Category: სხვადასხვა

  • “ილორის ტაძარს ხატი შევწირეთ“–ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს

    “ილორის ტაძარს ხატი შევწირეთ“–ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს

    “2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.

    მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ! “– ამ წარწერით აქვეყნებს ფეისბუქზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერების  ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ არუაამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები სეპარატისტული აფხაზეთის “ლიდერის, “ ასლან ბჟანიას დამხმარე, ლაშა საკანიამ მიიღო, რაც საკანიამ ჯერ უარყო ოფიციალური განცხადებით, შემდეგ კი დაადასტურა.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ვიზიტს ოკუპირებულ რეგიონში კრიტიკა მოჰყვა. პატრიოტთა ალიანსში ვიზიტთან დაკავშირებით არ აკეთებდნენ. ინაშვილმა აფხაზეთში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 24 აგვისტოს დაადასტურა.

    საყანია აფხაზურ მედიასთან აცხადებდა, რომ ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა და პარტიოტთა ალიანსის ლიდერებს “ჰუმანიტარული მისიით” შეხვდა. “რუსი მეგობრების” მხარდაჭერით დაგეგმილი შეხვედრის მიზანი კი დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაცემა იყო.

    „აგვისტოს დასაწყისში მე მომმართეს, ჩემმა ძველმა მეგობრებმა რუსეთიდან თხოვნით, დავხმარებოდი, ილორის ტაძრისთვის საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის გადაცემაში. ასეთი თხოვნით მათთვის დავით თარხან-მოურავს მიუმართავს. შესაბამისად, ჩემმა რუსმა მეგობრებმა მთხოვეს ორგანიზება გამეკეთებინა მათი ჩამოსვლისა და ხატის შეწირვისთვის, რაც გავაკეთე კიდეც. ამით ეს მისია დასრულდა.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსანდრე აგრბას, რომელსაც ვთხოვე წამოსულიყო ჩემთან ერთად, არავითარი მოლაპარაკება არ გაგვიმართავს. ეს იყო სუფთა ჰუმანიტარული აქცია, პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს და ამით მათი ვიზიტი დასრულდა.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მონაწილის შვილი, ყოველთვის ვიცავ და დავიცავ, ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. თუ საჭიროა, მზად ვარ წავიდე ანიხაზე (აფხაზთა წმინდა სალოცავი) და დავიფიცო, რომ არავითარი პოლიტიკური მოლაპარაკება არ მქონია.

    მე გაცნობიერებულად, არ ჩავაყენე ამ ვიზიტის თაობაზე საქმის კურსში „გალის რაიონის უფროსი“ და ჩვენი “საგარეო მინისტრი”, რომ ამ ღონისძიებას რაიმე ოფიციალური სტატუსი არ ჰქონოდა“ – განაცხადა ბჟანიას “თანაშემწე” საკანიამ.

     

     

     

  • უსასტიკეს სერიულ მკვლელს აშშ–ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

    უსასტიკეს სერიულ მკვლელს აშშ–ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

    ჯოზეფ დეანჯელოს, მეტსახელად “მკვლელი ოქროს შტატიდან“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო განაჩენი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაწყებული გამოძიების შედეგია, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

    74 წლის დეანჯელო მხოლოდ 2018 წელს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი დნმ–ს ნიმუში ბაზაში არსებულ ნიმუშებს დაემთხვა, რომლებიც წლების წინ დანაშაულის ადგილზე აიღეს.

    ივლისში ეჭვმიტანილი პროკურორთან გარიგებაზე წავიდა და 13 მკვლელობა აღიარა, რითაც სიკვდილით დასჯას აარიდა თავი.

    მან ასევე აღიარა მრავალი გაუპატიურება, ძარცვა და სხვა დანაშაული, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩაიდინა.

    ოლქის პროკურორმა, ანა მარია შუბერმა დეანჯელოს “სოციოპატი მოქმედებაში“ უწოდა.

    დეანჯელომ მოწმეების ჩვენებები მშვიდად მოისმინა. ის ინვალიდის სავარძელში იჯდა და არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. თუმცა,  სანამ მოსამართლე მაიკლ ბოუმანი განაჩენს წაიკითხავდა, დეანჯელო სავარძლიდან ადგა, ნიღაბი მოიხსნა და მოკლე განცხადება გააკეთა.

    “მოვისმინე ყველა თქვენი ჩვენება. გულწრფელად ვთხოვ პატიებას ყველას, ვისაც ტკივილი მივაყენე“– თქვა განსასჯელმა.

    მას მოსამართლემ ჯამში 26 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სხვადასხვა დანაშაულისთვის, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლების გარეშე.

    “როცა ადამიანი საზარელ დანაშაულს ჩადის, ის ისე უნდა იყოს იზოლირებული, რომ ვეღარასოდეს შეძლოს უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება“–თქვა მოსამართლე ბოუმანმა.

    1970–80–იან წლებში, როცა მთელი კალიფორნიის შტატის მაშტაბით დანაშაულებებს ჩადიოდა, დეანჯელო შტატის პოლიციაში მსახურობდა.

    ყოფილი პოლიციელი და ვიეტნამის ომის ვეტერანი ბოლო წლებში ავტომექანიკოსად მუშაობდა. ის 2018 წლის აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დამნაშავის ნაგვის ურნიდან დეენემი აიღო და გენეოლოგიური სერვისების ბაზაში დნმ–ს ნიმუშებს შეადარა.

    დანაშაულის ჩადენა დეანჯელომ 1975 წლიდან დაიწყო, როცა ჩრდილოეთ კალიფორნიაში ეგზეტერის პოლიციაში მსახურობდა. თავიდან ეს იყო წვრილმანი ქურდობა, თუმცა მალე სასტიკ გაუპატიურებებსა და მკვლელობებში გადაიზარდა, რაც 12 წელი გრძელდებოდა.

    უსულო ადამიანი:

    განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ანა მარია შუბერტმა აღნიშნა, რომ დეანჯელო ნამდვილი სოციოპატია:

    “ეს არის ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ სცემს პატივს სხვა ადამიანების უფლებებს, არ სცემს პატივს კანონს, არ განიცდის თანაგრძნობას, ემპათიას და სინანულს. ეს არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ცნობიერება ან სული“–თქვა მან.

    დეანჯელოს განაჩენი მოსამართლემ უნივერსიტეტის სამეჯლისო დარბაზში გამოაცხადა – უზარმაზარი დარბაზი იმისთვის გახდა საჭირო, რომ იქ დაზარალებულთა და მსხვერპლთა ყველა ახლობელი და ნათესავი დატეულიყო.

    პროკურორების თქმით ძალადობის მაშტაბი უბრალოდ თავზარდამცემი იყო: 83 მსხვერპლი და 53 დანაშაულის ადგილი მთელი კალიფორნიის მაშტაბით 11 ოლქში.

  • ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

    ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

    2020 წლის ანომალური ზაფხული ტემპერატურულ რეკორდებს ხსნის და პლანეტას ქარიშხლების, ხანძრების, გვალვის და წყალდიდობის დამანგრეველ სეზონს უქადის. ზოგი ქვეყანა სიცხისგან იწვის, ზოგან კი წყალდიდობა და ყინვაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების მორიგი დასტურია და 2020 წელს კლიმატზე დაკვირვების ბოლო 150 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხულების ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.

    ასეთი რეკორდები ცუდ ტრადიციად იქცა: ბოლო 20 წლიდან 19 წელი ყველაზე ცხელი წლების ოცეულში შედის, ბოლო 6 წელი კი ამ რეიტინგის პირველ ექვსეულს იკავებს. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე წლევანდელი წელიც დაემატება რეიტინგის სათავეს, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა.

    ვარაუდები იმის შესახებ,  რომ გლობალური დათბობა დაჩქარდა, მორიგ ჯერზე დადასტურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დამტკიცებული პარიზის შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა, უნდა გადაიხედოს.

    თუმცა ამისთვის ახლა შეუფერებელი დროა: კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მორიგ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირა, რის გამოც ბევრ ქვეყანაში “მწვანე დღისწესრიგმა“ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

    2020 წლის ივლისი 1880 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი ზაფხულების სამეულში მოხვდა: ხმელეთის და ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა 20–ე საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე 0.92 გრადუსით მაღალი აღმოჩნდა და სულ 0.1 გრადუსი დააკლდა გასული წლის ივლისის აბსოლუტურ რეკორდამდე, და ეს მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში ჩვეულებრივზე შედარებით ცივი ზამთრის წყალოთ მოხდა.

    რატომ არის საშიში ექსტრემალური სიცხე:

    ბრიტანეთის სამეფო მეტეოსამსახურის მონაცემებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიცხე უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. ტემპერატურის ზრდის გამო დედამიწის ზედაპირზე ნიადაგი შრება, ყინულები კი დნება.

    წელს ივლისში არქტიკის ყინულოვანი საფარი ოთჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელი. ჩრდილოეთის საზღვაო გზა პრაქტიკულად მთლიანად გათავისუფლდა ყინულისგან.

    წინა რეკორდის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არქტიკაზე პოლონეთის ტერიტორიის ხელა ყინული დადნა. ბოლო 45 წლის განმავლობაში კი მისი მოცულობა ორი მესამედით შემცირდა. ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა, 21–ე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჩრდილოეთით ზღვის ყინული საერთოდაც აღარ დარჩება.

    ეკვატორთან ახლოს კი ექსტრემალური დათბობის შედეგები ცხოვრებას ურთულებს მეზღვაურებს და სანაპირო ტერიტორიების მაცხოვრებლებს. წელს ქარიშხლების სეზონი უჩვეულოდ ადრე დაიწყო და უკვე ივლისისთვის ტროპიკებში უკვე ცხრა შტორმი დათვალეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ზაფხულის შუა პერიოდისთვის.

    ეკვატორთან ძლიერი ქარები ლა ნინიას ფენომენის ჩასახვაზე მიუთითებს. ეს არის წყნარ ოკეანეში ტემპერატურის დაცემა, რაც გახურებულ ატლანტიკასთან ერთად იმას ნიშნავს, რომ 2020 –ში ძლიერი ქარიშხლების სეზონი გველის.

    აშშს ატმოსფერული მოვლენების ნაციონალური სამმართველო 25 –მდე ციკლონს ვარაუდობს, ნაცვლად ჩვეულებრივი 12–ისა, რომელთაგან ნაწილი უკიდურესად დამანგრეველი იქნება.

    ევროპის ნაწილში ზაფხულში უკიდურესი სიცხე იყო იმ დროს, როცა მეორე ნაწილი წყალდიდობას და სიცივეს უმკლავდებოდა.

    მაგალითად, ფინეთში ნორმაზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა და ტემპერატურა ჩვეულებრივზე ბევრად დაბალი იყო, როცა საფრანგეთსა და პორტუგალიაში ბოლო 90 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული ქონდათ.

    სწორედ ამით არის საშიში გლობალური დათბობა მეცნიერების მტკიცებით. ის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრ ცვალებადობას და ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს.

    პლანეტის გახურება დამკვირდებული გაგრილების სისტემის და წყლის და ჰაერის ცირკულაციის სისტემის დარღვევას იწვევს, შედეგად კი ქარიშხლების, ტროპიკულ წვიმებს, გვალვებს და ყინვებს.

    ნორმისგან გადახრა იმდენად გახშირდა, რომ ევროპა მაგალითად ზედიზედ უკვე მესამე გვალვიან ზაფხულს უძლებს, რაც მოსავალზე და ეკონომიკაზე აისახება. ზედიზედ სამწლიანი გვალვა ევროპის ბოლო 250 წლის ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში გვალვა გახშირდა, 2003 წელს კი ლამის ბიბლიური მაშტაბის გვალვა იყო, როგორიც მხოლოდ რამდენიმე ასწლეულში ერთხელ ხდება.

    ევროპის მსგავსი სიტუაციაა ამ ზაფხულს ატლანტიკის მეორე მხარე. აშშ–ს სამხრეთ დასავლეში სიცხისგან იტანჯებიან, ცენტრალურ შტატებში კი ზომაზე მაღალი ნალექიანობაა.

    დათბობის და მისი შედეგების ყველაზე ნათელი მაგალითი მორიგ ჯერზე კალიფორნია გახდა. მან საკუთარი ტემპერატურული რეკორდი მოხსნა: სიკვდილს ველზე ტემპერატურამ  54.5 გრადუსს მიაღწია. შემდეგ კი მთელ შტატში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად ენერგოსისტემამ ვეღარ გაუძლო კონდიციონერების და მაცივრების მაქსიმალური გამოყენების შედეგად გადატვირთვას და დენის გამორთვებიც დაიწყო.

    კალიფორნიაში საშუალო ტემპერატურა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანობაში პლანეტაზე, ნალექების რაოდენობა კი მცირდება. ბოლო ათწლეულში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყეების ფართობი 40%–ით გაიზარდა.

    2020 წლის არა მხოლოდ ზაფხული, არამედ მთელი წელი ანომალიებით გამოირჩევა, რაც უკვე  ნორმა ხდება. იანვარ–ივლისში პლანეტა ჩვეულებრივზე 1.05 გრადუსით უფრო მეტად გახურდა.ევროპამ და აზიამ ტემპერატურული რეკორდები მოხსნეს.

    ამერიკელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2020 წელი ბოლო 141 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წლების ხუთეულში შევა და დიდი ალბათობით რეკორდული იქნება.

    გლობალური დათბობის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მოილაპარაკა ატომსფეროში სათბურის გაზების გატყორცნის შემცირებაზე იმ იმედით, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მატებას შეაჩერებენ, თუმცა ეკოლოგები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ეს არასაკმარისია, განსაკუთრებით შეთანხმებიდან აშშ–ს გასვლი სშემდეგ.

    2020 წლის ცხელ ივლისში მეცნიერებმა ახალი არგუმენტი მოიყვანეს:

    მათ  ხელახლა გადათვალეს წარსულში შექმნილი მოდელები და დაასკვნეს, რომ გამონაბოლქვის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში ტემპერატურის მატების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ამიტომაც ნახშირმჟავა გაზების ატმოსფეროში კონცენტრაციის ბუნებრივი იმედის შემცირება არ უნდა გვქონდეს და მკაფიო ზომები უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანომალური ზაფხულები სულ უფრო გახშირდება.

  • შვედეთი და ბრიტანეთი:Covid19-თან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია და ერთნაირი შედეგი

    შვედეთი და ბრიტანეთი:Covid19-თან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია და ერთნაირი შედეგი

    ლონდონში და სტოკჰოლმში კორონავირუსის გავრცელების ტემპები დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად მასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიისა, რომლებიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს. ამის შესახებ კვლევის შედეგები მეტყველებს.

    სტოკჰოლმმა პანდემიის დასაწყისიდანვე გადაწყვიტა უარი ეთქვა მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებაზე, იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში კარანტინი შემოიღეს, შვედეთში რესტორნები და მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობდა.

    ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ მაისისთვის კორონავირუსისადმი იმუნიტეტი სტოკჰოლმის მოსახლეობის 40%–ს გამოუმუშავდებოდა, თუმცა როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს, შვედეთის დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 17%–ს  აღმოაჩნდა მაისის დასაწყისისთვის Covid19-ის ანტისხეულები.

    კვლევის  შედეგები ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალ Journal of the Royal Society of Medicine–ში გამოქვეყნდა.

    როგორც გაირკვა, მოსახლეობის ამდენივე პროცენტს აღმოაჩნდა აპრილსა და მაისში  ანტისხეულები ლონდონში. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთმა, რომელიც თავიდან მკაცრი საკარანტინო ზომების უარყოფისა და “კოლექტიური იმუნიტეტის“ გამომუშავების სტრატეგიის არჩევას გეგმავდა, საბოლოოდ ხანგრძლივი და მკაცრი კარანტინი შემოიღო.

    გარდა ამისა, ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად კორონავირუსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული სტრატეგიებისა. ბრიტანეთში, რომლის მოსახლეობა 66 მილიონს აღემატება, კორონავირუსის ინფექციით 46500 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 0.07 პროცენტია. შვედეთში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ კორონავირუსით 5500 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ მოსახლეობის 0.06%.

    ამასთან, შვედეთიც და ბრიტანეთიც Covid19-ით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ევროპული ქვეყნების რიცხვში არიან.შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ჩრდილოეთ ევროპის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც კარანტინი შემოიღეს.

    შვედეთის ხელისუფლებამ პანდემიის დასაწყისში გააკეთა არჩევანი კოლექტიური იმუნიტეტის სასარგებლოდ და კარანტინზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცეს დაეცვათ სოციალური დისტანცია, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენილიყვნენ, კომპანიებს კი რეკომენდაცია მისცეს თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ სამუშაოზე გადაეყვანათ.

    ანალოგიურ მსუბუქ ზომებზე ფიქრობდა ბრიტანეთის ხელისუფლებაც, თუმცა დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო ამ ვარიანტზე უარი თქვა და მკაცრი კარანტინი შემოიღო. სოციალური დისტანციის დაცვა და სოციალურ კონტაქტებზე უარის თქმა ბრიტანელებისთვის უფრო რთულია, ვიდრე შვედებისთვის, მათ შორის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო.

    შვედეთში სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ადამიანია, ბრიტანეთში კი 250 ადამიანი.

    კვლევის ავტორები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეიჯდან, დევიდ გოლდსმიტი და ერიკ ორლოვსკი წერენ:

    “ ამ მომენტში მიუხედავად მკაცრი, თუმცა დაგვიანებით შემოღებული კარანტინისა ბრიტანეთში და უფრო მსუბუქი შემზღუდავი ზომებისა შვედეთში, ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული შვიდდღიან პერიოდში, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით“.

    თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების შეფასება და შეცდომების გამოვლენა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

    გარდა ამისა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის როგორც  მოქმედებს სისხლში ანტისხეულების არსებობა იმუნიტეტზე, უზრუნელყოფს თუ არა ანტისხეულები კორონავირუსისგან სრულ, ან ნაწილობრივ დაცვას. ასევე მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად დიდხანს ნარჩუნდება ორგანიზმში ანტისხეულები დაავადების გადატანის შემდეგ.

    კვლევის ავტორები ვარაუდოებნ, რომ შესაძლოა შვედეთის ხელისუფლება შეცდა, როცა გათვლა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებაზე გააკეთა.

  • “სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა. საერთოდ არ შეიძლებოდა მაგის შეხედვა“– ნათელაშვილი ივანიშვილზე

    “სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა. საერთოდ არ შეიძლებოდა მაგის შეხედვა“– ნათელაშვილი ივანიშვილზე

    გიორგი თარგამაძის გადაცემაში ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა. ის ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლისთვის დიდხანს ემზადებოდა:

    “წინა ხელისუფლება ფაქტიურად ფიქრობდა, რომ ივანიშვილი მარტო დააფინანსებდა მათ და არაფერს არ მოთხოვდა, ამასობაში მას მიეცა საშუალება მოესყიდა მთელი სპექტრი, სახელოვნებო ელიტა, სპორტული ელიტა, საპატრიარქო, გაევრცელებინა ხმები, რომ ეს არის ქველმოქმედი. ლეგენდარული ფიგურა,  რომელიც არაფერს არ ითხოვს, ზის ჭორვილაში, ეფერება პინგვინს და ყველა გაჭირვებულის დამხმარეა. ბიუჯეტს არ ეხება, არავის არ აწუხებს, არავის არაფერს არ ართმევს. არადა მთელი ფული, რაც მაგან იშოვა საქართველოში იშოვა, თორემ მაგის შავი ფული რაც რუსეთიდან გამოატანეს ინტერპოლის მიერ იქნებოდა დაყადაღებული აქ რომ არ გაეტარებინა ამ ბანკების მეშვეობით. გაატარა და გადარიცხა ოფშორებში. ეს ჩვეულებრივი სქემაა. და შემდგომში, როდესაც გაძლიერდა უკვე და იმ ხელისუფლებას ვადაც ამოეწურა, კრა ხელი, მოადენინა ზღართანი და მოაჯდა ქვეყანას თავზე. მიშას ორი ვადა ამოეწურა, მერე  უნდოდა გადასვლა პრემიერმინისტრად, შეცვალა კონსტიტუცია და ბოლოს პრემიერ მინისტრი გახდა ის, ვისზეც ფიქრობდა რომ არასოდეს პოლიტიკაში არ მოვიდოდა.

    ხო იცით სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა  პირველი რა გააკეთა ივანიშვილმა? ექსკლუზიურად გეტყვით,კინაღამ მოკლა ამის გამო სააკაშვილმა მერაბიშვილი – პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა.

    ჯერ ხო ეხლაც არ კრიფავს სიმპატიით ვარსკვლავებს,  და საერთოდ არ შეიძლებოდა მაგის შეხედვა. კვაზიმოდო რო იყო, ჰიუგოს ნაწარმოებში იმას გავდა.

    შეემზადა, ჯერ პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ სულის პლასტიკას ხომ ვერ გაიკეთებ? ეს შეიძლება სახე შეიცვალო, სილამაზეც დროებითია, მოდის და მიდის.მაგრამ სულია მუდმივი და ზნეობა, რომელიც ადამიანს უნდა ქონდეს შიგნით, მათ შორის პოლიტიკოსს და არ ქნა ისეთი რამე, რომ მსოფლიო სიცრუის ანთოლოგიაში შეხვიდე.

    ზნეობრივი დანაშაულობები და უზნეობები, რაც ჩაიდინა ამ კაცმა, რომ ქვეყანა ჩაეგდო ხელში და მერე ეძარცვა, შეუძლებელია  რაიმე პლასტიკური ოპერაციით გაასწორო და მისი პოლიტიკური პლასტიკური ოპერაცია იქნება 31 ოქტომბერს“– ამბობს ნათელაშვილი.

  • “არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“–ბაია პატარაია გორში გატაცებული 17 წლის გოგოს შესახებ

    “არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“–ბაია პატარაია გორში გატაცებული 17 წლის გოგოს შესახებ

    გორში 17 წლის გოგო “ოჯახის შექმნის მიზნით” გაიტაცეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დაწერა, რომელიც გატაცებული გოგოს უფლებებს იცავს.

    “გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: “რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო.” სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას.
    ჰოდა, ჟურნალისტებო, აგერ

    Tamuna Lukava

    იცავს მათ ინტერესებს და მიმართეთ მას და დაგაკავშირებთ ოჯახთანაც.

    ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!
    არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“– დაწერა ბაია პატარაიამ.
    მოგვიანებით გოგოს გატაცება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ გოგომ ოჯახს დღეს დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ სახლში დააბრუნებენ.

    ადვოკატი შსს-სგან ითხოვს, სატელეფონო ზარის მიხედვით დაადგინონ ანძა და შესაბამისად,  გატაცებული გოგოს ადგილმდებარეობა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

  • “ორი დღეა იტყუები და ილანძღები.იქნებ დამელაპარაკო საჯაროდ“–ზურა ჯაფარიძე გია ვოლსკის

    “ორი დღეა იტყუები და ილანძღები.იქნებ დამელაპარაკო საჯაროდ“–ზურა ჯაფარიძე გია ვოლსკის

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების წევრს, პალამენტის ვიცე სპიკერს, გია ვოლსკის  მიმართავს იმ განცხადების გამო, რომელიც ვოლსკიმ მასთან დაკავშირებით გააკეთა: “ჯაფარიძე პოლიტიკურად უსუსურია, ამიტომ ანგარიშის დაყადაღებაზე სპეკულირებს“– თქვა ვოლსკიმ, რის შემდეგაც ზურა ჯაფარიძემ მას ფეისბუქით მიმართა:

    “ორი დღეა ადამიანურად გელაპარაკები.

    ორი დღეა იტყუები და ილანძღები.

    მესმის რომ პარტია გიკრძალავს, მაგრამ იქნებ სცადო ერთხელ არდამორჩილება და დამელაპარაკო საჯაროდ?

    ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში.“– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, რომ გია ვოლსკი დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატია. ორი დღის წინ ზურაბ ჯაფარიძემ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა, რის შემდეგაც აღსრულების ბიურომ ძველი ჯარიმების გამო მისი ანგარიშები დააყადაღა. ჯაფარიძე ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

  • “აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან“– ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

    “აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან“– ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ შაქარაშვილის საქმეში აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან. საქმე კი ჯერჯერბით გახსნილად ვერ ჩაითვლება.

    “შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა.

    გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

    როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.
    არც ახლა მოხდება ასე.

    1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.
    ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.
    2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

    ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

    პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას.“– ამბობს გია ხუხაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ შაქარაშვილის საქმეში 5 პირს, რომლებიც შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს მცხეთაში ტოიტა ქამრის მანქანით ჩავიდნენ  ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენა.

  • რას გულისხმობს “ტიკტოკის” აკრძალვა

    რას გულისხმობს “ტიკტოკის” აკრძალვა

    პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას ჩინური სოცმედიის პლატფორმების „TikTok”– სა და „WeChat” -ის აკრძალვის შესახებ, ანალიტიკოსები აშშ-ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის ესკალაციად აფასებენ.

    6 აგვისტოს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აპლიკაციები საფრთხეს უქმის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ბრძანების მიხედვით, 45 დღის განმავლობაში, ამერიკელებს ეკრძალებათ „TikTok”- ისა და „WeChat” – ის მფლობელ კომპანიებთან, რაიმე სახის ოპერაციების განხორციელება. რაც ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიები და ფიზიკური პირები, ვერ შეძლებენ პლატფორმაზე რეკლამის განთავსებას ან ამ კომპანიებთან სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას.

    რა მყისიერი და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება ორი ჩინურკი აპლიკაციას დაბლოკვას ამის შესახებ, “ამერიკის ხმა” ხელისუფლების წარმომადგენლ ოფიციალურ პირებსა და კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებს ესაუბრა.

    ორი ინტერნეტი: ერთი კონტროლირებული აშშ-ის, მეორე კი ჩინეთის მიერ

    კომპანია „გუგლის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ შმიდტი ჯერ კიდევ 2018 წელს ამბობდა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მსოფლიოს ორი განსხვავებული ინტერნეტი ექნებოდა – ერთი აშშ-ის და მეორე ჩინეთის მიერ მართული. ორი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, შმიდტის პროგნოზი მართლდება.

    „ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაცვითი ზომები მიიღო, რადგან მსოფლიოში, ინტერნეტი ჩინეთის მიერ ორ ნაწილად დაიყო – ერთი თავისუფალია, მეორე კი „ტყვეობაში“ – ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი.

    ოფიციალური პირი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ ჩინეთი სამთავრობო ძალით, ცდილობს ინტერნეტის თავისუფლება შეზღუდოს. წყაროს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება იცავს თავისუფალ ინტერნეტს და იცავს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების უარყოფითი გავლენებისგან.

    ამერიკელების მრავალგვარი რეაქცია

    „TikTok” ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აპლიკაციაა. აშშ-ში აპლიკაციას, ყოველთვიურად, 800 000 000 – ზე მეტი აქტიური მომხმნარებელი ჰყავს. განსსხვავებით „WeChat”- გან, რომელსაც აშშ-ში ძირითადად ჩინური დიასპორა იყენებს, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საკონტაქტოდ.

    რაც შეეხება თავად ამერიკულ სოცმედიის პლატფორმებს, მათი სრული უმრავლესობა ჩინეთში აკრძალულია. აკრძალულ აპლიკაციებს შორისაა „Line”, “WhatsApp”, “Facebook” და „Instagram”. ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც ჩინეთსა და აშშ-ს აკავშირებს, „WeChat” – ია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კატა პალმერსტონი, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცხოვრობდა პენსიაში გავიდა

    კატა პალმერსტონი, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცხოვრობდა პენსიაში გავიდა

    კატა პალმერსტონი, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი თავგებზე მონადირის პოსტს იკავებდა, პენსიაში გავიდა და საცხოვრებლად სოფლად გადაბარგდა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო რამდენიმე თვე გაატარა. ამის შესახებ ბიბისი წერს. ტვიტერზე პალმერსტონის ოფიციალურ ექაუნთზე განთავსდა მისი განცხადება გადადგომის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საიმონ მაკდონალდის სახელზე.

    “საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი თაგვებზე მონადირის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ მოვიდა დრო პენსიაზე გავიდე, რათა შევძლო დასვენება საყოველთაო ყურადღებისგან შორს“ – ნათქვამია დოკუმენტში.

    ბრიტანეთში მარტის ბოლოს გამოცხადებული კარანტინის დროს კატა ლონდონის ცენტრიდან სამინისტროს თანამშრომლის ქალაქგარეთ მდებარე სახლში გადაიყვანეს. სწორედ იქ დარჩება ის ამიერიდან საცხოვრებლად.

    “ძალიან მომწონს ხეებზე აძვრომა, ჩემი ახალი სოფლის სახლის გარშემო მინდვრებში სეირნობა. ჩემს ახალ სახლში ოჯახი ჩემზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, მომწონს ოფისის ხმაური და აურზაური… თუმცა ასაკთან ერთად აუცილებელია დიპლომატიურ საქმეებს ჩამოვშორდე და საკუთარ თავზე ვიფიქრო“– ნათქვამია გადადგომის განცხადებაში.

    ფორინ ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საიმონ მაკდონალდი ტვიტერზე წერს, რომ სამინისტროს თანამშრომლებს პალმერსტონი ძალიან მოენატრებათ.

    “პალმერსტონი ბატერსის თავშესაფრიდან მოვიდა, თაგვების დაჭერა დაიწყო და სოციალურ ქსელებში ფენომენად იქცა. მას ტვიტერზე უკვე 105 000 ხელმომწერი ყავს. ჩვენთან მოსვლიდან 4.5 წლის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს ის პენსიაზე გადის. მას ისე მოეწონა კარანტინის დროს ქალაქგარეთ, რომ გადაწყვიტა იქ დარჩეს.“ –წერს მაკდონალდი.

    პალმერსტონი ძაღლების და კატების თავშესაფრიდან აიყვანეს, რომელიც ლონდონის ბატერსის რაიონში მდებარეობს. მას სახელი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ მინისტრის ჰენრი პალმერსტონის პატივსაცემად დაარქვეს.

    ამ თავშესაფრის კიდევ ერთი ბინადარი კატა ლარია, რომელიც პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში დაუნინგ სთრითზე ცხოვრობს. კატებს ერთმანეთთან რთული ერთიერთობები ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გადასვლის შემდეგ პალმერსტონმა ერთხელ ცოტა ხნით ლარის კანონიერ ტერიტორიაზე შეღწევაც მოახერხა–პრემიერის რეზიდენციაში. მან იმით ისარგებლა, რომ კარი ღია იყო, თუმცა მალევე ოფისიდან პოლიციამ გამოიყვანა.

    ბრიტანეთის ოფიციალურ რეზიდენციებში კატების ყოლის ტრადიცია ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა. მათ თაგვებზე მონადირის ოფიციალური სტატუსი აქვთ და წელიწადში 100 ფუნტის ოდენობის ხელფასს იღებენ.