Category: სხვადასხვა

  • ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, კერკ დუგლასი გარდაიცვალა

    104 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კერკ დუგლასი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი სოციალური ქსელების მომხმარებლებს მისმა შვილმა, 75 წლის მაიკლ დუგლასმა შეატყობინა. საკუთარი განცხადება მან დაასრულა სიტყვებით, რომლებიც მამას მის ბოლო დაბადების დღეზე უთხრა: რომ უყვარს ის და ამაყობს რომ მისი შვილია.

    “მთელი მსოფლიოსთვის ის ლეგენდა იყო, კინოს ოქროს ხანის მსახიობი, ჰუმანისტი, რომლის ერთგულება სამართლიანობისა და საქმისადმი ყველა ჩვენგანისთვის აწესებდა სტანდარტს… მაგრამ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის, ჯოელისა და პიტერისთვის ის უბრალოდ მამა იყო, კეტრინისტთვის – შესანიშნავი მამამთილი, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის კი მოსიყვარულე ბაბუა. მისი ცოლისთვის, ენისთვის კი შესანიშნავი ქმარი.“– წერს მაიკლ დუგლასი.


    კინოკარიერის მანძილზე კერკ დუგლასი რამდენიმე ათეულ ფილმში გადაიღეს. მისი დებიუტი კინოში 30 წლის ასაკში შედგა. წარმატება კი რამდენიმე წელიწადში მოვიდა, როცა ჰოლივუდში რეგულარულად დაიწყეს მისი ფილმებში გადაღება.

    მამის გზა აირჩიეს მისმა შვილებმაც, რომლებიც მას ორი ქორწინებიდან ყავდა. თუმცა, წარმატება მხოლოდ პირველმა შვილმა, მაიკლმა მოიპოვა.

    1996 წელს, 80 წლის ასაკში კერკ დუგლასმა ინსულტი გადაიტანა, რომლის გამოც მეტყველება დაკარგა. ამის შემდეგ მისი სამსახიობო კარიერა დასრულდა. წერდა წიგნებს და ბლოგერიც კი გახდა.
    კერკ დუგლასს არაერთი ჯილდო და პრემია აქს აღებული. მათ შორის არის ოქროს გლობუსი, ასევე ოსკარის სპეციალური პრემია კინემატოგრაფიულ საზოგადოებაში 50 წლიანი შემოქმედებითი და მორალური ძალისხმევისთვის.

  • ანჯელინა ჯოლის თეთრი კაბა ოსკარის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს

    ოსკარის პრემიით დაჯილდოების 92–ე ცერემონიამდე სამი დღე დარჩა. ამ ღირშესანიშნავ მოვლენამდე ბრიტანულმა ონლაინ გამოცემამ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ხუთიათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ასი შეთავაზებული კაბიდან საუკეთესო კაბების ათეული აარჩიეს, რომლებიც ოსკარის ცერემონიალის წითელ ხალიჩაზე სცმიათ ვარსკვლავებს.

    გამოკითხვის გამარჯვებული ანჯელინა ჯოლი გახდა. Marc Bouwer–ის თეთრი კაბა, რომელიც მას 2004 წელს ეცვა ინტერნეტ მომხმარებლებმა ოსკარის ისტორიაში საუკეთესო კაბად აღიარეს. ბევრს დღემდე ახსოვს, რომ იმ საღამოს ანჯელინა ჯოლი ბერძნული ქალღმერთივით გამოიყურებოდა. კაბა მის დახვეწილ ფიგურას უსვამდა ხაზს, ღრმა დეკოლტეს კი ძვირფასი სამკაულები ავსებდა.

    რეიტინგში მოხვდა შარლიზ ტერონიც. Gucc–ს ბრჭყვიალა კაბა, რომელიც მსახიობს 2004 წლის ოსკარზე ეცვა, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

    ნიკოლ ქიდმანის Balenciaga –ს ხასხასა წითელმა კაბამ კი მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. მართალია მსახიობი ამ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ გამოკითხვის მონაწილეებმა ნაკლებად მკვეთრ სამოსს მიანიჭეს უპირატესობა.

  • „დედა, მენატრები!“ – ჩინელ ექთანს შვილის ნახვის უფლება მხოლოდ შორიდან მისცეს (ემოციური ვიდეო)

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა საავადმყოფოში მომუშავე ექთნის და მისი ქალიშვილის ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

    როდესაც გასულ თვეს ეპიდემია გაძლიდერდა, ლიუ ჰაიანი ჰენანის პროვინციაში სამსახურში დაიბარეს. ექთანს თავისი 9 წლის ქალიშვილი უკვე 10 დღეა არ უნახავს, რადგან საავადმყოფოს თანამშრომლებს ეკრძალებთან ტერიტორიის დატოვება, სანამ კარანტინი არ მოიხსნება.

    დედა-შვილმა ერთმანეთი 31 იანვარს ნახა, თუმცა ისინი ერთმანეთსგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იყვნენ და ერთმანეთს „საჰაერო ჩახუტებას“ უგზავნიდნენ.

    „დედა, მენატრები!“ – ტიროდა შეხვედრისას გოგონა…

    „დედა ურჩხულებს ებრძვის. სახლში დავბრუნდები როდესაც ვირუსი გაქრება“, – ეუბნება დედა აცრემლებულ შვილს.

    ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 24 324 ადამიანი. 

  • პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს

    დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს.

    „პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროებით დაკეტილია. თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი.

    წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის საშუალებით“,- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

  • სკანდალი:Victoria’s Secret–ის მოდელები პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

    ქალის თეთრეულის ბრენდი, Victoria’s Secret სკანდალში ეხვევა. ბრენდის მფლობელი ამერიკული კომპანია L Brands–ის ხელმძღვანელობა მოდელებთან სასტიკ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. ძირითადი პრეტენზიები ყოფილ პრეზიდენტს და მთავარ მარკეტოლოგს, 71 წლის ედ რაზეკს ეხება. კომპანიის 30 თანამშრომლის გამოკითხვით გაირკვა, რომ ის მუდმივად ამცირებდა მოდელებს და ხშირად სექსუალურად ავიწროებდა. გოგონები, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ მალე სამსახურის გარეშე რჩებოდნენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.

    ედ რეზეკმა კომპანია გასული წლის ზაფხულში დატოვა. სწორედ მან მოიფიქრა ბრენდის ყოველწლიური შოუ, რომელიც საკულტო წარმდგენად იქცა.

    მოდელი ენდი მუიზი ერთ–ერთია, ვინც აღიარა, რომ რაზეკის მსხვერპლი გახდა. გოგონა ამტკიცებს, რომ ტოპ მენეჯერი ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა და სექსუალურად ავიწროებდა, სექსზე უარის შემდეგ კი ბრენდის ახალ ჩვენებებზე მოდელად აღარ იწვევდა.

    როგორც მოსალოდნელი იყო, Victoria’s Secret–ის ექს პრეზიდენტმა ბრალდებები უარყო.


    “ამ რეპორტაჟში მოყვანილი ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს, არასწორად არის ინტერპრეტირებული ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი. სიამოვნებით ვთანამშრომლობდი მსოფლიო კლასის უამრავ მოდელთან და ვამაყობ ჩვენს შორის არსებული ურთიერთპატივისცემით“ – ასეთი წერილი გაუგზავნა ედმა გამოცემას ელექტრონული ფოსტით.

  • პამელა ანდერსონი 12 დღიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაშორდა

    ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი და ჰოლივუდელი კინოპრდიუსერი, ჯონ პიტერსი 12 დღიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. გამოცემის ცნობით წყვილმა ურთიერთობებში “შესვენება“ გამოაცხადა. პამელა ანდერსონთან დაახლოებული წყარო ყვება, რომ მათ ჯერ კიდევ არ შეუტანიათ იურიდიული დოკუმენტები ქორწინების მოწმობის ასაღებად.

    “ვიღებთ პაუზას, რათა გადავაფასოთ ის, თუ რა გვინდა ერთმანეთისგან და ცხოვრებისგან. ცხოვრება – ეს არის მოგზაურობა, სიყვარული კი პროცესია. ამ უნივერსალური სიმართლის გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმებით გადავწყვიტეთ ჩვენი ქორწინების მოწმობის გაფორმება გადავდოთ.“– ნათქვამია ანდერსონის განცხადებაში. წყვილი ყველას თხოვს არ ჩაერიონ მათ ურთიერთობაში.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პამელა ანდერსონი დიდი ხნის მეგობარს გაყვა ცოლად იანვრის ბოლოს გავრცელდა.

  • “იაპონელები ვართ, ვირუსი არ გვაქვს“–თბილისში მცხოვრები იაპონელი წყვილი იძულებულია ტრაფარეტით იაროს

    კორონავირუსის საფრთხის გამო გამოიწვეული პანიკა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში აზიური გარეგნობის ადამიანების მიმართ გამორჩეულ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. მათ ბევრი ვირუსის საფრთხის მატარებლად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ჩინელები და წარმოადგენენ თუ არა რეალურად საფრთხეს. მსოფლიო მედია ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში ლამის ქსენოფობიამდე მისულ დამოკიდებულებაზე წერს. როგორც ჩანს ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა თბილისში მცხოვრები იაპონელი წყვილი, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. წყვილს ხელში ტრაფარეტი უჭირავს, რომელშიც განმარტავს, რომ ისინი იაპონელები არიან და ვირუსის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

  • “როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ მომკლეს“–კორუფციაში დადანაშაულებული ოცნების ყოფილი ჩინოვნიკი საკუთარ ისტორიას ყვება

    ქართული ოცნების წევრი, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2017 წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს და ვრცალდ ყვება მის ისტორიას დაკავების მომენტიდან დღემდე. ოთარ აბსაძე ყვება, როგორ მოახერხა რეაბილიტაცია მძიმე ბრალდებისა და პატიმრობის შემდეგ:

    “26 წლის ვიყავი, როდესაც 2017 წლის ივლისში დამაკავეს. დაქორწინებას ვაპირებდით, უამრავი გეგმა გვქონდა, უამრავი მიზანი, უამრავი ოცნება, ვგეგმავდი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერას… როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ მომკლეს…

    წამიყენეს ბრალი გულისამრევი მუხლით. გამოვცხადდი კორუფციის სახედ საქართველოში და აი ესე ძალიან ჩვეულებრივად „დავინიშნე დამნაშავედ“. 26 წლის მექრთამე, რომელმაც მეგობარს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 3 000…

    ამ ამბის გაგებაზე ინფაქტით გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბაბუა და საშინელი თავდასხმის ცენტრში მოექცა ჩემი ოჯახი ე.წ. ტროლებისა და ბოტებისგან. დავრჩით მე და ჩემი ოჯახი აბსოლუტურად მარტო ამ სიბინძურის წინაშე…

    დაკავებიდან 6 თვესა და 3 დღეში დავტოვე საპატიმრო ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო. აღმკვეთი ღონისძიება შემეცვალა გირაოთი და 2018 წლის 15 იანვარს გავთავისუფლდი.

    მოკლედ რომ გითხრათ ციხიდან რომ გამოვედი დაყადაღებული და გაყიდული დამხვდა აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი გამაჩნდა. გამოვედი ციხიდან უმძიმესი დიაგნოზით, „მხრებზე“ მქონდა რამოდენიმე ასეული ათასი ვალი და უკიდურესად შელახული რეპუტაცია.

    ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ ვინმემ თავი ჩემს ადგილზე. 27 წლის ასაკში გამოდიხართ ციხიდან, კატასტროფულად შელახული რეპუტაციით, გხვდებათ გარდაცვილი ოჯახის წევრი თქვენი ისტორიის გამო, ხართ კატასტროფული ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაყადაღებული და გაყიდული გხვდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, აურაცხელი ვალი და წინ სასამათლოები, რომელიც კაცმა არ იცის თუ როგორ დასრულდება. ოჯახის, ძაღლის და რამოდენიმე მეგობრის გარდა არავინ გიდგათ გვერდით და ხართ მხოლოდ ღმერთის იმედად. წარმოიდგინეთ? თუ წარმოიდგინეთ მაშინ უკეთ გამიგებთ რასაც ეხლა დავწერ.

    ფაქტიურად თვითმკვლელობის ზღვარზე ვიყავი. იმ უამრავი ადამიანიდან, ვინც გარს მეხვია და მეგობრებად ვთვლიდი სულ რამოდენიმე დამიდგა გვერდით. ადამიანები უბრალოდ მერიდებოდნენ და არც მკითხულობდნენ. არ ვიცი დღემდე ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი. მე ხომ მათთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში.

    ნულიდან არ დამიწყია ცხოვრება, ძალიან დიდი მინუსიდან დავიწყე.

    2018 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი 5 თვე და მძღოლად არარეზიდენტი პირების შვილებთან. მთელი ეს პერიოდი ასევე ვწერდი პუბლიკაციებს და სამეცნიერო სტატიებს. ვაქვეყნებდი საერთაშორისო ჟურნალებში და ვწერდი სალექციო კურსს „სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ ს ახალ ვერსიას საქართველოსთვის და ევროპისთვის. არ ვიცოდი რატომ და რისთის ვაკეთებდი ამას, უბრალოდ ვწერდი და ვაგზავნიდი.

    ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო და შევძელი ის, რომ 21 საერთაშორისო სტატია გამოვაქვეყნე და google scholar ის მიხედვით ჩემი ციტირების ინდექსი გახდა 24.

    ამ შრომამ და გათენებულმა ღამეებმა მოიტანა ის, რომ გავხდი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და გერმანიის ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი. ასევე საქართველოში 3 წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი.

    ციხის დატოვებიდან 1.5 წელში შევძელი ეს ყველაფერი. აი ესე შევიყვანე ჩემი წილი საქართველო ევროპაში უივერსიტეტების აუდიტორიების გავლით.

    მთელი ეს პერიოდი 1.5 წელი არ ვჩნდებოდი საჯაროდ არსად. არ მიმიცია არცერთი ინტერვიუ და არცერთ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. ვთვლიდი, რომ ჯერ უნდა დასრულებულიყო ჩემი სასამართლო პროცესები და შემდეგ მესაუბრა ამ თემებზე. ესე იქნებოდა სწორი. არ არის მართალი, როდესაც გაურკვეველია რამე და ამ ყოველივეზე საუბრობ.

    დაკავებიდან 2 წლისა და 1 თვის თავზე, 2019 წლის 10 აგვისტოს დასრულდა სასამართლო პროცესები. 2 წელი და 1 თვე დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვარ მექრთამე და როგორც იქნა ეს საშინელება და გულისამრევი სიტყვა „ქრთამი“ მოშორდა ჩემს სახელს. საბოლოო ჯამში დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას და დამნაშავედ მცნეს ირუიდიულად ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რაც გულისხმობს „არამართლზომიერ ზეგავლენის მოხდენას“. ფრაზა, რომელიც დავპირდი ჩემს „მეგობარს“, რომ „ჩემი პირადი კონტაქტებით შევძლებ დაგეხმარო“ ამ მუხლში თარგმნა კანონმა. დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ, რომ ჩემთვის იყო გადამწყვეტი ქრთამი ჩამოშორებულიყო ჩემს სახელს. სხვა დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. აღარ მინდოდა მეტანჯდა ჩემი ოჯახი სასამართლოებში სიარულით და კვლავ გაჭიმულიყო სასამართლო პროცესები. მჭირდებოდა ჩამორთმეული პასპორტის დაბრუნება, რათა უფრო ეფექტურად ამეწყო ჩემი საერთაშორისო სამეცნიერო კარიერა.

    ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, რადგან 26 წლის ასაკში გამოუცდელი წამოვეგე ძალიან კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თურმე ჩემზე. ჩემი ბრალია ისიც, რომ 26 წლის ასაკამდე ვიყავი იდეალისტი და მჯეროდა ადამიანების.

    რას ვაპირებ მომავალში? იმას, რასაც ეხლა ვაკეთებ. უფრო აქტიურად გავიტან ქართული მეცნიერების სახელს მსოფლიოში და მე ჩემს წილ საქართველოს უფრო მეტად შევიყვან ევროპაში. ვაკეთებ და გავაკეთებ იმას, რომ მომავალ თაობას ვასწავლო რაცშეიძლება მეტი ჩემს აუდიტორიებში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მეტი ევროპა და მეტი საქართველო ევროპაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპული განათლების სისტემა და ხარისხი იყოს საქართველოში.

    რატომ დავწერე ამდენი? იმიტომ, რომ მინდა ეს ტექსტი იყოს სტიმული ადამიანებისთვის. როდესაც გგონიათ, რომ ცხოვრება სრულდება, სინამდვილეში ამით სრულდება ერთი ეტაპი და იწყება რაღაც სხვა და ძალიან მაგარი.

    მე უბრალოდ არ დავნებდი…“– წერს ოთარ აბესაძე

    შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე  დააკავა.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

  • “ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!!!“– ნინო შუბლაძემ საავადმყოფო დატოვა

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ გადატანილი ინფარქტის შემდეგ საავადმყოფო დატოვა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს კარგად გრძნობს:

    “ასე ყოჩაღად დავტოვე საავადმყოფო და დავბრუნდი სახლში!  რომ არა Sopo-ს უსწრაფესი გადაწყვეტილება და რომ არა Helsicore -ის არაჩვეულებრივი ექიმების პროფესიონალიზმი – Nikoloz-ის დაჩემება რომ სწორედ ამ კლინიკაში მივსულიყავით და რომ არა ღმერთი! – რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა რომ უნდა მეცოცხლა  და ალბათ, რომ არა ჩემი დაბადების დღე- ნინოობა და ჩემი მფარველი წმინდა ნინო – დღეს ვერ გეტყოდით რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!!! 
    დიდი, დიდი მადლობა ყველას ვინც წუხდით, მგულშემატკივრობდით და მაძლიერებდით თქვენი მოკითხვებით, სიყვარულით და თბილი სიტყვებით ! 

    მალე დაგიბრუნდებით ძველებურად ენერგიული და მოყოჩაღებული.“– წერს შუბლაძე.

  • Facebook–მა კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

    კომპანია Facebook–მა მიიღო ზომები მის ქსელებში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა.

    იმისათვის, რომ მომხმარებელს დაავადების შესახებ უფრო სანდო ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს, კომპანია გამოიყენებს ფაქტოლოგიური შემოწმების ალგორითმს, რომელიც მცდარი ინფორმაციის გამოვლენას მოახდენს და შეზღუდავს მის გავრცელებას ფეისბუქზე და ინსტაგრამზე. შემოწმების შედეგებს მომხმარებელს გააცნობენ, რომლებიც შეეცდებიან გაუაზრებლად გააზიარონ არასანდო არასწორი ინფორმაცია.

    გარდა ამისა, კომპანიას გადაწყვეტილი აქვს ქსელიდან წაშალოს შეთითხნილი მონაცემები, თითქოსდა სამკურნალო ქმედითი საშუალებების შესახებ პნევმონიის წინააღმდეგ, რომელსაც კორონავირუსი იწვევს, ასევე კონსპიროლოგიური თეორიები დაავადების მიზეზების შესახებ, რომლებსაც “შეუძლიათ ზიანი მიაყენონ იმ ადამიანებს, ვინც მათ დაიჯერებს.“