Category: სხვადასხვა

  • პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მისი შვილების მასწავლებელს გაყვა ცოლად

    პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი, მაკენზი სკოტი სკოლის მისი შვილების სკოლის მასწავლებელს გაყვა ცოლად. ის ორი წლის წინ გაშორდა ამაზონის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს.

    Forbes–ის თანახმად, მაკენზის ქონება 53 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მან ბოლო ერთ წელში ოთხ მილიარდ დოლაზე  მეტი გაიღო ქველმოქმედებისთვის.

    ინფორმაცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელზე, დენ ჯუეტზე მისი გათხოვების შესახებ საერთაშორისო ფილანტროპული ორგანიზაციის, Giving Pledge–ის საიტზე გამოქვეყნდა.

    “დენი შესანიშნავი ბიჭია და ძალიან მიხარია მათი ამბავი.“– ასეთი კომენტარი გააკეთა ყოფილი ცოლის გათხოვებაზე ჯეფ ბეზოსმა.

    მაკენზი სკოტი 25 წელი იყო გათხოვილი ჯეფ ბეზოსზე. ის ქმარს 1994 წელს კომპანია ამაზონის დაფუძნებაში ეხმარეოდა. ამაზონზე მისი საავტორო გვერდის მიხედვით სკოტი ამჟამად სიეტლში ცხოვრობს ოთხ შვილთან და მეუღლე დენთან ერთად. დენი პრესტიჟული სკოლის მასწავლებელია, სადაც მისი შვილები სწავლობენ.

    2019 წელს, განქორწინების მომენტისთვის ჯეფ ბეზოსი ამაზონის აქციების 16%–ს ფლობდა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. განქორწინებისას მაკენზიმ კომპანიის 4% მიიღო.

    ჯეფ ბეზოსი რეგულარულად იყოფს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს ილონ მასკთან: ისინი პირველ–მეორე ადგილებს იმის მიხედვით ცვლიან, თუ როგორია იმ მომენტისთვის მათი კომპანიების აქციების კურსი. ამჟამად ბეზოსის ქონება 177 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. მისი ყოფილი ცოლი კი ამ სიაში 22–ე ადგილზეა.

  • ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ

    “ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ” – ამის შესახებ, ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში წერს.  მისი თქმით,  კინოსა და თეატრის მსახიობს ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ რადგან, თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ოჯახის წევრები აცხადებენ რომ , ზურაბ ყიფშიძე კი თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდის.

    “მეგობრებო,განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.

    სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
    გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით,რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე.
    იქნებ შევძლოთ დახმარება!ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები!მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი.ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას”- წერს მაკა რაზამაძე სოციალურ ქსელში.

  • “იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა“…–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ ფეისბუქზე წერს:
    “მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.
    ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.
    იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა…
    დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.
    ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.
    დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა…
    გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…”– წერს გია ხუხაშვილი.

    6 მარტს ტვ პირველის ეთერში გავიდა  სატელეფონო საუბრის ჩანაწერი , რომელშიც სავარაუდოდ ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

    ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ასევე ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.

    ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

  • ირაკლი ღარიბაშვილი ბერას ქოლგით დაყვებოდა – ნანუკა ჟორჟოლიანი 2011 წლის გადაცემის ჩაწერას იხსენებს

    ირაკლი ღარიბაშვილი ბერას ქოლგით დაყვებოდა, – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” იხსენებს. მან 2011 წელი და გადაცემის ჩაწერა გაიხსენა, როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გახმაურებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა და ბერასთან ინტერვიუს “ნანუკას შოუსთვის” წერდა.

    ამბობს, რომ მაშინ, ბერას პროდიუსერი და შემდეგ უკვე პირადი ასისტენტი დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

    ბერასთან რომ დაგვაკონტაქტეს გადაგვამისამართეს ვინმე ირაკლისთან. რომელიც იყო მისი პროდიუსერი. იკა. პირადი ასისტენტი იყო, პროდიუსერი… მე ყოველთვის გამიგია, რომ ღარიბაშვილი განსაკუთრებული მონაა, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული მონა, მაინც მე ვფიქრობ, რომ არავის წარმოგვედგინა. რას უწონებს, რაზე იცინის, ეს იყო რამაც გამაოგნა… მაშინ პროდიუსერი ირაკლი [ღარიბაშვილი] დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. ძალიან სწრაფად მიდიოდა მოლაპარაკებები. მას შეეძლო, დამოუკიდებლად ეთქვა, რომ არა ბერა, ასე არა.. ეს ჩვეულებრივი პროცესია… ანაკლიაში ბერას პირადი ასისტენტი იყო ღარიბაშვილი. ქოლგით დაყვებოდა მას. იქ უამრავი ადამიანი იყო, ათობით, ვინც ამას ხედავდა. იქ უკვე ბუკვალურად განსაზღვრავდა სად უნდა დამჯდარიყო ბერა, როგორ უნდა ეჭამა და აშ, – ყვება ნანუკა ჟორჟოლიანი. 

  • იტალიელმა ქალმა მომვლელ ქალს ანდერძით 3.7 მილიონი ევრო დაუტოვა. ის სავარაუდოდ ქართველია

    ჩრდილოეთ იტალიაში, გენუაში (Genova) ხანდაზმულმა ქალმა ანდერძით სახლის მომსახურე პერსონალს მემკვიდრეობის ნაწილი დაუტოვა, მათ შორის  მომვლელ ქალს 3.7 მილიონი ევრო. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო corriere.it ავრცელებს.

    იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, რომ მომვლელი, რომელსაც ამხელა თანხა დაუტოვეს, წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ  და ამბობენ, რომ თავად ისურვა, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო.

    ემიგრანტების თქმით, ქართველი ქალი იტალიაში სამუშაოდ წლების წინ წავიდა და გენუაში პროფესიით მასწავლებელ მარიზა კავანას ოჯახში მუშაობდა.

    მოხუცი 2020 წლის 9 დეკემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მან თავისი ქონების ნაწილი არასამეწარმეო, არამომგებიან ორგანიზაციებს, ასოციაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სამკურნალო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს დაუტოვა, ხოლო თავის მომვლელს, რომელმაც მასთან ბოლო 4 წელი იმუშავა, მადლიერების ნიშნად 3.7 მილიონი ევრო უანდერძა. მოხუცი ქალბატონის, მარიზა კავანას აქტივები 25 მილიონ ევროს შეადგენდა.

    „ანდერძი და მისი უკანასკნელი სურვილები მარიზა კავანამ გულდასმით დაწერა და დაახლოებით 25 მილიონი ევროს მემკვიდრეობა გენუაში არსებულ საავადმყოფოებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ინსტიტუტებს უანდერძა.

    პენსიონერი ედმონდა მარიზა კავანა ახალგაზრდობაში ლიტერატურას ასწავლიდა. იგი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა გასული წლის 9 დეკემბერს,  საკუთარ სახლში. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, იგი პასადორის ბანკის მენეჯერს, ჯინო ნოცეთს დაუკავშირდა, რათა უკანასკნელი სურვილი გაენდო:

    „ძვირფასო, მას შემდეგ, რაც აღარ ვიქნები, გთხოვ კონვერტი, რომელიც მაგიდაზე იდება, წაიღოთ კომპანია XIX Century-ში. წერილი ყველა იმ ადამიანს მოიცავს, ვისაც მადლობას ვუხდი და ვისაც ვუყვარდი“, – უთხრა ბანკის თანამშრომელს მოხუცმა მილიონერმა.

    ოჯახის საიუველირო ნაკეთობებისა და ულამაზესი ვილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი, ასევე ბანკში არსებული „ფულადი სახსრები“, გენუის ორი საავადმყოფოს მფლობელობაში გადავა. ხუთი მილიონი ერგო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის გენერალური მენეჯერი ადრიანო ლაგოსტენა მიღებულ გრანტს „უნიკალურ კეთილშობილებას“ უწოდებს. ამასთან, პროფესორმა მკაცრად მიუთითა, რომ ანდერძით მიღებული თანხა „არა ადმინისტრაციის“, არამედ „ტექნიკის შესწავლისა და შეძენისთვის“ არის გამოყოფილი.

  • გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

    მის კომენტარს ლოკომოტივი ავრცელებს:

    “ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე, ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან” – ამბობს კაშია.

  • ზელენსკიმ AstraZeneca-ს ვაქცინა წელს ზემოთ შიშველმა გაიკეთა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის აცრის დროს წელს ზემოთ გაშიშვლდა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზელენსკი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.

    „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავიკეთე ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მათმა მთავარსარდალმა. Oxford / AstraZeneca-ს იმავე ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინა მოგვცემს საშუალებას ისევ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ,“- წერს ზელენსკი ტვიტერზე.

  • მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“ რომლებმაც ტერმინი „გავრილოვის ღამე” დაამკვიდრეთ – ლევან ღვინჯილია

    “მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“ რომლებმაც ტერმინი „გავრილოვის ღამე” დაამკვიდრეთ “- ამის შესახებ, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში წერს, რითიც, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამკვირდებულ ტერმინს „გავრილოვის ღამეს“ ეხმაურება.

    “მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და “პოლიტიკოსებს”, რომლებმაც დაამკვიდრეთ ტერმინი ~ “გავრილოვის ღამე”:იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამით უკვდავყოფთ იმ ვიღაც გავრილოვის სახელს?ადვილად მისახვედრია, რომ “ბართლომეს ღამე” გაგიგონიათ და ამის კალკირებით შექმენით “გავრილოვის ღამე”, მაგრამ არა მგონია, ეს დიდად მოსაწონი “მიგნება” იყოს, რამდენადაც ამას ახლავს ის მეორე, ნეგატიური შედეგი, რაზეც აქვე უკვე მოგახსენეთ.

    გავრილოვის სახელის უკვდავყოფა ჩვენი, ქართველების, ზეამოცანა არ უნდა იყოს. დაფიქრდი ამაზე! თუ მაინცადამაინც კალენდარული მითითება გჭირდებათ, შეგიძლიათ თარიღი დაასახელოთ ~ “20 ივნისის (და არა – “გავრილოვის”) ღამე”.  ნუ უკვდავყოფთ ვიღაც გავრილოვის გვარს საქართველოში. ეს არაფერს მოგვცემს.”- წერს ლევან ღვინჯილია.

  • “ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება.ჩემს პირად ცხოვრებას ესხმიან თავს“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება.ჩემს პირად ცხოვრებას ესხმიან თავს“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემები, არამედ “დრომოჭმული ფასეულობების“ პრობლემაც აქვს, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში. ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხზეც წერს და ამბობს, რომ მის ქმარს, გიგა ბოკერიას ხშირად ესხმიან თავს ცოლის აქტიურობის გამო:

    “საქართველოს დემოკრატიზაციის ამოცანას ის ართულებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ტრანსფორმაცია არ ყოფნის შედეგს, სოციალური ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს.

    დახურული საზოგადოებიდან, ღია საზოგადოებად ქცევის პროცესი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დაიწყო და ვარდების რევოლუციის შემდეგ დაჩქარდა, მაგრამ მიზნისგან ჯერ შორს ვართ.
    პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების ფასეულობები ადვილად არ იცვლება. ეს არ არის წინდა, რომელსაც გაიხდი და ახალს ჩაიცვამ. საზოგადოებრივი მენტალიტეტის ტრანსფორმაცია ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე – პოლიციის რეფორმა. სამწუხაროდ, დრომოჭმულ ფასეულობებს, კორუმპირებული საგზაო ინსპექტორებივით, სამსახურიდან ვერ დაითხოვ.

    დრომოჭმული ფასეულობების “გახდის” პროცესი რთულია და ბევრ კონფლიქტს წარმოშობს.
    განსაკუთრებულად, ეს ქალებს ეხება.

    “ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია” – ხომ ხშირად გსმენიათ ასეთი რამ? ვისაც არ გსმენიათ, იცოდეთ, ეს ჩემი ყოველდღიურობაა.

    ერთია, როცა მე მესხმიან თავს – ასეთებს ვჯეგავ და ვიშორებ გზიდან.

    მეორეა – როდესაც ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება, იმის გამო, რომ ჩემი აზრი მაქვს და თავს გამოხატვის უფლებას ვაძლევ.

    ამით ისინი მხოლოდ მე კი არ მეხსმიან თავს, ჩემს პირად ცხოვრებას ესხმიან თავს – არაფერი გამოსდით, მაგრამ ცდილობენ, ჩემს ქმარს თუ ვერ აჯობეს, ეგებ ჩემი ქმრის პირადი ცხოვრება დააზიანონ, ააგდონ – რომ მოვიდეს სახლში და ერთი გემრიელად დამჟეჟოს.

    მე გვერდით გამართული, საკუთარ თავში და დასავლურ-ქრისტიანულ ღირებულებებში მყარად მორწმუნე ქმარი მყავს, ამიტომ ამგვარ გამოხტომებს ზიზღნარევი სიბრალულით ვუყურებ.
    ორივე ვისხლეტთ და ორივე ციხესიმაგრესავით ვართ ჩვენი თანასწორობის და ჩვენი პირადი ცხოვრების დაცვაში.

    მაგრამ ყველა ქალი ჩემსავით იღბლიანი არ არის.

    ყველა ქალს არ ყავს ქმარი, რომლის დედაც ჭადრაკის გროსმაისტერია და შეგუებულია იმას, რომ ქალი მეორეხარისხოვანი არსება არაა და საკუთარ სისუსტედ ჩემს ძალას არ მიიჩნევს.

    ამიტომ გთვლით უსუსურ, უძალო, უუნარო და უბედურ ბოროტმოქმედებად ყველას, ვინც ჩემს ლეგიტიმურ, პოლიტიკურ აქტიურობას იყენებთ ინტრიგების დასახლართად.

    ამგვარი მოქმედებებით თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ ყველა უბედურებაზე, რაც ამ ქვეყანაში ქალს მეორეხარისხოვანი როლის გამო დამართნია.

    მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ თქვენი ფასეულობები შეუქცევადი გადაშენების პირასაა და რამდენიც არ უნდა იფართხალოთ, ემანსიპაციის პროცესს ვერ გააჩერებთ.

    პოსტი კონკრეტული ამბითაა ინსპირირებული, მაგრამ კონკრეტული ადრესატი არ ყავს, იმდენად უნივერსალური პრობლემაა.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

  • ნიუ იორკის გუბერნატორ კუომოს ორი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

    ნიუ იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს უკვე მეორე თანაშემწე ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. 25 წლის ქალი ამბობს, რომ გუბერნატორი კითხვებს უსვამდა მის სექსუალურ ცხოვრებაზე, იმაზე, არის თუ არა მონოგამიური ურთიერთოებში და ქონია თუ არა სექსი ასაკით უფროს მამაკაცებთან.

    შარლოტა ბენეტი შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის პოლიტიკის თანაშემწე და მრჩეველი იყო გასული წლის ნოემბრამდე, ნოემბერში კი სამსახურიდან წავიდა. ქალი The New York Times–ს უყვება, რომ გუბერნატორი მას სექსუალურად ავიწროებდა გასული წლის გაზაფხულის ბოლოს, როცა შტატი კორონავირუსთან აქტიურ ბრძოლაში იყო ჩართული. ბენეტი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ეპიზოდი 5 ივნისს მოხდა, როცა ის კუომოსთან ერთად შტატის კაპიტოლიუმის ოფისში მარტო იყო. ინტერვიუების სერიაში მან თქვა, რომ გუბერნატორმა მას ბევრი კითხვა დაუსვა პირად ცხოვრებაზე, მათ შორის იმაზე, მისი აზრით აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა რომანტიულ ურთიერთობებში და თქვა, რომ ის მზად არის 20–25 წლის ქალებთან ურთიერთობისთვის. ეს კომენტარი ქალის ინტერპრეტაციით სექსუალური ურთიერთობების აშკარა შეთავაზება იყო.

    თავად კუომო Times–სთვის გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის მხოლოდ მენტორის სტატუსით მოქმედებდა და არასოდეს უცდია ქალბატონ ბენეტთან ფლირტი და გაუმართლებელი საქციელი. ის ამბობს, რომ მოითხოვა ამ საკითხის დამოუკიდებელი შესწავლა და თხოვა ნიუ იორკის მაცხოვრებლებს შედეგებს დაელოდონ, სანამ მას განსჯიან და დასკვნებს გააკეთებენ.

    როგორც შარლოტა ბენეტი ამბობს,  ივნისის შეხვედრისას 63 წლის გუბერნატორმა მას შესჩივლა, რომ პანდემიის დროს მარტოობა აწუხებს და თქვა, რომ “ისიც კი არ შეუძლია ვინმეს ჩაეხუტოს“.

    ქალი ამბობს, რომ კუომოს არასოდეს უცდია ფიზიკურად შეხებოდა, თუმცა მისი საუბრების ქვეტექსტი აშკარა იყო და ის თვლის, რომ გუბერნატორს მასთან სექსი უნდოდა, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო და შეეშინდა.

    “ვფიქრობდი, როგორ გამოვსულიყავი ამ სიტუაციიდან და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი სამსახურის დასასრული იყო.“

    ბენეტი ამბობს, რომ გუბერნატორ კუომოსთან ურთიერთობაზე მისი აპარატის ხელმძღვანელს, ჯილ დესროსიერს დაელაპარაკა,რის შემდეგაც სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს – ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩევლად, მისი ახალი ოფისი კი კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს იყო.

    ბენეტი ამბობს, რომ ამის შემდეგ მალევე, ივნისის ბოლოს  ვრცელი  განცხადება შეიტანა გუბერნატორის სპეციალურ მრჩეველთან, ჯუდიტ მოგულთან.

    თუმცა, როგორც ბენეტი ამბობს საბოლოოდ გადაწყვიტა გამოძიება აღარ მოეთხოვა, რადგან კმაყოფილი იყო ახალი სამუშაოთი და უნდოდა წინ წასულიყო. არანაირი ზომები გუბერნატორის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული.

    თავის განცხადებაში გუბერნატორი კუომო შარლოტა ბენეტს შრომისმოყვარე და ფასეულ თანამშრომელს უწოდებს, რომელსაც სრული უფლება აქვს აზრი გამოთქვას. მისი თქმით, ქალი უყვებოდა, რომ სექსუალური ძალადობა გადაიტანა, რის შემდეგაც კუომომ სცადა მისთვის მხარდაჭერა და დახმარება აღმოეჩინა. კუომო ამბობს, რომ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა ქალს ის ეგრძნო, რის შესახებაც ახლა საუბრობს.

    გუბერნატორი არ უარყოფს, რომ შარლოტა ბენეტს პირადი ხასიათის კითხვებს უსვამდა, თუმცა განცხადებაში ამბობს, რომ აღარ აპირებს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას მოკვლევის დასრულებამდე.

    შარლოტა ბენეტის განცხადებებს წინ უძღვოდა კიდევ ერთი მსგავსი ბრალდება გუბერნატორის წინააღმდეგ. შტატის ყოფილი ჩინოვნიკი, ლინდსი ბოილანი რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობდა აცხადებს, რომ გუბერნატორი კუომო მას სექსუალურად ავიწროებდა 2016 და 2018 წლებში, ერთხელ კი მას მანჰეტენის ოფისში ტუჩებში აკოცა.

    კუომოს ოფისი ბოილანის განცხადებებს სიცურეს უწოდებს, თუმცა მოითხოვს მისი განცხადებების გამოძიება მოხდეს.

    ქალების მხრიდან სექსუალური ხასიათის ბრალდებების მიღმა ნიუ იორკის დემოკრატ გუბერნატორს, რომელიც უკვე მესამე ვადით არის არჩეული, სერიოზული პოლიტიკური პრობლემები აქვს. მას იმის გამო უყენებენ ბრალდებებს, რომ პანდემიის დროს შტატის ხანდაზმულთა სახლები სათანადოდ არ დაიცვა.

    შარლოტა ბენეტმა ტვიტერზე გაიზიარა ბოილანის სტატუსი რომელშიც ის კუომოს წინააღმდეგ ბრალდებებზე წერდა, და საკუთარი კომენტარიც დაურთო : “ვისაც გაინტერესებთ, როგორია ბატონი კუომოს ადმინისტრაციაში მუშაობა, შეგიძლიათ წაიკითხოთ“.