Category: სხვადასხვა

  • ხარკოველი ლტოლვილი კატა მსოფლიო ბლოგერების პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული

    ცნობილი ხარკოველი კატა სტეფანი ბლოგერების პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული. ამის შესახებ არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ბრიტნი სპირისთვისაც საყვარელი კატის ინსტაგრამ გვერდზე წერია, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს.

    “მინდა სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ. ნომინირებული ვარ ინფლუენსერების ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე –  World Influencers and Bloggers Awards 2022 @wibaglobal, რომელიც 18 მაისს კანში შედგება. ძალიან საპატიოა, რომ ეს იქნება უკრაინისთვის თანხების შეგროვება  “–დაწერა ხარკოველმა ბლოგერმა და ევროპასა და აშშ–ში მის მეგობრებს, ასევე ევროპაში მცხოვრებ უკრაინელებს  ღონისძიების ბილეთების შეძენისკენ მოუწოდა.

    სტეფანმა მისი ბლოგერული ცხოვრების მანძილზე უკვე მოასწრო ვალენტინოს ჩანთის რეკლამირება და ბრიტნი სპირსის გვერდზე მოხვედრა.13 წლის კატა სტეფანმა, რომელსაც ინსტაგრამზე მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს,  პოპულარობა ჯერ კიდევ ომამდე მოიპოვა. პატრონმა ის სულ პატარა იშვილა და მის ფოტოებს ხშირად აზიარებდა ინსტაგრამზე. კატამ განსაკუთრებული პოპულარობა მაგიდასთან ჯდომის მანერის გამო მოიპოვა.

    სტეფანმა მისი ფანების მეშვეობით ომით დაზარალებული უკრაინელი ცხოველების დასახმარებლად 10 ათასი დოლარის მოგროვება უკვე მოახერხა.

    თავად სტეფანი ლტოლვილია და თავის პატრონთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. ის კავშირზე ომის დაწყებიდან 2 კვირის მანძილზე არ გამოდიოდა. მის ბედზე ბევრი ადამიანი წუხდა.

    რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კატამ და მისმა პატრონებმა ორი ღამე სარდაფში გაატარეს. ამის შემდეგ  ხარკოველმა მოხალისეებმა ისინი რკინიგზის სადგურამდე მიიყვანეს, საიდანაც მატარებლით ლვოვამდე ჩავიდნენ, შემდეგ კი პოლონეთის საზღვრამდე მივიდნენ. ამის შემდეგ ინფლუენსერთა მსოფლიო ასოციაციის მონაკოელი წევრები მათ საფრანგეთში ჩასვლაში დაეხმარნენ.

    საკუთარი თავგადასავლის შესახებ “კატა სტეფანმა მის ბლოგში დაწერა“:

    “საზღვარზე რიგში ვიდექით, ბევრი ხალხი იყო. 9 საათი დაგვჭირდა საზღვრის გადასალახად. პოლონეთში მოხვედრის შემდეგ მონაკოელმა ინფლუენსერებმა დაგვირეკეს და საფრანგეთამდე ჩასვლაში დაგვეხმარნენ.“–წერია ინსტაგრამ გვერდზე.

    ახლა კატა სტეფანი თავს კარგად გრძნობს, მისი პატრონები კი ცდილობენ უკრაინას დაეხმარონ.

    მისი პატრონი აღწერს, რა შედეგები მოჰყვა მისი ოჯახისთვის ომს. 24 თებერვალს დილით ოჯახის წევრებმა 5 საათზე აფეთქების ხმა გაიგეს:

    “ძილბურანში ვერცკი მივხვდი, ეს რა იყო. ნახევარ საათში ახალი აფეთქებების ხმა გაისმა, ფანჯრები აზანზარდა, წამოვხტი და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ხარკოვზე შეტევა და დაბომბვა. გავაცნობიერეთ, რომ ჩვენს სახლში ომი მოვიდა.“– წერს ის.

  • დასანქცირებული რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი ცდილობს ფული მეგობრებისგან ისესხოს

    რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი მის გავლენიან ამერიკელ მეგობრებს “ევედრება“ თითომ მილიონი დოლარი მაინც ასესხოს და გადაარჩინონ, რადგან მისი აქტივები სანქციების გამო გაყინულია. ამის შესახებ Page Six წერს.

    გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩის ხარჯები მომსახურე პერსონალზე კვირაში მინიმუმ 750 ათას დოლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის მისი ხუთი იახტის ეკიპაჟის წევრთა ხელფასები, რომელთაგან ორი – ეკლიპსი და სოლარისი ამჟამად თურქეთის ტერიტორიულ წყლებშია.

    მართალია აბრმოვიჩს უამრავი გავლენიანი მეგობარი ყავს ჰოლივუდში და უოლსტრიტზე, ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეეშინდებათ ოლიგარქისთვის ფულის სესხება იმის მიუხედავადაც კი, რომ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ–უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

    “მან ჰოლივუდელ პროდიუსერს და რეჟისორს, ბრეტ რატნერს და როტშილდების ოჯახსაც მიმართა ფულის სასესხებლად, და მართალია ისინი მეგობრები არიან, მაგრამ არ დათანხმდნენ ფული ესესხებინათ. შეიძლება იმიტომ, რომ ასეთი თანხები ნაღდ ფულად არ აქვთ, ან იმიტომ, რომ გაურკვეველია რა შედეგები ექნება მათთვის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით “–უთხრა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

    დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. ბლუმბერგის მონაცემებით მარტის დასაწყისში  მისი ქონება 14.3 მილიარდი დოლარი იყო .

    რომან აბრამოვიჩი ფლობს მინიმუმ ხუთ იახტას, რომელთა საერთო ღირებულება 1.4 მილიარდი დოლარია, ასევე ფლობს მამულს კუნძულ სენ–ბარტსზე, რომელიც 700 მილიონი დოლარი ღირს. მისი ახტები ჯერჯერობით არ დაუპატიმრებიათ. ანტიგუას მთავრობამ დაადასტურა, რომ მათ ტერიტორიულ წყლებში მცურავი ორი იახტა აბრამოვიჩს ეკუთვნის.

  • “ან მთავრობა გვატყუებს, რომ სანქციებს არაა შეერთებული,ან უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია არის სიმართლე“–დავით ზურაბიშვილი

    “ან მთავრობა გვატყუებს, რომ სანქციებს არაა შეერთებული,ან უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია არის სიმართლე“–დავით ზურაბიშვილი

    ექსპერტი დავით ზურაბიშვილი განმარტავს, როგორ შეიძლება ხვდებოდეს საქართველოს გავლით  რუსეთში ის პროდუქცია, რომლის იმპორტი სანქციების გამო ამ ქვეყანაში აკრძალულია. დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში საქართველოდან შედის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, შეიძლება რეალური იყოს:

    “იმდენი გაუგებრობა, ჭორი და სპეკულაცია მოვისმინე უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე, რომ მოვალედ ჩავთვალე თავი ცოტა ვრცლად შევეხო ამ თემას და, როგორც იტყვიან, გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე განვმარტო რაღაც-რაღაცეები.
    უპირველს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის დაუბრალებია უშუალოდ საბრძოლო იარაღის მიწოდება რუსეთისთვის და მეტიც, არავის უთქვამს რომ საქართველო აწვდის რუსეთს რამეს.

    განცხადებაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ხდება ე. წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა რუსეთში ჩვენთან დარეგისტრირებული ფირმების მეშვეობით და საქართველოს ხელისუფლებას გაცემული აქვს ინსტრუქცია, რომ ამ ფირმებს საქმიანობაში ხელი არ შეუშალონ
    რას ნიშნავს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია?

    საქართველოს კანონით “სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ” ეს არის პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის;

    ანუ ესაა პროდუქცია, რომელიც პირდაპირ სამხედრო დანიშნულების არაა, მაგრამ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვისაც, მაგალითად სათამაშო კომპიუტერი ფლეისთეიშენი თავისთავად სამხედრო ტვირთი არ არის, მაგრამ მისი ჩიპი შეიძლება რაკეტის ნავიგაციისთვის იქნეს გამოყენებული.

    ასეთი პროდუქტი არის საკმაოდ ბევრი და ყველა მათგანის რუსეთში შეტანის აკრძალვა გათვალისწინებულია საერთაშორისო სანქციებით.

    ახლა, როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი პროდუქციის რუსეთში შეტანა? ძალიან მარტივად: მაგალითად, ჩამოვიდა აქ რუსი, დაარეგისტრირა ფირმა, რომელსაც შემოაქვს ვთქვათ სათამაშო კომპიუტერები ინდოეთიდან და მერე აგზავნის მოსკოვში.

    ამ შემთხვევაში, თუ საქართველო არაა შეერთებული საერთაშორისო სანქციებს და არ ასრულებს ამ სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ძალიანაც თავისუფლად შეიძლება, რომ ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით, მოხვდეს რუსეთის არმიის ხელში.
    თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ 35 ათასი რუსეთის მოქალაქეა საქართველოში ჩამოსული და იუსტიციის სახლებში რუსთა რიგები იდგა ფირმების დარეგისტრირებაზე. ძალიანაც მოსალოდნელია, რომ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ასეთი პროდუქციის გაგზავნას ცდილობდნენ რუსეთში. მოსალოდნელია კი არა, ძალიან მაღალი ალბათობით არიან კიდეც.

    და აქ, რასაკვირველია, გადამწყვეტია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. თუ დავუჯერებთ პრემიერს, რომელმაც ორჯერ საკმაოდ მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოგვიცხადა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მაშინ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი საქართველოდან, თუ იგი ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებშია, რანაირად შეიძლება არ ხდებოდეს, იქნებ ვინმემ ამიხსნას? ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება რეალურად შეერთებულია სანქციებს და ამ პროდუქციის რუსეთში შეტანას ბლოკავს, მაშინ რატომ იკლავენ თავს და არ ვუერთდებით სანქციებსო, რას გაიძახიან? პუტინს ატყუებენ და ისიც იმდენად დებილია, რომ ღარიბაშვილის სიტყვების უფრო სჯერა, ვიდრე იმ ფაქტის, რომ პროდუქციას უბლოკავს იმავე ღარიბაშვილის მთავრობა?
    მოკლედ აქ ორში ერთია: ან მთავრობა გვატყუებს, რომ სანქციებს არაა შეერთებული და სინამდვილეში შეერთებულიცაა და რუსების მიერ დარეგისტრირებულ ფირმებს სულ თავში ურახუნებს ამ სანქციებს, ან უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია არის სიმართლე. მესამე ვარიანტი თეორიულადაც გამორიცხულია.

    ჩემი მოსაზრება თუ ვინმეს აინტერესებს, მე მირჩევნია სიმართლე იყოს პირველი ვარიანტი (ანუ პრემიერი იტყუებოდეს), მაგრამ სკოლაში მათემატიკას ცუდად არ ვსწავლობდი და ეს ოხერი ლოგიკა მეუბნება, რომ მეორე ვარიანტი უფრო ახლოსაა სიმართლესთან.

    P. S. ძალიან გთხოვთ არ შეურაცხყოთ ჩემი ინტელექტი და სერიოზულად არ დამიწყოთ იმის მტკიცება, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ უარყო უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია. არაფერი მსგავსი ამერიკის ადმინისტრაციას არ უქნია და ის, რომ პირდაპირ ბრალს არ გვდებენ კოლაბორაციონიზმში და ცდილობენ ამ პოლიტიკურ არმაგედონში საქართველოს ხელისუფლება მაინც ნათელ მხარეს გადაქაჩონ, ჩემი მოკრძალებული აზრით აბსოლუტურად სწორი მიდგომაა.“– წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

  • კადიროველებმა მარიუპოლში “რუსული ჰუმანიტარული დახმარება“ დაარიგეს, რომელიც სინამდვილეში უკრაინული აღმოჩნდა

    კადიროვის დაჯგუფების წევრებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებს რუსული ჰუმანიტარული დახმარება დაურიგეს, თუმცა კადრებში გამოჩნდა, რომ მთელი პროდუქცია უკრაინული წარმოების იყო. ამის შესახებ ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ტვიტერზე წერს.

    თავიდან ინფორმაცია მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა. ვიდეოს წარწერაში მითითებული იყო, რომ ჰუმანიტარული დახმარება რეგიონულმა საზოგადოებრივმა ფონდმა ახმატ–ხაჯი კადიროვმა გაგზავნა.

    კადრების დეტალურად დათვალიერებისას კი ჩანს, რომ რუსების მიერ დარიგებული ძეხვი სინამდვილეში უკრაინულია, უკრაინული წარწერებით. იგივე შეიძლება ითქვას ფქვილზეც.

    ტელეგრამ არხებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ეს სინამდვილეში უკრაინული პროდუქციაა, ჩეჩნეთის ლიდერმა ინფორმაცია წაშალა.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთი ერთი თვეა ქალაქ მარიუპოლის აღებას უშედეგოდ ცდილობს. ქალაქში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

  • რუსული “მატრიოშკა კოკოშნიკში“– Dolce & Gabbana სააღდგომო სუვენირების გამო სკანდალში ეხვევა

    იტალიის მოდის სახლი Dolce & Gabbana სკანდალში აღმოჩნდა გახვეული მისი სააღდგომო სუვენირების გამო. სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდებზე მათ დაიწყეს სააღდგომო შოკოლადის კვერცხის რეკლამირება, რომლის შეფუთვა, ფორმითაც და ორნამენტებითაც ძალიან გავს რუსულ ტრადიციულ ქალის თავსაბურავს, ე.წ. “კოკოშნიკს“ და მატრიოშკას.

    სწორედ ეს აღნიშნეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა საკუთარ კომენტარებში და ახალ სუვენირს “რუსული მატრიოშკა კოკოშნიკში“ დაარქვეს.

    თავად Dolce & Gabbana–მ ანოტაციაში დაწერა, რომ ეს არის “სააღდგომო კვერცხების ექსკლუზიური კოლექცია იტალიური საკონდიტრო ბრენდის, Baci Perugina–სგან, რომელიც საკულტო პრინტით – DGMaiolica–თი და ყვავილების მოტივებით არის გაფორმებული.“

    “იტალიური სილამაზის არსის გადააზრება შეგრძნებების უნიკალურ ჰარმონიაში და სუფთა, ხალასი სინაზის გემო, ეს არის უსაზღვრო სიყვარულის განაცხადი“– ასეთია მოდის სახლის შეფასება.

    თუმცა მის შეფასებას არ იზიარებენ განსაკუთრებით უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბრენდს მისწერეს, რომ ასეთი პროდუქციის გამოშვება, რომელიც ევროპის ცენტრში ომის დროს სრულიად კონკრეტულ ასოციაციებს იწვევს, მათი მხრიდან უპატივცემულობის გამოხატულება და რეპუტაციისთვის დამაზიანებელია.

    შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Dolce & Gabbana საერთაშორისო სკანდალში ეხვევა მისი პროდუქციის გამო. 2018 წელს მათ გამოუშვეს სარეკლამო რგოლი შანხაის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელმაც იმდენად განარისხა ჩინელები, რომ ამ ბრენდის პროდუქციის ბოიკოტირების მოწოდებითაც კი გამოვიდნენ.

  • პუტინის ონკოქირურგი და ექიმების ბრიგადა – The Times-ის სტატია გამომძიებელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით

    გამოცემა The Times რუსული საგამოძიებო ჯგუფის მასალებზე დაყრდნობით რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ქირურგ–ონკოლოგი პუტინს ბოლო 4 წლის განმავლობაში შავი ზღვის პირას, სოჭში  35–ჯერ სტუმრობდა. გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ექიმების ბრიგადა ემსახურება.

    პუტინს, რომელიც მალე 70 წლის ხდება ექიმების მთელი ბრიგადა ემსახურება. მათ შორის არის ევგენი სალივანოვი – ქირურგ–ონკოლოგი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოზეა სპეციალიზირებული.  ამ ინფორმაციას რუს გამომძებელ ჟურანლისტთა ჯგუფი “პროექტი“ ავრცელებს.

    სალივანოვმა რუსეთის პრეზიდენტთან 4 წელიწადში ჯამში 166 დღე გაატარა, სანამ პუტინი სოჭში იყო. გამოცემა წერს, რომ პუტინმა ალტერნატიულ მედიცინასაც მიმართავს და ირმებისთვის რქების მოკვეთისას  მიღებული სისხლის და სპეციალური ექსტრაქტების აბაზანებს იღებს.

    “პროექტი“ პუტინის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელმისაწვდომი დოკუმენტების შესწავლის შედეგად. დოკუმენტებში ჩანს, მოსკოვის საპრეზიდენტო კლინიკიდან რომელი ექიმები განათავსეს სხვადასხვა სასტუმროებში, რომლებსაც კრემლი სოჭში პუტინის რეზიდენციის სიახლოვეს მისი სტუმრებისთვის იყენებდა 2016–2020 წლებში, როცა ლიდერი ან ოფიციალურად სტუმრობდა აქაურობას, ან უცნაურად ქრებოდა საზოგადოების თვალსთახედვის არეალიდან.

    კრემლი არაერთხელ უარყოფდა ინფორმაციას პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. მისი პირადი ცხოვრება კი იდუმალებით არის მოცული.

    გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ექიმების ბრიგადა ქალაქში ყოველთვის პრეზიდენტის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ჩადიოდა, ზოგჯერ კი მათი რაოდენობა “მკვეთრად იზრდებოდა“. ორ შემთხვევაში, 2016 და 2019 წლებში იყო სერიოზული ვარაუდები, რომ პუტინმა ოპერაცია ან სერიოზული პროცედურა გაიკეთა, დიდი ალბათობით ზურგზე – ამბობს ჯგუფი. პირველი შემთხვევა მაშინ იყო, როცა რუსეთის ლიდერი 5 დღის მანძილზე არ გამოჩენილა საჯაროდ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ჭორები, რომ პუტინს ცხენზე ჯირითისას ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც კოჭლობდა.

    დოკუმენტების თანახმად, 2019 წელს პუტინს სოჭში ვიზიტების დროს თან ახლდა საშუალოდ 9 ექიმი. ოთხი წლის განმავლობაში ბრიგადაში რეგულარულად რჩებოდა სამი ექიმი: ორი ოტორინოლარინგოლოგი და სელივანოვი.

    ექიმი, რომელმაც სოჭში პუტინის ვიზიტების დროს მასთან ყველაზე მეტი დრო გაატარა, ალექსეი შჩეგლოვი იყო – ერთ–ერთი ოტოლარინგოლოგი, რომელსაც 2016–2019 წლებში პუტინთან 59 ვიზიტი ქონდა, ჯამში 282 დღე. სამედიცინო ბრიგადის სხვა წევრებს შორის იყვნენ ანესთეზიოლოგები, ნეიროქირურგი, ინფექციონისტი, ინტენსიური თერაპიის ექიმი.

    ჟურნალისტების ჯგუფი “ქვეყნის მეთაურის ნაცნობს“ ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტმა ალტაის მხარეში საიდუმლო ვიზიტისას “ირმის რქების“ აბაზანაც კი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მას უთხრეს, რომ ამ პროცედურას რაიმე დადასტურებული სამედიცინო ეფექტი არ ქონდა.

    რიტუალის დროს ირემს რქებს კვეთენ, რათა სისხლი მიიღონ, რომელიც ითვლება, რომ ადამიანს ძალას აძლევს და დაბერების პროცესს აჩერებს, მისი დალევის, ან აბაზანის მიღების შედეგად.

    კრემლი “პროექტის“ ანგარიშზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა 2020 წელს პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ პრეზიდენტს “შესანიშნავი“ ჯანმრთელობა აქვს.

    როცა 2000 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, პუტინი 47 წლის იყო. მან შეიქმნა ჯანმრთელი, სპორტის მოყვარული მამაკაცის იმიჯი, არ სვამდა, არ ეწეოდა, რაც დიდი კონტრასტი იყო მის წინამორბედ, ბორის ელცინთან შედარებით, რომელიც ბევრს სვამდა და გულის ოპერაციაც გადაიტანა.

    1995 წელს, აშშ–ში ვიზიტისას სპეცსამსახურების აგენტებმა თეთრი სახლის სიახლოვეს მთვრალი ბორის ელცინი ქვედა საცვლის ამარა აღმოაჩინეს, რომელიც ცდილობდა ტაქსი დაეჭირა და პიცის საყიდლად წასულიყო.

    პუტინი კი პირიქით, ფხიზლად და აქტიურად გამოიყურებოდა, ძიუდოს ხალიჩაზე მოწინააღმდეგეებს ანარცხებდა და ავიაგამანადგურებელსაც მართავდა.

    კრემლი ამ იმიჯს წლების მანძილზე ავითარებდა, პუტინის ასაკის მატების მიუხედავად, მცირე კორექტირებით– ბოლო წლებში იყო ფოტოსესიები, როგორ თევზაობს პუტინი, როგორ ჯირითობს ცხენზე წელს ზევით შიშველი, ატარებს “ვინტოვკას“ ტაიგაში მინისტრ შოიგუსთან ერთად ვიზიტის დროს.

    თუმცა, მუდმივად იყო მინიშნებები ავადმყოფობასა და სამედიცინო პროცედურებზე. 2010 წელს უკრაინაში ვიზიტის დროს, მის ყვრიმალებზე ჩალურჯებები გამოჩნდა, რამაც მედიაში პლასტიკური ქირურგიის შესახებ ჭორები გამოიწვია. კრემლში აცხადებდნენ, რომ ის უბრალოდ დაიღალა და თან სახეზე “შუქი ცუდად ეცემოდა“;

    სამთავრობო წყაროებმა 2012 წელს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პუტინს, რომელიც მაშინ 60 წლის იყო, ზურგის პრობლემები ქონდა, რასაც შეიძლება ქირურგიული ჩარევა დაჭირვებოდა და რომ ის იძულებული იყო კორსეტი ეტარებინა. კრემლში ეს განცხადებები უარყვეს და თქვეს, რომ პუტინის “კოჭლობის ეპიზოდი“ სპორტული ტრავმის ბრალი იყო.

    გასულ წელს პუტინი ყვებოდა, როგორ გადმოვარდა ერთხელ ცხენის უნაგირიდან, როცა ცხენმა “ხტუნვა დაიწყო და ნამდვილი სალტო გააკეთა“. მას არ უთქვამს, როდის მოხდა ეს ინციდენტი.

  • ჟერარ დეპარდიე პუტინის ქმედებებს შეშლილს და მიუღებელს უწოდებს

    ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ფრანგი მსახიობმა ჟერარ დეპარდიე  რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს, შეშლილი და მიუღებელი უწოდა.

    “რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი, მათი ლიდერების მიუღებელ და შეშლილ ქმედებებზე, როგორიც ვლადიმირ პუტინია”, – თქვა დეპარდიემ AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სამი კონცერტის შემოსავალს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს.

    დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები.

    „რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – განაცხადა დეპარდიემ, „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

  • “სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გავათავისუფლე მიშასთვის“– გაბუნიას 2 გამოუქვეყნებელი მონოლოგი

    მთავარი არხის წამყვანი, გიორგი გაბუნია წერს, რომ ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გაათავისუფლა მიშა სესიაშვილისთვის, “პოსტ-ფაქტუმის” ახალი წამყვანისთვის, რა დროსაც ეთერში გაუსვლელი რამდენიმე “გაბულოგი” აღმოაჩინა, რომლებიც გადაცემისთვის მოამზადა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე მაყურებლამდე აღარ მიიტანა.

    “ყოფილა შემთხვევა, რომ თვითონ გადამიფიქრია; ზოგჯერ კი ვითარება შეცვლილა მოულოდნელად ისე, რომ ჩემი მონოლოგი იმ მომენტისთვის უადგილო გამხდარა და ამიტომ გამიუქმებია.

    ამ გადა(გ)დებული გაბულოგებიდან ორის გამოქვეყნება გადავწყვიტე აქ. პირველი დაწერილია 2021 წლის აპრილში – იმ დროს, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გამოუვალ ჩიხშია შესული და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თუ მისი წარმომადგენელი კვირების განმავლობაში ცდილობენ კვანძის გახსნას. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა ხელისუფლებასთან ინტერვიუს ფორმატის გადაცემის გაკეთების შესახებ, სადაც ერთმანეთთან მშვიდად საუბარს შევძლებდით.

    მეორე გაბულოგი 2021 წლის სექტემბრისაა – დაწერილია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც “პოსტ-ფაქტუმის” დატოვება უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ამის შესახებ წინასწარ მინდოდა მაყურებლისთვის მეთქვა. მაგრამ მაშინ აღარ ჩავთვალე საჭიროდ ამის გაკეთება და რამდენიმე თვეში ისე წავედი, რომ, ფაქტობრივად, არაფერი ვთქვი გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებოდით.

    ამიტომ ახლა გავიმეორებ იმას, რისი თქმაც მაშინ მინდოდა – ცალკე პოსტებად გამოვაქვეყნებ ორივე გაბულოგს. სხვებიც არის, მაგრამ დანარჩენების გასაჯაროებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ

    წარმატება ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს, მიშა სესიაშვილს! წარმატება “პოსტ-ფაქტუმის” მთელ გუნდს, მის ძველ და ახალ წევრებს! უდიდესი მადლობა მათ ერთად გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი წლებისთვის! და, რა თქმა უნდა, მთავარი მადლობა ჩვენს მაყურებელს – მოყვარესაც და მოძულესაც თანაბრად. რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ, მთავარი ხართ თქვენ!”,– წერს გაბუნია Facebook-ზე და საკუთარ მონოლოგებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    გაბულოგი #76 – აპრილი, 2021 წელი

    „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

    ეს არის 1978 წლის 14 აპრილს გადაღებული სურათი. ამ დღის ამსახველი ფოტო და კინომასალა საბჭოთა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. მხოლოდ რამდენიმე ფოტო გადაურჩა უშიშროების ხელს.

    ეს ადამიანები მშობლიურ ენას იცავდნენ იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა და ის რუსულით ჩაენაცვლებინა. “დედა ენასაც” რუსული “აზბუკა” ჩაანაცვლებდა. მაშინ ათეულობით ათასი ქართველი – ძირითადად, ახალგაზრდა – სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში და მიაღწია კიდეც მიზანს: ქართული დარჩა ჩვენს სახელმწიფო ენად.

    ხვდებით, რამხელა გამბედაობა სჭირდებოდა იმ დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ასეთი ლოზუნგებით გამოსვლას?

    1978 წელია, ბრეჟნევის ეპოქა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ სულაც არ აპირებს დაშლას და პოზიციების დათმობას და დიდი შანსი იყო, რომ ეს მიტინგიც 9 აპრილის მსგავსი სისხლისღვრით დასრულებულიყო – რუსი ჯარისკაცები უკვე გამოყვანილი ჰყავდათ რუსთაველზე. და მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, ეს ახალგაზრდები არ შეშინდნენ და გაიმარჯვეს კიდეც. მათ უსისხლოდ დაამარცხეს კრემლი და გაიტანეს თავისი.

    თვითონ ის ფაქტი, რომ საბჭოთა რეჟიმმა ამ აქციის ამსახველი მასალები ამოიღო და გაანადგურა, რათა ისტორიული მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოეშალა ეს დღე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა დარტყმა მიაყენეს ქართველებმა რუსეთის იმპერიის რეპუტაციას. 43 წელი გავიდა მას შემდეგ, სისხლიც ბევრი დაიღვარა, საქართველომ თავისუფლებაც მოიპოვა და უკვე 30 წელია დამოუკიდებელია.

    წარმოგიდგენიათ, ჩვენ, ამ ადამიანების შთამომავლებს, რამდენად მეტის გაბედვა უნდა შეგვეძლოს დღეს? 43 წლის შემდეგ! უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოში! სად უნდა ვიყოთ დღეს, და სად ვართ ამ დროს… ძირითადად, ფეისბუკში ვართ. იქ ვცხოვრობთ, ვიხარჯებით და ვიკმაყოფილებთ მოთხოვნილებებს. როგორც წესი, ქუჩაში გასვლაც გვეზარება – პოსტების წერა ბევრად უფრო კომფორტულია.

    და ზუსტად ამ პოსტებიდან ჩანს, რომ იმ ქართულ ენასაც კი ვერ მოვუფრთხილდით, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაიცვეს. გადახედეთ ქართველების ფეისბუკ-გვერდებს: ქართულ ენაზე წერა-კითხვის უცოდინრობის ტრაგიკულ აღლუმს აღმოაჩენთ იქ.
    ალბათ, მე თვითონაც ბევრ შეცდომას ვუშვებ ახლა თქვენთან საუბრისას და ვერც კი ვხვდები. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის?

    ბაბილონის გოდოლად იქცა საქართველო – სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ყველა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც და ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, რა გვინდა.

    ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაჭედილი მოლაპარაკებებიც – იქ უკვე მართლა რამდენ ენაზე და ვინ რას ლაპარაკობს, ნეტა ვიცოდეთ… აბა, ქართულად მხოლოდ ქართველებს შორის დიალოგი და შეთანხმება აღარ გამოგვდის…ბაბილონის გოდოლის ისტორია, ხომ გახსოვთ, როგორ იწყება და როგორ მთავრდება? იწყება აღმშენებლობის დიადი ამბიციური გეგმებით და სრულდება შუა გზაში მიტოვებული ქაოსით და ნანგრევებით. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ფინალისკენ მივექანებით ჩვენც.

    და, ბაბილონისგან განსხვავებით, ცოტა ხანში ჩვენი ისტორიის მოყოლასაც კი ვერ შევძლებთ წესიერად, იმიტომ, რომ ქართულ ენაზე გამართულად ლაპარაკიც გვავიწყდება.

    მამული, ენა, სარწმუნოება.

    ოკუპირებული მამული, დასახიჩრებული ენა და შეურაცხყოფილი სარწმუნოება.

    ესღა შემოგვრჩა ბოლოს ილიას სამი სიწმინდიდან… მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი”

    გაბულოგი #77 – სექტემბერი, 2021 წელი:

     

    რამდენიმე დღეში გავა ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც “მთავარ არხზე” პირველი “პოსტ-ფაქტუმი” წავიყვანე.

    მანამდე ორწელიწად-ნახევარი მიმყავდა “პოსტ-სკრიპტუმი” “რუსთავი 2”-ზე, ანუ თითქმის, ხუთი წელია, რაც ამ ყველასგან გამორჩეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ.

    ხუთი წლის შემდეგ ვთვლი და, უფრო მეტად, ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ამდენი წლის შემდეგ ცვლილებაა საჭირო, ისევე, როგორც ყველაფერში – ცალკე ჩემთვის და ცალკე გადაცემისთვის. არასწორად არ გაიგოთ – „მთავარი არხიდან“ არ მივდივარ; ეკრანზე აღარ გამოვჩნდები, უბრალოდ, თორემ აქ საქმე კადრს მიღმაც უამრავია. როდისმე, ალბათ, დავბრუნდები სხვა გადაცემით; ან არ დავბრუნდები… ჯერ არ ვიცი.

    ჩემი გადაწყვეტილება მომავალი არჩევნების შედეგებზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული – აგერ, ხომ ხედავთ, ახლავე ვამბობ, რომ წავალ, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები.

    არადა ვინ იფიქრებდა?…

    2006 წელს „მაესტროდან“ „რუსთავი 2“-ზე რომ გადავედი, ერთი გადაცემის, „ბიზნეს-კურიერის“ რიგით გრაფიკოსად დავიწყე მუშაობა, მაგრამ თან ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი და ძალიან მინდოდა „პოსტ-სკრიპტუმში“ მუშაობის დაწყება. ერთ-ერთ იქაურ ჟურნალისტს ვთხოვე კიდეც, ეკითხა პროდიუსერებისთვის, თუ არსებობდა შანსი, რომ „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდის წევრი გავმხდარიყავი. არ ვიცი, მივიდა თუ არა საერთოდ ეს ამბავი პროდიუსერებამდე… იმიტომ, რომ ჩემთვის აღარავის არაფერი უთქვამს და მეც აღარ ამომიღია ხმა.

    მალევე მივხვდი, როგორი მიამიტური იყო მაშინ ჩემი წარმოდგენა, რომ „ბიზნეს-კურიერის“ დანჯღანულ, ფერადთმიან, უკუღმაშარვალამოცმულ, ყურებდახვრეტილ გრაფიკოსს – თანაც სათანადო ჟურნალისტური გამოცდილების გარეშე – „პოსტ-სკრიპტუმის“ თუნდაც რიგით კორესპონდენტად მიმიღებდნენ.

    და იმ დროს ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, რომ მე როდისმე ჯერ „კურიერის“, შემდეგ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანის“ და ბოლოს სწორედ „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანი გავხდებოდი, ხომ არც დავიჯერებდი და მაგრადაც დავცინებდი.

    ახლა კი საკუთარი ნებით მივდივარ და ვტოვებ გადაცემას, რომელში მოხვედრასაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამაოდ ვცდილობდი.

    ამ ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, პროდიუსერებთან მუშაობა დიდი პატივია არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ სუფთა ადამიანური კუთხითაც.

    სტანდარტების და გემოვნების საკითხში მათ ბევრი ვერ შეედრება; ჩემი გამოხტომები ყველაზე მეტად მათთვის იყო მიუღებელი, მაგრამ ყოველთვის გაგებით და მოთმინებით მიღებდნენ – როგორც ოჯახის წევრს რომ პატიობ წარმოუდგენელ დანაშაულსაც კი და ცდილობ, ფრთხილად მისცე შენიშვნა; ისე, რომ არ აწყენინო – ასე იქცეოდნენ ჩემთან მიმართებით ეს ადამიანები ყოველთვის.

    პუტინი რომ საფლავში ჩავდე, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ელი თუ სხვა კოლეგები სოციალურ ქსელებში ღიად მგმობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს გაკრიტიკებას და ჩემგან გამიჯვნას, როდესაც ზოგიერთი მათგანი დირექტორის კაბინეტში სამსახურიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაგდებას მოითხოვდა, ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლების წაქეზებით გარეთ შეკრებილი გააფთრებული ხალხი, მაშინაც ეს გუნდი ჩემს გვერდით დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლიდან ყველაზე მიუღებელი ჩემი საქციელი, შესაძლოა, სწორედ მათთვის იყო.

    მაგრამ მათ გამიგეს და დაინახეს, რა ვითარება იყო ირგვლივ და რა სახიფათო მდგომარეობაში აღმოვჩნდი პირადად მეც. ამიტომ იმ მომენტში არცერთ მათგანს აზრადაც კი არ მოსვლია ჩემთან დაპირისპირება ან საყვედურის თქმაც კი, საჯარო პოსტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

    ვიცი, რომ ისინი ახლაც გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე. მათ ბევრად უფრო მეტი იციან – თქვენთან ყველაფერს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი…

    მაგრამ ჯერ მე ისევ აქ ვარ – არჩევნების ორომტრიალის დასრულებამდე არსად მივდივარ, რამდენიმე გადაცემა კიდევ დამრჩა წასაყვანი.

    ნეტავ, ის გამაგებინა, „ქართულ ოცნებაში“ როდის მიხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა?

    მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი”,– წერს გიორგი გაბუნია.

    ცნობისთვის, მთავარ არხზე პოსტ ფაქტუმს” გიორგი გაბუნიას ნაცვლად მიშა სესიაშვილი წაიყვანს. გაბუნია გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა.

  • ძალიან მომბეზრდნენ ეს არათანამედროვე, დაბღვერილი კაცები – ნათია ფანჯიკიძე

    ”რა უსაქმური უნდა იყო კაცი და არაფრის შენება იცოდე, 21-ე საუნის 20-იან წლებში კიდევ ომი რომ დაიწყო და მკვლელობებით იქცევდე თავს. საციგაო გაეკეთებინა ციმბირში, ძველი ლაგერების ტერიტორიაზე, არ ჯობდა? ჩავიდოდით, ვისრიალებდით ყველა ერთად, ვიგუნდავებდით კიდეც. გამოეტანა ბევრი ვოდკა გასაყიდად, პელმენის სუპი კიდევ. ძალიან მომბეზრდნენ ეს არათანამედროვე, დაბღვერილი კაცები და მათი გაუთავებელი კრიზისების მსხვერპლობა.”

    წერს, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე.

     

  • გველებით სავსე სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვნეს

    აშშ–ს მერილენდის შტატის 49 წლის მცხოვრები მამაკაცი მეზობლებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. მის ოთახში ასზე მეტი, მათ შორის ბევრი შხამიანი გველი იყო.

    ამასთან, ყველა რეპტილია ტერარიუმში იყო განთავსებული, ამიტომაც სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

    მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. მათ სახლში სხვადასხვა სახეობის ზუსტად 124 გველი დათვალეს. მათ შორის პითონები და კობრები.

    ყველაზე დიდი მათ შორის ოთხმეტრიანი ბირმული პითონია.

    ადგილზე მამაკაცის სიკვდილის კონსტატირება მოხდა, თუმცა მიზეზი ვერ დადგინდა. პოლიციაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ეჭვი სიკვდილთან სხვა ადამიანის შემხებლობის შესახებ და იმედი აქვთ, რომ უფრო მეტს გაკვეთის და ექსპერტიზის შემდეგ გაიგებენ.

    ქვეწარმავლების ბედს ზოოკონტროლის საოლქო ცენტრი ექსპერტების დახმარებით გადაწყვეტს. მერილენდის შტატის კანონებით სახლში შხამიანი გველების ყოლა აკრძალულია.

    ცენტრის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ გველები სხვა შტატებში გაგზავნეს და ყველა მათგანი შესაბამის ორგანიზაციაში განათავსეს შესაბამისი ლიცენზიებით და ნებართვებით.

    არ არის გამორიცხული, ისინი კერძო მფლობელების ხელში აღმოჩნდნენ, რომლებსაც აუცილებელი ლიცენზია ექნებათ.