Category: სხვადასხვა

  • 5 პროდუქტი ანტისეპტიკური თვისებებით

    5 პროდუქტი ანტისეპტიკური თვისებებით

    იცით თუ არა რომ არსებობენ ბუნებრივი ანტისეპტიკები? ეს არის კვების პროდუქტები, რომლებიც გლიკოზიდებს, ტანინებს ან ფიტონჯიდებს შეიცავენ. მათი დახმარებით პროდუქტები ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას იძენენ და მიკროორგანიზმების ზრდას აფერხებენ.

    რუკოლა

    რუკოლა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანი არ არის რაც ცნობილია, თუმცა უკვე პოპულარული გახდა. ის წელიწადის ნებისმიერ დროს იყიდება. ოდნავ მწარე გემოს ბალახი ფიტონციდებს, გლიკოზიდებს და ეთერზეთებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. რუკოლათი შეიძლება სხვადასხვა სალათი მოამზადოთ. რუკოლას სალათი სხვადასხვა კერძებს უხდება, მათ შორის ხორცის და თევზის კერძებს.

    ანანასი


    ეს ეგზოტიკური ხილი გარდა ვიტამინებისა შემკვრელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს მიკროორგანიზმებთან გამკლავებაში ეხმარება. გარდა ამისა, ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ცილების გადამუშავებას უწყობს ხელს. კარგი იქნება, თუ ანანასს თქვენს რაციონში ხანდახან მაინც ჩართავთ. ის შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ან სალათებში გამოიყენოთ. თუმცა, ფრთხილად იყავით, რადგან ანანასმა შეიძლება ანტიბიოტიკების მოქმედება გააძლიეროს.

    დარიჩინი

    დარიჩინი არა მხოლოდ კერძებს გემოს და სურნელს აძლევს, არამედ ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს. ეს კი ეთერზეთის – ევგენოლის ხარჯზე ხდება. როგორც წესი, დარიჩინს ცომეულში ხმარობენ, ან ყავას ამატებენ. მთავარია ნამდვილი დარიჩინი სუროგატში არ აგერიოთ.მსოფლიოში ორი სახის დარიჩინი არსებობს – ცეილონური და კასია. ცეილონურ დარიჩინს სასარგებლო თვისებები აქვს და ძვირიც ღირს. კასიას კი, რომელსაც მაღაზიაში ხშირად როგორც დარიჩინს ისე ყიდიან, არათუ ანტიბაქტერიული თვისებები არ აქვს, არამედ საკმაოდ ტოქსიკურიც არის და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

    ლიმონი


    გაციებისას ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონი ხშირად პირველ რიგში გვახსენდება. ეს ტყუილად არ ხდება. ლიმონის კანი ფიტონციდებს შეიცავს, რის გამოც ის თავისი ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა: ანადგურებს მიკრობებს და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. გარდა ამისა, ლიმონი ვიტამინების ნამდვილი საბადოა (С, А B1, B2, D, P). გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი ადუღებულ წყალში სასარგებლო თვისებებს კარგავს. ამიტომ ნუ ჩააგდებთ ახლად წამოდუღებულ წყალში. დაელოდეთ სანამ ოდნავ გაგრილდება.

    ხახვი


    ხახვი სერიოზულ კონკურენციას უწევს ნიორს, როცა საქმე ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან დაცვას ეხება. ის შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკებს – ფიტონციტებს. მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეული პათოგენურ მიკროორგანიზმებს კლავს, იმუნიტეტს ამაღლებს და სისხლის გაწმენდას უწყობს ხელს. საკვებში ხახის გამოყენება არა მხოლოდ გემოს აძლევს მას, არამედ ორგანიზმს ვირუსებთან და მიკრობებთან, მათ შორის სტეპტოკოკებთან ბრძოლაში ეხმარება.

  • “ჩემი ცოლის დაქალები“ კარანტინში სპეცსერიებზე მუშაობას იწყებს

    “ჩემი ცოლის დაქალები“ კარანტინში სპეციალურ სერიებზე მუშაობას იწყებს

    ფორმულა კრეატივი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“ სპეციალურ სერიებზე მუშაობას იწყებს. სერიალის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ სერიალი გაგრძელდება, თუმცა განსხვავებულად.
    “მსახიობების ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ჩაიკეტება კონკრეტულ ლოკაციაზე და გადაიღებს სპეციალურ სერიებს: „ჩემი ცოლის დაქალები – კარანტინში“ – წერს ფორმულა კრეატივი.

  • შეთქმულების თეორიები კორნავირუსის გარშემო

    სანამ მედიკოსები კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ და მეცნირებები ვაქცინებს ტესტავენ, პოლიტიკოსები დამნაშავეებს ეძებენ. აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ კორონავირუსს “ჩინური ვირუსი“ უნდა ვუწოდოთ.

    ამერიკელი ლიბერალები თვლიან, რომ ის ამით ცდილობს ყურადღება სხვაგან გადაიტანოს საკუთარი პასუხისმგებლობიდან, რომელიც ამერიკაში ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ეკისრება. New York Times–მა დღეს სარედაქციო სტატიაში აშშ–ში ტესტირების მოცულობას “ეპიკური ჩავარდნა“ უწოდა.

    ტრამპის ბრალდებების პარალელურად ჩინეთი ავითარებს შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ამერიკულ ლაბორატორიაში შეიქმნა.

    ეს თეორია პოპულარულია რუსეთშიც. დღეს რუსულმა გაზეთმა “Ведомости“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ თავიდანვე რუსულ მედიაში პოპულარული იყო სხვადასხვა კონსპიროლოგიური თეორიები, რომელთა ნაწილი ჩინეთს, ნაწილი აშშ–ს ფარმაცევტულ კომპანიებს ადანაშაულებდა, თუმცა მარტის დასაწყისიდან ლიდერობს ვერსია, რომ ვირუსი “ცეერუმ შეიმუშავა“.

    მეცნიერები კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ ვერსიებს დაუსაბუთებლად და სიმართლესთან შეუსაბამოდ თვლიან.

  • სამომხმარებლო პანიკა:რას ყიდულობენ ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყნებში და რატომ იქცა ტუალეტის ქაღალდი კრიზისის სიმბოლოდ

    მაღაზიების ცარიელი თაროების და უზარმაზარი რიგების ფოტოებით მსოფლიოს მაშტაბით სოციალური ქსელები გადაჭრელებულია.

    ავსტრალიაში, აშშ–ში, სამდრეთ აფრიკაში, ბრიტანეთში თუ გერმანიაში ადამიანები პროდუქტების უკმარისობაზე საუბრობენ. როგორ გამოიყურება “panic buying“, ანუ აჟიოტაჟური მოხმარება მსოფლიოს ქვეყნებეში:

    სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების სია თითქმის იდენტურია:

    • ანტიბაქტერიული საშუალებები და ხელის საპონი
    • ტუალეტის ქაღალდი და ხელსახოცები.
    • არამალფუჭებადი რძე
    • მაკარონი
    • ბოსტნეულის კონსერვები
    • ბრინჯი
    • საწმენდი და სადეზინფექციო სითხეები
    • ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

    სხვადასხვა ქვეყნებში სია იცვლება, თუმცა უმნიშვნელოდ. მაგალითად, აშშ–ში დიდი მოთხოვნაა იარაღზე და აირწინაღებზე. იარაღზე და საბრძოლო მასალებზე მოთხოვნაა ავსტრალიაშიც, თუმცა იქ ხორცის და ხილის დეფიციტიც გაჩნდა.


    ხელისუფლებები მოსახლეობას მიმართავენ სამომხმარებლო პანიკას არ აყვნენ. ბრიტანეთში მაღაზიების მენეჯერები მყიდველს თხოვენ გონიერება გამოიჩინონ, თუმცა უშედეგოდ.

    აჟიოტაჟური მოთხოვნილება ადამიანების ქცევაზეც აისახება და ბევრი ქვეყნის ხელისუფლება იძულებული ხდება ზომები მიიღოს საქონლის, მაღაზიების და მათი პერსონალის დასაცავად. ამავე დროს, ტუალეტის ქაღალდის და კონსერვების დეფიციტი უცნაურ სიტუაციებს იწვევს.
    ხუთშაბათს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა შეწყვიტონ ამდენი პროდუქტის ყიდვა.

    “შეჩერდით. ეს უგუნურებაა, ეს არ გიშველით“– განაცხადა მორისონმა და დასძინა, რომ ავსტრალიელების ასეთი საქციელით იმედგაცრუებულია.

    ავსტრალიურმა სუპერმარკეტებმა ერთ–ერთმა პირველებმა იგრძნეს კორონავირუსისგან გამოწვეული აჟიოტაჟური მოთხოვნის ეფექტი. მაღაზიებს უკიდურესი ზომების მიღება უწევთ.

    მყიდველები მეგაპოლისებიდან მასობრივად მიდიან უფრო პატარა ქალაქების მაღაზიებში და პროდუქტებს იქ ყიდულობენ. მელბურნიდან ჩასული “დესანტების“ მოსაგერიებლად პატარა ქალაქ რიდელს კრიკის სუპერმარკეტის მფლობელები იძულებულნი გახდნენ დაცვა დაექირავებინათ, რომლებიც ახლა მაღაზიაში შტატის დედაქალაქიდან ჩასულებს აღარ უშვებენ.

    ერთ–ერთი ავსტრალიური სუპერმარკეტის მოლარე ბი ბი სი–ს უყვება, რომ ადამიანები საკუთარ სტრესს მაღაზიებში ერთმანეთზე ანთხევენ:

    „ვხედავ ეგოიზმს, აგრესიას, რასიზმს, შეუწყნარებლობას, სულსწრაფობას და სხვების მიმართ სრულ უპატივცემულობას. გუშინ ვემსახურებოდი ქალს ნიღაბში და სათვალეში, აზიური გარეგნობით. ჩემი კოლეგა მამაკაცს ემსახურებოდა. ეს კაცი ჩემს კლიენტს ამცირებდა შეურაცხყოფას აყენებდა. ასეთი შეურაცხყოფები ხშირია თავსაბურავიანი ქალების მიმართ. ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა, ჩემი კლიენტი უკვე ტიროდა„– ამბობს მოლარე ქალი.

    აშშ–ს მოსახლეობა გამალებით ყიდულობს ტუალეტის ქაღალდს, ფაფებს და კონსერვებს. სხვა ქვეყნების მსგავსად მაღაზიების უმრავლესობაში აქაც შეზღუდვებია დაწესებული ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ქაღალდის რაოდენობაზე. ზოგმა იმდენი ჰიგიენური საშუალება იყიდა, რომ ახლა მათ დიდი ფასნამატით ყიდის. ყველაზე ნათელი მაგალითი New York Times–ის მიერ მოთხრობილი ისტორიის გმირი ძმები კოლვინები არიან, რომლებმაც კენტუკის და ტენესის შტატის მაღაზიები მოიარეს და 17 700 ბოთლი სანიტარული გელი იყიდეს.


    მათ შესყიდვა ჯერ კიდევ პირველ მარტამდე დაიწყეს, აშშ–ში კორონავირუსით პირველი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ. 1300 მილი გაიარეს, დახლები დააცარიელეს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილის გაყიდვა მოახერხეს. ტენესში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს და ძალაში შევიდა კანონი, რომელიც განსაკუთრებით საჭირო პროდუქტზე სპეკულაციურ ფასებს კრძალავს და მათი პროდუქტი დაიბლოკა, მათ მიმართ კი გამოძიება დაიწყო.

    აშშ–ში ეპიდემიის ფონზე იარაღზე მოთხოვნაც გაიზარდა. ამერიკელები თვლიან, რომ პანდემიას ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება, მას კი ძარცვისა და კრიმინალის გახშირება.

    რას ნიშნავს “panic buying”?

    ისე მოხდა, რომ ტუალეტის ქაღალდი კრიზისულ დროში სტაბილურობის სიმბოლოდ იქცა. რატომ თვლიან ადამიანები, რომ რაც შეიძლება ბევრი ტუალეტის ქაღალდი უნდა მოიმარაგონ?

    მსოფლიოს სხვადასხვა მედიის მიერ გამოკითხული ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს ჭირდება სიტუაციაზე კონტროლის შეგრძნება. კორონავირუსზე დაუსრულებელი ახალი ამბების გამო კი მათ უჩნდებათ შეგრძნება, რომ კონტროლს სრულად კარგავენ.

    “ზოგადად, განგაშისა და შფოთის შეგრძნება დიდწილად გაურკვევლობას და იმის მოლოდის უკავშირდება, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. კორონავირუსი ამის მიკრო მოდელია. კრიზისების შემთხვევაში, რომლებსაც ეპიდემია იწვევს, ადამიანებს აღარ აქვთ წარმოდგენა აღარც დროის ჩარჩოებზე, არც სიტუაციის სერიოზულობაზე, ყოველღდიურად ჩვენ ვიღებთ სიგნალებს იმის შესახებ, რომ დროა პანიკაში ჩავვარდეთ და ვიყიდოთ იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება“– ამბობს სქაი ნიუსთან საუბრისას სამომხმარებლო ქცევის ექსპერტი ლონდონის კოლეჯიდან დოქტორი დიმიტრიოს ცივირიკოსი.

    ამასთან, მისი აზრით კომფორტის შეგრძნებისთვის მნიშვნელოვანია შეძენილი პროდუქტის ზომა. სწორედ ამით აიხსნება ნაწილობრივ ადამიანების მისწრაფება თარებზე აშკარად შესამჩნევი ტუალეტის ქაღალდის დიდი შეფუთვები იყიდონ.

    “პანიკის აღმნიშვნელი საერთაშორისო ნიშანი რომ გვქონდეს ეს აუცილებლად იქნებოდა საგზაო ნიშანი ტუალეტის ქაღალდის ხვეულით“– ციტირებს სქაი ნიუსი ექსპერტს.

  • მოდის დიზაინერები კორონავირუსის ფონზე მოდური ნიღბების დამზადებას იწყებენ

    მოდის დიზაინერები კორონავირუსის ფონზე მოდური ნიღბების დამზადებას იწყებენ

    სამედიცინო ნიღბების და რესპირატორების ბუმმა მოდის დიზაინერებიც იძულებული გახადა აქტუალურ პროდუქტზე მუშაობა დაეწყოთ და უტილიტარული და გარეგნულად სრულიად არამიმზიდველი აქსესუარი მაქსიმალურად მოერგოთ მოდური სამოსისთვის.

    მარკ ჯეიკობსმა ამ საქმეს კარგად გაართვა თავი. ამ დღეებში ბრენდმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზე ასახულმა რესპირატორმა შესაძლოა ეპიდემიის გადავლის შემდეგაც არ დაკარგოს მიმზიდველობა.

    ფრანგულმა ბრენდმა, Marine Serre–მ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი მოდელები პოდიუმზე დამცავი ნიღბებით გამოიყვანა. ტანსაცმლის გარდა მათ სხვადასხვა, ტანსაცმლის შესაბამისი ფერის და დიზაინის ნიღბები წარადგინეს.

    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს დიზაინერი საკუთარ კოლექციაში ნიღბებს იყენებს. მან სექტემბერში გამართულ ჩვენებაშიც გამოიყენა ნიღბები და თავსაბურავები, თუმცა მაშინ ამბობდა, რომ ეს არის დაბინძურებისგან დამცავი საშუალება.

    საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მან დროს გაუსწრო.

  • კიანუ რივზის შეყვარებულმა მათი ურთიერთობების შესახებ მედიასთან პირველად ილაპარაკა

    კიანუ რივზის შეყვარებულმა მათი ურთიერთობების შესახებ მედიასთან პირველად ილაპარაკა

    დიდი ხნის მანძილზე ჰოლივუდის ვარსკვლავი, კიანუ რივზი კამერების წინ მარტო ჩნდებოდა და ყველა თვლიდა, რომ მან მართლაც მარტოობა აირჩია. “ნაღვლიანი კიანუ“ და “ინტერნეტის ბოიფრენდი“ – ასე უწოდებდნენ მას ხშირად, თუმცა ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. გასული წლის ნოემბერში 55 წლის მსახიობი საჯაროდ გამოჩნდა 46 წლის მხატვარ, ალექსანდრა გრანტთან ერთად და ყველამ გაიგო, რომ კიანუ რივზი სულაც არ არის მარტო. თანაც უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ მსახიობის თანამგზავრის მიმართ საყოველთაო ყურადღებაა მიპყრობილი, რომელსაც ქალი ღიმილით ხვდება. Vogue–სთან ინტერვიუში მან კიანუ რივზთან ურთიერთობებზე ილაპარაკა და ჟურნალისტს რომანის დასაწყისისა და სტერეოტიპების მსხვრევის შესახებ ესაუბრა.

    წყვილის ერთად გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იყო ეიჯისტური კომენტარებიც. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა კიანუ რივზზე უმცროსია, ის ჩათვალეს ასაკით ბევრად უფროსად. გრანტი ასეთ კომენტარებს ირონიით უყურებს.

    “ჭაღარა თმა მაქვს და 1 მეტრი და 84 სანტიმეტრი სიმაღლის ვარ. ასე რომ, თუ იდეალებთან და ეტალონებთან შესაბამისობაზე ვისაუბრებთ… რომ მინდოდეს კიმ კარდაშიანს დავემსგავსო, ოპერაციების გაკეთება მომიწევდა“ – ამბობს ალექსანდრა.

    წყვილი ერთად მართავს გამომცემლობა X Artists’ Books–ს. ერთობილმა საქმემ როგოც ჩანს ისინი კიდევ უფრო დააახლოვა. 2011 წელს მათ პირველი წიგნი გამოუშვეს. “ბედნიერების ოდა“ – ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ დეპრესიიდან. კიანუ რივზის ტექსტი ალექსანდრას ილუსტრაციებით არის გაფორმებული.

    “წიგნი კიანუსთვის ჩემი საჩუქარი იყო. ჩაფიქრებული იყო, როგორც პირადი საჩუქარი. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ამ მომენტს ესწრებოდა იცინოდა. ყველამ გვთხოვა გამოგვექვეყნებინა. ასე მოვხვდით საგამომცემლო ბიზნესში.“– ამბობს ალექსანდრა.

    პოლიგრაფია ქალის ერთადერთი გატაცება არ არის. გრანტი შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და გამოფენებს მართავს. ის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა და მოვლენების შუაგულში ყოფნა.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, როდის გეგმავს წყვილი ქორწილს, მითუმეტეს, რომ მათი ნიშნობის შესახებ ჭორები უკვე ვრცელდება.

    “ჭიქა ღვინით ხელში სიამოვნებით მოგიყვებოდით. სიყვარული ყველა დონეზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ მიჯერა, რომ იზოლაცია სწორი გზაა. არის განმარტოების პერიოდები, რომლებიც მჭირდება როგორც მხატვარს, თუმცა ამასთანავე ძალიან ვაფასებ ურთიერთობებს“ – თქვა გრანტმა და კომენტარი გააკთა მისი თმის ფერთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე. დღემდე სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, რატომ არ ცდილობს ის თმის შეღებვას და იმას, რომ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეს.

    “გულწრფელად მჯერა პირადი არჩევანის: ყოველ ჩვენგან საკუთარი ხერხი აქვს, რომ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდეს. სილამაზეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.“– ამბობს ის.

  • იტალიური კოშმარი: ახლობლები კორონავირუსით გარდაცვლილებთან დამშვიდობებასაც ვერ ახერხებენ

    მილანის ჰოსპიტალ Policlinico San Donato–ში სიკვდილთან ბრძოლა ყოველდღე, შუადღის პირველ საათზე ჩერდება. ინტენსიური განყოფილების ექიმები ამ დროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მწოლიარე მძიმე პაციენტების ოჯახებს ურეკავენ და ინფორმაციას აწვდიან. ყველა პაციენტი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. ექიმები ცდილობენ ახლობლებს ტყუილი იმედი არ მისცენ, რადგან იციან, რომ პაციენტების ნაწილი განწირულია.

    ეს დრო ადრე მილანის საავადმყოფოში მნახველების მიღების პერიოდი იყო, თუმცა ახლა საავადმყოფოში მნახველთა მისვლა აკრძალულია. იტალელების უმრავლესობა საკუთარ სახლშია გამოკეტილი.

    ვირუსის გავრცელების შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები ცარიელი არასოდეს რჩება. მოთხოვნა დიდია, რადგან COVID 19-ით დაავადებულებს

    დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირთ. ყოველ ჯერზე, როცა საწოლი თავისუფლდება, ექიმები უწევთ მძიმე გადაწყვეტილების მიღება – ვინ დაიკავებს ამ ადგილს.

    პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გადამწყვეტი ფაქტორებია, ისევე როგორც ის, ჰყავს თუ არა პაციენტს ოჯახი.


    “უნდა გავითვალისწინოთ, ჰყავთ თუ არა ხანდაზმულ პაციენტებს ოჯახები, რომლებიც მათზე ზრუნვას შეძლებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ,რადგან მათ დახმარება დაჭირდებათ“ – ამბობს განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, მარკო რესტა.

    “თუნდაც გადარჩენის შანსი არ იყოს, უნდა შეხედო პაციენტს სახეში და უთხრა “ყველაფერი კარგად იქნება. და ეს ტყუილი მთლიანად განგრევს“ –ამბობს ექიმი.

    ყველაზე დამანგრეველი სამედიცინო კრიზისი იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ექიმებს,პაციენტებს და მათ ოჯახებს აიძულებს მიიღონ იმდენად მძიმე გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოფილი სამხედრო ექიმის, რესტას თქმით ომის დროსაც კი არ გამოუცდია. ის ამბობს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსით მოხვედრილ პაციენტთა 50% კვდება, მაშინ, როცა ჩვეულებრივ დროს ეს მაჩვენებელი იტალიის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 12–16 %–ს შეადგენს.

    იტალიელი ექიმები გვაფრთხილებენ, რომ იტალიის ჩრდილოეთი, სადაც ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება, იმ კრიზისის მომასწავებელია, რასაც კორონავირუსის ინფექცია მთელ მსოფლიოში გამოიწვევს. აფეთქებამ, რომელმაც პირველ რიგში იტალიის ჩრდილოეთ რაიონები – ლომბარდია და ვენეტო მოიცვა, სერიოზული დარტყმა მიაყენა საავადმყოფოების ადგილობრივ ქსელებს, რადგან მათი რეანიმაციების კოლოსალური დატვირთვა გამოიწვია.

    არცერთ საავადმყოფოში საკმარისი ადგილებრი არ აღმოჩნდა ყველა პაციენტის მისაღებად, რომლებიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებდნენ.

    მსგავსი დილემა მედიკოსის პროფესიაში ახალი არ არის: სუნთქვითი სირთულეების მქონე პაციენტების მკურნალობისას რეანიმაციის ექიმები ყოველთვის წინასწარ აფასებენ გამოჯანმრთელების შანსებს ინტუბაციის დაწყებამდე, ანუ პირში, ყელში და სასუნთქ გზებში მილის ჩადგმამდე.

    თუმცა ბოლო კვირებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის უსწრაფესად ზრდის ფონზე ექიმებს უფრო სწრაფად და ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება და იმის არჩევა, რომელ პაციენტს აქვს უფრო მეტი გადარჩენის შანსი, რომ შესაბამისად დეფიციტური ადგილები რეანიმაციაში მათ დაუთმონ. ასეთი გადაწყვეტილებისთვის, ასეთ დრამატულ ვითარებაში ექიმების დიდი ნაწილი მორალურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო ცხოვრება კოშმარად ექცათ.

    იტალიელი ექიმების თქმით სუნთქვის პრობლემა იმდენ ხანდაზმულ პაციენტს აქვს, რომ მათ არ შეუძლიათ დროის, ენერგიის და რესურსების დახარჯვა იმ პაციენტებზე, ვისაც გადარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს.

    ლომბარდიის რეანიმაციული განყოფილებების კოორდინატორი, გრესელი ამბობს, რომ აქამდე ყველა პაციენტს, რომელსაც გადარჩენის და ცხოვრების მისაღები ხარისხის შენარჩუნების შანსი ქონდა, მცდელობას არ აკლებდნენ:

    “ადრე ზოგ ასეთ შემთხვევაში ვიტყოდით – მოდით, ვცადოთ რამდენიმე დღე, ვნახოთ, რა გამოგვივა. თუმცა ახლა ამის უფლება და საშუალება აღარ გვაქვს“– ამბობს ის.

    იტალიის მოსახლეობის მასობრივი კარანტინის გამო დაავადებით გამოწვეულ ტანჯვას ემოციური სტრესიც ემატება. ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ საკუთარ ახლობლებს სასწრაფოს მანქანით გაყვნენ საავადმყოფოში, კორონავირუსის განყოფილებები კი ყველასთვის დაკეტილია ექიმებისა და პაციენტების გარდა.

    ზოგიერთი პაციენტი, ვისაც ინტენსიური თერაპია არ ჭირდება თავს უბრალოდ ციხეში გამომწყვდეულ პატიმრად გრძნობს.


    “წამიყვანე აქედან, სახლში მინდა მოვკვდე. მინდა კიდევ ერთხელ გნახოთ.“– მისწერა ცოლს 55 წლის სტეფანო ბოლანიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან. ცოლ–ქმარს ერთმანეთი მას შემდეგ არ უნდახავს, რაც ქალმა ქმარი საავადმყოფოში მანქანით მიიყვანა ორი კვირის წინ. ქალმა ერთადერთი ის იცის, რომ ბოლო დღეებში მისი ქმრის მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა. თუმცა ქმრისგან მიღებული მესიჯის შემდეგ აღარ იცის რა იფიქროს.

    ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტი საავადმყოფოში წასვლაზე უარს ამბობს. ცნობილი ადგილობრივი მეღვინე, 76 წლის კარლო ბერტოლინი, რომელიც კრემონაში ცხოვრობს მისი ქალიშვილის თქმით დახმარებისთვის თავიდან არავის მიმართავდა. ის მარტო ცხოვრობდა და თავი მარტის დასაწყისში იგრძნო ცუდად. თუმცა საავამდყოფოს არ მიმართა, სანამ მისმა მეგობარმა სასწრაფო დახმარება არ გამოიჩახა. მისი ქალიშვილი ყვება, რომ ტელეფონით საუბრისას მამამ აღუწერა საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა: უამრავი პაციენტი და მუდმივი კაკაფონია: “თავი ომში მგონია“ – უთხრა მან ქალიშვილს, მარტა ბერტოლინის.

    შემდეგ ის მილანის უფრო დიდი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. შვილებს მისი მონახულება მხოლოდ დამცავი ტანსაცმლით, ნიღბებით, ხელთათმანებით და სპეციალური თეთრი პალტოთი შეეძლოთ, ისიც მხოლოდ ინტენსიური განყოფილების შუშიდან დანახვა.

    “გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა განყოფილებაში ყველაზე რთული იყო“ ამბობს მარტა.

    ყოფილი სამხერდო ექიმი, რესტა ამბობს, რომ ლომბარდიაში შექმნილ ვითარებაში თავს უარესად გრძნობს, ვიდრე 1999 წელს კოსოვოში, სადაც საჰაერო სამაშველო ბრიგადაში მსახურობდა, რომელსაც პაციენტები ალბანეთიდან იტალიაში გადაჰყავდა.

    მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი მათთან შედის, თანამშრომლები მათ ოჯახს და ახლობლებს წერილს უგზავნიან და არწმუნებენ, რომ მათ საყვარელ ადამიანებს ისე მოექცევიან, როგორც ოჯახის წევრს. ის ამბობს, რომ საავადმყოფოს უნდა ვიდეოკონფერენციის სისტემა გაააქტიუროს, რათა პაციენტმა დღეში ერთხელ ახლობლის დანახვა ვიდეოჩართვის საშუალებით მაინც შეძლოს.

    ექიმი, რომელსაც პაციენტთან არაფერი აკავშირებს ხშირად ბოლო ადამიანი ხდება, რომელსაც კორონავირუსით დაავადებული მომაკვდავი პაციენტი სიკვდილის წინ ხედავს. ახლობლები გარდაცვლილსაც კი ვერ ემშვიდობებიან და კუბოებსაც კი ვერ ეკარებიან ვირუსით დაინფიცირების შიშით.

    მარტა ბერტოლინის უბრალოდ ვიღაცამ დაურეკა საავადმყოფოდან და მიახალა, რომ მათთან მამამისის ცხედარი იყო. ქალი ამბობს, რომ გაბოროტებული არ არის და ექიმებზე არ ბრაზდება. ის ამბობს, რომ მამის ერთკვირიანი ტანჯვის გარდა მისთვის არანაკლებ მძიმე სანახავი იყო ექიმის სახე მასთან შეხვედრისას:

    “ვერ გეტყვით, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი თუ სევდა. ერთადერთი, რისი თქმაც შეძლო იყო: “დარჩით სახლში“– ამბობს მარტა.

  • მსოფლიო მოდის ინდუსტრია კორონავირუსთან ბრძოლაში

    მსოფლიო მოდის ინდუსტრია კორონავირუსთან ბრძოლაში

    ჯანდაცვის პრობლემამ, რომელიც მთელ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის სახით დაატყდა თავს, ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა. პროცესში აღმოჩნდა ჩართული მოდის ინდუსტრიაც: ლუქს კატეგორიის პროდუქტის ერთ–ერთი მთავარი მომხმარებელი ჩინეთი მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, მსოფლიო მოდის გავლენიანი ეპიცენტრი – იტალია კი ამჟამად კორონავირუსით დაავადადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.

    ყველაზე სწრაფი რეაქცია განვითარებულ მოვლენებზე ჯორჯო არმანის ჰქონდა – ჯერ კიდევ საყოველთაო პანიკამდე ბრენდმა გადაწყვიტა პროფილაქტიკის მიზნით ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა.

    Giorgio Armani–ს ბრენდმა ყველა მიმართულებით გადადგა ნაბიჯები – მან ყველა მისი რესტორნის, სასტუმროს და ბუტიკის დახურვის შესახებ განაცხადა. “ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის აფეთქებისა და პროფილაქტიკური ზომების გამო, რომლებიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ, არმანის ჯგუფი აცხადებს მთელ მილანში ბუტიკების, რესტორნების და სასტუმროების დახურვის შეახებ“– ნათქვამი იყო ბრენდის განცხადებაში ჯერ კიდევ ნაციონალური კარანტინის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში არმანიმ 1.2 მილიონი ევრო შეწირა მილანის სამ საავამდყოფოს და რომის საავადმყოფოს, ასევე იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს.

    გარდა ამისა, ბრენდმა პირველმა გადადო ნოემბრისთვის დაგეგმილი საკრუიზო ჩვენება, რომელიც დუბაიში 19–20 აპრილს უნდა გამართულიყო. იტალიელ კოლეგას მალე სხვა ბრენდებიც მიჰყვნენ. დროებით გააუქმეს ან გადაავადეს ჩვენებები Prada–მ, Hermes–მა, Max Mara–მ, Gucci–მ და სხვებმა.

    Versace–ს ბრენდსაც ადეკვატური რეაქცია ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებაზე. დონატელა ვერსაჩემ საკრუიზო კოლექციის ჩვენება გააუქმა, რომელიც აშშ–ში 16 მაისისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ კი 143 000 დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს, გასულ კვირას კი 200 000 ევრო იტალიის სამედიცინო დაწესებულებებს.

    “ჩემი გული კორონავირუსით დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთან არის. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას და მოგიწოდებთ ყველას დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ახლა ძალიან ჭირდება“ – წერდა დონატელა ვერსაჩე თავის განცხადებაში.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო არაერთი იტალიური მოდის სახლი. Bvlgari–ს ბრენდმა რომის Lazzaro Spallanzani–ს საავადმყოფოს კვლევით ცენტრს შესწირა თანხა. ამ ინიციატივამ მეცნიერებს საშუალება მისცა მიკროსკოპული ვიზუალიზაციის უახლესის სიტემა შეეძინათ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID19–ის ვაქცინის შემუშავებაში.

    16 მარტს ცნობილი გახდა, რომ Prada-მ ორ მილანურ საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებები შესწირა.

    Dolce & Gabbana–მ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც განაცხადა, რომ მხარს უჭერს Humanitas–ს უნივერსიტეტს კვლევების ჩასატარებლად კორონავირუსზე ორგანიზმის რეაქციის კვლევისთვის, რათა შემუშავდეს საფუძვლები დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ჩარევისთვის. თანხა სერიოზულია, თუმცა არ სახელდება.

    ვირუსის აფეთქების მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ფონდი (COVID-19 Solidarity Response). მისი მიზანი ახალი ინფექციისთვის ყველა ქვეყნის მომზადება იყო. H&M Foundation–მა 500 000 დოლარი გამოყო ფოდისთვის.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ მოდური კონგლომერატებიც. ოპერატიულად იმოქმედა LVMH ჯგუფმა . კომპანიამ, რომელიც Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Loewe, Marc Jacobs–ის ბრენდებს ფლობს 2.2 მილიონი დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს. და ეს კიდევ მანამ, სანამ ვირუსი მთელ პლანეტაზე გავრცელდებოდა და ყველა კონტინენტს მოიცავდა.

    16 მარტიდან კი ამ ჯგუფის პარფიუმერულ–კოსმეტიკური საწარმოო სიმძლავრეების ნაწილი ანტისეპტიკური გელის და სითხეების დამზადებაზე გადაერთო, რასაც შემდეგ საფრანგეთის ჯანდაცვის სტრუქტურებს გადასცემენ.

    შვეიცარულმა კონგლომერატმა – Richemont Group, რომელიც Cartier, Van Cleef & Arpels და Chloe– ს ბრენდებს ფლობს, 1,4 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19თან ბრძოლას .

    კომპანია Kering–მა (Gucci, Bottega Veneta, Saint Laurent, Balenciaga, Alexander McQueen და სხვები), რომელიც მსახიობ სელმა ჰაიეკის ქმარის, ფრანსუა ანრი პინოს ეკუთვნის, 7, 5 მილიონი იუანი, ანუ 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ჰუბეის პროვინციის წითელ ჯვარს,რომელიც უხანთან ერთად კორონავირუსის ეპიცენტრად იქცა.

    ჟურნალისმა ლეონა ლიუმ გამოცემა South China Morning Post –იდან დაწერა, რომ ბრენდი Hermès აპირებს 5 მილიონი იუანი (711 278 დოლარი) შესწიროს ფონდს China Soong China Ling Foundation, რომელიც ქვეყანაში ვირუსთან საბრძოლველად სამდიცინო მუშაკებს გამოყოფს.

    მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია თავადაც მძიმე პერიოდს განიცდის, ის ცდილობს წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში, ტესტების შემუშავებაში, ჯანდაცვის სფეროს დახმარებასა და ვაქცინის ძიებაში.

  • სპილოები სოფელში შეიპარნენ, მაჭარი დალიეს და მთვრალებს ჩაის პლანტაციაში ჩაეძინათ (ფოტოები)

    იზოლაციის, კარანტინისა და სოციალური დისტანციის ფონზე, ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთი სოფელში აზიური სპილოები სიმინდის ყანებში შეიპარნენ. მთვრალი სპილოების ამბავი ერთ-ერთი პოზიტიური ისტორია, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალური ქსელით გავრცელდა.

    საკვების ძიებაში სპილოები სიმინდის მაჭარს წააწყდნენ და 30 ლიტრამდე დალიეს.ცოტა ხანში, სპილოებმა შორიახლოს მდებარე ჩაის პლანტაციებში გადაინაცვლეს და მთვრალებს ჩაეძინათ.   

    {{PHOTOGALLERY}}

  • ვენეციის არხებში დელფინები გამოჩნდნენ ( ვიდეო)

    ვენეციელები ამბობენ, რომ 60 წლის განმავლობაში წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა. ვენეციის არხებში თევზები, გედები და დელფინები გამოჩნდნენ. კორონავირუსის გავრცელების გამო იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. ამის გამო ვენეციის არხებში გემებით მიმოსვლა შეწყდა და კამკამა წყალიც გამოჩნდა.

    პანდემიის მოულოდნელი მხარე – 60 წლის განმავლობაში ვენეციაში წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა (ფოტოები)

    {{VIDEO}}