Category: სხვადასხვა

  • ანჯელინა ჯოლი პანდემიის დროს გახშირებულ ოჯახურ ძალადობას ღია წერილს უძღვნის

    ანჯელინა ჯოლი პანდემიის დროს გახშირებულ ოჯახურ ძალადობას ღია წერილს უძღვნის

    ანჯელინა ჯოლიმ საყოველთაო თვითოზოლაციის პერიოდში ოჯახური ძალადობის აქტუალურ თემაზე გაამახვილა ყურადღება. მსახიობმა Time–ში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პანდემიის ფონზე ბავშვების უსაფრთხოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

    ბევრ ქვეყანაში კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებულმა ზომებმა ოჯახური ძალადობის შემთხვევების რიცხვი გაზარდა. ოჯახებში სასტიკი მოპყრობის მაშტაბი განსაკუთრებით  ჩინეთში და ევროპაში გაიზარდა. გენდერული ძალადობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა COVID-19–ის კრიზისმა სიტუაცია გაართულა.

    ჯოლი ამბობს, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვები ახლა განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.

    “მსხვერპლის იზოლაცია ოჯახისგან და მეგობრებისგან – ბოროტმოქმედის მხრიდან კონტროლის კარგად ცნობილი ტაქტიკაა. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის აუცილებელი სოციალური დისტანცირება ხელს შეუწყობს ფსიქოლოგიური ტრავმების ზრდას და ბავშვების ტანჯვას“ –ამბობს ვარსკვლავი და ხაზს უსვამს სოციალური კონტაქტის მნიშვნელობას მათთვის, ვინც ოჯახური ძალადობა გადაიტანა.

    “ბავშვებთის მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევებში ბავშვთა დაცვის სამსახურებში როგორც წესი, მესამე პირები რეკავენ, როგორებიც არიან მასწავლებლები, ინსტრუქტორები, არასასკოლო პროგრამების კოორდინატორები და მწვრთნელები. ახლა კი ეპიდემიის გამო სკოლები დაკეტილია, ბავშვები კი გარე სოციალური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ ძალისხმევა და ბავშვებს საჭირო დაცვა და ზრუნვა არ მოვაკლოთ. ისინი ამას იმსახურებენ“– წერს ჯოლი.  მისი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამისი სამსახურები მუდმივად იყვნენ კონტაქტზე იმ ოჯახებთან, სადაც ძალადობის მსხვერპლნი ცხოვრობენ და საჭიროების შემთხვევაში საქმეში სასწრაფოდ ჩაერთონ სპეციალისტები.

    კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან მალევე ანჯელინა ჯოლიმ მილიონი დოლარი შესწირა საქველმოქმედო ფონდს. მან გადაწყვიტა ბავშვებს დახმარებოდა, რომლებიც სკოლებშის დახურვის გამო ყოველდღიური ცხელი საკვების გარეშე დარჩნენ.

     

     

     

  • ბრიუს უილისი და დემი მური კარანტინს ერთად ატარებენ

    ბრიუს უილისი და დემი მური კარანტინს ერთად ატარებენ

    დემი მური და ბრიუს უილისი, რომლებიც ერთმანეთს 20 წლის წინ დაშორდნენ თვითიზოლაციას ერთად ატარებენ. წყვილის უმცროსმა ქალიშვილმა, 26 წლის თალულამ სოციალურ ქსელში მშობლების ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობები მწვანე ზოლიან პიჟამოებში პოზირებენ. უკანა პლანზე ჩანს 28 წლის სკაუტ უილისი ქმართან, რეჟისორ დილონ ბასთან და მათ ძაღლთან ერთად.

    დემი მურის და ბრიუს უილისის მესამე ქალიშვილმა, რუმერმა კი ოჯახურ ფოტოში მოხვედრა არ ისურვა. იზოლაციის დროს ვარსკვლავები როგორც ჩანს დროს მშვენივრად ატარებენ: არჩევენ არქივის ფოტოებს, ერთად მღერიან, იმპროვიზებულ წარმოდგენებს დგამენ და ვახშმებს ამზადებენ. ამის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოები მეტყველებს.

     

    რატომ გადაწყვიტა ბრიუს უილისმა ამ რთული პერიოდის ყოფილ ცოლთან და მათ საერთო შვილებთან ერთად გატარება და არა მის ახლანდელ ოჯახთან– ცოლთან ემა ჰემინგთან და ორ შვილთან ერთად, უცნობია. მოდელ ემა ჰემინგს მის გვერდზე ბრიუს უილისთან ქორწინების 11 წლისთავის აღსანიშნავი საარქივო ფოტოს გამოქვეყნყების შემდეგ არცერთი ერთობლივი ოჯახური ფოტო აღარ გამოუქვეყნებია.

    დემი მური და ბრიუს უილისი 1987–2000 წლებში იყვნენ დაქორწინებული. მათ სამი ქალიშვილი ყავთ. მურმა მათი განქორწინების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მემუარებში დაწერა:

     

    “უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ვამაყობ ჩვენი განქორწინებით. ვფიქრობ, თავიდან ბრიუსს ეშინოდა, რომ ვაპირებდი ყველაფერი გამერთულებინა. ეშინოდა, რომ გავბრაზდებოდი და ეს გავლენას მოახდენდა შვილებთან მის ურთიერთობაზე. რომ მივმართავდი სხვადასხვა ხერხს, რომელსაც განქორწინებისას ბევრი წყვილი მიმართავს, როგორც იარაღს. მაგრამ ეს არ გამიკეთებია, და არც მას გაუკეთებია“– წერს მური და ყვება, რომ ამის მიუხედავად განქორწინება თავიდან ადვილი არ იყო, თუმცა მათ მოახერხეს გრძნობების ტრანსფორმირება ერთმანეთის მიმართ ახალ ურთიერთობებში, რამაც მათი შვილებისთვის კომფორტული გარემო შექმნა და ისინი უფრო ახლობლები გახადა ერთმანეთისთვის, ვიდრე განქორწინებამდე.

    საბოლოო ჯამში, ყოფილი ცოლ–ქმარი მეგობრებად დარჩნენ. უილისმა ცოლად მოიყვანა ფოტომოდელი და მსახიობი ემა ჰემინგი. წყვილს ორი ქალიშვილი ყავს : რვა წლის მეიბლ რეი და ხუთი წლის ეველინ პენი. მური მათი ფიცის განახლების ცერემონიალს ესწრებოდა, რომელიც 2019 წელს გაიმართა. უილისი და ჰემინგი კი სექტემბერში მურის მემუარების პრეზენტაციაზე მის მხარდასაჭერად მივიდნენ.

  • ჯონი დეპის ცოლს მის წინააღმდეგ ჩვენებების გაყალბებისთვის ციხე ემუქრება

    ჯონი დეპის ცოლს მის წინააღმდეგ ჩვენებების გაყალბებისთვის ციხე ემუქრება

    სასამართლო განაგრძობს  ცილისწამების შესახებ სარჩელის განხილვას, რომელიც ჯონი დეპმა ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის წინააღმდეგ შეიტანა. მსახიობის ადვოკატები ახალი მტკიცებულებების ძიებას განაგრძობენ იმის დასამტკიცებლად, რომ ფოტოები, რომლებზეც 2016 წელს თითქოსდა ქმრის მიერ ნაცემი ემბერ ჰერდი იყო ასახული ფალსიფიცირებულია.

    გაირკვა, რომ თუ ჯონი დეპის წარმომადგენლები შეძლებენ სასამართლო დაარწმუნონ, რომ ემბერმა ყოფილ ქმარს ცილი დასწამა და თავად მიიყენა დაზიანებები, ქალს შეიძლება რეალურიი საპატიმრო სასჯელი დაეკისროსს. კალიფორნიაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყალბი ჩვენებისა და ფაქტების ფალსიფიკაციისთვის მსახიობს შეიძლება სამწლიანი ციხე მიუსაჯონ. სასჯელს ჰერდი პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს თავიდან, თუ დაამტკიცებს, რომ მსგავსი მანიპულაციების ჩადენისას მომხდარის არსში ვერ ერკვეოდა და არაგანზრახ მოქმედებდა.

    ჯონი დეპის წარმომადგენლები თავის მხრივ გაჩერებას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ მათ საქმეში ჯეიმს ფრანკოს ჩართვა მოითხოვეს, რომელმაც ემბერ ჰერდი იმ ღამეს მონახულა, როცა თითქოსდა ჯონი დეპმა ის სცემა. ამას იმ სახლის ვიდეოკამერების ჩანაწერი ადასტურებს, სადაც ცოლ–ქმარი ცხოვრობდა. ფრანკომ განაცხადა, რომ მზად არის ჩვენება მისცეს, თუმცა მხოლოდ სრული საიდუმლოების დაცვის პირობებით. ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში ის სერიოზულ კომპენსაციას მოითხოვს.

    ჯონი დეპის ადვოკატი, ადამი უოლდმანი ემბერ ჰერდის ყოფილი შეყვარებულის, ილონ მასკის დაკითხვასაც ითხოვს. იმავე სახლის ლიფტის კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მან ქალი ქმრის მიერ სავარაუდო ცემიდან რამდენიმე დღეში მონახულა.

    სანამ სასამართლო გრძელდება, ჯონი დეპის დასაცავად ბევრი ვარსკვლავი გამოდის. ცოტა ხნის წინ ის მეგობარმა და კოლეგამ, ჰავიერ ბარდემმა დაიცვა. მან მსახიობს კარგი ადამიანი უწოდა, რომელიც ტოქსიკური ადამიანების ტყუილის და მანიპულაციების ხაფანგში აღმოჩნდა.

    მანამდე დეპის მხარდასაჭერად გამოვიდნენ მისი ყოფილი შეყვარებულები – ვანესა პარადი და ვაინონა რაიდერი. ორივემ თქვა, რომ ჯონი დეპს მრავალი წელია იცნობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ის ძალადობას არ ჩაიდენდა.

    ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდს,  The Sun–საც უჩივლა, რომელმაც 2018 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ჯონი დეპმა ყოფილი ცოლი, ემბერ ჰერდი სასტიკად სცემა.

    თუმცა ჯონი დეპი ამტკიცებდა, რომ მას ცოლი არ უცემია და პირიქით, ქალმა თვითდაზიანება მაშინ მიიყენა, როცა ქმარს ბოთლი ესროლა, შემდეგ კი მის ლოყაზე სიგარეტის ჩაქრობას ცდილობდა. საბოლოოდ მან ოფიციალურად შეძლო დამტკიცება, რომ  ცოლი არ უცემია. ახლა კი უნდა ყოფილი ცოლი რეპუტაციის შელახვისთვის დასაჯოს.

  • საქართველოს მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირდა

    საქართველოს მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირდა

    საქართველოს მთავრობის  საპარლამენტო მდივანი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, საბურთალოს რაიონის ყოფილი გამგებელი, გია ხუროშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ის კორონავირუსით დაინფიცირდა. საკუთარი გამოცდილების შესახებ ხუროშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს:
    “კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა.
    აღარ დავიწყებ სიმპომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს.
    საჭიროდ ვთვლი არ დავმალო და გაგიზიაროთ ჩემი გამცდილება:
    იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.
    ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს.
    დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!
    ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ, მათ შორის ელექტროლიტები!…
    ვიტამინი C , დღეში 2 ჯერ ( სულ 2000 მგ) , ასევე ცინკი და ეცადეთ იკვებოთ სრულყოფლად….
    თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკლი დაავადებები მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
    ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს…
    მოლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანებმა გადააფასონ ღირებლებები!…
    გისურვებთ ჯანმრთელობას!….“– წერს გია ხუროშვილი.
  • პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსი დაამარხა და ცოლთან ერთად ქორწინების იუბილეს აღნიშნავს

    პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსი დაამარხა და ცოლთან ერთად ქორწინების იუბილეს აღნიშნავს

    კამილა პარკერ ბოულზი შოტლანდიურ მამულში, ბირკჰოლში საკუთარ ქმართან დაბრუნდა. წყვილი დღეს ქორწინების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

    კამილა პარკერ ბოულზს მამულის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც პრინც ჩარლზს კორონავირუსი დადუგინეს. ის ბირკჰოლის მამულში თვითიზოლაციაში იყო, კამილა კი ბალმორალში ორკვირიან კარანტინში.

    იზოლაციის ვადები ზუსტად სამეფო ოჯახისთვით მნიშვნელოვან დღეს ამოიწურა. 9 აპრილს წყვილს “ბროლის ქორწილი აქვს“. ამ დღის აღსანიშნავად მათ საყვარელ ძაღლებთან–ბლუბელთან და ბეტთან ერთად სახლის ზღურბლთან ფოტო გადაიღეს.

    ფოტოზე მონარქები ყოველდღიურ სამოსში არიან ჩაცმული. კამილა პარკერ ბოულზს ელეგანტური კაბის ნაცვლად ჯემპრი და ჯინსი აცვია, პრინცს კი კლასიკური პიჯაკის ნაცვლად თავისუფალი სამოსი.

    თაყვანისმცემლებს სამეფო ოჯახის თბილი, ოჯახური ფოტო ძალიან მოეწონათ. სოციალურ ქსელებში  მათ ქორწინების იუბილეს ულოცავენ და ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მარადიულ სიყვარულს უსურვებენ.

    71 წლის პრინცმა ჩარლზმა გამოჯანმრთელების შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც უელსის პრინცის და მისი მეუღლის ოფიციალურ ვერდზე გამოქვეყნდა.

    მან კორონავირუსის პანდემიას უცნაური გამოცდილება უწოდა, მადლობა უთხრა ექიმებს, მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო ადგილებზე რჩებიან, რათა მოსახლეობა პირველადი მოხმარების პროდუქტების გარეშე არ დარჩეს.

    “კორონავირუსის დაავადება საბედნიეროდ შედარებით მსუბუქი სიმპტომებით გადავიტანე. ახლა დაავადების მეორე მხარეს ვარ. თუმცა კვლავ ვიცავ სოციალურ დისტანციას და საყოველთაო იზოლაციას. როგორც ყველამ ვნახეთ, კრონავირუსი უცნაური, შამეშინებელი და საგანგაშო გამოცდილებაა, როცა შეუძლებელია ახლობლების და მეგობრების გვერდით იყო, ცხოვრების ჩვეული წესი კი ირღვევა“ – თქვა პრინცმა და თანაგრძნობა გამოუცხადა ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა “რთული და არანორმალური“ გარემოებების გამო. მან ყველას მოუწოდა სიძლიერისკენ, ერთმანეთის მხარდაჭერისკენ და იმედი გამოთქვა, რომ ყველა უსიამოვნება ჩაივლის.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონსაც დაუდგინდა. ის ორი დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

     

     

     

  • ფოტორეპორტაჟი – უხანში 76 დღიანი კარანტინი დასრულდა და ქალაქი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

    ფოტორეპორტაჟი – უხანში 76 დღიანი კარანტინი დასრულდა და ქალაქი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

    უხანში, სადაც 76 დღიანი კარანტინი დასრულდა, მოსახლეობა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. რეგიონის მოსახლეობას უხანიდან გამგზავრების უფლება უკვე აქვთ. გაიხსნა მაგისტრალები, აღდგა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ქალაქში გამოსვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც  სპეციალურ ჯანმრთელობის აპლიკაციაში ე.წ. მწვანე კოდი აქვთ მინიწებული. მიუხედავად იმისა რომ კარანტინის პერიოდი დასრულდა, მოსახლეობა მაინც სიფრთხილეს იჩენს და ქალაქში სპეციალური ტანსაცმლით, ნიღბებით ხელთათმანებითა და სხვა დამცავი საშუალებებით გადაადგილდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

    21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

     

     

  • არქტიკის თავზე რეკორდული ზომის ოზონის ხვრელი გაიხსნა

    არქტიკის თავზე რეკორდული ზომის ოზონის ხვრელი გაიხსნა

    არქტიკის თავზე რეკორდული ზომის ოზონის ხვრელი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. როგორც გამოცემაშია აღნიშნული, ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-ის მონაცემებში, მეცნიერებმა არქტიკის თავზე ოზონის კონცენტრაციის ძლიერი შემცირება შენიშნეს.სტრატოსფეროში არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, ოზონის დონე მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც ოზონის შრეში ხვრელის წარმოქმნა გამოიწვია.

    „არქტიკის თავზე წელს დაფიქსირებული ოზონის ხვრელის მაქსიმალური განფენილობა თითქმის მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამ მხრივ ის ანტარქტიდის ხვრელს ჩამოუვარდება, რომელიც 20-35 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეც აღწევს“ –  განაცხადა  გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის მკვლევარმა დიეგო ლოიოლამ.

    დიეგო ლოიოლას განცხადებით, არქტიკის თავზე ოზონის დონის შემცირება 14 მარტიდან დაიწყო და გაჩნდა ხვრელიც, რომლის კვლავ დახურვასაც მკვლევრები 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში ვარაუდობენ.

    2018 წლის კვლევის მიხედვით, მონაცემები მიუთითებს, რომ 2000 წლის შემდეგ, სტრატოსფეროს ოზონის შრის ნაწილი 1-3 პროცენტით აღდგა. ასე გაგრძელების შემთხვევაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროსა და შუა განედების ოზონი 2030 წლისთვის უნდა აღდგეს, სამხრეთ ნახევარსფეროსი 2050 წლისთვის, პოლარული რეგიონების კი 2060 წლისთვის.

    კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარი, ანტარა ბანერჯი და მისი კოლეგები თანამგზავრული დაკვირვების და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით წინასწარმეტყველებენ, როგორ იმოძრავებს ჰაერის ნაკადები მას შემდეგ, რაც ოზონის ხვრელი თანდათანობით დაპატარავდება.
    მისი დაპატარავება 1987 წლის მონრეალის პროტოკოლის საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომელმაც აკრძალა ისეთი ნივთიერებების წარმოება, რომლებიც ოზონის შრეს ანადგურებენ(მაგალითად ქლორფტორნახშირბადები).

    2000 წლამდე ჰაერის ნაკადების სარტყელი, რომელსაც საშუალოგანედურს, ანუ ტროპიკულ ნაკადურ დინებას უწოდებდნენ, სამხრეთ ნახევარსფეროდან თანდათანობით სამხრეთ პოლუსისკენ ინაცვლებდა. მეორე აღმოსავლური ტროპიკული დინება, რომელსაც ჰედლის უჯრედს უწოდებენ და რომელიც სხვა პროცესების გარდა პასატების და ქარიშხლების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი, თანდათანობით ფართოვდებოდა.
    ბენერჯიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ორივე პროცესი შეჩერდა და უკუსვლაც დაიწყო. ასეთი ცვლილება კი კლიმატის შემთხვევითი ცვალებადობით არ შეიძლება აიხსნას. ისინი ოზონის ხვრელის შემცირების პირდაპირი შედეგია.

    ნაკადური დინებების ცვლილებამ შეიძლება ამინდის ცვლილებები, გლობალური ტემპერატურის ცვლილება და ოკეანეების მარილიანობის ცვლილებაც კი გამოიწვიოს.

    ამგვარად, როგორც ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარი, მარტინ ჩიპერფილდი ამბობს, ოზონის ხვრელის აღდგენის თვალსაზრისით “შემობრუნების მომენტი დადგა.“

    ამასთან, ჩიპერფილდი მიუთითებს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, კლიმატური ცვლილებების რა ასპექტზე ახდენს გავლენას ოზონის ხვრელი, რომელმაც აღდგენა დაიწყო და რომელ პროცესებზე ახდენს გავლენას ნახშირორჟანგის გამოყოფა, რაც კვლავ გრძელდება.

    ბენერჯის თქმით ოზონის ხვრელი სხვადასხვა სიჩქარით აღდგება, ატმოსფეროს მონაკვეთიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო განედებზე 1980 წლის მდგომარეობას ის 2030 წლისთვის მიაღწევს, სამხრეთ ნახევარსფეროში ამას 20 წელი დაჭირდება, ანტარქტიკის თავზე კი იმავე დონეზე აღსადგენად მას დრო 2060 წლამდე დასჭირდება.

  • “ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება“–ეკატერინე ტოგონიძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ქმარს, რატი სამყურაშვილს

    “ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება“–ეკატერინე ტოგონიძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ქმარს, რატი სამყურაშვილს

    მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეს, რატი სამყურაშვილს ვრცელ გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის. პარლამენტის ყოფილი წევრი, რატი სამყურაშვილი ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის თითქმის ორი წელი მძიმე სენს ებრძოდა. ეკატერინე ტოგონიძე ფეისბუქზე წერს:

    “უშენობის მესამე დილა. დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება, სიონში გადასვენება და ღამე უშენო სახლი.

    ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღმრად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო („მაკი“ „მაკინოს“ ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული „მამიკოს“ შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი – რატისნაირი მამა არავის ყოლია და ახლა აღარც თუთას ყავს)…

    ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით.

    საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არ მინახავს არსად, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარული და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

    ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის! (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

    გული გაიჩერა – ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა, გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას.

    სასოწარკვეთის დრო არაა, ეს არ გითხოვია შენ ჩემთვის. შენ ერთადერთი რამე მთხოვე, სიყვარული, რომელიც მეგონა, ისედაც საკმარისი გვქონდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ… თურმე ის, რაც ადრე გვქონდა, იყო შესავალი. თურმე დადგებოდა დრო და მე ყოველ დღე ვიქნებოდი ბედნიერი შენი სუნთქვის გაგონებით და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა სხვას აღარაფერს. ადამიანებს გაუკვირდებოდათ, როგორ ვუძლებ, რატომ არ ვიღლები, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე, რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო… აქვე ვიტყვი რომ შენ თავს გევლებოდნენ ძალიან კარგი ადამიანები, ექიმები, ექთნები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ სიყვარულით. აღარაფერს ვამბობ ჩვენი გმირებისგან შემდგარ ოჯახზე და მეგობრებზე Tamar Samkurashvili Kira Samkurashvili Manana Totibadze Salome Chichinadze Revaz Samkurashvili ეს სალაპარაკოც არ არის.

    ყველა, ვინც მსგავს რჩევებს მაძლევდა, უბრალოდ ვერ ხვდებოდა სიყვარულის რა ენერგიაზე გყავდი მიერთებული. ბოლო 4 თვე ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება და მე მადლიერი ვარ ყოველი წუთის. მადლიერი ვარ, რომ შენ წამში კი არ გატრიალდი და გაქრი, სიტყვა კი არ შემატოვე პირში და წახვედი, არამედ ბოლომდე მომისმინე, ყველაფერი მათქმევინე და ყველაფერი გააკეთე, რომ ნელ-ნელა გესწავლებინა ჩემთვის ცხოვრება შენი სიტყვების, ჩახუტების და შენზე მოყრდნობის გარეშე. ყოველდღიურად გიმზადებდი აუდიოჩანაწერს და რამდენიმე ათეული ჩანაწერით, როგორც იქნა გითხარი ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, როგორც იქნა აგიხსენი ჩვენი ბოლომდე ამოუხსნელი სიყვარული. შენც ბოლომდე დამინდე, ბობო. განა არ ვიცი… ჩემს თვალწინ გადაიქეცი ანგელოზად და მე მაინც გამიკვირდა, რომ გამიფრინდი. მაინც ვერ შევძელი არ ჩამოგკიდებოდი ტანსაცმელივით ჩამოხსნილ სხეულზე და არ გამეფუჭებინა უსასრულობაში გადასვლის უნიკალური წამი. ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება, ისტერიკის უფლება ამ ერთხელ მივეცი თავს, მაპატიე ყველა ცრემლი, რომლის ნაცვლადაც მხოლოდ მილიონი მადლობა გეკუთვნის, მილიონი ღიმილი, მოფერება და უწყვეტი სიყვარული, რომელიც ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა აქაც და მანდაც. შენ მე მაჩვენე ადამიანის ღირსების სრულყოფილი ვერსია, როგორ შეიძლება დარჩე შენად, მაშინაც კი როცა საკუთარი ფიზიკური სხეულიც აღარ გემორჩილება, არ გატყდე და ბოლომდე იყო ის, ვინც მოწიწებას და მუდმივ გაოცებას იწვევს.

    არ თქვათ, რომ რატიმ იწვალა, რატიმ კი არ იწვალა, რატიმ გვასწავლა, რატიმ გვაფიქრა, გვაცადა, მოგვეფერა და მერე წავიდა. რატიმ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე სიცოცხლეში შეიძლება ამის მოხერხება.

    დიაგნოზიდან რატიმ იცოცხლა 22 თვე, ეს რატის საყვარელი რიცხვია, თუთას დაბადების დღის თარიღი. ეს სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

    ჩემო უკვდავო, ჩემო სიყვარულო, მაპატიე თუკი ოდესმე რამე გაწყენინე და მე გაპატიებ იმ ერთადერთ ღამეს, როცა 6 აპრილი თენდებოდა.“– წერს ეკატერინე ტოგონიძე.

  • “ვიცი, ჩემს სიტყვებს რაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვალდებული ვარ დღეს ეს ვთქვა.“–არჩილ გამზარდია

    “ვიცი, ჩემს სიტყვებს რაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვალდებული ვარ დღეს ეს ვთქვა.“–არჩილ გამზარდია

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას და ეკლესიის პოზიციას, განაგრძოს ღვთისმსახურება ჩვეული ფორმით, ფეისბუქ სტატუსით აფასებს:

    “პასუხისმგებლიანი სასულიერო პირები მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდებდნენ. პასუხისმგებლიანი მრევლი კი განერიდებოდა ვირუსის კერებს და სახლში ილოცებდა.

    ტოტალური უპასუხისმგებლობის სივრცეში ვართ მრევლიც და სასულიერო სივრცეც.

    ვირუსი უკვე მძიმედ ედება თბილისის უბნებს, რეგიონებს, სოფლებს. ვეღარ დგინდება კონტაქტები. სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება პროცესებს. უკვე ჩანს სახელმწიფოს მცდელობა პაციენტების გადაყვანისგან თავის შეკავებისა, კორონავირუსის კერების უყურადღებოდ დატოვებისა რეგიონებში თუ თბილისში.

    მოცემულობა, რაც აქამდე გვქონდა, შეიძლება სანატრელიც კი გაგვიხდეს და ახლა, ამ ყველაფერში ადამიანებს უბიძგო შეკრებებისკენ, ეს არის უპასუხისმგებლობა და მოქალაქეთა საფრთხეების მიმართ გულგრილობა.

    სამწუხაროდ, რასაც ბოლო პერიოდში ცალკეული მღვდელმთავრები თუ ზოგადად, სასულიერო პირები აცხადებენ თუ აკეთებენ, არაფერში აღარ ჯდება, ეს არის უპასუხისმგებლობითა და ადამიანების მიმართ გულგრილობით გაჯერებული განცხადებები და ქმედებები. ახლა ხდება არა ეკლესიის დევნა, არამედ ეკლესიის მხრიდან ადამიანების დევნა. ჩვენი ეკლესია კი დღითიდღე ხდება სულ უფრო ჩაკეტილი სივრცე და ემსგავსება კერპთაყვანისმცემლურ წარმართულ რელიგიას.

    რაც გინდა მასების ლანძღვისა და დევნის მსხვერპლები გავხდეთ, ჩვენ უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი. ვიცი, ჩემს სიტყვებს რაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ დღეს ეს ვთქვა.“– ამბობს გამზარდია.

  • ამაღამ სუპერმთვარეობაა. რას ნიშნავს და როდის გამოჩნდება ვარდისფერი სუპერმთვარე

    ამაღამ სუპერმთვარეობაა. რას ნიშნავს და როდის გამოჩნდება ვარდისფერი სუპერმთვარე

    8 აპრილის ღამეს 2020 წლის მთვარი სუპერმთვარეობაა – მოვლენა, როცა მთვარის დისკო ცაში უფრო ახლოს და უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სხვა დროს. რა არის ვარდისფერი სუპერმთვარეობა და რატომ ქვია მას ასე?

    სუპერმთვარეობა – ეს არის სავსემთვარეობა, რომელიც ემთხვევა მთვარის მიერ მისი ორბიტის დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილის გავლას. ამაღამ მთვარე დედამიწიდან ზუსტად 357 ათასი კილომეტრით აღმოჩნდება დაშორებული, როცა ჩვეულებრივ ის დედამიწისგან 384 ათასი კილომეტრით არის დაშორებული.

    ამიტომაც მთვარე ამ დროს უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს. სუპრმთვარეობები რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება, თუმცა დღევანდელი “ვარდისფერი“ სუპერმთვარეობა 2020 წელს ყველაზე კაშკაშა იქნება.

    იქნება თუ არა მთვარე მართლაც ვარდისფერი?

    სამწუხაროდ, არა. ვარდისფერს ასეთ სუპერმთვარეობას კულტურული ტრადიციის გამო უწოდებენ, იმიტომ რომ ის ხშირად ემთხვევა აშშ–სა და კანადაში ფლოქსის ვარდისფრად ყვავილობას.

    როგორ და როდის დაინახვთ სუპერმთვარეს, იმაზეა დამოიკდებული დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ.  საქართველოში ის უფრო გამთენიისას გამოჩნდება.

    თუმცა, მიუხედავად იმისა,  დედამიწის რომელი კუთხიდან დააკვირდებით მას, სუპერმთვარე ცაზე 8 აპრილის შემდეგ კიდევ რამდენიმე ღამის განმავლობაში გამოჩნდება.