Category: სხვადასხვა

  • “პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე“–ზურაბ გურული

    “პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე“–ზურაბ გურული

    ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო–ასე აფასებს კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ვითარებას აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული. მისი აზრით, მსოფლიო ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას ქაოტურად, იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე ცდილობს. ამის შესახებ გურული სოციალურ ქსელში წერს:

    “-მოგვატყუეს, უდიდესი ბლეფი – გაიგონებთ დღეს ხშირად კორონას შესახებ. და ცხადია ამის მთქმელი ყოველთვის არის მედიცინაში აბსოლუტური დილეტანტი. ეს განსაკუთრებით ხდება იმ ქვეყნებსა თუ მხარეებში, სადაც კორონა მიზეზთა გამო არ განვითარებულა თავისი მძიმე და უმძიმესი ფორმებით.

    არადა, პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე, რომელთან შედარებით კომპლექსური გრიპიც უბრალოდ თამაშია. ეს არის უაღრესად ჩახლართული მექანიზმის მქონე დაავადება, რომელიც რაღაც მანქანებით იწვევს სისხლძარღვთა კედლების უმძიმეს ანთებას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის შედედების კასკადის სრულ მოშლას, თრომბების გაჩენას, სხვადასხვა ორგანოებში ქსოვილის ნეკროზს, მიკროინფარქტების, ანუ მკვდარი უბნების წარმოქმნას, იმუნური, დაცვითი სისტემის ისეთ უცნაურ მოშლას, რომ თავად საკუთარ სხეულს უტევს თავდაცვითი კასკადი; წარმოიდგინეთ, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოულოდნელად თავად იმავე ქვეყანას რომ დაუშინოს ყველა რაკეტა.

    დიახ, ეს არის კორონა, თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცბიერი და რთული ვირუსი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გადააწყოს საკუთარი თავდაცვის სისტემა წამლების წინააღმდეგ, არაერთელ “წაიკითხოს” შემთხვევით, ან წამლის გავლენით შეცდომით “დაბეჭდილი” საკუთარი ასლები და გამოასწოროს ეს ხარვეზები. ეს არის ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის სამხედრო სისტემამ სამუდამოდ აუკრძალა იმ კორონაგადატანილ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახური, რომლებიც დაავადების მძიმე ფორმის გამო ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ. არავინ იცის ამ ვირუსის ზეგავლენის შორეული შედეგები. და დიახ, პანიკა საჭირო არ არის, რადგან ასეთი გართულებები ჯერჯერობით უცნობი, მაგრამ არამაღალი სიხშირისაა, მაგრამ ეს არის უდავო ფაქტი.

    მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას; ეს გარდაუვალია, მაგრამ როგორ ხდება ეს დღეს?

    სრულიად ქაოტურად, იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე. არის ეს საზოგადოების ბრალი? არანაირად!

    ეს არის მათი ბრალი, ვინც სრულიად “ჩააგდო” პანდემიის მართვის პროცესი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. მასის ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა.
    ტურისტებისათვის უნდა გაიხსნას სეზონი, მაგრამ, შესწავლა უნდა კონტინგენტს, ქვეყნებს, საიდანაც ეს ტურისტები შემოვლენ. ისევე როგორც ჩინეთის ამბები არ იცის ობიექტურად მსოფლიომ, ასევე რუსეთის. მაგალითად, როგორ განვითარდა ეს ვირუსი რუსეთში, რა სისასტიკით, როგორი იყო მძიმე და უმძიმეს პაციენტთა ხვედრითი წილი, რა პოტენცია არსებობს იმისა, რომ ტურისტები ვირუსის სახიფათო დოზებს თუ მუტანტ შტამებს შეიტანენ ამა თუ იმ ქვეყანაში, რა დაჯდება მათი შემოწმება სწრაფი ტესტებით… – ეს და არაერთი სხვა ლოჯისტიკური შეკითხვა ჰაერშია გამოკიდებული და შემდგომი მოქმედებები ისევ იღბალზეა გათვლილი და არა მეცნიერულად გათვლილ რისკ/სარგებლიანობის შეფარდების კოეფიციენტზე.

    უაზრო შეზღუდვები, კიდევ უფრო უაზრო ახალი კანონები, საკუთარ რეკომენდაციებსა და წინასწარმეტყველებებში აბურდული ექსპერტები; აგრესიული, დილეტანტი პოლიტიკოსები… ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო. გაბრაზებული, დაბნეული, მაგრამ გაჯიუტებული.

    – აი ამერიკაშიც ასე ხდება – იტყვის მავანი. კი ბატონო, ხდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ფატალური შეცდომების დაშვების ფუფუნება და არიან ისეთებიც, რომლებსაც არა აქვთ. რა მოხდება? არავინ იცის. იმედია გაამართლებს ბრმა იღბალი …“– წერს ზურაბ გურული.

  • მოძრაობა “სირცხვილიამ“ რურუაზე მომზადებული მთავარი არხის სიუჟეტი გააპროტესტა. რა არ მოეწონათ აქტივისტებს და რატომ მიიღეს მწვავე კრიტიკა

    მოძრაობა “სირცხვილიამ“ რურუაზე მომზადებული მთავარი არხის სიუჟეტი გააპროტესტა. რა არ მოეწონათ აქტივისტებს და რატომ მიიღეს მწვავე კრიტიკა

    მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს “ახალგაზრდა თანამებრძოლების მილოცვა გიორგი რურუას“ კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. სიუჟეტში მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები გიორგი რურუას დაბადების დღეს ულოცავენ, მასთან ურთიერთობაზე და იმ მხარდაჭერაზე საუბრობენ, რომელიც მთავარი არხის ერთ–ერთმა მეწილემ საპროტესტო მოძრაობას აღმოუჩინა.

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/584778212226768/ 

    სიუჟეტი მთლიანად ინტერვიუებზე და კადრებზეა აწყობილი,თუმცა როგორც გაირკვა, მოძრაობა სირცხვილიას წევრებს ის კონტექსტი არ მოეწონათ, რომელშიც მათი ინტერვიუები აღმოჩნდა. ახალგაზრდა აქტივისტები სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა გიორგი რურუას მხარდაჭერის გამო, რომელიც დღეს დასავლეთის მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული, თუმცა რურუას მხარდამჭერებს შეახსენეს, რომ  მისი წარსულის შესახებ არაერთი კითხვა არსებობს. მოძრაობა “სირცხვილიამ“ საკუთარ გვერდზე საღამოს განცხადება გამოაქვეყნა:

    “ვეხმაურებით სიუჟეტს, რომელიც დღეს გავიდა “მთავარი არხის” ეთერში. საბოლოო პროდუქტი, რომელიც იხილა საზოგადოებამ არის მოულოდნელობა ყველა მონაწილისთვის, რადგან ფორმატი და კონტექსტი ჩვენთვის სხვაგვარად იყო მოწოდებული. სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს ვიდეოს მონაწილეებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მზადდებოდა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთვის დაბადების დღის მისალოცი სიუჟეტი, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა.

    კადრებში, რომლებიც საბოლოო ვიდეოში რატომღაც არ მოხვდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რატომ არ უნდა იჯდეს გიორგი რურუა შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, რატომ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რატომ არის “პოლიტპატიმარი” ის ტერმინი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს გიორგი რურუას საქმე.

    გარდა ამისა და შაბლონური მილოცვისა, ჟურნალისტი გვესაუბრა გიორგი რურუასთან დაკავშირებულ სხვა თემებზეც, საბოლოოდ კი, მივიღეთ შედეგი, რომელიც აცდენილია მონაწილეების მიზნებს. ხოლო მოძრაობის მიერ გიორგი რურუას მხარდაჭერის მოტივებს ადეკვატურად არ გამოხატავს.

    არ გავურბივართ ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ პასუხისმგებლობებს, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ თუ ვიდეო მზადდებობდა მხოლოდ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებით და ამგვარი პათოსით, ეს ამბავი წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო ჩვენთან.

    თავის მხრივ, ჩვენც უნდა გამოგვეჩინა მეტი წინდახედულება, რომ არ შეგვეტანა ჩვენი წვლილი ბუნდოვანი კონტექსტის სიუჟეტის მომზადებაში. ვფიქრობთ, რომ არასწორი აქცენტების დასმა ბრძოლისთვისაც კონტრპროდუქტიულია, რადგან გიორგი რურუა ვინმესთან მეგობრობის გამო კი არ უნდა გამოუშვან ციხიდან, არამედ იმიტომ, რომ არსებული ბრალდებები არის მოგონილი, პოლიტპატიმრების ყოლა კი ქვეყნის იმიჯისთვის დამანგრეველია. სწორედ ამაზე მიუთითებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და სწორედ ამიტომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაც.

    შესაბამისად, ვიღებთ კრიტიკას და ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის.
    გმადლობთ.“– ნათქვამია “სირცხვილიას“ განცხადებაში.

    ამ განცხადებას არანაკლები კრიტიკა მოჰყვა. მოძრაობის წევრებს ზოგმა უმადურები უწოდა, განცხადებას კი შოკი და “სირცხვილი“.

  • “რაც მეტს იჭრიალებთ ამაზე, მით უფრო მწარედ მოგხვდებათ ცხვირში. გაათავისუფლეთ რურუა“–დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას

    “რაც მეტს იჭრიალებთ ამაზე, მით უფრო მწარედ მოგხვდებათ ცხვირში. გაათავისუფლეთ რურუა“–დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს მთავარი არხის დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს:

    “პატ. ხელისუფლებავ:

    შევეცდები მარტივად და ქართულ-ხალხურად გაგიიასნოთ ერთი ამბავი.

    მაგარი ბიჭობა და სთრონგმენობა მოინდომეთ, ვისაც გვინდა დავიჭერთ, რასაც გვინდა შევტენით, რა კანონსაც გვინდა იმას მივიღებთ, ნაცების დედებს იმასვიზამთ და რამე, მაგრამ არ გამოგივიდათ! დაგახურეს თავზე დედის ის და შეირგეთ კარგად და გემრიელად (არ შეირგებდით და თქვენი აჯობებდა!). მოგიწიათ ორი კაცის გამოშვება. კი არ გინდოდათ, მაგრამ მოგიწიათ და ის ზღაპარი, სალომემ რომ თავის თავზე აიღო და ა. შ. მოუყევით ბებიათქვენს. იძულებული გახდით. უფრო სწორად, გაგხადეს!

    ჰოდა, რა მინდა გითხრათ: ყველაფერ ამის შემდეგ რურუას საქმეზე რას ტილაობთ და ოხრავთ და რა სისულელეებს აფრქვევთ წევრებიან-მომხრეებიანად? გავიგეთ, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, ავტობუსისგან ვერ გაგირჩევიათ, სამართლებრივი სახლმწიფო საერთოდ ტროლეიბუსი გგონიათ და ძალიან გიტყდებათ კოლექტიურ ირმა ინაშვილთან რომ შერცხვით (პრინციპში ინდივიდუალთანაც), დავით თარხან-მოურავზე რომ არაფერი ვთქვა, მაგრამ თქვენ თვითონ ხომ იცით რა შეთანხმებაც გაქვთ დადებული ოპოზიციასთან და უცხოელ დიპლომატებთან? რამდენი ბოლიც არ უნდა გაუშვათ ტელეეკრანებიდან, თქვენ თვითონ ხომ იცით, რომ გიორგი რურუაზეც ისეთივე პირობა გაქვთ დადებული, როგორც უგულავასა და ოქრუაშვილზე? და თუ იმ ორზე სერიოზულად დაგახურეს, ამ ერთზე გიხათრებენ, გოგა ხაინდრავას მოკითხვის შეეშინდებათ თუ თალაკვაძის ოცწუთიანი ლექციით დააბოლებთ? ეს დასავლეთი ჩიტი და მელიას ზღაპარს კი არ გეთამაშებათ, ერთ ბარტყს რომ გადაუგდებ და ცოტა ხნით შეგეშვება დანარჩენზე? პირობა უნდა შესრულდეს! უნდა შესრულდეს სრულად! მორჩა და გათავდა. რაც მეტს იჭრიალებთ ამაზე, მით უფრო მწარედ მოგხვდებათ ცხვირში და თქვენი ცხვირი მე ასი წელი არ მანაღვლებდეს, მაგრამ ქვეყანას აზარალებთ ამ თქვენი ორპირობით და უტვინობით.

    არ ვიცი რამდენად მოგაწვდინეთ ხმა, მაგრამ შევეცადე თქვენთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა რომ მაგარ შარში ხართ. ამიტომ შეეშვით ამ პოლიტიკურ მაზოხიზმს, დროზე გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა და თქვენც დაისვენებთ და ცოტა ჩვენც ამოვისუნთქავთ. საქართველოს მთავრობა

    ბჯოს…“– წერს ფეისბუქზე დავით ზურაბიშვილი.

  • აშშ–ს ხელისუფლება Apple-ს რუსეთის და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

    აშშ–ს ხელისუფლება Apple-ს რუსეთის და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

    აშშ–ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა  განაცხადა, რომ კორპორაცია Apple რუსეთისა და აშშ–ს ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობს, ამასთან არ სურს დაეხმაროს ამერიკელ სამართალდამცავებს დამნაშავეთა დაკავებაში.

    “Apple თანამშრომლობდა როგორც ჩინეთის კომპარტიასთან, ასევე რუსეთის რეჟიმთან მონაცემთა დამუშავების ცენტრების განთავსებით და მათი მთავრობების მხრიდან მასობრივი თვალთვალის უზრუნველყოფით“ – განაცხადა ბარმა ფლორიდაში მდებარე სამხედრო–საზღვაო ბაზაზე მომხდარი სროლის გამოძიების შედეგებზე საუბრისას.

    “იყო ინფორმაცია, რომ  Apple –მა   iPhone–ის ფუნქცია და აპლიკაცია გამორთო, რომელსაც დემოკრატიის მომხრეები იყენებდნენ, და ამით ხელი შეუწყო ცენზურას და ჩაგვრას. თუ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორი არის    Apple, მზად არიან ავტორიტარული რეჟიმების მოთხოვნები შეასრულონ, მათ ბუნებრივია ვერ ექნებათ ახსნა, რატომ არ თანამშრომლობენ ისეთი ქვეყნების ხელისუფლებებთან, სადაც კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია და სასამართლო გარანტიები არსებობს“–თქვა ბარმა.

    კომპანია Apple უკვე ბვრი წელია უარს ეუბნება აშშ–ს ხელისუფლებას “ბექდორის“ მინიჭებაზე აიფონების გატეხვისთვის.

    მაგალითად, სან ბერნარდინოში მომხდარი ტერაქტის განმახორციელებლის, საიედ ფარუქის iPhone 5S–ის გასატეხად ამერიკის ხელისუფლება 2015–2016 წლებში წარუმატებლად შეეცადა კომპანიისგან სასამართლოს გზით მიეღო უფლება. წარუმატებლობის შემდეგ კი დაახლოებით მილიონი დოლარი გადაუხადა უცნობ შემსრულებელს ამ საქმისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ტელეფონის გატეხვა. აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ აღიარა, რომ ტერორისტის სმარტფონის გატეხვა დამოუკიდებლად ვერ შეძლო.

    მიმდინარე დავის მიზეზი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წლის დეკემბერში სტუდენტმა მოჰამედ საიდ ალშამრანმა სამი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა ფლორიდაში მდებარე სამხედრო–საზღვაო აეროდრომზე. აშშ–ს ხელისუფლება თვლის, რომ ალშამრანი, რომელიც ადგილზე მოკლეს ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან იყო დაკავშირებული. იანვარში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ Apple–ს მისი კუთვნილი iPhone–ის განბლოკვის მოთხოვნით მიმართა. კორპორაციამ განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა შესაძლო გზით ეხმარებოდა, გარდა აიფონისთვის “ბექდორის“ შექმნისა. ამავე დროს, როგორც ფორბსმა გაარკვია, ბიუროს ეფლის გარეშეც შეუძლია ბოლო ვერსიის ტელეფონის გატეხვა ამერიკული კომპანია  Grayshift–ის მოწყობილობა GrayKey –ის საშუალებით.

    ამის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს კორპორაციის მიერ ბექდორის შექმნას, რათა მოწყობილობებზე სწრაფი წვდომა ქონდეს.

    აშშ–ს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ Apple-მა განცხადება გაავრცელა:

    “კლიენტებს იმედი აქვთ, რომ  კომპანია საკუთარი ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ერთერთი ხერხი, რომლითაც ამას ვაკეთებთ, ჩვენს სერვერებზე და მოწყობილობებზე საიმედო დაშიფვრაა. ჩვენ ერთი და იგივე iPhone-ს ვყიდით ყველგან და არ ვინახავთ კლიენტების პაროლებს, შესაბამისად არ შეგვიძლია მოწყობილობის განბლოკვა, რომლებიც პაროლით არის დაცული. მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ჩვენ დაცვის საიმედო საშუალებებს ვნერგავთ აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა ინფორმაციის დაცვა გარანტირებული იყოს და ჩვენს სისტემებში “უკანა ეზოები“ არ არსებობდეს. ყველა ეს მეთოდი თანაბრად გამოიყენება ჩვენს მიერ ყველა ქვეყანაში.  “ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

  • “ნუ გექნება ევროპელობის პრეტენზია, იყავი რუსულ ჭაობში ჩაკარგული ევრაზიელი, და ვისაც გინდა, შენს გემოზე ჩასვამ ციხეში.“–გია ნოდია

    “ნუ გექნება ევროპელობის პრეტენზია, იყავი რუსულ ჭაობში ჩაკარგული ევრაზიელი, და ვისაც გინდა, შენს გემოზე ჩასვამ ციხეში.“–გია ნოდია

    ექსპერტი გია ნოდია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე ოცნების მხარდამჭერთა რეაქციას აფასებს. ოცნების მხარდამჭერები პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა და მათი ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ საქართველო “არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან მის გადაწყვეტილებებში დასავლეთი ერევა“:
    “გაწბილებული სულიერი ქოცისტანი „სუვერენიტეტის დაკარგვაზე“ მოთქვამს. „როგორ გვექცევა, კაცო, ეს დასავლეთი…“
    ზედაპირულად რომ შევხედოთ, მათ წყენას აქვს რეალური საფუძველი: დასავლეთის ზეწოლა რომ არა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გარეთ არ იქნებოდნენ და კიდევ ბევრი რამე იქნებოდა სხვანაირად.
    მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად. ფორმალურ მხარეს თუ გვერდზე გადავდებთ, საქართველოს სუვერენტიტეტის ძირი მდგომარეობს მის დასავლურ არჩევანში. ეს არჩევანი სუვერენულია, რადგან ჩვენთვის არავის დაუძალებია. ის სხვანაირიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ზოგი გარე დამკვირვებლისთვის პარადოქსულიც ჩანს: გეოგრაფია არ გვიწყობს ხელს, რომ რუსეთს ვეჭიდავოთ. მაგრამ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ.
    ეს არჩევანი სააკაშვილის მთავრობის დამსახურება არაა. ის დაიწყო თერგდალეულებით, გაგრძელდა – და განმტკიცდა – პირველ რესპუბლიკაში და ეროვნული მოძრაობის პერიოდში აღორძინდა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ნამდვილად იყო ყველაზე წარმატებული იმ მხრივ, რომ ზოგად იდეას (შედარებით) თანმიმდევრული პოლიტიკური ქმედების ფორმა მისცა.
    მაგრამ ჩვენს არჩევანს აქვს ლოგიკური შედეგები. სურვილი, დასავლეთმა მის ნაწილად გვაღიაროს (ეს სწორედ ჩვენი სურვილია და არა მათი) მას ჩვენზე გავლენის ბერკეტებს აძლევს. იმისათვის, რომ რაღაც ერთობის ნაწილად გაღიარონ, მისი სტანდარტები უნდა დაიცვა. თუ გინდა, ზეპურ საზოგადოებაში მიგიღონ, უნდა იბანავო, რომ არ ყარდე. მერე არ უნდა იწუწუნო, რომ ხსენებული ზეპური საზოგადოება შენს სუვერენიტეტს ლახავს იმით, რომ ბანაობას გაიძულებს.
    ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ დასავლეთის დარწმუნებას, რომ ევროპელი ერი ვართ. ჯერ ბოლომდე ვერ დავარწმუნეთ, მაგრამ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ: გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ საქართველო, რაღაც აზრით მაინც, ევროპული სამყაროს ნაწილია. მაგრამ ის, ვინც ეს, როგორც იქნა, დაგვიჯერა, უფრო მაღალ სტანდარტებს გვიყენებს. როცა ჩვენი მხრიდან ყროლის სუნი მოსდის, ჯერ ცდილობს, ბუნდოვანი დიპლომატიური მინიშნებებით მიგვახვედროს, რომ რაღაც ისე ვერ არის. მერე, როცა მინიშნებები არ ჭრის, სულ უფრო პირდაპირ გეუბნება, ასეთი არ მინდიხარო.
    ნუ გექნება ევროპელობის პრეტენზია, იყავი რუსულ ჭაობში ჩაკარგული ევრაზიელი, და ვისაც გინდა, შენს გემოზე ჩასვამ ციხეში. ემნისტი ინთერნეიშნელი და ჰუმან რაითს უოჩი მაინც გაგაკრიტიკებს, მაგრამ დააიგნორებ. იმ ევროპარლამენტარებს და ამერიკელ სენატორებს შენზე ხელი ჩაქნეული ექნებათ და დიდ ყურადღებას არ მოგაქცევენ. ალტერნატივა ესაა.“– წერს გია ნოდია.
  • “როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა“–ზურაბ გურული

    “როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ კორონავირუსის სტატისტიკაში არსებითად მნიშვნელოვანი მონაცემი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა, რის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას არ აქვს. გურული არ ასახელებს ქვეყანას და კონკრეტულ გვარებს, თუმცა საკუთარ სტატუსში ძირითადად  საქართველოს და ქართველ ეპიდემიოლოგებს გულისხმობს:

    “- არავისი აღარ გვჯერა – აცხადებს აღშფოთებული საზოგადოება. აწი, გადავხედოთ წინა სამი თვის მოსაზრებებს, რომელი ექსპერტი რას ამბობდა და რამდენად შეესაბამებოდა მათი წინასწარმეტყველებები სიტუაციის რეალურ განვითარებას და ვინც ყველაფერს ააცდინა, იმათ ნუღარ დავუჯერებთ. ფრიად მარტივია.

    რაც შეეხება ახალი შემთხვევების დაფიქსირებას. ეს ახალი შემთხვევები სულ გაჩნდება აქა-იქ, სანამ ვირუსი თვითკონტროლის ვიწრო ჩარჩოებში არ მოექცევა; თანაც, მათი რაოდენობის ხელოვნური მანიპულირება მარტივადაა შესაძლებელი კონტროლირებადი ტესტირებით. ამიტომ, ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, არამედ ის, თუ რა რაოდენობით დაფიქსირდება მძიმე შემთხვევები. მხოლოდ მაგ სტატისტიკას აქვს არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენს ვერც ვერავინ დაითვლის და რომც დაითვალოს, სისულელეა, გამოუყენებელი ინფორმაციაა სრულიად. შეგახსენებთ, ერთადერთი ამოცანა, რომელიც მკაცრ ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს უნდა გადაეჭრა, იყო ის, რომ ქვეყანათა ჯანდაცვის სისტემები ისე არ უნდა დატვირთულიყო, რომ მათ ინტენსიურ განყოფილებებს მოწოლილი ნაკადისათვის ვერ გაეძლო. შესაბამისად, ამ ამოცანის კონტროლი მხოლოდ ერთი სტატისტიკის მიხედვით უნდა მოხდეს და ეს სტატისტიკა ახალი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა. მეტი არაფერი!

    როდესაც მოქალაქეთა გადამწყვეტი უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა. ასეთია რეალობა, ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისი შედეგებით.“– წერს ზურაბ გურული.

  • ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ფეისბუქ სტატუსი გაუყალბეს

    ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ფეისბუქ სტატუსი გაუყალბეს

    საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, ნინი წილოსანი ამბობს, რომ ფეისბუკზე მისი სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. წილოსანი ამ ამბავს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

    “აი ეს არის სახე იმ ადამიანების ვინც ჩვენს ოპოზიციაში დგას – ფეიკი, ტყუილი, მავნებლობა, უნიჭო ფოტოშოპი… და ამას ვერაფერი მოერევა თუ არა საზოგადოების პროტესტი უმსგავსობაზე”, – აღნიშნა მან.

    პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ნინო წილოსანის სახელით ეწერა, რომ ამერიკის კონგრესსა და ევროპელ პარტნიორებში უფრო მეტი ნაცი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. როგორც ირკვევა, ფეისბუქ სტატუსი გაყალბებული იყო.

     

  • ბერლინის ერთ-ერთ კაფეში მომხმარებელი ვალდებულია  დისტანციის დასაცავად ქუდები ატაროს, რომლებზეც აუზის ტივტივებია დამაგრებული

    ბერლინის ერთ-ერთ კაფეში მომხმარებელი ვალდებულია დისტანციის დასაცავად ქუდები ატაროს, რომლებზეც აუზის ტივტივებია დამაგრებული

    გერმანიაში მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა და შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის ბოლოდან დაიწყო ახლა კი კაფე-რესტორნებსაც მიეცათ მუშაობის უფლება თუ ისინი სოციალურ დისტანციასა და ჰიგიენას მკაცრად გააკონტროლებენ.

    ერთ-ერთი კაფის მეპატრონემ სოციალური დისტანციის დასაცავად უცნაურ ხერხს მიმართა.მომხმარებლებს  დაურიგდათ სპეციალური ქუდები, რომლებზეც აუზის ტივტივებია დამაგრებული.  კაფის  მომხმარებელი ვალდებულია, რომ სოციალური დისტანციის დასაცავად სწორედ ეს ქუდები უნდა ატაროს.

     

  • მეგონა სახელმწიფო გვქონდა და ამითი ვამაყობდი – ხათუნა ხოფერია

    მეგონა სახელმწიფო გვქონდა და ამითი ვამაყობდი – ხათუნა ხოფერია

    ”მეგონა სახელმწიფო გვქონდა და ამითი ვამაყობდი”- ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ  გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაყწვეტილებას.

    ”1. ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი!
    2. სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი!
    3. ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადავაყოლებ!

    ეს არის ამონარიდები ქვეყნის პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის ტექსტიდან.
    ანუ, რას გვეუბნება საქართველის პირველი პირი?! ქვეყანას ყავს ოპოზიცია, რომელსაც ძალუძს პოლიტიკური კრიზისის შექმნა 2 კრიმინალის გამოც კი… (არ დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი საფუძველია ხელისუფლების შეცვლის). ასევე, თურმე სახელმწიფოს, რომელსაც აქვს სასამართლო სისტემა და ყველა დანარჩენი სახელისუფლებო შტო აწყობილი და “დაკომპლექტებული”, არ ფლობს საჭირო ბერკეტს, რათა განახორციელოს სამართლიანი და სამართლებრივი ღონისძიებები. და იმასაც გვამცნობს, რომ 2 კრიმინალს შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაყვეს. მოკლედ კი, ეს ყველაფერის ასე ჟღერს: საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება არ არსებობს! და რაც არსებობს, ისიც შანტაჟის და ძალდატანების ქვეშააო!
    მაპატიეთ, ჩემო კარგებო, ჩემო მეგობრებო, მე მეგონა სახელმწიფო გვქონდა და ამითი ვამაყობდი!
    შევცდი! პრეზიდენტს მეტი ფაქტები აქვს და, ალბათ, უკეთ იცის!” – წერს ხათუნა ხოფერია. 

  • “გამოცდილებამ მასწავლა არაფერი არ დავტოვო უპასუხოდ“–ნიკა მელია ინგა გრიგოლიას პასუხობს, რატომ არ მივიდა მის გადაცემაში

    “გამოცდილებამ მასწავლა არაფერი არ დავტოვო უპასუხოდ“–ნიკა მელია ინგა გრიგოლიას პასუხობს, რატომ არ მივიდა მის გადაცემაში

    ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაანონსებული სტუმრობა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში დღეს არ შედგა. წამყვანმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, რომ პარტიამ მისთვის უცნობი მიზეზით გადაცემამდე ნახევარი საათით ადრე გადაცემიდან მოუხსნა სტუმარი. გრიგოლიამ თქვა, რომ “ტვ პირველს ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით  არასოდეს უმუშავია“. ის ამბობს, რომ არ ადარდებს თუ ნაციონალები მის გადაცემაში არ ივლიან, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები “არც ნაცები, არც ქოცები დღევანდელ გადაცემაში.“– თქვა გრიგოლიამ.

    ეს თემა გადაცემის შემდეგ სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა და განხილვის საგანი გახდა. მოგვიანებით გრიგოლიას ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უპასუხა.

    “გამოცდილებამ მასწავლა არაფერი არ დავტოვო უპასუხოდ, ამიტომაც ვწერ ამ პოსტს.

    დღეს სტუმრად უნდა ვყოფილიყავი ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და რასაც კიდევ უფრო სამწუხაროდ მოჰყვა მძაფრი რეაქცია ინგა გრიგოლიასგან.

    ჩემი გადაცემაში ვერ მონაწილეობა, ნაც-ქოცურ დისკურსში გადაზარდა, თურმე ნიკა მელია პარტიას არ გაუშვია მასთან, რომ თურმე ასე გადაუწყვეტია პარტიას და მორჩა და რომ თურმე ჩვენი მონაწილება მას არც აინტერესებს და თურმე ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ….

    თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას განვუმარტო რა, როგორ და რატომ მოხდა. მაგრამ ვიდრე ამას ავხსნი, მინდა ვთქვა:

    1. არაერთხელ ვყოფილვარ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად.

    2. არ განვეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომელსაც სადმე „უშვებენ“ ან „არ უშვებენ“, ეს ვფიქრობ ინგამაც ძალიან,ძალიან კარგად იცის.

    მქონდა გადატვირთული დღე, რომელიც დაიწყო ბრიფინგით, რომელსაც მოჰყვა 4 სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა.

    გადაცემაში მონაწილოების მიღების შემოთავაზება ცხადია არ იყო მიუღებელი, უბრალოდ თავიდანვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უკვე შეთანხმებული ვიყავით ნიკა გვარამიასთან, რომ ვიქნებოდი „მთავარი აქცენტების“ სტუმარი და შესაბამისად, მოკრძალებულად ვთხოვეთ რომ ვყოფილიყავი პირველი ან მეორე სტუმარი, რომ ელემენტარულად დროში შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორივე გადაცემაში მონაწილეობა და თან სტუდიიდან სტუდიაში ტრანსპორტით გადაადგილება.

    ამ თხოვნაზე უარი თქვეს და შემოგვთავაზეს, რომ მე ვყოფილიყავი ბოლო სტუმარი, რაც ნიშნავს იმას რომ ინგასთთან 21 :40 სთვის უნდა ვყოფილიყავი სტუმრად, რაც გამორიცხავდა გადაადგილების შესაძლებლობას და რეალურად მე „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთულიყავი „ტვ პირველს“, რაც სრულიად სამართლიანად გააპროტესტა ტელეკომპანია „მთავარმა“. ზუსტად იგივენიარად გააპროტესტებდა თავად ინგა გრიგოლიაც (და უთხოვით კიდეც რომ მათ გადაცემამდე მცირე ხნით ადრე სხვა არხს არ ჩავრთულიყავი და ეს გამითვალისწინებია).

    დიახ, ან „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთყულიყავი, ან იქვე „მთავარის“ შესასვლელ კართან უნდა დავმდგარიყავი.

    გარდა ამისა, ბოლო სტუმარმა „რეაქციაში“ გამოსვლა დაასრულა 21:58 წუთზე! ზუსტად იმ დროს, როდესაც დაიწყო ნიკა გვარამიას „აქცენტები“ და მე რომ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო, მეც ზუსტად ისევე მომიწევდა 21:58-ზე დასრულება!

    და რა მოჰყვებოდა ამას? „ტვ პირველის“ ჩართვიდან სინათლის სიჩქარით გავარდნა და შევარდნა „მთავარის“ სტუდიაში.

    შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პარტიას გადაცემაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს, მითუმეტეს – მიზეზის ახსნის გარეშე!

    აუხსნეს რა უხერხულობაც შეიქმნა, ბოდიშიც მოუხადეს და ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით სთხოვეს, რომ ჩემს ნაცვლად, ნიკა მელიას ნაცვლად მონაწილეობას მიღებდა ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენელი. სტუმრის ჩანაცვლებაზე თქვეს უარი.

    რაც შეეხება იმას რომ ინგა გრიგოლია მე მირეკავდა და არც ვუპასუხე. კი ნამდვილად მირეკავდა, მაგრამ არ კი არა, ვერ ვუპასუხე – დავით აქუბარდიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად და პირდაპირ ეთერში ტელეფონს ვერ ვუპასუხებდი.

    ჩვენი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ მაინც დავთანხდით ინგა გრიგოლიას გვიან ეთერში მონაწილეობას და ვერ განვსაზღვრეთ რა უხერხულობას შექმნიდა ეს და ამაზე ნამდვილად ვწუხვარ.

    პ.ს.

    ინგა გრიგოლიამ ეს ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა საბედნიერეოდო. ეს ქვეყანა არც ჩემთვის იყოფა ნაცებად და ქოცებად, მაგრამ ორად ნამდვილად იყოფა – ან პროგრესის მხარეს ხარ, ან სიბნელის, ან ისტორიის სწორ მხარეს ხარ, ან არასწორ მხარეს.“– დაწერა ნიკა მელიამ.