Category: სხვადასხვა

  • შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

    შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ევროპირველობის ფინალში (72 კგ) სომეხი მალხას ამოიანი 4:1 დაამარცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

    მესამე ადგილისთვის იჭიდავა აივენგო რიკაძემ (82), რომელმაც სომხეთის წარმომადგენელი კარაპეტ ჩალიანი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

  • ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

    ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის.

    35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა მყუდრო ადგილი, სადაც თავს განსაკუთრებულად გრძნობს. 1990–იან წლებში ქემბელი კენიაში, მალინდიში ჩასვლისას აღფრთოვანდა ამ ადგილით და ზღვისპირა ქალაქში იყიდა ვილა, რომელიც ოც წელზე მეტია მისთვის მყუდრო თავშესაფარია.

    “ეს ადგილი ძალიან ამშვიდებს. ტელეფონზე საუბარიც აღარ გინდა. არ ცდილობ ტელევიზორის პოვნას. უბრალოდ გინდა წიგნები იკითხო და საკუთარ თავთან მარტო იყო. სიჩუმე, სიმშვიდე და სილამაზეა“– ამბობს ნაომი ქემბელი Architectural Digest–ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის ამ ჟურნალის მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა და საკუთარ ვილაზე ისაუბრა.

    ვილაში უზარმაზარი სივრცეა. ის ღია ტიპის შენობაა, რომელსაც მაკუტის სახურავი ამშვენებს.  ეს არის აფრიკული ტექნიკით ჩალისგან  დამზადებული სახურავი. აუზი ზღვის წყლით ეზოდან პირდაპირ სასტუმრო დარბაზს უერთდება.

    სახლი ძირითადად  ადგილზე დამზადებული ხის ავეჯით არის მოწყობილი. მოდელი ამბობს, რომ ფაქტიურად სახლის უკანა ნაწილში სახელოსნო ქონდა.

    სახლში ნახავთ ადგილობრივი ცნობილი ოსტატის,  არმანდო ტანზინის ნამუშევრებს, რომლებიც მთელი რეზიდენციის გარშემო არის მიმოფანტული – ხის კარებებით დაწყებული ხელით დამზადებული აფრიკის უზარმაზარი რუკით დამთავრებული.

    ქემბელი ამბობს, რომ ულამაზეს ავეჯს და ნივთებს აფრიკის სხვა ქვეყნებშიც ყიდულობს, მაგალითად სენეგალში და მაროკოში. “ყოველთვის, როცა სენეგალში მივდივარ ავეჯს ვყიდულობ. უბრალოდ ვინახავ, კოლექციას ვაგროვებ.“

    უზარმაზარია კონტრასტი მის ლონდონურ თუ ნიუ იორკულ დინამიურ პროფესიულ ცხოვრებასა და კენიურ ოაზისს შორის.

    “აქ ივლისში ჩამოსვლა ძალიან კარგია. ცხოველები ამ დროს კენიიდან ტანზანიაში გადადიან და შეგიძლია ამ ყველაფერს უყურო. უჩვეულო სანახაობაა. თითქოს National Geographic თქვენს თვალწინ ცოცხლდება.“–ამბობს მოდელი

  • “პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

    “ღამის კურიერის” ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით იყო სავსე:

    “ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა არის, ჩემი პირველი ქორწინება როდესაც ვიყავი 17 წლის იყო ძალადობით აღსავსე. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი. დახმარება მაშინ ვისთან უნდა მეთხოვა, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ და იმ ქალმა კარი არ გამიღო… ფილმში “ფესვები” ის რატოა ღამის სცენა? იმიტომ რომ ღამით ჩუმად გავიპარე რომ ფილმში გადამეღო და როდესაც ამის შესახებ გაიგო, რომ ფილმში ვითამაშე, ერთი მაგარი მჟეჟა. მე გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორია და გაცოდებს თავს,” – განაცხადა ია ფარულავამ.

  • “ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

    “ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
    და ქ ა ლ ე ბ მ ა
    1937 წელი დაიწყეს!
    რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!”- წერს რობერტ სტურუა ფეისბუკზე.

    ასე ეხმაურება რეჟისორი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ რუსთავი2–ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ წარსულში მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ბესო ზანგური რობერტ სტურუას ერთ–ერთი ფავორიტი მსახიობია და მის სპექტაკლებში ხშირად მონაწილეობს.

    დღესვე ბესო ზანგურმა მისი ყოფილი ცოლის განცხადებას ტყუილი უწოდა.

  • ისეთი ამაზრზენი ტყუილია,5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს – ნინუცა მაყაშვილის ყოფილი მეუღლე ბრალდებაზე

    ისეთი ამაზრზენი ტყუილია,5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს – ასე ეხმაურება, ნინუცა მაყაშვილის, ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებს და აცხადებს, რომ  ძალადობა მისთვის მიუღებელია. დღეს ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.

    “ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს,” – ამბობს მსახიობი.

    კითხვაზე, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს:

    “არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…”

    გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც.

  • ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური სისტემატურად სცემდა, მათ შორის, ორსულობისას

    მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური სისტემურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ორსულად იყო. ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.

    მაყაშვილი რუსთავი 2–ის ეთერში ყვება, რომ ძალადობის მსხვერპლის ზანგურისგან ხშირად გამხდარა, მიზეზი კი ნებისმირი ბანალური რამ შეიძლება ყოფილიყო.

    „პირველად რა მიზეზი იყო არ მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი… რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მიუხედავად იმისა რომ 11 წელი გავიდა. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად. მახსოვს რომ ხალიჩაზე… ამ ყველაფერს მერე მოსდევდა დიდი კორიანტელი ბოდიშების, საჩუქრების, რომელიც მე, რა თქმა უნდა, არაფერში მჭირდებოდა“ – ამბობს მსახიობი.

    მაყაშვილი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ძალიან ხშირად ცემდა და ეს ბანალური მიზეზების გამო ხდებოდა.

    “მიზეზი შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ის, რომ რომ შევჭამდი თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა. ან შუქნიშანზე როდესაც მანქანით გაჩერებული ვიყავი, უბრალოდ მოწყენილი ყოფილიყავი, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ქუჩაში დანახული უბრალოდ ბიჭი”,– ამბობს ის.

    მაყაშვილი იხსენებს, რომ ბესო ზანგურისგან წამოსვლის ეშინოდა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მუქარებსაც. შემდეგ კი ყვება ერთი ეპიზოდის შესახებ, რომელსაც „ბოლო წვეთს“ უწოდებს – ის აცხადებს, რომ კაცი მას საათების განმავლობაში სცემდა.

    „რომ დაიწყო [ცემა] ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილამდე. ერთადერთი რისი თქმაც შემეძლო, იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც მეორე ოთახში ღნაოდა, ერთადერთი რამაც გამაძლებინა, იყო ის, რომ მე ვიცოდი, რომ ბავშვი იქიდან უნდა წამეყვანა,“ – ამბობს ის.

    მსახიობი ბესო ზანგური მაყაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ძალადობას უარყოფს. ის ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ის “თითით საჩვენებელი მამა და მეუღლეა”.

  • როგორი იქნება მსოფლიო მომდევნო 20 წლიწადში – ამერიკული დაზვერვის ანგარიში

    შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ, რომელიც უკვე ებრძვის გლობალურ პანდემიას და ტრადიციული სისტემების და ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებს, შემდგომი 20 წლის განმავლობაში რაიმე შვება ნახოს.

    მათი პროგნოზით, ინსტიტუტები და სისტემები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ მოვლენებზე დომინირებდნენ, “გლობალური გამოწვევების წყებაზე” გამოპასუხებით გადაიტვირთებიან. ასეთ გამოწვევებში შედის კლიმატის ცვლილება, დაავადებები, ფინანსური კრიზისები და უწყვეტად განვითარებადი ტექნოლოგია.

    ანგარიში აფრთხილებს, რომ “ეს გამოწვევები არაერთხელ გამოცდის თემების, სახელმწიფოების და საერთაშორისო სისტემის გამძლეობას და ადაპტირების უნარს და ხშირ შემთხვევებში, არსებული სისტემების და მოდელების შესაძლებლობებს გადააჭარბებს. იქვე დამატებულია, რომ ზოგიერთი მოვლენა “შესაძლოა კატასტროფული იყოს”.

    “გლობალური მიმართულებები 2040” მეტწილად პირქუში შეფასებაა, რომელსაც დაზვერვის ეროვნული საბჭო შეადგენს და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. იმ დროს, როდესაც ბოლო გამოცემაში მოყვანილია ზოგიერთი სცენარი, რომელშიც დემოკრატიები, როგორიც შეერთებული შტატებია, საკუთარ პოზიციას აღიდგენენ და წარმატების მიღწევას მოახერხებენ, ანგარიში აფრთხილებს, რომ ეს არ მოხდება თუ პირველ რიგში არ აღმოაჩენენ გზას, თუ როგორ მართონ სულ უფრო ინტენსიური და ხშირი პრობლემები.

    კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოს შეახსენა რამდენად მყიფეა ის და ურთიერთზე დამოკიდებულების მაღალი დონის თანდაყოლილი რისკები წარმოაჩინა. საერთაშორისო სისტემა… ცუდადაა აწყობილი იმისთვის, რომ რთულ გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს”, ნათქვამია ანგარიშში.

    ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევად კლიმატის ცვლილებაა მოყვანილი. მოსალოდნელია, რომ მოდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში ის თანდათან გაძლიერდება და ყველა ქვეყანას უფრო მაღალ ტემპერატურას, ზღვის აწეულ დონეს და უფრო ექსტრემალურ ამინდს მოუტანს, როგორიცაა ქარიშხლები, ტორნადოები და წყალდიდობები.

    ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები, სავარაუდოდ, დაზარალდებიან და მათი მთავრობების უუნარობა, გამოწვევებს გაუმკლავდნენ, მიგრაციის ახალ ტალღებს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ იმ ქვეყნების რესურსებს და შესაძლებლობებს დაშრეტს, სადაც ისინი წავლენ.

    კიდევ ერთი კრიტიკული საკითხი ტექნოლოგიური განვითარებაა. ისეთი ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მთავრობებს, ჯგუფებს და ბიზნესებსაც კისაშუალებას მისცემს, გავლენის კამპანიების თუ დეზინფორმაციული ოპერაციებით საზოგადოებრივი აზრი ჩმოაყალიბონ.

    ანგარიშში ნათქვამია: “მიმდინარე დროში, გამოგონილ ან სინთეტურ მედიას სიმართლის და სინამდვილის კიდევ უფრო დამახინჯება შეეძლება. შეეძლება საზოგადოებების ისეთი მასშტაბით და სისწრაფით დესტაბილიზება, რომ ამჟამინდელ დეზინფორმაციულ გამოწვევებს ჯუჯად გამოაჩენს.

    ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შემდგომი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს, შეერთებლ შტატებსა და ჩინეთს შორის გლობალური დაპირისპირება იქნება.

    ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ანალიტიკოსები შეერთებული შტატების და მისი დემოკრატიული მოკავშირეების გამარჯვებას ვარაუდობენ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ მეტოქეები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი გამოიფიტებიან საზოგადოების კონტროლით, რომელიც ინოვაციას ახშობს. ეს ე.წ. “დემოკრატიების რენესანსი”დასავლეთში დადგება მოწინავე ტექნოლოგიის, ეკონომიკური ზრდის და მზარდი შემოსავლების შედეგად, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობას შეამცირებს.

    მაგრამ ანალიტიკოსები წინასწარ განჭვრეტენ ისეთ სცენარებსაც, სადაც ჩინეთი მსოფლიოს წამყვან და შესაძლოა დომინანტ სახელმწიფოდ იქცევა და მსოფლიო დანაწევრებულია, დომინირებენ რეგიონული სახელმწიფოები, რომლებიც “ყურადღებას ამახვილებენ თვითკმარობაზე, გამძლეობაზე და თავდაცვაზე”.

    ერთ-ერთი ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, საკვების ნაკლებობა და ჭორები გამოიწვევს ძალადობის ტალღებს, რომელიც მთელ მსოფლიოში ლიდერებს და რეჟიმებს დაამხობს და სიმდიდრის და რესურსების რადიკალურ გადანაწილებას გამოიწვევს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა?“– მძიმე წერილი ოკუპირებული აფხაზეთიდან

    ტელეკომპანია “ოდიში” ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც  გალში მცხოვრები ქართველების უმძიმესი ყოფაა აღწერილი. მათ შორის მათი, ვინც რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურში დაიხრჩო იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ოფიციალური საგუშაგოს გვერდის ავლით ცდილობდა. წერილის ავტორი საქართველოს ხელისუფლებისგან 5 დღიანი კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს.

    “მე გწერთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახელით მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას! უკვე წელიწადზე მეტია,  რაც საზღვარი ჩაკეტილია და ნუთუ  არ გებრალებათ  თქვენი მოქალაქეები? იცით რამდენი რამ გვჭირდება,  მაგრამ არ გაგვაჩნია? თქვენ იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა? მე ვიცი რა შეგრძნებაა, იმიტომ რომ მე სწორედ ჩემი პატარა ანგელოზით ხელში გადავლახე ეს საშინელი გზა, რათა ბავშვს სჭირდებოდა სწორი დიაგნოზი. მე ჩემი დარჩენილი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე …ეხლა კი მინდა გითხრათ ის, რომ ამ შემზარავმა ამბავმა გული გაუცრემლიანა ერს და თქვენ არ თვლით ოდნავ მაინც თავს დამნაშავედ  საქართველოს მთავრობა? იცით თუ არა რატომ რისკავს ხალხი ეგრეთწოდებული დაბალი ზონით საზღვრის გადალახვას?-შვილები მშივრები ჰყავთ, საჭმლის ფული არ გააჩნია უმრავლესობას.  იმ 4 ადამიანიდან,  ვინც ემსხვერპლა ტრაგედიას, ერთ-ერთ მათგანს, კონკრეტულად კი ცატავა თამუნას შეეძლო ცენტრალური გზით გადასვლა,მაგრამ ბავშვებს ვერ ტოვებდა 5 დღით, რადგან უფროსი შვილი ავადმყოფი ჰყავს, მაგრამ სამუდამოდ მოუწია შვილების ობლად დატოვება. სწორედ უფროსი შვილის მედიკამენტებზე გადადიოდა. ალბათ იკითხავთ, და იქ ვერ იყიდდაო?   პასუხს მე გაგცემთ – იშოვიდა,  მაგრამ  არ ქონდა ფული,ზუგდიდში კი დევნილების შემწეობის ბარათს ჰქონდა ვადა გასული და გაცვლას აპირებდა და შემწეობის დარიცხული ფულის განაღდებას. ასევე ცოლ-ქმარიც, მაყვალა და ჯონი აპირებდნენ ბარათების შეცვლას,  რადგან შვილიშვილი შეეძინათ და უნდოდათ ბავშვისთვის ახალშობილის ნივთების და სარწევი საწოლის ყიდვა! მაგრამ ვერ შეასრულეს და ობლად დარჩნენ მათი არასრულწლოვანი შვილები… და თქვენ, საქართველოს მთავრობა,  რა პასუხს გასცემთ ამ გულამოგლეჯილ ოჯახებს? თუ აფხაზეთი საქართველოა, რატომ დაუწესეთ აქ მცხოვრებ ხალხს 5 დღიანი კარანტინი და რატომ არ დაუწესეთ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს? თან აფხაზეთში ყველაზე ნაკლები კოვიდინფიცირებული იყო! ჩვენ, ყველა  ვითხოვთ კარანტინის მოხსნას და მიმოსვლის აღდგენას…და კიდევ, იცით რას ნიშნავს საფლავიც რომ გენატრება მშობლის? მე მამაჩემის საფლავი მენატრება, რომელიც წელიწადნახევარია არ მაქვს ნანახი. იმ ობოლ ბავშვებს ალბათ დაუწესებთ ერთჯერად დახმარებებს…სირცხვილი!!! და საერთოდ, ყველა აქ ჩარჩენილ ქართველს უკანასკნელ დონემდე გვიჭირს ლუკმა პურის შოვნა…მიიღეთ ზომები და აღადგინეთ მიმოსვლა!!! თუ იცით ქართველობა რას ნიშნავს და თუ აფხაზეთი საქართველო, მაშინ მოხსენით კარანტინი!”- წერს 24 წლის რადმილა ჭანტურია ოკუპირებული აჩიგვარიდან.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიხრჩო მდინარე ენგურში, როცა ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუსი ოკუპანტებისგან მალულად ცდილობდნენ. მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, რათა ოფიციალური საგუშაგოსთვის თავი აერიდებინათ, რომლის გადმოკვეთის შემთხვევაში 5 დღის კარანტინში გატარება მოუწევდათ.

  • “არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს“–პოზნერი(ვიდეო)

    კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა, რომელსაც საქართველოში 1 აპრლის კვერცხები დაუშინეს, თბილისში მომხდარ ინციდენტზე.  რუსულ ტელეარხ ოერტეზე საკუთარ გადაცემაში ილაპარაკა. პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 40 თანმხლებ პირთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა სამოქალაქო პროტესტის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დროზე ადრე დაეტოვებინა. ამ ინციდენტის შესახებ მან მეორე დღეს მოკლედ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, მედიას კი ვრცელ კომენტარებზე უარი უთხრა. თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტა საქართველოში მომხდარზე საკუთარ გადაცემაში ესაუბრა:

    “მე როგორც მესმის, საქართველოში სასოწარკვეთილი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა, რომ ერთგვარი შაბაში მოეწყო. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ. რათა თავისი ხმა გაეგონებინათ ჩემი ავტობუსისთვის კვერცხების სროლით(როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები საკმარისად აქვთ),შემდეგ ჩვენი რესტორნის კედლებზე ბრახუნით, და ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ დგომით, ყვირილით, სტვენით. და მე მივიღე გადაწყვეტილება წამოვსულიყავი. რატომ უნდა დამეყენებინა საფრთხის ქვეშ ჩემი მეგობრები. დავბრუნდით მოსკოვში და შესანიშნავად ვიზეიმეთ ჩემი დაბადების დღე. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა: არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს. თანაც, მე საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, საქართველოში აუცილებლად ჩავალ ისევ. რაც შეეხება კვერცხის სროლის მოყვარულებს, განსაკუთრებით თუ ამაში ფულს იხდიან, ასეთი ადამიანები ყველა ქვეყანაში არსებობენ. არა მხოლოდ საქართველოში, და როგორც ჩემს საიტზე აღვნიშნე, სინამდვილეში ისინი ყურადღების ღირსნი არ არიან.“– ამბობს პოზნერი.

    https://www.youtube.com/watch?v=4dguitPGztg

  • “მის მსოფლიო 2020“ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სცენაზე სკანდალი მოაწყო. ნახეთ ვიდეო

    შრი–ლანკის პოლიციამ მის მსოფლიოს ტიტულის მფლობელი დააკავა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის მის შრი–ლანკას გვირგვინი წაართვა.

    პუშიპკა დე სილვა, რომელმაც წელს გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურს “მის შრი–ლანკას“ გამარჯვება მოიპოვა, განაცხადა, რომ თავის ტრავმები აქვს და საავადმყოფოში შემოწმება გაიარა. ამის შემდეგ კი პოლიციას მიმართა.

    “მის შრი–ლანკას“ კონკურსის ფინალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე წინა წლის გამარჯვებულმა, რომელიც ამავე დროს 2020 წლის “მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელიც არის, კეროლაინ ჯურიმ დე სილვას გვირგვინი წაართვა. მან სცენიდან განაცხადა, რომ დე სილვას არ შეუძლია მის შრი–ლანკა გახდეს, რადგან განქორწინებულია, ეს კი კონკურსის წესებს ეწინააღმდეგება.

    “წესების მიხედვით ქალებს, ვინც გათხოვილი იყვნენ, შემდეგ კი განქორწინდნენ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.  ამიტომაც მე ვიღებ ზომებს, რომ გვირგვინი იმ გოგოს გადაეცეს, ვინც მეორე ადგილი მიიღო.“– თქვა ჯურიმ და გვირგვინი მეორე ადგილის მფლობელს დაადგა თავზე. დე სილვამ კი სცენა ატირებულმა დატოვა.

    კონკურსის ორგანიზატორებმა გამარჯვებულს ბოდიში მოუხადეს და მას გვირგვინი დაუბრუნეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დე სილვას წესები არ დაურღვევია, რადგან განქორწინებული არ არის.

    დე სილვას თქმით, ის ყოფილ ქმარს დაშორდა, მაგრამ ისინი განქორწინებულები ჯერ არ არიან. კონკურსზე გამარჯვება კი მან მარტოხელა დედებს მიუძღვნა.

    “შრი–ლანკაზე ახლა ბევრი მარტოხელა დედაა. ისინი ისევე იტანჯებიან, როგორც მე. ამ გვიგვინს იმ ქალებს ვუძღვნი, ვინც ბავშვებს მარტო, წვალებით ზრდიან“– თქვა მან პრეს კონფერენციაზე.

    Mrs. World Inc–ის შრი–ლანკას განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც კონკურსის ორგანიზატორია, განაცხადა, რომ კომპანიამ  გვიგვინი გამარჯვებულს დაუბრუნა და ჯურისგან მოითხოვა დე სილვას ბოდიში მოუხადოს:

    “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ის, როგორც კეროლაინ ჯური მოიქცა ნამდვილი სირცხვილია. ორგანიზაცია ინციდენტს გამოიძიებს“– თქვა ჩანდიმალ ჯიასინგხემ.

    მას შემდეგ, რაც დე სილვამ პოლიციას მიმართა, სამართალდამცავებმა ჯური და კონკურსის ორგანიზატორი დაკითხეს. შედეგად, ჯური და სცენაზე ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე, მოდელი ჩულუ მანამენდლუ დააპატიმრეს.

    მის შრი–ლანკას კონკურსს ქვეყანაში მაღალი სტატუსი აქვს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს პრემიერ–მინისტრის ცოლიც ესწრებოდა.