაშენების წინააღმდეგ ამბოხის“ საპროტესტო მოძრაობის მაგალითზე განვიხილოთ. ეს არის სოციალურ–პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც კლიმატის ცვლილებების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სოციალ–ეკონომიკური კოლაფსის რისკის წინააღმდეგ ბრძოლაში არაძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ამ მოძრაობის ბრიტანელი დამფუძნებლები ამბობენ, რომ ისინი ჩენოვეტის კვლევის შედეგებმა შთააგონა.


    როგორ მივიდა მკვლევარი ასეთ დასკვნებამდე?

    რა თქმა უნდა, ჩენოვეტის კვლევა წარსულის ბევრი გავლენიანი ფიგურის ფილოსოფიურ შეხედულებებსაც ეყრდნობა: ცნობილი ფემინისტების, ქალების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლების, რომ აღარაფერი ვთქვათ მაჰათმა განდიზე და მარტინ ლუთერ კინგზე. ყველა მათგანი დამაჯერებლად ასაბუთებდა მშვიდობიანი პროტესტის ძალას.

    და მაინც , ჩენოვეტი აღიარებს: როცა 2000–იანი წლების შუა პერიოდში კვლევას შეუდგა, საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ ჯეროდა, რომ სიტუაციათა უმრავლესობაში არაძალადობრივი ქმედებები შეიძლება ბევრად ეფექტური იყოს, ვიდრე შეიარაღებული კონფრონტაციები. თუმცა მისი მოტივატორი სწორედ არაძალადობრივი წინააღმდეგობის ეფექტურობის მიმართ მისი სკეპტიციზმი გახდა. მოტივატორი გახდა იმის აღმოჩენაც, რომ მანამდე არავის უცდია ყოველმხრივ შეედარებინა არაძალადობრივი პოტესტების მაჩვენებლები იმ პროტესტებთან, რომლებშიც ძალადობრივი მეთოდები იქნა გამოყენებული.
    მარკოსის ავტორიტარული რეჟიმი დაეცა, როცა ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვიდა

    მკვლევარმა კოლეგასთან ერთად 1900– 2006 წლის პერიოდის სამოქალაქო წინააღმდეგობის და საზოგადოებრივი მოძრაობების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შესწავლა დაიწყო. ძირითადად ყურადღება იმ მაგალითებს დაეთმო, რომელთა მიზანი მმართველი რეჟიმის შეცვლა იყო.

    კვლევის დროს მშვიდობიან მოძრაობად, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ჩაითვალა ისეთი მოძრაობა, რომელმაც მთლიანად მიაღწია საკუთარ მიზნებს. ამასთან, მაგალითად რეჟიმის შეცვლა გარე სამხედრო ჩარევის შედეგად წარმატებად არ ითვლება.

    მკვლევარმა ძალადობრივის კატეგორიაში შეიყვანა ყველა საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც თან ახლდა ადამიანების გატაცება, ბომბის აფეთქება, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება ან რაიმე სხვა ტიპის ზიანი, რომელიც საკუთრებას ან ადამიანს მიადგა.

    “ჩვენ შევეცადეთ შეგვემოწმებინა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ეფექტურობის ხარისხი საკმაოდ მკაცრი პარამეტრებით“– ამობს ჩენოვეტი. პარამეტრები იმდენად მკაცრი იყო, რომ მკვლევარის ანალიზში ინდოეთის მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი პროტესტის მაგალითად არ ჩაითვალა, რადგან წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად მკვლევარმა ბრიტანეთის ამოწურული სამხედრო რესურსები მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ თავად საპროტესტო მოძრაობამაც უდიდესი როლი ითამაშა.

    შედეგად მკვლევარებმა 323 ძალადობრივი და არაძალადობრივი კამპანიის მონაცემები შეაგროვეს. კვლევის შედეგები, რომლებიც წიგნად გამოიცა (წიგნის სახელწოდებაა“რატომ მუშაობს სამოქალაქო წინააღმდეგობა. არაძალადობრივი კონფლიქტების სტრატეგიული ლოგიკა“) გამაოგნებელი აღმოჩნდა.

    ციფრების ძალა

    მთლიანობაში არაძალადობრივი საპროტესტო კამპანიები შედეგიანად ორჯერ უფრო ხშირად დამთავრდა, ვიდრე ძალადობრივი: არაძალადობრივმა პროტესტმა პოლიტიკური ცვლილებები 53% შემთხვევებში გამოიწვია, ძალადობრივის შემთხვევაში კი წარმატება მხოლოდ 26%–მა მოიპოვა.

    ნაწილობრივ ეს მონაწილეთა რაოდენობის შედეგია. ჩენოვეტი თვლის, რომ მშვიდობიანი კამპანიები წარმატებას დიდწილას იმის ხარჯზე აღწევდნენ, რომ თავის რიგებში მოსახლეობის ფართო ფენებიდან ბევრ ადამიანს იზიდავდნენ და პროტესტი სერიოზულ შეფერხებებს, ქალაქის ნორმალური ცხოვრების პარალიზებას იწვევდა.

    25 მშვიდობიანი საპროტესტო კამპანიიდან, რომლებიც მკვლევარებმა შეისწავლეს, 20 მშვიდობიანი იყო და 14–მა მათგანმა ცალსახა წარმატება მოიპოვა. მთლიანობაში არაძალადობრივმა პროტესტებმა საკუთარ რიგებში ოთხჯერ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდა, ვიდრე კამპანიებმა ძალადობის ელემენტებით.

    მაგალითად, ფილიპინების სახალხო ძალაუფლების რევოლუციამ, რომლებიც მარკოსის რეჟიმის წინააღმდეგიყო მიმართული თავის პიკზე ქუჩაში ორი მილიონი ადამიანი გამოიყვანა. ბრაზილიის საპროტესტო მოძრაობამ 1984-85 წლებში კი მილიონი ადამიანი. ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციაში 1989 წელს 500 000 ადამიანი მონაწილეობდა.

    “ციფრებს მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ მოძრაობამ ძალა მოიკრიბოს და სერიოზული საფრთხე გახდეს ხელისუფლებაში ფესვგადგმული ელიტებისა და ოკუპანტებისთვის“ – ამბობს ჩენოვეტი, რომლის აზრით მშვიდობიანი პროტესტი საუკეთესო გზაა მოძრაობისთვის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

    მკვლევარის დასკვნით როგორც კი პროტესტში აქტიურად ერთვება ქვეყნის მოსახლეობის 3.5 %, წარმატება გარდაუვალია.

    “არ ყოფილა არცერთი კამპანია, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა მას შემდეგ, რაც მისი მონაწილეების რიცხვმა პიკზე მოსახლეობის 3.5%–ს მიაღწია.“ – ამბობს ჩენოვეტი, რომელმაც ამ ფენომენს “3.5%–ის წესი უწოდა“.

    მეცნიერი აღიარებს, რომ თავიდან ამ შედეგებმა გააოცა, მაგრამ ახლა მრავალი მიზეზის დასახელება შეუძლია, რატომ იღებს მოსახლეობის ასეთ ფართო მხარდაჭერას არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობები.ყველაზე ცხადი მიზეზი ის არის, რომ ძალადობრივი ქმედებები იმ ადამიანებს აშინებს, რომლებსაც სისხლისღვრის და არეულობის ეშინიათ, მშვიდობიან პროტესტანტებს კი მორალური უპირატესობა აქვთ.ჩენოვეტი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის ნაკლებია ფიზიკური წინააღმდეგობა. არ არის აუცილებელი ფიზიკურად მომზადებული იყოთ ან კარგი ჯანმრთელობა გქონდეთ, რომ გაფიცვაში მიიღოთ მონაწილეობა, ძალადობრივი საპროტესტო კამპანიები კი ძირითადად ახალგაზრდების მხარდაჭერას ეყრდნობა, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.

    ძალადობრივი პროტესტის შემცველ მოძრაობებს კი ესაჭიროებათ იარაღი, კონსპირაციის დაცვა, ამიტომაც ფართო მასებამდე მიღწევა უჭირთ.

    მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვებით მშვიდობიანი საპროტესტო კამპანიები დიდი ალბათობით იმხრობენ პოლიციის და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს – ანუ იმ ჯგუფებს, რომლებსაც როგორც წესი ხელისუფლებები არსებული რეჟიმის შესანარჩუნებლად ეყრდნობიან.

    მშვიდობიანი მასობრივი დემონსტარცების დროს, რომელშიც მილიონები მონაწილეობენ, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსაც უჩნდებათ შიში, რომ პროტესტანტებს შორის შესაძლოა მათი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები აღმოჩნდნენ. ან კიდევ უზარმაზარი ხალხის მასის დანახვისას მიდიან დასკვნამდე, რომ დროა ის გემი დატოვონ, რომელიც იძირება – ამბობს ჩენოვეტი.რაც შეეხება სპეციფიურ სტრატეგიებს, მკვლევარის აზრით მასობრივი გაფიცვები არაძალადობრივი პროტესტის ყველაზე ძლიერი იარაღია. მაგრამ ისინი შესაძლოა ყოველ მონაწილეს ძვირი დაუჯდეს, რადგან მშვიდობიანი პროტესტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ანონიმური ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება.

    ჩენოვეტს მაგალითად მოჰყავს სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის ერა, როცა ბევრი შავკანიანი მოქალაქე უარს ამბობდა იმ კომპანიების პროდუქციის შეძენაზე, რომელთა მეპატრონეები თეთრკანიანები იყვნენ. შედეგი თეთრი ელიტის ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც 1990–იანების დასაწყისში სეგრეგაციის პოლიტიკაზე უარის თქმის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.

    მაროკოში მშვიდობიანი დემონსტრანტი უსაფრთხოების ძალების მებრძოლს ელაპარაკება

    მაგიური რიცხვი?

    რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზოგადი კანონზომიერებებია, და მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი პროტესტები ორჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ძალადობრივი კონფრონტაცია, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობებიც შემთხვევათა 47%–ში წარუმატებლობას განიცდის.

    როგორც ჩენოვეტი საკუთარ წიგნში აღნიშნავს, ასე იმიტომ ხდება, რომ არაძალადობრივი პროტესტები ზოგჯერ ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას და საკმარის დინამიკას, რათა მოწინააღმდეგის ძალაუფლება შეარყიოს და რეპრესიების წინაშე არ შედრკეს.

    თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა საკმაოდ სერიოზულ მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობასაც განუცდია წარუმატებლობა. მაგალითად, აღმოსავლეთ გერმანიაში 1950–იან წლებში კომპარტიის მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობამ, რომელშიც 400 000 ადამიანი მონაწილეობდა (მოსახლეობის 2%), ცვლილებების გამოწვევა ვერ შეძლო.

    ჩენოვეტის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით მშვიდობიანი პროტესტის შედეგი მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, თუ 3.5%–იან ზღურბლს აღწევს, ანუ მასში ქვეყნის მოსახლეობის 3.5% მონაწილეობს.

    ეს მარტივი არ არის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 3.5% 2.3 მილიონი ადამიანია. აშშ–სთვის ეს ციფრი 11 მილიონ მოქალაქეს ნიშნავს – უფრო მეტს, ვიდრე ნიუ იორკის მოსახლეობაა.

    თავდაპირველად ჩენოვეტის კვლევა 2011 წელს გამოქვეყნდა და მისი შედეგები დღემდე დიდ ყურადღებას იპყრობს.

    სანთლები პრაღაში, ხავერდოვანი რევოლუციის მემორიალთან. 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში
    კომუნისტური რეჟიმი დაემხო – “3.5%–ის წესის“ კიდევ ერთი დასტური

    “ძნელია არ აღიარო, რამდენად დიდი გავლენა იქონია მათმა კვლევამ“ – ამბობს მეთიუ ჩენდლერი, რომელიც ნოტრ–დამის უნივერსიტეტში სამოქალაქო წინააღმდეგობის პრობლემებს სწავლობს.

    იზაბელ ბრამსენი, რომელიც კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფლიქტების ისტორიას იკვლევს, ასევე ადასტურებს, რომ ჩენოვეტის დასკვნები დამაჯერებლად გამოიყურება: “ახლა ეს უკვე ჭეშმარიტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ: არაძალადობრივი პროტესტი ბევრად უფრო მაღალი ალბათობით იწვევს ცვლილებებს, ვიდრე ძალადობა“– ამბობს ის.

    რაც შეეხება “3.5%–ის წესს“, ის ხაზს უსვამს: “მართალია ეს თითქოს მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობაა, მაგრამ ამ რაოდენობის მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა პროტესტში იმას ნიშნავს, რომ პროტესტანტების მიზნებს პასიურად მხარს უჭერს გაცილებით ბევრი ადამიანი.“

    მკვლევარები ახლა აპირებენ უფრო ღრმად შეისწავლონ, კიდევ რა ფაქტორები იწვევენ საპროტესტო მოძრაობების წარმატებას ან მარცხს. ბრამსენიც და ჩანდლერიც ხაზს უსვამენ დემონსტრანტების ერსულოვნებას.

    ბრამსენს მაგალითად მოჰყავს ბაჰრეინის 2011 წლის ვერშემდგარი აჯანყება. თავიდან პროტესტში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მოძრაობა მალე გაიხლიჩა კონკურენტ ფრაქციებად. ერთიანობის დაკარგვამ ბრამსენის აზრით გამოიწვია ის, რომ საპროტესტო მოძრაობამ განვითარების დინამიკა დაკარგა და უშედეგოდ დასრულდა.

  • “ჩემი პალატის კარები შემოაღო ადამიანმა,რომელიც მხოლოდ სამსახურში მინახავს„–გიორგი გახარია სამშობიაროში მივიდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია რომელიც 20 ივნისის შემდეგ საჯარო სივრცეში სულ რამდენჯერმე გამოჩნდა, ჩაჩავას კლინიკაში თანამშრომლის სანახავად მივიდა, რომელსაც შვილი შეეძინა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ნინო ინაიშვილი ფოტოებს და სტატუსს ფეისბუქზე აქვეყნებს:

    “აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში. დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან, და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა. ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ.

    “ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება.“

    მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის“ – წერს ნინო ინაიშვილი.

    სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ გახარიას ეს ნაბიჯი და ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი მინისტრის დაზიანებული იმიჯის აღსადგენად დაწყებული კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

  • ჯესი ჯეი შეკვეთილში გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე აქვეყნებს

    პოპულარული მომღერალი ჯესი ჯეი „ბლექ სი არენაზე” ჩატარებული კონცერტის შემდეგ, შეკვეთილში გადაღებულ ფოტოს ინსტაგრამზე აქვეყნებს.

    შეკვეთილში Black Sea Arena-ზე ბრიტანელი შემსრულებლმა, Jessie J-მა კონცერტი გუშინ გაიმართა.

    მომღერალს მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. კონცერტზე ქართველ მსმენელს Jessie J-მ როგორც ძველი, ასევე საკუთარ უახლესი ჰიტები გაუზიარა.

    {{PHOTOGALLERY}}

  • იშვიათი გამონაკლისი: კამერონ დიასმა ინტერვიუში ქორწინებაზე, გეგმებზე და ასაკზე ილაპარაკა

    მსახიობი კამერონ დიასი 2014 წლიდან კინოში გადაღებაზე უარს ამბობს, თუცა ინტერესი მის მიმართ არ იკლებს. ის ინტერვიუებსაც იშვიათად იძლევა, თუმცა გამონაკლისი დაუშვა და ჟურნალ InStyle–ის სექტემბრის ნომრის სტუმარი გახდა. 46 წლის მსახიობმა ჟურნალისტთან გულწრფელად ისაუბრა ბენჯი მედენთან მის ქორწინებაზე, ახალ პროექტებზე და ცხოვრებაზე გადასაღები მოედნისგან შორს.

    გთავაზობთ ინერვიუს რამდენიმე ფრაგმენტს.

    პრივატულობის შესახებ:

    “მაგარია, როცა არავინ იცის რას ვაპირებ. ახლა ჩემი დრო მთლიანად მე მეკუთვნის. არ ვმონაწილეობ ფილმების პრომოუშენში, და რადგან პრომოტურებში არ დავდივარ, არავისი არაფერი მმართებს. ამას აღარ ვაკეთებ. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ“– ამბობს დიასი.

    ქორწინებაზე:

    “ჩვენი ქორწინება საუკეთესოა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ჩემი ქმარი საუკეთესო ადამიანი და პარტნიორია. რა თქმა უნდა, ოჯახური ცხოვრება მძიმეა. ეს მუდმივი სამუშაოა და მნიშვნელოვანია მოძებნო ის, ვინც მზად არის ეს სამუშაო შენთან ერთად შეასრულოს. ქორწინებაში არ შეიძლება იყოს თანაფარდობა 60/40ზე. უნდა იყოს 50/50–ზე. არ ვიცი, ვიყავი თუ არა მზად ქორწინებისთვის, როცა ბენჯის გავყევი, მაგრამ ვიცოდი, რომ ის განსაკუთრებული იყო. ის კარგი ადამიანია, მასთან პრობლემები არ მაქვს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ“ – ამბობს მსახიობი.

    ასაკზე:

    “ვფიქრობ ორმოცი წლის ადამიანები ცხოვრების საუკეთესო პერიოდს გადიან. უბრალოდ საკუთარ თავს პოულობ. უკვე შეგიძლიათ რაღაც გაცნობიერებულად შეცვალოთ, იმიტომ რომ ზურგს უკან ათწლეულების გამოცდილება გაქვთ. უკვე გესმით, რატომ ხდება ესა თუ ის ამბავი და არ იციკლებით არაფერზე. უბრალოდ აღარ ნერვიულობთ! და ეს ისეთი შვებაა! მშვიდად იღებთ ფიზიკურ ცვლილებებსაც საკუთარ ორგანიზმში. უყურებთ ძველ ფოტოებს და ფიქრობთ: ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი მაშინ საკუთარ თავს, არადა აქ ისეთი ახალგაზრდა ვარ. ახლა ის მომენტია ცხოვრებაში, როცა ვიცი: უფრო ახალგაზრდა აღარ გავხდები. ორმოცს გადავცილდი და მადლობა ღმერთს!„ჩემი ცხოვრების ყველა მომენტს ვაფასებ. “– ამბობს კამერონ დიასი.



    სამსახიობო კარიერაში დაბრუნებაზე:

    “პოპულარობას მაშინ შევეჩეხე, როცა 22 წლის ვიყავი, ანუ თითქმის 25 წლის წინ. ეს დიდი დროა. საკუთარი ცხოვრების ნახევარზე მეტი საჯარო პერსონა ვიყავი. ვფიქრობ ნორმალურა, რომ ახლა მაქვს დრო საკუთარი თავისთვის, რაღაცეების გადაფასებისთვის და არჩევანის გაკეთებისთვის, როგორ მინდა ამ სამყაროში დავბრუნდე, თუ თავად მომინდება. არ მენატრება მსახიობის პროფესია. მაგრამ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ბოლომდე უნდა ვიყო გატაცებული, სიმსუბუქის გრძნობით უნდა ვაკეთებდე. “– ამბობს მსახიობი.

  • თინა კანდელაკი საბერძნეთში ისვენებს და ინსტაგრამზე საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოებს დებს

    წარმოშობით ქართველი რუსი ტელეწამყვანი, რუსული სპორტული ტელეარხის გენერალური პროდიუსერი, თინა კანდელაკი ზაფხულის შვებულებას ქალიშვილ მელანიასთან ერთად საბერძნეთის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ ჰალკიდიდზე, სიტონიას ნახევარკუნძულზე ატარებს. ის ინსტაგრამზე რეგულარულად დებს სანაპიროზე თუ აუზზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მისი თქმით ქალიშვილმა გადაუღო.

    პარალელურად თინა რეკლამას უკეთებს მისი კოსმეტიკის ხაზს, რომელიც მზისგან დამცავ კრემებსაც შეიცავს.

    ფოლოვერები მისი გარეგნობის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ და ტრადიციულად კითხვებს უსვამენ, როგორ ინარჩუნებს ფორმას.

    “კვება საფუძველთა საფუძველია. მთავარია სწორი კვება, რეჟიმი, პროცედურები, კოსმეტიკა, რეგულარულობა. ამას ეხება ჩემი წიგნი. რა უნდა ქნა, როცა ფული არ გაქვს. სწორედ ასე ვიწყებდი მე და დიდხანს არ მქონდა ცხოვრების ის ხარისხი, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს“–პასუხობს თინა ხელმომწერებს.