Category: სხვადასხვა

  • ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იჭიდავებს

    ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იჭიდავებს

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი რომში  ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იასპარეზებს.

    დათუნაშვილი სერბეთის სახელით აქამდეც ცდილობდა ასპარეზობას, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლეოდა.

    შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში, 2019 წლის 11 იანვარს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ზურაბ დათუნაშვილმა არაერთი განცხადება გაავრცელა. ზურაბ დათუნაშვილი პირველ განცხადებაში ამბობდა, რომ გეგა გეგეშიძემ  მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მანამდე ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვდა,გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დაეტოვებინა. ამ ფაქტს მაშინ სპორტსმენების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და ფედერაციასთან მოჭიდავის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

    გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა გეგეშიძე დღემდე არ დასჯილა.

    ზურაბ დათუნაშვილმა მოგვიანებით რამდენიმე მიმართვა გაავრცელა, რომლებშიც ამბობდა, რომ იძულებული ხდებოდა საქართველო დაეტოვებინა და სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა, მოგვიანებით კი ამბობდა, რომ მას ამის უფლებასაც არ აძლევდნენ:

    ან უნდა დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე – ზურაბ დათუნაშვილის მიმართვა

    “არ მაძლევენ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას, ქვეყანას ვტოვებ”-ზურაბ დათუნაშვილი

  • რა კავშირი აქვს თბილისს ამერიკის 2020 წლის არჩევნებთან

    ვინც თვალს ადევნებს შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონს, კარგად იცის, რომ მომავალ კვირას, აიოვაში დაგეგმილ კოკუსს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შტატში 3 თებერვალს დაგეგმილ წინასაარჩევნო კენჭისყრაზე, დემოკრატი კანდიდატებით გადატვირთული გუნდის ლიდერი გამოიკვეთება. ტრადიციულად, აიოვის კოკუსი, ტონს მთელ შემდეგ არჩევნებს აძლევს.

    ბოლო ერთი კვირაა, ამერიკულ მედიაში თბილისს, აიოვის კოკუსთან დაკავშირებით, ხშირად ახსენებენ. „კოკუსი კავკასიაში“ – ამ სათაურით გამოჩნდა 23 დეკემბერს სტატია „ნიუ-იორკ თაიმსში“. „შეუძლია თბილისს აიოვის კოკუსის საპრეზიდენტო მარათონის ბედი გადაწყვიტოს“? ასე დაასათაურა სამშაბათს სტატია „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ბრაიან პადენმა.

    სად თბილისი და სად აიოვის კოკუსი?

    საქმე იმაშია, რომ პირველად ამერიკის არჩევნების და ასევე საქართველოს ისტორიაში, აიოვის კოკუსი თბილისშიც ჩატარდება. შტატის დემოკრატიულმა პარტიამ თბილისი (საქართველო), პარიზი (საფრანგეთი) და გლაზგო (შოტლანდია), საერთაშორისო სატელიტურ საარჩევნო უბნებად დაამტკიცა.

    თბილისის საარჩევნო უბანს ჯოშუა კუჩერა უმასპინძლებს, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და იქ მიმდინარე მოვლენებზე მასალებს სხვადასხვა მედია-საშუალებებს აწვდის. ჯოშუა წარმოშობით აიოვის შტატის ქალაქ დეს-მოინიდანაა. მან „ნიუ-იორკ თაიმსს“ უთხრა, რომ „ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იყვნენ თბილისში აიოველები“.

    ჯერჯერობით, თბილისის კოკუსზე 3 ადამიანია რეგისტრირებული. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნების მასპინძლობა, ჯოშუა პასუხობს: „მე ამაყი აიოველი ვარ, აიოვისადმი ნოსტალგია მაქვს და მინდა, აიოვური საქმეები ვაკეთო“. „ამერიკის ხმას“ მან უთხრა, რომ თბილისში ჩატარებული აიოვის კოკუსის საინტერესო გამოცდილების შესახებ, აუცილებლად დაწერს და მასალას რომელიმე საინფორმაციო საშუალებას გაუგზავნის.

    ხმის მიცემა ფეხით

    აიოვის შტატის კოკუსი ტრადიციულ ხმის მიცემას არ ითვალისწინებს. შტატის მოქალაქეები საარჩევნო უბანზე მიდიან და კენჭისყრის დროს, თავს ჯგუფ-ჯგუფად ერთი კანდიდატურის გარშემო იყრიან. „კოკუსს მართლაც სწორედ ის გამოარჩევს, რომ ხალხი ხმას პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხით აძლევს“ – ამბობს კარენ კენდროვსკი, აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

    მსგავსი არჩევნების დროს, ხშირად კომიკური სიტუაციები იქმნება. თუ ხალხი დააკლდათ, ჯგუფები ერთმანეთს ხელს უქნევენ და სთხოვენ, მათთან გადაინაცვლონ, ან სიტყვიერად დაარწმუნონ, რომ მათი კანდიდატი უმჯობესია.

    3 თებერვალს, იმავე ღამეს, კოკუსს აწყობს აიოვის რესპუბლიკური პარტიაც. თუმცა, რესპუბლიკელებს საარჩევნო უბნების რაოდენობა წელს არ გაუზრდიათ. კენჭისყრა ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკმარისზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, რომ დაამარცხოს დანარჩენი ორი რეგისტრირებული კანდიდატი: ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უელში და მასაჩუსეტსის ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორი ბილ უელდი.

    99 ახალი საარჩევნო უბანი

    წელს აიოვას ჯამში 99 ახალი საარჩევნო უბანი ექნება, სადაც შტატის დემოკრატებს რეგისტრირება და რჩეული დემოკრატი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეეძლებათ. ახალი უბნის დარეგისტრირებას, წინ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი უძღვის. ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა პირებმა, ვისაც მისი მასპინძლობა სურს, დოკუმენტებით უნდა დაასაბუთონ, რომ ახლო რადიუსში აიოვის შტატის მოქალაქეები და თან რეგისტრირებული დემოკრატები, ნამდვილად ცხოვრობენ.

    პარტიის ისტორიაში წლევანდელი კოკუსი „ყველაზე ხელმისაწვდომი“ იქნება, თქვა ტროი პრაისმა, შტატის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ. თუმცა, აიოვამ არ დაამტკიცა ე.წ. „ვირტუალური კენჭისყრის“ ინიციატივა, რომელიც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, ხმა ინტერნეტის საშუალებით მიეცა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვს აქვს შინაგანი სისხლდენა”-ანიტას ახლობლები საზოგადოებას ლოცვისკენ მოუწოდებენ

    ინდოეთში მყოფი ქართველი გოგონას ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია ანიტას ოჯახის ახლობელმა გაავრცელა. ოჯახი საზოგადოებას თხოვს, ილოცონ ანიტასთვის.

    “ანიტელებო  უკვე მერამდენედ, მაგრამ თქვენდამი უდიდესი რწმენით სავსე კიდევ ერთხელ გთხოვთ ილოცოთ ანიტასთვის.
    ჩვენი გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვს აქვს შინაგანი სისხლდენა.
    მარიკო და გიორგი არ უშინდებიან ამ განსაცდელს ისევე როგორც ჩვენ, რადგან თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს.
    ეს არის ის სასწაული რამაც აქამდე მოგვიყვანა და ამდენი განსაცდელისგან გვიხსნა.
    ეს არის ის რაც მიგვიყვანს ანიტას გამოჯანმრთელებამდე”-წერს ნათია გოდერძიშვილი.

  • “გმადლობ ღმერთო ,46 წლის მანძილზე მუდამ რომ მახსენებ ჩემს მაღალ დანიშნულებას“– ირაკლი ოქრუაშვილის ერთი დღე ციხეში

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ციხიდან წერილს აგზავნის და პატიმრობაში გატარებულ მის ერთ დღეს აღწერს:

    “ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან

    დილის 6 საათია. როგორც წესი, ამ დროს ვიღვიძებ.
    პირველივე გაფიქრებისთანავე აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნის ნახევარი წელი შემისრულდა. ჯამში 1 წელი: 6 თვე მიშას საგზურებით თბილის-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა , 6 თვე ბიძინას საგზურით…

    ჩემი ,, აპარტამენტების’’ მილაგებას და მოწესრიგებას დიდი დრო არ მიაქვს. ზოგადად, ოთხი კედელი აზარმაცებს ადამიანს, მაგრამ სიზარმაცეს აქტიურად ვებრძვი იმით, რომ ათას საქმეს ვიგონებ. ინტერვიუ მაქვს დასაწერი ,,ახალი თაობისათვის’’, ჟამთააღმწერელის ახალი პოსტი მაქვს დასამთავრებელი, თომას პიკეტის ,, კაპიტალი’’ შემომიგზავნეს და მაგის კითხვას სპეციალური მონდომება სჭირდება, ეკონომიკის სახარებაა და სულ აქ ხომ არ ვიჯდები, რომ გამოვალ იქნებ რაღაცაში გამომადგეს.ხომ ხედავთ, ციხიდან გამოსვლის შემდგომ რესოციალიზაციაზე ეხლავე ვიქრობ ))); უფროსი შვილისთვის რჩევა-დარიგების წერილი მაქვს მისაწერი, წელს სკოლას ამთვრებს და საზღვარგარეთ მოუწევს სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება. ასე, რომ უსაქმოდ არ ვარ.

    როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ,,არსენა მარაბდელს ‘’ იწყებს სიტყვებით: ,, შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა’’ მეც დაახლოებით, ასე ვიწყებ. შემდეგ ბიძინას ,, რამდენიმე ბრუნვაში’’ ვახსენებ და დღეც იწყება.

    ციხეში ყველაფერს ერთი ფასი აქვს. მხოლოდ ორი რამეა ყველაზე სასიამოვნო:სწორი ანალიზის საფუძველზე ზუსტად რომ გამოთვლი რამდენხანს მოგიწევს ციხეში ჯდომა და მეორე- ახალგაღვიძებულზე სიგარეტს ღრმა ნაფაზებით, რომ მოწევ, მაგრამ მე ხომ იმ გამონაკლის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც სიამოვნებაზე უაზრო ახირების გამო ამბობენ უარს. 2 თვეა სიგარეტს თავი დავანებე და დავრწმუნდი-ციხეში მოწევას 2 კატეგორიის ხალხი ანებებს: არანორმალური ნებისყოფის ადამიანები და უბრალოდ, არანორმალურები. ჩემს შემთხვევაში ორივეა, ჩემთს თავს ვეჩხუბები რა დროს სიგარეტზე თავის დანებები დრო იყო , მინდოდა ნებისყოფა კიდევ ერთხელ შემემოწმებინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალური ნებისყოფა მაქვს.

    ჯერ საკანში ბნელა და გარეთაც. საერთოდ, რომ იცოდეთ ციხეში შუქი გრაფიკით გვაქვს. დილის 8 საათზე ჩაგვირთავენ და ღამე 23:30 ზე თიშავენ.ასე, რომ თუ 8 საათამდე რამე გინდა წაიკითხო ტუალეტის შუქის ფონზე ფეხზე დგომით შეიძლება. 6 -დან 12 საათამდე კანონის წაკითხვას ვასწრებ. ბიძინას კანონებს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდით. 8 საათი გახდა და დილის შემოვლა დაიწყო, რომელიც 15-20 წამი გრძელდება. ზედამხედველი საკანს ვიზუალურად ათვალიერებს მხოლოდ.

    ღმერთი სამობითააო ნათქვამია და მესამე ახლწელს შევხვდი ციხეში. 2008 წელს ბერლინში მოაბიტის ციხეში, 2013 წელს – მატროსოვზე და ახლაც იგივე.
    8:30 საათზე საუზმეს არიგებენ.

    საერთოდ 25 წელია დილით საჭმელს არ ვჭამ, მაგრამ ,, მატროსოვის’’ საუზმეში არის ისეთი განსაკუთრებული გურმანული ( კონტინენტურ და ამერიკულ საუზმეს შორის) , რის გამოც აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს და რაც პიონერთა ბანაკებში გატარებული ბავშვობის მოგონებებს შეგახსენებთ-მყრალ მანიფაფას ან ერთმანეთში აზელილ ვერმიშელს.

    12 საათიც გახდა, კანონების კითხვას მოვრჩი და უდიდესი დილემის წინაშე დავდექი: ტვ პირველზე ხაზარაძე ინფოს ვუყურო თუ მარიამ ვაშაძის ხათრით ,, მოამბეს’’.

    პირველ საათამდე შვილისთვის მისაწერი წერილი ნახევრამდე მივიყვანე. ცხოვრების ასეთი დეტალური ინსტრუქცია ვინმეს ჩემთვის, რომ დაეწერა ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა-არასაინტერესოდ. აქედანვე მინდა მთავარი რამ ისწავლოს- ცხოვრება ხშირად მიაყენებს ტკივილს, მაგრამ მაინც არ უნდა დანებდეს, ადამიანი უნდა ამაყბდეს ტკივილით, ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ.

    გმადლობ ღმერთო ,46 წლის მანძილზე მუდამ რომ მახსენებ ჩემს მაღალ დანიშნულებას.

    გაგრძელება იქნება“– წერს ოქრუაშვილი.

  • შეპარდი: კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს

    რა მნიშვნელობა აქვს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფარგლებში კრიტიკულ წერილებს? ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა. რობინ შეპარდი ამბობს, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ამერიკიდან მიღებული წერილების გათვალისწინება მოხდეს, რადგან “ამ წერილების გაგზავნით საქართველოს გაფრთხილება მისცეს. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.”

    რას ფიქრობთ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებზე? წერილებში ისნი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე ზოგიერთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა მაგალითად საარჩევნო კოდექსი, ან სასამართლოს რეფორმა. რას ფიქრობთ ამ წერილების მნიშვნელობაზე? ქართველებმა ისინი სერიოზულად უნდა აღიქვან?

    კი. ისინი ამ წერილებს უნდა მიესალმონ კიდეც. შეერთებული შტატები გლობალური ძალაა და სამყაროს გლობალური ძალის ლინზით უყურებს. ძალიან რთულია ამერიკაში ერთ კონკრეტულ საკითხზე წარმომადგენელთა პალატის, სენატის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების მიქცევა. ის ფაქტი, რომ კონგრესის ოთხმა წევრმა საქართველოს წერილი გაუგზავნა – ორი თვით ადრე კიდევ იყო მსგავსი წერილი – იმას ნიშნავს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ. ამერიკა საქართველოს პრობლემებს ვერ გადაუჭრის, ეს თვითონ საქართველომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ამერიკას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს ან ღირებულებების თანხვედრაზე განცხადება გააკეთოს საერთაშორისო ფორუმებზე.

    ამერიკის კონგრესს უკიდურესად გავლენიანი რეზოლუციების მიღება შეუძლია. ეს წერილები კარგის ნიშანია იმიტომ, რომ ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის კონგრესში ადამიანები საქართველოზე ფიქრობენ და მას ყურადღებას აქცევენ. საქართველოზე ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი ფიქრობს. კონგრესის წერილებთან ერთად, დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა კრიტიკული განცხადება, ევროკავშირმაც იგივე გააკეთა. მსოფლიო ვერ წამოხტება ერთ დღეს და საქართველოს ყველა პრობლემას ვერ მოუგვარებს, მაგრამ ხალხი საქართველოზე ფიქრობს და მას აკვირდება. ეს კარგის ნიშანია.

    არ მგონია მთავრობა ამაში დაგეთანხმოთ.

    საქართველოს მთავრობა? ეს იმიტომ, რომ მათ აკრიტიკებენ. ამას კი თავის მიზეზები აქვს. საქმე ისე გამოიყურება, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობას ასუსტებს, პრესაზე იყო ზეწოლა, გაურკვეველია დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. თუ ასე იქცევი, ამას ცხადია სამართლიანად კრიტიკაც მოჰყვება. შეიძლება ისინი გაბრაზდნენ იმაზე, რომ ვიღაცა აკრიტიკებთ, მაგრამ მეტი ყურადღება იმაზეა მისაქცევი, თუ თვითონ რას აკეთებენ.

    მთავრობა ამბობს, რომ ვაშინგტონში არასწორი ინფორმაცია ჩამოდის და რომ ოპოზიცი და არასამთავრობო სექტორი ამერიკელებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. ამ მოსაზრებაზე რას ფიქრობთ?

    პირველ რიგში, ის მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან,“ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ. საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ამის უფლება აქვს. ეს ოპოზიციას არ გამოუგონია. ეს რეალობაა. იგივე ხდება მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. სასამართლოს კონტროლი ზოგადად „ნეო-ავტორიტარიზმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პუტინის სახელმძღვანელოა – აკონტროლე სასამართლო, დისკრედიტაცია გაუკეთე არასამთავრობო სექტორს, შეზღუდე მედია. ამერიკის საელჩო, ამერიკული არასამთავრობოები საქართველოში ხედავენ რა ხდება. მათ არ სჭირდებათ ოპოზიციის იმედზე ყოფნა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ. ისინი არანაკლებ ინფორმაციას აწვდიან ამერიკელ პოლიტიკოსებს. იმის თქმა, რომ ამას მხოლოდ ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ არასწორია.

    ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდა და ეს გრძელვადიანი ზიანია. თქვენი აზრით, საქართველოს რეპუტაცია შეილახა?

    ჩემი აზრით, საქართველოს გარეთ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანაში რაღაცა პრობლემური ხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახა. მე ასე შორს არ წავიდოდი. საქართველოზე ხელი არავის ჩაუქნევია. უკმაყოფილება არა საქართველოს, არამედ საქართველოს მთავრობისკენაა მიმართული. არავინ აკრიტიკებს ქართველ ხალხს, არავინ ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება. თუ ვინმეს რეპუტაცია ილახება, ეს მთავრობის რეპუტაციაა და არა ქვეყნის.

    როდესაც ამერიკის კონგრესი ქვეყნის მთავრობას კრიტიკულ წერილს უგზავნის, რას ნიშნავს ეს გარდა იმისა, რაც თქვენ თქვით, რომ ეს ქვეყნისთვის კარგია, რადგან მას კონგრესი ყურადღებას აქცევს. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერებისგან გაისმა ისეთი შინაარსის განცხადებები, რომ თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი რადგან მას 435 წვერიანი კონგრესიდან მხოლოდ 4 კონგრესმენი აწერს ხელს. ეს წერილი არსის და მიზნის დაკნინები ან დისკრედიტაციის მცდელობაა. რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს წერილები?

    ის მართალია, რომ კონგრესში 435 წარმომადგენელია და სენატში 100 სენატორი. ამ რაოდენობიდან, 4 ადამიანი მათემატიკურად ნამდვილად არ არის დიდი რაოდენობა. ფაქტი ისაა, რომ ამერიკის კონგრესი წარმოუდგენლად ბევრ საკითხზე მუშაობს, როგორც შიდა პოლიტიკის ასევე საგარეო ურთიერთობების მხრივ. ამ ოთხ კონგრესმენს კოლეგები ჰყავს, ისინი კომიტეტების წევრები არიან და ამ თემებზე კომიტეტებში საუბრობენ. ეს პირველი ნაბიჯია. ისინი ამას პირდაპირ არ ამობენ, მაგრამ ამ წერილების გაგზავნით, იმას იძახიან, რომ საქართველოს გაფრთხილება მიეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც დაინახონ, რომ ამერიკა საქართველოს ყურადღებას აქცევს და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს გზავნილი გაამკაცრონ, შეუძლიათ უფრო მეტიც გააკეთონ.

    და ეს რა იქნება?

    ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • „დედიკო ძალიან განიცდის ბავშვის კიდურების გამუქებას“ – როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

    ინდოეთიდან ანიტას ჯგუფში ყოველდღიურად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეები ვრცელდება. აამ დროისთვის ინდოელი ექიმები სეფსისს ებრძვიან.

    „ექიმები აქტიურად იბრძვიან სეფსისის და პოლიორგანული უკმარისობის დასამარცხებლად.​ ანიტას დედიკო ძალიან განიცდის ბავშვის კიდურების გამუქებას, განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაშია მარცხენა ხელის თითები, რომლებიც მარიკოს თქმით, დღეს უფრო გაშავდა.

    ექიმების განმარტებით, კიდურების მდგომარეობის გამოსწორება მეტწილად ანიტას ორგანიზმზეა დამოკიდებული. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამდენი ხალხის სიყვარული დაეხმარება ანიტას ორგანიზმს იყოს მეტად ბრძოლისუნარიანი!“,

  • ამერიკელმა მეხანძრეებმა გადაარჩინეს ლეკვი, რომელსაც თავი ბორბალში გაეჭედა (ვიდეო)

    აშშ-ში კალიფორნიელმა  მეხანძრეებმა 3 თვის  ლეკვი გადაარჩინეს. ლეკვს  თავი ბორბალში გაეჭედა. ამის შესახებ CNN წერს. ფაქტის ამსახველი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში.

    თავდაპირველად მაშველებმა ლეკვის გათავისუფლება ზეთის დახმარებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

    ამის შემდეგ  ლეკვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს. მეხანძრეებმა კი ბორბალი ხერხით გაჭრეს და ასე გადაარჩინეს ლეკვი.

  • ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან. ჭორები მათი შერიგების შესახებ დადასტურდა

    ბრედ პიტი და მისი ყოფილი ცოლი, ჯენიფერ ენისტონი კვლავ ყურადღების ცენტრში არიან. ერთდროულად რამდენიმე წყარო იუწყება, რომ მათ კვლავ რომანტიული ურთიერთობები აქვთ. ჭორები მათი ერთად ყოფნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ანჯელინასთან დაშორების შემდეგ პიტმა და ენისტონმა მეგობრობა განაახლეს. თუმცა, ბოლო დრომდე მათ თითქოს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ახლა კი ირკვევა, რომ მათი რომანი შესაძლოა განახლდეს.
    წყვილი ერთმანეთს 15 წლის წინ დაშორდა. ცოტა ხნის წინ ისინი SAG Award–ზე საჯარორდ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს განქორწინების შემდეგ. ამ მომენტის ამსახველმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


    გაირკვა, რომ ღონისძიებაზე შეხვედრამდე მსახიობებს რამდენიმე საიდუმლო პაემანიც ქონდა. ანჯელინა ჯოლის ყოფილმა ქმარმა შობა ჯენიფერის სახლში გაატარა.

    “ვფიქრობ ჯენიფერს ყოველთვის უყვარდა პიტი, მიუხედავად იმისა, რომ მან გული მოუკლა, როცა ანჯელინას გამო მიატოვა“ – ციტირებს ენისტონთან დაახლოებული წყაროს სიტყვების გამოცემა The Mirror. ის აღნიშნავს, რომ ჯენიფერს დიდი დრო დაჭირდა იმისათვის, რომ ყოფილი ქმრისთვის ღალატი და მიტოვება ეპატიებინა, თუმცა ეს მოახერხა.

    ბრედ პიტის მეგობარი კი აცხადებს, რომ მათ ურთიერთობა აღადგინეს . “მათ ისევ რომანტიული ურთიერთობები აქვთ. ასეთი ბედნიერი არცერთი არ მინახავს მთელი ამ წლების განმავლობაში“– ამტკიცებს ის.

    პიტის და ენისტონის შერიგება სავარაუდოდ დიდი დარტყმა იქნება ანჯელინა ჯოლისთვის, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პიტმა ენისტონი მის გამო მიატოვა, ყოველთვის ეჭვიანობდა ქმრის ყოფილ ცოლზე.

  • ძაღლმა ტაივანელ ქალს პასპორტი დაუხია, რითაც კორონავირუსის ეპიცენტრში გამგზავრებას გადაარჩინა

    ტაივანელი ქალი უხანში ვიზიტს ოქროსფერი რეტრივერის, კიმის წყალობით გადაურჩა.

    13 იანვარს სახლში დაბრუნებულმა კიმის პატრონმა აღმოაჩინა, რომ მისი პასპორტი ძაღლმა დახია და წვრილად დაანაკუწა. ძაღლის პატრონმა კიმის და დახეული პასპორტის ფოტოები ფეისბუქ გვერდზე დადო. პასპორტის არცერთი გვერდი მთელი აღარ იყო.

    იმ დროისათვის ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არცთუ სერიოზული იყო და ქალი რამდენიმე დღეში იქ ოჯახთან ერთად წასვლას გეგმავდა. ის 13 იანვარს სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ავიაბილეთების დაჯავშნას აპირებდა.

    როცა დახეული პასპორტი დაინახა, როგორც თვითონ ამბობს თავიდან კინაღამ გაგიჟდა. თუმცა ვეღარაფერს იზამდა. პასპორტის აღდგენას დრო ჭირდებოდა. რამდენიმე დღეში კი საინფორმაციო გამოშვებებში ნახა, რომ უხანში კორონოვირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა და ფართოდ გავრცელდა. მალე კი ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ქალი მადლობელია ძაღლის, რომ პასპორტის დახევით კიმმა ის უხანში წასვლას გადაარჩინა.

    ქალი ამბობს, რომ ძაღლი მისი მფარველი ანგელოზი აღმოჩნდა. მის იწყალობით ჩინური ახალი წელი საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში მშვიდად და ბედნიერად გაატარა.

    “ჩემო გოგო, მადლობა რომ ისევ დამიცავი. რა ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრეაში არსებობ. კიდევ უფრო მიყვარხარ ჩემო პატარა გოგო“– წერს ფეისბუქზე ტაივანელი ქალი.