Skip to content

newsreport.ge

Category: სხვადასხვა

  • “სამოთხეში გამომწყვდეულები” – საქორწინო მოგზაურობაში წასული წყვილი მალდივის კუნძულებზე ჩარჩა (ფოტოები)

    “სამოთხეში გამომწყვდეულები” – საქორწინო მოგზაურობაში წასული წყვილი მალდივის კუნძულებზე ჩარჩა (ფოტოები)

    მსოფლიოში კორონავირუსის გამო პანდემია გამოცხადდა და მისგან გამოწვეული კარანტინი მილიონობით ადამიანს შეეხო. ვირუსის გამო საჰაერო მიმოსვლა თითქმის სრულიად შეჩერებულია. ახალდაქორწინებული წყვილი, ოლივია და რაული საქორწინო მოგზაურობაში  1 კვირით ულამაზეს მალდივის კუნძულებზე წავიდნენ, თუმცა შეჩერებული ფრენების გამო კუნძულზე ჩარჩნენ და უკან ვეღარ ბრუნდებიან.

    “სამოთხეში გამომწყვდეულები”- ამ სათაურით The New York Times-ი აქვეყნებს წყვილზე სტატიას. როგორც სტატიაშია აღნიშნული,  სამხრეთ აფრიკეული წყვილი  კუნძულებზე არსებულ ერთ–ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში 6 დღის გატარებას გეგმავდა თუმცა შემთხვევით მოხდა ისე რომ თვითიზოლაციის გატარება სწორედ ამ კუნძულებზე უწევთ. სასტუმროში ერთი ღამე 750 დოლარი ღირს, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის გადახდა არ უწევთ.

    April 7, 2020
  • “ვირუსი ჭადრაკს გვეთამაშება და ჩვენ ნუ ვუპასუხებთ შაშის წესებით“–ზურაბ გურული

    “ვირუსი ჭადრაკს გვეთამაშება და ჩვენ ნუ ვუპასუხებთ შაშის წესებით“–ზურაბ გურული

    ნელნელა ლაგდება გონივრული სამეცნიერო ინფორმაცია და იმედია მალე მორჩება ეს ეგზოტიკური წამლების შესაძლო ეფექტურობით აღტაცება, დაწყებული ქინაქინიდან და დამთავრებული ტილის საწინააღმდეგო ტოქსიკური წამლებით.რასაც მე ვუყურებ,
     შემიძლია დავასკვნა რომ ახალგაზრდებში და მოხუცებში მდგომარეობის გამწვავებას განსხვავებული მექანიზმი შესაძლოა ჰქონდეს.
    მოხუცებში იმუნური სისტემა მკვეთრ პასუხებს არ იძლევა და თანამდევი დაავადებების ფონის გართულება უფრო დუნედ, თანდათან ამძიმებს მდგომარეობას; ახალგაზრდებში კი იმუნური სისტემის ე.წ. მყისიერ ქარიშხალს იწვევს ვირუსი და მერე ეს ქარიშხალი თავად ანგრევს ორგანიზმს.
    ამიტომ, კლინიცისტის მიდგომაც განსხვავებული უნდა იყოს. ერთგან უნდა ხელი შეუწყოს იმუნურ სისტემას, მეორეგან კი დათრგუნოს მისი გადაჭარბებული რეაქცია.
    ეს ცხადია ძალიან განზოგადოებული კონცეფციაა, მაგრამ ლოგიკა კი ბაზისური.
    ამიტომ, ერთი წამალი ვერ იქნება პანაცეა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთიდაიგივე წამლების კომბინაცია ერთნაირად ვერ იმუშავებს. ვირუსი ჭადრაკს გვეთამაშება და ჩვენ ნუ ვუპასუხებთ შაშის წესებით.
    April 7, 2020
  • ნახეთ როგორ ამხნევებენ ფრანგები ექიმებს აივნებიდან სიმღერით(ვიდეო)

    ნახეთ როგორ ამხნევებენ ფრანგები ექიმებს აივნებიდან სიმღერით(ვიდეო)

    ფრანგები, რომლებიც უკვე 21–ე დღეა კარანტინში არიან ექიმებს მხარდაჭერას სიმღერით უცხადებენ. ისინი საკუთარი სახლების აივნიდან მღერიან, რადგან ქვეყანაში გადაადგილება და ქუჩაში გამოსვლა მკაცრი წესებით არის შეზღუდული. ბოლო დღეებში საფრანგეთში ეპიდემია პიკს აღწევს. დაინფიცირებულთა რიცხვი თითქმის ასი ათასია, გარდაცვლილია 8911 ადამიანი. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 833 შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 აპრილს დაფიქსირდა, როცა 24 საათში 1300 ადამიანი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 7000 პაციენტი.

    April 7, 2020
  • ძაღლებმა შესაძლოა კორონავირუსის დადგენა რამდენიმე წამში შეძლონ

    ძაღლებმა შესაძლოა კორონავირუსის დადგენა რამდენიმე წამში შეძლონ

    საგანგებოდ გაწვრთნილმა ძაღლებმა შესაძლოა კორონავირუსის გამოვლენა შეძლონ. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ ბრიტანელი მეცნიერები და კომპანია, რომელიც ძაღლეს წვრთნის. კომპანიაში აცხადებენ, რომ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები Covid-19-ის გამოვლენას წამებში შეძლებენ. სწორედ ამიტომ ისინი ჯანდაცვის სპეციალისტებს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დიდ დახმარებას გაუწევენ. წარმატების შემთხვევაში ძაღლები რთული მისიის შესრულებას ექვსკვირიანი წვრთნის მერე შეუდგებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ წარმატების შემთხვევაში ასეთი ძაღლების გამოყენება შეიძლება მაგალითად გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტებში. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკულ დაავადებათა სკოლის პროფესორი, ჯეიმს ლოგანი ამბობს, რომ ძაღლებს უკვე შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების აღმოჩენა, როგორებიცაა: კიბო, პარკინსონი თუ სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები. დადასტურებულია, რომ ძაღლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლიათ, უკვე მუშაობენ ადამიანებთან და ეს მათ ცხოვრებას ცვლის.

    “გასულ წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელშიც კარგად არის დემონსტრირებული, რომ ძაღლებს შეუძლიათ მალარიის ინფექციასთან ასოცირებული სუნის დადგენა. და ამის გაკეთება მაქსიმალური სიზუსტით შეუძლიათ.

    ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ ძაღლებს აქვთ ეს საოცარი უნარი და ყნოსვა. “ – ამბოს ლოგანი.

    კომპანიაში  კი აცხადებენ, რომ ძაღლებს კანის ტემპერატურის განსაზღვრა შეუძლიათ, რაც მათ აძლევს საშუალებას დაადგინონ, აქვს თუ არა ადამიანს მაღალი ტემპერატურა. 2007 წლის შემდეგ, რაც კომპანია დაფუძნდა, არაერთი კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც დადასტურებული ვარაუდი აქვთ გამოთქმული, რომ ყველა დაავადებას საკუთარი სუნი აქვს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამონაკლისი არც კორონავირუსი იქნება.

    ძაღლების მწვრთნელი, რობ ჰარისი ამბობს:  “ვიცით, რომ ძაღლებს ყნოსვის, სუნის ამოცნობის და მათი დამახსოვრების საოცარი უნარი აქვთ. ასე რომ თუ კორონავირუსს აქვს სუნი, დამახასიათებელი სუნი ჩვენ შევძლებთ მის ამოსაცნობად ძაღლების გაწვრთნას.  “

     

    წყარო: ამერიკის ხმა

    April 7, 2020
  • გერმანია საყოველთაო კარანტინის დასრულებისთვის ემზადება. გერმანიაში მცხოვრები ქართველი გერმანული რეალობის შესახებ

    გერმანია საყოველთაო კარანტინის დასრულებისთვის ემზადება. გერმანიაში მცხოვრები ქართველი გერმანული რეალობის შესახებ

    კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გერმანია ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გამართული ჯანდაცვის სისტემით, მაშტაბური ტესტირებით, მკაცრი კარანტინით და სხვადასხვა ზომებით მან შეძლო სიკვდილიანობის დონის მინიმუმამდე შემცირება და ვირუსთან ბრძოლა. ამ დროისთვის გერმანიაში 101,178 ინფიცირებულია. გარდაცვლილია 1,612 ადამიანი. ტესტირებულია მილიონამდე გერმანელი. ახლა უკვე დღის წესრიგში დგას, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კარანტინის მდგომარეობიდან და როგორ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ირინე დანელია ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი აქცენტი სპეციალურ აპლიკაციაზე კეთდება, რამაც ქვეყანას დაავადების კონტროლის საშუალება უნდა მისცეს.   ირინე დანელია მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის მოქალაქეა, ამჟამად ცხოვრობს ქალაქ შვეცინგენში,  არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში. გერმანული რეალობის შესახებ ის სპეციალურად solostudio.agency/-სთვის მომზადებულ სტატიაში გვიამბობს.

     

    “უკვე რამდენიმე კვირაა ფაქტიურად მთელი მსოფლიო აქამდე არნახული მასშტაბების საყოველთაო საგანგებო სიტუაციის პირობებში იმყოფება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების  მედიასაშუალებებში საყოველთაო “Lock Down”ის სახელით მოიხსენიებენ.  სოციალურმა დისტანციამ, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების ექსპონენციალური ზრდის შესაჩერებლად იყო საჭირო,  მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგები, თუმცა დღის წესრიგში ასევე მწვავედ დააყენა ამ სიტუაციიდან გამოსვლის სტრატეგიის შექმნის აუცილებლობა.

    იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის არც ვაქცინა არსებობს და არც თერაპიის ეფექტური მეთოდი, ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა რაც შეიძლება ზუსტად იქნას დაავადების გავრცელების სისწრაფისა და ხარისხის დადგენა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი სიტუაციის მოდელირება და ეპიდემიის შესაძლო მასშტაბების გამოთვლა.

    ამ თვალსაზრისით საინტერესოა ორი კვლევა, რომელთა შედეგებიც რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო ინტერნეტ გვედებზე გამოქვეყნდა.

    პირველი კვლევა  მიუნხენის კლასტერს ეხება და  იძლევა წარმოდგენას   იმის შესახებ, თუ რა სისწრაფითა და ინტენსივობით ხდებოდა დაავადების გავრცელება (https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3551335). კვლევის ამოსავალი წერტილი, ანუ ეგრეთწოდებული ნულოვანი პაციენტი, იყო იანვრის ბოლოს ბავარიის ავტო-ნაწილების მწარმოებელ ერთ-ერთ ფირმაში საქმიან ვიზიტით ჩამოსული ჩინელი ქალი, რომლისგანაც ვირუსი 16  ადამიანს გადაედო. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილეობდა 249 ადამიანი, რომლებსაც  ნულოვან პაციენტთან სხვადასხვა ინტენსივობის კავშირები გააჩნდათ.

    კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადების გავრცელება სხვადასხვა ინტენსივობით  მე-4 თაობის  კონტაქტებამდეა შესაძლებელი. ამასთან, დაავადების გადატანის ხარისხმა ოჯახის უახლოეს წევრებზე 75%  შეადგინა, ერთ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს შორის, მათ  შემდგომ იზოლაციამდე – 10%, ხოლო ყველა დანარჩენ კონტაქტებზე 5%. 108 დისტანციურ კონტაქტებზე დაავადების გავრცელება საერთოდ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე მკვლევარებმა მიიღეს ზოგადი დასკვნა, რომ  თუკი ადამიანს აქვს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პირდაპირი კავშირი დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, მაშინ არსებობს 5% შანსი დაავადების გადაცემისა, რაც, მეცნიერების აზრით ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

    დაახლოებით იგივე პრობლემატიკას ეხება ინგლისელი ეპიდემიოლოგის, პროფესორ კრისტოფერ ფრეიზერის ხელმძვანელობით ჩატარებული მეორე, ასევე უაღრესად აქტუალური და საინტერესო კვლევაც , რომელის კონკრეტული მიზანიც იყო პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რა სახის ზომების გატარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხში, ისე რომ არ ყოფილიყო საჭირო ეგრეთწოდებული საყოველთაო „ლოკ დაუნი“ (https://science.sciencemag.org/content/early/2020/03/30/science.abb6936).  ამისთვის მკვლევარების ჯგუფი შეეცადა განესაზღვრა დაავადების თუ რომელ ეტაპზე რა ინტენსივობით ხდებოდა ინფექციის გავრცელება.

    კვლევის შედეგად გაირკვა,  რომ ვირუსული ინფექციის გავრცელება ასიდან 46 შემთხვევაში ხდებოდა პაციენტების პრესიმპტომატურ პერიოდში, ანუ მაშინ, სანამ ინფიცირებული ადამიანი რაიმე სახის საეჭვო სიმპტომებს გამოამჟღავნებდა, ხოლო ასიდან 54 შემთხვევაში პაციენტის მიერ საეჭვო სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ. რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების 46 % -ს  ადგილი აქვს მაშინ, სანამ ფარულად ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ არანაერ ეჭვს არ იწვევს. რადგანაც ტესტირება უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში კეთდება და ასევე სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ ხდება პაციენტის იზოლაცია და მისი შესაძლო კონტაქტების კვლევა, ცხადი ხდება, რომ უსიპტომო ინფიცირებულისაგან ვირუსი უკვე  რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად ვრცელდება. აქედან გამომდინარე ვირუსის გავრცელება თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მის შესაკავებლად მიღებული ზომები შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე ფაქტობრივად შეუძლებელია საყოველთაო კარანტინის გარდა სხვა რაიმე ფორმით ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება, თუ არ იქნა შესაძლებელი უფრო სწრაფად  მოხდა საეჭვო კონტაქტების აღრიცხვა და იზოლაცია.

    რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში და რა ფორმითაა შესაძლებელი დაავადებულთა გამოკვლევისა და იზოლაციის პროცესის დაჩქარება?

    ამ პრობლების გადაჭრის ეფექტურ გზად კრისტოფერ ფრეიზერის კვლევითი ჯგუფი თანამედროვე ტექნოლოგიების მიზანმიმართულ გამოყენებას მიიჩნევს. მკვლევარების აზრით, თუკი შექმნილი იქნება აპლიკაცია მობილური ტელეფონებისათვის, რომელის საშუალებითაც ადრეულ ეტაპზე მოხდება ინფიცირებული ადამიანის ყველა შესაძლო კონტაქტის აღრიცხვა და დროული იზოლაცია, რათქმაუნდა იმ პირობით, რომ ამ აპლიკაციას მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც გამოიყენებს, მაშინ შესაძლებელი იქნება დაავადების გავრცელების კონტროლი, ისე რომ, თავიდან იქნას აცილებული როგორც ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, ასევე საყოველთაო კარანტინი.  ამასთანავე შესაძლებელი გახდება ეტაპობრივად აღდგეს საზოგადოების ცხოვრების ჩვეული რიტმიც. ამ მოსაზრებას ამტკიცებს სამხრეთ კორეის დადებითი მაგალითი, სადაც მასობრივი ტესტირების პარალელურად თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უსწრაფესად და მაღალეფექტურად ხდებოდა შესაძლო ინფიცირებულთა ლოკალიზება და იზოლაცია.

    ახლა მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ ფუნქციონირებს სატელეფონო აპლიკაცია.

    მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულ ადამიანს გამოუმჟღავნდა საეჭვო სიმპტომები იგი იწყებს მობილური ტელეფონის საშუალებით აპლიკაციის შევსებას. მობილური აპლიკაცია სიმპტომების რეგისტრაციის საფუძველზე სავარაუდო ინფიცირებულს ანიჭებს ტესტის ჩასატარებლად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდს, რის შემდეგაც  პაციენტს უტარდება შესაბამისი ტესტი. დადებითი  პასუხის შემთხვევაში ასევე აპლიკაციის საშუალებით ხდება ყველა იმ საეჭვო აბონენტის დადგენა, ვისთანაც ამ მობილური ტელეფონის მფლობელს ჰქონდა  საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ ახლო კავშირი, იმისათვის რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი დაინფიცირებაც. შემდეგ ეტაპზე ხდება ამ საეჭვო კონტაქტების ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მათ ჰქონდათ ვირუსით დაავედებულ ადამიანთან კონტაქტი, რის საფუძველზე მათაც უტარდებათ სიმპტომების გამომჟღავნებამდე ტესტირება და მაშინვე ხდება მათი იზოლაციაც.

    ეჭვგარეშეა, რომ ახალი კორონა ვირუსის შემთხვევაში მთავარი პრობლემა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელის გარდა, მისი გავრცელების სისწრაფეა, რაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს იწვევს. აქედან გამომდინარე, მანამ, სანამ არ არსებობს ვაქცინა, პრიორიტეტულად სწორედ ვირუსის გავრცელების სიჩქარის შენელება რჩება.

    გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში უკვე  განიხილება შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლო გზები და ვადები. ამასთან მიმართებაში მასმედიის საშუალებებში მართლაც უფრო და უფრო ხშირად განიხილება მობილური ტელეფონების მონაცემების დამუშავების საფუძველზე ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის კონტროლის შესაძლებლობა. რადგანაც გერმანიის არსებული კანონმდებლობით მოქალაქეების თანხმობის გარეშე ასეთი აპლიკაციის გამოყენება შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს აპელირება მოახდინოს საზოგადოების ფართო მასებზე, რათა მათ გამოიჩინონ მაღალი სოციალური შეგნება და ნებაყოფლობით ჩაერთონ მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა რიგებში. ამავე მეთოდის გამოყენებაზე საუბარია ასევე ავსტრიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

    მობილური ტელეფონების მონაცემებისა დამუშავებისა და სპეციალური აპლიკაციების საშუალებით მართლაც  რომ გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ამას სამხრეთ კორეის მაგალითიც მოწმობს. თუმცა  რამდენად წარმატებული იქნება იგი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ეს მეტ წილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება მოქალაქეების მზაობა ნებაყოფლობით და კეთილსინდისიერად ისარგებლონ ამ აპლიკაციით.“

    ირინე დანელია

     

     

    April 6, 2020
  • პეპ გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

    პეპ გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

    ცნობილი ესპანელი მწვრთნელის პეპ გუარდიოლას დედა 82 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას THE SUN- ი ავრცელებს.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსის 135,032 შემთხვევაა დაფიქსირებული საიდანაც 13,055 გარდაცვლილია ხოლო 40,437 გამოჯანმრთელებული.

     

    პეპ გვარდიოლას დედა, დოლორეს სალა კარიო

     

    April 6, 2020
  • სალომე ზურაბიშვილი  მოსახლეობას სულხან საბას ლექსიკონით მიმართავს. რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს

    სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სულხან საბას ლექსიკონით მიმართავს. რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს

    სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სულხან საბას ლექსიკონის რამდენიმე განმარტებას აქვეყნებს. მონაკვეთი, რომლებიც პრეზიდენტმა “სიტყვის კონიდან“ ამოიღო, სიგიჟის სხვადასხვა ფორმას განმარტავს. რისი თქმა უნდოდა ზუსტად ზურაბიშვილს ამ კლასიფიკაციით, უცნობია, თუმცა სტატუსის ბოლოს ქართული ენის სიმდიდრეზეა აქცენტი გაკეთებული  და მთავრდება მოწოდებით: “დარჩით სახლში“.
    “საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.
    შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
    ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;
    სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
    ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;
    ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
    რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;
    ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;
    შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;
    შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;
    ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
    შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს.”(საბა-სულხან ორბელიანი)
    მდიდარი ენა …. #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია“ 
    – წერს სალომე ზურაბიშვილი
    April 5, 2020
  • “ძალიან მტრული მეჩვენება გარემო“–როგორ ატარებს ნინო კასრაძე იძულებით თვითიზოლაციას

    “ძალიან მტრული მეჩვენება გარემო“–როგორ ატარებს ნინო კასრაძე იძულებით თვითიზოლაციას

    მსახიობი ნინო კასრაძე საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო თვითიზოლაციაშია.  მთავარი არხის ეთერში მან ისაუბრა, როგორ ატარებს დროს საკუთარ სახლში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს.  წამყვანების კითხვაზე, აღმოაჩინა თუ არა თვითიზოლაციაში ახალი სამყარო, მსახიობი პასუხობს:

    “სულ ახალი სამყარო არ აღმოვაჩინე, უბრალოდ ცოტა სხვანაირი. უკვე შვილები გაიზარდნენ. ერთი ჩვიდმეტის არის, მეორე თხუთმეტის. ამდენი დრო არასოდეს არ გვქონია რომ ერთად გაგვეტარებინა. საფრანგეთშიც კარანტინშიც ვიყავით, ფაქტიურად ერთი თვეა რაც ყველა ერთ სივრცეში ვართ და ამის საშუალება არასოდეს არ იყო და ამიტომ რაღაცა ახალი სამყარო აღმოვაჩინე და უკმაყოფილო არ ვარ, გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი.“

    გადაცემის ერთ–ერთი თემა იყო, პანდემიის პირობებში უბრუნდებიან  თუ არა ადამიანები მიწასთან მუშაობას, რადგან ამით პირველად საწყისს უახლოვდებიან. კითხვაზე, არის თუ არა დაკავებული მიწათმოქმედებით მის ეზოში,  ნინო კასრაძე პასუხობს, რომ არა:

    “მქონდა ბოსტანი, მაგრამ მოვშალეთ, მიზეზები ქონდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ავაღორძინო. არანაირი განცდა არ მაქვს ახლა და არც სურვილი. ისეთი მტრული მეჩვენება გარემო, მიუხედავად იმისა, რომ ტყეები, ყვავილები მაინც ამოდიან და გულს სითბოთი გივსებენ, მაგრამ ის სიმშვიდე და სიხარული აღარ არის, რომელიც იყო: მგონი ახლა სხვა ძალები უნდა ჩავრთოთ, სხვა ძალები უნდა ჩაერთოს და არა უბრალოდ ესეთი ბუნების აღქმა, რაღნაირი პასტორალური,  ახლა შიგნით გადაწყობა უნდა მოხდეს ჩემი აზრით.

    მიწასთან დაბრუნება, თუ ეს იქნება საწყისთან დაბრუნება, ამას მივესალმები, თუ ეს ცვლილება მოხდა სიღრმისეულად, ესეიგი გზავნილი აღქმულია. მაგრამ თუ ეს არის ის, რომ თავი გავირთოთ მაშინ არა.

    პროტესტიც მაქვს ახლა რომ რაღაცნაირად თითქოს ეს გაქცევაა ჩემთვის.

    მე ვფიქრობ, რომ შიგნითაც უნდა დავიმუშაოთ თავები, სული უნდა მოიხნას შიგნით, რაღაცნაირად უნდა დამუშავდეს. უნდა მოხდეს ამოტრიალება და კითხვის დასმა, რა მოხდა? მეც სულ ვფიქრობ ჩემი რა წვლილი იყო ამ ყველაფერში.

    უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს იბრძვის ამ ომში ძალიან მაიმედებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შიგნით, ჩვენში რომ მოხდება ცვლილება ეს რაღაცა უცებ გაჩერდება ჩვენს სასიკეთოდ, ასე რომ მომავალ გამარჯვებას გილოცავთ.“– ამბობს ნინო კასრაძე.

     

     

     

     

    April 5, 2020
  • “ტრავმა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა,  დიდი ხანი გამყვება“–საქართველოში კარანტინგამოვლილი სტუდენტი  საკუთარ ისტორიას ყვება

    “ტრავმა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა, დიდი ხანი გამყვება“–საქართველოში კარანტინგამოვლილი სტუდენტი საკუთარ ისტორიას ყვება

    სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი სინაურიძე, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კარანტინი და თვითიზოლაცია გამოიარა ფეისბუქ სტატუსით იმ ვითარების შესახებ  ყვება, რომლის გავლა საქართველოში მოქალაქეებს უწევთ. ის დეტალურად და ვრცლად აღწერს, როგორ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან საბრძოლველად და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს პირიქით აკეთებს:

    “ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს ისტორია, ორი დღეა ვერ გადავწყვიტე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, სამედიცინო კუთხით, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა. საბოლოოდ, მაინც მინდა, ჩემი ამბავი გაგიზიაროთ. მინდა, ყველამ იცოდეს, რას აფუჭებს სისტემა კორონა ვირუსთან ბრძოლისას და, როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

    ყველაფერი დაიწყო 13 მარტს, როცა ესპანეთიდან დავბრუნდი, თუმცა ამ პოსტის დაწერის მიზეზი ბოლო 3 დღეში განვითარებული მოვლენებია.

    13 მარტს, როცა მეგობრებთან ერთად თბილისში ჩამოვფრინდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციის ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, მზრუნველმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარანტინი მიწევდა. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ადგილები არ იყო და ბათუმში უნდა წავსულიყავით 2 კვირით.

    აეროპორტის პატარა ოთახში, 5 სხვადასხვა რეისის მგზავრები, დაახლოებით, 100 ადამიანი, ავტობუსს 5 საათის განმავლობაში ველოდებოდით. ქალები, კაცები, მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და სხვადასხვა დაავადების მქონე პირები, შესაძლო ინფიცირებულები და ჩვენ, 7 მეგობარი, ერთად ვისხედით მეტლახის გაყინულ იატაკზე.

    დიდი, თხოვნის, ჩხუბის და პერფორმანსების შემდეგ ავტობუსი მოვიდა. ორ ავტობუსში გადაგვანაწილეს სხვადასხვა რეისიდან ჩამოფრენილი მგზავრები. ჩვენ შორის იყვნენ მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები.

    დამღლელი 7 საათის შემდეგ ჩავედით ბათუმში, საკარანტინე სასტუმროში.
    რადგან მე და ჩემი მეგობრები ესპანეთში ერთად ვცხოვრობდით, ოთახში შესვლაც ერთად შემოგვთავაზეს. პატარა ოთახების გამო, გადავწყვიტეთ, მაინც ცალ-ცალკე შევსულიყავით. თუმცა, რადგან ერთად ცხოვრების უფლება მოგვცეს, ერთმანეთსაც ვნახულობდით.

    ჩვენს სამ მეგობარს ჩამოფრენიდან მეშვიდე დღეს ტემპერატურა გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, ექიმი-ეპიდემიოლოგი საქმის კურსში იყო, თუმცა ტესტების სიმცირის გამო, წასვლის წინა დღემდე (მე-13 დღე) ტესტი არავის გაუკეთა.

    ტესტის გაკეთების შემდეგ, სამიდან ერთ მეგობარს ვირუსი აღმოაჩნდა. ამ დროს, მას უკვე არანაირი სიმპტომი აღარ ჰქონდა. თავს ახლაც არაჩვეულებრივად გრძნობს. დიდი ალბათობით, ჩვენი მეგობარი, ფრენისას, აეროპორტში ან ავტობუსში დაინფიცირდა, რადგან ვირუსის ინკუბაციის პერიოდი, სწორედ ამ თარიღს ემთხვევა.

    საბოლოოდ გადაწყდა, რომ მეგობარი ბათუმის ინფექციურში ხოლო ჩვენ ხელმეორედ 14 დღიან კარანტინში მოვეთავსებინეთ. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ თვითიზოლაციაში გადაყვანა, რადგან ყველას გვქონდა ამის პირობები. მტკიცე უარი მივიღეთ.

    უკვე მე-17 დღეს ვატარებდით სასტუმროში გამომწყვდეულები. ზოგს ნერვიულობისგან აგვიწია სიცხემ, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ტესტის ჩატარება მოვითხოვეთ, რომ გაგვეგო, დავინფიცირდით თუ არა დანარჩენებიც. ტესტების სიმცირის გამო, ამ მოთხოვნაზე უარი მივიღეთ. უსიმპტომოებზე არ კეთდებაო. ბათუმში, საკარანტინე ზონაში, კომერციული ტესტების ჩატარება გამორიცხული იყო, შესაბამისად, ვერ შევძელით ვერც საკუთარი სახსრებით ტესტის გაკეთება. გამოვიდა, რომ კიდევ 2 კვირის მანძილზე, ვერ გავიგებდით ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

    ამის გამო, მეგობრებს, რომლებსაც, შედარებით, სუსტი ფსიქიკა ჰქონდათ, გამოუვლინდათ დეპრესია, პანიკური შეტევები, ნერვული აშლილობა და უძილობა. სიტუაციის სიმძიმის ფონზე, სამინისტრომ ჩვენი საკითხი ხელახლა განიხილა და, დაგვრთეს ნება, კარანტინის დარჩენილი დღეები თვითიზოლაციაში გაგვეტარებინა. რა თქმა უნდა, ტესტზე საუბარიც კი არ ყოფილა.
    მოვითხოვეთ ცალკე მანქანა, იზოლაციის წესების დაცვით. ასევე მოვითხოვეთ, რომ მგზავრობის ხარჯი თვითონ დაგვეფარა, რადგან სხვა მგზავრებისგან განრიდებას ვითხოვდით. ამაზეც უარი მივიღეთ. რა მიზეზით, არ ვიცი.

    ბათუმიდან თბილისში მანქანამ სხვადასხვა საკარანტინე ზონიდან დაახლოებით 14 ადამიანი წამოგვიყვანა. მანქანაში, წყვილ-წყვილად, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსვეს. არა პირბადე, არა ხელთათმანი, საერთოდ არანაირი დამცავი საშუალება. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ საფრთხე შეუქმნა ჩვენს ჯანმრთელობას უცხო ადამიანებთან დაუცველი კონტაქტის გამო.

    საბოლოოდ, თვითიზოლაციაში გადმოვედი. დავმშვიდდი, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და სახლში შემეძლო გამეტარებინა არა 1 კვირა არამედ მთელი ცხოვრება. თურმე არა, ახლა იწყება ჩემი თავგადასავალი.

    თბილისში როგორც კი დავბრუნდი, კომერციული ტესტის ამბავი გავარკვიე და გამოძახება გავაფორმე. რიგების გამო, რამდენიმე დღეში დამინიშნეს ვიზიტი. სანამ ჩემი რიგი დადგებოდა, ერთ-ერთ საღამოს, ტემპერატურამ ამიწია (37c). მშვიდად ვეღარ მოვიცდიდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დავრეკე, რომ ჩემი მდგომარეობა შეემოწმებინათ.
    გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროფესიით მეც მომავალი ექიმი ვარ და, დაახლოებით, ვიცი, საავადმყოფო ამ დროს როგორ მუშაობს.

    იმ საღამოსვე, რა თქმა უნდა, ტესტი არავინ გამიკეთა. გავიარე რუტინული პროცედურა, რომელსაც ყველა პაციენტი გადის კლინიკაში ვიზიტის დროს. არ მოვყვები, როგორი ბალიში და სიტუაცია იყო საავადმყოფოში. ერთს გეტყვით: პალატაში ჩემთან ერთად ორი უცხო ადამიანი იწვა. ორივე მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით. ჩვენ ერთმანეთისგან მოშორებით ვიწექით, მაგრამ ვიყენებდით საერთო საპირფარეშოს. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ შესაძლო ინფიცირებულებთან ერთ სივრცეში ყოფნა მომისაჯა.

    მეორე დღეს დადგა ტესტის გაკეთების დრო, (14:00), მალევე, საღამოს 19:00-ზე, პასუხი მოვიდა – უარყოფითი. უბედნიერესი ვიყავი. ალბათ იფიქრებთ, რომ აქ ისტორია ჰეფი ენდით მთავრდება. მეც ასე მეგონა.

    როგორც აღმოჩნდა, მეორე დილამდე ჩემი გაწერა შეუძლებელი იყო. იმდენად გახარებული ვიყავი ტესტის პასუხით, გადავწყვიტე, ხასიათი არაფრით გამეფუჭებინა და ბედს შევეგუე.
    დადგა გაწერის დღე, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე, რაც კი მაგონდება.
    პაციენტის გაწერა ძირითადად დილით ხდება, როცა ექიმი შემოვლას აკეთებს. ექიმი 12:00 საათზე მოვიდა და მითხრა, რომ ახლავე გაამზდებდა ფორმა 100-ს და გამწერდნენ.

    დადგა 15:00 საათი მაგრამ არც ექიმი გამოჩენილა და არც ჩემს წასაყვანად მოსულა ვინმე. ექიმმა ტელეფონით მითხრა, რომ წუთი-წუთზე კარანტინში წასაყვანად მანქანა მომაკითხავდა. ექიმებისადმი დიდი პატივისცემით და მშვიდი ხასიათის გამო, ქალბატონს ავუხსენი რომ, კარანტინი უკვე მოხდილი მაქვს და თვითიზოლაციაში უნდა დავბრუნდე.

    მიპასუხა, რომ არ აინტერესებდა, რა მქონდა მოხდილი და, როგორც იტყოდა, ისე იქნებოდა. ძალიან ვთხოვე, პალატაში ჩამოსულიყო, რომ სიტუაცია დეტალურად ამეხსნა. ყვირილზე გადავიდა. ამ დროს მეც ყვირილით გადავძვერი ტელეფონში და კორექტულობისკენ მოვუწოდე. ნახევარ საათში ფორმა 100 მომიტანეს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ სახლში ვეწერებოდი თვითიზოლაციაში.

    კიდევ 3 საათის შემდეგ (18:00) მანქანა მოვიდა, სიხარულით მოვკიდე ჩანთას ხელი და გავეშურე.

    მანქანაში ახლა გარდაბნიდან ჩამოსული 15 უცხო ადამიანი დამხვდა. ისინი თურმე გლდანის კარანტინში გადაჰყავდათ, მაღალი რისკის, მაგრამ სიმპტომების არარსებობის გამო. მძღოლს თავაზიანად ვთხოვე, აქვე ვცხოვრობ, ჯერ მე დამტოვეთ მეთქი.

    აქვე გაირკვა, რომ მეც კარანტინის სიაში ვიყავი. თავისთავად ავუხსენი, რომ კარანტინი არ მიწევდა. მძღოლი კარგი ადამიანი იყო, მითხრა, მე ვერაფერს ვწყვეთ, პოლიციას გაესაუბრეო. დავუძახეთ პოლიციას, რომელიც კლინიკის ეზოს იცავდა, რისგან არ ვიცი.

    პოლიციელი ახალგაზრა ქალი იყო, მშვიდად ვესაუბრე, ვუთხარი რომ შეცდომა დაუშვეს და, სახლის ნაცვლად, ისევ კარანტინში მივყავდით. დახმარება და სიტუაციის გარკვევა ვთხოვე.
    პოლიციელის განმარტებით, მას არ აინტერესებდა “ეს რაღაც ფურცელი”, ანუ ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100, და ეს ყველაფერი, ჩემი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხდებოდა. ახლა უკვე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ფორმა 100-სთვის დაეხედა, რომელიც, სამედიცინო თვალსაზრისით, სულაც არ არის “რაღაც ფურცელი” და, სადაც გარკვევით ეწერა, რომ შემოწმებული ვიყავი და მეკუთვნოდა თვითიზოლაციაში დაბრუნება.

    მშვიდად და ხაზგასმით განიმიმარტა, რომ ეს არ აინტერესებდა, ან ახლავე ჩავჯდებოდი მანქანაში ან – 3000 ლარიანი ჯარიმით ჩავჯდებოდი იგივე მანქანაში.

    რომ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა, მანქანაში ჩავჯექი. წავედით გლდანში, ერთ-ერთ საკარანტინე სასტუმროში. ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობას კარგად ვერ გადმოგცემთ. სიტყვებითთ არ გამოითქმის, რაც მაშინ მთელმა ამ არეულობამ დამმართა.

    ოთახში შესვლის შემდეგ დაიწყო ბიუროკრატიასთან ჭიდილი. ჯერ ვცდილობდი, გამერკვია, ამ შეცდომის გამოსწორება ვის შეეძლო.

    საღამოს 10:00 საათზე უკვე, დაახლოებით 10 ადამიანთან მქონდა დარეკილი და ყველა ერთმანეთთან მამისამართებდა. საბოლოოდ, ერთ-ერთი ინსტანციიდან დამირეკეს, ბოდიში მომიხადეს შეცდომის გამო. აღმოჩნდა, რომ ღამე მაინც ვერ გადამიყვანდნენ, კომენდატის საათი იყო და, შემპირდნენ, რომ დილით გამოასწორებდნენ შეცდომას.

    დილით ადრე ავდექი, დრო რომ არ დამეკარგა. 22 დღე კარანტინში ვიყავი და დამატებით 1 წუთიც არ მინდოდა, იქ გამეტარებინა.

    დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, დამიდასტურეს რომ საკითხი გადაცემული იყო და მანქანას უნდა დავლოდებოდი. მანქანა რამდენიმე საათი არსად ჩანდა.

    დავრეკე საგანგებოში, სადაც ტრანსპორტირებას აგვარებენ. მითხრეს, რომ ჩემზე არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

    უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შემეშინდა, ვინმესთვის ან ჩემი თავისთვის რამე არ დამეშავებინა. ძველმა ექიმმა დამირეკა, ბათუმის კარანტინის ექიმ-ეპიდემიოლოგმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა შემიმოწმა. სიცხე ვიღას ახსოვდა, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ავუხსენი, მაშინვე დახმარებას შემპირდა.

    ჩემმა თხოვნამ გაჭრა თუ, უბრალოდ, გულისხმიერებამ, არ ვიცი, მაგრამ ერთ საათში მანქანამ მომაკითხა.

    ახლა ამას სახლიდან ვწერ, დამშვიდებული გონებით, კიდევ არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა. წარმომიდგენია, რამდენი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიწირა ამ საშინელ ბიუროკრატიასთან ბრძოლამ.

    მართალია, ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრამვა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა, ალბათ დიდი ხანი გამყვება.

    ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ძლიერია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ძალიან ცდებით.

    საქართველოში შესაძლოა, ათასობით დაავადებული პირი იყოს, რომლებსაც ტესტს არ უკეთებენ, იმიტომ, რომ უსიმპტომოები არიან. მსოფლიო გამოცდილებით, ინფიცირებულთა 50% უსიმპტომოა, მაგრამ – ჩვეულებრივად გადამდები. სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე აუცილებელი მათი დატესტვაა, რადგან ისინი, ისე ავრცელებენ ვირუსს, რომ ამის შესახებ, წარმოდგენაც კი არ აქვთ.

    საქართველოს მთავრობა ყველაფერს პირიქით აკეთებს. სასტუმროები, ნუ მოგატყუებთ. პოპოლიზმზე ჯანდაცვის სისტემის აგება, არ შეიძლება, აქ ადამიანების სიცოცხლე დევს სასწორზე.

    ამ ყველაფერს ისე ვწერ, კარი 9 კლიტულით მაქვს ჩარაზული. ახლა რომ ვკვდებოდე, აღარც სასწრაფოში დამრეკი ვარ და, მითუმეტეს, არც გარეთ გამსვლელი.“– წერს გიორგი სინაურიძე.

    April 5, 2020
  • “არასდროს ასეთი მხდალი ლიდერი ჩვენ არ გვყოლია.არცერთხელ არ დაგვენახა,რაც ეპიდემია თავს დაგვატყდა“–გვარამია

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ხელისუფლებას ფეისბუქ სტატუსით მიმართავს:

    “რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, თქვენი ქვეყანა თუ გადაყირავდა, მოხუცები დავკარგეთ, ხალხმა პურის ფული ვეღარ იშოვა და სიღატაკემ გათანგა, ბავშვები სტრესით სამუდამოდ დასახიჩრდნენ და ჩამორჩენილი ქვეყნის ჩამორჩენილი მოქალაქეობისთვის გაიწირენ ?! როგორ უნდა იცხოვროთ ამ საზოგადოებაში? როგორ აპირებთ ოაზისის აშენებას უდაბნოში? არა გრცხვენიათ? სამყარო შეიცვალა, არავინ იცის, როგორი დილა გათენდება ხვალ და თქვენ ისევ ანგარიშებზე ინახავთ მილიონებს?

    გულისამრევი მეშჩანები და ხალხის მოზიზღარი ავადმყოფები ხართ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით.

    იმ ბიძინა ივანიშვილის,

    * რომელიც მილიარდერთან ერთად, ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლებას წარმოადგენს ერთდროულად და თან იმალება,

    * რომელიც შუა ჟამიანობისას ხეებს თხრის და სადღაც მიათრევს,

    * რომელიც, ხალხი როცა ეპიდემიას ებრძვის, ჰესებს იკანონებს,

    * რომელიც არც ერთხელ, ა რ ც ე რ თ ხ ე ლ არ დაგვენახა, რაც ეპიდემია თავს დაგვატყდა. მე რა, თავის გულწრფელ და მოყვარულ ამომრჩეველსაც კი, და არც ერთი გამამხნევებელი სიტყვა არ უთხრა, არც ერთი ცენტით არ შეეშველა.

    დიახ, სიმდიდრე სირცხვილი არაა, პირიქით. მაგრამ გაჭირვებული სამშობლოსთვის ხელის არ გამართვა – სამუდამო დაღი და უკუნითი თავს ლაფი.

    არასდროს ასეთი მხდალი ლიდერი ჩვენ არ გვყოლია. არავინ ასე სამარცხვინოდ ჩვენს ისტორიაში არ ჩაგვიწერია, როგორც მას ჩავწერთ. ეს ისე ვიცი, როგორც კორონას დაამარცხებს კაცობრიობა. მაგრამ ივანიშვილთან ერთად, ყველა იმას მოეთხოვება პასუხი, ვისაც მილიონები აქვს უსიცოცხლო საბანკო ანგარიშებზე და ვისაც პირბადე არ გაუღია განსაცდელში მყოფის სიცოცხლის და სამშობლოს გადასარჩენად!“– წერს გვარამია.

    April 5, 2020
←Previous Page
1 … 61 62 63 64 65 … 141
Next Page→

newsreport.ge

  • Blog
  • About
  • FAQs
  • Authors
  • Events
  • Shop
  • Patterns
  • Themes

Twenty Twenty-Five

Designed with WordPress