Category: სხვადასხვა

  • “ანაკლიის პროექტის ჩავარდნა ტრაგედია იქნება საქართველოსთვის“– მეთიუ ბრაიზას ვრცელი ინტერვიუ

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომელიც საქართველოში 2005 წელის ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის შემდეგ განხორციელებულა.პორტი მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დროს და რამდენიმე ალტერნატიულ მარშრუტს ჩაანაცვლებს, მათ შორის რუსეთის რკინიგზას.16 მეტრის სიღრმის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკური ტრანზიტისთვის, არამედ სამხედრო–თავდაცვითი შესაძლებლობებისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი.

    ბუნებრივია, რომ ამ პროექტმა რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ამ რეგიონში უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტს განუცხადა, რომ სასწორზე დევს უზარმაზარი ფასი, თუ თბილისი მოსკოვის მხრიდან ზეოლას ვერ გაუძლებს. ამ თემებზე მეთიუ ბრაიზამ ომისა და მშვიდობისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას, რომელსაც ვაჟა თავბერიძე უძღვებოდა:

    რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პოტს საქარველოსთვის?


    სტრატეგიულიად ანაკლიის პორტი საქართველოსთვის თამაშის წესებს შეცვლის. ის საქართველოს ანიჭებს პირდაპირ წვდომას მთელი მსოფლიოდან მსხვილ გადაზიდვებთან. ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე როგორც ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე მსოფლიოში საქართველოს ეკონომიკურ ადგილზე.

    აქ, თურქეთში ვხედავ რომ არსებობს სამომავლოდ იმედისმომცემი ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები, მაგალითად კვების და სხვა ტიპის პროდუქტების გადაზიდვისთვის. მაგალითად, აშშ–ს სამხედრო პერსონალმა ავღანეთში შესაძლოა განიხილოს ანაკლიის პორტის გამოყენება სამხედრო ტვირთების გადასატანად თურქეთის პორტების, მაგალითად მერსინის პორტის ნაცვლად. ამგვარად, საქართველოში ბევრად გაიზრდება  ბიზნეს და ეკონომიკური აქტივობა, რაც საქართველოს და აშშ–ს სტრატეგიულ ურთიერთობებს გააძლიერებს.

    პორტი ასევე აქცევს საქართველოს უფრო ძლიერ გლობალურ სავაჭრო ცენტრად და დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

    რას იტყვით ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებზე? სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზი გასვა, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტია.

    ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს უნარს მყარად იდგეს ფეხზე ეკონომიკურად, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, რაც ბევრად შეამცირებს რუსეთის ბერკეტებს, რომლითაც მას საქარველოზე ზემოქმედება შეუძლია. სწორედ ამიტომ ვერ იტანს რუსეთი ამ პროექტს. აშშ არასოდეს ისწრაფვოდა რუსეთთან კონფრონტაციისკენ, აშშ–ს არც ის უნდა, რომ საქართველოს ქონდეს დაძაბული პოლიტიკური ან ეკონომიკური ურთერთობები რუსეთთან. მაგრამ რუსეთმა თავად გადაწყვიტა, რომ უნდა საქარველოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს, ცდილობს ის დააზიანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლით. ასე რომ, აშშ–სთვის ყველაფერი, რაც დაეხმარება საქართველოს, როგორც ქვეყნის გაძლიერებას, კარგია, სწორედ ასეთი კარგი პროექტია ანაკლიაც.


    როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მოხერხდეს ამ პროექტზე რუსეთის ზეწოლის შესუსტება, თუ ეს მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია, რომ ამ პროექტის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ?

    იმედი მაქვს რუსეთი ისევე არ მოიქცევა, როგორც იქცეოდა მაშინ, როცა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენზე და სამხრეთ კავკასიურ გაზსადენზე ვმუშაობდით ორი ათწლეულის წინ. რუსეთს ის პროექტებიც სძულდა, იმიტომ რომ რუსული ეკონომიკური სისტემის მუშაობა საკუთარი მონოპოლიის შენარჩუნებასა და გაძლიერებას ეფუძნება. რუსეთს თითქმის მონოპოლიური ძალაუფლება ჰქონდა კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტში და მათ ამის შენარჩუნება უნდოდათ. ამიტომაც გვეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტ კლინტონის და პრეზიდენტ ბუშის დროს ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთს ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ის იმდენად დიდი ბერკეტებს ფლობდა, რომ ამ საქმეში ხმის უფლება არ ქონდა. საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი. რუსეთი არ აპირებს გამოიყენოს სამხედრო ძალა ანაკლიის პროექტის ბლოკირებისთვის, ამიტომაც თუ ეს პროექტი საშინელი შიდა სამართლებრივი დავით არ შთანთქეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში, ეს პორტი აშენდება და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს. ამიტომაც არ მადარდებს რუსეთის პოზიცია გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა თუ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, არ ვფიქრობ რომ ის ადვილად შეეშვება ამ საქმეს.

    თქვენ ამტკიცებთ, რომ რუსეთი ამ პროექტის შეჩერებას ვერ შეძლებს და ასევე გამორიცხავთ სამხედრო ჩარევის შესაძლობლობას. მაგრამ რას იტყვით პოლიტიკურ ზეწოლაზე? ლოგიკური არ არის ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სინამდვილეში ცდილობს აღარ გაიმეოროს შეცდომა, როცა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენება დაუშვა?

    რუსეთმა ამ შეცდომიდან შესაძლოა გაკვეთილი ისწავლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ცდილობდა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტის დაბლოკვას. საქმე იმაში არ არის, რომ რუსეთი არ ცდილობს ტრანსადრიატიკული მილსადენის დაბლოკვას. ორივე შემთხვევაში რუსეთი აფინანსებდა არასამთავრობო ჯგუფებს, სავარაუდოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტს თითქოსდა ეკოლოგიური მოსაზრებებით აპროტესტებდნენ. ცოტა ხნის წინ კი აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს იტალიაში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენი საფრთხეს უქმნის ზოგიერთ ძველ ზეთისხილის ხეს იტალიაში. ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, როცა წინ გვაქვს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტის გამოცდილება, რუსეთის უნარი დაბლოკოს ისეთი პროექტი, როგორიც არის ტრანსადრიატიკული მილსადენი უკიდურესად შეზღუდულია. ამიტომაც, როცა საქმე ანაკლიას ეხება, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში მისი ბერკეტები ასევე შეზღუდული იქნება. ამის მიუხედავად მე არ ვამბობ : “ნუ იდარდებთ რუსეთის მცდელობაზე გამოიყენოს პოლიტიკური, ან სულაც იურიდიული ბერკეტები ქართული სისტემის შიგნით. “ ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ და რასაც უნდა ვებრძოლოთ.

    რუსეთს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის, ვიდრე იტალიის მთავრობაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოქნილია თბილისი რუსეთის მხრიდან ზეწოლის მხრივ? რამდენად რეალისტურია სცენარი,  რომლის მიხედვით რუსეთი აიძულებს მას უარი თქვას ანაკლიის პროექტზე?

    ჩემი აზრით ეს ნაკლებად რეალურია, რადგან საბედნიეროდ აშშ–ს მთავრობამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა ანაკლიის პორტის მხარდაჭერა პომპეოს განცხადებით, ასევე აშშ–ს საელჩოს განცხადებით სასამართლო საქმესთან დაკავშირებით.

    უნდა ვთქვა, რომ ასეთი განცხადება საკმაოდ უჩვეულოა. ძალიან იშვიათია ისეთი განცხადებები, როგორიც საელჩომ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე გაავრცელა. საელჩო ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდება ამ საქმის განვითარებას და რომ შეშფოთებულია კონტექსტით და ვადებით. ახსენეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობა. სწორედ ასე ამბობს აშშ–ს მთავრობის ჩინოვნიკი: “ვშიშობთ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს შიგნით თავისი გავლენა გამოიყენოს ანაკლიის პროექტის დასაბლოკად.“ საელჩოს განცხადება გასაოცარი იყო. ასე რომ, თუ აშშ–ს ასეთი მხარდაჭერა პორტის პროექტის მიმართ გაგრძელდება, საკმაოდ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მანევრირების სივრცე საკმაოდ შეზღუდული იქნება.

    პომპეომ საქართველო ჩინეთის ინტერესების შესახებაც გააფრთხილა. ეს ის მომენტი ხომ არ იყო, როცა პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებით ცუდ განწყობაზე იყო ჩინეთის მიმართ, თუ რამე კიდევ სხვა?

    პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ დამაბნეველი და ხანდახან წინააღმდეგობრივია. არასოდეს იცი როდის და რას იტყვის პრეზიდენტი ჩინეთის საკითხზე. თუმცა ვაშინგტონში არსებობს კონსენსუსი იმასთან მიმართებაში, რომ ინიციატივა – “ერთი სარტყელი –ერთი გზა“ ჩინეთის ხელისუფლების ფარულ მოტივებს ასახავს, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში, არამედ ჩინეთის გავლენის გაძლიერებას და ეკონომიკაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამიტომაც სიფრთხილე გონივრულია საქართველოსთვისაც.
    ჩემი აზრით საქართველო არ უნდა ისწრაფვოდეს იაფფასიანი ჩინური დაფინანსების მოპოვებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ქვეყანა, სადაც ჩინური ინფრასტრუქტურული პროექტები შენდება, საკუთრების უფლებას კარგავს, თუ ჩინურ კრედიტს ვერ დაფარავს. ამიტომაც ვურჩევდი საქართველოს ჭკვიანურად იმოქმედოს. ნუ გახდებით დამოკიდებული რომელიმე ცალკეულ ინვესტორზე. მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია ის.


    კონტი ჯგუფი ერთ–ერთი მსხვილი ამერიკული საინჟინრო კომპანია და კონსორციუმის მთავარი აქციონერი ცოტა ხნის წინ პროექტიდან გავიდა. რას ნიშნავს ეს?

    რამდენადაც მე ვიცი ეს თითქოს დიდი ხნის გადაწყვეტილება იყოს. თუ წილს სხვა რომელიმე კარგი საინვესტიციო ჯგუფი გამოისყიდის, პრობლემა არ უნდა იყოს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან პერსპექტიული პროექტია, გამოჩნდებიან სხვა დაინტერესებული ინვესტორები.

    თუ გავითვალისწინებთ ანაკლიის პოტენციალს, რა როლი შეიძლება ანაკლიის პორტმა შეიტანოს საქართველოს პერსპექტივაში ნატოსთან მიმართებით?

    ჩემი აზრით ეს უზარმაზარ გავლენას მოახდენს ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივაზე. ის გამოყენებულ იქნება ნატოს, აშშს აღჭურვილობის და სამხედრო ტექნიკის ავღანეთში ტრანსპორტირებისთვის. ნატო ასევე გამოიყენებს პორტს საქართველოში სამხედრო სწავლებებისთვის. მაგრამ რაც მთავარია, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება იმ შემთხვევაში, თუ ღმერთმა დაიფაროს, საქართველო სერიოზული საფრთხის ქვეშ ამოჩნდება. როგორც 2008 წელს ვნახეთ 5–ე პუნქტის გარანტიებმა საქართველოსთვის არ იმოქმედა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატომ საპასუხო საბრძოლო მოქმედებები განახორციელოს, თუ რუსეთი კვლავ მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას. მაგრამ რუსეთის შემოჭრისთანავე 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ არსებობდა აუცილებლობა საქართველოში გარკვეული პროდუქციის შემოტანის და რუსეთისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის მიცემის. ეს ადვილი არ იყო ფოთის პორტის იმედად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირეს, რომლებიც საქართველოს აშშ–მ მისცა. ისეთი დიდი პორტის შემთხვევაში, როგორც ანაკლიაა, მატერიალურ–ტექნიკური შესაძლებლობები ნატოსთვის ბევრად ფართოა. ანაკლიის პორტი დაეხმარება საქართველოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისკენ სვლაში, მათ შორის ევროკავშირისკენ, რადგან ბევრად გაზრდის ვაჭრობის მოცულობას შავი ზღვის გავლით ან თურქეთის სრუტეების გავლით დანარჩენ სამყარომდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ გავლენას და მის შესაძლებლობას, გააკონტროლოს საქართველო, ჩემი აზრით ამის ეშინია რუსეთს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ანაკლიაში აშშ–ს და ნატოს რეგულარული ყოფნა მიუღებელი იქნებოდა და ამას გააპროტესტებდა, მაგრამ ჩემი აზრით რუსეთისთვის ისიც სტრატეგიული გამოწვევაა, რომ საქართველომ არ განავითაროს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები ანაკლიის პორტის საშუალებით.

    რუსეთს რომ მოეხერხებინა საბოლოო ჯამში პროექტის გაყინვა ან გადადება, რა იქნებოდა ამის ფასი რეპუტაციულად საერთაშორისო დონეზე?

    ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცისთვის საქართველოს უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევდა. მაშინ სრულიად ნათელი იქნებოდა, რომ საქართველო საკუთარი თავის უფროსი არ არის და მისი დამოუკიდებლობა არა რეალური, არამედ ეფემერულია. თუ გავითვალისწინებთ პროექტის მიმართ ქართული საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას და მაღალი კლასის გუნდს, რომელმაც პროექტი შეიმუშავა, თუ ასეთი სერიოზული ინვესტორები ჩამოაშორეს ამ პროექტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კვაზი–დამოუკიდებელია და ამასთანავე ძალიან გამყინავი სიგნალი იქნება საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ასე რომ, ეს ტრაგედია იქნება საქართველოსთვის.

    რას იტყვით ცოტა ხნის წინ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე კონსორციუმის ქართველი წევრების წინააღმდეგ? მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თვლიან, რომ ფულის გათეთრების ბრალდება მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.

    არ ვიცი ყველა ფაქტი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომელიც თქვენთან ცირკულირებს. როგორც ვიცი, მამუკა და ბადრი ამტკიცებენ, რომ სადაო ტრანზაქცია კანონიერი და ოფიციალური იყო. და რამდენადაც მახსოვს ეს ტრანზაქცია რუსეთის შემოჭრის პერიოდს ემთხვევა. ასეთ რთულ მომენტში ბევრი ქართველი ფსიქოლოგიურად მოტყდა, მათ შორის მაშინდელი მთავრობის მინისტრები. მთელ საქართველოში გაურკვეველი ვითარება იყო უსაფრთხოების, ეკონომიკის თვალსაზრისით და იყო სასოწარკვეთა. როგორც ჩანს ეს გარიგება ამ პერიოდში ხდებოდა. ბადრი ჯაფარიძე ერთ–ერთია იმათგან, ვისაც ვენდობი და ვისითაც აღფრთოვანებული ვარ. მას აშშს მთავრობაში აქვს უპატიოსნესი ადამიანის და პროფესიონალის რეპუტაცია. ყველაფერი, რასაც ის გაეკარა ბიზნესში წარმატებული იყო. თიბისი, ბორჯომი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანებიდან. ის მისაბაძი მაგალითია. იგივე შემიძლია ვთქვა მამუკაზე, თუმცა ბადრის უკეთ ვიცნობ. ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ ბადრი ოდესმე ფულის გათეთრებაში და უკანონო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობდა. ამ ბრალდებებმა შემძრა. არ ვამბობ, რომ ფაქტები მაქვს, მაგრამ შოკში ჩავვარდი.

    და კიდევ ერთხელ, აშშ–ს საელჩო როგორც ჩანს ძალიან შეშფოთებულია ვადებით, როცა 10–11 წლის წინანდელი საქმე ამოტივტივდება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პროექტის ჩაგდებას ცდილობს და ეზიზღება ეს პროექტი. როგორც ჩანს ყველა ამ ფაქტორმა გამოიწვია აშშ–ს საელჩოში ჩემი ყოფილი კოლეგების ეჭვები, რომლებიც ჩემზე კარგად იცნობენ სიტუაციას. იმედი მაქვს მალე გახდება ცნობილი ფაქტები, არის თუ არა ეს სასამართლო საქმე დაკავშირებული ანაკლიის პროექტის საფრთხეებთან. პორტის პრექტის განვითარებასთან ერთად აშშ–ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა და საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ პროექტი აშენდება იმედს მაძლევს. რატომ ფიქრობს მამუკა ხაზარაძე, რომ ხელისუფლება მისი და პორტის პროექტის წინააღმდეგ იბრძვის, არ ვიცი. მან ჩემზე ბევრად მეტი იცის. მაგრამ ემოციურად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ დაგადანაშაულეს 11 წლის წინანდელ საქმეში, რა თქმა უნდა, შეიძლება მძაფრი რეაქცია გქონდეთ. ახლა, თუ გავითვალისწინებთ რომ მამუკას პოლიტიკური მიზნებიც აქვს,და ყველა ეს ფაქტორი სახეზეა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად რეალურია, მის წინააღმდეგ ბრალდებები ამ მომენტში სწორედ ფარულ მოტივებს უკავშირდებოდეს.


    ინტერვიუს ორიგინალური ვერსია

  • პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

    50-იანი წლების ბრიტანული ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Beatles-ის ერთ-ერთი წევრი პოლ მაკარტნი, გიტარისთვის მედიატორებს მონეტებით ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას “Dailymail”-ი წერს. როგორც ირკვევა მუსიკოსი პაპარაცებმა მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. 77 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ლიანდაგებზე მონეტებს აწყობს და ელოდება თუ როდის გადაუვლის მათ მატარებელი. ამგვარად ის გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. 

    მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს. თუმცა რატომ მიმართა პოლ მაკარტნიმ ამ ხერხს უცნობია.

    {{PHOTOGALLERY}}

  • კახა კალაძე შვილთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს

    თბილისის მერი კახა კალაძე მის უმცროს ვაჟ ნიკოლასთან გადაღებულ ახალ ფოტოს “ინსტაგრამზე” აქვეყნებს.უმცროსი კალაძე მალე 1 წლის ხდება. მშობლები კი მის ფოტოებს საჯაროდ იშვიათად დებენ.როგორც ცნობილია დედაქალაქის მერის ოჯახი ახლა ანანურში იმყოფება.

    თბილისის მერს, კახა კალაძესა და მისი მეუღლეს, ანუკი არეშიძეს მეოთხე შვილი 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ.უფროსი შვილი, ლევან კალაძე 11 წლისაა, მეორე შვილი, კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, ვაჩე კალაძე კი 4 წლისაა.

    View this post on Instagram

    ❤️

    A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on Aug 18, 2019 at 12:58pm PDT

  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე “ფორსაჟი 9”- ის გადაღებები დაიწყო (ვიდეო)

    ჰოლივუდური ბლოკბასტერის “ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდების გადაღება თბილისში დღეიდან დაიწყო.გადაკეტილია ვაჟა ფშაველას გამზირი, სადაც გადასაღები მოედანია მოწყობილი.ფილმის მთავარი მსახიობები საქართველოში არ ჩამოსულან, მათ მაგივრად კასკადიორები მუშაობენ.

    გადაღებებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების აწყობა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.
    გადაღებებისთვის ძირითადი ადგილები თბილისსა და რუსთავში განისაზღვრა. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე. 

    „ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

    „ფორსაჟის“ გადაღებების გამო დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვალა.

  • ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა იზღუდება.შსს–ს განცხადება მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტების შესახებ

    ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა დღეს საღამოდან იზღუდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც მიმდინარე წლის 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის შემდეგი განრიგი, კერძოდ:

    – მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით, შესაბამისად ისინი მოძრაობას პირდაპირ, გვირაბის გავლით გააგრძელებენ, საიდანაც ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე.

    – მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩაზე (იუსტიციის სახლთან ასასვლელი პანდუსით) თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მძღოლებმა მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მოძრაობა უნდა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე და ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარცხენა სანაპიროზე.

    გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

  • ანჯელინა ჯოლის სიძუნწეში ადანაშაულებენ. ვარსკვლავი შვილებისთვის ტანსაცმელს ე.წ. “მეორადებში“ ყიდულობს

    ანჯელინა ჯოლის სიძუნწეში ადანაშაულებენ. ვარსკვლავი შვილებისთვის ტანსაცმელს ხშირად ე.წ. “მეორადებში“ ყიდულობს

    44 წლის ანჯელინა ჯოლის აღზრდის მეთოდები კვლავ საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევას. ამჯერად ჰოლივუდის ვარსკვლავს შვილებზე ფულის დაზოგვაში ადანაშაულებენ.
    ანჯელინას როგორც ამბობენ, უნდა შვილებს ფულის ყადრი ასწავლოს და ამისათვის საკმაოდ მკაცრ ზომებს მიმართავს. ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, რომლის ქონება ათეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება, შვილებისთვის ძვირადღირებულ ნივთებს არ ყიდულობს და ხშირად მათ ტანსაცმელს მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში არჩევს.
    უფრო მეტიც – ჯოლის ექვსი შვილიდან ყველას მხოლოდ იმდენი ტანსაცმელი აქვს, რამდენიც მინიმალური აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.


    როგორც ვარსკვლავთან დაახლოებული წყარო ამბობს, ამას ყველაზე მეტად ზაქარა და შაილო განიცდიან. ისინი მსახიობ მილი ბობი ბრაუნს დაუმეგობრდნენ, რომელიც ყოველთვის მოდურად იცვამს. ანჯელინას ქალიშვილებს კი სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ.

    როგორც ირკვევა, ვარსკვლავი ეკონომიას აკეთებს არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ კვებაზეც. ანჯელინას შვილებისთვის დელიკატესები უცხოა. ისინი გაყინული ჰოთ დოგებით და მზა საკვებით იკვებებიან, რომელსაც ჯოლი გამოძახების სერვისით უკვეთავს.

  • სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს.ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

    სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს. ფოტოები, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, შვილთან, გორჯესტანთან ერთად ჩანს, სავარაუდოდ სწორედ ლოპატას სასტუმროშია გადაღებული. მასალა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელა.

    პრეზიდენტი, ბოლო დღეების განმავლობაში, საჯაროდ არც ერთხელ არ გამოჩენილა და გუგუტიანთკარში არსებული სიტუაციის შესახებ არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია. ბოლო მიმართვა, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა და აფხაზეთში, აგვისტოს ომის დაწყების თარიღს გამოეხმაურა.

    სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი, ლოპოტაზე ისვენებდა. ადგილზე ჩასულ, “კურიერის” გადამღებ ჯგუფს დღეს დაუდასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ნამდვილად ნახეს, თუმცა ამბობენ, რომ მან ადგილზე შვილებს ჩააკითხა.

    სასტუმროს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ვიზიტორების შესვლა ტერიტორიაზე ამ დროისთვის აკრძალულია, მაგრამ უკავშირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის დასვენების გამო მიღებულ საგანგებო ზომებს, ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს.

  • ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერის მეგობარი ქალი. დაუნინგ სთრითის ისტორიაში პირველად იქ დაუქორწინებელი წყვილი ცხოვრობს

    ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პირველი პრემიერ მინისტრია, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში ცოლს შორდება და სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს. ეს ქალი კერი საიმონდსია, რომელიც ჯონსონზე 23 წლით უმცროსია. ის კონსერვატიულ პარტიაში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული. დიდ ბრიტანეთში ცდილობენ გამოიცნონ, იქნება თუ არა ის პრემიერ მინისტრის გვერდით ოფიციალური ვიზიტების დროს და რა როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკაში.

    გოგონა ვარდისფერ კაბაში

    25 ივლისის დილას 55 წლის ბორის ჯონსონმა სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის რანგში დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მდებარე რეზიდენციის კართარ. მან პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი მისი დახმარებით გამოვა ტყვეობიდან, რომელშიც 2016 წელს ბრექსითის რეფერენდუმის შემდეგ აღმოჩნდა და რომ ისინი, ვინც დიდი ბრიტანეთის წაგებას ვარაუდობდა,  დამარცხდებიან.

    ფოტოგრაფები და ოპერატორები ჯონსონის გარდა იმ ადამიანებსაც იღებდნენ, რომლებიც მისგან მარჯვნივ იდგნენ სიტყვის წარმოთქმის დროს.

    მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი ღია ფერის გრძელი თმით და ღია ვარდისფერი ყვავილებით დაპრინტული კაბით. ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ეს კაბა Ghost –ის ბრენდისაა და 120 ფუნტი ღირს. იმავე დღეს ასეთი კაბები მთლიანად გაიყიდა.

    ვარდისფერკაბიანი გოგონა კერი საიმონდსი აღმოჩნდა. მას მედია დიდი ხანია იცნობს – ის ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პიარ–სპეციალისტი და კონსერვატიული პარტიის პრესის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.

    თუმცა ეს მისი პირველი გამოჩენა იყო სხვა – ბორის ჯონსონის მეგობარი ქალის სტატუსით. ჯონსონი ორჯერ იყო დაქორწინებული, ყავს ხუთი შვილი, აქედან ერთი ქორწინების გარეშე ურთიერთობებიდან.

    2018 წლის სექტემბერში ჯონსონმა და მისმა მეორე ცოლმა მარინა უილერმა განაცხადეს, რომ დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ და განქორწინების პროცესში არიან. მაშინვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსი კერი საიმონდსს ხვდებოდა.

    ზაფხულში ტაბლოიდები მათ რომანზე წერდნენ როგორც დადასტურებულ ფაქტზე, ივლისის ბოლოს კი გამოცხადდა, რომ კერი ბორისთან ერთად დაუნინგ–სთრითის რეზიდენციაში გადავა.

    “ჩვენ ერთად ვისადილეთ რამდენიმე წლის წინ. ის მისი თაობის სხვა პოლიტიკოსებს გავს – ჭკვიანია, მომხიბვლელია, მშვენიერია, ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან კარგია“ – ამბობს ბიბისის პოლიტიკური მიმომხილველი რობ უოტსონი.

    კერი საიმონდსი ამჟამად 31 წლის არის. მამამისი ჟურნალისტი და ლიბერალური გაზეთის, Independent–ის დამფუძნებელი მეთიუ საიმონოდსია. დედა ამავე გამოცემის ყოფილი იურისტი ჯოზეფინა მაკაფი.

    კერი ლონდონის დასავლეთში პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც სწავლა წელიწადში 15 000 ფუნტი ღირს. დაამთავრა უირიკის უნივერსიტეტი ხელოვნების და თეატრის ისტორიის განხრით.
    2012 წელს საიმონდსმა და ჯონსონმა პირველად გაიცნეს ერთმანეთი – 24 წლის სპეციალისტი მის შტაბში ლონდონის მერის არჩევნების დროს მუშაობდა. ის არჩევნები ჯონსონმა მოიგო.

    საიმონდსის მთელი შემდგომი კარიერა კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსან წევრებს უკავშირდება. ის ამაჟმინდელი ფინანსთა მინისტრის, საჯიდ ჯავიდის გუნდში პიარს ხელმძღვანელობდა. იყო კულტურის მინისტრის, ჯონ უიტინგდეილის პრეს მდივანი. მუშაობდა შინაგან საქმეთ ექს მინისტრთან, ემბერ რადთან და ამჟამინდელ უპორტფელო მინისტრთან, მაიკლ გოუისთან ერთად.

    2018 წელს, რამდენიმე თვით ადრე, სანამ პრესა ჯონსონთან მის ურთიერთობებზე ალაპარაკდებოდა, კერი საიმონდსი კონსერვატიული პარტიიდან წავიდა და ამჟამად მსოფლიო ოკეანის დაცვის საქველმოქმედო პროგრამებზე მუშაობს.

    ძალადობის მსხვერპლი

    2007 წლის ივლისში 19 წლის სტუდენტი, კერი საიმონდსი წვეულებიდან წავიდა და ლონდონში ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როცა შავი კები მიუახლოვდა. მძღოლმა სახლში წაყვანა შესთავაზა. სამონდსმა უთხრა, რომ ტაქსის ფული არ ქონდა. თუმცა მძღოლმა უთხრა, რომ ისედაც მისი მიმარულებით მიდიოდა და ფული არ იყო საჭირო.

    მანქანაში ჩაჯდომიდან მელვე მძღოლი გოგონას მოუყვა, რომ კაზინოში დიდი თანხა მოიგო და შესთავაზა გამარჯვება ერთად შამპანურით აღენიშნათ. მოგვიანებით გოგონა იხსენებდა, რომ მოერიდა უარი ეთქვა ადამიანისთვის, რომელმაც დახმარება შესთავაზა, ამიტომ ჭიქა გამოართვა, თუმცა სამეული შეუმჩნევლად გადაღვარა. მოგვიანებით მძღოლმა მანქანა გააჩერა, თითქოს ტუალეტში უნდოდა და მხოლოდ 10 წუთის შემდეგ დაბრუნდა. გოგონასთან უკანა სავარძელზე დაჯდა და მას არაყი შესთავაზა. საიმონდსმა თავიდან უარი უთხრა, თუმცა მძღოლი დაჟინებით თხოვდა და გოგონამ უარი არ უთხრა, თუმცა სთხოვა დაუყოვნებლივ სახლში წაეყვანა. “მესმის, რომ სისულელემდე გულუბრყვილო ვჩანვა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ვხვდები რომ მართლა ასეთი ვიყავი. ის ძალიან ჭკვიანი იყო. ისე მაგრძნობინა თავი, თითქოს მის წინაშე ვალში ვიყავი“– იხსენებდა მოგვიანებით საიმონდსი.

    გოგონას არ ახსოვს, რა მოხდა შემდეგ – გონს რომ მოვიდა უკვე სახლში იყო. როგორც დედამისი ყვება, გოგონა ფეხზე ძლივს იდგა. საიმონდსი ამბობს, რომ არ ახსოვს, გააუპატიურა თუ არა ის კების მძღოლმა.

    მამაკაცი 2008 წელს დააკავეს. ეს არის ჯონ უორბოიზი, რომელმაც დაკავებამდე უკვე შეარქვეს “მოძალადე კებიდან“. პოლიცია თვლის, რომ მან ასამდე გაუპატიურება და თავდასხმა ჩაიდინა იმავე სქემით.სასამართლოში მოწამვლის და ძალადობის მხოლოდ 12 ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა. თავად უორბოიზი ბრალდებას სრულად უარყოფდა. ამიტომაც საიმონდსმა, როგორც თვითონ ამბობს დაძლია სირცხვილის გრძნობა და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
    2009 წელს სასამართლომ უორბოიზი ციხეში გაურკვეველი ვადით – მინიმუმ რვა წლით გაუშვა, რომლის შემდეგაც კომისიას უნდა განესაზღვრა, საშიში იყო თუ არა ის კვლავ საზოგადოებისთვის.ამ ვადის გასვლის შემდეგ მამაკაცმა გათავისუფლება ითხოვა. ეს რომ შეიტყო, საიმონდსმა კამპანიის ორგანიზება მოახერხა, რომლის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ უორბოიზი, რომელმაც დანაშაული არ აღიარა და არ მოინანია კვლავ საშიში იყო.საბოლოოდ მას გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.

    ეს არის ერთი მძიმე ეპიზოდი კერი საიმონდსის ცხოვრებიდან. თუმცა მისი ცხოვრების შსახებ მედიისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ბრიტანულმა მედიამ უკვე უწოდა მას სამომავლოდ “საზარბაზნე ხორცი“ ტაბლოიდებისთვის. ამიერიდან მისი ცხოვრების ყველა დეტალი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდება.

    კიდევ ერთი სკანდალი ბორის ჯონსონის მეგბარი ქალის ცხოვრებაში, რომელიც მედიაში მოხვდა ლონდონის სამხრეთით მდებარე მისი სახლიდან გამოსული ხმაურის გამო პოლიციის გამოძახება იყო. მეზობლებმა სახლიდან დარტყმის ხმა, ყვირილი და სხვადასხვა ხმები გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. გაზეთ Guardian–ის ხელში მოხვდა აუდიოჩანაწერის გაშიფრული ვერსია, რომელიც როგორც ამტკიცებდნენ, მეზობლებმა გააკეთეს: ჩანაწერის მიხედვით ჩხუბის ერთ–ერთი მიზეზი დივანი გახდა, რომელზეც ჯონსონმა წითელი ღვინო დაღვარა. გაზეთის ცნობით ქალი ყვიროდა: “გამანებე თავი, წადი ჩემი სახლიდან!“ . გარდა ამისა, კაცს ადანაშაულებდა რომ მას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და განებივრებული ბავშვივით იქცეოდა.

    პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტის ყველა მონაწილეს ესაუბრნენ და საქმის შემდგომი მსვლელობის საფუძველი არ არსებობდა. ბორის ჯონსონის წარმომადგენლებმა ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.

    რამდენიმე დღეში გაზეთებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც წყვილი ერთად იჯდა მაგიდასთან ნაზად ხელჩაკიდებული. ჟურნალისტებმა პოლიტიკოსი ფოტოს “დადგმაში“ და პრესაში შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულეს, რათა მის წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილი არ მიდგომოდა. თავად ჯონსონი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა.

    ურთიერთობების კომენტირებას ჯონსონიც ერიდება და მისი მეგობარი ქალიც.საიმონდსი თითქმის ყოველდღიურად წერს ტვიტერში გარემოს დაბინძურებაზე და სხვა პრობლემებზე: ქალების წინდაცვეთიდან დაწყებული ბავშვების და ცხოველების უფლებებით დამთავრებული. მისი პირადი ისტორიები სოციალურ ქსელში არ იძებნება. ჯონსონმა კი პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: “ არ ვაპირებ პრესას მოვუყვე იმ ადამიანებზე, ვინც მიყვარს.“

    რას იტყვის დედოფალი

    პოლიტიკური მიმომხილველების და ექსპერტების აზრით კერი საიმონდსს ახლა მთელი ბრიტანეთი მისჩერებია და მისი ამჟამინდელი პოზიცია უნიკალურია – დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში დაუქორწინებელ წყვილს მისი გახსნის მომენტიდან– 18–ე საუკუნიდან არ უცხოვრია.

    ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კერი საიმონდსი საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობას მოერიდება. მას არ ყავს თავისი გუნდი, არასოდეს ქონია დამოუკიდებელი ამბიციები და ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს. არანაირი ფორმალური პროტოკოლური შეზღუდვები კერი საიმონდსს არ აქვს, მას შეუძლია თან ახლდეს ბორის ჯონსონს სახელმწიფო ვიზიტებისას. თუმცა წყვილი ერთად ვერ გამოჩნდება დედოფალთან.

    არჩევიდან მალევე ჯონსონი შოტლანდიაში წავიდა, სადაც ელისაბედ მეორეს საფხულო რეზიდენციაში, ბალმორალში ესტუმრა. ის მარტო იყო. სამეფო ოჯახის ექსპერტები ამბობენ, რომ მეგობარ ქალთან ერთად დედოფალთან პრემიერის მისვლა ყველასთვის “საშინელი უხერხულობა“ იქნებოდა, რადგან ჯონსონი ფორმალურად ჯერ კიდევ არ არის განქორწინებული ყოფილ ცოლთან, დედოფალი კი ასეა თუ ისე ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია.

  • “მიტინგებმა გამოავლინა მოსახლეობის დაღლილობა ქართული ოცნების კოალიციის მთავრობით“–რობერტ ჰამილტონი

    საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, “ამერიკის ხმა” აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორს, აშშ-ის არმიის (გადამდგარ) პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს ესაუბრა. ჰამილტონი ასევე შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარია ვაშინგტონში, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში. ჰამილტონს ანა კალანდაძე ესაუბრა.

    როგორ შეაფასებთ იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს?

    ვფიქრობ, საპროტესტო მოძრაობის პირდაპირი კატალიზატორი რუსეთის დელეგაციის ვიზიტი და დეპუტატ გავრილოვის მიმართვა იყო, რაც ქართველების უმრავლესობისთვის მაშინ, როცა ქვეყნის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.

    თუმცა, ამის მიღმა, მიტინგებმა ასევე გამოავლინა მოსახლეობის დაღლილობა ქართული ოცნების კოალიციის მთავრობის მიმართ და აჩვენა, რომ მოსახლეობას სურს უფრო მეტად კონკურენტული პოლიტიკური სისტემის არსებობა. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი აქციების დაწყების მიზეზი გახდა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო არსებული პოლიტიკური წყობით უკმაყოფილებამ.

    როგორც სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, რა პროგნოზს გაააკეთებთ ამ უახლესი გაკვეთილის გათვალისწინებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და რას გამოყოფდით?

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მას დღემდე უჭირს ამ პროგრესის შენარჩუნება. ამ დროს, საქართველოს დემოკრატიამ წარმატების ორი ხანმოკლე პერიოდი გაიარა: პირველი, ეს იყო 2003 წლის რევოლუციის შემდეგ და მეორე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მომდევნო პერიოდში. ორივე პოლიტიკურმა ძალამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2003 წლის შემდეგ და ქართული ოცნების კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების კონსოლიდაციის ნიშნები გამოავლინა და გახდა ნაკლებ ტოლერანტული პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგად გადაირჩიეს იმ უკმაყოფილების გამო, რომელიც შეურაცხმყოფელი სკანდალური ვიდეო-კადრების გავრცელებას მოჰყვა, რაც საზოგადოების მრისხანების მთავარ მიზეზად იქცა. საინტერესოა ვნახოთ, თუ რამდენად ექნება მიმდინარე პროტესტს იგივე გავლენა ქართული ოცნების მთავრობაზე და მის მომავალზე.

    ხელისუფლების გადაწყვეტილება- პროპორციული სისტემით ჩაატაროს მომავალი არჩევნები, პოზიტიური სიგნალია. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას და უპირატესობას შეუზღუდავს მთავრობის წევრებს, რაც სისტემის მიერ ხალხის ნების ადექვატური აღქმა იქნება. ეს სისტემა ასევე, შესაძლო პოლიტიკური გარიგებების დროს აღებ-მიცემობის შანსებს და გავლენიანი ლიდერების შეუზღუდავ წვდომას, ძლევამოსილთა კულტის წარმოშობის შესაძლებლობასაც შეამცირებს. ეს არის ის დიდი ორი პრობლემა, რაც არაერთი პოსტ-კომუნისტური ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

    თუმცა, ნულოვანი ბარიერის გამოცხადებამ შესაძლოა პატარა პარტიების ფრაგმენტაცია გამოიწვიოს პარლამენტში შესვლამდე, რაც სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და ექსტრემისტებს პარლამენტში კიდევ უფრო მეტ ხმას მიანიჭებს – იმაზე მეტს, ვიდრე ისინი ბარიერის არსებობის შემთხვევაში მიიღებდნენ.

    რას ფიქრობთ, ქართული ოცნების მზაობაზე ოპოზიციური პარტიების, ან ოპონენტების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოახდინოს მიტინგისას მომხდარი არეულობების ინსპირირების მოტივით?

    ოპოზიციონერი პარლამენტარის დაპატიმრება და მთავრობის ჩანაფიქრი, რომ ის „ჯგუფური ამბოხის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის“ გაესამართლებინა, დაკვირვებად ღირს. თუ ეს პროცესი მართლაც პოლიტიკურად მოტივირებულია ოპოზიციის ხმის ჩახშობის და მათი მხრიდან პოლიტიკური შეცდომების გამოხატვის ჩახშობის მიზნით, მთავრობა, ხალხის და საქართველოს პარტნიორების თვალში, ლეგიტიმაციას დაკარგავს.

    რა შეგიძლიათ თქვათ რუსეთის სამომავლო, სავარაუდო ქმედებებზე?

    რუსეთი ნებისმიერ შანსს გამოიყენებს, რომ საქართველო არასტაბილურ, ქვეყნის მთავრობა კი არადემოკრატიულად წარმოაჩინოს. ამ პირობებში, მთავრობამ და ოპოზიციამ ამგვარი შესაძლებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის ისეთი ნაბიჯების გატარება, რომლებიც რომელიმე ერთი მხარის მოკლევადიან ინტერესებს ემსახურება და სინამდვილეში, რუსულ ნარატივს ეხმარება. ამიტომაც, ოპოზიციას და მთავრობას უნდა ახსოვდეთ, რომ ერთმანეთთან განსხვავები ბევრად პატარაა, საქართველო-რუსეთის განსხვავებებთან შედარებით.

    რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა, მისი ფაქტორი საქართველოში დღეს?

    რუსეთის სამხედრო პოზიციონირება საქართველოში დღეს საკმაოდ ძლიერია, ვიდრე წარსულში, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიის რომელიმე მონაკვეთში. რამდენიმე ათასი ჯარისკაცის პირობებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ისევე, როგორც სომხეთში, გიუმრის ბაზაზე, რუსეთის სამხედრო უპირატესობა ახლა უფრო თვალსაჩინო და საშიშია სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ეს 2008 წლის ომამდე იყო.

    თუმცა ძალის უფრო რბილი გამოხატულებით, რუსეთის სტატუსი საქართველოში ჩამოშლას აგრძელებს. საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვას, ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაზე მოკლევადიანი შედეგი აქვს და მას რთულად წარმოსადგენია, რომ გრძელვადიანი გავლენა მოჰყვეს. მოსკოვის მიერ ქართულ პროდუქციაზე პერიოდულ აკრძალვას ყველასათვის დასანახი პოლიტიკური მიზეზები აქვს, რამაც ქართულ ეკონომიკას ზრდაში ხელი ვერ შეუშალა. პირიქით, კრემლის ეკონომიკურმა წნეხმა საქართველოს სტიმული მისცა რუსეთისგან, როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორისგან და ტურიზმით შემოსული შემოსავლის მომტანი მთავარი წყაროსგან, თავი დაეხსნა.

    ეს კი საქართველოს საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მყარ ეკონომიკურ საფუძველზე გააგრძელოს არსებობა. ეს უკვე ასეც ხდება – 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტმა ევროკავშირში რუსეთში გატანილ ექსპორტს გაუსწრო $164 მილიონი დოლარით. და ბოლოს, რუსეთის აგრესიული მოქმედება იმ ფაქტზე კონცენტრაციის საშუალებას არ იძლევა, რომ ეს ორი ქვეყანა ისტორიულად კავშირებს ინარჩუნებდა კულტურის დარგში, ან რელიგიური კუთხით.

    ისე, რომ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მოქმედებები, თავად მოსკოვის მოქმედებებმა მისი გავლენა შეასუსტა კავკასიაში. კრემლი ახლა დგას იმ ფაქტის წინაშე, როცა სამხედრო ძალა მისი ერთადერთი ინსტრუმენტია საქართველოში და რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება [ საქართველოში } დაუმორჩილებლობას გამოიწვევს თავად საქართველოში და საპასუხო რეაქციას დასავლეთში, რაც კიდევ უფრო შელახავს რუსეთის პოზიციას მსოფლიოში.

    საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს შორის განვითარებულმა მოვლენებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბიზნესმენზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს ანაკლიის პორტის მნიშვნელობის და მისი წარმატებული განვითარების კონტექსტში?

    როგორც ამერიკის საელჩომ აღნიშნა თბილისში, საქართველოს მდგრადი უნარი, რომ მიიზიდოს დასავლური ინვესტიციები დამოკიდებულია აღქმაზე, რომ მისი სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და თავისუფალია პოლოტიკური გავლენისგან. ბოლო ოცი წელია, საქართველომ დაუჯერებელი მასშტაბით შესძლო კორუფციის აღმოფხვრა და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. 1990იან წლებში არსებული ეკონომიკური ნგრევის შემდეგ, ახლა ქვეყანა 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა,, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით.

    აქვე აღვნიშნავ, რომ ბიზნესისთვის მეგობრული გარემო და კორუფციისგან დამოუკიდებელი საქართველო წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვითარებული, მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების თანამეგობრობას შეუერთდეს. მიუხედავად პროგრესისა და ამ დარგებში მიღწეული წარმატებისა, ეს მონაპოვარი შეუქცევადი არ არის და საკმაოდ მოწყვლადია. სწორედ ამიტომ, აშშ მკაფიოდ აცხადებდა და გაფრთხილებას აკეთებს, რომ გავლენა ეკონომიკაზე ნამდვილად ექნება პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას.

    ნებისმიერი სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობა ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს და ქვეყნიდან გასვლას აიძულებს უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკური ლანდშაფტის მქონე ქვეყნებში.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “არხზე მომუშავე თანამშრომლების უმრავლესობა უბრალოდ დემორალიზებულია“– იმედის კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ

    მწერალი ტორესა მოსი, რომელიც პარალელურად ტელეკომპანია იმედში მუშაობს ფეისბუქ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ მოვლენების შესახებ ყვება, რომლებიც ტელეკომპანია იმედის ეთერში  11 აგვისტოს გასულ ფილმს თავად ტელეკომპანიის შიგნით მოჰყვა. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა და მასში საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები დაინახეს. ფილმის ეთერში გასვლისას მისი ავტორი მითითებული არ ყოფილა, თუმცა საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ იმედის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმი მისი პროდიუსერობით მომზადდა. ფილმის შინაარსს გაემიჯნენ იმედის თანამშრომლებიც, რომლებმაც თითქმის ერთდროულად ფეისბუქით გაავრცელეს მსგავსი შინაარსის სტატუსები: „არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“

    ტორესა მოსი საკუთარ ვრცელ სტატუსში ამბობს, რომ თანამშრომლების უმრავლესობა დემორალიზებულია და მათ ნიკა ლალიაშვილი ძალით დაასვეს თავზე. გთავაზობთ სრულ ტექსტს:

    “შევეცდები მოკლედ მოვყვე ამ ფილმის ამბავი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა. ვინც არ იცის, მეც იმედზე ვმუშაობ, ფროდაქშენში (ნიუსთან არანაირი კავშირი არ მაქვს). როდესაც ეს ნაბიჭვრობა (ფილმს ვგულისხმობ) დაიდო, სამეგრელოში ვიყავი და რომანზე ვმუშაობდი უინტერნეტო გარემოში და სრულიად შემთხვევით ვნახე ერთი დღის დაგვიანებით. ჩემი პირველი რეაქცია იყო რა თქმა უნდა საჯაროდ დამეგმო და არხიდან ასევე საჯარო განცხადებით წავსულიყავი, თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე შემენარჩუნებინა კორპორაციული ეთიკა (ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ყოველთვის, მათ შორის ასეთ დროსაც, რადგან მიმაჩნია, რომ სხვისი დანაშაული პირადი პასუხისმგებლობებისგან არ გვათავისუფლებს) და ზუსტად ამ ტექსტით: „ვინ გააკეთა ეს ნაბიჭვრობა?“ (ტექსტი უფრო ვრცელი იყო რა თქმა უნდა) ჩავაგდე იმედის თანამშრომლების შიდა ჯგუფში და მოვითხოვე არხს მოეხადა ბოდიში და ამის გამკეთებელი დაესაჯა. ამას მოჰყვა თანამშრომლების მხრიდან ჩემი განცხადების მოწონება და მხარდამჭერი კომენტარები. იმისათვის, რომ პროცესი ძალიან არ გაჭიანურებულიყო, დავიწყე ამ ლინკის გზავნა იმ ადამიანებთან, ვისთანაც პირადად მაქვს კონტაქტი. აღმოჩნდა, რომ არხზე მომუშავე ადამიანების უმრავლესობას (მათი დიდი ნაწილი დღემდე შვებულებაშია), მათ შორის პროდიუსერებს, ფილმი ნანახი არ ჰქონდათ და არც არავინ იცოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ავტორი. ჩემს პოსტს მოჰყვა თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა, მირეკავდნენ და მწერდნენ ადამიანები და მეუბნებოდნენ, რომ იზიარებდნენ ჩემი განცხადების პათოსს.

    ამასობაში ნიუსრუმში მომუშავე ჟურნალისტებმაც და პროდიუსერებმაც აქტიური პროტესტი გამოხატეს. შედეგად, ბოლოსდაბოლოს, გაირკვა, რომ ვიდეოს ავტორი (ყოველშემთხვევაში პირადი აღიარება არსებობს) ყოფილა ვინმე ნიკა ლალიაშვილი, რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, დილით მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი რუსეთუმეა. ამასობაში Paata Shamugia-სთან მქონდა აქტიური კომუნიკაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად აპროტესტებდა მომხდარს ჩემთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ეს ვინმე ნიკა ლალიაშვილი მოიყვანეს და მათ შორის ნიუსში მომუშავე ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად დაგვასვეს ყველას თავზე. დღეს დავბრუნდი თბილისში. მოკლედ შევაჯამებ ახლა რაც ხდება. არხზე მომუშავე თანამშრომლების სრული უმრავლესობა უბრალოდ დემორალიზებულია. რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ ვიყო რაიმე ფორმით რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი. როგორც იმ შიდა განცხადებაში ვთქვი, თუ არხი არ მოიხდიდა საჯაროდ ბოდიშს, ვიდეო არ წაიშლებოდა და გამკეთებელი არ დაისჯებოდა, მე იგივე განცხადებას გავაკეთებდი საჯაროდ, თუმცა არ ვაპირებ შევუქმნა ეს კომფორტი, რომ ჩემი ფეხით წამოვიდე იქიდან. აქვე ვამბობ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან მე ვიქნები მანდ, ან ნიკა ლალიაშვილი და სანამ ვიქნები, ყოველ დღე, საჯაროდ ვამხელ და ყოველი დღე იქნება კონკრეტული ფასი.

    ჩემთვის ამის კეთება გაცილებით მარტივია, მე მწერალი ვარ, წამოვალ და დავწერ, ვერავინ შემაფერხებს და შემიშლის ხელს. გაჭირვებაც გამომივლია უსახლკარობაც და შიმშილიც, ჩემთვის ეს არც პირველი იქნება და როგორც ვატყობ ამ ქვეყანაში, არც უკანასკნელი 🙂 ფეხებზეც მკიდია, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ტელევიზია მთავარი სამუშაო სივრცეა, ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ და მათ უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა. მინდა ვთქვა, რომ როგორც ჟურნალისტების, ისე სხვა თანამშრომლების მხრიდან პირველივე დღიდან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და ვიცი, რომ ამ საკითხში იმედზე მომუშავე ადამიანების სრული უმრავლესობა ერთიანია. მოდით სხვებს ნუ მოვთხოვთ იმ გმირობას, რომელსაც ხშირად თვითონ ვერ ჩავიდენდით. საბოლოოდ, არაფერი დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება და თუ მართლა გინდათ, რომ ამის გამკეთებელი დაუსჯელი არ დარჩეს, თუ მართლა გინდათ, რომ შექმნილ პირობებში, იმედში მოქმედების თავისუფლება არ მივცეთ პუტინის პროპაგადისტული მანქანის მუშაობას, შეეშვით ჟურნალისტების ლანძღვას და სწორად შეარჩიეთ ადრესატი, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლა ყველა ერთ მხარეს ვართ. ჰო, რა თქმა უნდა მე გადავედი საბრძოლო რეჟიმზე და რადგან ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი, ან ყველაფერი, ან არაფერი. 😀 #დაისაჯოსნიკალალიაშვილი #არხმამოიხადოსბოდიში #წაიშალოსვიდეო

    პ.ს. კომპანიის მფლობელებს მინდა მივმართო, გასაგებია, რომ თქვენი გადაწყვეტილებაა ნიკა ლალიაშვილს დატოვებთ თუ გაუშვებთ, ასევე თქვენი გადაწყვეტილებაა საკუთარ არხს პუტინის პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცევთ თუ არა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ როდესაც კომპანიის თანამშრომლებს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მორალური კომპრომისის ხარჯზე მოუწევთ იძულებით იმის კეთება, რისიც აღარ სჯერათ, კომპანია შეიძლება ჩამოიშალოს? რა ვიცი, დავფიქრდებოდი თქვენ ადგილზე.“ – წერს ტორესა მოსი.