Category: სხვადასხვა

  • “ტოკიო 2020–ის ოლიმპიური თამაშები დაწყევლილია“–იაპონიის ვიცეპრემიერი

    2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა იაპონიის ვიცეპრემიერი ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ დაწყევლილია. ის იხსენებს, რომ ოლიმპიადა ყოველ მეორმოცე წელს გარკვეული მიზეზების გამო ფერხდება და მაგალითად 1940 წლის და 1980 წლის ოლიმპიადები მოჰყავს. 1940 წელს ზაფხულის ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო  ჩაიშალა,  1980 წელს კი ბევრმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირში გამართულ ოლიმპიადას რუსეთის მიერ ავღანეთში შეჭრის გამო ბოიკოტი გამოუცხადა.

    “მედიას მოეწონება გამოთქმა თუ ვიტყვი, რომ ეს დაწყევლილი თამაშებია – ეს რეალობაა“,- აცხადებს იაპონიის ვიცეპრემიერი ტარო ასო.

  • მსოფლიო მოდის ინდუსტრია კორონავირუსთან ბრძოლაში. რომელმა ბრენდმა რა წვლილი შეიტანა ამ საქმეში

    ჯანდაცვის პრობლემამ, რომელიც მთელ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის სახით დაატყდა თავს, ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა. პროცესში აღმოჩნდა ჩართული მოდის ინდუსტრიაც: ლუქს კატეგორიის პროდუქტის ერთ–ერთი მთავარი მომხმარებელი ჩინეთი მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, მსოფლიო მოდის გავლენიანი ეპიცენტრი – იტალია კი ამჟამად კორონავირუსით დაავადადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.

    ყველაზე სწრაფი რეაქცია განვითარებულ მოვლენებზე ჯორჯო არმანის ჰქონდა – ჯერ კიდევ საყოველთაო პანიკამდე ბრენდმა გადაწყვიტა პროფილაქტიკის მიზნით ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა.

    Giorgio Armani–ს ბრენდმა ყველა მიმართულებით გადადგა ნაბიჯები – მან ყველა მისი რესტორნის, სასტუმროს და ბუტიკის დახურვის შესახებ განაცხადა. “ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის აფეთქებისა და პროფილაქტიკური ზომების გამო, რომლებიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ, არმანის ჯგუფი აცხადებს მთელ მილანში ბუტიკების, რესტორნების და სასტუმროების დახურვის შეახებ“– ნათქვამი იყო ბრენდის განცხადებაში ჯერ კიდევ ნაციონალური კარანტინის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში არმანიმ 1.2 მილიონი ევრო შეწირა მილანის სამ საავამდყოფოს და რომის საავადმყოფოს, ასევე იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს.

    გარდა ამისა, ბრენდმა პირველმა გადადო ნოემბრისთვის დაგეგმილი საკრუიზო ჩვენება, რომელიც დუბაიში 19–20 აპრილს უნდა გამართულიყო. იტალიელ კოლეგას მალე სხვა ბრენდებიც მიჰყვნენ. დროებით გააუქმეს ან გადაავადეს ჩვენებები Prada–მ, Hermes–მა, Max Mara–მ, Gucci–მ და სხვებმა.

    Versace–ს ბრენდსაც ადეკვატური რეაქცია ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებაზე. დონატელა ვერსაჩემ საკრუიზო კოლექციის ჩვენება გააუქმა, რომელიც აშშ–ში 16 მაისისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ კი 143 000 დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს, გასულ კვირას კი 200 000 ევრო იტალიის სამედიცინო დაწესებულებებს.

    “ჩემი გული კორონავირუსით დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთან არის. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას და მოგიწოდებთ ყველას დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ახლა ძალიან ჭირდება“ – წერდა დონატელა ვერსაჩე თავის განცხადებაში.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო არაერთი იტალიური მოდის სახლი. Bvlgari–ს ბრენდმა რომის Lazzaro Spallanzani–ს საავადმყოფოს კვლევით ცენტრს შესწირა თანხა. ამ ინიციატივამ მეცნიერებს საშუალება მისცა მიკროსკოპული ვიზუალიზაციის უახლესის სიტემა შეეძინათ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID19–ის ვაქცინის შემუშავებაში.

    16 მარტს ცნობილი გახდა, რომ Prada-მ ორ მილანურ საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებები შესწირა.

    Dolce & Gabbana–მ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც განაცხადა, რომ მხარს უჭერს Humanitas–ს უნივერსიტეტს კვლევების ჩასატარებლად კორონავირუსზე ორგანიზმის რეაქციის კვლევისთვის, რათა შემუშავდეს საფუძვლები დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ჩარევისთვის. თანხა სერიოზულია, თუმცა არ სახელდება.

    ვირუსის აფეთქების მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ფონდი (COVID-19 Solidarity Response). მისი მიზანი ახალი ინფექციისთვის ყველა ქვეყნის მომზადება იყო. H&M Foundation–მა 500 000 დოლარი გამოყო ფოდისთვის.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ მოდური კონგლომერატებიც. ოპერატიულად იმოქმედა LVMH ჯგუფმა . კომპანიამ, რომელიც Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Loewe, Marc Jacobs–ის ბრენდებს ფლობს 2.2 მილიონი დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს. და ეს კიდევ მანამ, სანამ ვირუსი მთელ პლანეტაზე გავრცელდებოდა და ყველა კონტინენტს მოიცავდა.

    16 მარტიდან კი ამ ჯგუფის პარფიუმერულ–კოსმეტიკური საწარმოო სიმძლავრეების ნაწილი ანტისეპტიკური გელის და სითხეების დამზადებაზე გადაერთო, რასაც შემდეგ საფრანგეთის ჯანდაცვის სტრუქტურებს გადასცემენ.

    შვეიცარულმა კონგლომერატმა – Richemont Group, რომელიც Cartier, Van Cleef & Arpels და Chloe– ს ბრენდებს ფლობს, 1,4 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19თან ბრძოლას .

    კომპანია Kering–მა (Gucci, Bottega Veneta, Saint Laurent, Balenciaga, Alexander McQueen და სხვები), რომელიც მსახიობ სელმა ჰაიეკის ქმარის, ფრანსუა ანრი პინოს ეკუთვნის, 7, 5 მილიონი იუანი, ანუ 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ჰუბეის პროვინციის წითელ ჯვარს,რომელიც უხანთან ერთად კორონავირუსის ეპიცენტრად იქცა.

    ჟურნალისმა ლეონა ლიუმ გამოცემა South China Morning Post –იდან დაწერა, რომ ბრენდი Hermès აპირებს 5 მილიონი იუანი (711 278 დოლარი) შესწიროს ფონდს China Soong China Ling Foundation, რომელიც ქვეყანაში ვირუსთან საბრძოლველად სამდიცინო მუშაკებს გამოყოფს.

    მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია თავადაც მძიმე პერიოდს განიცდის, ის ცდილობს წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში, ტესტების შემუშავებაში, ჯანდაცვის სფეროს დახმარებასა და ვაქცინის ძიებაში.

  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თვითიზოლაციაში არიან. წყვილის მიმართვა ინსტაგრამზე

    პანდემიის გლობალურმა საფრთხემ გულგრილი ვერც სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე დატოვა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილთან, არჩისთან ერთად კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე მდებარე სახლში თვითიზოლაციაში არიან. ინსტაგრამის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ისინი ამბობენ: “ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა თავი ნაკლებად მარტოსულებად ვიგრძნოთ დროში, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ საკმაოდ საშიში ჩანს.“

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან განდგომილი წყვილი ყველას შეახსენებს, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვისაც ამ მომენტში დახმარება ჭირდება. პირველ რიგში მათ, ვინც დაუღალავად მუშაობს ქუჩებში, საავადმყოფოებში, აფთიაქებში, მაღაზიებში და საწარმოებში. ადამიანები, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია კრიზისზე რეაგირების აუცილებლობასთან და ის ადამიანები, ვინც კულისებს მიღმა რჩება.

    “ჩვენი მზადყოფნა, როგორც ხალხის, რომლებიც მზად არიან COVID19–ის საფრთხის და შიშის მიუხედავად ნაბიჯი გადადგან, ჟრუანტელის მომგვრელია. ეს მომენტი ყველაზე ნათელი დადასტურებაა ადამიანის სულის არსებობის. ის, თუ რა თანაგრძნობით და სიკეთით ვექცევით ჩვენს საზოგადოებას, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უახლოესი კვირების განმავლობაში ეს იქნება ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი“ – ნათქვამია წყვილის განცხადებაში.

    ჰარი და მეგანი ამბობენ, რომ მუდმივად გაცვლიან ინფორმაციას და რესურსებს, რათა ყველას გაურკვეველ სიტუაციაში ორიენტირებაში დაეხმარონ. ისინი ქსელში ზუსტ ინფორმაციას და სანდო ექსპერტების მიერ მიწოდებულ ფაქტებს განათავსებენ. იზოლაციაში მყოფი წყილი დისტანციურად აპირებს ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, რომლებსაც ადამიანების გონებრივი და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერა შეუძლიათ. ისინი საზოგადოებას მიაწვდიან ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდებიან ადამიანები საერთო სულისკვეთების ასამაღლებლად.

    “ჩვენ ამაში ერთად ვმონაწილეობთ. როგორც გლობალურ თანამეგობრობას, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ამ პროცესში დავეხმაროთ და ციფრული სამეზობლო შევქმნათ. ის ყოველ ჩვენგანს საშუალებას მოგვცემს თავი უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.“ – წერენ ჰარი და მეგანი.

  • ვენეციის არხებში დელფინები გამოჩნდნენ

    ვენეციის არხებში დელფინები გამოჩნდნენ

    ვენეციელები ამბობენ, რომ 60 წლის განმავლობაში წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა. ვენეციის არხებში თევზები, გედები და დელფინები გამოჩნდნენ. კორონავირუსის გავრცელების გამო იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. ამის გამო ვენეციის არხებში გემებით მიმოსვლა შეწყდა და კამკამა წყალიც გამოჩნდა.

  • როგორ შეაჩერეს იტალიის ერთ პატარა ქალაქში კორონავირუსი

    იტალიის ჩრდილოეთით, ერთ პატარა ქალაქში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვვების გაჩენა ექსპერიმენტის საშუალებით შეაჩერეს.

    როცა ვენეციის სიახლოვეს მდებარე ვო ეუგანეოს კომუნა COVID 19-ის აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა, თავიდანვე მოსახლეობის აქტიური ტესტირება დაიწყეს. ქალაქის ყველა, 3400 მცხოვრებს, მიუხედავად იმისა, ქონდათ თუ არა სიმპტომები კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს. ისინი, ვისაც დიაგნოზი დაუდასტურდა მკაცრ კარანტინში გაუშვეს. ასევე ისინიც, ვისთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ქონდათ.

    ათი დღის შემდეგ ყველას განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს. შედეგად დაავადებულთა რიცხმა 90%–ით იკლო. ამის შესახებ იტალიურ და ბრიტანულ მედიას Imperial College London–ის პროფესორმა, ანდრეა კრესანტიმ უამბო, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილეობდა.

    ქალაქში, სადაც 22 თებერვალს იტალიაში კორონავირუსისგან პირველი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანომ ინფექციის გავრცელების სრულად აღკვეთა მოახერხა. ქალაქის მერი ჯულიანო მარტინი ამბობს, რომ ტესტირება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და მან მრავალი სიცოცხლე იხსნა.

    ამ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა აქტიურად დაიწყოს კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება და ამაში სამხრეთ კორეას და ტაივანს მიბაძოს. “ჩვენი მთავარი მოწოდებაა ტესტირება, ტესტირება, ტესტირება!!!“– განაცხადა ორგანიზაციის მეთაურმა ტედროს ადამონ გებრეისუსმა.

    პროფესორ ანდრეა კრესანტის თქმით, ვო ეუგანიოში ყველას უკეთებდნენ ტესტირებას, მათ შორის უსიმპტომოებსაც. კორონავირუსით ყოველ სიმპტომიან დაავადებულზე ათი უსიმპტომო დაავადებული მოდიოდა. როგორც უკვე გითხარით, ყველა მათგანი კარანტინში მოხვდა.

    “როცა ადამიანებს ტესტი განმეორებით ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ დადებითი შედეგები 90%–ით დაეცა. მნიშვნელოვანია, რომ განმეორებითმა ტესტირებამ მინიმუმ ექვსი უსიმპტომო დაინფიცირებული აღმოაჩინა. ისინი კარანტინში მოათავსეს. ისინი რომ არ აღმოეჩინათ, ინფექცია გავრცელებას განაგრძობდა“– განაცხადა ანდრეა კრესანტიმ ბრიტანულ Financial Times –თან ინტერვიუში.

    მართალია ერთი ქვეყნის ყველა მოქალაქის ტესტირება შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ცნობილ დაინფიცირებულთან კონტაქტების მქონოე უსიმპტომო ადამიანების ტესტირება. ამ პრაქტიკის გავრცელებას აპირებენ ვენეტოს მთელ რეგიონზე, სადაც დღეში 11 ათას ანალიზს აიღებენ.

  • “გასვლისას ისეთ მდგომარეობაში ტოვებენ ნომრებს, გული გაგისკდებათ, საღორეებად აქციეს” – ნინო ნადირაძე კარანტინიდან გასულ ხალხზე

    კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,  სადაც აღნიშნავს, რომ საკარანტინო  ზონის დატოვების შემდეგ პაციენტები სივრცეს დანაგვიანებულს ტოვებენ. 

    “რა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ისეთ მდგომარეობაშიი ტოვებენ კარანტინიდან გასვლისას ნომრებს, გული გაგისკდებათ, საღორეებად აქციეს((( 2 კვირა რომ ოთახში ხარ, ყველა ჰიგიენის საშუალება გიდევს, დალაგებას წინ რა უდგას? დამლაგებლები მხოლოდ კორიდორებს ალაგებენ, და თქვენს დაგროვილ ნაგავს ყრიან((( ან ეს ფარდების ჩამოგლეჯა და ნამწვავების დაყრა რა ღორობაა. კემპინსკებს რომ ითხოვდნენ აქ!” – წერს ნინო ნადირაძე.

  • “ამ სიტუაციაში სახლში ყოფნა და იქიდან ლოცვა აჯობებდა“ – ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

    ალერგოლოგი ბაჩუკი ბეგიშვილი ლონდონში ცხოვრობს. ის 20 წელია ლონდონის იმპერიალ კოლეჯის წმინდა მარიამის საავადმყოფოში, გულ-მკერდის და ალერგიების განყოფილებაში მუშაობს. 

    „კორონავირუსთან მე უშუალო შეხება არ მაქვს, თუმცა ჩვენი განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფილტვების დაავადებებზე ბევრი რამ ვიცი და ჩემი კოლეგებისგანაც, რომლებიც კოვიდ-19-ზე მუშაობენ, ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება ჩვენთან საავადმყოფოში“ – ამბობს ის “ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

    დღეს, გაერთიანებულ სამეფოში, ინფიცირების 1 950 შემთხვევაა. აქედან, ბოლო ერთ დღეში 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 24-საათიან ინტერვალში 26%-იან ზრდას წარმოადგენს. კოვიდ-19-მა 45-დან 93 წლამდე ასაკის 71 ბრიტანელი იმსხვერპლა. როგორც იუწყებიან, თითოეული დაღუპული ადამიანი ერთ რომელიმე რისკ-ჯგუფში იყო. 71-დან 14 პაციენტი ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა.

    ბაჩუკი ბეგიშვილის თქმით, ბრიტანეთში მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ, ევროპის დანარჩენი ნაწილისგან საკმაოდ განსხვავდება. „აქ მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია სკოლების, ბარების, კაფეების დახურვის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ამას ერთ კვირაში მაინც გააკეთებენ. უკვე ამერიკამაც გადადგა ეს ნაბიჯი“.

    თუმცა, უშუალოდ ორგანიზაციებში, დამოუკიდებლად ხდება საგანგებო ზომების მიღება. ჩვენი კლინიკაც მომავალი კვირიდან სატელეფონო ვიზიტებზე გადადის – ყვება ქართველი ალერგოლოგი. ასევე დამოუკიდებლად იხურებიან მუზეუმები და თეატრები. რაც შეეხება მთავრობას, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯერჯერობით მსოლოდ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტზე იზრუნა და სამშაბათს ამ საქმისთვის 320 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო.

    „ბრიტანეთში ძალიან სუსტი სიტუაციაა ტესტირების მხრივ, არ კეთდება საკმარისი ანალიზი. რაკი ძალიან ცოტა ტესტია გაკეთებული, შესაბამისად, გამოვლენილი დაავადებაც ცოტაა. სინამდვილეში, შეიძლება არა 2 000-მდე ინფიცირებული, არამედ ათჯერ მეტი გვყავდეს, სულ ცოტა. 100-ჯერ მეტი ანალიზი კეთდებოდა ჩინეთში და კეთდება სამხრეთ კორეაში. რა გითხრათ, აეროპორტებში ტემპერატურასაც კი არ უსინჯავენ მგზავრებს, ეს რაღაც უცნაური, ჩემთვის გაუგებარი რამაა“ – ამბობს ბაჩუკი და იმედს გამოთქვამს, რომ ინგლისშიც მალე დაიწყება უფრო მეტი ანალიზის აღება, რადგან ამის ყველა წინაპირობა უკვე არსებობს.

    „ძალიან მომეწონა მანქანიდან გადაუსვლელად ანალიზის ამღები მობილური პუნქტების გახსნის იდეა. ეს ჯერ სამხრეთ კორეაში გააკეთეს, ახლა ამერიკაშიც იხსნება. ტესტირების ძალიან პრაქტიკული და ეფექტური მეთოდი ჩანს. ამერიკაში პროგრესია იმ მიმართულებითაც, რომ ახალი ტესტები გამოჩნდა, რომელიც პასუხს 6-8 საათში იძლევა. თავიდან სულ ცოტა, 3-4 დღე იყო საჭირო. ჩვენთან, ჯერ კიდევ ის ტესტებია, ბოლოს რაც გითხარით, რომელზე პასუხსაც რამდენიმე დღე ველოდებით“ – აღნიშნავს ბაჩუკი ბეგიშვილი.

    ბრიტანელი ექიმის თქმით, ისინი ელოდებიან, რომ იქნება სარეანიმაციო საწოლების დიდი დეფიციტი, ასევე ექიმების სპეციალური სკაფანდრების უკმარისობა. ასევე, „დეფიციტშია ფილტვის ვენტილატორები. ინფიცირების შემთხვევების გახშირებასთან ერთად, ამ მიმართულებით დიდ სირთულეებს ველოდებით. მარტო რაოდენობაშიც არ არის საქმე, თან ამ აპარატების ხმარებაც ხომ უნდა იცოდე, სპეციალისტი ხომ უნდა იყო? დეფიციტია ე.წ. ექმოს (ECMO) აპარატების, რომლებიც ხელოვნური ფილტვის ფუნქციას ასრულებს. აქაც გვაკლია სპეციალისტები, მოკლედ რთული ვითარების მოლოდინში ვართ“. საუბარია იმაზე, რომ დაიხმარონ პენსიაზე გასული ექიმები და მათ სთხოვონ სამსახურში დაბრუნება, რადგან იტალიის მაგალითიდან გამომდინარე, მოსალოდნელია კვალიფიციური ექიმების მწვავე დეფიციტიც.

    რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება პაციენტების მართვა ინფიცირების შემთხვევაში, როგორც ირკვევა, ინგლისში ადამიანი, რომელსაც ეჭვი აქვს კორონავირუსზე და ანალიზის აღება უნდა, რეკავს ცხელ ხაზზე: 111. ის ოპერატორს უყვება, თუ რა სიმპტომები აქვს. თუკი ჩივილები არ არის მძიმე, მაგალითად პაციენტს აქვს უბრალოდ ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, მას ურჩევენ, 14 დღე თვითიზოლაციაში შინ დარჩეს.

    ყველა პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას ერიდებიან, დიდი რისკია, რომ მან ინფექცია სხვებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს გადასდოს. ამის შემდეგ ექიმის მხრიდან მონიტორინგი არ ხდება, პაციენტს არ უღებენ ნაცხს კორონავირუსზე. ისევ პაციენტმა უნდა დარეკოს, თუკი მას მდგომარეობა გაურთულდა.

    მხოლოდ სუნთქვის გართულების შემთხვევაში იღებენ ანალიზს კოვიდ-19-ზე და სირთულის მიხედვით, შეიძლება პაციენტი საავადმყოფოშიც დააწვინონ. „სიმართლე გითხრათ, ძალიან არეული სიტუაციის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი, თითქოს ბოლომდე ვერ დალაგდნენ ვერაფრით. არაა გასაკვირი, ურთულესი სიტუაციაა“ – ამბობს ბაჩუკი.

    რაც შეეხება მკურნალობას, ბრიტანეთში მომუშავე ქართველი ექიმი ამბობს, რომ იქ ექსპერიმენტულად იყენებენ „რემდესივირს“. ეს ამერიკული კომპანია „გილეადის“ პროდუქტია, რომელსაც თავიდან ებოლას სამკურნალოდ ხმარობდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეპარატი სასურველ ეფექტს სხვა ვირუსებზეც ახდენდა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირი“ პირველად სწორედ ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში გამოიყენეს.

    ძალაუნებურად, რაკი თვითონ საქართველოდანაა, ის ხშირად ადარებს ორივე ქვეყანაში, კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის მართვის სპეციფიკას და ამბობს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. „ეს სამეული – გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე – ძალიან ძლიერი სპეციალისტები არიან, დიდი გამოცდილებით. მართლა ძალიან კარგად მიყავთ საქმე. მაგრად იბრძვიან ექიმებიც, ექთნებიც. ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ“.

    რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, არ არის იმდენი ფრენა და მისვლა-მოსვლა, როგორც გაერთიანებულ სამეფოში და კონტროლიც შედარებით იოლია. ბაჩუკის თქმით, ალბათ მალე კიდევ უფრო გამკაცრდება სიტუაცია საქართველოში, რადგან შემაშფოთებელია ხალხმრავლობა მაგალითად რესტორნებში, ან ეკლესიებში, სადაც ერთი და იმავე ჭურჭლის მასობრივად გაზიარება ხდება.

    „ძალიან გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს, ვერ წარმომიდგენია! ერთჯერადი კოვზები მაინც ჰქონდეთ, ან თვითონ მიიტანონ კოვზები და იმით დალიონ… ან ყველას აქვს ხატები სახლში, ხომ შეიძლება დროებით სახლებში ილოცონ, არ ვიცი. ალბათ ეს უკვე მორწმუნეების გადასაწყვეტია, მაგრამ ამ სიტუაციაში სახლში ყოფნა და იქიდან ლოცვა აჯობებდა, რაღაც პერიოდი მაინც“ – ამბობს ის და დასძენს, რომ ეკლესია სწორად იქცევა, როცა დეზინფექციას აკეთებს ტაძრებში, „მაგრამ ალბათ თვითონ ეკლესიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოუწოდოს, რომ ნაკლებად იარონ, ერთჯერადი კოვზები იხმარონ და ასე შემდეგ“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რა დროით რჩება COVID-19 ჰაერსა და სხვადასხვა სახის ზედაპირებზე – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

    მეცნიერების დასკვნით, ახალ კორონა ვირუსს სიცოცხლისუნარიანობა ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია შეინარჩუნოს, ხოლო ზედაპირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ძლებს. კვლევის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

    აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის (NIAID) მკვლევრები  შეეცადნენ  დაავადებული ადამიანის მიერ, ხველების და ზედაპირზე შეხებების იმიტაცია გაეკეთებინათ, რათა ვირუსის გადასვლის გზები გამოევლინათ.

    კვლევის ჩასატარებლად  აეროზოლის მაგვარი მოწყობილობა გამოიყენეს, რომელიც მიკროსკოპული წვეთების დუპლიკაციას აკეთებდა, რაც ხველების ან ცემინების დროს წარმოიქმნება. შემდეგ მეცნიერები სწავლობდნენ, რამდენი ხანი ცოცხლობდა ვირუსი ზედაპირსა და ჰაერში.

    ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ როდესაც ვირუსი წვეთოვანი გზით გადადის, რომელიც ხველების ან ცემინების დროს გამოიყოფა, ის ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს და შეუძლია დააავადოს ადამიანი მინიმუმ 3 საათის მანძილზე.

    რაც შეეხება პლასტმასის, ან უჟანგავი ფოლადის ზედაპირს, ინფექცია სამი დღის მერეც შეიძლება აღმოჩნდეს. მუყაოზე 24 საათი ძლებს, თუთიაზე კი ვირუსი 4 საათის შემდეგ გახდა არააქტიური. 

    აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებ ხანს კორონა ვირუსი სპილენძზე ცოცხლობს, მხოლოდ 46 წუთი.

  • არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ, ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს“ – გიორგი კეკელიძე

    ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებაში ხშირად ნათქვამ ფრაზას ეხმაურება.

    „არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ. უამრავი. მათ შორის ერთია ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს თურმე“, – წერს გიორგი კეკელიძე.

    შეგახსენებთ, რომ  უწყებათაშორისმა კომისიამ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გასცა რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად თვითიზოლაციაში მოექცნენ.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.

  • პანდემიის მოულოდნელი მხარე – 60 წლის განმავლობაში ვენეციაში წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა (ფოტოები)

    სოციალურ ქსელში ვენეციაში გადაღებული ფოტოები ვრცელდება. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორი წმინდაა წყალი. 

    როგორც გვერდი The Universal Truth აღნიშნავს, ვენეციელები ამბობენ, რომ 60 წლის განმავლობაში წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა, გამოჩნდნენ თევზები და გედები. 

    ჰაერი და გარემო ნაკლებად დაბინძურებულია. მიზეზად კი, ადგილობრივები კორონავირუსის ფონზე “დედამიწის დაპაუზებას” ასახელებენ.

    {{PHOTOGALLERY}}