Category: სხვადასხვა

  • ტრამპის მეზობლებს მისი საცხოვრებლიდან გამოსახლება უნდათ. რას ედავებიან აშშ–ს ყოფილ პრეზიდენტს

    მეზობლები დონალდ ტრამპისთვის მისი კუთვნილი კლუბის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გამოყენების აკრძალვას ითხოვენ.

    იმის შესახებ, რომ ტრამპს არ აქვს უფლება მუდმივად ცხოვრობდეს ფლორდის შტატში, ქალაქ პალმ–ბიჩში მდებარე მისი კერძო კლუბის, “მარ ო ლაგო“–ს ტერიტორიაზე და ახლო მომავალში სხვა საცხოვრებელი უნდა მოძებნოს, ამ კვირას ერთდროულად რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომლებიც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის მეზობლების ინტერესებს იცავენ.

    “ჩვენი აზრით მარ–ო–ლაგო შეიძლეა გადაიქცეს მისი მხურვალე და აგრესული მხარდამჭერების კონცენტრაციის ადგილად, რომლებიც პატივს არ სცემენ კანონს.“– განაცხადა ქალაქის საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ადვოკატმა ფილიპ ჯონსონმა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “შევინარჩუნოთ პალმ–ბიჩი“–ს სახელით გამოდიოდა. ეს ორგანიზაცია ისტორიული მემკვიდრეობის დაცვით არის დაკავებული.

    მხარდამჭერები ტრამპს მარ–ო–ლაგოსკენ მიმავალ გზაზე ესალმებიან

    ადვოკატმა რეჯინალდ სტამბომ კი, რომელიც ექს პრეზიდენტის რამდენიმე მეზობლის ინტერესებს იცავს, ყველას შეახსენა, რომ ბოლო წლებში მის კუთვნილ კლუბში ტრამპის ხშირი ვიზიტების გამო ფეშენებელური პალმ–ბიჩის ბინადრებს გადაკეტილი ქუჩების, საცობების, ადგილობრივი აეროპორტის დახურვის და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების პირობებში მოუწიათ ცხოვრება. იურისტის თქმით, მისი კლიენტები შიშობენ, რომ კერძო კლუბის ტრამპის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გადაქცევა მათი უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს.

    “პალმ–ბიჩში გასაყიდად არის გამოტანილი უამრავი შესანიშნავი სახლი, და დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია მოძებნოს მისთვის შესაფერისი საცხოვრებელი“– დააკონკრეტა ადვოკატმა.

    იურისტების მთავარი არგუმენტი 1993 წელს ტრამპსა და ქალაქის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებაა. ამ დოკუმენტის თანახმად, მომავალმა პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება არ გამოეყენებინა კლუბი მის პირად მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად.

    რა შეთანხმება დაარღვია ტრამპმა

    მარ–ო–ლაგოს მამული ფლორიდაში ტრამპმა 1985 წელს 10 მილიონ დოლარად იყიდა.

    ტერიტორია თითქმის 7 ჰექტარს იკავებს და თავის დროზე ამერიკის ერთ–ერთ უმდიდრეს ქალს, მერჯორი პოსტს ეკუთვნოდა. სახლი მამულის ცენტრში მდებარეობს. ის გასული საუკუნის 20–იან წლებში აშენდა და ფლორიდის შტატში სიდიდით მეორე სახლად ითვლებოდა. სახლში არის 58 საძინებელი, 33 საპირფარეშო და სამი ბომბდამცავი თავშესაფარი.

    1980 წელს შენობა ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.

    პოსტის მემკვიდრეობის თანახმად 1073 წელს მამული აშშ–ს ფედერალური მთავრობის საკუთრება გახდა, თუმცა ხელისუფლებამ ვაშინგტონში ჩათვალა, რომ მისი შენახვის ხარჯები მეტისმეტად დიდი იყო და რვა წლის შემდეგ საჩუქარი პირველი მფლობელის მემკვიდრეებს გადასცა.

    ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მამული, რომელიც დიდი ხანია ყველასგან მიტოვებული იყო, დონალდ ტრამპმა კერძო რეზიდენციისთვის იყიდა და მაშინვე დაიწყო მისი გადაკეთება. სახლს დაახლოებით 2 000 კვ. მ. წვეულებების დარბაზი მიაშენეს, მოაწყვეს დამატებითი ოთახები, ტენისის კორტი და ღია აუზი ხედით ატლანტიკის ოკეანეზე. მოგვიანებით მამულის ტერიტორიას შეუერთდა გოლფ კლუბიც.

    1990-იანების ბანკროტობის სერიის შემდეგ მომავალმა პრეზიდენტმა მამულის ნაწილ–ნაწილ გაყიდვა და მის ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სახლის აშენება სცადა, თუმცა ქალაქის მერიამ ნებართვა არ მისცა.

    ამის ნაცვლად ტრამპმა ქალაქის საბჭოს რეზიდენციის დახურულ კერძო კლუბად გადაკეთება შესთავაზა. 1993 წელს, ქალაქის საბჭოზე ტრამპის ადვოკატმა კლუბის პროექტი წარადგინა და  ყველას არწმუნებდა, რომ თავად ტრამპი და მისი ოჯახის წევრები მარ–ო–ლაგოში ცხოვრებას აღარ აპირებდნენ, ტრამპი უბრალოდ კლუბის წევრად დარჩებოდა და მხოლოდ სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახებით სარგებლობას შეძლებდა.

    ქალაქის საბჭოსთან შეთანხმება  კლუბის წევრების რაოდენობის შეზღუდვასაც ითვალისწინებდა მაქსიმუმ 500 ადამიანით. შეზღუდულია მათი ავტომობილებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილებიც. მთავარი პუნქტი კი, რომლითაც ახლა ტრამპის მეზობლების ადვოკატები აპელირებენ ის არის, რომ კლუბის წევრებს მამულის ტერიტორიაზე ზედიზედ შვიდ დღეზე მეტი ხნის მაძილზე ცხოვრება არ შეუძლიათ, ისიც წელიწადში სამჯერ, ანუ წლის განმავლობაში მამულში მათი ყოფნის მაქსიმალური ვადა 21 დღეა.

    შეთანხმებას ხელი მაშინ ტრამპმაც მოაწერა და მისმა ადვოკატებმაც.

    კერძო კლუბი სწრაფად გახდა აშშ–ში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული. გაწევრიანების შენატანი ამჟამად 200 ათასი დოლარია. გარდა ამისა, კლუბის წევრებმა ყოველწლიური შენატანი – 14 ათასი დოლარი უნდა გადაიხადონ, სტუმრები კი მამულში გატარებულ ყოველ ღამეში ნომერში 2 000 დოლარს იხდიან.

    ჟურნალ Forbes–ის მონაცმებით მამულის ამჟამინდელი ღირებულება 160 მილიონი დოლარია, კერძო კლუბი კი დღემდე ტრამპის იმ მცირერიცხოვან აქტივებს შორის რჩება, რომელსაც მფლობელისთვის შემოსავალი მოაქვს. მხოლოდ 2019 წელს მამულმა ტრამპს 21 მილიონ დოლარიანი მოგება მოუტანა.

    რატომ უნდათ მეზობლებს ტრამპის გამოსახლება

    ბოლო 25 წლის მანძილზე დონალდ ტრამპი საკმაოდ პრობლემურ მეზობლად ითვლებოდა.

    მაგალითად, 1995 წელს მან ოლქის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა პალმ–ბიჩის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავების მარშრუტის შეცვლა. მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ავიალაინერების ხმაური კერძო კლუბის წევრებს ხელს უშლიდა. სასამართლოში მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, რომლის თანახმად ტრამპმა თითქმის ერთი ჰექტარი ტერიტორიის შეღავათიანი არენდა მიიღო. სწორედ იქ აშენდა მოგვიანებით ტრამპის საერთაშორისო გოლფ კლუბი.

    2010 წელს მომავალმა პრეზიდენტმა კვლავ უჩივლა აეროპორტს და მეორე ასაფრენი ბილიკის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. 2015 წელს კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს პრეტენზიით, რომ ფრენები ხმაურის, გამონაბოლქვის და დაბინძურების დაშვებელზე მაღალ დონეს იწვევდა მის მამულში. ტრამპი ზარალს 100 მილიონ დოლარად აფასებდა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 1997 წელს ტრამპი შეეცადა ქალაქის ხელისუფლებისთვის ეჩივლა იმ მიზეზით, თითქოს პალმ–ბიჩის მერია ებრაელთა დისკრიმნაციაში იყო შემჩნეული, იმ დროს, როცა მისი კლუბის წევრთა დიდი ნაწილი იუდეველი იყო.

    ყველაზე ცნობილი დავა კი ტრამპსა და ქალაქის მერიას შორის სახელმწიფო დროშის ზომასა და სიმაღლესთან დაკავშირებით შედგა. 2006 წელს ბიზნესმენმა კლუბის ტერიტორიაზე 24 მეტრის სიმაღლის ნაგებობაზე 6×9 მეტრის ზომის ამერიკული დროშა აღმართა.

    ამის შემდეგ მერიამ მას ოფიციალურად შეატყობინა, რომ 13 მეტრზე მეტ სიმაღლეზე დროშის დამონტაჟება აკრძალული იყო და ნაგებობის დაშლა მოთხოვა. ქალაქის საბჭომ ასევე დღეში 1250 დოლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა ყოველ დღეზე, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეასრულებდა.

    საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ მამულმა არაფორმალურად თეთრი სახლის მეთაურის. “საზაფხულო რეზიდენციის“ ტიტული მიიღო. 4 წლის მანძილზე ტრამპი 30–ჯერ ეწვია მარ–ო–ლაგოს და იქ ჯამში 99 დღე გაატარა. 2017 წლის იანვარში პალმ–ბიჩის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსში არასაფრენი ზონა გამოცხადდა, აშშ–ს საიდუმლო სამსახურების თანამშრომლებმა კი ნავებისა და იახტებისთვის კლუბის სიახლოვეს სპეციალური საშვების რეჟიმი შემოიღეს.

    პრეზიდენტის ვიზიტების დროს მიმდებარე ქუჩები იკეტებოდა, კლუბის ყველა თანამშრომელი კი პირად შემოწმებას გადიოდა. კლუბთან ახლოს მდებარე ლანტანას აეროპორტი ხშირად აცხადებდა ფრენების შეწყვეტის შესახებ.

    ადგილობრივი მაცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მშენებლობამ მამულის ტერიტორიაზე და პრეზიდენტის გეგმებმა ოკეანეში სპეციალური ნავმისადგომის მშენებლობის შესახებ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ნავმისადგომის მშენებლობის უფლება არ მისცა, ვერტმფრენის მოედანი კი დროებით ნაგებობად გამოცხადდა და პირობა დაიდო, რომ მას ტრამპის საპრეზიდენტო ვადის გასვლისთანავე აიღებდნენ.

    2019 წელს ტრამპმა გამოაცხადა, რომ “ჩაწერის“ ადგილი შეიცვალა და ოფიციალურად ნიუ იორკიდან პალმ– ბიჩში გადავიდა. მიზეზი მის მიმართ  ნიუ იორკის პროკურატურის საგადასახადო პრეტენზიები გახდა.

    გასული წლის დეკემბერში ადვოკატმა რეჯინალდ სტამომ ქალაქის ხელისუფლებას პირველი წერილი გაუგზავნა, რომლითაც ტრამპი 1993 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. კიდევ ერთი საჩივარი იურისტმა აშშ–ს საიდუმლო სამსახურებს გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომები ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის.

    ამ კვირაში პალმ–ბიჩის ქალაქის საბჭოს სპეციალურ სხდომაზე გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მისი გოლფ–კლუბის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

    მისი ადვოკატის, ჯონ მერიონის მტკიცებით 1993 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მხოლოდ კლუბის წევრებსა და სტუმრებზე ვრცელდება, აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი კი ახლა მამულის ერთ–ერთი თანამშრომელია.

    “ის ახლა მარ–ო–ლაგოს პრეზიდენტია. ის პრეზიდენტი იყო მანამდეც, სანამ აშშ–ს პრეზიდენტი გახდებოდა, და ახლაც კვლავ კლუბის პრეზიდენტი გახდა“– ამბობს ის.

    ადვოკატის მტკიცებით ტრამპის მოვალეობები მამულში საქმეების ყოველდღიურ კონტროლს, თანამშრომლებზე დაკვირვებას, ფინანსური დოკუენტების შემოწმებას და კლუბის წევრების დახვედრას გულისხმობს. შესაბამისად, მისი აქ ცხოვრება აუცილებელია.ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტრამპი ყოველდღიურად აქტიურად არის ჩართული ტერიტორიის მოვლაში.

    ქალაქის საბჭოს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, შეძლებს თუ არა ტრამპი საკუთარი კლუბის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გამოყენებას. მხარეებს აპრილამდე ახალი არგუენტების მომზადება შესთავაზეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ქალაქის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას.

  • Coca-Cola პლასტიკური ბოთლების ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებას იწყებს

    კომპანია Coca-Cola პლასტიკურ ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით პირველი ნიმუში დანიურმა კომპანიამ Paper Bottle Company წარმოადგინა. სატესტო რეჟიმში კოკა-კოლა 2000 ბოთლს გამოუშვებს.

    ბოთლებს პლასტიკური მხოლოდ სახურავი და შიდა მემბრანა აქვს. ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი ბოთლების მთლიანად ქაღალდისგან დამზადებაა.

    ორგანიზაცია Break Free From Plastic-ის მონაცემებით, Coca-Cola პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა Pepsi ხოლო მესამეზე კი Nestle

    იცით რამდენ ხანში იშლება გარემოში მოხვედრილი ნარჩენი გადამუშავების გარეშე?
    • ალუმინის ქილა: 200 – 500 წელი
    • პლასტმასის ბოთლი: 450 წელი
    • პოლიეთილენის პარკი: 200 – 1000 წელი
  • რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

    პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა.

    მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ სემაგლუტიდმა შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს სიმსუქნესთან ბრძოლაში.

    პრეპარატის ყოველკვირეული მიღების დაწყებიდან ერთ წელიწადში ექსპერიმენტის მონაწილეებმა საშუალოდ 15 კილოგრამი ზედმეტი წონა დაიკლეს, ამასთან მათმა ორმა მესამედმა წონის მინიმუმ 10% დაკარგა.

    საკონტროლო ჯგუფის პაციენტებმა, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, სულ 3 კილო დაიკლეს.

    “მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ მოძებნონ წონის დასაკლები წამალი. უამრავი პრეპარატი გამოიცადა, თუმცა მათი უმრავლესობა ან არასაკმარისად ეფექტური იყო, ან გვერდითი ეფექტები ქონდა. ამიტომაც მათზე უარი თქვეს. ამ კვლვაში კი კლინიკურად მნიშვნელოვანი წონის კლება იმ ჯგუფის პრეპარატების დახმარებით მოხდა, რომლებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს მათი უსაფრთხოება მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობისას. საჭირო იყო მხოლოდ იმაში დარწმუნება, რომ შედეგი გრძელვადიანი იქნებოდა და დაკლებული წონა აღარ დაბრუნდებოდა“– ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კიტ ფრეინი.

    ამ ჯგუფის პრეპარატები ბევრ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ენდოკრინოლოგების აზრით პაციენტებს არა მხოლოდ წონის კონტროლში, არამედ სტრესთან გამკლავებაშიც ეხმარება, რომელიც კვებითი ქცევების დარღვევას იწვევს, რასაც შესაძლოა დიაბეტის განვითარება მოჰყვეს.

    კლინიკურ კვლევებში, რომლებიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა მონაწილეობა მიიღო 2000–ზე მეტმა ადამიანმა 16 ქვეყნიდან. მათ შორის  არ იყვნენ დიაბეტით დაავადებულები, თუმცა ყველა მონაწილეს ზედმეტი წონა ჰქონდა.

    სხეულის მასის ინდექსი, რომლის ნორმა 25 –ია, მათ შემთხვევაში 30–ზე ნაკლები არ ყოფილა, რაც გასუქების კლინიკურ განსაზღვრებას შეესაბამება.

    თავიდან პაციენტებში სასწავლო კურსი ჩაატარეს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მავნე ჩვევებზე უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორ ჯგუფად დაყვეს: ორი მესამედი ყოველკვირეულად იღებდა სემაგლუტიდის დოზას (2.4 mg კანქვეშა ინექციის გზით). დანარჩენ მონაწილეებს კი პლაცებოს ნემსს უკეთებდნენ.

    ექსპერიმენტის შედეგები 68 კვირის შეაჯამეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები დღიურს აწარმოებდნენ, რომელშიც მათ მიერ მიღებული პროდუქტების და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ ინფორმაცია შეყავდათ.

    შედეგში სხვაობა მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ორგანიზატორებისთვის: მონაწილეები, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ საშუალოდ 2.4 %–ით გახდნენ სხეულის თავდაპირველ ინდექსთან მიმართებაში, იმ პაციენტებმა კი, რომლებიც სემაგლუტიდს იღებდნენ წონის თითქმის 15% დაიკლეს.

    ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სტატისტიკური მედიცინის პროფესორი, ბატისტ ლიორანი, რომელიც კვლევებში არ მონაწილეობდა ამტკიცებს, რომ ის ყველა მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდა და მისი აზრით შედეგებში დაეჭვების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

    “თუ ექსპერიმენტის არსს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სხვაობა სემაგლუტიდით მკურნალობის შედეგია. გახდომასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაში ყველაზე რთულია იმის მიღწევა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მონაწილე გავიდეს ექსპერიმენტიდან მის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში ბოლომდე მივიდა მონაწილეთა 90%, ეს კი საუკეთესო შესაძლო შედეგია“– ამბობს ის.

    მიუხედავად ზოგიერთ მონაწილეში გვერდითი ეფექტების, მაგალითად დიარეის ან გულისრევის აღნიშვნისა, პროფესორი ლიორანი ამბობს, რომ სემაგლუტიდს წონასთან ბრძოლაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

  • ევროპის ყველაზე ხანდაზმულმა ქალმა კორონავირუსი გადაიტანა

    Covid19 ევროპაში ყველაზე ხანდაზმულმა ქალმა, ლიუსილ რენდონმა გადაიტანა. ის საფრანგეთის ქალაქ ტულონში, ხანდახმულთა სახლში ცხოვრობს. კორონავირუსზე დადებითი ტესტი მან იანვრის შუა რიცხვებში მიიღო. დღეს ის 117 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1944 წელს ქალი მონაზონი გახდა.

    დაავადება უსიმპტომოდ დაიწყო და თავდაპირველად ქალი ვერც კი მიხვდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. დაავადების დროს ის ხანდაზმულთა სახლის სხვა ბინადრებისგან იზოლირებული იყო. სამედიცინო დახმარება არ დაჭირვებია, ამჟამად კი სრულად გამოჯანმრთელებულად ითვლება.

    ქალი უსინათლოა და იძულებულია სავარძლით გადაადგილდეს. ხანდაზმულთა სახლის წარმომადგენელი, დევიდ ტაველა მედია ეუბნება, რომ ქალს ძალიან გაუმართლა.

    როდესაც ფრანგმა ჟურნალისტებმა მონაზონს კითხეს, ეშინოდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებს, მან უპასუხა:

    “არა, არ მეშინოდა, იმიტომ რომ სიკვდილის არ მეშინია. მიხარია, რომ ისევ თქვენთან ვარ. თუმცა, არ ვარ წინააღმდეგი იმქვეყნად წავიდე – ჩემს უფროს ძმასთან, ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან.“

    ევროპის ყველაზე ხანდაზმული ქალი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. ის არა მხოლოდ ევროპის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებელი, არამედ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანების სიაში მეორეა.

  • ნეკა სებისკვერაძის აგარაკი გაქურდეს – ვის უხდის მადლობას მომღერალი

    „მადლობა არასდროსაა ზედმეტი, მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს”  – სოციალურ ქსელში მომღერალი ნეკა სებისკვერაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი აგარაკის ქურდობის ფაქტი პოლიციამ ოპერატიულად გახსნა, რაც მთავარია მოპარული ნივთებიც მეპატრონეს დაუბრუნა რისთვისაც, ის წყნეთის პოლიციას განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

    „რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა, ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ გეცოდინებათ რამხელა სტრესიცაა. წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა, დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის, გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა. განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა!”, – წერს ნეკა სებისკვერაძე.

  • 16:7 – საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16:7 დაამარცხა. ლელოს დადება 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაზე ვასკა ლობჟანიძემ შეძლო.

    დღევანდელ მატჩს პანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა.

    საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთი ზედიზედ მეცხრამეტედ დაამარცხა. რუსეთს საქართველოს ნაკრებთან სულ ერთხელ, 1993 წელს აქვს მოგებული, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს მატჩი ფრედ დასრულდა.

  • ამერიკელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად სახისა და ხელების გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს

    ნიუ იორკელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად სახისა და ხელის ორივე მტევნის გადანერგვის  წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. გასული წლის აგვისტოში 22 წლის ჯო დიმეომ საოპერაციოში 23 საათი გაატარა. მასთან 140 მედიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა.

    2018 წელს დიმეო ღამის ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როცა საჭესთან ჩაეძინა. მისი ავტომობილი ავარიაში მოყვა და დაიწყვა. შედეგად ამერიკელმა მამაკაცმა მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო, რომელმაც მისი სხეულის თითქმის 80% დააზიანა. მას ხელის თითების ამპუტაცია გაუკეთეს, დაკარგა ტუჩები და ქუთუთოები.

    ჯომ ოთხი თვე დამწვრობის განყოფილებაში გაატარა – ამ დროის ნაწილი კი ხელოვნურ კომაში. დიმეომ 20–ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ხელებისა და სახის მოტორიკის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა.

    2019 წელს პაციენტი ნიუ იორკში, NYU Langone–ის სამედიცინო ცენტრში გაგზავნეს, სადაც ერთი წლის შემდეგ ხელისა და სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაიკეთა.

    “ასეთი საჩუქარი ცხოვრებაში ერთხელ ხდება. იმედი მაქვს მისი (დონორის) ოჯახის წევრებისთვის შვება იქნება, თუ ეცოდინებათ, რომ მისი ნაწილი ჩემში განაგრძობს სიცოცხლეს. ჩემი მშობლები მადლობლები არიან, რომ ცხოვრებაში მეორე შანსი მომეცა“– თქვა ჯომ.

    “ჩვენი ოპერაციის მიზანი არა მხოლოდ მისი გარეგნობის გაუმჯობესება იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერს იდეალურად ემუშავა, განსაკუთრებით ხელებს“– განაცხადა სახის გადანერგვის პროგრამის დირექტორმა, ედუარდო როდრიგესმა.

    ოპერაციის შემდეგ ჯო დიმეომ 45 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, კიდევ დაახლოებით ორი თვე კი საავადმყოფოში. იქ მან თავიდან ისწავლა თვალების გახელა და ახალი ხელების გამოყენება. ახლა მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ივარჯიშოს და ყოველდღიური საქმეები გააკეთოს, მაგალითად საუზმე მოიმზადოს.

    ექიმი როდრიგესი ამბობს, რომ ჯო დიმეო, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 5 საათი ფიზიოთერაპიით არის დაკავებული, ყველაზე მიზანდასახული პაციენტია მათ შორის, ვინც  კი ოდესმე შეხვედრია. მას უნდა სპორტით დაკავდეს, აღმერთებს გოლფს, უნდა ისევ ითამაშოს.

    “ყოველთვის მაოცებს, რამხელა სიმძიმის აწევა შეუძლია და როგორი ძალა აქვს“– ამბობს ექიმი.

    ეს არის პირველი ოპერაცია მსოფლიოში, როცა ექიმებმა წარმატებით მოახერხეს სახისა და ორივე კიდურის გადანერგვა. წარსულში მედიკოსებმა მსგავსი რამ ორჯერ სცადეს, თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად. ერთ–ერთი პაციენტი გართულებების შედეგად გარდაიცვალა, მეორეს კი ახლადგადანერგილი ხელების ამპუტაცია გაუკეთეს, რადგან ისინი ორგანიზმთან ვერ შეთავსდა.

    ამჯერად ექიმებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ჯო დიმეოს სხეულმა გადანერგილი ორგანოები მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადეს მათ წარმატებული ოპერაციის შესახებ.

  • ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად ერთობა (ვიდეო)

    „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად ერთობა. ვიდეოს თავად ივანიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

    ვიდეო თავდაპირველად ბერა ივანიშვილმა “ინსტაგრამზე” ატვირთა.

    https://www.facebook.com/293141757525205/videos/126607289266196

  • ნაკლები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მეტი ალკოჰოლი და საკვები– ნახეთ, როგორ შეცვალა პანდემიამ გაყიდვები მსოფლიოში

    კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთელ მსოფლიოში თითქმის ერთი წელია გრძელდება. პროგნოზების მიხედვით შეზღუდვების რეალური შემსუბუქება მხოლოდ ზაფხულისთვის არის მოსალოდნელი. ამ ხნის მანძილზე ადამიანებმა სრულიად შეიცვალეს სამომხმარებლო ჩვევები, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას და სულ უფრო მეტად – სახლს.

    აშშ–სა და ევროპის ქვეყნებში ქუსლიანი ფეხსაცმლის გაყიდვები 40%–ით დაეცა. ქალებს თითქმის აღარ დარჩათ ადგილი, სადაც ასეთ ფეხსაცმელს ჩაიცვამენ. პროფესიონალური კოსმეტიკის და მაკიაჟის გაყიდვები 25%–ით შემცირდა. ზუმში ურთიერთობისას ადამიანებს ნაკლებად ადარდებთ მაკიაჟის დეტალები.

    უმსხვილესი დასავლური აუდიტორული კომპანიები და ბანკები მთელი წლის მანძილზე ამონიტორინგებდნენ სიტუაციას სამომხმარებლო ბაზარზე და ისეთ რყევებს აფიქსირებდნენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.

    მაგალითად, ფეხსაცმლის გაყიდვები 30%–ით შემცირდა. ტანსაცმლის გაყიდვები საშუალოდ 20%–ით. მაგალითად, ტანსაცმლის ერთ–ერთი უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის, შვედური H&M–ის გაყიდვები 2020 წელს 18%–ით შემცირდა.

    კომპანია Deloitte–ის კვლევაში ნათქვამია, რომ ახალ ავეჯს პანდემიის პერიოდში 25%–ით ნაკლებად ყიდულობენ, ახალი საათების და სამკაულების გაყიდვა კი 20%–ით დაეცა. ანალიტიკოსები ამ ტენდენციას იმით ხსნიან, რომ ადამიანებს ასეთი საქონლის პირადად არჩევა უყვართ, 2020 წლის მარტის შემდეგ კი ასეთი შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ქონდათ.

    საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო, რომელიც 1970–იანი წლების შუა პერიოდიდან ამონიტორინგებს ენერგიის ყველა სახეობის მოხმარებას ამბობს, რომ მთლიანობაში დახურული ოფისების და სავაჭრო ცენტრების ხარჯზე მოხმარება ჯამში 20%–ით შემცირდა.

    ევრვოკავშირის ქვეყნებმა რეკოროდი დაამყარეს მზის და ქარის ენერგიის მოხმარებით – სააგენტოში ამბობენ, რომ მეორე ასეთი შანსი ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასასვლელად შეიძლება აღარც იყოს.

    ალკოჰოლური რეკორდები

    დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა პროდუქტების შეძენის გზები და ზოგიერთი ჩვევა შეიცვალეს. ონლაინ შეკვეთები 9%–დან 60%–მდე გაიზარდა. ამან კი ის გამოიწვია, რომ სუპერმარკეტების ბევრ ქსელში კურიერების გასაგზავნი დახლები სამი–ოთხი კვირით ადრეა დაკავებული, ბიზნესი კი შეკვეთებს ვერ აუდის.

    ხორცის გაყიდვა 10%–ით გაიზარდა ბოლო წლების ტენდენციისგან განსხვავებით, რომელიც სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანის მიერ ვეგეტარიანობაზე გადასვლით იყო გამოწვეული. თუმცა, მათი მხრიდან მოთხოვნის შემცირება მათ დააკომპენსირეს, ვინც სახლიდან დაიწყო მუშაობა და კაფე–რესტორნებში ლანჩის ჭამა შეწყვიტა.

    ბიბისი–ს შეკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით მკვეთრად გაიზარდა ახალი ხილის და რძის პროდუქტების გაყიდვები. ბრიტანელებმა 2020 წელს მათ შესაძენად 257 მილიონი ფუნტით მეტი დახარჯეს, ვიდრე 2019 წელს.

    ასევე სახლიდან მუშაობას უკავშირებენ ექსპერტები იმას, რომ ქვეყანაში 2 მილიონით ნაკლები ტანის დეზოდორი გაიყიდა. ექსპერტები თავს იკავებენ იმის ახსნისგან, რატომ გაიყიდა ქვეყანაში 28 მილიონი ფუნტით ნაკლები ღირებულების კბილის ჯაგრისები, ვიდრე ერთი წლის წინ.

    მკვლევარები  JP Morgan–ის საინვესტიციო ჯგუფიდან სახლის სარეცხ საშუალებებზე ანომალურ მოთხოვნას აფიქსირებენ: სახლის, სააბაზანოს, სამზარეულოს საწმენდ საშუალებებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 33%–ით გაიზარდა. ჭურჭლის სარეცხი მანქანების გაყიდვები 40%–ით გაიზარდა და ეს ნივთი 2020 წელს აშშ–სა და ევროპაში ყველაზე საყვარელ საყოფაცხოვრებო ტექნიკად იქცა.

    თმის საღებავს 2020 წელს 30%–ით უფრო ხშირად ყიდულობდნენ, ვიდრე 2019 წელს. სილამაზის სალონები ამ პერიოდში ხშირად იყო დაკეტილი და ადამიანები სახლში ყოფნისას თმას თავად იღებავდნენ, ზოგჯერ თავისუფალი დროის გაყვანის მიზნით.

    როგორც ჩანს, 2020 წლის მთავარ პრობლემად ალკოჰოლის მოხმარება იქცა.  JP Morgan–ის ინფორმაციით აშშ–ში მაგარ სპირტიან სასმელებზე მოთხოვნის 40%–იანი ზრდა დაფიქსირდა, ღვინოსა და ლუდზე კი 20%–იანი.

    ბრიტანეთში სპეციალიზირებული გამოცემა The Drink Business კიდევ უფრო მძიმე  მონაცემებს აქვეყნებს. მაგარი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ბრიტანეთში 2019 წელთან შედარებით 64%–ით გაიზარდა, ღვინისა და ლუდის მოხმარება კი 49%–ით.

    ყოველწლიურად ალკოჰოლურ დამოკიდებულებასთან მებრძოლი ორგანიზაციები დიდ ბრიტანეთში “მშრალ იანვარს“ აცხადებენ– ეს არის ერთი თვე ალკოჰოლის გარეშე წვეულებებით და ზეიმით დატვირთული დეკემბრის შემდეგ.

    ამ აქციაში წინასწარი მონაცემებით 10 მილიონამდე ბრიტანელი აპირებდა მონაწილეობას, თუმცა უკვე პირველი კვირის შემდეგ მათმა მეოთხედმა აღიარა, რომ დალევისგან თავი ვერ შეიკავა.

    ტაბლოიდ Sun–ს მოყავს მონაცემები, რომელთა მიხედვით ქვეყანაში ალკოჰოლის უმსხვილესმა ონლაინ მღაზიამ The Drop Store–მა 2021 წლის პირველ 12 დღეში რვაჯერ მეტი სპირტიანი სასმელი გაყიდა, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

    რაც შეეხება რუსეთს, როგორც ირკვევა ამ ქვეყანაში ფულს ყველაფერზე ზოგავენ, გარდა მზესუმზირისა და ახალი წლისა.

    რუსეთში მსგავსი კვლევები ნაკლებად ტარდება და მონაცემები ნაკლებად არსებობს, გარდა ამისა, რუსულ ლოქდაუნებს ევროპისგან განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდათ, თუმცა კვლევითი ჰოლდინგის, “Ромир”–ის ინფორმაციით რუსეთის მოქალაქეებმა ყოველდღიური ხარჯები მკვეთრად შეამცირეს – მარტთან შედარებით ვარდნამ 16.6% შეადგინა. დაახლოებით მსგავსი მონაცემებია აშშ–ში, სადაც მოქალაქეები გაზაფხულზე 15%–ით ნაკლებს ხარჯავდნენ სრულიად გაურკვეველი მომავლის შიშით.

    რუსეთის მოქალაქეებმა 3%–ით მეტის ხარჯვა დაიწყეს საკვებზე და ჰიგიენის საშუალებებზე. ონლაინ ვაჭრობის ზრდამ კურიერებისთვის სპეციალიზებული ავტომობილების გაყიდვების ზრდა გამოიწვია, თუმცა დასავლეთთან განსხვავება კვლავ დიდია.

    კვლევის თანახმად რუსების მხოლოდ 10%–მა დაასახელა სუპერმარკეტში წასვლა უკიდურესად არაკომფორტულა საქმიანობად. აშშ–ში ასე თვლის მოქალაქეთა 23%, დასავლეთ ევროპაში კი 40%.

    ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები, როგორ გაიზარდა რუსეთში ალკოჰოლზე მოთხოვნა, თუმცა კვლევის მიხედვით ნოემბერში მოსახლეობის 22% აპირებდა კოსმეტიკის ხარჯების შემცირებას, 15% – სათამაშოების და თამაშების ხარჯების, 13% კი ტანის მოვლის საშუალებებზე აპირებდა თანხის დაზოგვას.

    “Nielsen Россия”–ს მონაცემებით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის პარალელურად შემცირდა მოთხოვნა ყავასა და ნამცხვრებზე, სამაგიეროდ მკვეთრად – 31 პროცენტით გაიზარდა მოთხოვნა მზესუმზირაზე.

    ამავე მონაცემებით, 2020 წელს რუსებმა საახალწლოდ იმაზე 25%–ით მეტი დახარჯეს, ვიდრე ერთი წლის წინ. თუმცა, უნდა ითქვას რომ ამ ხარჯებში საახალწლო სუფრის წილი გაიზარდა, საჩუქრების წილი კი შემცირდა.

  • UFC-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გაყინულ მდინარეში გადახტა და თავი გაიტეხა (ვიდეო)

    UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა თავი გაიტეხა. მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ხტება იგი გაყინულ მდინარეში.

    “მეგონა თოვლიან წყალში ვხტებოდი, მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა”- წერს დვალიშვილი ვიდეოს აღწერაში.

    მას საჭირო სამედიცინო პროცედურები უკვე ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს.

    https://www.instagram.com/p/CK2HCmep0GT/