Category: სხვადასხვა

  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდმივი თვალთვალის გამო შეშფოთებულები არიან

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდმივი თვალთვალის გამო შეშფოთებულები არიან

    ბრიტანული გამოცემა ექსპრესის ინფორმაციით პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარი ოჯახის და შვილის, პატარა არჩის უსაფრთხოებით შეშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც იზოლაციის დროს მათ თავს ინციდენტების სერია დატრიალდა. უპილოტო დრონებმა მათ სახლზე რამდენჯერმე გადაიფრინეს და ჰაერიდან ცდილობდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების გადაღებას.

    ბოლო კვირების მანძილზე მინიმუმ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა დრონებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს ლოს ანჯელესში მდებარე სახლს, სადაც ჰარი და მეგანი შვილთან ერთად კარანტინს ატარებენ.  სვარაუდოდ ფოტოების მოპოვებას დრონების პატრონი მასმედიაზე გაყიდვის მიზნით ცდილობდა.

    “წარმოიდგინეთ, თქვენ რომ აღმოჩენილიყავით მათ ადგილზე, ამ მოწყობილობების პირისპირ, რას იგრძნობდით? დრონები ფაქტიურად მათ თავზე ზუზუნებდნენ, როცა ბავშვთან ერთად უკანა ეზოში თამაშობდნენ. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინი უბრალოდ მოსიყვარულე მშობლები და მოსიყვარულე ოჯახი არიან.“ – ეუბნება გამოცემას წყვილის ახლობელი.

    სასექსის ჰერცოგის ოჯახი დრონების გამოჩენამ იმდენად შეაშინა, რომ ყოველი ინციდენტის შესახებ ლოს ანჯელესის პოლიციას შეატყობინა. ახლო მომავალში ისინი სახლის დაცვის გაძლიერებას და დამატებითი ჯგუფის დაქირავებას გეგმავენ, რათა პირადი სივრცე დაიცვან.

    “ისინი არავითარ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას არ ითხოვენ, უბრალოდ უნდათ უსაფრთხოდ იცხოვრონ საკუთარ სახლში. რა მოხდება მათ ამ სურვილს პატივი სცენ?“– ამბობს ოჯახის ახლობელი.

    პაპარაცებისთვის ამჟამად რთული დროა. ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა იმის გამო, რომ ვარსკვლავები რამდენიმე თვეა იზოლაციაში არიან გამოკეტილი საკუთარ სახლებში.  სასეირნოდ და ხალხმრავალ ადგილებში იშვიათად გამოდიან. ფოტოგრაფები ათას ეშმაკობას მიმართავენ, რათა გასაყიდად კადრები მოიპოვონ.

    სამეფო წყვილმა, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან განდგომა იანვარში გადაწყვიტა, საცხოვრებლად ლოს ანჯელესი აირჩია, რომელიც “პაპარაცების ხახად“ არის ცნობილი. ამის შესახებ წესით კარგად უნდა იცოდეს მეგან მარკლმა, რომელიც კალიფორნიაშია გაზრდილი. წყვილის ამერიკაში გადასვლა თვითიზოლაციის პერიოდს დაემთხვა, კარანტინის დასრულების შემდეგ კი ისინი სავარაუდოდ პაპარაცების მუდმივი სამიზნე გახდებიან.

  • მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

    მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

    ყველასთვის ცნობილია, რომ ჭაღარის გაჩენა არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებასთან, არამედ სტრესთანაც არის დაკავშირებული. ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომელსაც შიშის ან ნერვიულობის შემდეგ ამბობენ– “კინაღამ გავჭაღარავდი“. თუმცა, მეცნიერულად დასაბუთებული ურთიერთკავშირი გაჭაღარავებასა და სტრესს შორის მხოლოდ ცოტა ხნის წინ დადგინდა და ეს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მოახერხა. მათი დასკვნები სამეცნიერო ჟურნალში – Nature არის აღწერილი.

    სწორედ ასეთივე პრინციპი მოქმედებს, როცა ქამელეონი შეფერილობას იცვლის. ეს საფრთხის მომენტში ხდება, როცა ცხოველი სტრესს განიცდის.

    ადამიანში კი მექანიზმი, რომელიც ჩვენი თმის ფერზეა პასუხისმგებელი სათავეს იღებს მეზენქიმალურ ღეროვან უჯრედებში. ისინი მელანოციტებს გამოტყორცნიან, რომლებიც თმის ძირების ფოლიკულებისკენ მიგრირებენ და იქ პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებენ, ის კი თავის მხრივ ჩვენს თმას შეფერილობას აძლევს.

    ეს პროცესი ჩვეულებრივ პირობებში უწყვეტია. ეს თვალსაჩინოდ ჩანს ხელოვნურად სხვა ფრად შეღებილ თმაზე: გაზრდილი ძირები სხვა, ადამიანის ბუნებრივი თმის ფერის არის.

    როცა ორგანიზმი ნეგატიურ ემოციურ შეტევას განიცდის, ამ პროცესის ერთ–ერთ ეტაპზე სისტემა ფერხდება, და ჩვენი ბუნებრივი ფერის ნაცვლად თმის ფოლიკულები ნაცრისფერი პიგმენტის დოზას იღებენ.

    როგორ ხდება ეს კონკრეტულად:

    ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს, რომლებსაც ფიზიკური ტკივილით გამოწვეული სტრესი განაცდევინეს. ტკივილმა ჰიპერაღგზნებითი რეაქცია გამოიწვია, რომელსაც ასევე უწოდებენ  fight or flight(იბრძოლე ან გაიქეცი). ამ ეფექტმა ვირთხებში ნეიროტრანსმიტერ ნორადრენალინის გამომუშავების აქტივაცია გამოიწვია.

    ნორადრენალინი ყურადღების მომატებასა და ქმედებაზეა პასუხისმგებელი და დაკავშირებულია მეზენქიმალურ ღეროვან უჯრედებთან. როგორც კი ვირთხები ტკივილს განიცდიდნენ,  მათში ნორადრენალინი გამოიტყორცნებოდა, მელანოციტების ღეროვანი უჯრედები დაჩქარებულ რეჟიმში მრავლდებოდნენ, მიგრირებდნენ და იფიტებოდნენ.

    ამასთან, მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების მარაგი, რომელიც შეზღუდულია, შემცირდა. არადა, რაც ნაკლებია ორგანიზმში ეს უჯრედები, მით ნაკლები ხარისხიანი მელანოციტი მონაწილეობს თმის პიგმენტაციაში.

    ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანს  ფიზიკური ტკივილის გარდა სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური განცდები და ხანრძლივი ნერვიულობაც ახასიათებს. ამიტომაც ჩვენი თმის პიგმენტაციაში შეფერხებები ბევრად უფრო ხშირად ხდება.

    ალბათ არაერთხელ გსმენიათ ისტორიები იმის შესახებ, როგორ გაჭაღარავდა ადამიანი სრულიად ახალგაზრდა ასაკში.

    ბუნებრივი დაბერების პროცესში მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების ამოწურვა წლების მანძილზე ბუნებრივად ხდება და ადამიანი გაჭაღარავებას იწყებს.

    ადრეული გაჭაღარავების მიზეზი შედარებით იშვიათად მემკვიდრეობითი მიდრეკილებაც არის.

  • “სხვა ქვეყნებში არ გაცემულა კონდიციონერის აკრძალვის რეკომენდაცია“–ინფექციონისტის არგუმენტები, რატომ არ არის სწორი კონდიციონერების აკრძალვა

    “სხვა ქვეყნებში არ გაცემულა კონდიციონერის აკრძალვის რეკომენდაცია“–ინფექციონისტის არგუმენტები, რატომ არ არის სწორი კონდიციონერების აკრძალვა

    ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით.

    უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში COVID პანდემიასთან დაკავშირებით? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამ თემაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება  შესაბამისი უწყებების მისაღებია, თუმცა, მისი  აზრით, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნები და პრობლემები:

    1. ვირუსის გადაცემის გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის დადასტურებული გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი მსოფლიოში ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში. სხვა ასეთი ტიპის ინფორმაცია სამედიცინო ლიტერატურაში კოვიდთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს რისკი ძალიან დაბალია.

    2. მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

    3. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის (ყოველ შემთხვევაში არ იძებნება:)

    4. კონდიცირების აკრძალვა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს პირბადეების გამოყენების გაძნელებას – ერთი მხრივ, სიცხეში უფრო მეტად გართულდება სუნთქვა პირბადით და მეორეს მხრივ, პირბადის დასველების რისკი ოფლით მოიმატებს, რაც ადამიანებს გაუძნელებს პირბადის გამოყენებას, ხშირად მოიხსნიან/მოკიდებენ ხელს პირბადეს. პირბადის გამოცვლა უფრო ხშირად გახდება აუცილებელი, რასაც ალბათ ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.

    5. აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, კონდიცირების გარეშე ვერ შენარჩუნდება ოპტიმალური ტემპერატურა, რაც აუცილებელია წამლების თუ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

    6. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, თუ ყველა შენობას ექნება ისეთი კონდიცირების სისტემა, რომელიც ჰაერის სრულ ცვლას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურია. ასევე გამოსავალი იქნებოდა ჰეპა ფილტრების დაყენება, მაგრამ ესეც არარეალისტურია, კლინიკებისთვისაც კი. ორივე ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამას ქართულ რეალობაში დაწესებულებათა უმრავლესობა ვერ შეძლებს.

    7. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, რომ ხშირად გავაღოთ ფანჯრები და ასეც უნდა მოვიქცეთ. კონდიცირებულ შენობებში ხშირად გავაღოთ ფანჯარა/კარი, რაც გარედაც ჰაერის ცვლას უზრუნველყოფს და შენობაც გრილი იქნება კონდიცირების გამო.

    8. აშშ გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ (ASHRAE), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით, გააკეთა განცხადება, რომ კოვიდთან დაკავშირებით უარი არ უნდა ვთქვათ კონდიცირების გამოყენებაზე: „In general, disabling of heating, ventilating, and air-conditioning systems is not a recommended measure to reduce the transmission of the virus“.

    9. თუ ჩვენ იმაზე ვწუხვართ, რომ კონდიცირებულ ოთახებში ვირუსის კონცენტრირება მოხდება, რადგან ფანჯრები ამ დროს დაკეტილია, ხოლო კონდიცირების დროს ჰაერის ცვლა უმეტეს სისტემებში ძალიან მინიმალურად ხდება, ზამთარში ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში უკვე ვიყავით, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეებში იყვნენ. ამიტომ ამ მხრივ დიდად არაფერი იცვლება.

    10. კონდიცირების აკრძალვა გაზრდის ვენტილატორების გამოყენებას, რაც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოვახდენთ ვენტილატორის მიერ ჰაერის ნაკადის წარმართვას, შეიძლება ინფიცირებული ადამიანიდან ვენტილატორის საშუალებით ჯანმრთელზე წვეთების (და ვირუსის) შეფრქვევას ხელი შევუწყოთ და თუნდაც დისტანციას იცავდნენ ადამიანები, ეს დისტანცია შემცირებული გამოვა. ამ დეტალების გათვალისწინება კი, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანებმა მოახერხონ.

    11. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის და ასევე, იმუნური პასუხის დაქვეითების გამო შეიძლება კორონავირუსით ინფიცრების რისკი, პირიქით, გაიზარდოს.

    ამიტომ, კონდიცირების აკრძალვის თემასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.“– ამბობს ბუწაშვილი.

  • მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს

    მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს

    ინდოეთში მაიმუნების ჯოგი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს დაესხა თავს. მაიმუნებმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სისხლის ნიმუშები “გაიტაცეს”.

    ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმა ამ კვირაში მაშინ მოხდა, როდესაც ლაბორატორიის ტექნიკოსი მეერუთში, სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის კამპუსში, ფეხით გადაადგილდებოდა.

    “მაიმუნებმა მას [სინჯარები] ხელიდან გამოგლიჯეს და გაიქცნენ. მათ თან იმ პაციენტების სისხლის ნიმუშები წაიღეს, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ დ ამკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ მათ ანალიზები თავიდან ავუღეთ”, – ამბობს ექიმი გარგი, კოლეჯის წამყვანი სპეციალისტი.

    ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაღვარეს თუ არა მაიმუნებმა სისხლი გატაცებული სინჯარებიდან, მაგრამ ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ ცხოველებმა შესაძლოა ვირუსი დასახლებულ პუნქტშიც გაავრცელონ.

    გარგი ამბობს, რომ უცნობია დაავადდებიან თუ არა მაიმუნები ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტის შედეგად: “არ არის მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა მაიმუნები დაინფიცირდნენ”, – უთხრა ექიმმა გარგმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”.

    ინდოეთში ახალი კორონავირუსის 165 799 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 706 ადამიანი გარდაიცვალა. მეცნიერთა ნაწილს მიაცნია, რომ ვირუსი სწორედ ცხოველებიდან ადამიანებში ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ე.წ. სველ ბაზარში გადავიდა.

    ინდოეთის ზოგიერთ დასახლებაში კი მაიმუნები ადამიანთა ცხოვრებაში ბოლო დროს ხშირად იჭრებიან და ზოგჯერ ესხმიან კიდეც მათ თავს. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ცხოველების მიერ ურბანულ დასახლებებში საკვების საძებნელად გამოსვლა მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურებისა და გაუარესების შედეგია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “მარტში გმირები ვიყავით,ახლა ყველას დავავიწყდით“–იტალიელი ექიმები პოსტტრავმული სტრესის პირისპირ

    “მარტში გმირები ვიყავით,ახლა ყველას დავავიწყდით“–იტალიელი ექიმები პოსტტრავმული სტრესის პირისპირ

    იტალიელი ექიმები და ექთნები ნამდვილ გმირებად აღიარეს კორონავირუსთან მათი თავდადებული ბრძოლის გამო, თუმცა ახლა, როცა ეპიდემიის პიკი და ყველაზე რთული დრო უკან დარჩა, მათი მდგომარეობა სულაც არ გაუმჯობესებულა.

    ლომბარდია მსოფლიოში Covid19-ისგან ყველაზე დაზარალებული რეგიონია. იქაურ მედიკოსებს ახლაც არ ულხინთ.

    პაოლო მირანდა – კრემონაში ინტენსიური თერაპიის პალატის ექთანია. ის ამბობს, რომ ძალიან დაძაბულია, ყველაფერზე ადვილად ღიზიანდება და ჩხუბსაც იწყებს. რამდენიმე კვირის წინ პაოლომ ფოტოების გადაღება დაიწყო, რათა რეანიმაციული პალატის ფოტომემატიანე შემოინახოს.

    “ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ არ უნდა იქნას დავიწყებული. მალე ეს ისტორიად იქცევა“ – ამბობს ის.

    პაოლოს სურს აღბეჭდოს, როგორ მუშაობენ ის და მისი კოლეგები ფაზა2–ის დროს, როცა ცხოვრება თანდათანობით ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

    “მართალია საგანგებო ვითარება შემსუბუქდა, მაგრამ თავს ისევ სრულ სიბნელეში ვგრძნობთ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დაჭრილები ვართ. რაც ვნახეთ და გადავიტანეთ, ყველაფერი ჩვენში, შიგნით დარჩა.“– ამბობს ის.

    ასეთივე მდგომარეობაშია რეანიმაციის მედდა მონიკა მარიოტი. ის ამბობს, რომ ახლა უფრო უჭირთ, ვიდრე კრიზისის დროს.

    “მაშინ ჩვენს წინაშე ხილული მტერი იყო. ახლა კი გაგვიჩნდა დრო რეფლექსიისთვის და თავს დაკარგულად ვგრძნობ, არსებობა კი უმიზნოდ მეჩვენება“ – ამბობს მონიკა.

    ეპიდემიის პიკზე ისინი შინაგანად მობილიზებულები და ყოველ წამს დაკავებულები იყვნენ. ახლა დაძაბულობა შემცირდა, მასთან ერთად კი ადრენალინის გამოყოფაც.

    სამაგიეროდ ზედაპირზე ამოვიდა მთელი სტრესი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში დაგროვდა.

    “უძილობა და კოშმარები მტანჯავს. ღამე ათჯერ მაინც მაღვიძებს გულისცემა და ჰაერის უკმარისობა.“– ამბობს მონიკა.

    მისი კოლეგა, ელიზა პიცეირა ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მისი ენერგია ამოუწურავი ეჩვენებოდა, თუმცა ახლა ამოიწურა.

    მას ძალა საჭმლის მოსამზადებლად და სახლის მისალაგებლადაც არ ყოფნის. ამბობს, რომ შაბათ–კვირას დღის უდიდეს ნაწილს უბრალოდ დივანზე მჯდარი ატარებს.

    კიდევ ერთი რეანიმაციის მედდას, მარტინა ბენედეტის ტოსკანადან დღემდე ეშინია ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრა, რათა მათ ინფექცია არ გადასდოს.

    “ქმართანაც კი დისტანცირებული ვარ, სხვადასხვა ოთახში გვძინავს. თითქოს არაფრის ძალა აღარ მაქვს. ყოველთვის, როცა სასეირნოდ გამოვდივარ პანიკა მეწყება და სახლში დარუნებას ვჩქარობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ მინდა ექთნად მუშაობა. ამ ორი თვის მანძილზე იმაზე მეტი სიკვდილი ვნახე, ვიდრე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.“ – ამბობს ის და დასძენს, რომ რაც მეტს ფიქრობს, მით ნაკლებ თავდაჯერებას გრძნობს.

    იტალიელ მედიკოსთა დაახლოებით 70%, ვინც ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობდა, გადაწვის ეფექტით იტანჯება. ასეთი შედეგები აჩვენა ბოლო კვლევამ.

    “ფაქტიურად ახლა ექიმებისა და ექთნებისთვის ყველაზე რთული მომენტია. როცა ადამიანი კრიზისს ებრძვის, მისი ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც სტრესის დაძლევაში ეხმარება. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს მოდუნების შესაძლებლობა ეძლევა, ხელახლა იაზრებს იმას,რაც დაემართა და მუდმივად იმაზე ფიქრობს. გარშემო საზოგადოება კი წინ მიდის. ეს დამანგრევლად მოქმედებს და ადამიანი ამ დროს ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტულად გრძნობს თავს“– ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, სერენა ბარელო და შიშობს, რომ ბევრ ექიმს და ექთანს ეპიდემიის შემდეგ კიდევ დიდხანს შეაწუხებს პოსტტრავმული სინდრომი. მისი ზემოქმედება შეიძლება თვეობით და წლობით გაგრძელდეს და ადამიანებს ცხოვრება მოუწამლოს.

    მედიკოსებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ვეღარ შეძლებენ ენერგიულად მუშაობას და კონცენტრირებას, რასაც მათი პროფესია ითხოვს.

    დავიწყებული გმირები

    მთელ მსოფლიოში ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს და ექთნებს, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ გმირებად რაცხავენ. თუმცა იტალიაში მათ მიმართ  საყოველთაო სიყვარულმა იკლო.

    “როცა ყველას სიკვდილის ეშინოდა, უცებ გმირები გავხდით. მაგრამ ახლა ჩვენი დავიწყება დაიწყო. მალე ისევ ჩაგვთვლიან ადამიანებდ, რომლებიც ვიღაცის უკანალს წმენდენ, ზარმაცები და არც ისე საჭიროები არიან“– ამბობს მონიკა.

    ტურინში ექთნებმა დემონსტრაცია მოაწყვეს საკუთარი დამსახურების სათანადო აღიარების მოთხოვნით. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და თავზე ნაგვის ტომრები ჩამოიცვეს იმის შესახსენებლად, თუ როგორ უწევდათ პალატებში იმპროვიზება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის გამო.

    “მარტში ჩვენ გმირები ვიყავით, ახლა კი ყველას დავავიწყდით“– სკანდირებდა ერთ–ერთი მათგანი მეგაფონში.

    მათ ფულად პრემიებს დაპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გადაუხდიათ.

    კორონავირუსის მსხვერპლი იტალიაში 163 ექიმი და 40 ექთანი გახდა. ოთხმა ადამიანმა თავი მოიკლა.

    იტალიელი მედიკოსების თქმით ადამიანები ისე იქცევიან, თითქოს არანაირი ეპიდემია არც ყოფილა.

    ექიმი ელიზა ნანინო, რომელიც კორონავირუსს ხანდაზმულთა სახლებში ებრძოდა ამბობს, რომ ბრაზი ახრჩობს. კარანტინის შემსუბუქების შემდეგ ის მუდმივად ხედავს ერთად შეკრებილ ხალხს, ვინც სვამს, ჭამს, ერთობა, ნიღაბი არ უკეთია და დისტანციას არ იცავს.

    “მინდა მივიდე და დავუყვირო, რომ ყველას საფრთხეს უქმნიან. ეს ისეთი უპატივცემულობაა ჩემს მიმართ და ჩემი კოლეგების მიმართ“– ამბობს ელიზა ნანინო.

    პრაქტიკულად ყველა მედიკოსი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ თანამოქალაქეთა მხარდაჭერა მათ კრიზისის გაძლებაში დაეხმარა.

    “გმირი არ ვარ, მაგრამ თავს ძალიან საჭირო ადამიანად ვგრძნობდი“– ამბობს პაოლო მირანდა.

    გარშემომყოფთა აღიარება ექიმებისთვის საუკეთესო დახმარებაა, რომელიც მათ პოსტტრავმული სინდრორმის დაძლევაში ეხმარება  – ამბობს ექიმი ბარელო.

    “ყოველი ჩვენგანი დღეს მზად არის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც ჩვენთვის ექიმებმა და ექთნებმა გააკეთეს“– ამბობს ის.

    ექიმებს მორიგი 12 საათიანი ცვლა ელით. ისინი თავს უნდა მოერიონ და მშვიდად დაბრუნდნენ იქ, სადაც უმძიმესი დღეები გამოიარეს.

    “თავს ჯარისკაცად ვგრძნობ, რომელიც ომიდან დაბრუნდა. რა თქმა უნდა, იარაღი და ქუჩებში გვამები არ მინახავს, მაგრამ ბევრი გაგებით ისეთი განცდა მაქვს, რომ სანგრებშიც ვიჯექი.“ – ამბობს პაოლო მირანდა.

     

  • მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

    მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

    ბრიტანეთში გარდაიცვალა რობერ უეიტონი – მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. მას სიმსივნის დიაგნოზი ქონდა.  მარტში მან 112–ე დაბადების დღე აღნიშნა.  მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტული კი თებერვალში მიიღო,  მას შემდეგ, რაც იაპონელი ტიტეცუ ვატანაბე 112  წლის ასაკში გარდაიცვალა.

    უეიტონის ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არარჩვეულებრივი ადამიანი იყო არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის. ამიტომაც მიაღწია ასეთ ასაკს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, მუდმივად ქონდა ურთიერთობა ადამიანებთან მთელ მსოფლიოში, ყავდა ბევრი მეგობრები, აინტერესებდა პოლიტიკა, თეოლოგია, ეკოლოგია და ბევრი სხვა საკითხი სიცოცხლის ბოლო დღემდე.

    გარდაცვლილს ორი შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ყავდა.

    დღემდე ცნობილი ყველაზე დღეგრძელი ადამიანი იაპონელი კანე ტანაკაა. ქალი 117 წლის არის.

  • როგორ იცავენ თავს პანდემიისას სუპერმდიდრები: ბუნკერებზე, კუნძულებზე და ციხე–სიმაგრეებზე მოთხოვნა გაიზარდა

    როგორ იცავენ თავს პანდემიისას სუპერმდიდრები: ბუნკერებზე, კუნძულებზე და ციხე–სიმაგრეებზე მოთხოვნა გაიზარდა

    იმ დროს, როდესაც პანდემიის ფონზე მსოფლიოს პოლიტიკური და ჯანდაცვის ლიდერები სახლში დარჩენისკენ, კონტაქტებისა და გადაადგილების შეზღუდვისკენ მოგვიწოდებდნენ, სანამ თითქმის მთელი მსოფლიო კარანტინში ჩაიკეტა, საინტერესოა რას აკეთებდნენ მსოფლიოს ზემდიდარი ადამიანები და როგორ ცდილობდნენ თავის დაცვას მოსალოდნელი საფრთხეებისგან.

    პანდემიის გამოცხადებასთან ერთად გაჩნდა არაერთი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობდნენ სუპერმდიდარი ადამიანები საიმედო თავშესაფრის მოძებნას ეკონომიკური კატასტროფის და სოციალური მღელვარების შემთხვევაში თავის დასაცავად.

    მიწისქვეშა ბუნკერები სასაიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემებით, მიუდგომელი ციხე სიმაგრეები და კუნძულები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ წინადადებებისა, რომლებიც ამ ბაზარზე არსებობს.

    უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ბუნკერიან, ან მიწისქვეშა სახლებზე, ასევე ძალიან პოპულარული გახდა კუნძულების შეძენა.

    ამერიკული უძრავი ქონების კომპანიის მფლობელი, ჰარი ლინჩი ამბობს:

    “აშშ ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, და თუ ჩამოშლა მოხდებოდა, ჩვენ ალბათ მომსწრენი გავხდეობით სამოქალაქო არეულობის და სოციალური მღელვარების. ასეთ დროს ბრბო შეიძლება სახლებსაც შეესიოს და დააზიანოს, ან გაძარცვოს.

    საკვებიც კი მოიტაცოს, ან რამე უფრო ძვირფასი და ა.შ. ამიტომაც ბევრმა ჩემმა კლიენტმა მოინდომა მიწისქვეშ დამალვა, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ და არ ენერვიულათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა გარეთ. ისეთ თავშესაფარს ეძებდნენ, სადაც დაცულად იგრძნობდნენ თავს.

    ბაზარზე არსებობს ასეთი შეთავაზებები. მაგალითად, მიწისქვეშა სახლი, ტყვიაგაუმტარი კარით, სპეციალური რადიაციისა და დაავადებებისგან დამცავი ფილტრებით, გვაქვს ასეთი სახლი თავშესაფარი – 600 კვადრატული მეტრის სუპერბუნკერი. ორი სამზარეულოთი, დიდი მთავარი სასადილოთი, სასტუმრო ოთახი 60 კვადრატული მეტრია, 100 კვადრატულ მეტრიანი სათბურიც არის სახლში. მიწისქვეშა ტირიც არის გასართობად.  ამ კომპანიის მიერ მოწყობილი ბუნკერების ფასი 50 000 დოლარიდან იწყება.

    ბრიტანული უძრავი ქონების კომპანიის წარმომადგენელი, პენი მასგროუვი ამბობს, რომ მათი კლიენტები ძირითადად კომპანიების დამფუძნებლები და მფლობელები, ცნობილი ადამიანები და ტოპ მენეჯერები არიან.  რომლებსაც მთელ მსოფლიოში რამდენიმე სახლი აქვთ.

    “გვქონდა მოთხოვნები შოტლანდიის მაღალმთიანეთში მდებარე ციხე–სიმაგრეებზე, ბუნკერებიან სახლებზე, რაც სხვათაშორის ბაზარზე ბევრი არ არის.

    ერთმა კლიენტმა,  რომელსაც ლონდონში, მეიფერში უზარმაზარი, 40 მილიონ დოლარად ღირებული სახლი აქვს, რომლის გადაკეთებაც სულ ახლახანს დაასრულეს, კიდევ ერთი, სათადარიგო სახლი მოინდომა მეიფერში,ზუსტად თავისი ახალი სახლის მეზობლად,  რადგან მის ძვირფას სახლს არ უნდოდა კორონავირუსი გაკარებოდა.

    იყო მოთხოვნები მივარდნილ ადგილებში მდებარე სახლებზე, ან თხრილებით გარშემორტყმულ სახლებზე. დიდი მოთხოვნა გაჩნდა შოტლანდიურ სახლებზე, პოპულარული გახდა კუნძულებიც. აღმოვაჩინე, რომ პანდემიის დროს კუნძულებზე დიდი მოთხოვნა ჩნდება.“– ამბობს ის.

     

  • მთავარ არხზე ახალი ქართული სერიალი იწყება კარგად ნაცნობი მსახიობების მონაწილეობით

    მთავარ არხზე ახალი ქართული სერიალი იწყება კარგად ნაცნობი მსახიობების მონაწილეობით

    “მთავარ არხზე” ახალი სერიალი იწყება.  “დიდი ოჯახი” იუმორისტული სერიალია, რომელიც ტრადიცილური სიტკომის წესების დაცვით იქნება გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალს თან ახლავს მაყურებლის გულწრფელი ემოციები და  სიცილი. მოქმედება ერთ დიდ ოჯახში ვითარდება.

    სერიალში  ერთ დროს პოპულარულ სერიალ, “შუა ქალაქში“ მთავარი როლების შემსრულებლებმა მოიყარეს თავი: სერიალში იხილავთ თათული ედიშერაშვილს, თამუნა ნიკოლაძეს, ბაჩო ქაჯაიას, გოგა ბარბაქაძეს.

    სერიალის გადაღების იდეა ვანო ჯავახიშვილს და მის გუნდს გაუჩნდამცირე დროში შეძლეს ახალი სცენარისტების  ჯგუფის  შეკრება და მოიწვიეს ამ ჟანრში  გამოცდილი რეჟისორი,  გოჩა კოლხელაური   და სერიალის წარმატების  საწინდარიც მაშინვე  გაჩნდა.

    სერიალი “მთავარ არხზე“ პარასკევს  დაიწყება. ქართული კომედიური სერიალის პირველი ორი სერია უკვე გადაღებულია . ის ეთერში ყოველ პარასკევს და შაბათს, 23 საათზე გავა.

  • რიონში უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია, არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო – ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი

    რიონში უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია, არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო – ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი

    “არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო” – ეკოლოგი და  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი ნუგზარ ზაზანაშვილი  რაჭაში, ონის რაიონში, მდინარეზე რიონზე ჰიდროელექროსადგურ „ონის კასკადის“მშენებლობას ეხმაურება და იმ რისკებზე საუბრობს რომელსაც “ონის კასკადი”  წარმოადგენს.

    “არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებას იპოვი, მიადგე და ჰესი ააშენო. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ საკითხში ჩვენი ფილოსოფიაა: მართებული ჰესი მართებულ ადგილას.

    საშუალოვადიან პერსპექტივაში, ვთქვათ ავიღოთ 15-20 წელი, ამ პერსპექტივაში რამდენს მოუტანს ეს ჰესების კასკადი ახალი ჰიდროენერგეტიკული ინრასტრუქტურა რიონზე რეგიონს, ადგილობრივებს და ქვეყანას, ფულადი გამოსახულებით აი რამდენ ლარს მოუტანს. და მეორე შეფასდეს ეს რომ არ მოხდეს და განვითარდეს ტურიზმის ინფრასტრუქტურა. მეღვინეობის ტრადიციული მიმართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს. იმ შემთხვევაში რამდენი ადამიანი დასაქმდება, რამდენს ექნება შემოსავალი, რას მიიღებს რეგიონი და ქვეყანა. ამას რომ გააკეთებ და მაჩვენებ ჰესებს ხუთჯერ მეტი თუ მოაქვს ვიდრე სხვას, კიდევ შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი მაგრამ ასეთი კვლევა არ არის. რისკები სახეზეა, მდინარეს რომ მიწაში ჩადებ, ზემოქმედებაა, აბა რა არის? ის მდინარე წყლის ეკოსისტემა არ არის?

    რიონი არის ერთადერთი ადგილი, სადაც უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია. ზუთხის ყველა სახეობა გლობალური საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებად არის აღიარებული საერთაშორისო წითელი ნუსხის მიერ. რაჭაში ვაზის უნიკალური ჯიშებია, დედამიწის ზურგზე სხვაგან რომ არაა არსად. წინაპრებმა ამდენი საუკუნის მანძილზე შემოგვინახეს და ახლა ხალხი ბიზნესს აკეთებს, ღვინო გადის უცხოეთში და შენ ამბობ, რომ საფრთხეს არ შეუქმნი. დამისაბუთე, რომ საფრთხეს არ შეუქმნის.

    რაჭა, ჩემი შეხედულებით არის ადგილი, სადაც დამატებითი ჰესების აშენება სარგებელს ნაკლებს მოიტანს, ზიანს მეტს.” – განაცხადა ნუგზარ ზაზანაშვილმა, მთის ამბებთან საუბრისას.

    ცნობისთვის, ონის რაიონში, მდინარე რიონზე, 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობის პროექტს სს “ონი კასკადი” ახორციელებს. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) 2017 წლის დეკემბერში წარადგინა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებულ პროექტზე, 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად Covid19-თან  ბრძოლით იყო დაკავებული, გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.

  • “მეორე ტალღის თეორია წალეკავს ახლა ყველაფერს. არავითარი ,,მეორე ტალღა,, არ არსებობს“

    “მეორე ტალღის თეორია წალეკავს ახლა ყველაფერს. არავითარი ,,მეორე ტალღა,, არ არსებობს“

    გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ იქნება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოცხადებული კარანტინის მიზანი ვირუსის გავრცელების სიჩქარის შენელება იყო, რათა ჯანდაცვის სისტემებს მომზადება მოესწროთ:

    “მეორე ტალღის თეორია წალეკავს ახლა ყველაფერს. არ მეგონა ასე უსუსური მახსოვრობა თუ ჰქონდა ბევრ პროფესორს თუ მოაზროვნედ წოდებულს.

    როცა მარტში მთელი მსოფლიო ლოქდაუნი გამოცხადდა, მიზანი იყო აშკარა და ცალსახა.
    ინფექციის გავრცელების სიჩქარის შემცირება და ტაიმაუტის აღება, რომ გვქონდეს საავადმყოფო ადგილი, სუნთქვის აპარატი და ელემენტარული ეპიკიური იმ მომენტის მერე, როცა გავიხსნებითო.

    ანუ, ლოქდაუნის დროს, როგორც კი შემცირდებოდა და კონტროლირებადი გახდებოდა ინფექციის სისწრაფე, გავიხსნებოდით, ეს იყო და არის კიდეც გეგმა. არ მესმის ახლა რატომ გვიკვირს, რომ თურმე ინფექცია ,,არ გაქრა,,?

    სად უნდა გამქრალიყო?

    ჩვენი მიზანი იყო მომზადება ამ გახსნის მერე მომატებული ინფექციებისათვის და ახლა ეს გვიკვირს? მაშ რატო გვქონდა ლოქდაუნი?

    დაგვეტოვებინა ყველაფერი უჰიგიენოდ, შეუზღუდავად, ექნებოდა 4 კვირაში ეს ინფექცია ყველას. მაგრამ, ეს ხომ არ გვინდოდა? ხომ გვინდოდა კონტროლირებადი რიცხვი? ხოდა ახლა გვაქვს ეს კონტროლირებადი სიტუაცია.

    არავითარი ,,მეორე ტალღა,, არ არსებობს. ლოქდაუნის მერე რომ აიწევდა ინფექციურობა, მარტში ყველამ ვიცოდით ეს და მარტი, აპრილი და მაისი ვემზადეთ.

    თუ ვინმე არაა მომზადებული, ეს მისი ხელისუფლების, სამედიცინო პერსონალის პასიურობის და მოუმზადებლობის ბრალია.

    ხალხმა არ ,,აიშვა,, და არც ,,გრიალობს,, არამედ ხალხი ცხოვრობს ისე, როგორც შეეფერება ადამიანს, რადგან უთხრეს, რომ ეს 6 კვირა გვაცალე, შევანელოთ ინფექცია და მერე მზად ვიქნებით, ვისაც გადარჩენის მინიმალური შანსი აქვს, გადავარჩენთო და არ დავიწყებთ ,,ტრიაჟებით,, ხალხის გარჩევასო.

    აი ეს ვუთხარით ყველამ, მათ შორის მეც ხალხს. თუკი ვინმეს ეგონა რომ რაღაცეები თავისით გაქრება, ის სწორია, ბევრი ვირუსი ქრება თავისით, ძალიან ბევრ ვირუსს აქვს საკუთარი გაურკვეველი დინამიკა და ქრება, ისევე როგორც ეს სარსი 1ის დროს მოხდა.

    თუკი ვინმეს ეგონა, რომ ლოქდაუნი, ჩაკეტვა და ,,კომენანტის საათი,, ვირუსს ანადგურებს, იმას ალბათ სკოლაში დაბრუნება მოუწევს. დღეს ალბათ სადღაც 10 დან 15%მდეა იმუნიტეტი მოსახლეობაში, იქნებ ცოტა მეტი ან ნაკლები, მაგრამ, ნამდვილად არის. ესეც ლოქდაუნის დამსახურებაა რომ მინიმალური პრობლემით მოხდა ეს იმუნიზაცია.

    ახლა კი სრული გახსნაა აუცილებელი და ამასთანავე მინიმალურზე მინიმალური ჰიგიენური ნორმის დაცვა, ესაა არკოცნაობა უცხო ხალხთან და მინიმალური დისტანცია.

    ლოქდაუნის გახსნიდან ასე 6 კვირაში ეს შეზღუდვაც უნდა მოვიცილოთ და უნდა გადავიდეთ სრულიად ნორმალურ მოდუსზე.

    და მთელი ამ დროის მანძილზე, უნდა დავხვეწოთ, განვაახლოთ, ავღჭურვოთ და დავახელოვნოთ სამედიცინო სისტემა.

    ადამიანებს დიდი და ხანგრძლივი მომავალი გვაქვს და პანიკა უბრალოდ არ გვეკადრება.“– წერს ფეისბუქზე იაგო ფრანგიშვილი.