Category: სხვადასხვა

  • ნიკა გვარამიამ ლევან რატიანი პირდაპირ ეთერში დაჩქმიტა (ვიდეო)

    ნიკა გვარამიამ ლევან რატიანი პირდაპირ ეთერში დაჩქმიტა (ვიდეო)

    ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პირდაპირ ეთერში დაჩქმიტა.  როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა ეს მაყურებლის მოთხოვნა იყო.

  • Covid19-ით სიკვდილიანობა კაცებში ბევრად მაღალია, ვიდრე ქალებში. რა არის მიზეზი

    Covid19-ით სიკვდილიანობა კაცებში ბევრად მაღალია, ვიდრე ქალებში. რა არის მიზეზი

    ახალი კორნავირუსი არავის ინდობს –არც ავტობუსის მძღოლს და არც პრემიერ მინისტრებს.  თუმცა COVID-19-ის პანდემიას სრულიად განსხვავებული შედეგები აქვს ქალებისთვის და კაცებისთვის. თითქოს ვირუსისთვის სულერთი უნდა იყოს, ვის დააინფიცირებს, თუმცა ფაქტია, რომ სქესს მნიშვნელობა აქვს.

    განსხვავება აშკარაა არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მის გრძელვადიან შედეგებშიც.

    ერთ ერთი ყველაზე გასაოცარი განსხვავება სიკვდილიანობის დონეა. მაგალითად, აშშ–ში კორონავირუსით ორჯერ მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი.

    დასავლეთ ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 69% მამაკაცია. იგივე  შეიმჩნევა ჩინეთში და მთელ მსოფლიოში.

    ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები გენდერულ სტატისტიკას აწარმოებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რათა გაარკვიონ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ასეთი გენდერული სხვაობის მიზეზი, რომელიც.ჯერჯერობით გაურკვეველია. არსებობს მხოლოდ ვარაუდები.

    ერთ–ერთი თეორიის მიხედვით ვირუსზე ქალის იმუნური სისტემის რეაქცია უფრო ძლიერია. ოქსფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი, ფილიპ გულდერი ამბობს, რომ საერთოდ ვაქცინებზე და ინფექციებზე ქალების რეაქცია უფრო აგრესიული და უფრო ეფექტურია, ვიდრე მამაკაცების.

    ამის მიზეზი ის არის, რომ ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, კაცებს კი ერთი, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კორონავირუსთან შეჯახებისას.

    “კერძოდ ცილა, რომლითაც კორონავირუსები იცნობა, X ქრომოსომაშია დაკოდირებული. შედეგად ეს ცილა ქალის ბევრ იმუნურ უჯრედებში ორმაგი დოზით არის გამოხატული, ვიდრე კაცებში. შესაბამისად ქალის ორგანიზმის რეაქცია კორონავირუსზე ძლიერდება“ – ამბობს მეცნიერი.

    კიდევ ერთი ახსნა ქალის და კაცის განსხვავებული ცხოვრების წესია. მაგალითად, მწეველობის მაჩვენებელი, რაც თანმდევი დაავადებების არსებობას განაპიროებს – გულის, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ონკოლოგია –ეს ყველაფერი კორონავირუსის ინფექციის განვითარებაზე და შედეგზე აისახება. კაცებს შორის კი მწეველთა რიცხვი მეტია. შესაბამისად, დაინფიცირებულ მამაკაცებში ბევრად მეტია თანმდევი დაავადების მქონე, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილიანობაზე აისახება.

    გულდერი ამბობს, რომ განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ჩინეთში, სადაც მამაკაცების 50 % ეწევა, ქალებში კი მწეველთა წილი 5%–ს შეადგენს.

  • 100 წლის ბრიტანელმა საქველმოქმედო მარათონით ექიმებისთვის 12 მილიონი შეაგროვა

    100 წლის ბრიტანელმა საქველმოქმედო მარათონით ექიმებისთვის 12 მილიონი შეაგროვა

    ბრიტანელმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ორ კვირაში, საკუთარი 100 წლის იუბილესთვის საკუთარ ბაღში გამართული საქველმოქმედო მარათონი დაასრულა და ბრიტანელი ექიმებისთვის 12 მილიონის შეგროვება შეძლო. არადა თავიდან მას ათასი ფუნქტის შეგროვება ჰქონდა დაგეგმილი.

    თანხების შეგროვება ტომ მურმა ჯანდაცვის მუშაკებისთვის მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა. ექიმებმა მისი ონკოლოგიური დაავადება და მოტეხილი ბარძაყი განკურნეს. მური სპეციალური საყრდენების საშუალებით გადაადგილდება, თუმცა პირობა დადო, რომ 100 წრეს დაარტყამდა საკუთარ ბაღში, რათა ფული მოეგროვებინა კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემისთვის.

    შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა. თანხა 620 ათას ადამიანზე მეტმა გაიღო და მან 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.

    ყოველდღიურად მური 10 წრეს აკეთებდა ბაღის გარშემო. ბოლო ნიშნული კი ბიბისის პირდაპირ ეთერში გ ადალახა.

    “თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ თქვენც ასევე გრძნობთ თავს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მსგავს რამეში მივიღებდი მონაწილეობას. ყველაფერს მოვერევით. შესაძლოა დრო დაგვჭირდეს, თუმცა ბოლოს და ბოლოს მზე ისევ ამოანათებს და ღრუბლები გაიფანტება“–თქვა მან დისტანციის დასრულების შემდეგ.

    He’s done it! ?#CaptainTomMoore has completed his 100 laps before his 100th birthday live on #BBCBreakfast! ?
    He’s raised over £12 million for the #NHS
    Well done @captaintommoore from everyone at the @BBC ? pic.twitter.com/rtil8gKKmJ

    — BBC Breakfast (@BBCBreakfast) April 16, 2020

    მანამდე ის ამბობდა, რომ გაოგნებული იყო თანხის რაოდენობით, რომელიც მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში სწრაფად იზრდებოდა. საქველმოქმედო აქციის დაწყებიდან ორ დღეში მურის ანგარიშზე უკვე 5 მილიონ ფუნტზე მეტი იყო შეგროვილი.

    ჩანაფიქრის განხორციელებაში მურს მისი ქალიშვილი, ჰანა დაეხმარა.

    ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ აღფრთოვანებულები არიან ხანდაზმული კაცის საქციელით და ფულს დიდი მადლიერებით იღებენ.

    ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს, რომელსაც ახლა მსოფლიო განიცდის, ტომ მურმა თავისი ქმედებით გარშემო ყველა შთააგონა და აჩვენა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის.

    ტომ მური მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ფრონტზე ის თავისი მშობლიური საგრაფოდან, დასავლეთ იორკშირიდან წავიდა, სადაც სამოქალაქო ინჟინრის სპეციალობა შეიძინა.

    ომის დასრულებისთვის კი უკვე კაპიტნის წოდება ქონდა.

  • “ღამის კოშმარები მაქვს.ვერ ვიძინებ“– ექთნის აღსარება,რომელსაც უიმედო პაციენტების აპარატიდან გამორთვა და სიცოცხლის შეწყვეტა უწევს

    “ღამის კოშმარები მაქვს.ვერ ვიძინებ“– ექთნის აღსარება,რომელსაც უიმედო პაციენტების აპარატიდან გამორთვა და სიცოცხლის შეწყვეტა უწევს

    ბევრი პაციენტისთვის, ვისაც Covid-19–ის მწვავე ფორმა აქვს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატთან დროული შეერთება სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია.

    თუმცა ეს აპარატიც არ არის გადარჩენის გარანტია და მთელ მსოფლიოში მედიკოსებს რთული არჩევანის გაკეთება – აპარატის გამორთვა უწევთ იმ შემთხვევებში, როცა პაციენტის გადარჩენის იმედი აღარ რჩება.

    “აპარატის გამორთვა ემოციურად ძალიან მძიმე და მტკივნეულია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მე ვარ პირადად პასუხისმგებელი ვიღაცის სიკვდილზე“ – აღიარებს ექთანი ხუანიტა ნიტლა.

    ის ინდოეთის სამხრეთით დაიბადა, თუმცა ბოლო 16 წლის განმავლობაში ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.

    ის ლონდონის Royal Free Hospital–ის რეანიმაციის განყოფილების უფროსი მედდაა.

    “ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა, როცა მეტი აღარაფერი დაგვრჩენია, ჩემი სამუშაოს ნაწილია.“– ამბობს 42 წლის ნიტლა.

    აპრილის დასაწყისში, როცა ის სამსახურში დილის ცვლაში მივდა, განყოფლების უფროსმა აცნობა, რომ მას კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ–ერთი პაციენტის სიცოცხლის შეწყვეტა მოუწევდა.

    პაციენტი ასევე ექთანი იყო, 50 წლის ქალი. ხუანიტას მოუწია მისი შვილისთვის აეხსნა, რა პროცედურის ჩატარება უწევდა.

    “ვეცადე დამერწმუნებინა გოგო, რომ დედამისი ტკივილს ვერ იგრძნობდა, ვიკთხე, ხომ არ ქონდა ავადმყოფს რამე უკანასკნელი სურვილი, მათ შორის რელიგიური ხასიათის.“– ამბობს ის.

    რეანიმაციის პალატაში საწოლები გვერდიგვერდ დგას, და მომაკვდავი პაციენტის გარდა იქ სხვა ავადმყოფებიც იმყოფებოდნენ, ყველა მძიმე მდგომარეობაში, ბევრი უგონოდ. ხუანიტა ყვება, რომ ფარდა გააფარა და აპარატურას პირველ რიგში ხმა გამოურთო. პალატის მთელი მედპერსონალი რამდენიმე წუთით გაირინდა.

    “ექთნები დადუმდნენ. ადამიანის ღირსება და პაციენტის კომფორტი ხომ ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა“ – ამბობს ნიტლა.

    შემდეგ ავადმყოფის ყურთან ტელეფონის ყურმილი მიიტანა და შვილს დედისთვის გამოსამშვიდობებეი სიტყვების თქმის უფლება მისცა.

    “ჩემთვის ეს უბრალოდ სატელეფონო ზარი იყო, მისი ოჯახისთვის კი უზარმაზარი მნიშვნელობა ქონდა. რა თქმა უნდა, მათ ერჩივნათ ვიდეოზარის საშუალება ქონოდათ, თუმცა სამწუხაროდ რეანიმაციაში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია“– ამბობს ხუანიტა.

    მომაკვდავის ნათესავების თხოვნით ხუანიტამ კომპიუტერზე მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ვიდეოკლიპი ჩართო, შემდეგ კი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამორთო.

    “გვერდით ვეჯექი და მისი ხელი მეჭირა, სანამ არ გარდაიცვალა“ –ყვება ექთანი.

    გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტისა და აპარატიდან გამორთვის შესახებ მედიკოსების ჯგუფი ავადმყოფის მდგომარეობის დეტალური შეფასების შემდეგ იღებს. ითვალისწინებენ ასაკს, სამედიცინო ისტორიას, მკურნალობის კურსზე რეაქციას და გამოჯანმრთელების შანსებს.

    ნიტლას პაციენტი აპარატის გამორთვიდან ხუთ წუთში გარდაიცვალა.

    “ვხედავდი მონიტორზე როგორ აციმციმდა განგაშის სიგნალები, შემდეგ კი კარდიოგრამამ ეკრანზე სწორი ხაზი აჩვენა. გული გაჩერდა“.

    ამის შემდეგ მედდამ წვეთოვანი მოაშორა პაციენტს, რომელიც მის სისხლს სედატიურ პრეპარატებს აწვდიდა.

    პარალელურად კი ქალიშვილი, რომელმაც არ იცოდა რა ხდებოდა პალატაში დედასთან ტელეფონით საუბარს და ლოცვების კითხვას განაგრძნობდა.  ნიტლა იძულებული იყო ყურმილი აეღო და მისთვის შეეტყობინებინა, რომ ყველაფერი დამთავრდა.

    როგორც ექთანი ამბობს, პაციენტის გარდაცვალებით მისი მოვალეობები არ სრულდება. კოლეგების დახმარებით ის გარდაცვლილს ბანს, თეთრ სუდარაში ახვევს და სპეციალურ ტომარაში დებს.

    კორონავირუსის ეპიდემიამდე პაციენტების ნათესავები პირადად განიხილავდნენ ექიმებთან თერაპიის შეწყვეტის პროცედურას. ადრე მათ უფლება ქონდათ რეანიმაციის განყოფილებაში მაცოცხლებელი აპარატურის გამორთვას დასწრებოდნენ, თუმცა  ეპიდემიის პირობებში ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი პრაქტიკა აღარ მუშაობს.

    “მძიმე სანახავია, როგორ კვდებიან ადამიანები მარტოობაში“– ამბობს ნიტლა. მის სავადმყოფოშიც , ისევე როგორც მსოფლიოში ბევრგან საწოლი ადგილების უკმარისობაა. რეანიმაციაში ყველა ადგილი დაკავებულია. თითო ექთანზე სამი პაციენტი მოდის.

    ექთანი ყვება, რომ მას და მის კოლეგებს მუდმივად ეშინიათ დაინფიცირების, და ყოველდღე ლოცულობენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ზრუნავენ, რომ დამცავი საშუალებების გარეშე არავინ დარჩეს.

    მათ რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად ერთი ადამიანი მაინც იღუპება.

    “ეს ძალიან დამთრგუნველია. ღამის კოშმარები მაქვს. ვერ ვიძინებ. მეჩვენება, რომ მეც დავინფიცირდები. ყველა ჩემს კოლეგას ეშინია.ყოველი დღის  ბოლოს ყოველთვის ვფიქრობ იმ პაციენტებზე, რომლებიც იმ დღეს გარდაიცვალნენ. თუმცა ვცდილობ სხვა რამეზე გადავერთო, როცა საავადმყოფოდან გავდივარ“– ამბობს ექთანი.

     

     

     

  • “აღასრულეთ კანონის მოთხოვნები ღვთის სახელით მოქმედ ქვაბ-ავაზაკთა მიმართ“–დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას

    “აღასრულეთ კანონის მოთხოვნები ღვთის სახელით მოქმედ ქვაბ-ავაზაკთა მიმართ“–დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ხელისუფლების დილემაზე წერს, რომელიც არ აპირებს სააღდგომო ლიტურგიას და ხალხმრავლობას ხელი შეუშალოს საპატრიარქოს განაწყენების შიშით და მეორეს მხრივ ეპიდემიის გავრცელების ეშინია და ამის გამო დამატებით შეზღუდვებს აწესებს. დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას რჩევასაც აძლევს, თუმცა არ აქვს იმედი რომ მის რჩევას გაითვალისწინებენ:

    “ხელისუფლება ვერ უბედავს ეკლესიას პირდაპირ მოთხოვოს საგანგებო მდგომარეობის დაცვა და სააღდგომოდ ხალხმრავალ შეკრებებზე უარისთქმა, რადგან არჩევნებში ჭირდება საპატრიარქოს მხარდაჭერა, ან მინიმუმ კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი მაინც. რა არ უნდა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას და ის, რომ ეკლესია მტრად მოიკიდოს არჩევნების წინ.

    მეორეს მხრივ ხელისუფლებაში იმდენი კი ესმით, რომ თუ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ათასებში გადავა, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. შედეგად მოხდება ხალხის უკმაყოფილების სერიოზული ზრდა და რაც აქამდე პოლიტიკური დივიდენდი აქვთ მოპოვებული ამ კრიზისის დროს, განრისხებული ამომრჩეველი ერთი ათად ამოადენს არჩევნებში.
    შესაბამისად ხელისუფლება სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, რომ აღდგომის წინა და შემდგომი დღეები უხიფათოდ გადააგოროს, რისთვისაც აუცილებელია როგორმე მოახერხოს და არ დაუშვას მორწმუნე მრევლის ხალხმრავალი შეკრებები

    მაგრამ ამას აშკარად და დაუფარავად ეწინააღმდეგება საპატრიარქო და პირადად პატრიარქი, რომელთან დაპირისპირებაც, როგორც ზემოთ ითქვა,ხელისუფლებას ცოცხალი თავით არ უნდა.

    ისმის ლოგიკური კითხვა: რა ქნას ჭრელი პეპელას მდგომარეობაში მყოფმა ხელისუფლებამ?

    ჯერჯერობით ის ცდილობს არც გაფრინდეს და არც მოფრინდეს, ანუ საპატრიარქოს მიმართ ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ დაცდეს და იმავდროულად როგორმე ხელი შეუშალოს მრევლის მისვლას ეკლესიებში: ტრიბუნას უთმობს ექიმებს, რომლებიც უკვე პირდაპირ მოუწოდებენ ხალხს, არ წავიდნენ ლიტურგიაზე, კრძალავს მსუბუქი მანქანებით გადაადგილებას (რაც მრევლზე და ბერზე მეტად ერს უქმნის პრობლემებს) და ა.შ.

    ყოველივე ამის შედეგი კი ისაა, რომ

    ა) ის ხალხი, ვინც პრინციპში ეთანხმება საგანგებო ზომებს, ბრაზდება ხელისუფლების უსუსურობაზე საპატრიარქოს მიმართ;

    ბ) მრევლი, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა ეკლესიაში უნდა წასვლა, ბრაზდება ხელისუფლებაზე, რომელიც ბოლო მომენტში აჰყვა მასონებს და ლიბერასტებს და აბრკოლებს მორწმუნეებს;

    გ) საპატრიარქო მაინც ბრაზდება ხელისუფლებაზე, რადგამ იქ არავის არ ჯერა, რომ ექიმებს ხელისუფლება არ აგულიანებს და აკრძალვების გამკაცრებაც მრევლის დაბრკოლებისთვის არ შემოაქვთ;

    დ) და ბოლოს ხელისუფლება სერიოზულად აბნევს და გაურკვევლობაში ამყოფებს საკუთარ მომხრეებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იმავდროულად პატრიარქის თაყვანისმცემელიცაა;

    მოკლედ სიტუაცია ისეთია, რომ ხელისუფლება ყველა მიმართულებით წაგებაშია.

    ჰოდა, პატივცემულო ხელისუფლებავ, ახლა მოგცემთ ერთ ოქროს რჩევას, არანაირი იმედი არა მაქვს რომ თქვენთან ამას ვინმე გაიგებს, მაგრამ მაინც ვცდი:

    დროა გააცნობიეროთ, რომ ამ ვითარებაში არანაირად არ გამოვა საპატრიარქოც კმაყოფილი გყავდეთ და დაინფიცირების პროცესიც შეანელოთ. არანაირი შემოვლითი გზებით არ გამოგივათ ეს, პირიქით, ყველას გააღიზიანებთ. ამიტომ, რახან ვირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხე თავისი დამანგრეველი შედეგებით ათასჯერ აღემატება საპატრიარქოს წყენით წარმოქმნილ საფრთხეს (მათ შორის თქვენს მიმართაც) მოიქეცით ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად: ხალხზე კი ნუ გადაგაქვთ პასუხისმგებლობა, არამედ აიღეთ საკუთარ თავზე! ნუ უწევთ ანგარიშს საპატრიარქოს ამ საკითხში! ნუ ელაპარაკებით მათ ენის მოჩლექით და გააკეთეთ ის, რასაც აკეთებენ ცივილიზებული ქვეყნების თავმოყვარე მთავრობები, როდესაც რელიგიური ფანატიკოსები ნებით თუ უნებლიეთ საფრთხეს უქმნიან მოქალაქების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას: აღასრულეთ კანონის მოთხოვნები ღვთის სახელით მოქმედ ქვაბ-ავაზაკთა მიმართ!

    ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის ამბავი კი ტყუილად ნუ გაწუხებთ. წასვლა თავის დროზე ყველა ვარიანტში მოგიწევთ და მე მგონი ჯობია მამა შალვა კეკელიას მსგავსი მღვდლები და ხათუნა საგინაშვილის მსგავსი მორწმუნეები გაანაწყენოთ, ვიდრე პანდემიის აფეთქებით გამოწვეულ უბედურებასთან ასოცირდებოდეს თქვენი სახელი.

    მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ამის გამკეთებელი იყოთ, მაგრამ მე ჩემი გითხარით და აწი თქვენი საქმისა თქვენ იცით.“– წერს დავით ზურაბიშვილი.

  • “თუ სახელმწიფო არ მიხედავს საგანგებო რეჟიმის უხეშ დარღვევებს ექიმები უარს ვიტყვით პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე“–ეპიდემიოლოგი

    “თუ სახელმწიფო არ მიხედავს საგანგებო რეჟიმის უხეშ დარღვევებს ექიმები უარს ვიტყვით პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე“–ეპიდემიოლოგი

    ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში მწვავე სტატუსს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ რომ თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს,  ექიმები  სამსახურში გასვლაზე უარს იტყვიან.

     

    “ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები, დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს:
    დიდ მარკეტებში
    უბნის სტადიონებზე და ბირჟებზე
    ქუჩებში, პარკებში და სკვერებში
    ეკლესიებში
    ოჯახებში
    “დაჩნიკებში”
    ან დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში უსაქმოდ რომ არ იხეტიალონ, კეთილი ინებონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით ან დასვით იძულებით სახლში და ყველა კორპუსს და ქუჩას მიუჩინეთ პატრულ-ინსპექტორი ან მოხალისეები.

    დაიმშვიდეს გულები… აქაოდა, გენეტიკა გვქონია რაღაც განსაკუთრებული! ანტისხეულები გვაქვს თურმე სისხლში! “მოხდილი” გვაქვს თურმე კორონა მთელ ერს  ან აწი მოვიხდით უმტკივნეულოდ და არხეინად ტაშ-ფანდურაში! აცრილები ვართ თურმე ყველანი სსრკ-ში! მერე რა თუ მოხუცები დაიხოცებიან, მაინც იმ ქვეყნად აქვთ ცალი ფეხი და დღეს თუ ხვალ ისედაც გავიდოდნენ გაღმა! სამაგიეროდ მორწმუნეები ვართ დაცულები! ექიმები მაინც ყველაფერს გააკეთებენ, გმირები არიან გადაგვარჩენენ! რა ვუყოთ თუ დაავადდებიან, ეგ პროფესია ხომ თავად აირჩიეს, რა ჩვენი ბრალია, თუ არ დაიცვეს თავი წესიერად! თუ ექიმები ვერა, ჩვენი “სიკეთეები” გადაგვარჩენს, ჩვენ ხომ ღვთივკურთხეული ერი ვართ… ჩვენ ხომ რჩეულები ვართ, ჯერ მარტო როგორი მრავალჟამიერი გვაქვს და როგორი სადღეგრძელოები ვიცით… მაშ, როგორ! აბა, რაააა! კიიიიი, კიიიიი! ამოვიდა ყელში ხვეწნა-მუდარა უკვე! ვერ გათენდა ჩვენს გონებაში, ვერა!“– წერს ეპიდემიოლოგი

  • ნოდარ მელაძემ მთავარი არხი დატოვა. თანამშრომლები მას ფეისბუქით ემშვიდობებიან

    ნოდარ მელაძემ მთავარი არხი დატოვა. თანამშრომლები მას ფეისბუქით ემშვიდობებიან

    ტელეკომპანია “მთავარი არხის”  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა.  ეს ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება, თუმცა მას არავინ ადასტურებდა. გუშინ საღამოს კი ნოდარ მელაძის ფეისბუქ გვერდზე ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის სტატუსი გამოჩნდა:

    “მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო”, წერს დაბრუნდაშვილი.

    იმას, რომ ნოდარ მელაძე არხიდან წავიდა და თანამშრომლებს დაემშვიდობა არხის თანამშრომლებიც ადასტურებენ, თუმცა არაოფიციალურად. ნოდარ მელაძის გვერდზე ამის დამადასტურებელი სხვა სტატუსებიც გამოჩნდა:

    ნოდარ მელაძე წლების მანძილზე რუსთავი2–ში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც 2019 წლის ზაფხულში არხი ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე რუსთავი2-ის თანამშრომელთა ნაწილთან ერთად მთავარ არხზე გადავიდა.

    არხის დატოვების მიზეზები არ სახელდება, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება გახდა.

  • “ამ მღვდლების და ფანატიკოსი მრევლის წევრების ჩვენება ეკრანზე  ახლა არ არის მართებული“–ნინია კაკაბაძე მედიას მიმართავს

    “ამ მღვდლების და ფანატიკოსი მრევლის წევრების ჩვენება ეკრანზე ახლა არ არის მართებული“–ნინია კაკაბაძე მედიას მიმართავს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, კინომცოდნე ნინია კაკაბაძე მედიას მოუწოდებს ეკრანს მოაშორონ სასულიერო პირები, ვინც მოსახლეობას ეპიდემიის მიუხედავად ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს და საფრთხეში აგდებს:

    “მგონი დროა მედიამაც მეტად იგრძნოს პასუხისმგებლობა კიდევ ერთი მიმართულებით.
    ამ მღვდლების და ფანატიკოსი მრევლის წევრების ჩვენება ეკრანზე ვფიქრობ ახლა არ არის მართებული, რადგან თუ ერთი ნაწილი ბრაზობს ან ნერვიულობს , მეორე ნაწილისთვის ეს არის დამატებითი მოტივაცია რომ ისიც წავიდეს ტაძარში.

    აი წარმოიდგინეთ, რომ ხართ ფანატიკოსი, რომელიც თვლის რომ რწმენა არის რიტუალის შესრულება და თუკი რიტუალს გამოტოვებს, ის უარს ამბობს რწმენაზე თუ ღმერთზე. როდესაც ერთს ხედავს ტელევიზორში, რომ მაინც მიდის, გაბედულია და არ ეშინია არც დაავადების და არც სიკვდილის, ეს არის მოტივაცია მეორესთვის, რომ ისიც წავიდეს.


    ცოტა ხანი, ნუ აჩვენებთ ამ ადამიანებს და მღვდლებს თავისი”უშიშარი” მოწოდებებით, გთხოვთ. მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინოთ, შორი კადრი ვაჩვენოთ და ვთქვათ, რომ ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავსაც და სხვასაც.


    P.S. ამას ამბობდა ბასილ კობახიძე და ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ ტელევიზიას. ყველას ეხება. ცოტა ხანი მოაცილეთ ეს ხალხი თავისი კომენტარებით და მოწოდებებით ეკრანს.“– წერს ფეისბუქზე ნინია კაკაბაძე.

  • “ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ.საქართველომ არ უნდა ნახოს ეს!“–ზურაბ გურული

    “ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ.საქართველომ არ უნდა ნახოს ეს!“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული იმ საფრთხის შესახებ  წერს, რომელიც საქართველოს ემუქრება თუ ვირუსი ფართოდ გავრცელდა.

    “2005 წელს, ქარიშხალ “კატრინას” მიერ დატბორილ ნიუ ორლეანში, არაადამიანურ, 40 გრადუსიან სიცხესა და 99% ტენიანობაში, როდესაც ჩვენი ამონასუნთქი წყლად კონდენსირდებოდა კედლებზე და ყველაფერს ასველებდა; როდესაც კანალიზაციის ყველა მილში უკან ამოვიდა მთელი სიბინძურე და ტუალეტები დატბორა; სულისშემხუთველ სიმყრალეში ლანდებივით დავბორიალებდით ექიმები, რეზიდენტები, ექთნები. დეჰიდრატაციისა და აუტანელი ფიზიკური დატვირთვის გამო სამ დღეში 6 კილო დავიკლე და ხელების მაღლა აწევა მიჭირდა. პაციენტების გაოფლილ კანზე პლასტირის დაწებება შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავი კანზე ძაფით მიმეკერებინა ინტრავენური ხაზები. მაშინ ვნახე არაერთი ძლიერი ადამიანის ფსიქოლოგიური გატეხვის შემაძრწუნებელი სცენა პირველად. უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ატირებული კაცები და ქალები…


    იმედი მქონდა რომ ამას მეტი არასოდეს ვნახავდი.


    ისევ ვნახე ამ დღეებში, როდესაც შიშისაგან შეძრწუნებული ადამიანები ისტერიკაში ჩავარდნენ და უარი თქვეს საშიში პროცედურების შესრულებაზე დავირუსებულ, უმძიმეს პაციენტებთან. ისევ მომიწია საკუთარი შიშის დაძლევა და მაგალითის მიცემა. უსაძაგლესი შეგრძნებაა ეს.


    დაუსრულებლად გაგრძელდება ირონიული კამათი იმის შესახებ, რომ ეს პანდემია ბლეფია, რომ სიკვდილიანობა არც ისე მაღალია, რომ ეს უბრალოდ რთული გრიპია და ა.შ. სხვათაშორის, ბევრი რამ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს იტალიის, ესპანეთის, ნიუ იორკის, ნიუ ორლეანის იმ კლინიკების თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ ნახეს კორონას საზარელი სახე და არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ გადარჩნენ სხვები, ან არიან თუ არა ჯერ გადარჩენილები.
    საქართველომ არ უნდა ნახოს ეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ ნახოს! არ შევაძრწუნებ ადამიანებს და არ ავხსნი დაწვრილებით, თუ როგორ შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საოცარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კოლაფსისა და ენით აუწერელი ტრაგედიის განვითარება.


    მე ეს ვნახე, ჩვენ ეს ვნახეთ და ყოველდღე ვუყურებთ. ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ. ასე არიან ჩემი კოლეგებიც. სასოწარკვეთილი პაციენტები ბოლო წამებში ჩვენს ნამდვილ სახესაც ვერ ხედავენ და ასე ასრულებენ სიცოცხლეს.


    ეს არ არის შეშინების მცდელობა. როდესაც დახაუს და ბუხინვალდს აჩვენებენ ადამიანებს, ამით კაცობრიობას აფრთხილებენ. ჩვენც მხოლოდ თქვენს გაფრთხილებას ვცდილობთ.
    გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთი მუჭა ერს.


    ნუ გამოვცდით ღმერთს!!!“– წერს ზურაბ გურული.

  • Covid19 და დაცარიელებული ქალაქების ეფექტი:დედამიწის ქერქის ვიბრაცია შემცირდა

    Covid19 და დაცარიელებული ქალაქების ეფექტი:დედამიწის ქერქის ვიბრაცია შემცირდა

    სხვადასხვა ქვეყნებში საკარანტინო ზომების შემოღების შედეგად სულ უფრო ნაკლები ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი და პირადი ტრანსპორტით, ქარხნების და ფაბრიკების დიდი ნაწილი გაჩერებულია. მილიარდობით ადამიანი საკუთარ სახლს ფაქტიურად არ ტოვებს.

    ამ ყველაფერმა დედამიწის ქერქის  ზედაპირზე ვიბრაციის შემცირება გამოიწვია. პლანეტისთვის, რომლის მასა ექვსი მლიარდ ტრილიონი ტონაა, ეს ცვლილებები შესაძლოა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, თუმცა სეისმოლოგებისთვის ეს მოვლენა საინტერესო აღმოჩნდა.

    პირველი მკვეთრი ვარდნა ბელგიის სამეფო ობსერვატორიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს. მათი განცხადებით დედამიწის ზედაპირის რხევები 1–20 ჰერცამდე დიაპაზონში (ეს არის უფრო დაბალი , ვიდრე კონტრაბასის ხმა და უფრო დიდი ორღანის ჟღერადობას გავს)  ბევრად შესუსტდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ შემზღუდავი ზომები შემოიღო კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით.

    მსგავსი ცვლილებები შენიშნეს მეცნიერებმა სხვა ქვეყნებშიც.

    ნეპალელმა სეისმოლოგებმა დედამიწის ზედაპირზე ვიბრაციის მკვეთრი შემცირება აღნიშნეს. პარიზის გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ამბობს, რომ ეფექტი მათ ქალაქშიც შთამბეჭდავია. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები კი ამბობენ, რომ ცვლილებები გამაოგნებელია.

    ადამიანის მოღვაწეობით გამოწვეული ხმაურის ფონის დონის ვარდნა ნათლად ჩანს ნეპალელი სეისმოლოგების მიერ გამოქვეყნებულ ამ ილუსტაციაზე.

    როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სეისმოგრაფები მგრძნობიარე მოყობილობებია, რომლებიც გარე ვიბრაციებს აფიქსირებენ: ისინი არა მხოლოდ მიწისძვრაზე, არამედ დედამიწის ზედაპირზე სხვა ბუნებრივი თუ ადამიანიური ფაქტორით გამოწვეულ რყევებზეც რეაგირებენ.

    ასე რეაგირებენ ისინი მანქანების, საწარმოების, თვითმფრინავების, სამშენებლო სამუშაოების ან ადამიანების ჩვეულებრივი გადაადგილებით გამოწვეულ ვიბრაციებზე.

    მარტივად რომ ვთქვათ, ქალაქში სასიცოცხლო აქტივობა ახლომდებარე სეისმოსადგურის მიერ ფიქსირდება, როგორც ფონური ხმაური. ინსტრუმენტების მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ საკარანტინო ზომების შედეგები მათ ჩანაწერებზე დაუყოვნებლივ აისახა.

    ხმაურის დონის მკვეთრი დავარდნა იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონში ადამიანის აქტივობა მკვეთრად შემცირდა.

    ახალი მონაცემები რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწის ქერქი აღარ ვიბრირებს. მაგრამ რყევების შესუსტება გარკვეულ სიხშირულ დიაპაზონში იმის გამო, რომ ადამიანები სახლებში სხედან მეცნიერებს იმის გაგებაში ეხმარება, როგორ ფუნქციონირებს დედამიწის ქერქის ვიბრირება.

    ადამიანების საქმიანობას ერთგვარ ფონურ ხელშეშლად განიხილავენ, რომელიც საშუალებას არ აძლევს მეცნიერებს ზუსტად გაარკვიონ დედამიწის ქცევა და მისი მიზეზები.

    “ჩვენ ახლა შეგვიძლია სიგნალები ნაკლები ხელშეშლით მივიღოთ, რაც საშუალებას გვაძლევს ამ  სიგნალებიდან მეტი ინფორმაცია გამოვწუროთ“ – ამბობს ვაშნგტონის შტატის სეისმოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი ენდი ფრასეტო.

    დედამიწის ქერქის ვიბრაციის ინტენსივობაზე ადამიანის გავლენის შესუსტებამ განსაკუთრებით საინტერესო ეფექტი გამოიწვია ბრიუსელში. ლოკდაუნის წყალობით სეისმოლოგებს გაუჩნდათ შესაძლებლობა მცირე მიწისძვრები და სხვა სეისმოლოგიური მოვლენები დაეფიქსირებინათ, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა მათი დანადგარებისთვის.

    როგორც წესი, ადამიანის მიერ გამოწვეული ფონური ხმაურის ცვალებადობა ადრეც ხდებოდა. წელიწადის და დღეღამის სხვადასხვა დროს ის განსხვავებულია. მაგალითად, ზამთარში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ზაფხულში კი უფრო აქტიურად გადაადგილდებიან.

    ღამით ფნური ხმაურის დონე მცირდება, გარდა ამისა მსგავსი შემცირება  რეგულარულად ხდება შაბათ–კვირას და საზეიმო დღეებში.

    თუმცა ხმაურის ამჟამინდელი შემცირება ბევრად უფრო ხანგრძლივი და მაშტაბურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.