Category: სხვადასხვა

  • “მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი“– ანა გაბეჩავა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს

    “მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი“– ანა გაბეჩავა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს

    ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღე ტრაგედიად იქცა, 18 ივნისის ღამით ნარეკვავში მომხდარის შემდეგ, საჯაროდ  საუბრობს.

    როგორც გაბეჩავა ამბობს, აგარაკი ნარეკვავში იმიტომ იქირავეს, რომ იქ მისმა კლასმა ბოლო ზარი აღნიშნა. დაბადების დღეზე გაბეჩავამ კლასელები და მეგობრები დაპატიჟა, საიდანაც ბევრი ერთმანეთს არ იცნობდა.

    „დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად, სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით ერთ-ერთმა ჩემა დაქალმა მითხრა – “მოდი დავპატიჟოთ გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილიო”, არანაირი პრობლემა არ მქონია, სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის”,- განაცხადა ანა გაბეჩავამ.

    გაბეჩავას თქმით, დაბადების დღეზე პირველი სიტყვიერი შელაპარაკება მოზარდებს შორის დაახლობით საღამოს 10 საათზე მოხდა, თუმცა მალევე სიტუაცია განიმუხტა.

    როგორც გაბეჩავა ჰყვება, ახალგაზრდებს შორის პირველი სიტყვიერი კამათის მიზეზი ის იყო, რომ დიჯეის, კოკო ღიბრაძეს, წვეულებაზე მყოფებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. კერძოდ, უთხრეს მუსიკა შეეცვალა და დაეკრა ის რაც მათ სურდათ. საქმის ფიგურანტის განმარტებით, ამ ეპიზოდის შემდეგ გაუგებრობა მალევე ამოიწურა, ახალგაზრდები დამშვიდნენ და დაძაბული ფონი განიმუხტა.

    „იყო ორი ჯგუფი, ნახალოვკელები და საუბრთალოელები. მე თვითონ ნახალოვკელი ვარ და ვიყავი მათთან. მერე ამოვიდნენ საბურთალოელები. თავიდანვე დაიძაბა სიტუაცია. დიჯეი კოკო, ჩემი მეგობარია. იგი თავისი აპარატურით ამოვიდა, როდესაც აწყობდა ერთ-ერთმა ნახალოვკელმა უთხრა დიჯეი რაღაც ჩართეო. არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, ეს იყო პირველი კონფლიქტი“,- ამბობს გაბეჩავა.

    დაახლოებით ერთ საათში კამათში მონაწილეებს შორის ურთიერთობა, მკვეთრად შეიცვალა. გაბეჩავა ამბობს, რომ სტუმრები ერთმანეთს აგარაკის მიმდებარედ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, ფაქტს თვითონ არ შესწრებია.

    18 წლის გოგო ამბობს, რომ მის დაბადების დღეზე ერთადერთი დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი იყო. ის აგარაკზე, კიდევ 2 დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად მივიდა. ჩიქოვანი ნარეკვავში ჩადის პირველი სიტყვიერი კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, თუმცა უკვე მეორე ეპიზოდში სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ისიც მონაწილეობს.

    „მე სახლში ვიყავი და რატომ იკამათეს არ ვიცი. გავიგე გვიან, უკვე როცა ჩხუბზე გადავიდნენ და როდესაც გამოვედი უკვე ნაცემი იყვნენ ნახალოვკელები, ორი პიროვნება დავინახე ჩიქოვანი და ხეჩიშვილი – ნაცემი, იქ გავიგე რომ ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძეც, ბარბაქაძეც, საბურთალოელების მხრიდან არავინ იყო დაშავებული. ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი“,-განაცხადა ანა გაბეჩავამ.

    აგარაკის გარეთ ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა. ანა ამბობს, რომ ამ დაპირისპირებების შემდეგ აგარაკიდან ჩხუბში მონაწილე ყველა ახალგაზრდას მოსთხოვა, რომ წვეულება დაეტოვებინათ. ადგილზე მყოფებმა სახლი ღამის 12 საათამდე დატოვეს.

    აგარაკზე რჩებიან იუბილარის ახლო მეგობრები და ასევე გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. იუბილარი ამბობს, რომ არცერთ მათგანს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, აგარაკის დატოვება მათ ამიტომაც არ მოსთხოვა.  წვეულების მონაწილეთა ნაწილმა დაბადების დღის აღნიშვნა ლისზე, ერთ–ერთი მეგობრის სახლში გადაწყვიტა. ანა გაბეჩავა ამბობს, რომ მეგობრები ორ მანქანაში გადანაწილდნენ, შაქარაშვილი და კიდევ ხუთი ახალგაზრდა კი ამ მანქანებში ვერ ჩაეტივნენ, ამიტომაც ტრასაზე ტაქსის გაჩერება გადაწყვიტეს.  ტრასაზე მათი გასვლის შემდეგ კი  ჩხუბში მონაწილე ნაცემი ახალგაზრდები უფროსებთან ერთად, კერძოდ მორაგბეებთან არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძესთან ერთად სამაგიეროს გადასახდელად დაბრუნდნენ. რკინის ხელჯოხებით შეირაღებული ადამიანები 2 ავტომობილით გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს გადააწყდნენ.

    ანა გაბეჩავა ყვება, რომ მათ ტრასაზე მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგეს, თუმცა დეტალები არ იცოდნენ. მათთვის დეტალები არც ფოტოგრაფ ბრგევაძეს მოუყოლია, რომელსაც ლისზე შემთხვევით შეხვდნენ. ფოტოგრაფმა მხოლოდ ის თქვა, რომ მათ თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ის გაიქცა, დაიმალა, პატრული გამოიძახა, რომელმაც თბილისში ჩამოიყვანა.

    18 წლის გოგო ამბობს, რომ ის საზოგადოების მხრიდან დიდ აგრესიას შეეჯახა. ბევრი წერს, რომ მან თავი უნდა მოკილას, მას მკვლელსაც უწოდებენ და სხვადასხვა შეურაცმყოფელი ეპითეტებით მიმართავენ.

    “არის ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება, ვინც ჯანსაღაც აზროვნებს და ჩემს მდგომარეობაში შედის, ბევრ კარგ სიტყვას მწერს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ალბათ არ სურთ, რომ მეც გამიგონ, მე მადანაშაულებენ ყველაფერში, რომ თითქოს წინასწარ დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და ასე უნდა მომხდარიყო. შენ რატომ არ მოკვდი მის მაგივრად, უარესის ღირსი ხარ–ასეთებსაც მეუბნებიან.

    მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს და მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ, მეც ძალიან განვიცდი  ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ და არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში.

    ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახალ ეტაპზე გადავდიოდი სრულიად, გამოცდები, ეროვნულები, ვეღარც გამოცდებზე ვერ გავედი. მაგრამ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. “– ამბობს გაბეჩავა.

  • გელათის მონასტერში ფრესკებს წყალი რეცხავს. ახალგარემონტებული სახურავი დაზიანებულია

    გელათის მონასტერში ფრესკებს წყალი რეცხავს. ახალგარემონტებული სახურავი დაზიანებულია

    გელათის მონასტრის მთავარ ტაძარში წყალი ჩადის.
    ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც სახურავი მოჭიქული კრამიტით ახლახანს მოაპირკეთეს, იმდენადაა დაზიანებული, რომ ნაგებობაში ჩასულმა წვიმის წყალმა ფრესკებიც დააზიანა.
    ნაწილ-ნაწილ ძირს ცვივა ღვთისმშობლის ფრესკის ფრაგმენტები, თეთრი ლაქებითაა დაფარული სხვა ფრესკები და სინესტისგან ხავსია მოკიდებული კედლებზეც.
    kutaisipost –ის ინფორმაციით პრობლემა სამუშაოების დასრულებიდან მალევე, ერთ თვეში გამოჩნდა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომლის სახურავის ნაწილზე არსებული მოჭიქული კრამიტები ახლა დამტვრეულია, წყალი პირველივე გაწვიმების დროს ჩავიდა. ამის შემდეგ, ტაძრის დაზიანებული ნაწილი დროებით, ე.წ. ტენტით გადახურეს და ტაძარი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

    ტაძრის ერთ-ერთი მოძღვარი ამბობს, რომ სახურავზე კრამიტი ბეტონის გაშრობამდე მოაწყვეს, ფრესკების დაზიანების მიზეზად კი ვენტილაციის ჩაკეტვას ასახელებს, რომელიც გადახურვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ამის გამო, მისი თქმით, მონასტრის მსახურები ტაძრის განიავების მიზნით კარებს ღიად ტოვებდნენ, თუმცა, პრობლემას არც ამან უშველა.

    ,,სახურავზე ბეტონის დასხმის შემდეგ კრამიტი ისე მოეწყო, რომ ცემენტის გაშრობას არ დაელოდნენ, დახურული საჰაეროს გამო კი გამოშრობა ვერ მოხერხდა. ტაძარში ნესტიც ამიტომაა”.

    რატომ დაზიანდა ასეთ მცირე დროში ძვირადღირებული სახურავი, ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს.

    კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის მონასტერში რეკონსტრუქციის ხარვეზებით შესრულების გამო, სრულ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას და მუნიციპალური განვითარების ფონდს აკისრებს.

    სააგენტოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ კრამიტის ხარისხი, რომლითაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გადაიხურა, არ ყოფილა შეთანხმებული სააგენტოსთან.
    კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ხარვეზების აღმოფხვრაზეც წერს და აცხადებს, რომ პრობლემას საკუთარი სახსრებით შემსრულებელი კომპანია სრულად აღმოფხვრის.

    გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ  და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

    მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი  ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

    წყარო: kutaisipost.ge
  • სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა

    სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა

    რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა. 

    ეს სტატუსი მის გარდა რუსმა მომღერლებმა, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ მიიღეს. “კეთილი ნების” ოცი ელჩი ოკუპირებულ სოხუმში გამოავლინეს. სიის ათი წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონებიდან, ათი კი ოკუპანტი რუსეთიდანაა.

    ორგანიზაციის განცხადებით, “კეთილი ნების ელჩები” “აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციითა და საერთაშორისო ასპარეზზე “ქვეყნის” წამოწევით დაკავდებიან”.

    შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვის სახელს საქართველოში 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები უკავშირდება. “გავრილოვის ღამე” – ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა,  რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

    ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა – აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი. “გავრილოვის ღამეს” თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა.

     

  • “შევეჯახეთ პირდაპირი მნიშვნელობით რასიზმს“– საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მისი ბიზნესის შევიწროებაზე

    “შევეჯახეთ პირდაპირი მნიშვნელობით რასიზმს“– საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მისი ბიზნესის შევიწროებაზე

    უკრაინელი ილია მიშენკო, რომელიც წლებია ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს და აქ ბიზნესი აქვს მის მიმართ რასისტულ დამოკიდებულებაზე წერს. ამის შესახებ მან საკუთარი კაფეს –“Lui Coffee/ლუი კოფი“ –ს გვერდზე დაწერა. მისი კაფე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მიშენკო წერს, რომ მეზობელი მისი ბიზნესის გაჩერებას ცდილობს:

    “გამარჯობათ .

    მე მქვია ილია მიშენკო.

    მე – ვარ უკრაინელი , რომელმაც მჭიდროდ დაუკავშირა ცხოვრება საქართველოს ჯერ კიდევ 2013 წელს , როცა მამაჩემთან ერთად გავაშენეთ ,ვაშლის ბაღები ბოლნისის რაიონში.
    2017 წელს კი მუდმივად გადმოვედი საცხოვრებლად. მეუღლესთან და შვილთან ერთად .
    2018 წელს , ფრთები შევასხით ჩვენს ოცნებას და გავხსენით ყავის ბარი “ლუი კოფე”.
    2,5 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ბევრი სირთულე : ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, კორონავირუსი, მერე ისევ გზის ხელახალი შეკეთება და მიუხედავად ამ ყველაფრისა ვაგრძელებდით მუშაობას ,რადგან გვჯეროდა იდეის , პროდუქტის და სერვისის .

    სამწუხაროდ ამ კვირაში მოხდა ყველაზე უსიამოვნო ფაქტი. შევეჯახეთ პირდაპირი მნიშვნელობით რასიზმს მეზობელი ქალბატონისგან , რომელიც ცხოვრობს მე_5_ე სართულზე და ასევე არის ამ საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავჯდომარე. ის უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში , წარმოუდგენელი აგრესიით და უშვერი სიტყვებით გვლანძღავს, პირდაპირ გვემუქრება დაკეტვით . ჩემი მეუღლის ულიანას მცდელობის მშვიდად ესაუბრათ , პასუხად მივიღეთ წავთრეულვიყავით რუსეთში და იქ გვეკეთებინა ჩვენი საქმე , ამ სიტყვებით გვლანძღავდა პატრულის თანამშრომლების წინაშეც , რომელიც ასევე თვითონ გამოიძახა . სიტყვა რუსების ხშირი გამოყენებით , ცდილობდა პატრულის თანამშრომლები ცუდად განეწყო ჩვენს მიმართ , რაც ნამდვილად არ გამოუვიდა და პირიქით ,არა ერთხელ მიუთითეს კორექტულად ესაუბრა ,მიუხედავად იმისა,რომ დანამდვილებით იცოდა უკრაინელები ვართ , რადგან წინა დღით ჩვენმა მენეჯერმა მიწერა ამის შესახებ .

    ამ ქალბატონის გაღიზიანება კი გამოიწვია ,თითქოსდა კაფედან გამომავალმა სუნმა ,მაშინ , როცა მესამეზე და მეოთხეზე მაცხოვრებელი ადამიანები , ჩვენი ყოველდღიური მომხმარებლები არიან და არასოდეს გამოუთქვამთ მსგავსი პრობლემის შესახებ მეორე დღეს მას ესაუბრა ჩვენი მენეჯერი , იმედით ,რომ საღად და კონსტრუქციულად შეძლებდნენ პრობლემის გადაწყვეტას,რაზეც მან უარი გამოგვიცხადა და ასევე დაამატა , ვაკეში თან ასეთ პრესტიჟულ სახლებში საერთოდ არ უნდა იყოს კაფეები და აუცილებლად დაგვხურავს. .

    ზემოაღნიშნული ქმედება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლს (რასისტული დისკრიმინაცია) ,ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ამასთან დაკავშირებით და დაიკითხნენ მოწმეებიც .

    ბოლო 2 დღის განმავლობაში , ამ ქალბატონის საჩივრების ნიადაგზე, ჩვენთან იყვნენ მუნიციპალური ინსპექციიდან , სურსათის უვნებლობიდან და მზად ვართ კიდევ ბევრი ინსპექციებისთვის .

    დროებით შევაჩერეთ. მთელი რიგი კერძების მომზადება, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

    თავისი სურვილი , დაგვკეტოს ამ ქალბატონმა უკვე გამოთქვა .არ დაგვკეტა ჭავჭავაძის გამზირის რემონტმა, არ დაგვკეტა კორონავირუსმა , არც ეხლა არ დავიკეტებით .

    ჩვენს მეზობელს კი ანდაზას ვეტყვით ,რომელიც ყოველთვის აქტუალურია :” რასაც დასთეს , იმას მოიმკი”– წერს მიშენკო.

  • გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

    გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

    ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გარდაცვლილ ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა.

    „ჰელსინგბორგისთვის” გოლის გატანის შემდეგ მან მაისური დაიკავა ხელში, რომელსაც ზედ “შაქარა” ეწერა.

    ხარაიშვილი წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” კაპიტანი იყო, სწორედ იმ გუნდის, სადაც შაქარაშვილი თამაშობდა.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. დღეისათვის, ამ საქმეზე 17 პირია დაკავებული. საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

  • უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის კოდში პორნო საიტების ბმულებია ჩასმული

    უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის კოდში პორნო საიტების ბმულებია ჩასმული

    კომპანია „GG DATA“-ს დამფუძნებელი გიორგი ნაკაიძე Facebook-ზე წერს, რომ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, სავარაუდოდ, დაჰაკეს.

    სასამართლოს ვებ-გვერდის HTML კოდში პორნო საიტების ბმულებია ჩასმული.

    მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში

    სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის ინფრასტრუქტურის ნაწილი გატეხილია. ასეთ ბმულებს ე.წ. სპამ-ბოტები ათავსებენ ისეთ საიტებზე, რომლის გატეხვასაც მოახერხებენ.

    Web Archive-ის მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1-ლი ივნისიდან ფიქსირდება.

     

  • ჯონ ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი სიმსივნით გარდაიცვალა

    ჯონ ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი სიმსივნით გარდაიცვალა

    58 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კელი პრესტონი, მსახიობ ჯონ ტრავოლტას ცოლი.

    “ჩემი მშვენიერი ცოლი კელი დამარცხდა კიბოსთან ბრძოლაში, რომელიც ორი წელი გრძელდებოდა. ის თავდადებით იბრძოდა, სიყვარულით და ბევრი ადამიანის მხარდაჭერით გარშემორტყმული“ – დაწერა ინსტაგრამზე ჯონ ტრავოლტამ.

    კელი პრესტონი ჰავაიში, ჰონოლულუში დაიბადა. პირველი როლი 1985 წელს შეასრულა

    ჯონ ტრავოლტასთან ქორწინებაში 29 წელი გაატარა. მიუხედავად ქმრის დიდი პოპულარობისა, კელი მის ჩრდილში არ რჩებოდა. მან ითამაშა როლები ფილმებში: “ჯერი მაგუაიერი“ , “ ქუდიანი კატა“, “ტყუპები “, “შებინდებიდან განთიადამდე“.

    ბოლო როლი პრესტონმა ქმართან ერთად 2018 წელს ფილმ “გოთი“–ში შეასრულა. ფილმს ისინი ერთად წარადგენდნენ კანის ფესტივალზე.

    “ჩვენ დრო დაგვჭირდა, რათა ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ქორწინება თავისთავად არ იქმნება. სიყვარული მუდმივად უნდა შექმნა. ჩვენ არაფერს ვართულებთ. არცერთ ჩვენგანს არ უყვარს ჩხუბი, ერთმანეთს მტკივნეულ წერტილებზე არ ვაწვებით“ – ეუბნებოდა კელი ჟურნალისტებს.

    “მე ცოტა ხნით ჩამოვშორდები საქმეებს, რათა ჩვენს შვილებთან ერთად გავატარო დრო, რომლებიც უდედოდ დარჩნენ. წინასწარ გთხოვთ პატიებას ამის გამო: იცოდეთ, რომ ვიგრძნობ თქვენს მხარდაჭერას მთელი კვირების და თვეების განმავლობაში, სანამ ჩვენი ჭრილობა შეხორცდება“– დაწერა ტრავოლტამ ცოლის სიკვდილის შემდეგ.

    2009 წელს ტრავოლტამ და პრესტონმა მძიმა დარტყმა გადაიტანეს: ბაჰამის კუნძულებზე ოჯახური დასვენების დროს მათი 16 წლის შვილი, ჯეტი გარდაიცვალა, რომელსაც ბავშვობიდან კავასაკის სინდრომი ჰქონდა.

    წყვილს კიდევ ორი შვილი ყავს – 20 წლის ელა ბლიუ და 10 წლის ბენჯამინი.

    ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით კელი პრესტონი საკუთარ დიაგნოზს საიდუმლოდ ინახავდა და ფართო საზოგადოებას არ უმხელდა. მისი თქმით, ოჯახის იმედი აქვს რომ მას გაგებით მოეკიდებიან და უახლოეს მომავალში არ შეაწუხებენ.

    ოჯახს თანაგრძნობა უკვე მრავალმა კინოვარსკვლავმა გამოუთქვა.

  • “ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და მერე გაატანეს წყლის ნაკადს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

    “ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და მერე გაატანეს წყლის ნაკადს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

    “ჩვენ გვაქვს ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია, რომ ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე ძალადობის გამოყენებით და მერე გაატანეს წყალს.“– ეს განცხადება გარდაცვილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაშვილმა გააკეთა. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ გიორგის დაზიანებები  დაცემის და დაგორების დაშედეგად ვერ მიადგებოდა და ამ გზით ვერც წყალში აღმოჩნდებოდა, რადგან დაღმართის დასრულების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ მან ჩაირბინა,  მდინარემდე საკმაოდ დიდი ადგილია. ის თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილი სასტიკად ცემეს, შემდეგ კი წყალში დაახრჩეს და წყლის ნაკადს გაატანეს. დაზიანებები კი მას ცემის შედეგად აქვს მიყენებული.

    “ბავშვი ჩამორბენის დროს დაგორებით, წაქცევით ან რაიმე ერთჯერადი ტრავმით ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ჯერ ის სცემეს სასტიკად. ეს დაზიანებები გამორიცხავს, რომ დაგორებიდან მიეღო კომპლექსურად ეს დაზიანებები და წყალშიც ვერ მოხვდებოდა. თუ დაგორდებოდა მდინარის ნაპირიდან ოც მეტრში მოხვდებოდა. გიორგის პანიკური შიში ქონდა მდინარის და თუ სცემდნენ და გაანებებდნენ თავს მას არც მადევარი არ ეყოლებოდა, არც თვითგადარჩენის შეგრძნება არ ექნებოდა და უბრალოდ ალოგიკურია წყლის პანიკური შიშის ბავშვი როგორ უნდა შესულიყო არაგვში. “– ამბობს მირიან ნიკოლაშვილი.

    ის ამბობს, რომ ოჯახს აქვს პრეტენზია ტოიოტა ქამრის ექვსივე მგზავრის მიმართ, რომლებიც ბოლოს გაეკიდნენ შაქარაშვილს და მის მეგობრებს. და რომელთა დევნის დაწყების შემდეგ შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

    “პრეტენზია ოჯახის იქნება ექვსივე მათგანის მიმართ თანაბრად. ესენი არიან ვინც გამოეკიდა გიორგის და ვინც განაპირობა მისი სიკვდილი. მაგ ექვსივემ არკვიონ მერე ერთმანეთში ვინ მოკლა ბავშვი.“– ამბობს გარდაცვლილის ბიძა.

    ოჯახის პოზიცია კატეგორიული მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, თუმცა მას გარდაცვალებამდე სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული. 12 დაზიანება თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში : თვალბუდის, ტუჩის მიდამოებში, ზურგში, საზარდულში, ხელზე, მენჯ ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ ის ნაცემია და დაგორებით და დაცემით ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა.

    გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს ღამით გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან ერთად მცხეთაში წვეულებიდან წამოსულს თბილისიდან ტოიოტა ქამრის მარკის მანქანით ჩასული ექვსი პირი თავს დაესხა. შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს.

  • ტრანსგენდერი მოდელი პირველად გამოჩნდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე

    ტრანსგენდერი მოდელი პირველად გამოჩნდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე

    ბრაზილიელი მოდელი ვალენტინა სამპაიო რამდენიმე წელია ამ პროფესიაში “ისტორიას ქმნის“. ამიერიდან ის პირველი ღიად გაცხადებული ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც ლეგენდარული გამოცემა Sports Illustrated Swimsuit–ის გარეკანზე გამოჩნდა. ყველაფერი საკულტო პრიალა ჟურნალის წესებით მოხდა – სექსუალობა, საცურაო კოსტუმი, პლაჟი, სველი თმა…

    “ტრანსგენდერობა როგორც წესი ნიშნავს იმას, რომ დახურულ კარებებს, ადამიანების დახურულ გულებს და ტვინებს აწყდები. ჩვენ მუდმივად ვეჯახებით დაცინვას, შეურაცხყოფას, მტკივნეულ რეაქციებს და ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ იმის გამო, რომ ვარსებობთ. ჩვენი შესაძლებლობები  გავიზარდოთ მოსიყვარულე და გემგებიან ოჯახში, მივიღოთ სკოლაში კარგი გამოცდილება ან ვიშოვნოთ ღირსეული სამსახური წარმოუდგენლად შეზღუდული და რთულია.“ – ამბობს ვალენტინა.

    სამპაიო საკუთარ სამშობლოს – ბრაზილიას მშვენიერ ქვეყანას უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ის ამავე დროს ძალიან საშიშია, რადგან ამ ქვეყანაში ტრადიციულად ტრანსგენდერების მიმართ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ძალადობრივი დანაშაული და მკვლელობა ხდება– სამჯერ მეტი, ვიდრე აშშ–ში.

    2019 წელს ვალენტინა სამპაიო პირველი ღიად აღიარებული ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც Victoria’s Secret–ის რეკლამაში გადაიღეს.

     

     

  • რატომ არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელების ხშირად დალევა

    რატომ არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელების ხშირად დალევა

    ენერგეტიკული სასმელები თითქოს “დამუხტვაში“ გვეხმარებიან, მაშინ, როცა გვეძინება, მაგრამ საქმე გვაქვს და სიფხიზლე გვჭირდება. ან გვინდა მალე გამოვფხიზლდეთ ძილისგან. თუმცა, სამწუხაროდ ენერგეტიკული სასმელების ეფექტრი მხოლოდ დროებითი, ხანმოკლე სიფხიზლეა. ნახეთ, რატომ არ უნდა დავლიოთ ხშირად ენერგეტიკული სასმელი:

    არაერთი კვლევის შედეგების გაანალიზებით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობას არაერთ პრობლემას უქმნის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მათი დალევის შემდეგ ცუდად გძინავთ, შეიძლება წნევამ აგიწიოთ, ხშირი მოხმარების შედეგად კი წონაშიც მოიმატოთ. გარდა ამისა, ასეთმა სასმელებმა შესაძლოა ფსიქიური პრობლემები გამოიწვიოს და დიაბეტის რისკი გაზარდოს, პრობლემა შეუქმნას კბილებს და თირკმელებს.

    ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით შაქარი, სიმინდის წვენი, ხელოვნური არომატიზატორები. შაქრის გადაჭარბებული მოხმარების დროს ორგანიზმს მისი მონელება უჭირს, უფრო მეტი ინსულინი ჭირდება იმისათვის, რომ გლუკოზამ უჯრედებში შეაღწიოს. ამან კი შესაძლოა მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს. სისხლში გადაჭარბებული შაქარი  ნერვულ ბოჭკოებს აზიანებს და სისხლის წნევაზე მოქმედებს, რაც გულისა და თირკმელების პრობლემებს იწვევს.

    ენერგეტიკული სასმელები ასევე კოფეინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა– 100 მგ. სასმელში 300მგ.–მდე. ზრდასრული ადამიანის დღიური დოზა 400 მგ. –ია, ანუ შეიძლება ნახევარი ჭიქა ენერგეტიკული სასმელით დღიურ დოზას სრულად იღებთ. თუ ნორმას მუდმივად დაარღვევთ, სიმხნევის ნაცვლად შეიძლება შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია დაგემართოთ. კოფეინდამოკიდებულება ცუდად მოქმედებს განწყობაზე და ძილზე.

    ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე ენერგეტიკული სასმელების სხვა დანამატებიც, მაგალითად ტაურინი და გუარანო. მეცნიერები მათ მუდივად სწავლობენ და უფრო დეტალურ ინფორმაციას  შემდგომ წლებში დადებენ, როცა უფრო მეტი სტატისტიკური ინფორმაცია გაჩნდება ენერგეტიკული სასმელების მოხმარების შესახებ.  მეცნიერების თქმით, ვინაიდან ჯერჯერობით ენერგეტიკული სასმელის მასობრივი მომხმარებელი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები არიან, რთულია შესაძლო შედეგების მთელი სპექტრის შეფასება.

    ენერგეტიკული სასმელების იშვიათი და არა მუდმივი გამოყენება ორგანიზმს დიდ ზიანს არ აყენებს. თუმცა, მეცნიერების აზრით ჯობს ენერგიის მოსამატებლად სხვა საშუალებებს მივმართოთ.