Category: სხვადასხვა

  • “არ სჭირდება ეპიდემიის მართვას ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია!“– ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

    “არ სჭირდება ეპიდემიის მართვას ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია!“– ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

    აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჩკორი, რომელიც The Mount Sinai Hospital –ში მუშაობს,    ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ნანა გეგეჩკორი კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, ვირუსი მასაც გადაედო და ცოტა ხნის წინ განიკურნა. ნანა გეგეჩკორი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, როგორ ახერხებენ ამერიკაში სამედიცინო დაწესებულებები მედპერსონალის საჭირო რაოდენობის მობილიზაციას.

    “თვალი მოვკარი წუხილს რამდენად ცოტა ინფექციონისტი ან რეანიმატოლოგი ჰყავს საქართველოს და რა მცირეა პაციენტების რიცხვი ვისი მოვლაც მათ შეუძლიათ.
    მძიმე ეპიდემიის მართვისთვის არაა აუცილებელი ინფექციონისტების ან რეანიმატოლოგების არმია.

    ჩემი ჰოსპიტლის გამოცდილებიდან…

    პაციენტების პირველი ნაკადი მედიცინის დეპარტამენტმა მიიღო. როგორც კი მივხვდით ნაკადის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტენდენციას, სასწრაფოდ დაიწყო ჰოსპიტლის გადაწყობა ახალი რეალობის შესაბამისად. ქირურგიის, ორთოპედიის, გინეკოლოგიის, პედიატრიის, ფსიქიატრიის განყოფილებები გადაკეთდა კოვიდ უნიტებად და მედიცინის ჯგუფის უკვე გამოცდილი რეზიდენტები და ექიმები ჩაუდგნენ სათავეში ამ დეპარტამენტებს. ორ კვირაში გადავამზადეთ ორთოპედიის, ქირურგიის, ფსიქიატრიის, პედიატრიის რეზიდენტები იმ დონემდე რომ დამოუკიდებლად შეძლებოდათ კორონავირუსით გამოწვეული პათოლოგიის მართვა. ყველა ასეთ დეპარტამენტს ზედამხედველად ყავს მედიცინის მესამე წლის რეზიდენტი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ექიმია (სულ რაღაც ორთვეში აქვს ყველას სალიცენზიო გამოცდა). მას ჰყავს ორი ან სამი (იუნიტის სიდიდის მიხედვით) ჯგუფი რეზიდენტების, რომელიც შედგება ერთი ჯუნიორ და ერთი სენიორ რეზიდენტისგან. ეს ნაკრები მართავს დაახლოებით 60 პაციენტს. მედიცინის რეზიდენტები მართავენ ასევე ახლადგახსნილ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს.

    რეზიდენტურაში ყველას გვაქვს ბრწყინვალე გამოცდილება ინტენსიური თერაპიის განყოფილების მართვის, იმდენად რომ მესამე წლის ნებისმიერ რეზიდენტს შეუძლია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინტენსივისტი. კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, რევმატოლოგიის ფელოები მუშაობენ მედიცინის დეპარტამენტში და იკავებენ სენიორ რეზიდენტების ან უფროსი ექიმების პოზიციებს. ინექციურის ფელოები ასრულებენ კონსულტანტების როლს მთელი ჰოსპიტლისთვის. მათი უშუალო სიახლოვე პაციენტთან საერთოდ არაა საჭირო. უმეტესად ასეთ კონსულტაციას ვიღებთ ტელეფონით. ასევე ისინი მართავენ ტექნიკურად კლინიკურ კვლევებში პაციენტების ჩართვის პროცესს, რაც გულისხმობს რამდენიმე, უკვე ყველასთვის ცნობილი ახალი პრეპარატის გამოყენებას. ამ პრეპარატების გამოყენებას მათი წერილობითი დასტური სჭირდება. ეს უზრუნველჰყოფს პაციენტების ზედმიწევნით ზუსტად შერჩევას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისთვის.
    მოკლედ ასეთი ფორმულით მუშაობს ჩემი ჰოსპიტალი. ჩვენ უკვე მოვემსახურეთ 800–ზე მეტ უმძიმეს პაციენტს. გავწერეთ 300-ზე მეტი კარგ მდგომარეობაში. ამ წუთას ჰოსპიტალში 180-მდე პაციენტია მართვით სუნთქვაზე.

    ზოგადად ამერიკაში საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების გამწევი ძალა არის რეზიდენტი და ფელოუ. უფროსი ექიმი არის მხოლოდ ზედამხედველი. რეზიდენტი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა უფროსი ექიმი უმაგრებს ზურგს საჭიროების შემთხვევაში. პულმონოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ფელოები ზედამხედველობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს, ასეთი 5 აქვს ამ წუთას ჰოსპიტალს.
    მოკლედ, მთავარია დროზე გადაამზადონ სხვა და სხვა ვიწრო სპეციალობების ექიმები და გადააჯგუფონ ჰოსპიტლები შესაბამისად.

    არ სჭირდება ეპიდემიის მართვას ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია!
    და კიდევ, მთავარია ექიმი იყოს ზედმიწევნით კარგად დაცული შესაბამისი აღჭურვილობით და არსებობდეს რეზერვის კარგად გათვლილი ჯგუფი ექიმების და ექთნების ავადმყოფობის პირობებში (რაც სამწუხაროდ გარდაუვალია).

    და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ უნდა მოიმარაგოს საჭირო რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები და გადაამზადოს ყველა ზემოთჩამოთვლილი სპეციალობის ექიმი მისი გამოყენებისთვის!“– წერს ნანა გეგეჩკორი.

  • კატების და ძაღლების მფლობელებს Covid19 უფრო ადვილად გადააქვთ. ექიმების დაკვირვება

    კატების და ძაღლების მფლობელებს Covid19 უფრო ადვილად გადააქვთ. ექიმების დაკვირვება

    შინაური ცხოველების, კერძოდ ძაღლების და კატების მფლობელებს უფრო ადვილად, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ კორონავირუსი Covid19. ასეთი განცხადება გააკეთა პოლონელმა ექიმმა, საბინა ოლექს–კონდორმა, რომელიც მადრიდის ერთ–ერთ კლინიკაში მუშაობს.

    მისი აზრი კორონავირუსით დაინფიცირებული 100 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფზე დაკვირვებას ეფუძნება. ექიმი ვარაუდობს, რომ ბეწვთან და ნერწყვთან მუდმივი კონტაქტის გამო ძაღლების და კატების პატრონთა იმუნიტეტი სხვადასხვა პათოგენების მიმართ უფრო მდგრადია.

    “ეს საკითხი შემდგომ შესწავლას მოითხოვს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს  მაღალ იმუნიტეტთან ცხოველებისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ კორონავირუსებთან  მუდმივი კონტაქტის გამო, რაც იმუნური სისტემის უფრო ეფექტურად მუშაობას იწვევს“– ამბობს ექიმი.

    გარდა ამისა, ის აღნიშნავს რომ ასეთი ტენდენცია აღინიშნება მედიკოსებს შორისაც. კერძოდ, მათ შორის, ვისაც სახლში კატები ყავთ ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია მაშინ, როცა ყველაზე მეტად ის ექიმები ინფიცირდებიან, ვისაც სახლში ცხოველი არ ყავთ.

    ერთ–ერთი თეორია კატების და ძაღლების მოყვარულთა მომეტებული მდგრადობის შესახებ საშიში დაავადების მიმართ ჯვარედინ რეაქციას ეფუძნება. ცნობილია, რომ კატებში არსებობს კატების კორონავირუსის ფორმა, რომელიც ადამიანზე არ გადადის. ამიტომაც შესაძლებელია ადამიანებს, ვისაც ყოველდღიური ახლო ურთიერთობა აქვთ ვირუსის მატარებელ კატებთან, კატის ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამოუმუშავდებათ. და ამ სხეულებს ადამიანის ვირუსის განადგურებაც შეუძლიათ. ეს მოვლენა ბუნებაში არსებობს და მას ჯვარედინ რეაქციას უწოდებენ. რა თქმა უნდა, ამ ვარაუდის დასადასტურებლად სიღრმისეული კვლევაა საჭირო.

    ზოგადად კი მედიკოსები აღნიშნავენ, რომ კატებთან, ძაღლებთან, ჩიტებთან, თევზებთან, სხვა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა და მათი მოვლა ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას ასტიმულირებს. ამას ხელს უწყობს ბეწვთან, ფრთებთან, ნერწყვთან და მიროორგანიზმებთან მუდმივი კონტაქტი, რომლებიც ცხოველების ორგანიზმში ბუდობენ. უფრო მეტიც, ის ადამიანები, ვინც ბეწვიან ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ, რომლებსაც მუდმივი გასეირნება ესაჭიროებათ, მუდმივად იღებენ კარგი იმუნიტეტისთვის საჭირო ფიზიკური აქტივობის აუცილებელ პორციას, რასაც თავისი წვლილი შეაქვს აორგანიზმის დაცვითი მექანიზმების ფორმირებაში.

     

     

     

  • “საპატრიარქო თავის უგუნურებით  ნოყიერ მასალას აძლევს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაამკაცროს ძალაუფლება და ტოტალიტარიზმი სახელმწიფოში“–არჩილ გამზარდია

    “საპატრიარქო თავის უგუნურებით ნოყიერ მასალას აძლევს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაამკაცროს ძალაუფლება და ტოტალიტარიზმი სახელმწიფოში“–არჩილ გამზარდია

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია თვლის, რორმ ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად იყენებს, საპატრიარქო კი ამაში ხელს უწყობს:

    “ხელისუფლებას სინამდვილეში მაქსიმალურად აწყობს მიზეზები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობაც გაახანგრძლივოს და შეზღუდვებიც უფრო და უფრო გაამკაცროს, თან სხვებს აბრალოს.

    საპატრიარქოს ჰგონია რომ ხელისუფლება საპატრიარქოს თამაშს თამაშობს, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. საპატრიარქო, თავის უგუნურებით უხვ და ნოყიერ მასალას აძლევს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაამკაცროს ძალაუფლება და ტოტალიტარიზმი სახელმწიფოში.

    ამ უგუნურების გამო, საპატრიარქო გამოვა ყველაფერში დამნაშავე, მის წინააღმდეგ მიმართავს ხელისუფლება საზოგადოების რისხვას, ხელისუფლება კი უსუსურ, ჩაგრულ, მაგრამ კეთილგონიერი პერსონაჟის იმიჯს შეიქმნის.

    ჯამში ეს ყველაფერი კი მხოლოდ გააძლიერებს ხელისუფლების ძალაუფლებას.

    თუ წინა ხანებში ჩვენ ვიდექით ტოტალიტარიზმის ზღურბლთან, დღეს უკვე შევაბიჯეთ პირველი ნაბიჯები ტოტალიტარიზმში. უგუნური მოქალაქეები კი ტაშის გრიალით შეხვდნენ მორიგ აკრძალვებს და ლამის იქით გადაუხადეს მადლობა მორიგი ულუფა თავისუფლების და პერსპექტივის წართმევისათვის.

    “ქართული ოცნება” არც უუნაროა და არც სუსტი, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სურს – ტოტალური გავლენის მოხვეჭას, ავტორიტეტული ინსტიტუტების ნგრევას და სრულ, ტოტალურ ძალაუფლებას მოქალაქეებზე. ქმნის ტოტალიტარულ სახელმწიფოს.“– წერს არჩილ გამზარდია.

  • “რომ ეკითხებით რა როგორ იქნება, თვითონაც არ იციან და რა გითხრან“– ხუხაშვილი მთავრობაზე

    “რომ ეკითხებით რა როგორ იქნება, თვითონაც არ იციან და რა გითხრან“– ხუხაშვილი მთავრობაზე

    ექსპერტ გია ხუხაშვილს მთავრობის ქმედებები და კრიზისთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ანეგდოტს ახსენებს:
    “ერთი ანეგდოტია კახელზე. გერმანელებმა დაიჭირეს. აწამეს, მაგრამ ვერაფრით ვერ ათქმევინეს ვერც ნაწილის ნომერი, ვერც დისლოკაციის ადგილი, ვერც ნაწილის რიცხოვნება. ჩააგდეს დილეგში, საიდანაც ღამე ხმაური შემოესმათ. მივიდნენ და ნახეს, რომ მიხო კედელს ურტყამდა თავს და მოსთქვამდა – “გაიხსენე, ვიროოო!!!”…
    ასეა ჩვენი მთავრობის საქმეც. რომ ეკითხებით, ეს როგორ იქნება, ის როგორ იქნება.
    თვითონაც არ იციან და რა გითხრან…“– ამბობს გია ხუხაშვილი
  • ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

    ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

    გამოცემა ფორბსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე კარგად გაართვეს თავი კორონავირუსთან ბრძოლას, ქალები მართავენ. გამოცემას შვიდი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს და წერს:

    “თუ ეძებთ კრიზისის პირობებში ნამდვილი ლიდერობის მაგალითებს, ისლანდიიდან ტაივანამდე და გერმანიიდან ახალ ზელანდიამდე, ქალები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ კაცობრიობის ოჯახზე გაჩენილ შავ ლაქას. დაუმატეთ ფინეთი, ისლანდია და დანიაც და ეს პანდემია დაგარწმუნებთ, რომ ქალები  მიზანს აღწევენ, როცა ჩვენს სახელმწიფოებში ტემპერატურა იწევს. ბევრი იტყვის, რომ ესენი არიან პატარა სახელმწიფოები, კუნძულები, ან სხვა ტიპის გამონაკლისები, მაგრამ გერმანია დიდი და წამყვანი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი კი კუნძული სრულიად განსხვავებული შედეგებით. ეს ლიდერები ძალაუფლების ფლობის ალტერნატიულ, მიმზიდველ გზას გვთავაზობენ. რას გვასწავლიან ისინი?

    გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ყველაზე ადრე გამოფხიზლდა და მშვიდად უთხრა თავის მოქალაქეებს, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა და შესაძლოა მოსახლეობის 70% დაინფიცირებულიყო. მან მოუწოდა მოქალაქეებს, სერიოზულად მოკიდებოდნენ ამ ამბავს და თვითონაც სერიოზულად მოეკიდა. ტესტირება თავიდანვე დაიწყო. გერმანიამ უარყოფის, განრისხების, თვალთმაქცობის ფაზები  გამოტოვა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მის მეზობლებში. და არსებობს ყველა ნიშანი, რომ გერმანია შეზღუდვების მოხსნას სხვებზე ადრე დაიწყებს.

    ერთ–ერთი, ვინც ყველაზე სწრაფად გადადგა პირველი ნაბიჯები ტაივანის ლიდერი ცაი ინ ვენი იყო. ჯერ კიდევ იანვარში, ახალი დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მან მიიღო 124 ზომა დაავადების გავრცელების ბლოკირებისთვის, მათ შორის ნაკლებად იყო ის ზომები, რაც სხვა ქვეყნებში მოგვიანებით შემოიღეს. ამჟამად ის 10 მილიონ დამცავ ნიღაბს უგზავნის აშშ–ს და ევროპას. ცაიმ მოახერხა ის, რასაც სიენენმა “მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო“ უწოდა ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით და მოახერხა მისი გაკონტროლება. მის ქვეყანაში დღემდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალება დაფიქსირდა.

     

    ახალი ზელანდიის ლიდერმა, ჯასინდა არდენმა დროულად მიიღო შეკავების ზომები, გამოაცხადა განგაშის მაქსიმალური დონე და ქვეყანა ჩაკეტა. მან თვითიზოლაციაში ყოფნა დაავალდებულა ქვეყანაში შემსვლელებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალ ზელადნიაში სულ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე სრულად აკრძალა უცხოელების შესვლა. მისმა მკვეთრმა ნაბიჯებმა და მკაფიო კურსმა ახალი ზელანდია შტორმისგან დაიცვა. ამ დროისთვის ახალ ზელანდიაში კორონავირუსისგან მხოლდ 9 გარდაცვლილი ყავთ. ტესტირების მაჩვენებლითაც ქვეყანა ერთ–ერთი ლიდერია.

    ისლანდიის პრემიერმა,  კატრინა იაკობსდოტირამ მოახერხა, რომ  რომ ისლანდიის ყველა მოქალაქისთვის ტესტირება უფასო და ხელმისაწვდომია.  ისლანდია თვალსაჩინო მაგალითი და შემთხვევა გახდება Covid19-ის სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლის შესასწავლად. აქ უკვე მოსახლეობის 10%–ზე მეტი გაიტესტა. ქვეყნების უმეტესობა ტესტირებას მხოლოდ აქტიურ სიმპტომებიან ადამიანებს უტარებს. ისლანდია კი სხვა გზით მიდის. მან უკვე დატესტა პროცენტულად მოსახლეობის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე სამხრეთ კორეამ და წარმატებით ახორციელებს გამოვლენის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არც საყოველთაო კარანტინი სჭირდება და არც სკოლების დახურვა.

     

    სანა მარინი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური გახდა მსოფლიოში, როცა გასული წლის დეკემბერში ის ფინეთის ლიდერად აირჩიეს. ალბათ მართლაც ახალი თაობის ლიდერი იყო საჭირო განსხვავებული მიდგომებისთვის, მაგალითად იმისთვის,  რომ ახალი კორონავირუსის კრიზისისას ბრძოლაში საკვანძო აგენტებად სოციალური მედიის ინფლუენსერები გამოეყენებინა.

    ფინეთში გააცნობიერეს, რომ პრესას ყველა არ კითხულობს და ნებისმიერი ასაკის ინფლუენსერს იყენებენ სოციალური ქსელებით თუ სხვა საშუალებებით ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გასავრცელებლად და პანდემიის სამართავად.

    დანიამ პრემიერ მინისტრ მეტე ფრედერიკსენის მეთაურობით მოხერხა ის, რომ ამ კვირას იქ უკვე სწავლა იწყება, საკარანტინო ზომები მსუბუქდება და ექსპერტების ვარაუდით დანია იქნება ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ეკონომიკის რეაბილიტაციას შეძლებს.

     

    ნორვეგიის პრემიერ–მინისტრს, ერნა სოლბერგს ეკუთვნის ნოვატორული იდეა  ნორვეგიელ ბავშვებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის ტელევიზია გამოეყენებინა.

    მან გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ზრდასრულები არ დაიშვებოდნენ. სოლბერგი აუჩქარებლად პასუხობდა ბავშვების კითხვებს და უხსნიდა, რატომ არის მაგალითად ნორმალური, როცა თავს შეშინებულად გრძნობ.

    ფორბსი აღფრთოვანებით წერს ქალი ლიდერების ნოვატორობაზე, ორიგინალურობაზე, მათ მიერ სიყვარულით გაკეთებულ საქმეზე,  სითბოზე, თანაგრძნობაზე და მზრუნველბაზე,  რომელსაც ისინი კრიზისის დროს ასხივებდნენ.

    ფორბსი წერს, რომ მეტი ქალი ლიდერი მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ჰუმანურ ინოვაციას მოგვიტანდა.

    ფორბსი ამ ლიდერების და მათი ისტორიების შედარებას გვთავაზობს იმ ლიდერებთან, რომლებიც კრიზისებს ავტორიტარიზმის გასამყარებლად იყენებენ: ყველაფერს სხვებს აბრალებენ, იტაცებენ სასამართლო ორგანოებს, ეწევიან ჟურნალისტების დემონიზაციას, ებღაუჭებიან მარადიულ ძალაუფლებას. ამ ლიდერების ჩამონათვალში მოხვდნენ ტრამპი, ბოლსონარო, ობრადორი, მოდი, დუტერტე, ორბანი, პუტინი, ნეთანიაჰუ.

     

    ფორბსი წერს, რომ კარგი იქნებოდა მამაკაც ლიდერებს ქალებისგან აეღოთ მაგალითი და მათგან ესწავლათ ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებები.

  • ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა თავი მოიკლა

    ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა თავი მოიკლა

    ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა სიცოცხლე სუიციდით დაარულა.

    30 წლის თემო სამხარაძე, რომელიც ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლიც იყო, დღეს თავი ჩამოიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.

    გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.

    არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.

    დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.

    არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად,”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • “ვერავინ დაუშლის ქრისტიანს ქრისტესთვის მოკვდეს, მაგრამ არავის აქვს უფლება სხვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენოს“–ზაზა ფირალიშვილი

    “ვერავინ დაუშლის ქრისტიანს ქრისტესთვის მოკვდეს, მაგრამ არავის აქვს უფლება სხვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენოს“–ზაზა ფირალიშვილი

    ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აფასებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, არ შეწყვიტოს ღვთისმსახურება და სასულიერო პირების მოწოდებას მრევლმა ტაძრებში იაროს. მისი აზრით, ყველას აქვს ინდივიდუალური არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს ან მისცეს ტყუილი იმედი, რომ საფრთხე არ ემუქრება:

    “გულწრფელად ვამბობ: ძალიან მიჭირს იმის თქმა, რასაც ახლა დავწერ.
    ვერავინ დაუშლის ქრისტიანს ქრისტესთვის მოკვდეს. ქრისტიანობის ძალა იმთავითვე ეს იყო: ერთეულთა უნარი, სიხარულით შეხვედროდენ სიკვდილს და თავის ღმერთს. ეკლესია იმთავითვე ამ ადამიანების ძალას ეყრდნობოდა. ცხადია, არაქრისტიანებისათვის ეს გაუგებარი იყო. მათ არ ესმოდათ, რომ ქრისტიანებისათვის სიკვდილი არ იყო ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დამართნოდათ, რადგან არ იცოდნენ სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი ღმერთი. დღესაც ასეა.

    მაგრამ, სულო ცოდვილო და, არ მახსენდება, ოდესმე სასიკვდილო საფრთხის წინაშე მყოფ წამებულებს ერთმანეთისათვის უდიდესი რამის – ღვთის სასუფევლის გარდა რაიმე სხვა იმედი მიეცათ, მითუმეტეს, სასწაულებრივ უსაფრთხოებას დაპირებოდნენ და რაიმე ისეთი გაეკეთებინათ, რაც სხვებს სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებდა. მათ იცოდნენ, ვინ არის სიცრუის მამა და რომ ასეთი ტყუილი საფუძველშივე მოსპობდა ეკლესიის მიმართ ნდობას.
    თუ ვინმე მზად არის ქრისტეს გზა გაიაროს და მისთვის მოკვდეს, მისი ნებაა. ქედს ვიხრი მის წინაშე. მაგრამ თუ ეს მავანი საკუთარ თავსაც და, მითუმეტეს, სხვებსაც უსაფრთხოებასა და სასწაულებრივად გადარჩენას ჰპირდება, და მოუწოდებს, მომყევითო, ის მართალს არ ამბობს და საფრთხის წინაშე აყენებს ეკლესიას.


    ეპიდემიას მრავალი ჭეშმარიტი ქრისტიანი შეუწირავს. სწორედ ახლა გავიგე, რომ მეოთხე საუკუნეში პახუმი დიდი შავი ჭირის ეპიდემიის გამო გარდაცვლილა 135 მონაზონთან ერთად. მათ არ ჰქონიათ სასწაულებრივი გადარჩენის იმედი და ცრუ დაპირებით არ წაუქეზებიათ ერთმანეთი. არც ის მოუვიდოდათ აზრად, სხვებისთვისაც მოეწოდებინათ, არ შეშინებოდნენ სენს. საიდუმლოთა აღსრულება არ არის მიწიერი წარმატების მომტანი მაგიური რიტუალი. ასეთი გულუბრყვილო ჯადოსნობა მათთვის, როგორც ქრისტიანებისათვის, უცხო იყო. მათ დაინახეს, რომ უფალთან შეყრის დრო მოვიდა და რწმენით შეხვდნენ მას.


    ჩინეთში ეპიდემიების დროს დაავადებულთა მოვლისას ათასობით ქრისტიანი მისიონერი იღუპებოდა. მათ კარგად იცოდნენ თავისი ნაბიჯის ფასი.


    მესმის, როგორი მიუღებელი იქნება ბევრისთვის ეს აზრი, მაგრამ მაინც მე, საერო პირი, ვბედავ და ვამბობ: ვფიქრობ, კარგად უნდა გვესმოდეს, რისთვის მივდივართ ზიარებაზე: სასწაულებრივი უსაფრთხოების იმედით, თუ კარგად გააზრებით იმისა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს და მზად ვართ თუ არა. დარწმუნებული ვარ, არიან მცირედნიც, ვინც მზადაა. ისინი ამ ნაბიჯს დგამენ მიუხედავად მოსალოდნელი შედეგებისა და არა სასწაულებრივი უსაფრთხოების გარანტიით. ალბათ, სწორედ ესაა რწმენა. ასეთები თავს უფლებას არ მისცემენ, სხვებსაც იმავესკენ მოუწოდონ, მითუმეტეს, უსაფრთხოების გარანტია მისცენ და საჯაროდ იხმაურონ ამის შესახებ. ცალკეულმა შეიძლება ქრისტესთვის სიცოცხლე დათმოს, რადგან იცის, რომ უფრო დიდი სიცოცხლე ელის, მაგრამ უფლება არა აქვს, სხვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენოს, თანაც სასწაულს დაჰპირდეს ან დააშინოს, რომ თუ ახლა არ ეზიარება, სამარადისო ტანჯვა ელის.
    უფლის წინაშე წარმდგარი ადამიანი მარტოა. საჯარო ჟრიამულში და კოლექტივისტურ ვნებებში ეს ვერ მოხდება.


    სასწაული შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა. ეს ღვთის ნებაა და არაფრით არ არის დაკავშირებული ზიარების საიდუმლოს ჭეშმარიტებასთან.“– ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

  • “მთავარია პანიკამ არ მოგიცვას“–ქართველმა ექიმმა ამერიკაში კორონავირუსი გადაიტანა

    “მთავარია პანიკამ არ მოგიცვას“–ქართველმა ექიმმა ამერიკაში კორონავირუსი გადაიტანა

    ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჩკორმა, რომელიც ამერიკის ერთ–ერთ ჰოსპიტალში მუშაობს, და კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს, თავადაც გადაიტანა კორონავირუსი. ამის შესახებ მან დღეს მთავარი არხის ეთერში, მას შემდეგ განაცხადა, რაც ვირუსის ძირითადმა ფაზებმა უკვე გადაიარა. ის ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის შესახებ საქართველოში მცხოვრებმა ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, რომ არ ენერვიულათ. ნანა გეგეჩკორი თვლის, რომ სავარაუდოდ ვირუსი პაციენტისგან გადაედო, როცა სამსახურიდან წასასვლელად გამზადებულს მოულოდნელად მოუწია პაციენტთან შესვლა კრიტიკული მდგომარეობის გამო. ის ეჭვობს, შეცდომა დაუშვა აღჭურვილობაში, რომელიც ნაუცბათევად მოირგო და შესაძლოა  ნიღაბი, რომელიც ნაუცბათევად შეარჩია, შესაძლოა მისი ზომის არ იყო. ექიმის თქმით, ნიღბის ზომის სწორად შერჩევა და მისი მორგება მნიშვნელოვანია.

    ის ყვება, რომ პაციენტთან ორი საათის განმავლობაში მოუწია პალატაში დარჩენა და პროცედურების გაკეთება, მათ შორის კათეტერის ჩადგმა. იმის გამო, რომ მარტო იყო და  დახმარება დაჭირდა, ტელეფონიც გამოიყენა. თვლის, რომ სავარაუდოდ მოგვიანებით ტელეფონის სტერილიზაცია დაავიწყდა. ნანა გეგეჩკორი ამბობს, რომ ამ დღის შემდეგ მუდმივად ელოდა რომ დაინფიცირდებოდა და მართლაც, ერთი კვირის თავზე ვირუსის სიმპტომები გამოაჩნდა. თუმცა ამბობს, რომ მან კორონავირუსი შედარებით მსუბუქი ფორმით გადაიტანა.

     

    მომიწია პალატაში ყოფნა და პროცედურების გაკეთება, კათეტერის ჩადგმა. მარტო იყო, დახმარება ჭირდებოდა და ტელეფონი გამოიყენა. გარდა ამისა, ზუსტად ვერ იხსენებს, თუმცა არ გამორიცავს, რომ პაციენტის პალატაში ტელეფონიც გამოიყენა, მოგვიანებით კი მისი სტერილიზაცია დაავიწყდა. სავარაუდოდ ტელეფონი გამოიყენა ისე, რომ ტელეფონი დაბინძურებული იყო   ნანა გეგეჩკორი  ამბობს, რომ მან ვირუსი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით გადაიტანა, თუმცა ქონდა მაღალი სიცხე, ძირითადად 40 გრადუსი, საშინელი სისუსტე. ექიმი ამბობს, რომ ის ფსიოლოგიურად წინასწარ იყო ამისთვის მომზადებული, თუმცა შიში მაინც ქონდა.

    მე გამიმართლა და მსუბუქი ფორმით დავავადდი.

    დაინფიცირების გზებზე ინფორმაცია იცვლება. თავიდან გვეგონა, რომ საკმარისი იყო ქირურგიული ნიღაბი, მერე აღმოჩნდა რომ არ არის საკმარისი. გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ბოლომდე არც ვიცით არის თუ არა ეს უფრო გავრცელებადი ვიდრე დღეს ვიცით, ამიტომაც სოციალური დისტანცირება არის აუცილებელი ამ სიტუაციის მართვისთვის.

    “ტესტი არ ჩამიტარებია,  ტესტს აქვს ცრუ უარყოფითი შედეგიც , ჩემი სიმპტომები იყო იმდენად კლასიკური,  უარყოფითი რომც ყოფილიყო, ჩემი მკურნალობის ტაქტიკას ეს მაინც არ შეცვლიდა.

    პირველივე დღიდან ვამზადები ჩემს თავს რომ ამის შანსი იყო ძალიან დიდი. რისკი ექიმებისთვის და ექთნებისთვის რომ ჩვენ იქ დავაავადდებით არის ძალიან მაღალი. რამდენად შესაძლებელია თავის დაცვა არც კი ვიცი. მომზადებული მყავდა ჩემი თავი და ვამზადებდი ოჯახს. მქონდა გეგმაც ორკვირიანი კარანტინის. წინასწარ ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად. რომ გითხრათ რომ არ შემეშინდა არ ვიქნები გულწრფელი. პირველად რომ აღმოვაჩინე რომ მქონდა ძალიან მაღალი სიცხე, პირველი რეაქცია იყო ის, რომ გამახსენდა ყველა ტრაგიკული შემთხვევა რაც მოხდა. გვყავდა ჩემი ასაკის პაციენტებიც, რომელთა შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.

    საქართველოში ვინც მყავს დღეს თქვენგან გაიგებენ. სანამ კარგად არ გავხდებოდი, არ მინდოდა რომ გაეგოთ და ენერვიულათ. დავურეკე ოჯახს, ავუხსენი მათ. ისედაც იზოლირებული ვიყავი ერთი თვე მანამდე, რომ რამე არ გადამედო.

    ასეთ დროს გჭირდება ექიმი შენ თვითონაც რომელსაც შეიძლება ენდო, იმიტომ რომ ბოლო–ბოლო ყველაფერი შეიძლება ისე გართულდეს, რომ  გადაწყვეტილებები საკუთარი თავისთვისაც კი  ვერ მიიღო.დავურეკე ზურაბ გურულს, რომელსაც ძალიან ვენდობი როგორც უმაღლესი კლასის პროფესიონალს და ძალიან კეთილსინდისიერ ექიმს და მას ვთხოვე რომ გაეწია ამ პროცესის განმავლობაში სამედიცინო დახმარება. ასე მოხდა ჩემი კარანტინის დაგეგმარება. ზურასთან საუბარმა ძალიან დამამშვიდა. დავიწყე ჩვეულებრივად სიმპტომების მართვა. მქონდა თთქმის  ყველა სიმპტომი მსუბუქად გამოხატული. უმეტესად მაწუხებდა  ძალიან მაღალი სიცხე რომლის მართვა მედიკამენტებით არის რთული, ეს არ არის საშიში, მაგრამ  ძალიან ცუდი ასატანია, როცა გაქვს მაღალი სიცხე, გაქვს საშინელი ტკივილი მთელ სხეულში, გაქვს  თავის აუტანელი ტკივილი, ღებისნების შეგრძნება. გემო დავკარგე ფაქტიურად, ბოლომდე არც მაქვს ჯერ აღდგენილი. სხვა ყველა სიმპტომმა გამიარა. მქონდა ძალიან ძლიერი ტახიკარდია. ყველაზე მძიმე ასატანი აღმოჩნდა, რომ მქონდა საშინელი სისუსტე.წარმოუდგენელი, შემეშინდა კიდევაც, რომ გადაადგილებაც კი მიჭირდა ერთი–ორი დღე. შემდეგ ძალიან ადვილად გადავიტანე შემდეგი დღეები. რამდენიმე დღეა არც სიცხე მაქვს,არც სიმპტომები მაქვს. ძალიან ორგანიზებულად ვაკონტროლებდი საკუთარ თავს. მე მქონდა ძალიან მსუბუქი ფორმა.

    მე არ მჭირდებოდა არც კლინიკაში ყოფნა. ჩემი კლინიკდან ყოველდღიურად მიკავშირდებოდა ექთანი. იწერდა ჩემს მონაცემებს . ვიზომავდი სიცხეს, ჟანგბადის შემცველობას სისხლში. მაკონტროლებდა, როგორც ვაკონტროლებთ ხოლმე მსუბუქ პაციენტებს. საბედნიერდ მე არ მქონია არც ხველება და არც სუნთქვის უკმარისობა. მონდა ყველაფერი სხვა, მაგრამ ეს ორი მნშვნელოვანი რამ არ მქონია.

    როდესაც ავად ხარ ძალიან რთულია ამ დროს რაღაც აკეთო,მაგრამ  უნდა ეცადო, რომ სუნთქვითი ვარჯიშები აკეთო, ძალიან მცირე ვარჯიშები. თუნდაც ბურთი გაბერო რომ რაც შეიძლება მეტად ფილტვის აერაცია მოხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფილტვის ყველა კუთხე კარგად სუნთქავდეს და თან არ დაერთოს ბაქტერიული პნევმონია. ვეცადე რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გამეგრძელებინა ცხოვრება. ინტერნეტით აქტიური კონტაქტი მქონდა კოლეგებთან და განვიხილავდით ლიტერატურას, ვცვლიდით ინფორმაციას.

    მთავარია რომ პანიკამ არ მოგიცვას. თქვენს მაყურებელს საბედნიეროდ არ აქვს ნანახი ის საშინელებები, რაც ტრაგედიები, რაც მე გამოვიარე ჩემს პაციენტებთან ერთად. პირველი, რაც გამახსენდა იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდას შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, და ეს ფსიქოლოგიურად არ არის მარტივი, მაგრამ უნდა სცადო რომ მოერიო ამას. ამ დროს პანიკა არ არის საუკეთესო მეგობარი. ბევრი ეტაპი უნდა გაიარო, ბევრ რაღაცას გაუძლო, სწორად მართო. ოჯახის წევრებზეც ვფიქრობდი. არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი ჩემი პორბლემებით მოცული . ვფიქრობ, რომ ეს გეხმარება და ამან გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი შეიტანა. “– ამბობს ნანა გეგჩკორი.

  • რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავის სახლს ყიდულობენ ჰარი და მეგანი კალიფორნიაში

    რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავის სახლს ყიდულობენ ჰარი და მეგანი კალიფორნიაში

    როგორც ჩანს სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ამერიკაში დასაფუძნებლად სერიოზულად ემზადებიან. ისინი ლოს ანჯელესში საცხოვრებელ სახლს არჩევენ. გასულ კვირას ჰოლივუდელმა უძრავი ქონების აგენტმა ანდრეა პაილოტმა თავის ინსტაგრამზე სენსაციური ამბავი გამოაქვეყნა: “პრინცი ჰარი და მაგანი მელ გიბსონის სახლს ყიდულობენ“. რიელტორი, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების უძრავი ქონების გაყიდვით არის დაკავებული “საუკუნის გარიგების“ გამო ემოციებს ვერ მალავდა. როგორც ჩანს მან პირადად აჩვენა წყვილს მალიბუში მდებარე სახლი ხუთი საძინებლით, რომლითაც მეგან მარკლი აღფრთოვანდა. თუმცა, აგენტს ნაადრევი სიხარული შესაძლოა ძვირი დაუჯდეს.

    რამდენიმე საათში მისი ინსტაგრამ პოსტი გაქრა, კომპანია კი, სადაც ის მუშაობს კომენტარზე უარს აცხადებს.

    გარიგების ფასი 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად ფასდება. ადგილი სამეფო ოჯახისგან განდგომილი წყვილისთვის ზედგამოჭრილია – ლოს ანჯელესისგან მოშორებით და მეგანის დედის, დორის სახლთან ახლოს.

    მელ გიბსონის სახლს აქვს საოცარი ხედი წყნარ ოკეანეზე, ხუთი აკრი მიმდებარე ტერიტორია, ორი აუზი, სავარჯიშო დარბაზი და წევრობა ელიტურ სანაპირო კლუბში.  სახლი მელ გიბსონამდე დევიდ დუხოვნის ეკუთვნოდა.

    შეგახსენებთ, რომ სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ ჰარი და მეგანი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ეს ზამთარი გაატარეს, ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ისინი ამერიკაში, კერძოდ კი კალიფორნიაში აპირებენ ცხოვრებას.

  • ინდონეზიაში “მოჩვენებები” გამოჩნდნენ რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისას დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან

    ინდონეზიაში “მოჩვენებები” გამოჩნდნენ რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისას დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან

    ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მოხალისეები მოჩვენებების ფორმაში გადაცმულები გამოჩნდნენ.  ამ ხერხს ინდონეზიაში კორონავირუსის პანდემიისგან დასაცავად მიამრთეს რადგან ხალხს შეშინებოდა ქუჩაში გამოსვლა და სახლში დარჩენილიყვნენ. ამის შესახებ იფნორმაციას “Reuters” ავრცელებს. 

    როგორც გამოცემა, წერს ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს, მოჩვენებები დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან. თავდაპირველად სოფელში მოჩვენებების გამოჩენამ, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და ხალხი შეგნებულად გამოდიოდა გარეთ მათ სანახავად, თუმცა ამის შემდეგ ქუჩის მოჩვენებებმა დამალვა და მოულოდნელად გამოჩენა დაიწყეს რის შემდეგაც ხალხის რაოდენობამ სოფლის ქუჩებში იკლო.

    ინდონეზიურ ფოლკლორში პოკონგის სახელით არსებობს  მოჩვენება.  ეს არის გარდაცვლილი ადამიანის მოჩვენება. ასეთი ფიგურები თეთრი სამოსით იფარება და სახეც თეთრად აქვთ შეღებილი.