Category: სხვადასხვა

  • “უმრავლესობა ვართ შავ დღეში. თქვენ კი გაიძვერა ხელისუფლება ხართ“–არჩილ გამზარდია

    “უმრავლესობა ვართ შავ დღეში. თქვენ კი გაიძვერა ხელისუფლება ხართ“–არჩილ გამზარდია

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვის შესახებ ფეისბუქზე აკრიტიკებს:

    “რა ვირეშმაკები ხართ ხელისუფლებაში. სახლში რომ ვართ დარჩენილები მთელი ოჯახები, რა დიდი ფიქრი იმას უნდა, რომ ბევრად მეტი გვჭირდება დენიც და ბუნებრივი აირიც, ვიდრე ადრე გვჭირდებოდა. ამას გარდა, მხოლოდ მოხმარებაზე კი არაა, ვინც ადრე თუნდაც 200-ზე მეტს მოიხმარდა და იხდიდა, ახლა პრაქტიკულად უსამსახუროდ და უშემოსავლოდაა დარჩენილი და ახლა ვართ უმრავლესობა შავ დღეში.

    განა ვერ ხვდებით ამას ხელისუფლებაში, ხვდებით, მაგრამ გაიძვერები ხართ და გკიდიათ ხალხი.

    გადახედეთ არაერთ ქვეყანას, ამ საყოველთაო კარანტინში რა ვალდებულებებს იღებს ხელისუფლება გამოკეტილი მოქალაქეების მიმართ. თქვენ, კი, გაიძვერა ხელისუფლება ხართ, გაიძვერა.“– წერს გამზარდია.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

  • ვიდეო თუ როგორ გამოიყურება თბილისი კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ

    ვიდეო თუ როგორ გამოიყურება თბილისი კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ

    31 მარტის 21:00 საათის შემდეგ თბილისის ქუჩები სრულად დაცარიელდა. ქუჩაში მხოლოდ პოლიციის მანქანები მოძრაობენ. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიყურება თბილისის ცენტრალური ქუჩები კომენდანტის საათის გამოცხადებიდან ერთ საათში.

    საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედება იმას ნიშნავს,  რომ  საღამოს 9 საათიდან  დილის 6 საათამდე  აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.

     ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.

    პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა.

    „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს  ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე  15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან“, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • კარანტინმა ევროპაში  ათობით ათასი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა . ახალი მონაცემები და ყველაზე სარწმუნო კვლევები

    კარანტინმა ევროპაში  ათობით ათასი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა . ახალი მონაცემები და ყველაზე სარწმუნო კვლევები

    სავალდებულო კარანტინმა და სხვა შემზღუდავმა ზომებმა, რომლებიც თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ შემოიღო უკვე შეამცირა კორონავირუსის პოტენციურ მსხვერპლთა რიცხვი თითქმის 60 ათასი ადამიანით.  თუმცა შესაძლოა მარტის ბოლოსთვის გარდაცვლილთა რიცხვი ამაზე ორჯერ მეტიც ყოფილიყო.

    ასეთ დასკვნამდე მივიდა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მეცნიერთა გუნდი მისი ბოლო კვლევისას, რომელიც სამშაბათს ჟურნალ Nature–ში გამოქვეყნდა.

    თანაც, საქმე ეხება მხოლოდ დასავლეთ ევროპის 11 ქვეყანას. ზოგადევროპული და მითუმეტეს, მსოფლიო მაშტაბით საქმე ეხება ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც შესაძლოა დაღუპულიყვნენ, რომ არა პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომები.

    სამშაბათსვე გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია ჟურნალ Lancet–ში. აქ მოყვანილია ახალი, დღეისათვის ყველაზე ზუსტი მონაცემები დაავადების მიმდინარეობის შესახებ და არცთუ ოპტიმისტური სტატისტიკა.

    კერძოდ, სტატიის ავტორებმა გამოითვალეს, რომ Covid19-ის პირველი სიმპტომების გამოჩენიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე საშუალოდ თითქმის 3.5 კვირაა საჭირო.

    იმპერიალ კოლეჯის მკვლევარები წინა კვლევაში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა ამტკიცებდნენ, რომ შეკავების ზომების გარეშე კორონავირუსი პრაქტიკულად პლანეტის ყველა მაცხოვრებლამდე მიაღწევდა და თითქმის 7 მილიარდ ადამიანს დააინფიცირებდა. ასეთ შემთხვევაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 40 მილიონი იქნებოდა.

    თუმცა, დაავადებულთა და დაღუპულთა შესახებ ბოლო მონაცემების შესწავლის შემდეგ ევროპის 11 ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში – მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეპიდემიის ზრდა თითქმის ორი მესამედით შემცირდა.

    ზოგან ის კლებისკენაც წავიდა, ანუ ვირუსის კვლავწარმოება (ჯანმრთელი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საშუალოდ აინფიცირებს თითო ინფიცირებული) 1–ზე დაბლა დაეცა.

    შედეგად, ევროპამ უკვე მოახერხა დაახლოებით 59 000 ადამიანის გადარჩენა, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსით მარტის ბოლომდე დაიღუპებოდნენ. გადარჩენილი ადამიანების მინიმალური რაოდენობა 21 000–ია, მაქსიმალური კი 120 000.

    ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს შესაძლებელი გახდა მკაცრი შემზღუდავი ზომების შედეგად: სკოლების დახურვის, მასობრივი შეკრებების აკრძალვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის, და მთლიანობაში, ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის, სავალდებულო კარანტინის, თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღების და სხვა ზომების გამო.

    ნაშრომში ცალკეა ხაზგასმული, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დადგენა, ზუსტად რომელმა შეზღუდვებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა ეპიდემიის კლებაზე. თუმცა ჯამში მიღებული ზომები სრულიად აშკარა შედეგს იძლევა.

    იტალიაშიც კი, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 000–ს გადააჭარბა, შეზღუდვის ზომების გარეშე მსხვერპლის რიცხვი დაახლოებით 50 000–ს მიაღწევდა, ამტკიცებენ კვლევის ავტორები.

    ამასთან, იმასაც აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის გამო შემზღუდავი ზომების ეფექტის შეფასება ბევრ ქვეყანაში სრულყოფილად მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა, თუ ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება, მეცნიერების დასკვნით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

    კორონავირუსის პანდემია იმდენად ცოტა ხანია და იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ სამეცნიერო პუბლიკაციების უდიდესი უმრავლესობა ამ თემაზე საკმაოდო ფარგმენტულ და ნაკლებად რეპრეზენტატიულ ინფორმაციას ეყრდნობა.

    ჯერჯერობით ძალიან ცოტა ვიცით როგორც თავად ვირუსზე, ასევე მის მიერ გამოწვეულ დაავადებაზე: როგორ მიმდინარეობს ის, რამდენ ხანს გრძელდება, რა გართულებებს იწვევს და  ადამიანების რა კატეგორიისთვის არის ყველაზე საშიში.

    31 მარტს ჟურნალ Lancet –ში გამოქვეყნებულ სტატიაში ფაქტიურად პირველი სარწმუნო მონაცემებია მოყვანილი, რომლებიც ზოგიერთ ამ კითხვაზე პასუხს იძლევა.

    ნაშრომის ავტორებმა გულდასმით შეისწავლეს რამდენიმე ათასი პაციენტის ავადმყოფობის ისტორია (ჩინეთიდან და 37 სხვა ქვეყნიდან), რომლებიც ან გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოდან გამოეწერნენ, ან კორონავირუსის მსხვერპლთა სტატისტიკას დაემატნენ.

    პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ლეტალურ დასასრულამდე საშუალო ვადა თითქმის 18 დღეა. გამოჯანმრთელებამდე – თითქმის 25 დღე, ანუ 3.5 კვირა.

    ამ მონაცემების გათვალისწინებით უფრო გასაგებია, რატომ არის რომ ეპიდემიის დაწყებიდან სამი თვის თავზე დადასტურებულია 800 000–ზე მეტი შემთხვევა, თუმცა გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 170 000 ადამიანი და დაღუპულია 40 000.

    დანარჩენი თითქმის 600 000 ინფიცირებული ჯერ კიდევ ავად არის, რადგან ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაინფიცირდნენ. 10 მარტისთვის მსოფლიოში 120 000–ზე ნაკლები შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც კვლევაშია მოყვანილი, ეს არის სიკვდილიანობის დაზუსტებული მაჩვენებელი. ჩინეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაინფიცირებულთა 1.5 % გარდაიცვალა – ეს მონაცემი ბევრად ნაკლებია მანამდე ჩატარებულ კვლევებში მოყვანილ წინასწარ გაანგარიშებებთან შედარებით.

  • რეანიმაცია იზღუდება მათთვის, ვისაც გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს – ლონდონი

    რეანიმაცია იზღუდება მათთვის, ვისაც გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს – ლონდონი

    კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) იძულებული გახდა, სარეანიმაციო განყოფილებაში პაციენტის მოთავსების კრიტერიუმები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ამ თემაზე ჟურნალისტებს ქვეყნის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილე, ექიმი ჯენი ჰარისი კვირას ესაუბრა.

    ინფორმაციას 164-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემა “დეილი ტელეგრაფი” ავრცელებს. მაღალი რანგის ჯანდაცვის ოფიციალური პირი გამოტყდა, რომ რესურსების სიმცირის გამო, სარეანიმაციო განყოფილებებში გადაყვანისას, პრიორიტეტი ენიჭება კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, ვისი გადარჩენის შანსიც უფრო მეტი იქნება.

    ექიმ ჰარისის თქმით, ექიმები “საკმარისად დარწმუნებულები” უნდა იყვნენ იმაში, რომ ინფიცირებული ავადმყოფის მდგომარეობა რეანიმაციაში დაწვენით გაუმჯობესდება. “რაც უფრო მეტს ვიგებთ დაავადების შესახებ, უფრო და უფრო ფრთხილად ვირჩევთ პაციენტს, რომელსაც სარეანიმაციო განყოფილებაში დასაწვენად შევარჩევთ”.

    ჩვეულებრივ დროში, ეს შანსი დაავადებულების უმეტეს ნაწილს ეძლეოდა. თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიის ფართოდ გავრცელების გამო, ბრიტანეთის საავადმყოფოებში სიტუაცია შეიცვალა.

    ექიმი ამბობს, რომ “ამ ინფექციით, რამდენიმე კვირა ვენტილატორზე ყოფნაა საჭირო. ასეთი ხანგრძლივი დროისთვის რესურსები სწორად უნდა განაწილდეს და საკმარისად დარწმუნებული უნდა იყო, რომ ადამიანი თავს უკეთ იგრძნობს”. ჯენი ჰარისის თქმით, “გარდაცვალების შეყოვნება ორი თუ სამი კვირით, არ არის სწორი არც მათთვის, არც საზოგადოებისთვის”.

    ბრიტანეთის მოქალაქეების მიერ დაფინანსებულ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს, წინ ურთულესი კვირა აქვს. გაერთიანებული სამეფოს მთავარი სამედიცინო ოფიცერი ფიქრობს, რომ კორონავირუსით დაავადებულებს შორის სიკვდილის შემთხვევები გაიზრდება.

    ამ ეტაპზე ბრიტანეთში კოვიდ-19-ით 1 300-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ჯანდაცვაში შექმნილი საგანგებო ვითარება და შეზღუდვები შესაძლოა შემოდგომამდე გაგრძელდეს, აცხადებს ექიმი ჰარისი.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ისევ იმეორებს, რომ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური კოლაფსის რისკის წინაშეა. მისი თქმით, ეს აუცილებლად მოხდება, თუ მოსახლეობა არ დაიცავს ახალ რეგულაციებს და სახლში არ დარჩება.

    თავად ჯონსონი, რომელსაც გასულ კვირას კოვიდ-19 დაუდასტურდა, ისევ თვითკარანტინში იმყოფება. ვირუსით ინფიცირებულია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი და დიდი ალბათობით ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ოფიცერიც, პროფესორი კრის უიტი. მან პარასკევს განაცხადა, რომ თვითონაც იგივე სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ ჯერ ტესტი არ გაუკეთებია.

    ამ სამიდან არცერთი არ ესწრებოდა კვირის ბრიფინგს, ის ექიმმა ჯენი ჰარისმა წაიყვანა. სწორედ ამ ბრიფინგზე თქვა პირველად მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება შესაძლოა კიდევ 6 თვე გაგრძელდეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • Covid-19: რატომ განხვავდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნებში

    Covid-19: რატომ განხვავდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნებში

    კორონავირუსისგან სიკვილიანობის მაჩვენებლის დონე სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანად განსხვავდება, რაც აშკარად მიუთითებს მონაცემების სიზუსტესთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობაზე.

    კოეფიციენტზე ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორიც არის დაავადებულთა ასაკი, ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ასევე დათვლის მეთოდები.

    ოქსფორდის უნივერსიტეტის შეფასებით 28 მარტისთვის არსებული მონაცემებით იტალიაში სიკვდილიანობის დონე 11%–ს აჭარბებს, როცა გერმანიაში ის 0.79% –ია. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 6.29%–ს შეადგენს, ჩინეთში კი 4.05%–ს.

    უორიკის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ტილდსის განცხადებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ყოველი ადამიანის სიკვდილი ლეტალური შედეგების საერთო სტატისტიკაშია გათვალისწინებული, მაშინ , როცა გერმანიაში მხოლოდ იმ ადამიანების გარდაცვალება შეყავთ კორონავირუსით გარდაცვალებულთა სტატისტიკაში, რომლის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ კორონავირუსი გახდა. ასეთი განსხვავებები დათვლის მეთოდებში იძლევა მნიშვნელოვან განსხვავებას სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეფასებისას.

    იტალიაში ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა რეკომენდაცია გასცა სიკვდილიანობის სტატისტიკაში შეეყვანათ ყველა პაციენტის გარდაცვალება, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალნენ, მიუხედავად მათი ავადმყოფობის ისტორიისა და იმისა, გახდა თუ არა უშუალოდ კორონავირუსი მათი გარდაცვალების პირველადი მიზეზი. არადა, გარდაცვლილთა მხოლოდ 0.8%–ს არ ქონია სხვა პათოლოგიები და მოსახლეობის დიდი ნაწილი– 23% 65 წელს გადაცილებულია.

    ესპანეთის სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული ის გარდაცვლილები, რომლებიც სახლში ან მოხუცებულთა პანსიონატებში გარდაიცვალნენ და გამოკვლევა არ გაუვლიათ.

    საფრანგეთში კი პოლემიკა მიმდინარეობს საავადმყოფოების გარეთ მომხდარ ლეტალურ შემთხვევებზე. მოხუცებულთა თავშესაფრის წარმომადგენლები, რომლებიც ინფექციისგან უფრო დაზარალებულ რეგიონებში მდებარეობს, აცხადებენ, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.

    გერმანიაში Covid-19-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევის აღრიცხვა მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ბევრად ნაკლები ხანდაზმული დაინფიცირდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე კი ასეულობით ათასი ტესტირება ჩატარდა.

     

     

  • “ცხვირში სუნის შეგრძნება გამიქრა“– რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ინფექციურის ბოქსირებული პალატიდან

    “ცხვირში სუნის შეგრძნება გამიქრა“– რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ინფექციურის ბოქსირებული პალატიდან

    “კურიერისთან” ინტერვიუში  COVID-19-ით ინფიცირებული  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მყოფი ლევან ყამარაული დეტალურად აღწერს, რა სიმპტომებით მოხვდა ის კლინიკაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად.პაციენტი საკუთარ ვინაობას არ მალავს.

    “მე-17 დღეა რაც ვიმყოფები ინფექციურ საავადმყოფოში, საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი არ გასულა ორგანიზმიდან. ასე რომ ვრჩები ისევ ინფექციურში. სიმპტომები, უმთავრესად დაიწყო დაბალი სიცხით, დაახლოებით 37.5, მერე მაქსიმალური სიცხე მქონდა 38.2. უბრალოდ, ზოგადი სისუსტე მქონდა და კიდევ, რაც მნიშვნელოვანია ალბათ, ცხვირში სუნის შეგრძნება გამიქრა. მეორე დღეს უკვე გადამიყვანეს კლინიკაში და დამიდგინდა ტესტის შედეგად. ჩემი ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ ამ COVID-19-ით. მათ შორის არის 2 წლის უმცროსი, რომელიც უკვე განიკურნა.“ – ამბობს ლევან ყამარაული.

    პაციენტის თქმით, მის შემთხვევაში სიმპტომი, რომელიც გამოუვლინდა ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა იყო. ლევან ყამარაული ამბობს, რომ მსგავსი სიმპტომი გამოუვლინდა მის მცირეწლოვან შვილსაც. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამბობს, რომ მისი დაინფიცირების წყარო იტალიის კლასტერი გახდა.

    “ისევე როგორც მე, ბავშვებსაც სუნის აღქმა ჰქონდათ დაქვეითებული… მე პირადად, რასაც ვგრძნობდი იყო ეს, რომ ცხვირში სუნის აღქმა დამიქვეითდა, სიმშრალე ყელის, და დაბალი სიცხე და სისუსტე. სიმშრალის ნიადაგზე მცირედი ხველა. განსაკუთრებული ხველა, არც ერთს არ გვახასიათებდა,“ – ამბობს ინფიცირებული.

  • “კორონავირუსის დროს შესაძლოა უცბად დამძიმდე, დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა“–ჟურნალისტი დავით ნიკურაძე საკუთარ თავგადასავალს ყვება

    “კორონავირუსის დროს შესაძლოა უცბად დამძიმდე, დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა“–ჟურნალისტი დავით ნიკურაძე საკუთარ თავგადასავალს ყვება

    ჟურნალისტი დავით ნიკურაძე, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან თვითიზოლაციაში იყო, ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს და მის თავგადასავალს ყვება. თვითიზოლაციის დროს ექიმებს ეჭვი შეეპარათ, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ჟურნალისტს ვირუსი არ დაუდასტურდა:
    “თვისტომნო, ახლა მოგიყვებით როგორ იყო ჩემი კორონატესტის ამბავი.
    ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დამეწყო ტემპერატურის მატება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ამას დაემატა კიდევ პატარა რაღაც ნიშნები და ცხადია, ეჭვი შევიტანე კორონავირუსზე. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა მოგზაურობის ისტორია (ამერიკიდან წამოსვლამდე ბოლო 3 კვირა სახლი თითქმის არ დამიტოვებია) მქონდა მგზავრობის ისტორია ვაშინგტონიდან თბილისამდე, სტამბოლის გავლით. ანტიბაქტრიული ხელსახოცებით კი დავწმინდე ყველა ის ადგილი, სადაც შეხება მქონდა თვითმფრინავში თუ აეროპორტში, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სულ ტყუილად მიწვალია, რადგან ჩემი ანტიბაქტერიული ხელსახოცები შეიცავდა ბენზალკონიუმ ქლორიდს, რაც კორონავირუსის შემთხვევაში არაეფექტურია. აუცილებელია, რომ ის შეიცავდეს სულ მცირე 60% სპირტს.
    მოკლედ, დამეწყო სიცხე. ასეთ შემთხვევაში უნდა დარეკოთ ოჯახის ექიმთან. მე 112-მა დამაკავშირა ოჯახის ექიმს, რომელმაც მოისმინა ჩემი ჩივილები, შემოჰკრა განგაშის ზარებს და დაუყოვნებლივ მოითხოვა ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლევებზე ჩემი გადაყვანა. მუდარამ, 2 დღე დამეცადა, არ გაჭრა. ამიხსნა, რომ კორონავირუსის დროს შესაძლოა უცბად დამძიმდე, დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა და რაც უფრო ადრე მიხედავ თავს, უკეთესია. ძალიან ყურადღებიანი ექიმი იყო და მადლობელი ვარ მისი.
    სასწრაფო დახმარებამ დამირეკა და მომცა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტრანსპორტირება. ჩავაწყვე პატარა ჩემოდანში გამოსაცვლელი ტანსასცმელები, პირადი ნივთები და დაველოდე სასწრაფო დახმარებას. ცუდი გრძნობაა, როდესაც სიცხე გაქვს, თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ კოვიდ-19 შეგეყარა და სასწრაფო დახმარების მანქანით უნდა წაგიყვანონ საავადმყოფოში.
    პირველივე ცუდი განწყობა მომიხსნა სასწრაფო დახმარების ექიმმა, გვანცა მაისურაძემ. ბიოუსაფრთხოების დამცავ კომბინიზონში მაინც ჩანდა მისი მომღიმარი სახე და კეთილგანწყობა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მას და მის კოლეგებს, რომლებმაც ინფექციურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. არც სირენები ჩაურთავთ და არც წივილ-კივილი ყოფილა. გზაში მელაპარაკებოდა და მამხნევებდა.
    მიმღებ განყოფილებაში, სადაც საბუთებს ავსებენ, ნიღაბშიც მიცნეს და იქაც ცალკე მამხნევებდნენ. სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა, რომელიც სკაფანდრებში ჩაცმული ადამიანების დანახვისას გინდა თუ არა, მაინც ჩნდება.
    ექთანმა გადამიყვანა სპეციალურ შენობაში, სადაც განთავსებულია საკარანტინო ოთახები. ეს არის ერთგვარი გამანაწილებელი. შედიხარ შენს ოთახში, შემოდიან და იქ გიტარებენ ტესტებს.
    ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც ყელიდან და ცხვირიდან ნაცხი ამიღო, ამ ისტორიაში, ალბათ ყველაზე მეტად შეშინებული იყო. იმდენი ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ და ღღღღღღღღღღღღღ ვიძახე ცხვირში და ყელში ჩხირების ჩადებისას, რომ ალბათ მსგავსი პაციენტი დღემდე არ უნახავს. ჩემი მადლობა და ასევე ბოდიში ხრიალ-ღმუილის გამო
    შემდეგ გიღებენ სისხლს. აი, როგორ არ ვუთხრა მადლობა იმ ქალბატონს, გრიალით რომ შევარდა ვენაში, თან რომელი სტალონეს ვენა-ძარღვები მე მაქვს. შემდგე შემოვიდა კიდევ ერთხელ ექიმი და წამიყვანა ფილტვების გასაშუქებლად. რენტგენი ცალკე შენობაშია. მიყავხართ რამდენიმე ადამიანი, ერთმანეთთან დისტანციის დაცვით. გაშუქებენ და კარანტინში გაბრუნებენ.

    ამის შემდეგ იწყება ლოდინი. დაახლოებით 4-5 საათი უნდა ტესტის პასუხს. ეს ისეთი მომენტია, არც ფეისბუქი რომ არ გინდა, არც ტელეფონი და ოთახში წინ და უკან ნერვიულად დადიხარ. ახლა აქ როგორ არ ვუთხრა დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოში მომუშავე ჩემს კლასელ

    Giorgi Beridzeს, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს მოვიდა ჩემს ფანჯრებთან და მამხნევებდა? დღე და ღამე იქ არის და დაღლილს მაინც არ დავიწყებია ქვემოდან ჩემი შეგულიანება. დიდი მადლობა გოგა შენ.
    ამის შემდეგ მოიტანეს საჭმელი, რომელიც გონებადაბნელებულმა ბოლო ნამცეცამდე შევნთქი და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ბევრი იყო. წვნიანი, პიურე და ხორცი, მაწონი, წიწიბურა, 5 ნაჭერი პური, წვენი და ნამცხვარი. ნერვიულობისგან მუსრი გავავლე და შემრცხვა
    ის ამბავი, რომ კორონავირუსი არ მქონდა, ექიმმა გია ბეიტრიშვილმა მაცნობა, რომელიც ჩემზდ მეტად გახარებული იყო, კორონავირუსი რომ არ აღმომაჩნდა. მომცა რეკომენდაცია, დანიშულება, გამიგრძელა კარანტინის ვადა და გამომიშვა. ცხადია, ბატონ გიას ეკუთვნის დიდი თბილი მადლობა.

    მთელი ამ დღეების განმავლობაში მუდამ გვერდით იყო ჩემი სამსახური

    Sofia
    Giorgi
    Giorgi

    უზარმაზარი, უმსუქნესი მადლობა თქვენ და last but not least განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მარინა ეზუგბაიას, რომელიც ამ პროცესის განმავლობაში მაქცევდა ყურადღებას, მაძლევდა რეკომენდაციებს და რჩევებს.

    მოკლედ, კარგია, რომ კორონა არ აღმომაჩნდა. განსაკუთრებით, ჩემი ჰიპერტენზიის და მწეველი ფილტვების პატრონს.
    ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ოდესმე თუ მოგიწიათ ტესტირებასთან შეხება, ჩემი რჩევა იქნება, ბიოუსაფრთხოების აღჭურვილობა-სკაფანდრები ნუ დაგაფრთხობთ. ამ სკაფანდრების უკან, მართლა ძალიან კარგი, თბილი და მზრუნველი ადამიანები დგანან.“–წერს დავით ნიკურაძე და საკუთარ გვერდზე შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.
  • პანდემიამ ორგანიზებულ დანაშაულსაც დაარტყა. კრიმინალები ზარალს ითვლიან და ახალ გზებს ეძებენ

    პანდემიამ ორგანიზებულ დანაშაულსაც დაარტყა. კრიმინალები ზარალს ითვლიან და ახალ გზებს ეძებენ

    საერთაშორისო ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ“ გამოაქვეყნა ანგარიში, “კრიმინალი და ინფექცია. პანდემიის ზემოქმედება ორგანიზებულ დანაშაულზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მიერ მიღებულმა ზომებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ერთის მხრივ ორგანიზებული დანაშაულის მოქმედების თავისუფლება შეზღუდა, თუმცა მეორეს მხრივ მისთვის გამდიდრების ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

    საზღვრების საყოველთაო ჩაკეტვამ მალე აღკვეთა ან შეანელა დანაშაულებრივი საქმიანობის ზოგი სახეობა, თუმცა მეორეს მხრივ დანაშაულებრივმა ორგანიზაციებმა არეულობით და სიტუაციის სირთულით ისარგებლეს და უკანონო საქონლის და მომსახურების ახალი ტიპის მოთხოვნაზე დაიწყეს ფულის კეთება. ანგარიშის მიხედვით კრიმინალი ახალ საშუალებებს მომავალშიც გამოიყენებს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებშიც, სადაც დიდი ხანია ჯანდაცვის სფეროში ფეხი მოიკიდა.

    ანგარიშის ავტორები ოთხი ტიპის შედეგებს ასახელებენ, რომლებიც პანდემიამ დანაშაულებრივი სამყაროსთვის გამოიწვია:

    1. რიგი დანაშაულები სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო შემცირდა და ისინი ძველ ნიშნულს მალე ვეღარ დაუბრუნდებიან.
    2. ზოგიერთმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ იმით ისარგებლა, რომ ძალოვანი სტრუქტურების და პოლიტიკური ხელისუფლების ყურადღება სხვა პრობლემებზე იყო გადართული და თავისი საქმიანობა გაააქტიურა.
    3. ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არიან ჩანერგილი დაუყოვნებლივ იპოვნეს ახალი შესაძლებლობები ამ სექტორის გამოყენებით.
    4. კიბერდანაშაული სწრაფად იზრდება, რადგან მან ისარგებლა იმით, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა სახლშია გამოკეტილი და ინტერნეტთან ბევრად მეტ დროს ატარებს.

    ანგარიშში ყოველი კატეგორია ცალ–ცალკეა გარჩეული.

    სოციალურმა დისტანცირებამ და კარანტინმა ქუჩის დანაშაულის მაშტაბებზე იქონია გავლენა, რომელიც ხშირად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ იმართება. მაგალითად, მექსიკაში, წლის დასაწყისში მკვლელობების რიცხვი გამაოგნებლად მაღალი იყო, შემცირდა სოციალური დისტანცირების შედეგად კი რადიკალურად – დღეში 81-დან 54–მდე. თუმცა, თანდათან ძველ დონეს დაუბრუნდა.

    ქალაქების ქუჩები ცარიელია, პატრულირებენ პოლიციელები და კარანტინის წესების დაცვას აკონტროლებენ. ეს კი დანაშაულის ადგილიდან გაქცევას ართულებს.

    კვლევის ავტორთა მონაცემებით მკვლელობებისა და ძარცვის შემთხვევების კლება აღინიშნება ბალკანეთში.

    ვარაუდობენ, რომ მაფიასთან დაკავშირებული მკვლელობების რიცხვი უახლოეს თვეებში შემცირდება სერბეთში და ჩერნოგორიაში.

    ბოსნიაში ფართოდ არის გავრცელებული მანქანების გატაცება. თუმცა ცარიელ ქუჩებში ამის შეუმჩნევლად გაკეთება გართულდა.

    კვლევის მიხედვით ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი იქნება კარანტინის შორსმიმავალი შედეგები, თუმცა ჯერჯერობით ისინი აშკარად აისახა ორგანიზებულ დანაშაულზე.

    მაგალითად, იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის დააკავეს კალიბრიული მაფიის, ნდრანგეტას ბოსი ჩეზარე კორდი. მანამდე მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

    ჩინეთიდან ექსპორტის შემცირება დანაშაულებრივი დაჯგუფებების შემოსავლებზეც აისახა. ჩინეთი მსოფლიოში კონტრაფაქტული და აკრძალული საქონლის მთავარი წყაროა, ამიტომაც ჩინური ფაბრიკების გაჩერების შემდეგ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მთავარი მომწოდებლის გარეშე დარჩნენ. მექსიკური კარტელები კი, რომლებიც მეტამფიტამინებს და ფენტანილს მომგებიანი ამერიკული ბაზრისთვის აწარმოებდნენ, მთავარი ინგრედიენტების გარეშე დარჩნენ, რომელსაც ჩინეთიდან იღებდნენ.

    საზღვრების ჩაკეტვამ ევროპაში, რომელიც უკანონო საქონლისთვის გასაღების მსხვილი ბაზარია, გამოიწვია ის, რომ იმპორტი შეზღუდული რაოდენობის სასაზღვრო პუნქტების საშუალებით ხორციელდება და უფრო აქტიური დაკვირვების ქვეშ არის, ვიდრე პანდემიამდე.

    ახალი სიტუაცია აისახა “ცოცხალი საქონლით“ ევროპელ მოვაჭრეებზე.

    თუმცა, ანგარიში გვაფრთხილებს, რომ ისინი ალბათ შეეცდებიან ფული არალეგალური მიგრანტების სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამოყენებით იშოვნონ, რომლებიც საგანგებო ვითარების გამო შუა გზაზე გაიჭედნენ და დანიშნულების პუნქტამდე ვეღარ მივიდნენ. ეს კი აქამდე არსებულ ფასებს გაზრდის.

    კარანტინმა და სხვა შეზღუდვებმა გზა გადაუჭრა ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანსპორტირებას. აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში ჰეროინის “ქუჩის ფასის“ ზრდა და მისი ხარისხის დაცემა შეიმჩნევა, რადგან მის გადამზიდავებს საქმე აშკარად გაურთულდათ. გარდა ამისა, მისი საცალო გასაღების მთავარი ბაზარი ქუჩაა, რომელიც ამჟამად გაუკაცრიელებულია. ანგარიშის ავტორების აზრით ამან შეიძლება საცალო ნარკოვაჭრობა ინტერნეტში გადაიყვანოს, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გადანაცვლების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

    დაზარალდება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების სხვა საქმიანობაც, მაგალითად “დაკრიშვა“, რადგან იმდენი წვრილი კომპანია და სავაჭრო წერტილი იხურება, “კრიშის“ საჭიროება ბევრს უბრალოდ აღარ ექნება.

    ალბანეთში კანაფის დათესვისი სეზონი მარტი და აპრილია და ის სავარაუდოდ ჩვეულებრივზე უფრო აქტიურად ჩაივლის, რადგან პოლიცია ძირითადად  კარანტინის დამრღვევებთან ბრძოლით არის დაკავებული.

    ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ზაფხულში კარგი მოსავალია მოსალოდნელი.

    კორონავირუსის გამო დახურულია სასაზღვრო პუნქტები კოლუმბიაში, რომელიც კოკაინით მსოფლიოს მთავარი მომმარაგებელია. თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი გვაფრთხილებს, რომ ამან შესაძლოა გააძლიეროს დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც საზღვარზე გამავალ  ასობით ბილიკს აკონტროლებენ, და რომელთა საშუალებითაც  მიგრანტები, ნარკოტიკები, უკანონოდ მოპოვებული ოქრო და სხვა აკრძალული საქონელი გადაადგილდებიან.

    სამხრეთ აფრიკის ნაციონალური სარეზერვო ბანკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აფერისტები, რომლებიც თითქოსდა მას წარმოადგენენ, რიგითი მოალაქეებისგან ფულის კუპიურებს აგროვებენ იმ მოტივით, თითქოს ისინი ვირუსით არის დაინფიცირებული.ნაირობის პოლიციამ რეიდები ჩაატარა პატარა წერტილებში,რომლებიც კორონავირუსის ყალბი ტესტებით ვაჭრობდნენ.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ მაგალითად შვეიცარიაში ბინების ქურდები ოჯახებში სანეპიდსადგურის თანამშრომლების სტატუსით შედიან დასაზვერად.

    ანგარიშში საუბარია სამედიცინო აღჭურვილობის ქურდობისა და კონტრაბანდის გახშირებულ შემთხვევებზე, ასევე მოსახლეობის მოტყუების შემთხვევებზე, რომლებიც სახლში მოწყენილები სხედან კომპიუტერთან. ირანის, უკრაინის, აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა სამედიცინო ნიღბების და სადეზინფექციო ხსნარის კონტრაბანდის ფაქტები აღკვეთეს, იტალიის ზოგ რეგიონში კი კონტრაფაქტული ნიღბების კონფისკაცია მოხდა.

    აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ იორკელმა გამომძიებელმა, რიჩ ჯეიკობსმა, რომელიც კიბერდანაშაულის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინტერნეტ თაღლითების აფიორები პანდემიასთან დაკავშირებით ორ კატეგორიად იყოფა.

    აფერისტები აცხადებენ, რომ აგროვებენ ფულს ნიღბებისა და ტესტირების საშუალებებისთვის, ან მოქალაქეებს მათ წარმოებაში ინვესტირებას სთავაზობენ.

    მეორე კატეგორია კი “სუფთა კიბერშეტევებით“ არის დაკავებული. ისინი მოსახლეობისგან მოტყუების გზით პირადი მონაცემების გამოძალვას ცდილობენ და ყალბი ვებგვერდების საშუალებით მათ კომპიუტერებში შესაბამის  პროგრამებით აღწევენ.

  • მოკლავს თუ არა კორონავირუსს ზაფხულის სიცხე–რა მონაცემები არსებობს ამ დროისთვის

    მოკლავს თუ არა კორონავირუსს ზაფხულის სიცხე–რა მონაცემები არსებობს ამ დროისთვის

    ბევრი ინფექციური დაავადება თავდაპირველი აფეთქების შემდეგ თანდათანობით ცხრება – წელიწადის დროის მიხედვით. გრიპი როგორც წესი ზამთრის ცივ თვეებში აქტიურობს, ზოგი ინფექცია, მაგალითად ტიფი ზაფხულში ვრცელდება. წითელას დაავადებების შემთხვევები ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში ზაფხულობით იკლებს, ტროპიკულ რეგიონებში კი მკვეთრად იზრდება ცხელ სეზონებზე.

    ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ ბევრი სვამს კითხვას – უნდა ველოდოთ თუ არა Covid19–ის შემთხვევაში ასეთ სეზონურობას.

    მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვირუსმა ჩინეთში სწრაფად გავრცელება დაიწყო და ქვეყნის საზღვრებიც გადაკვეთა, ევროპასა და აშშ–ში დაავადებულთა რიცხვი ყოვლდღიურად იზრდება.

    ზოგიერთი ყველაზე სერიოზული აფეთქება ისეთ რეგიონებში მოხდა, სადაც შედარებით ცივი ამინდია, რის გამოც გაჩნდა იმედი, რომ პანდემია ზაფხულის დადგომასთან ერთად შესუსტდება. თუმცა ბევრი ექსპერტი გვაფრთხილებს: ნუ დავამყარებთ მეტისმეტად დიდ იმედს იმაზე, რომ ვირუსს ტემპერატურა მოკლავს.

    ასეთ სიფრთხილეს საფუძველი აქვს. ვირუს  SARS-CoV-2, რომელიც  COVID-19–ს იწვევს მკვლევარებისთვის მეტისმეტად ახალია. მეცნიერებს ჯერჯერობით უბრალოდ არ აქვსთ მონაცემები, სტატისტიკური მტკიცებულებები, რომ მისი აქტივობა სეზონურად შეიცვლება.

    ამ ვირუსის მსგავსი SARS–ის ვირუსი 2003 წელს მალევე ალაგმეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, როგორ იმოქმედებდა მასზე წელიწადის სხვადასხვა დროები.

    თუმცა სხვა კორონავირუსებთან ბრძოლის მონაცემები გარკვეული ვარაუდების საფუძველს გვაძლევს იმის მისახვედრად, გახდება თუ არა ბოლო–ბოლო Covid19 სეზონური დაავადება.

    10 წლის წინ, ედინბურგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ცენტრის მკვლევარის, კეიტ ტემპლტონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის სამმა ტიპმა “შესამჩნევი სეზონური ხასიათი“ აჩვენა და ისინი ცივ თვეებში ვრცელდებოდა – დეკემბრიდან აპრილამდე, ანუ ზუსტად ისე, როგორც გრიპი. მეოთხე კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტების ორგანიზმში პოულობდნენხოლმე, ბევრად უფრო არაპროგნოზირებადად იქცეოდა.

    უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ COVID-19–ის ვირუსსაც ცივი და მშრალი პირობები ურჩევნია.

    ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ანალიტიკურ ნაშრომში, კორონავირუსის გავრცელების არეალად ქცეული მსოფლიოს 500 რაიონის კლიმატური პირობებია შედარებული. ანალიზი გვიჩვენებს, რომ სავარაუდოდ არსებობს კავშირი ვირუსის გავრცელებას, გარემოს ტემპერატურას, ქარის სიჩქარესა და ტენიანობის დონეს შორის.

    კიდევ ერთ ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ უფრო მაღალ ტემპერატურებზე COVID-19–ის შემთხვევები ნაკლებია.

    კიდევ ერთი კვლევის ავტორები, რომელიც ასევე ჯერ არ გამოქვეყნებულა პროგნოზირებენ, რომ კონტინენტური კლიმატის მქონე რეგიონები, სადაც ზამთარში ცივა და ზაფხულში ცხელა, ვირუსის გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელი ადგილებია. მეორე ადგილზე საფრთხის შემცველ რეგიონებში ისეთი ტერიტორიებია, სადაც გვალვაა.

    ამ კვლევის ავტორები თვლიან, რომ ტროპიკული კლიმატი ახალი ვირუსისთვის ნაკლებად ხელსაყრელი გარემოა.

    სხვადასხვა სეზონზე ვირუსის აქტიურობის შესახებ მონაცემების არქონის პირობებში მეცნიერები მომავალი ერთი წლის მოვლენების განვითარების პროგნოზირებისას კომპიუტერულ მოდელირებას ეყრდნობიან.

    თუმცა ამოცანა რთულია, რადგან ეპიდემიური ვირუსების სეზონურობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რაც COVID-19–ის შემთხვევაში არააქტუალურია. ამიტომაც მეცნიერები დღემდე დაგროვილი ცოდნის და ინფორმაციის გამოყენებისას ფრთხილობენ.

     

    თუმცა, მაინც ვნახოთ, რატომ აქვთ სხვა კორონავირუსებს სეზონური ხასიათი და რატომ არის ეს იმედისმომცემი ამ შემთხვევაშიც.

    კორონავირუსები ე.წ. გარსიანი ვირუსების ოჯახია, რომლებსაც ლიპიდური, ცხიმიანი მემბრანა აქვს, საიდანაც ცილოვანი “რქებია“ წაზრდილი.

     

    სხვა გარსიანი ვირუსების კვლევები გვიჩვენებს, რომ გარსიანი ვირუსები მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე გარსის არმქონენი.

    უფრო ცივ პირობებში ეს გარსი მყარდება და ერთგვარ რეზინის დამცავ გარსს ემსგავსება, რომელიც ვირუსს მაშინაც იცავს, როცა ის ადამიანის ორგანიზმს გარეთ იმყოფება. მაღალ ტემპერატურაზე კი ეს გარსი სიმყარეს კარგავს და ვირუსი ადვილად იღუპება. სწორედ ამის გამო აქვთ გარსიან ვირუსებს მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათი.

    კვლევები გვიჩვენებს, რომ SARS-Cov-2–ს 72 საათამდე აქვს სიცოცხლისუნარიანობა მყარ ზედაპირებზე, მაგალითად მეტალზე და პლასტმასზე, თუ ტემპერატურა 21–23 გრადუსია, ტენიანობა კი 40%.

    როგორ იქცევა ეს ვირუსი სხვა ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა სხვა კორონავირუსების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ისინი 4 გრადუსი ცელსიუსის პირობებში 28 დღეს ძლებენ.  მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში კი ვირუსები იღუპებიან.

    “კლიმატის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ის ვირუსის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, რომელიც ორგანიზმს მიღმა იმყოფება. მაგალითად, როცა ის ჰაერში ხვდება და ზედაპირზე მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულმა დაახველა ან დააცემინა. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს ვირუსი სტაბილურობას ორგანიზმს მიღმა, მით უფრო მაღალია მისი უნარი ადამიანები დააინფიციროს და ეპიდემია გამოიწვიოს.  Covid19-ის ყველაზე მაშტაბური აფეთქებები იქ ხდება, სადაც ცივი, მშრალი ამინდია   “– ამბობს ესპანელი მკვლევარი მიგელ აროუხო, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე გარემოს ცვლილების გავლენას იკვლევს.

    მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი იმ ქალაქებში და პლანეტის იმ რეგიონებში გავრცელდა, სადაც საშუალო ტემპერატურა 5–დან 11 გრადუსამდე იყო, ტენიანობა კი დაბალი.

    თუმცა, დაავადების ბევრი შემთხვევაა ტროპიკებშიც. აზიაში ვირუსის გავრცელების ცოტა ხნის წინანდელმა ანალიზმა, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა გააკეთეს აჩვენებს, რომ ეს პანდემიური კორონავირუსი უფრო ნაკლებად მგრძნობიარე იქნება კლიმატური პირობების მიმართ, ვიდრე ბევრი ისურვებდა.

    მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ  ჩინეთის ისეთ ცივ და მშრალ პროვინციებში, როგორიც არის გირინი და ჰეილუნცზიანი, ასევე ჩინეთის ტროპიკულ რეგიონებში – სგუანსისა და სინგაპურში გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მაღალი დემპერატურა და ტენიანობა ზაფხულის თვეებში ინფიცირების მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს.

    საქმე იმაშია, რომ ვირუსის გავრცელება ბევრად მეტ ფაქტორზეა დამოკიდებული, ვიდრე უბრალოდ გარემო პირობებში მისი თვითგადარჩენის უნარია.

    Covid 19–ის მსგავსი დაავადებები ადამიანების მიერ ვრცელდება და სწორედ მათ ქცევაზეა დამოკიდებული წელიწადის ნებისმიერ დროს ვირუსის გავრცელების სიჩქარე.

    მაგალითად, ევროპაში წითელას გავრცელების ზრდა როგორც წესი დროში ემთხვევა სკოლებში სწავლის პეროიდს, ზაფხულში არდადეგების დროს კი მცირდება.

    როგორც ჩანს, ჩინური ახალი წლის პერიოდში (25 იანვარი)  ადამიანების კოლოსალურმა მიგრაციამ უხანიდან ჩინეთის სხვა ქალაქებში და მთელ მსოფლიოში Covid19-ის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

    გარდა ამისა, ამინდი ჩვენს იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას და ინფექციების მიმართ მათ მდგრადობასაც განაპირობებს. არსებობს მონაცემები, რომ ვირუსზე გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის დონე. ზამთარში, როცა მზის შუქი ნაკლებია და დიდ დროს ვატარებთ დახურულ შენობებში, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებ D ვიტამინს გამოიმუშავებს.

    თუმცა როგორც გითხარით, ჯერჯერობით არცერთი თეორიის სერიოზულად განხილვა Covid19-თან დაკავშირებით არ შეიძლება. უამრავი სამცნიერო ჯგუფი მუშაობს მონაცემებზე, რომლებიც ჯერჯერობით მწირია. საბოლოოდ იმის დადგენას, როგორია ახალი კორონავირუსის ქცევა და რა უფრო ეფექტურია მის წინააღმდეგ ბრძოლაში დრო ჭირდება, რომლის მოგებას მთელი მსოფლიო სხვადასხვა გზით ცდილობს.

     

     

  • “ეს არის ის,რაც თქვენს მომავალზე ვიცით“–იტალიელი მწერლის ემოციური წერილი ბრიტანელებს

    “ეს არის ის,რაც თქვენს მომავალზე ვიცით“–იტალიელი მწერლის ემოციური წერილი ბრიტანელებს

    იტალიელი მწერალი ფრანჩესკა მელანდრიკოვიდ19-ის გამო რომში 3 კვირის განმავლობაში ჩაიკეტამან ევროპელებს “წერილი მომავლიდან” მიწერასადაც მათ იმ ემოციებს უზიარებსრომელსაც ისინი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განიცდიან.

    იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. ეპიდემიის დიაგრამა აჩვენებს, რომ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით.

    დროის მდინარებაში, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ზუსტად ისე, როგორც ვუჰანია ჩვენს წინ რამდენიმე კვირით. გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით, როგორც ჩვენ. იგივე არგუმენტები გაქვთ, რაც ჩვენ, ცოტა ხნის წინ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: “ეს ხომ უბრალო გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო?” და ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა.

    აქედან, თქვენი მომავლიდან რომ გიყურებთ, ვიცით, ბევრი თქვენგანი, ვისაც სახლში გამოკეტვა ურჩიეს, ორუელს ან სულაც ჰობს ციტირებთ. მაგრამ ცოტა ხანში ამისთვის ვეღარ მოიცლით.

    პირველ რიგში, თქვენ ჭამას დაიწყებთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი იქნება, რის გაკეთებასაც შეძლებთ.

    უამრავ ჯგუფს მოძებნით რჩევებით სავსეს – დროის ნაყოფიერად გატარებაზე. ყველა მათგანში გაწევრიანდებით, და რამდენიმე დღეშივე მიაგდებთ.

    თქვენი წიგნების თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ არც ერთის წაკითხვის თავი არ გაქვთ.

    ისევ შეჭამთ. ვერც დაიძინებთ. თქვენს თავს ჰკითხავთ: რა ჭირს დემოკრატიას.

    განუწყვეტელი სოციალური ცხოვრება გექნებათ ონლაინ – მესენჯერი, უოთსაფი, სკაიპი, ზუმი…

    თქვენი ზრდასრული შვილები ისე მოგენატრებათ, როგორც არასოდეს; ყელში ბურთი გაგეჩხირებათ იმის გაცნობიერებაზე, რომ ზუსტად არ იცით როდის ნახავთ.

    ძველი წყენები და კამათი უმნიშვნელო მოგეჩვენებათ. იმ ხალხსაც კი დაურეკავთ, რომელზეც დაიფიცეთ, რომ არასოდეს ხმას არ გასცემდით და ჰკითხავთ: “როგორ ხარ?”.  ბევრ ქალს სცემენ სახლებში.

    უსახლკაროებზეც ბევრს იფიქრებთ. უკაცრიელ ქუჩაში, მაღაზიაში გასული, თავს დაუცველად იგრძნობთ, განსკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქალი ხართ. თქვენს თავს ჰკითხავთ, ნუთუ ასე ინგრევა საზოგადოებები. ნუთუ ეს ყველაფერი ასე სწრაფად ხდება? შემდეგ სახლში მისული ყველა ამ ფიქრს დაივიწყებთ და ისევ შეჭამთ.

    წონაში მოიმატებთ. ონლაინ ფიტნესკურსებს მოძებნით.

    იცინებთ. ძალიან ბევრს იცინებთ. იუმორს უბრალოდ ამოაფრქვევთ. ის ადამიანებიც კი, ვინც ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდნენ, ცხოვრების, სამყაროს და ყველაფრის აბსურდულობაზე დაიწყებენ მსჯელობას.

    მეგობრებს და საყვარლებს შეხვედრებს მაღაზიის რიგებში დაუთქვამთ, რომ ფიზიკური დისტანცირების პირობებში,მათ თვალი მაინც მოჰკრათ.

    ყველა იმ ნივთს დაითვლით, რაც არ გჭირდებათ.

    თქვენს გარშემო ადამიანები მთელი სიაშკარავით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ და ბევრშიც დარწმუნდებით.

    მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან, მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება; ზოგი რაციონალიზაციაში იპოვის თავშესაფარს, რომელიც იმდენად მოკლებული იქნება ემპათიას, რომ მათ ადამიანები აღარ მოუსმენენ. და უცებ აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით, გახდებიან სანდო, სარწმუნო, პრაგმატული და მომავლის განმჭვრეტნი.

    მათ ენდობით, ვინც ამ ქაოსს, უფრო დიდ პერსპექტივაში დაგანახებენ, როგორც სამყაროს განახლების ნიშანს, ისე. რაღაც დროიდან, ისინიც ყელში ამოგიყვანენ თავს: გასაგებია, პლანეტა უკეთ სუნთქავს CO2 ემისიების განახევრების გამო, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადო შემდეგი თვის კომუნალურები?

    ვერც იმას მიხვდები ახალი სამყაროს დაბადება გრანდიოზული ამბავია, თუ უბადრუკი.

    თქვენი ფანჯრებიდან და გაზონებიდანაც დაუკრავთ მუსიკას. “ეს იტალიელები!”, ალბათ ასე ამბობდით, როდესაც აივნებიდან მომღერალს გვხედავდით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთის გამამხნევებელ სიმღერებს თქვენც იმღერებთ. და როდესაც “I will survive”-ს ჩართავთ, ჩვენ გიყურებთ და დაგიქნევთ თავს, როგორც ვუჰანის მაცხოვრებლები, თებერვალში თავიანთი ფანჯრებიდან რომ მღეროდნენ, გვიქნევდნენ თავს  ჩვენ.

    ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ როგორც კი კარანტინი დასრულდება, პირველი რასაც იზამენ განქორწინების განაცხადის შევსება იქნება.

    ბევრი ბავშვი ჩაისახება.

    თქვენი ბავშვები სკოლაში ონლაინ ივლიან. თავს მოგაბეზრებენ, მაგრამ თან დიდ სიხარულსაც მოგანიჭებენ.

    ასაკოვანი ადამიანები თინეიჯერებივით დაუმორჩილებლები გახდებიან: მათთან ბრძოლა მოგიწევთ იმისთვის, რომ სახლიდან არ გაუშვათ, რადგან არ დაინფიცირდნენ და არ მოკვდნენ.

    შეეცდებით რომ არ იფიქროთ მარტოხელა გარდაცვლილებზე ინტენსიურ განყოფილებებში.

    მოგინდებათ ვარდის ფურცლებით მოფინოთ სამედიცინო მუშაკების თითოეული ნაბიჯი.

    გეტყვიან, რომ საზოგადეობა საერთო ძალისხმევით არის გაერთიანებული და თქვენ ყველა ერთ ნავში ხართ. მართალი იქნება. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის წარმოდგენას თუ როგორ აღვიქვამთ თავს – ინდივიდუალურად, თუ როგორც მთელის ნაწილს.

    მიუხედავად ამისა, თვაშისაცემი იქნება კლასობრივი განსხვავება. ლამაზ, ბაღიან სახლში გამოკეტვა, არ იქნება ისეთივე, როგორიც მჭიდროდ დასახლებულ ბინებში. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი. ის ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ არ გამოიყურება ყველასთვის ერთნაირად, არც არის ერთი ყველასათვის: არც არასოდეს ყოფილა.

    რაღაც დროს მიხვდებით, რომ ძნელია. შეგეშინდებათ. თქვენს შიშებს ძვირფას ადამიანებს გაანდობთ, ან თქვენთვის შეინახავთ, რომ ისინი არ დაამძიმოთ.

    ისევ შეჭამთ.

    ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე. მაგრამ ეს მომავალი ადვილი განსაჭვრეტია. ძალიან ახლომხედველები ვართ.

    თუ ჩვენს მზერას შორეულ მომავალზე მივაპყრობთ, მომავალზე რომელიც უცნობია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვეძლება: როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

    ფრანჩესკა მელანდრი 2020

     

    წერილი გამოქვეყნდა გარდიანის ონლაინ გამოცემაში

    ინგლისურიდან ითარგმნა ანა ძიაპშიპას მიერ ინდიგოსთვის