Category: სხვადასხვა

  • მაიკლ ჯექსონს პანდემიის ეშინოდა. მისი დაცვა ყვება, რატომ დადიოდა მომღერალი ნიღბით

    მაიკლ ჯექსონს პანდემიის ეშინოდა. მისი დაცვა ყვება, რატომ დადიოდა მომღერალი ნიღბით

    პოპმუსიკოსი მაიკლ ჯექსონი, რომელიც 2009 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხშირად გამოდიოდა ქუჩაში სამედიცინო ნიღბით. ამის გამო მას ხშირად დასცინოდნენ კიდევაც, თუმცა ეს არ აშინებდა

    მეტ ფიდესი ათი წლის მანძილზე პოპვარსკვლავის პირადი მცველი იყო. მან მაიკლის თავისებურებების შესახებ ყველაფერი იცოდა, მათ შორის მისი შიშების და სიფრთხილის შესახებ. ბოდიგარდის თქმით, მსოფლიოს გარშემო გასტროლებისას მომღერალი შიშობდა, რომ არსებობდა Covid 19–ის მსგავსი ვირუსის საფრთხე, ამიტომაც ის ჯერ კიდევ მაშინ იღებდა უსაფრთხოების ზომებს.

    “მას ძალიან ეშინოდა პანდემიის და ავად გახდომის. მაიკლმა იცოდა, რომ საფრთხე ყოველთვის სადღაც ახლოს იყო. მას დასცინოდნენ, მეც კი ვთხოვდი ნიღაბი მოეხსნა, იმიტომ რომ მრცხვენოდა ასეთ ფორმაში მის გვერდით ფოტოში რომ მოვხვედრილიყავი. ამაზე მიპასუხა, რომ არ უნდოდა ავად გამხდარიყო და ფანატებისთვის იმედები გაეცრუებინა“– ყვება ფიდესი.


    ის აზუსტებს, რომ მომღერალი არასოდეს ყოფილა ჰერმოფობი (ადამიანი, რომელსაც პანიკურად ეშინია მიკრობების), უბრალოდ ის საკუთარ ხმას უფრთხილდებოდა. მეტი ასევე ყვება, რომ ჯეკსონი თავს დათრგუნულად გრძნობდა, რადგან სერიოზულად არავინ აღიქვამდა მის შიშებს. “რომ დაენახა ახლა რა ხდება, იტყოდა: “ხომ გეუბნებოდით!“– ამბობს ფიდესი გამოცემა The Sun-თან საუბრისას.

  • “ექიმებს აიძულებენ დამცავი ეკიპირების გარეშე იმუშაონ” – რუსი ექიმები ხელისუფლებას კორონავირუსის შემთხვევების დამალვაში ადანაშაულებენ

    “ექიმებს აიძულებენ დამცავი ეკიპირების გარეშე იმუშაონ” – რუსი ექიმები ხელისუფლებას კორონავირუსის შემთხვევების დამალვაში ადანაშაულებენ

    რუსი ექიმები ხელისუფლებას კორონავირუსის შემთხვევების დამალვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მთავრობა ინფიცირებულ პაციენტებთან სპეციალური დამცავი ეკიპირების გარეშე მუშაობას აიძულებს. ამის შესახებ, რუს ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ანასტასია ვასილიევამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    “მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ხელისფულებისგან სიცრუეს ვიღებთ”, – ამბობს ანასტასია ვასილიევა ვიდეომიმართვაში.

    მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევებს ჩვეულებრივ პნევმონიას უწოდებს და კორონავირუსთან არ აკავშირებს.

    ანასტასია ვასილიევას ბრალდება კატეგორიულად უარყო რუსეთის ხელისუფლებამ და  მთავრობამ ის რუსული მედიცინისა და უწყებების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.  ამ საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

    რუსეთის ხელისუფლების  მედიამ პარასკევს კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქვეყანაში, სადაც 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 253 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილია. აღნიშნულ სტატიაში პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ეს შედეგი მოგზაურობის შეზღუდვითა და ეფექტიანი კარანტინის შედეგია.

    ანასტასია ვასილიევა, კოლგებს მოუწოდებს, რომ არ დამალონ სიმართლე რადგან ინფორმაციის დამალვა სავალალო შედეგებს მოიტანს, როგორც ექიმებისთვის ისე ქვეყანას.

  • როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია(BBC)

    როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია

    კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება და პანიკას თესავს: ყოველდღე იდება განახლებული ინფორმაცია დაინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევის და ასობით ახალი გარდაცვლილის შესახებ.

    მთელი ქალაქები და ქვეყნები კარანტინშია. გაუქმებულია ავიარეისები, საერთაშორისო მაშტაბის ღონისძიებები, სპორტული ასპარეზობები და მუსიკალური ფესტივალები.

    დაავადება მოედო ევროპას და ამერიკას, ლათინურ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთს.

    დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი განუხრელად იზრდება, თუმცა ამ ფონზე ზოგმა ქვეყანამ მოახერხა კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება და მისი გავრცელების შეკავება.

    ყველა ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გზას ირჩევს, თუმცა რომელია მათგან ყველაზე ეფექტური სტრატეგია ბიბისის მიხედვით:

    1. ტესტირება, ტესტირება და კიდევ ერთხელ ტესტირება!


    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ბიბისის ექსპერტები ამბობენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ვირუსის გავრცელების შეკავების ძირითადი ფაქტორია.

    მათი თქმით, ძნელია ამ ვირუსის ზემოქმედების რეალური მაშტაბები გაიგო, ან შესაბამისი ზომები მიიღო თუ არ იცი რამდენი ადამიანია დაინფიცირებული.

    აშშ–ს ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი კრის ჯონსონი ამბობს, რომ სწორედ ეს დაეხმარა ქვეყნებს ვირუსის შეჩერებაში: იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირებას ეყრდნობოდნენ ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, იმ ქვეყნებში, კი სადაც ეს პრიორიტეტული არ იყო ახალი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

    სამხრეთ კორეის ხელისუფლება ყოველდღე 10 000 ადამიანის ტესტირებას ატარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში მათ მეტი ადამიანის ტესტირება ჩაატარეს, ვიდრე აშშ–მ ერთი თვის მანძილზე – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

    ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუს აღნიშნავს, რომ ყველა სიმპტომიანის ტესტირება პანდემიის ჩახშობის გასაღებია.

    ჯანმოს ყველა ქვეყანასთან ასეთი რჩევა აქვს : “ტესტირება, ტესტირება, ტესტირება“ .

    ჯანმოს ხელმძვანელმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირების და პანდემიას დახუჭული თვალებით ვერ შეებრძოლები.

    ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანალიზები მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების მქონე ადამიანებს უნდა აუღო, რადგან უსიმპტომო ავადმყოფები ვირუსის გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ.

    2. დაავადებულთა იზოლირება

    პროფესორ კრის ჯონსონის აზრით სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაავადებულთა გამოვლენას, ტესტირებას და ყველა მათგანის კარანტინში ჩასმას.

    ტესტირება არა მხოლოდ დაავადებულთა გამოვლენის და ვირუსის გავრცელების აღკვეთის შესაძლებლობაა, არამედ ასევე ეხმარება ახალი პოტენციური დაავადებულების გამოვლენაში, რომლებიც შესაძლოა საწყის სტადიაზე იყვნენ.

    მისი თქმით, ჩინელებმა სუპერყურადღება გამოიჩინეს ვირუსის პოტენციური კერების ამოცნობაში. სავარაუდოდ სწორედ ეს დაეხმარა მათ ვირუსის დაძლევაში.

    მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები სპეციალურ “სიცხიანთა კლინიკაში“ მიდიან და იქ მათ კორონავირუსის ტესტს უტარებენ. თუ მათ ვირუსი გამოუვლინდათ, მათი იზოლირება სპეციალურ საკარანტინე სასტუმროებში ხდება, რათა ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ. – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

    ტაივანმა, სინგაპურმა და ჰონკონგმა სხვა მიდგომა აირჩიეს – ისინი ყოველ პოტენციურად საშიშ შემთხვევას სახლში იზოლირებას უკეთებდნენ და ჯარიმას აწესებდნენ მათთვის, ვინც კარანტინის წესებს დაარღვევდა.

    თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარია ინფიცირებულთა გამოვლენაა და პოტენციური ინფიცირებულის კვალის პოვნა.

    3 .მომზადება და სწრაფი რეაქცია


    ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვირუსის ლოკალიზაციისა და შეჩერებისას მთავარია სწრაფი მოქმედება – სანამ ვირუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოედება.

    ტაივანმა და სინგაპურმა დაამტკიცეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და ახალ დაავადებულთა იზოლაცია შესაძლოა ეპიდემიის აღკვეთაში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

    ტაივანის წარმატებას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ კუნძული წინასწარ იყო მომზადებული ამ სიტუაციისთვის და ჯერ კიდევ 2003 წელს შექმნა ეპიდემიური კონტროლის ცენტრი ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ.

    ეს ცენტრი რეგიონში SARS–ის ვირუსის აფეთქების შემდეგ შეიქმნა და რამდენიმე სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შეიცავს. მას უკვე ქონდა როგორც თეორიული ბაზა, ასევე რეაგირების კონკრეტული მეთოდები.

    მზადყოფნა და სისწრაფე კი ეპიდემიის შემთხვევაში გადამწყვეტია. ამ მხრივ ევროპაც და აშშ–ც გვიან გამოფხიზლდნენ. ტაივანმა ჯერ კიდევ იანვარში, როცა არ იყო დამტკიცებული, რომ ახალი ვირუსი ჰაერ–წვეთოვანი გზით გადადიოდა, დაიწყო ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება და კვლევა. ჰონკონგის ხელისუფლებამ ყველა შესასვლელ პუნქტში ტემპერატურის გაზომვა ჯერ კიდევ 2 იანვრიდან დაიწყო და ყველა ჩასული ტურისტი 14 დღიან კარანტინში ჩასვა.

    4. სოციალური დისტანცირება

    როგორც კი ვირუსი გავრცელებას იწყებს, შემაკავებელი ზომები აღარ მუშაობს. ამ სტადიაში ყველაზე ეფექტური ხერხი მოსახლეობის დასაცავად სოციალური დისტანცირების ზომების შემოღებაა, როგორც ეს ჰონკონგში და ტაივანში გააკეთეს.

    ჰონკონგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ ადამიანები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიოდნენ, დახურა სკოლები და გააუქმა ყველა ღონისძიებები.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სინგაპურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სკოლები არ დაეხურა, მაგრამ სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებლების ყოველდღიური ტესტირება და მონიტორინგი დაიწყო.

    5. ჰიგიენის ზომების პროპაგანდა


    ჯანმო მუდმივად იმეორებს, რომ ხელების რეგულარული დაბანა და ჰიგიენის ზომების დაცვა მნიშვნელოვანია ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

    ბევრმა აზიურმა ქვეყანამ ეს SARS-ის 2003 წლის აფეთქების შემდეგ გააცნობიერა და მიხვდა, რომ ადამიანები ავად არ გახდებოდნენ და ინფექციას არ გაავრცელებდნენ, თუ ჰიგიენის ნორმებს დაიცავდნენ.

    სინგაპურში, ჰონკონგში და ტაივანში ქუჩებში ხშირად შეხვდებით სპეციალურ დისპენსერებს ანტიბაქტერიული გელით. ამ ქვეყნებში პოპულარულია ნიღბებით სიარული პროფილაქტიკის მიზნით, და მართალია ნიღბები ნაკლებად ეფექტურია დაავადების შესაკავებლად, ისინი მაინც ამცირებენ იმის ალბათობას, რომ ადამიანი ხველისა და ცემინების დროს ვინმეს გადასცემს ინფექციას.

  • სიკვდილი იზოლაციაში.იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა დამარხვას ვერ აუდიან

    სიკვდილი იზოლაციაში. იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა დამარხვას ვერ აუდიან

    კორონავირუსმა იტალიელების ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია და მათ გარდაცვლილ ახლობლებთან დამშვიდობების შესაძლებლობაც კი წაართვა. ის გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე ღირსეულად წასვლის საშუალებასაც უსპობს, ცოცხლად დარჩენილებს კი კიდევ უფრო უმწვავებს ტკივილს იმის გამო, რომ ბოლო წუთებში საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა არ შეუძლიათ.

    “პანდემია ორჯერ კლავს. თავიდან ის იზოლაციით გკლავს, საყვარელი ადამიანებისგან შორს, შემდეგ კი მაშინ, როცა გვერდით დამტირებელიც არავინ გყავს“– ამბობს მილანის სარიტუალო მომსახურების კომპანიის თანამშრომელი.

    ოჯახები დარდით არიან განადგურებული და რეალობასთან შეგუებას ვერ ახერხებენ – ამბობს ანდრეა ჩერატო.

    სიკვდილი იზოლაციაში


    Covid19-ის ბევრი მსხვერპლი საავადმყოფოს იზოლირებულ ბოქსში კვდება, სადაც არავის უშვებენ. იქ შესვლა დაინფიცირების მაღალი რისკის გამო აკრძალულია. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ არ გადადის, თუმცა კიდევ რამდენიმე საათით შეიძლება დარჩეს მის ტანსაცმელზე. ამიტომაც ცხედრებს მაშინვე ჰერმეტულად ფუთავენ.

    “რამდენი ოჯახი გვთხოვს ნება მივცეთ გარდაცვლილს უკანასკნელად შეხედონ. მაგრამ ეს აკრძალულია“– ამბობს ბიბისი–სთან საუბრისას ლომბარდიის ქალაქ კრემონის სარიტუალო კომპანიის თანამშრომელი მასიმ მონკასტროპა.

    ასევე დაუშვებელია გარდაცვლილისთვის ტანსაცმლის გამოცვლა და უკანასკნელი, მისი საყვარელი სამოსის ჩაცმა, როგორც ეს საერთოდ არის მიღებული. ყველას ერთნაირ, უსახურ საავადმყოფოს სამოსში მარხავენ.


    თუმცა მონკასტროპა ცდილობს ახლობლებს დაეხმაროს და მათი თხოვნით, ხანდახან ოჯახის მიერ გადაცემულ ტანსაცმელს გარდაცვლილს კუბოში უდებს.

    დღევანდელ უპრეცედენტო სიტუაციაში ნათესავების, მეგობრების და მღვდლების ფუნქცია უნებურად მესაფლავეების მხრებზე გადავიდა, იმიტომ რომ ავადმყოფის გარდაცვალების მომენტისთვის მისი ახლობლებიც კარანტინში იმყოფებიან.

    “ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ გარდაცვლილებზე პასუხისმგებლობას“–ამბობს მილანელი ანდრეა ჩერატო ბიბისისთან.

    მისი თქმით, ისინი ოჯახებს კუბოს ფოტოებს უგზავნიან, რომლითაც მათი ახლობელი დაიმარხება. თვითონ მოაქვთ ცხედარი საავადმყოფოდან და კრემირებას უკეთებენ, ან მარხავენ. როგორც სარიტუალო კომპანიის თანამშრომელი ამბობს, ადამიანებს მეტი გზა აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ მათ ენდონ.

    ჩერატოს თქმით, მათ ახლობლებისთვის ჩვეული სერვისების შეთავაზება არ შეუძლიათ. ახლა მათი არჩევანი შეზღუდულია:
    “ჩვენ არ შეგვიძლია გარდაცვლილებს ჩავაცვათ, არ შეგვიძლია დავვარცხნოთ ან სპეციალური მაკიაჟი გავუკეთოთ, გავალამაზოთ. და ეს ძალიან სევდიანი ამბავია“– ამბობს ის.

    თუ დაინფიცირებული სახლში იღუპება, მეკუბოვეები მის წასაყვანად სპეციალურად აღჭურვილები მიდიან: სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანები, სპეცტანსაცმელი.ბევრი მეკუბოვე თვითნაც კარანტინშია. მათი კანტორები დაკეტილია. არის საფრთხე, რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ მუშაობენ, მალე დამცავი საშუალებების გარეშე დარჩებიან.

    იტალიაში განსაკუთრებული ზომის სახით საპანაშვიდო მომსახურება აკრძალულია. ღრმა კათოლიკური ტრადიციების მქონე ქვეყანაში ეს უპრეცედენტო ნაბიჯია.

    ანდრეა, რომელიც დამკრძალავ ბიზნესში 30 წელია მუშაობს , ამბობს რომ ახლა დღეში მინიმუმ ორი ადამიანის დაკრძალვა უწევს და გარდაცვლილის პანაშვიდზე ერთი ადამიანიც არ მოდის. დასაფლავებას შეიძლება 1 ან 2 ადამიანი დაესწორს, პროცესი კი სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს.

    კუბოების ქვეყანა


    დამკრძალავი ინდუსტრია იტალიაშია უდიდეს დატვირთვას განიცდის, გარდაცვლილთა რიცხვი კი იზრდება. ჩრდილოეთ იტალიის საავადმყოფოები და მორგები გადავსებულია.

    ეკლესიებში დამარხვის რიგში ათობით კუბო გროვდება.

    ბერგამოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სასაფლაოებზე ადგილი აღარ არის. ამიტომაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამხედროები გამოიძახეს.

    გასულ კვირას ღამით ადგილობრივი მაცხოვრებლები სულგანაბულნი უყურებდნენ, როგორ ჩაიარა სამხედრო მანქანების კოლონამ ქალაქის ქუჩებზე, რომელსაც 70–ზე მეტი კუბო მიქონდა.

    ამ მანქანებით ბერგამოს მაცხოვრებლები კრემაციისთვის მეზობელ ქალაქში გადაიტანეს. ალბათ იტალიაში ეპიდემიის აფეთქების შემდეგ ეს ერთ–ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი სანახაობა იყო.

  • “ამ შემთხვევაში “ტრადიცია” მავნე სისულელის, ჯიბრიანი უტვინობის გამოხატულებაა.“–ლაშა ბუღაძე კორონავირუსის პანდემიაზე

    მწერალი ლაშა ბუღაზე კორონავირუსის პანდემიაზე ქართული საზოგადოების ნაწილის და ეკლესიის რეაქციას ფეისბუქ სტატუსით პასუხობს:

    “სწორედ ეს განსხვავებაა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და ტრადიციის მექანიკური ერთგულებით გამოწვეულ უპასუხისმგებლობას შორის (გინდა სოციალური იყოს ეს ტრადიცია და გინდა რელიგიური).

    ტრადიციის ჩვევა ზომბივით გიხმობს ჩადგე წირვაზე, აღნიშნო “რომანოვის 40”, “წლისთავზე” ჩაჯდე ან ისევ და ისევ ჯიუტი უგულობით, კოლექტიურად “იზეიმო” აღდგომა თუ ნოვრუზი. ტრადიცია არ აზროვნებს, ამ შემთხვევაში “ტრადიცია” მავნე სისულელის, ჯიბრიანი უტვინობის გამოხატულებაა.

    ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კი ამ მექანიკურობაზე უარის თქმაა, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზნეობრივი აქტია. აქაც, ისევე როგორც არაერთხელ ყოფილა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება კოლექტიურ ჩვევას უპირისპირდება: ვინც ახლა პირდაპირი თუ გადატანილი მნიშვნელობით იცავს ინდივიდუალური თავისუფლებით შემოსაზღვრულ სივრცეს, სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს, სხვაზე ზრუნვა კი ახლა საკუთარ თავზე ზრუნვაა. სინამდვილეში, სწორედ ესაა რელიგიური მდგომარეობა, და არა “საკუთარი სულის გადარჩენის მიზნით” დგომა წირვაზე გონწართმეული, თანაგრძნობის არმქონე ზომბივით…

  • ყველაზე პატარა სახელმწიფო ევროპაში, სადაც პროცენტულად კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებულია

    სახელმწიფო, სადაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე მეტი დაინფიცირებულია, არც იტალიაა და არც ჩინეთი. ეს არის ევროპის ჯუჯა სახელმწიფო – სან-მარინოს რესპუბლიკა რომელიც სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და იტალიის შიგნით ანკლავს წარმოადგენს. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობი 61 კვადრატული კილომეტრია. ბოლო აღწერის მიხედვით ამ ქვეყანას 32 576 მაცხოვრებელი ყავს.

    კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკაში ერთი მაჩვენებელი არსებობს: დაავადებულთა რაოდენობა ერთ მილიონ მოქალაქეზე. ამ მაჩვენებლით, სან მარინოს რესპუბლიკა ყველას უსწრებს. მაგალითად, ჩინეთში ყოველ ერთ მილიონ მოქალაქეზე 56 ინფიცირებული მოდის, იტალიაში 1 057 , სან მარინოში კი 5,511. სან მარინოში რეალურად 187 კორონავირუსით დაინფიცირებულია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 0.6%–ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. გარდაცვლილია 21 ადამიანი.

    შედარებისთვის – საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველ მილიონ მოქალაქეზე 17 დაინფიცირებულს შეადგენს.

  • ინგა გრიგოლია საავადმყოფოშია

    ტვ პირველის დირექტორი, ინგა გრიგოლია საავადმყოფოშია. მან ფეხი მოიტეხა. ამის შესახებ ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქ გვერზე წერს:

    “კორონა არა,მაგრამ ფეხი კი მოვიტეხე. ხოდა ,ვწევარ ახლა ნაოპერაციები და ფეხმოტეხილი ამ საგანგებო ეთერებისას და ვსკდები გულზე. გამოტყდით, ვისი თვალი მეცა ან ვინ დამწყევლა ,გაქრი ეკრანიდანოარადა,კორონას პანიკა მქონდა“– წერს გრიგოლია.

  • იტალიელმა მღვდელმა სასუნთქი აპარატი ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო,თვითონ კი გარდაიცვალა

    72 წლის იტალიელმა მღვდელმა, ბერგამოს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა, დონ ჯუზეპე ბერარდელიმ საკუთარი თავი გაწირა იმ ადამიანისთვის, ვისაც არცკი იცნობდა.

    მას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა უარი თქვა იტალიაში უკიდურესად დეფიციტურ რესპირატორზე, რომელიც მისმა სამრევლომ პირადად მას უყიდა. მან გადაწყვიტა სასუნთქი აპარატი ვინმე მასზე უფრო ახალგაზრდა პაციენტისთვის გადაეცა, რომელსაც არც კი იცნობდა.

    “დონ ჯუზეპე როგორც ნამდვილი მღვდელი, ისე მოკვდა. ღრმად ვარ შეძრული იმ ფაქტით, რომ მან უარი თქვა სასუნთქ აპარატზე და გადაწყვიტა ის ვინმე ახალგაზრდისთვის გადაეცა“– უყვება სან ჯუზეპეს ხანდაზმულთა თავშესაფარის ექიმი იტალიურ მედიას.

    დონ ჯუზეპე ბერარდელი ლოვერეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    იტალიაში Covid19 –ისგან მინიმუმ 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა.

  • როგორ ახერხებს გერმანია ეპიდემიის კონტროლს და სიკვდილიანობის შემცირებას–ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან

    ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავირუსის ეპიცენტრმა ჩინეთიდან ევროპაში გადაინაცვლა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 63 927–ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 59 მილიონმა იტალიამ 1 მილიარდ 300 მილიონიან ჩინეთს გაუსწრო. ჩინეთში პანდემიამ სულ 3 270 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იტალიაში კი ბოლო დღეების განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით 6 077–ს მიაღწია. დასავლეთ ევროპაში დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება. იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარება ესპანეთშია, სადაც 33 000 დაინფიცირებული და 2 207 გარდაცვლილია. დაინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ესპანეთის შემდეგ მოდის გერმანია 29 000 დაინფიცირებულით, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალია. გერმანიაში ამ ეტაპზე 123 ადამიანია გარდაცვლილი.

    როგორ ახერხებს გერმანია ვირუსთან ბრძოლას და რატომ აქვს მას სხვა ევროპული ქვეყნებისგან მკვეთრად განსხვავებული მაჩვენებელი, ამის შესახებ გერმანიაში, ქალაქ შვეცინგენში მცხოვრები ქართველი ირინე დანელია გვესაუბრება. ირინე მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს  და გერმანიის მოქალაქეა, არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში. ის გვიყვება, რამდენად მომზადებული შეხვდა გერმანიის ჯანდაცვის სისტემა პანდემიას:

    “თვალში საცემია, რომ თუკი ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი დარეგისტრირებულ შემთხვევებთან მიმართებაში 4 % შეადგენდა, იტალიში ის 7%-ია. ამ მხრივ დამაიმედებელი მაჩვენებლები ფიქსირდება გერმანიაში, სადაც ჯერ-ჯერობით სიკვდილიანობის პროცენტი 0.4% შეადგენს. ლოგიკურია შეკითხვა: რითი აიხსნება ასეთი რადიკალური პროცენტული განსხვავებები?

    გერმანელი ვიროლოგის, ბერლინის შარითეს კლინიკასთან არსებული ვიროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კრისტიან დორსტენს აზრით, რომელიც ფედერალური მთავრობის კონსულტანტის გარდა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც შეიმუშავა ტესტირების ის მეთოდი, რომელიც დღეს გერმანიაში გამოიყენება, გადამწყვეტ ფაქტორებად ამ შემთხვევაში რამდენიმე შეიძლება დასახელდეს.

    პირველ რიგში ის, რომ იტალიში სავარაუდოდ ეპიდემია რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე იტალიას არ ჰქონდა საშუალება მიეღო ზომები დაავადებულ ადამიანთა იზოლაციისთვის. შესაბამისად არ ხდებოდა ტესტირება დაინფიცირებულ ადამიანთა გამოვლენის მიზნით. მასობრივი ტესტირება იტალიაში დაიწყო მაშ შემდეგ, რაც ეპიდემი უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო. ამასთან გამოკვლევა უტარდებოდა ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ამჟღავნებდნენ შესაბამის სიმპტომებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დაავადებულთა 1/3 ში ვირუსი არანაირ სიმპტომებს არ იწვევს, და ეს ძირითადად ახალგაზრდები არიან, გასაგები გახდება ისიც, რომ მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებს ძირითადად 60 წელს გადაცილებული პაციენტები ამჟღავნებდნენ.

    აქედან გამომდინარე იტალიის სტატისტიკით დაინფიცირებულთა 60% , 60 წელს გადაცილებული იყო. ექიმები ასევე ვარაუდობენ, რომ, რადგანაც სიმტომები ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციისაგან არაფრით განსხვავდება და მხოლოდ მაშინ მწვავდება, როცა პნევმონია უკვე რთულ ეტაპზეა, შესაბამისად მკურნალობაც ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე იტალიაში.

    გერმანიაში კორონა ვირუსის მასობრივი გავრცელება ჰოლანდიის საზღვართან მდებარე ერთ პატარა ქალაქში კარნავალის შემდეგ დაიწყო. ამ შემთხვევის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და 1000 მდე ადამიანს კარანტინი დაუწესდა. თუმცა იტალიის ჩრდილოეთში, კერძოდ სამხრეთ ტიროლის სამთო-სათხილამური კურორტებზე დაფიქსირებულმა ეპიდემიურმა აფეთქებამ გააჩინა დამატებითი საფრთხე. მიზეზი გახლავთ ის, რომ ეპიდემიის გავრცელება დაემთხვა გერმანიის რამდენიმე მიწაზე ამ დროისათვის არსებულ თებერვლის სასკოლო არდადეგებს. ამის შემდეგ გერმანიაში დაიწყო ინტენსიური შემოწმება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების, ვინც დასასვენებლად სამხრეთ ტიროლში იმყოფებოდა. ასე რომ გერმანიაშ დაინფიცირებულ ადამიანთა ტესტირება და გამომჟღავნება ძალიან ადრეულ ეტაპზე ხდებოდა. ასევე აღმოჩნდა, რომ დაავადებულთ 80 % მეტი 60 წლამდე ასაკისაა.

    ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო კარგადაა ორგანიზებული და აღჭურვილი ვიდრე იტალიის. გერმანიას აქვს შესაძლებლობა დღეში შეამოწმოს 100 დან 200 ათასამდე ადამიანი. ლაბორატორიები თანაბრად არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. პასუხუს მიღება 2 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. როცა იტალიაში 7 დღე იყო საჭირო. გერმანიაში 100 ათას ადამიანზე 34 ინტენსიური საწოლი არსებობს, იტალიაში 8. სულ გერმანიაში 28 ათასამდე ხელოვნური სასუნთქი აპარატით აღჭურვილი საწოლი არსებობს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დამატებით 10 ათასი აპარატი იქნა შეკვეთილი. ასევე იგეგმება დამატებითი საველე საავადმყოფოს მოწყობა დაახლოებით 1000 პაციენტზე ბერლინში და არსებული სანატორიუმებისა და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების აღჭურვა დამატებითი შესაძლებლობების და რეზერვის შესაქმნელად.

    ორი დღის წინ გერმანიის ქალაქ ვურცბურგში, ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში კორონა ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მომვლელს. ამის შედეგად თავშესაფარში 9 მოხუცი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის გაზრდა ბოლო დღეებში ამითაც აიხსნება.

    ამ მოკლე ანალიზის საფუძველზე ცხადია, რომ იტალიასა და გერმანიას შორის სიკვდილიანობის პროცენტულობის ასეთი სხვაობა პირველ რიგში იმით აიხსნება, თუ რამდენად მეტი შემთხვევა იქნა გამოკვლეული და სტატისტიკურად დაფიქსირებული ამ კონკრეტულ ქვეყნებში, რადგან სიკვდილიანობის პროცენტი სწორედ დაფიქსირებული შემთხვევებიდან გამოიყვანება. მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გამოუკვლეველ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია იტალიაში და სავარაუდოდ ნაკლებია გერმანიაში. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ იტალიის ჯანდაცვის სისტემა უკვე “გადაღლილია”, გერმანიისა კი ჯერ ახლა ერთვება ეპიდემიასთან ბრძოლაში. სავაუდოდ პროცენტული მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გერმანიაშიც გაიზრდება, თუმცა 7 პროცენტამდე ასვლას გერმანელი ექიმები გამორიცხავენ.“– ამბობს ირინე დანელია.

  • “მას არ აინტერესებს რამდენად მდიდარი ხარ. ყველანი ერთ ნავში ვართ“– მადონა Covid 19-ის შესახებ

    “მას არ აინტერესებს რამდენად მდიდარი ხარ. ყველანი ერთ ნავში ვართ“– მადონა Covid 19-ის შესახებ

    პოპმომღერალმა მადონამ კორონავირუსის პანდემიას ვიდეო მიუძღვნა, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ვიდეო აბაზანაშია ჩაწერილი.

    მადონა ამბობს, რომ ვირუსს არ ადარდებს “ რამდენად მდიდარი ხარ, რამდენად ცნობილი ხარ, რამდენად სასაცილო ან საზრიანი ხარ, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ, რამდენად მშვენიერი ისტორიების მოყოლა შეგიძლია. ის ყველაზე დიდი ეკვალაიზერია. ყველაზე საშინელი და ამავე დროს ყველაზე დიდებული მასთან დაკავშირებით ის არის, რომ ის ყველას გვათანაბრებს, ბევრი თვალსაზრისით. მის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ. თუ ის ჩაიძირება, ყველა ერთად ჩავიძირებით.“ ამბობს მადონა.