ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომჩივანი მხარისგან, ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო.
ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება.
“2018 წლის აგვისტოდან წყვილი ერთად არ ცხოვრობს და 2019 წლიდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინების ინიციატორი გახლდათ ბატონი ნიკოლოზი. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თუკი ის იყო მოძალადე ადამიანი, მოძალადესთან რატომ არ სურდა ქალბატონ ნეკას განქორწინება. სანამ არ მიმართა სასამართლოს განქორწინებისთვის, რომელიც შეიძლებოდა მარტივად მოგვარებულიყო იუსტიციის სახლში, მსგავსი არ მომხდარა. არცერთ პროცესზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი – უფრო მეტიც, არსებობს საოქმო ჩანაწერები, სადაც ამბობს, რომ ნიკოლოზი იყო ძალიან კარგი მამა,”-განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.
“2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან. რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე,”-განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ჯოან როულინგმა თაყვანისმცემლები გააოცა, როცა ახალი საბავშვო ზღაპრის პუბლიკაციის შესახებ გამოაცხადა. ზღაპარი მის ვებგვერდზე ყოველდღიურად ნაწილ–ნაწილ უფასოდ გამოქვეყნდება. “The Ickabog“ მწერლის პირველი ზღაპრული ისტორიაა, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს არ ეხება. სინამდვილეში წიგნი 10 წლის წინ დაიწერა. მწერალმა მისი გამოქვეყნება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.
წიგნი განკუთვნილია “კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისაც ამ უცნაურ და მშფოთვარე დროს სკოლაში დაბრუნება მოუწია“– ამბობს ავტორი.
წარსულში როულინგი ამ წიგნს მოიხსენიებდა როგორც უსახელო “პოლიტიკურ ზღაპარს“.
წიგნი ათ ივლისამდე თავებად გამოქვეყნდება იმავე დასახელების ვებგვერდზე theickabog.com.
პირველ ორ თავში, რომლებიც სამშაბათს გამოქვეყნდა მკითხველი მეფე ფრედ უშიშარს გაეცნო, რომელიც კორნუკოპიის სამეფოს მართავს. ასევე გაეცნო ხუთი წლის ბერტ ბიმიშს. გამოქვეყნებულ თავებში მოთხრობილია ლეგენდა საშიში მონსტრის შესახებ, რომელსაც იკაბოგი ჰქვია და რომელზეც ამბობენ, რომ პატარა ბავშვებს და ცხვრებს ჭამს.
როულინგის თქმით, მას თავიდან უნდოდა ეს წიგნი 2007 წელს, ჰარი პოტერის მეშვიდე და ბოლო წიგნის გამოშვების შემდეგ გამოეცა, თუმცა გადაიფიქრა და გადაწყვიტა დაესვენა. ხელნაწერი კი სხვენში გადაინახა.
“დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ეს ზღაპარი ჩემს ორ უმცროს შვილს ეკვთნოდა, რადგან როცა ისინი პატარები იყვნენ, საღამოობით სწორედ ამ წიგნს ვუკითხავდი და ამ წიგნთან დაკავშირებით ბედნიერი, ოჯახური მოგონებები შემომრჩა“– წერს მწერალი საკუთარ ვებგვერდზე.
რამდენიმე კვირის წინ როულიგნმა შვილებს შეატყობინა, რომ აპირებდა სხვენიდან ხელნაწერი ჩამოეტანა. როგორც ამბობს, შვილები ამ გადაწყვეტილებას ენთუზიაზმით შეხვდნენ და ერთად ჩამოიტანეს დამტვერილი ყუთი სხვენიდან.
27 მაისს ბერლინის Clubcomission-ისა და Reclaim Club Culture-ის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმის, UNITED WE STREAM-ის მხარდაჭერით თბილისის კლუბები საქველმოქმედო პროექტში ჩაერთვებიან, რომლის მიზანსაც COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი საკლუბო სცენის დახმარება წარმოადგენს.
სხვა ქალაქებთან ერთად, თბილისი აქტიურად იწყებს საქმიანობას, რომელიც სრულად მიმართული იქნება ადგილობრივი არტისტების, სივრცეეებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალის, არსებობისა და ფუნქციონალურობის შესანარჩუნებლად. იმისათვის რომ არსებულმა ზიანმა არ მიგვიყვანოს გამოუსწორებელ შედეგებამდე, მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ყურადღების მიმართვა სფეროებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა.თითოეული გაწეული დახმარება თუ დონაცია განსკუთრებით მნიშვნელოვანია.
United We Stream Tbilisi მადლობას უხდის პარტნიორებს გაწეული დამხარებისათვის. პირველი ტრანსლაციის მომზადებაში, რომელსაც აუდიტორია, თბილისის დროით 27 მაისს, 17:00 საათზე იხილავს. თითეული ადამიანის, ფონდის თუ ორგანიზაციის ჩართულობა ლოკალური სცენის გადარჩენის საკითხში ფასდაუდებელია. Link to donate: https://fundraiser.ge/uws
27 მაისს სადებიუტო 9-საათიანი სტრიმი საგურამოში არსებულ კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება, რომელშიც ქართული საკლუბო სცენის საკვანძო სივრცეები – Café-Gallery, Mtkvarze, Khidi და Bassiani მიიღებენ მონაწილეობას.
7 მაისის United We Stream Tbilisi-ის სრული მუსიკალური პროგრამა:
საფრანგეთის ქალაქ ტიუა–ლე–მარშენის კომუნის საბჭომ პრაქტიკულად ერთსულოვნად აირჩია ქალაქის ხალ მერად ტრანსგენდერი ქალი მარი კო.
55 წლის კანდიდატი გარემოს დაცვის და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროგრამით გამოდიოდა. ის საფრანგეთში პირველი ტრანსგენდერი მერია.
მარი კო განათლებით აგროტექნიკოსია.
ტიუა–ლე–მარშენი ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით, ბელგიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქია 600 მოსახლით.
მუნიციპალური არჩევნები იქ მარტში ჩატარდა და გამარჯვება მოუტანა პოლიტიკურ ძალას “ერთად გადავწყვიტოთ“, რომლის სიით იყრიდა კენჭს მარი კო. ქალაქის მერი მოქალაქეების მიერ პირდაპირ არ აირჩევა. მას კომუნის საბჭო იწვევს. საბჭოს 15 წევრიდან 14–მა შაბათს ხმა კო–ს მისცა.
არჩევის შემდეგ მან სააგენტო ფრანს პრესს განუცხადა, რომ ის “აქტივისტი არ არის“ და აპირებს არა გენდერულ პრობლემებზე, არამედ მუნიციპალიტეტის საქმეებზე კონცენტრირდეს.
“ხალხს იმიტომ არ ავურჩევივარ, რომ ტრანსგენდერი ვარ. მათ ჩემი პროგრამა აირჩიეს“– თქვა მან.
“ტრანსგენდერების არსებობა საზოგადოებაში და მათ მიმართ არსებული ფობიების დაძლევა, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმეების შესრულებაზეა დამოკიდებული. ვულოცავ მარი კო–ს!“– დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის გენდერული თანასწორბის საკითხთა მინისტრმა მარლენ შაპამ.
ტიუა–ლე–მარშენის არჩევნებმა აჩვენა, რომ ფრანგები უფრო პროგრესულები ხდებიან, ხმას აძლევენ ინდივიდის ღირსებებიდან გამომდინარე და არა მათი გენდერული კუთვნილების მიხედვით – განაცხადა ტრანსგენდერთა ნაციონალური ასოციაციის თანადამფუძნებელმა სტეფანი ნიკომ.
ტელეწამყვანი და პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი პრესმდივანი, ეკა მიშველაძე ტვ პირველში იწყებს მუშაობას. ამის შესახებ მიშველაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
“კარგი ამბების დრო დადგა, როგორც იქნა! ვისაც ეს გამოუცდია იცის, რა ძნელია საყვარელი საქმის გარეშე დარჩენა. ახალი და ძალიან მაგარი ამბები გველის უმაგრეს გუნდთან ერთად ტვ პირველზე ჩემს საამაყო მეგობრებთან და კოლეგებთან! ინგა გრიგროლია, ამ სიხარულს ვერანაირი სიტყვებით გამოვხატავ! უბრალოდ გეტყვი- ადამიანების რწმენა დამიბრუნე ❤️??? p.s. ხვალ გამოვცხადდები სამუშაოზე დროულად“– წერს ეკა მიშველაძე ფეისბუქზე.
ამ ამბავს ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა ინგა გრიგოლიამაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ ტვ პირველის დირექტორად დაინიშნა:
“ჩემი მეგობარი და კოლეგა,საკუთარი საქმის პროფესიონალი, . სამსახურიდან პოლიტიკური ეჭვიანობით გამოშვებული. გონიერი,ნიჭიერი და ლამაზი,ეკრანი რომ საოცრად უხდება,უმაგრესი გოგო,დღეიდან უკვე ტვ ..პირველის თანამშრომელია.
Ekaterine Mishveladze
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გუნდში.ისე მიხარიხარ,ისე,ისე,რომ გული მიჩუყდება
ერთად რომ ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებთ, ეგ კიდევ უფრო მაბედნიერებს)))) ხვალიდან გამოცხადდი სამსახურში-პატივისცემით უკვე შენი დირექტორი ი.გ“– წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქშოუს წამყვანობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს. მიზეზი მისი მეუღლის, ბუკა პეტრიაშვილის პოლიტიკური საქმიანობა გახდა. 2016 წლიდან 2018 წლამდე ეკა მიშვლეძე მარგველაშვილის პრესმდივნად მუშაობდა.
კორნავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ მსოფლიოში ჯანდაცვის პრობლემები გააშიშვლა, არამედ გენდერული ძალადობაც წაახალისა: მილიონობით ქალი სახლში ტირანთან ერთად აღმოჩნდნენ ჩაკეტილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მიმართ ძალადობა გახშირდა, ისევე როგორც ქალების გარდაცვალების ფაქტები. ასეთი ტენდენცია მკაფიოდ ფიქსირდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მაგალითად, მექსიკაში მხოლოდ წლის დასაწყისიდან ოჯახური ძალადობის შედეგად 400 ქალი დაიღუპა.
პრობლემა ის არის, რომ ქალები 24 საათის განმავლობაში საკუთარ აგრესორებთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი. რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად სხვადასხვა ზომები ტარდება. მაგალითად, მკაცრი კარანტინის დროსაც კი ბევრ ქვეყანაში პოლიციაში წასვლა განცხადების დასაწერად სახლიდან გასვლისთვის საპატიო მიზეზად ითვლებოდა. ხშირად აგრესორი პარტნიორები სახლიდანაც მიჰყავდათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ აგრესორთან სადღეღამისოდ გამოკეტილ ქალებს მანევრირებისთვის ნაკლები სივრცე დარჩათ.
გარდა ამისა, ბევრი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია კარანტინის პირობებში ისე აქტიურად ვეღარ მუშაობს. რა თქმა უნდა, არსებობს საგანგებო ცენტრები, საკონსულტაციო და დროებითი განთავსების ცენტრები. ასევე მობილური აპლიკაციები პოლიციის დროულად ინფორმირებისთვის. მაგალითად, თუ ქალს ტელეფონთან წვდომა აქვს, მას შეუძლია ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და დახმარება თხოვოს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
მან თქვა, რომ მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.
“ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია. მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. “ — განაცხადა გუტიერეშმა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებშიც კი მოძალადეების სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს და მსხვერპლი ქალების თავშესაფრით უზრნუნველყოფა მთავრობებისთვის გადაუდებელი აუცილებლობა უნდა იყოს.
გაზრდილ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა კარანტინის დროს სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს. მაგალითად, კანარის კუნძულებზე წამოიწყეს ინიციატივა “სამედიცინო ნიღაბი 19“, რომლის წყალობით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აფთიაქები ჩაერთნენ. თუ ქალი აფთიაქში მიდის და “სამედიცინო ნიღაბ 19“–ს კითხულობს, ფარმაცევტი ვალდებულია მაშინვე პოლიცია გამოიძახოს. ეს ინიციატივა სხვა ავტონომიურ ოლქებზე და ქვეყნებზეც გავრცელდა, მას საფრანგეთშიც იყენებენ. თუმცა პრობლემის მაშტაბი სხვადასხვა ინიციატივების თუ ფონდების შექმნის მიუხედავად არ შემცირებულა.
კარანტინის გამოცხადებისთანავე ბევრმა უფლებადამცველმა დასვა კითხვა: რა უნდა ქნან ქალებმა, რომლებიც აგრესორთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი. ისინი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში დიდი როლი მეზობლებს ეკისრებათ. თუმცა ბევრი ძველი პარადიგმით აგრძელებს ცხოვრებას და ფიქრობს, რომ ოჯახური კონფლიქტები პირადი საქმეა. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად განცხადებით პოლიციას თავად მსხვერპლი მიმართავს, მეორე ადგილზე მსხვერპლის ახლობლები არიან. სრულიად უმნიშვნელო წილი მოდის მესამე პირებზე, რომლებმაც პოლიციას ძალადობის შესახებ შეატყობინეს.
ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე, რომელიც ინსბრუკის კლინიკაში მუშაობს, ფეისბუქზე ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელთან, პროფესორ ვაისასთან დიალოგს აქვეყნებს. ცნობილი ინფექციონისტი ექიმის კითხვებზე კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პასუხებს სცემს:
“გუშინ ვესაუბრე ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის, ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაისს, შეგახსენებთ მან მიიღო პირველი კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტი ავსტრიაში, ყველაზე მეტ კორონა ვირუსით დაავადებულ პაციენტს მან უმკურნალა ავსტრიაში, მისი რეკომენდაციებით ხდებოდა ტიროლში კორონა ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა (ტიროლში იყო 3509 ადამიანი კორონა ვირუსით ინფიცირებული, გარდაიცვალა 96 , ამჯერად ინფიცირებულია მხოლოდ 39 პაციენტი )
ბევრი შეკითხვა მქონდა, ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი, ვისაუბრეთ კორონას მითების და რეალობის შესახებ
1. მითი, დათბება და კორონაც გაქრება, ტემპერატურის ზემოქმედება კორონა ვირუსზე. გარემოს ტემპერატურა თუ 200 გრადუს ცელზიუზსე მეტი იქნება… ჩვენც გავქრებითო მიპასუხა. სხვაგვარად კვლევებმა, მსოფლიო ეპიდემიოლოგიამ გვაჩვენა რომ გარემოს ტემპერატურის მატება არანაირ გავლენას არ ახდენს კორონა ვირუსის გავრცელებაზეო.
2. სიახალე დიაგნოსტიკაში? ეს ვირუსი რომ ვერაგია და სიურპრიზების კეთება უყვარს უკვე ვიცით. დაფიქსირდა პაციენტების ჯგუფი, რომელთაც განმეორებითი უარყოფითი პსრ ტესტის მიუხედავად, ქონდათ კორონა ვირუსისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, მათ ალერგიული ასთმის დიაგნოზზეც კი ვიფიქრეთ, მაგრამ განავლის ტესტის გაკეთებისას დადგინდა ვირუსის არსებობა.
3. როგორ აფასებს ავსტრიის მიდგომას ვირუსთან ბრძოლის საკითხში.
მხოლოდ დადებითად, რომ არა ეს ნაბიჯები რაც გადაიდგა დღეს მეტად დრამატული სურათი გვექნებოდა. ჩვენ დრო მოვიგეთ და გავეცანით უკეთ ამ ვურუსს, ახლა უკეთ მომზადებულები ვართ
4. მეორე ტალღა რომ დაიწყოს მერე? აღარაა საჭირო პიველყოფილი მეთოდებით ბრძოლა, გამოვიყენებთ იმ ცოდნას რაც დავაგროვეთ. ზოგადად დისტანცია, ჰიგიენა, რაც შეეხება მედიცინას ვიცით რაც გავაკეთოთ.
5. ვაქცინა? ვაქცინა იქნება მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო, როცა რობერტ კოხის ინსტიტუტმა თქვა წელიწად ნახევარი საუკეთესო ვარიანტში, ეს იყო რეალური დრო. ყველას ეჩქარება, მაგრამ ამით სპეკულირება არასერიოზულია, ვინც იცის როგორ ხდება ვაქცინის შექმნა და მერე მისი შემოწმება, მოქმედებს თუ არა, ცხადია მიხვდება რასაც ვამბობ.
6. წამალი? მალე იქნება, აქ ბევრი ვისაუბრეთ პროფესორ პენინგერზე, აქვე გავიგე რომ მეორე ავსტრიელი პროფესორი ბიშოფსჰოფერი გილიარდის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, სწორედ რომ რემდისივირის სულისჩამდგმელია და მეტიც, ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის შემქნელი ჯგუფის ხელმძღვანელი. წამალი იქნება მალე მაგრამ ეს იქნება პრეპარატი რომელიც კიდევ ერთ რომელიმე პრეპარატთან ერთად კომბინაციაში იმოქმედებს. ამ მონსტრ კორონას ბევრი კარი აქვს რომლის დახურვას მხოლოდ ერთი პრეპარატი ვერ შეძლებს.
7. მოგვიკლავს მომავალში პაციენტებს კორონა? ეს პრეპარატი თუ გვექნება, რასაც ვიმედოვნებ რომ მალე იქნება, ძალიან გაუჭირდება ჩვენთან შებრძოლება.
8. მსუბუქი ფორმით მიმდინარე დაავადებული პაციენტების მკურნალობა? სახლში, სიმტომური მკურნალობა.
9. პლაქველინი? ხუმრობთ? არა არ ვხუმრობ, ქართული მედიცინის მიღწევაა კორონასთან ბრძოლაში… აქ საუბარი არ გააგრძელა, ყავას კიდე დალევთ? სიამოვენბით.
10. რემდისივირი? პასუხი მოკლე იყო, ჩვენ არ გამოგვიყენებია, შემოთავაზება იყო, სამომავლოდ? დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რასაც დრო ჭირდება!
11. რას ურჩევთ ჩემი სამშობლოს სამედიცინოს სისტემას კორონასთან ბრძოლაში? სიმშვიდეს და თანმიმდევრულობას, ამას ყველას ვურჩევ, ჩვენს თავსაც. სიახლეს არ ჩამორჩეს, ინფორმაციის სწრაფი გაფილტვრა და მისი გამოყენება. ყოველ წამს ახალი ინფორმაცია მოგვდის.
12. უნდა ვიცხოვროთ კორონასთან ერთად? არა მან იცხოვროს ჩვენთან ერთად თუ შეძლებს. ყველგან ხაფანგს დავუგებთ სადაც შეგვეძლება.
13. რამდენი მილიონია საქართველოს მოსახლეობა? თავად მკითხა , დაახლოვებით 4 მილიონი ვუპასუხე. მესმის შენი.
14. დავგეგმო შვებულება , შემოდგომაზე მაინც? რასაკვირველია, ავსტრიაში მაინც, წინასწარ გადაამოწმე, თუ სამოგზაუროდ არჩეულ ქვეყანას კარანტინის გზა აქვს არჩეული ტურისტისათვის იქ არ წახვიდე.
მადლობა გადავუხადე და დამპირდა რომ ყველა სიახლეს რაც კი მიიღებს მომაწვდის, ჩემი 4 მილიონიანი სამშობლოსათვის.“– წერს ირმა კვიცარიძე.
საკარანტინე ზომების შემსუბუქებასთან ერთად, ამერიკის დიდ ქალაქებში კიდევ ერთი ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და სხვა დიდ ქალაქებში, ინფიცირების შიშით, ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არიდებს და მიმოსვლას მანქანით ამჯობინებს. სუბსიდირების ნაკლებობით ცნობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები კიდევ უფრო სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
თვალშისაცემი რეალობა უახლესი გამოკითხვებითაც დასტურდება. ბოლო დღეებში ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, ქალაქში მცხოვრები ის ამერიკელებიც კი, ვისაც მანქანა ცხოვრებაში არ ჰყოლია, პირველად იძენენ ავტომობილს. ეს ავტომწარმოებლებისთვის კარგი სიახლეა, მაგრამ ქალაქის მერიების, ქალაქდაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების და გარემოს დაცვისთვის არც ისე სახარბიელო ტენდენციაა.
იგივე დინამიკა დაფიქსირდა ჩინეთშიც, სადაც კარანტინი უფრო ადრე მოიხსნა და ეკონომიკის ამუშავებასაც შეუდგნენ. იმის მიუხედავად, რომ კარანტინი უკვე ორი თვეა მოიხსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 35%-ზე რჩება, მაგრამ გაიზარდა პერსონალური ავტომობილების ყიდვის მაჩვენებლები.
კომპანია „ფორდ მოტორსის“ ოპერაციების ხელმძღვანელი ჯიმ ფარლი ამბობს, რომ მათ ჩინეთში შედარებით ძვირი მანქანების გაყიდვის მაჩვენებლები გაეზარდათ. „ფორდის“ მონაცემებით, ავტომობილებს ძირითადად ოფისში მომუშავე, შედარებით მაღალი ანაზღაურების მოქალაქეები ყიდულობენ.
მეტროსადგური ჩინეთში
ანალოგიური მაჩვენებლები აქვს „ფოლკსვაგენის“ ცენტრებს ჩინეთში. წინა წელთან შედარებით, მანქანების გაყიდვა აპრილის ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა – ამბობს ჯერგენ სტაქმენი, „ფოლკსვაგენის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ჩინეთის მსუბუქი მანქანების ასოციაცია აცხადებს, რომ აპრილის ბოლო კვირაში ავტომობილების გაყიდვა 12.3% -ით გაიზარდა. ჩინეთშიც ფიქრობენ, რომ ეს პანდემიის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდების მიზნით ხდება.
შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობამ დღეისთვის 95%-ით იკლო. პროგნოზების მიხედვით, დიდი ქალაქების სატრანსპორტო სისტემებს სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები და მწვავე დეფიციტი ემუქრება, რაც სავარაუდოდ, 2022 წლამდე გასტანს. ურთულესი ვითარება იქმნება ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც პანდემიამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად 5.5 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.
სატრანსპორტო სააგენტოებმა მთავრობისგან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტი მიიღეს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ისინი სააგენტოებისთვის დამატებით $33 მილიარდს ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელები საზოგადოებრივ ტრანსპორტს სავარაუდოდ, მომავალშიც ნაკლებად გამოიყენებენ, რისკის ქვეშ მთელი ინდუსტრია დგება.
ვაშინგტონის მეტრო
საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის „იფსოს“ გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ამერიკელების 72% ამბობს, რომ ან შეამცირებს ავტობუსებით, ბორნებით, მეტროთი და მატარებლებით სარგებლობას, ან დაელოდება იმ დროს, როცა მგზავრობა უსაფრთხო გახდება. გამოკითხულების 68% მგზავრობას ავტომობილს ამჯობინებს, ან ამბობს, რომ უფრო მეტად გამოიყენებს მას.
„ჩვენ მართლაც ვამაყობდით იმით, რომ მეტროთი ვსარგებლობდით, მაგრამ ახლა მანქანა გარეთ გასასვლელად უბრალოდ ყველაზე უსაფრთხო საშუალება გახდა“ – ამბობს განა ლინგსტოუნი. ის ქმართან და ხუთ შვილთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს. მანქანა მათ აქამდე არასდროს ჰყოლიათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მიხვდნენ, რომ უსაფრთხოებისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და აპრილში პირველი ავტომობილი, კომპანია „ჰონდას“ მოზრდილი მანქანა „ოდისეი“ შეიძინეს.
ზოგიერთი სამსახური თანამშრომლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას არ ურჩევს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა თავის თანამშრომლებს სამსახურში სასიარულოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას უკრძალავს კიდეც.
გამოკითხვა ჩაატარა მანქანების გაყიდვის ვებ-პლატფორმამაც, სახელად „თრუქარ“. მათი მონაცემებით, ამერიკელი მყიდველების 8% ამბობს, რომ ავტომობილის ყიდვის ან ქირაობის მთავარი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდება გახდა.
ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით: საცობები გაცილებით რთული დასაძლევი გახდება – ამბობენ ამერიკელი მკვლევარები. მათი მოდელების მიხედვით, ინდივიდუალური გადაადგილების ხანგრძლივობა ამერიკის დიდ ქალაქებში სულ ცოტა 20 წუთით გაიზრდება, თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ყოველ 4 ადამიანს შორის, საჭესთან ერთი მაინც გადაჯდება.
ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორი დენ უორკი ამბობს, რომ „თუ ოფიციალური პირები ვერ დაარწმუნებენ ხალხს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა, შეიძლება ამ ტიპის ტრანსპორტიდან მთლიანად გადავერთოთ“. ის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში ჩატარებული ახალი კვლევის თანაავტორია.
ნდობის აღდგენისთვის, ამერიკის სატრანსპორტო სააგენტოები ევროპის და აზიის ქვეყნების გამოცდილებას სწავლობენ. არ არის გამორიცხული, დაინერგოს უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა: ტემპერატურის სავალდებულო გასინჯვა, ნიღბების სავალდებულო ტარება, სოციალური დისტანცირების რეგულაციის დაცვა ავტობუსებში, მეტროს პლატფორმებზე და ვაგონებში.
ნიუ-იორკში უკვე ფართოდ დაინერგა სისტემატური დეზინფექციის მეთოდი. იწმინდება ყველაფერი, ბილეთის ასაღები მოწყობილობა იქნება ეს, ლიფტის ღილაკები, კიბის სახელურები, თუ ვაგონები. ნიუ-იორკის მერია ამბობს, რომ დეზინფექცია ცალკე აღებული, ქალაქს წელიწადში სულ ცოტა, 500 მილიონი დოლარი დაუჯდება.
“რუსეთის ნაკრებში მუშაობა? არც ახლა. ძნელია იმ ტკივილის დავიწყება, რომელიც 2008 წლის ომიდან მაქვს. ეს მოგონებები ყოველთვის დამეხმარება გავაკეთო არჩევანი რუსეთთან მიმართებით,” – ეს სიტყვები “ფახთაქორის” ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში თქვა, სადაც რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე.
2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ დიკ ადვოკატმა შოთა არველაძეს რუსეთის ნაკრებში პირველ ასისტენტად მუშაობა შესთავაზა, რაზეც უარი და გასაგები მიზეზიც მიიღო. ქართველი მწვრთნელი მათ ნაკრებში მუშაობაზე დღემდე მტკიცე უარზეა.
2010 წელს დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მუშაობა შეგთავაზათ, თქვენ უპასუხეთ: “მე ჯერ კიდევ არ შემიძლია – მათ ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს”. ახლა წახვალთ შემოთავაზების შემთხვევაში?
-არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია. 2008 წლის აგვისტოში ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, რა საშინელება ტრიალებდა ქვეყანაში, რისი დავიწყებაც ძნელია. რუსულ კლუბში მუშაობა სხვა საკითხია, მაგრამ ნაკრებში სულ კიდევ სხვა. არ მინდა ჩემი პოლიტიკური გრძნობები ფეხბურთში გავურიო, მაგრამ ის მოგონებები, რაც 2008 წლის ომიდან მაქვს, ყოველთვის დამეხმარება რუსეთთან მიმართებით არჩევნის გაკეთებაში.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთ საქართველოს ომს, ჩვენი ქვეყნის 396 მოქალაქე ემსხვერპლა, აქედან 224 სამოქალაქო პირია, უგზოუკვლოდ დაიკარგა 27 ადამიანი.