Category: სხვადასხვა

  • ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები. რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება – დემნა გვასალია

    ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები. რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება – ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია თავისი ლუქის გამო, პარიზულ პრესტიჟულ რესტორანში არ შეუშვეს.

    “ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები, ჩემი სილუეტის. ისინი განმსჯიან, რადგან ვერ ახერხებენ ჩემს რომელიმე კატეგორიაში მოქცევას, ფიქრობენ “ეს რა ჯანდაბაა? ვინაა ეს კაცი?” რამდენიმე დღის წინ რესტორან Maison du Caviar-ში ვიყავი პარიზში მეგობართან ერთად. როგორც წესი, მსგავს “პრესტიჟულ” ადგილებში არასდროს დავდივარ, ძირითადად სახლში ვამზადებ საჭმელს. ჩაცმულობის გამო, რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება, ამბობდნენ “ჩვენთან ეს დაუშვებელია!”, თავიდან ფეხებამდე ბალენსიაგა მეცვა. ჩემმა მეგობარმა მათ უთხრა, რომ მასთან ერთად ვიყავი და მხოლოდ ამის მერე შემიშვეს. ესაა ჩემი ცხოვრების ისტორია, მე ადამიანების არც ერთ ჯგუფს/კატეგორიას არ მივეკუთვნები. ადამიანებს, რომლებიც ასეთ ადგილებში დადიან, არ აქვთ თავისუფლება გამოიყურებოდნენ ისე, როგორც მათ სურთ და ვფიქრობ, მთელი ჩემი კარიერა მიეძღვნება საწინააღმდეგოს დამტკიცებას. მოგვიანებით რესტორნის მფლობელი შემოგვიერთდა და მასთან ვისაუბრე მომხდარზე, ვუთხარი “რა ჯანდაბა ხდება? შენს თანამშრომლებს უნდა აუხსნა რომ 2021 წელია და ადამიანებს აღარ უნდა განვსჯიდეთ მათი სამოსის სილუეტის გამო.” ყველგან ასეა, მანამ, სანამ გაიგებენ, თუ ვინ ვარ – ბალენსიაგას კრეატიული ხელმძღვანელი დემნა, არსად მიშვებენ, თუმცა, როდესაც იგებენ ვინ ვარ, ჩემი გარეგნობა მომენტალურად მისაღები ხდება. ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა, ეს მძულს და არ მინდა ამის ნაწილი ვიყო. არასდროს ვიქნები ისეთი მშიერი, რომ საჭმელად სმოკინგი ჩავიცვა. უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ მაკდონალდსში ჩემი რეზინის ფეხსაცმლით წავალ. ეს არის ჩემი საოცნებო ცხოვრების სტილი.”

  • 5 ფარული მიზეზი, რომელთა გამო წონაში იმატებთ

    ხანდახან ხდება ისე, რომ დილით იღვიძებ, სასწორზე დგები და გაოგნებული ხარ. როგორ? რატომ? საიდან გაჩნდა ზედმეტი კილოგრამები, როცა მთელი კვირა დაძაბულ მუშაობაში, ყოველგვარი ტკბილეულის, ცომეულის, კალორიული საკვების თუ გაზიანი სასმელის გარეშე გაატარე, მკაცრად აკონტროლებდი კვებას და შედეგი საპირისპირო მიიღე. იწყებ გონებაში ყველა “საეჭვო გარემოების“ გადახედვას, რამაც ზედმეტი კილოგრამების მატება გამოიწვია.

    სიმართლე კი ის არის, რომ ზოგჯერ წონის მატებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რას ჭამთ ან რამდენს ვარჯიშობთ. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც წონის კლების გზაზე დიდი დაბრკოლებაა:

    1. არასაკმარისი ძილი

    რეგულარული გამოუძინებლობა არა მხოლოდ ფიზიკურად ფიტავს ორგანიზმს, არამედ პერსპექტივაში წონის მატებასაც იწვევს. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ ზუსტ კავშირს ძილის უკმარისობასა და ჭარბ წონას შორის, თუმცა ერთი იმთავითვე ცხადი მიზეზი სახეზეა– უძილობის შემოტევისას საკვებს მეტად ეტანებით.

    გარდა ამისა, ძილის ქაოსური რეჟიმი ცირკადული რიტმების ციკლს არღვევს, რაც ჰორმონალურ და მეტაბოლურ რეგულაციაზე მოქმედებს. სანამ საჭირო დროს არ გძინავთ,  ჰორმონები სერიოზულ გადატრიალებას აწყობენ: ლეპტინგის ნაცვლად, რომელიც ენერგიას არეგულირებს და მადას თრგუნავს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით გრელინი, რომელიც შიმშილის გრძნობას აღვიძებს. სწორედ ამიტომ, მათ, ვინც სამსახურში გვიანობამდე შემორჩებახოლმე, ასე იზიდავს ტკბილეული და ცხიმიანი პროდუქტი – კალორიებით სწრაფი “დამუხტვა“ მათ განსაკუთრებით ესაჭიროებათ.

    როგორ მოვიქცეთ: სცადეთრეჟიმის აღდგენა – ეცადეთ დროულად დაწვეთ დასაძინებლად და ერთი და იმავე დროს გაიღვიძოთ, რათა ცირკადული ციკლი აღადგინოთ. დაიცავით ძილის ჰიგიენის ნორმები, გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები დაძინებამდე ორი საათით ადრე, ასევე ამ დროს შეწყვიტეთ საკვების მიღება. და აუცილებლად შეზღუდეთ კოფეინის მიღება დღის მეორე ნახევარში, თუ დაძინების პრობლემა გაქვთ.

    1. მუდმივ სტრესში ცხოვრება

    შეიძლება ამას ვერც კი ხვდებოდეთ, თუმცა დაძაბული სამუშაო კვირა, შაბათ–კვირის დასვენებაზე უარის თქმა დამატებითი შემოსავლისთვის, პრობლემები პირად ცხოვრებაში აუცილებლად აისახება თქვენს წონაზე, ანუ წონაში მოიმატებთ. ასეა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი. ის ცხიმის დარეზერვებას იწყებს, როგორც კი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ტვინს სიგნალს უგზავნის და გადარჩენა/თავდაცვის რეჟიმზე გადასვლის ბრძანებას აძლევს.

    კორტიზოლის მომეტებული დონე შესაძლოა სასარგებლო იყოს დროის მოკლე პერიოდებში, თუმცა ქრონიკული სტრესი მხოლოდ ნეგატიურ მაჩვენებლებს იწვევს. უჯრედული მეტაბოლიზმის კვლევამ, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა 2018 წელს ჩაატარეს, დაამტკიცა, რომ არსეობს პირდაპირი კავშირი კორტიზოლის მაღალ დონესა და პროგრესირებად სიმსუქნეს შორის. ამასთან, მუდმივად გადატვირთული ადამიანები ვერ ახერხებენ დროის გამონახვას ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ასევე ნორმალური საკვებიბს მომზადებისთვის.

    როგორ მოვიქცეთ: დავიცვათ ძილის რეჟიმი, როგორმე მოვახერხოთ ვარჯიში, გამოვიმუშავოთ ჯანსაღი და გემრიელი საკვების მომზადების ჩვევა, ასევე ავითვისოთ მეთოდები ქრონიკული სტრესის მოსახსნელად, მაგალითად ღრმა სუნთქვა და მედიტაცია. დიეტოლოგები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მათი პაციენტები გახდომას იწყებენ, როგორც კი მათი რჩევების და პრაქტიკების რეგულარული განხორციელების რეჟიმზე გადადიან.

    1. პრობლემები ნაწლავურ ფლორასთან დაკავშირებით

    საჭმლის მონელების პრობლემები, კუჭნაწლავის დისკომფორტიდან დაწყებული, ბანალური შეკრულობით დამთავრებული, ასევე იწვევს წონის მატებას. წონის მატების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი მიკროფლორასთან დაკავშირებული პრობლემებია. სამეცნიერო კვლევები სასარგებლო და პათოგენურ ნაწლავურ ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევას წონის მატებას უკავშირებენ. სხვათაშორის, ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც ხელოვნური დამატკბობლები ზედმეტი კილოგრამებისგან ვერ გვიცავს – ისინი უარყოფითად მოქმედებს დადებით მიკრობიოტიკებზე და კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე. არასწორი ნაწლავური ფლორა ასევე ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას, რაც გლუკოზის ათვისებას ართულებს და წონის მატებას იწვევს.

    როგორ მოვიქცეთ: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც სავარაუდოდ პრობიოტიკების კურსს დაგინიშნავთ და შეცვალეთ კვების რაციონი. დაამატეთ მენიუში მეტი უჯრედისი, რომელიც ბაქტერიებს ძალიან უყვართ და ფერმენტირებული პროდუქტები.

    1. არ გყოფნით ვიტამინები ან მინერალები

    მაგნიუმის, რკინის დაბალი დონე და D ვიტამინის უკმარისობა იმუნური სისტემის მუშაობას აფერხებს, ანელებს მეტაბოლიზმს და უბრალოდ ორგანიზმს ენერგიას აცლის. გრძნობთ, რომ დაღლილი და დასუსტებული ხართ, რის გამოც ვარჯიშს ვერ ახერხებთ, იძულებული ხართ უძლიერესი ყავა დალიოთ, შოკოლადი ან სხვა მარტივი ნახშირწყლები მიიღოთ, არადა მშვენივრად იცით ეს რასაც იწვევს.

    როგორ მოვიქცეთ: მიირთვით წითელი ხორცი, წიწიბურა, ღვიძლი, ისპანახი, თხილი ან ნუში, რათა რკინის და მაგნიუმის მაჩვენებლები გააუმჯობესოთ. იმ შემთხვევაში, თუ მზეზე ცოტა დროს ატარებთ D ვიტამინი აბების სახით უნდა მიიღოთ, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან ზედოზირება თირკმელებში კენჭის გაჩენას იწვევს.

    1. უყურადღებობა იმის მიმართ, რასაც ჭამთ

    მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ხშირად სერიოზულად არ აღიქმება: მცირე ცვლილებებმა ცხოვრების წესში ხშირად შეიძლება როგორც წონის კლება, ასევე მისი მატება გამოიწვიოს. მაგალითად, ახალ ადგილზე გადახვედით საცხოვრებლად, რომელიც შორს არის იმ პარკისგან, სადაც ყოველ საღამოს სეირნობდით, მჯდომარე სამუშაოზე გადაერთეთ ან უცებ თავი შეგახსენათ სადილის დროს გაზიანი სასმელის დალევის ჩვევამ. ამ მინი ცვლილებების სულ რამდენიმე კვირა საკმარისია იმისათვის, რომ თქვენს მუცელზე და დუნდულებზე აისახოს. დიეტოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ სასუსნავი და ალკოჰოლური სასმელი ხშირად თავგზას გვიბნევს კალორიების დათვლისას.

    როგორ მოვქცეთ: პირველ რიგში კვების სასარგებლო ჩვევებს უნდა დაუბრუნდეთ. ამისათვის შეიძლება დღიურიც აწარმოოთ და ჩაიწეროთ, რა და როდის ჭამეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ასე შეძლებთ ნათლად დაინახოთ სრული სურათი და განსაზღვროთ ცვლილებები, რომლებმაც წონაში მატება გამოიწვია, შესაბამისად მათი გაკონტროლების შემთხვევაში წონის კლებას შეძლებთ.

  • პრინცი ჩარლზი სასამართლოს გზით ცდილობს ბრიტანეთში პოლიციის დაცვა დაიბრუნოს

    პრინცი ჰარი სასამართლოს გზით ცდილობს მიაღწიოს ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვას, რომლითაც მას ბრიტანეთში ყოფნისას პოლიციის მიერ დაცვაზე უარი ეთქვა. სამეფო პრივილეგიების გარეშე დარჩენილი პრინცი ამბობს, რომ მზად არის პოლიციის მუშაობის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფაროს.

    აშშ–ში მცხოვრებ სასექსის ჰერცოგს სამშობლოში ჩასვლა უნდა ოჯახთან ერთად და ამგვარად ცდილობს ცოლისა და შვილების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

    “დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სახლი იქნება ჰარისთვის და იქნება ქვეყანა, სადაც ის იმედოვნებს, რომ მისი ცოლი და შვილები უსაფრთხოდ იქნებიან. პოლიციის მხრიდან დაცვის არარსეობა ძალიან დიდ პირად რისკთან არის დაკავშირებული“– ნათქვამია პრინცის წარმომადგენლის განცხადებაში.

    დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილმა პოლიციის დაცვა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2020 წელს სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა. მანამდე მისი დაცვა გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდებოდა.

    ახლა ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილი, ლილიბეტი 7 თვის არის და ის ბრიტანეთში პირველად უნდა ჩავიდეს. გოგონა ჯერ არ იცნობს დედოფალ ბებიას და უინძორების ოჯახის სხვა წევრებს.

    შობის წინ ჰარიმ და მეგანმა მისალოცი ბარათი გაავრცელეს ფოტოთი, რომელზეც შვილებთან – არჩისთან და ლილიბეტთან ერთად არიან ასახული

     

    ჰარი ამტკიცებს, რომ კერძო კომპანია, რომელიც მას ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იცავს, ვერ შეძლებს სრულად შეცვალოს ადგილობრივი პოლიცია, რომელსაც აქვს წვდომა ოპერატიულ ინფორმაციასთან და აუცილებელი იურიდიული უფლებამოსილებები.

    სასამართლოში შესული შუამდგომლობა, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა 2021 წლის ივლისში ლონოდონში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როცა ფოტოგრაფებმა საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ ჰარის ავტომობილს დიდხანს სდიეს.

    პრინცის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში იმ იმედით შეიტანეს, რომ ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვა და პრინცისთვის აუცილებელი დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება.

    “პრინც ჰარის მემკვიდრეობად ერგო მისი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები დაბადების მომენტიდან მთელი ცხოვრება. ის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსეა, ორჯერ იმსახურა როგორც სამხედრომ ავღანეთში, ბოლო წლებში კი მისი ოჯახი ორჯერ აღმოჩნდა ნეონაცისტების და ექსტრემისტების მუქარის სამიზნე. ამ ინციდენტების დეტალები დოკუმენტირებულია“. – ნათქვამია განცხადებაში.

    პრინცმა პოლიციის მომსახურების მისი ჯიბიდან ანაზღაურება ოჯახს ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სანდრიგემში შესთავაზა, როცა დედოფალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სასექსის ჰერცოგის ოჯახის სამომავლო როლის შესახებ. თუმცა მისი წინადადება უარყოფილ იქნა.

    ვის უნდა დაეფარა ჰარის და მეგანის უსაფრთხოების ხარჯები – ამ საკითხზე დიდი განხილვები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ბრიტანეთში.  წყვილის აშშ–ში გადასვლის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაფარავდა მათი დაცვის ხარჯებს. მაშინ ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ მათი უსაფრთხოების ზომები აშშ–ში კერძო თანხებით ფინანსდება.  წყვილი უკვე მეორე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მათ მეორე შვილი შეეძინათ.

  • გიგი უგულავამ გადაცემა “მთავარ ჭკვიანში“ 50 000 ლარი მოიგო

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია.

    “მთავარი ჭკვიანის” საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო.

    მანამდე კი მთავარი ჭკვიანი ბექა ადამაშვილი გახდა. მან 50 ათასი ლარი გასული წლის 7 მაისს მოიგო.

  • ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

    უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ ბავშვებს. ის ხშირად ჩნდება შვილებთან ერთად საზოგადოებაში და მათი ურთიერთობები მუდმივი განხილვის საგანია. ანჯელინა ჯოლი ასევე ცნობილია მისი საერთაშორისო მისიებით ლტოლვილების მხარდასაჭერად. ყველა, ვისაც ანჯელინასთან პირადად ქონია ურთიერთობა აღნიშნავს, რომ ის მეგობრული და მსუბუქი ტემპერამენტის ადამიანია.

    ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთ, აქამდე უცნობ მხარეზე ცოტა ხნის წინ მისი გერი ალაპარაკდა. როგორც ირკვევა, ანჯელინა შესანიშნავი დედინაცვალი იყო. მსახიობის ყოფილი ქმრის, ბილი ბობ ტორნტონის შვილმა, ჰარი ტორნტონმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილ დედინაცვალთან ძალიან თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს. მაგალითად, ანჯელინა სადღესასწაულო ტრადიციებს არ ღალატობს და ყოველ შობაზე მას საჩუქრებს უგზავნის.

    ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ ტორნტონი 2002 წელს

    “მას ყოველ კვირას მივყავდით პატარა ლაშქრობებში. ერთხელ ფურგონიც დაიქირავა და ნამდვილი თავგადასავალი მოგვიწყო. ყოველთვის მხიარული იყო და ძალიან გვართობდა. დღემდე გვაქვს ურთიერთობა. ყოველდღე არ ვლაპარაკობთ ტელეფონით, მაგრამ ხშირად გვაქვს ურთიერთობა.“ – თქვა ჰარიმ.

    შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ ტორნტონი სამი წლის მანძილზე– 2000–დან 2003 წლამდე იყვნენ დაქორწინებულნი.

  • პრინცმა ენდრიუმ სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტულები დაკარგა

    დედოფალ ელისაბედ მეორის შვილი, პრინცი  ენდრიუ სამხედრო ტიტულების და სამეფო პატრონაჟის და  სამეფო სახლის მოვალეობების გარეშე დარჩა. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი:

    “დედოფლის თანხმობით და ხელდასმით იორკის ჰერცოგი უარს ამბობს სამხედრო ტიტულებზე და პატრონაჟზე“– ნათქვამია განცხადებაში.

    ბიბისი–ს ცნობით, ის ასევე კარგავს უფლებას ატაროს “მისი სამეფო უდიდებულესობის“ ტიტული.

    ვირჯინია ჯიუფრე

    გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პრინცის ადვოკატებმა ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ ამერიკული სასამართლო შეწყვიტოს სამოქალაქო საქმე სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელშიც იორკის ჰერცოგს ამერიკელი ქალი ვირჯინია ჯიუფრე ადანაშაულებს.

    პრინცი ენდრიუ თანმიმდევრულად უარყოფს ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ამ ქალს არ იცნობს.

    “იორკის ჰერცოგი ამიერიდან არანაირ სახელმწიფოებრივ მოვალეობებს აღარ შეასრულებს და თავს დაიცავს ამ საქმეში როგორც კერძო პირი“– აცხადებს ბრიტანეთის სამეფო სახლი.

    ცოტა ხნის წინ ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ განიხილავდნენ, როგორ დაეცვათ მონარქია და დედოფლის რეპუტაცია პრინცი ენდრიუს მიერ სასამართლოს წაგების შემთხვევაში.

    “შეუძლებელია ის აიძულონ გადადგეს, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოკვდავი. თუმცა შეიძლება მოსთხოვონ დროებით ტიტულზე უარი თქვას“– ციტირებდა გაზეთი Times საკუთარ წყაროს.

    გამოცემის ინფორმაციით საქმის არასასურველი დასასრულის შემთხვევაში პრინცი შესაძლო ერთგვარ “შიდა გადასახლებაშიც“ გაეშვათ.

    “მას არ შეუძლია საზღვარგაერთ წასვლა ექსტრადიციის რისკის გამო, ამიტომაც საჭირო იქნება ერთგვარი შიდა გადასახლების ვარიანტი. მას ასევე მოუწევს შეამციროს საცხოვრებელი ხარჯები“– ამბობდა გამოცემის წყარო.

  • “საქართველო ჩემნაირი ადამიანებისთვის უსაფრთხო არ არის“–დემნა გვასალია

    მოდის ქართველი დიზაინერი, Balenciaga-ს მოდის სახლის შემოქმედებითი დირეტორი, დემნა გვასალია Times UK–სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საცხოვრებლად საქართველოში არ დაბრუნდება, რადგან საქართველო მისთვის უსაფრთხო არ არის. გამოცემასთან ინტერვიუში ის თავის შვეიცარიულ ცხოვრებაზეც ყვება და განმარტავს, რატომ აირჩია საცხოვრებალდ შვეიცარია:
    – მიუხედავად იმისა, რომ ბელგიური მოდის სკოლას ეკუთვნი, პარიზიდან საცხოვრებლად შვეიცარიაში გადახვედი და არა ბელგიაში, რატომ?
    – დემნა: უნდა ვთქვა, რომ თავიდან ბელგიას ვფიქრობდი, მაგრამ შვეიცარიაში ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მიყვარს შვეიცარიის ბუნება და სიმშვიდე. თან შვეიცარია იმ ადგილს ჰგავს, სადაც მე ვიზრდებოდი.
    –  გიფიქრია, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნდე?
    დემნა: საცხოვრებლად? არა. უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანებისთვის. ჩემს ცხოვრებას შვეიცარიაში ვხედავ, ამიტომ გადმოვიტანე ყველაფერი აქ. არსად მიგვრძვნია თავი იმდენად დაცულად და კარგად როგორც აქ.
    –  როგორია შენი ცხოვრება შვეიცარიაში?კრონენჰალეში ვახშმობ და ციურიხის ტბასთან სეირნობ?
    – დემნა: კრონენჰალეში მართლა ხშირად დავდივარ, სტუმართა წიგნშიც ვარ [იცინის], მიხარია, რომ ვეგანური კერძები დაამატეს, ერთიდაიგივეს ჭამა აღარ მიწევს. სხვა მხრივ, ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.
    -როგორ შეარჩიე ანტვერპენის სამეფო აკადემია?
    -დემნა: ეს იყო ჩემი მეგობარი, ჩემი ინგლისურის მასწავლებელი საქართველოში, რომელმაც მითხრა: ‘დემნა, შენ ის უნდა გააკეთო, რაც შენ გინდა.’ Central Saint Martins-ის ფული არ მქონდა, ამიტომ ფრანგული გაზეთი გამომიგზავნა, სადაც დაბეჭდილი იყო სტატია ევროპაში ხელოვნების საუკეთესო სკოლებზე. ანტვერპენის აკადემია 500 ევრო ღირდა, რადგან სახელმწიფო სკოლაა. ვიფიქრე, რომ უნდა მეცადა. არც ვიცოდი ანტვერპენი სად იყო. აკადემიაში მისაღები გამოცდის გასაუბრებაზე ჩემ წინ ვოლტერ ვან ბეირენდონქი იჯდა. ვოლტერმა მკითხა: ‘აბა გვითხარი რა იცი ანტვერპენის ექვსეულზე?’ მე მხოლოდ დრის ვან ნოტენზე ვიცოდი. არანაირი მარჯიელა, არაფერი. ცოდნა არ მქონდა. ვფიქრობ, ვოლტერს ესიამოვნა კიდეც, რომ მის შესახებ არ ვიცოდი. ეს ჩემი ბედი იყო, გასაუბრებაში ჩავიჭერი, მაგრამ მოგვიანებით მითხრეს, რომ ხატვის და მოდის ნაწილი ჩავაბარე.
  • ინდოეთში ისევ გამოჩნდა აპლიკაცია მუსულმანი ქალების გასაყიდად

    ინდოეთში უკვე მეორედ გამოჩნდა ინტერნეტ აპლიკაცია, რომლითაც მუსულმანი ქალები იყიდება. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ქონდეთ მუსულმანი ქალებისთვის შეურაცხმყოფელ “აუქციონთან“. გრძელდება ამ იდეის ავტორებისა და იდეოლოგების ძებნა.

    არანაირი რეალური ვაჭრობა ამ ვირტუალურ აუქციონზე არ ყოფილა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი შემქმნელების მთავარი მიზანი ქალების დამცირება იყო, რომელთაგან ბევრი ღიად საუბრობდა ინდუისტური ნაციონალიზმის მზარდ ტალღაზე და მუსულმანი ქალების შეურაცხყოფაზე ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის, ნარენდრე მოდის მმართველობისას.

    გამოძიება მინიმუმ 3 ინდურ შტატში მიმდინარეობს. ის პოლიციაში იმ ქალების საჩივრების შესვლის შემდეგ დაიწყო, რომლებმაც საკუთარი თავი “Bulli Bai”–ის მობილურ აპლიკაციაში აღმოაჩინეს.

    ამ ქალებს შორის არიან ცნობილი მუსულმანი ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები. სულ აპლიკაციაში მათი ნებართვის გარეშე დაახლოებით 100 მუსულმანი ქალის ფოტოებია გამოფენილი.

    აპლიკაცია პლატფორმა GitHub–ზე განთავსდა, რომელიც უმსხვილესი ვებ სერვისია ჰოსტინგისთვის. პლატფორმამ აპლიკაციაზე წვდომა უკვე დაბლოკა.

    მუმბაის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა – ორი 21 წლის მამაკაცი და 18 წლის ქალი. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ბრალდება მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ. დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიცია ახალ დაჭერებს აანონსებს. მათი თქმით ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ და რა მოტივით შექმნა აპლიკაცია.

    ეს არის მუსულმანი ქალების შეურაცხყოფის უკვე მეორე მცდელობა მათი გამოსახულების ინტერნეტ აუქციონზე გამოფენის გზით.

    2021 წლის ივლისში ინდოეთში იმავე პლატფორმაზე განთავსდა ვებგვერდი და აპლიკაცია, რომლებზეც 80–ზე მეტი მუსულმანი ქალის პროფილი იყო შექმნილი, შეთავაზებას კი სახელად “დღის გარგება“ ერქვა.

    ამჟამად პოლიცია ამოწმებს, ქონდა თუ არა კავშირი ერთმანეთთან ამ ორ აპლიკაციას.

    საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აცხადებს, რომ GitHub–მა დაბლოკა მომხმარებელი, რომელმაც აპლიკაცია ატვირთა და პოლიცია ახლა კოორდინაციაშია კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან შემდგომი ქმედებების დასაგეგმად.

    თუმცა, ვირტუალური აუქციონით აღშფოთებული საზოგადოება ამბობს, რომ მხოლოდ ბლოკირებით პრობლემა ვერ მოგვარდება და ახალი აპლიკაცია იმიტომ გამოჩნდა, რომ ძველის შემქმნელები არ დასჯილან.

    Amnesty International–ის ანგარიშში ინდოეთში ქალების ონლაინ შევიწროებაზე ნათქვამია, რომ რაც უფრო თავისუფლად  იქცევა ქალი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ის თავდასხმების და ინტერნეტ ტროლინგის ობიექტი გახდეს. ამასთან, თუ ის რელიგიურ უმცირესობას და დაბალ კასტებს წარმოადგენს, მის მიმართ თავდასხმების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.

  • ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა


    ​ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე  ზურაბ დათუნაშვილი მსოფლოს ჩემპიონია. მან
    ფინალში მან ბელორუსი მეტოქე აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე – 9:1 დაამარცხა. ამჯერადაც მან ჯილდო სერბეთის სახელით მოიპოვა.  ოფიციალურ ტურნირებზე წელს დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ზედიზედ მესამე მედალი მოიპოვა – ევროპის ოქრო, ოლიმპიადოს ბრონჯაო და მსოფლიოს ოქრო!

    ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებია, რადგან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მას თავს დაესხა – 2019 წლის იანვარში საქართველოს ჩემპიონატზე გეგა გეგეშიძემ მას თავში დაარტყა.

    გეგეშიძე 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა მალევე 5-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

    ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ჭიდაობის ფედერაციაში კორუფცია იყო. ის ითხოვდა, გეგა გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა, უშედეგოდ.

    2019 წლის აგვისტოში დათუნაშვილი სერბეთში გადავიდა და მას შემდეგ სერბეთის სახელით ასპარეზობს.

  • “პარლამენტის წევრის ძმისშვილმა რომელსაც კონტროლი ევალებოდა, შემთხვევით ვინმეს ზარის გამო ხომ არ დახუჭა თვალი?“–ნოდარ მელაძე ბათუმში კორპუსის ნგრევაზე

    ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მიანიშნებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ექვსსართულიანი კორპუსის ნგრევა, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა შესაძლოა ბათუმის შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობის ბრალი იყოს.

    “ჯიბეში ჩაკუჭული დოლარებით მოგვარებული ნგრევის ნებართვების და უნებართვო დემონტაჟის გამო, ჩამონგრეული კორპუსის კადრს ვუყურებთ.

    პასუხისმგებელი პირი თურმე მარტო ფართს მფლობელი ყოფილა, რომელიც დააკავეს და მასთან ერთად არა ზედამხედველების სამსახური, რომელსაც ხალხი ფულს სწორედ ამ უკანონობის გასაკონტროლბელად უხდის.

    ახლა ხო სხვა რამეზე უნდა გადაიტანონ ყურადღება, ახლა ხომ კითხვა არ უნდა დაისვას, პარლამენტის წევრის ძმისშვილმა რომელსაც ამის კონტროლი ევალებოდა ბათუმში, შემთხვევით ვინმეს ზარის გამო ხომ არ დახუჭა თვალი?

    შემთხვევით ვინმემ ხომ არ მოაგვარა, რომ ბინის შიდა ტიხრების ნგრევა არ შეემჩნიათ და გაემწვანებინათ?

    ამ დროს მთავარი თემა ფბ-ზე თურმე ჟურნალისტის სიქნრონი ყოფილა.
    განვმარტავ:

    ჟურნალისტმა თეკლა ტაბატაძემ, დილით ადრე, დაუსვა კითხვა, ნანგრევებიდან ამოყვანილი და გადარჩენილი ქალის ინგა მეკეიძის მეუღლეს, რომელიც სამაშველო ოპერაციას ეზოდან აკვირდებოდა და მეუღლის გადარჩენის შემდეგ ნანგრევებიდან შვილების ამოყვანას ელოდა.
    ინტერვიუ ჩაწერილია დილით, როგორც გადარჩენილი ქალის მეუღელსთან, ამ ინტერვიუს ჩაწერიდან ერთ საათის შემდეგ გაავრცელა კლინიკამ ინფორმაცია რომ ინგას გადარჩენა ვერ შეძლეს.

    იგივე ადამიანის ინტერვიუს ქალის ნანგრევებიდან ამოუყვანის შემდეგ, ყველა არხის პირდაპირ ეთერში გადავცემდით.“– წერს ნოდარ მელაძე ფეისბუქზე.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს, კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ასევე მაშველებმა გადაარჩინეს არასრულწლოვანი, რომელიც ნგრევის დროს მანქანაში იმყოფებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის რეესტრმა ფართის მესაკუთრის მოთხოვნა სარდაფისა და პირველი სართულის გაერთიანების შესახებ შენობის ჩამონგრევის შემდეგ დაახარვეზა. სავარაუდოდ კომერციული ფართის მოწყობის პროცესში მესაკუთრემ კორპუსის საყრდენი კედლები თვითნებურად მოანგრია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მას მერიის ნებართვაც ჰქონდა.

    სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ნაწილი მედიას ტრაგედიის გაშუქების გამო საყვედურობს. მათი აზრით მედია გარდაცვლილთა ოჯახების ტრაგედიას ჟურნალისტური ეთიკის წესების დარღვევით აშუქებს.