Category: სხვადასხვა

  • ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

    90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ძიუდოისტი, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

    ნახევარფინალში ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

    საერთო ჯამში, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს 3 მედალი აქვს მოპოვებული, 1 ოქროს და 2 ვერცხლის.

  • ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

    ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

    ის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ის საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მედლის აღება შეძლო. მან ლონდონის ოლიმპიადაზე 2012 წელს ოქრო მოიგო, რიოში 2016 წელს – ბრინჯაო.

  • პარლამენტი შავდათუაშვილის ფინალის დროს პლენარულ სხდომას შეაჩერებს

    ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილის ფინალში გამოსვლის დროს პარლამენტში პლენარული სხდომა დროებით შეჩერდება. ინიციატივა ქართული ოცნების დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის.

    “ერთ საათში ან საათ-ნახევრის შემდეგ იქნება ფინალი და გთხოვთ, 5 წუთით სხდომა შევწყვიტოთ. ჩემი აზრით, არავინ იქნება წინააღმდეგი”,– მიმართა მდინარაძემ პარლამენტს, რომელსაც დეპუტატები დაეთანხმნენ.

    ლაშა შავდათუაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იქნება. შეხვედრა დაახლოებით 14:10 საათზე დაიწყება.

  • რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს

    რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს. ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ავრცელებს.

    როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ლეშენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.

    “გუშინ, ლევ ლეშენკო იმყოფებოდა ბათუმში, რესტორან “ასკანელში”, რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს. დღეს, ლევ ლეშენკო ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფში”. მისი მასპინძლები არიან სასტუმროს მეპატრონე ბიძინა ივანიშვილი, ასევე, პრემიერმინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი, ასევე, კახა კალაძის ფავორიტი პარლამენტში და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი – ბექა ოდიშარია, ეს ხალხი მასპინძლობს დღეს ამ კაცს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომ უმღერის აფხაზურ ენაზე და ყველგან შესვლა, რომ აკრძალული აქვს, ყირიმის გამო უკრაინაშიც მათ შორის. არც ელარჯია საკმარისი, არც 20 ივნისი, მეტიც, მიზანდასახულად, დემონსტრაციულად ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ, სადაც ლეშენკო ისვენებს და მას საქართველოს პარლამენტისა და პრემიერმინისტრის ოჯახის წევრები მასპინძლობენ. გამოუშვით ბატონი ლეშენკო, ნომრიდან, როდემდე უნდა გყავდეთ ჩაკეტილი, მაინც გადავიღებთ”, – ამბობს ნიკა გვარამია.

  • ტოკიოს ოლიმპიადაზე მოვხვდი, მაგრამ ვერ მივდივარ, განაცხადი არ გაგზავნეს – კალაშნიკოვა

    ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა საქართველოდან განაცხადი არ გაგზავნეს, რის გამოც მონაწილებას ვერ მიიღებს.

    “ძალიან სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაიგზავნა. ოლიმპიადაზე მონაწილეობაში ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა”, – წერს ოკსანა კალაშნიკოვა.

  • თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს – თინა ხიდაშელი

    “თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი,  კოვიდის მტკივნეულ შედეგებზე საუბრობს.

    „არ ვიცი, როგორ დაიწყო ეს კოვიდ ისტორია, იმიტომ რომ, არ ვიცი, როგორ მოვიდა ჩვენთან! ოჯახის დანარჩენ წევრებს, მე გადავდე ვირუსი, თუმცა საბედნიეროდ, მათი კოვიდ ისტორიები, მოკლე აღმოჩნდა.შედეგები, არ იყო ისეთი მტკივნეული სხვებისთვის, როგორც ჩემთვის. ყველაზე რთული იყო, პირველი ორი ღამე, კლინიკაში ყოფნის დროს.თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს. გონებაც ბინდში გაქვს და ირევა ეს ოპტიმიზმი და უკიდურესი ნეგატივი, რომელიც გონებას ერთდროულად მოაქვს ფაქტიურად. ცოცხალი გადავრჩი!“ – ხიდაშელი გადაცემაში „ექიმები“, კოვიდის მწვავე შედეგებზე.

  • ცხვარი ხარ ჩვეულებრივი! – ვრცელდება „სირცხვილიას” აქტივისტის სატელეფონო საუბარი ვარლამ გოლეთიანთან

    სოციალურ ქსელში ვრცელდება, მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტისა და “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის სატელეფონო საუბარი. როგორც აქტივისტი აცხადებს, ის იყო ჩასული გუმათში და პირადად ესაუბრა ვარლამ გოლეთიანს მაშინ როდესაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებოდა. ის ასევე აცხადებს რომ მხარს უჭერდა “რიონის ხეობის მცველებს” და გაიცნო ყველა ორგანიზატორი, მათ შორის ვარლამ გოლეთიანის დედაც, თუმცა მათი პოზიცია, დედაქალაქში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და საპატრიარქოს მხარდაჭერა, “სირცხვილიას” აქტივისტისთვის გაუგებარი და მიუღებელია.

    „შენ რომ ამის მხარდასაჭერად ჩამოდიხარ, ხარ ფარისეველი, ძაან გული მწყდება, რომ ესე შევცდი ადამიანში. საპატრიარქო, რომ მოგიწოდებს მოკალი ვიღაცაო მოკლავ? შეხედე ტელევიზორს და ნახე რა ხდება. ამიხსენი რატო ჩამოდიხარ. ცხვარი ხარ ჩვეულებრივი, მეგონა ჭკვიანი ადამიანი იყავი“,- მიმართავს ის ვარლამ გოლეთიანს.

    ცნობისთვის, 5 ივლისს, საპატრიარქომ კონტრაქცია დაანონსა “ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ. ვიდეომიმართვა გაავრცელა შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა და აღნიშნა რომ შეიძლებოდა 5 ივლისს სისხლი დაღვრილიყო და მსხვერპლიც მოჰყოლოდა დაგეგმილ აქციებს. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულები არიან 6 ივლისსაც. ვარლამ გოლეთიანი კი სწორედ საპატრიარქოს მიერ დაანონსებული კონტრაქციისთვის, ხეობიდან დედაქალაქში ჩამოვიდა, აღნიშნულ ფაქტს  იმ მოქალაქეებისა და აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა, რომლებიც მანამდე “რიონის ხეობის მცველების” მხარდამჭერები იყვნენ.

     

  • საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

    საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი,მსოფლიოს ჩემპიონია.

    ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს ეტლითმოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდმა, ტრიუმფით დაასრულა.

    დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 15:8 დამარცხდა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

    გუშინ,6 ივლისს ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

    გუნდურ შეჯიბრში, ირმა ხეცურიანმა,ნინო თიბილაშვილმა,გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის გუნდი დაამრცხეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

    9 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები გუნდი,ვარშავაში ეტლით-ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე გააგრძელებს ასპარეზობას და მაღალი სინჯის მედლებისთვის ბრძოლას.

  • კლიმატურმა ცვლილებებმა დედამიწის ღერძის გადაადგილება გამოიწვია

    მართალია დედამიწის ღერძი უხილავი და წარმოსახვითია, ამის მიუხედავად მისი სავარაუდო ადგილმდებარეობის გამოთვლა ადვილია: ის რომ ზედაპირზე ამოდიოდეს და ხილული იყოს, ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე მოხდებოდა.

    ცნობილია ისიც, რომ ეს ღერძი შეიძლება გადაადგილდეს, რაც პოლუსების “ხეტიალს“ იწვევს. ეს მაშინ ხდება, როცა დედამიწის ღერძი ისეთი ბუნებრივი მოვლენების ძალით გადაადგილდება, როგორიც არის ოკეანის დინებების ცვლილებები ან პლანეტის სიღრმეებში მაგმას კონვექცია.

    თუმცა, როგორც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიისა და ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის მკვლევარებმა გაარკვიეს დედამიწის ღერძის შესამჩნევი გადაადგილება 1990–იანი წლების დასაწყისთან შედარებით პირველად ხელშესახები კლიმატური ცვლილებების, კონკრეტულად კი მატერიკული ყინულების მასობრივი დნობის შედეგად მოხდა.

    მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 1995 წელს პოლუსების გადაადგილების მიმართულება სამხრეთულიდან აღმოსავლურით შეიცვალა, თავად გადაადგილების სიჩქარე კი 1995–2020 წლის შუალედებში 17–ჯერ გაიზარდა 1981–1995 წლების შუალედთან შედარებით.

    მთლიანობაში 1980 წლიდან პოლოუსები 4 მეტრით გადანაცვლდნენ.

    მეცნიერები საკუთარ დასკვნებს НАСА GRACE –ის მისიიდან მიღებული მონაცემებით ამყარებენ, რომელიც დედამიწის გრავიტაციულ ველს და მის ცვლილებებს სწავლობდა, მათ შორის კლიმატის ცვლილების პროცესებთან დაკავშირებულს.

    “რაც უფრო სწრაფად დნებოდა ყინულები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მით მეტი ალბათობით ახდენდა ეს გავლენას პოლუსების გადაადგილებაზე. სხვა შესაძლო მიზეზებს შორის შეიძლება იყოს წყლის მარაგების მოცულობის ცვლილება იმ რაიონებში, სადაც არ არის ყინულები, თუმცა გრუნტის წყლების ზღვარგადასული მოხმარება ხდება მორწყვის მიზნით ან სხვა ადამიანური საქმიანობისთვის.“– ამბობს კვლევის ხელმძღანელი შანშან დენი გამოცემა Geophysical Research Letters–ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

    მართლაც მიწისქვეშა წყლები, რომლებიც მინდვრების მოსარწყავად თუ სხვა საჭიროებებისთვის ამოიქაჩება, ადრე თუ გვიან მსოფლიო ოკეანეში ხვდება და დედამიწის ზედაპირზე წონის ხელახალ გადანაწილებას იწვევს. ბოლო 50 წლის მანძილზე, გათვლების თანახმად ადამიანმა მიწისქვეშა წყაროებიდან 18 ტრილიონი ტონა წყალი ამოტუმბა, თუმცა წონაში ამ  დანაკარგის კომპენსაცია არაფრით მომხდარა.

    ღერძის გადანაცვლების კუთხე ჯერჯერობით იმდენად პატარაა, რომ პრაქტიკულად არანაირად არ აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუ არ ჩავთვლით დღის ხანგრძლივობის ცვლილებას რამდენიმე მილიწამით. თუმცა, კონტინენტური ყინულების დნობის მუდმივი დაჩქარება მიწისქვეშა წყლების დაუნდობელ გამოყენებასთან ერთად სულ უფრო მეტ გავლენას მოახდენს მასების გადაადგილებაზე, და ჯერჯერობით ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს.

  • “არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ“–თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოშია

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოშია. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

    “როგორ მეზარებოდა ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა, ზეიმი, მწვანე-წითელი ბრჭყვიალი, სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები.
    მაინც მოვინდომე, მოვრთე და მოვკაზმე, კოვიდ დეპრესიას ბრძოლა გამოვუცხადე და ელავდა და ბზრიალებდა ჩემი სახლი.
    ჩემს თავს პირობა მივეცი არ დავიზარებდი და არანაკლებ დროს და ენერგიას მოვანდომებდი სააღდგომო სამზადისს.
    არ გამოვიდა .

    ვერ ვასრულებ პირობას.
    რამდენი რამე გამოვტოვე …
    – თოვლი თბილისში;
    – გაზაფხულის მოსვლა;
    – ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები;
    – ბზობა;
    – აღდგომა…..
    ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას… ვერ დავიბრუნე ხალისი.

    არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა “იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!

    რამდენიმე წლის წინ, 2016-ში დავწერე სიცილი დავკარგე და სიცილის დაბრუნებამდე გემშვიდობებითთქო. რა უღიმღამოდ მოჩანს ეხლა მაშინდელი ტრაგედია და დარდი, ისიც კი აღარ მახსოვს საერთოდ რა იყო ის ტრაგედია და დარდი. წინ იმხელა განსაცდელი მელოდა თურმე, ნამდვილი გამოცდა ნერვებზე, გამძლეობაზე, მობილიზების უნარზე, ხალისის აღმოჩენასა და მოხმობაზე და ალბათ მაინც ყველაზე მთავარზე შენი დარდით და განსაცდელით არ დატანჯო სხვები …

    არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, მაგრამ, ამდენი პრობლემის, სრულ საგიჟეთში ცხოვრების, ირგვლივ უდიდესი გაჭირვებისა და დეპრესიის ფონზე, ყოველდღიულად ამდენ ადამიანს რომ ვახსენდები, მკითხულობს, წარმოუდგენელ სიყვარულს და ენერგიას მიგზავნის, უკვე ზუსტად ვიცი რომ სამი თვის შემდეგ იქნება თუ ექვსი თვის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დავდგები და იმაზე უფრო რკინის ვიქნები ვიდრე მანამდე ჩემი, შენი, ჩვენი უკეთესი ყოფისთვის.

    PS აქვე ძალიან დიდი ბოდიში ყველას როდესაც უცებ ვერ გპასუხობთ, ერთი მხრივ ძალიან სუსტად ვარ, უამრავ პროცედურას მიტარებენ, და თუ პროცედურებზე არ ვარ ისეთი დაღლილი ვარ პრაქტიკულად სულ მძინავს და ამასობაში გადის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ყველას მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ამას, როგორც ჩანს, ხშირად ვერ ვახერხებ.“– წერს თინა ხიდაშელი.

    ხიდაშელმა და მისმა მეუღლემ, დავით უსუფაშვილმა რამდენიმე თვის წინ კოვიდის მძიმე ფორმა გადაიტანეს. თინა ხიდაშელმა საავადმყოფოში რთული პერიოდი გადაიტანა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი კვლავ საავადმყოფოში მოუწია დაბრუნება.