Category: სხვადასხვა

  • ვინ ჩააცმევს რუსებს: ქვეყნიდან წასულ ევროპული ტანსაცმლის ბრენდებს ირანული და ინდური ჩაანაცვლებენ

    რუსეთიდან წასული ცნობილი უცხოური ტანსაცმლის  ბრენდების ნაცვლად ბაზარზე ირანული და ინდური ბრენდების შესვლას ელოდებიან. სად წავიდეთ შოფინგზე?სვამს კითხვას  რუსული ტელეარხი РБК და პასუხობს, რომ რუსული ქალაქების სავაჭრო ცენტრების დაცარიელებულ მაღაზიებს ირანული და ინდური ბრენდები დაიკავებენ, რომელიც ამ დრომდე რუსი მომხმარებლისთვის უცნობია.

    რუსეთის სავაჭრო ცენტრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროცესი დაწყებულია. ირანული ტანსაცმწლის მწარმოებლები და რითეილერები უკვე მიიწვიეს რუსეთში, რათა ბაზრის თავისებურებებს გაეცნონ. ახლო მომავალში შეიძლება პირველი 30 მაღაზია გაიხსნას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბრენდებზეა საუბარი. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით რუსეთში დიდი თანხების ინვესტირება არ სურთ და მზად არიან  გამოთავისუფლებული ნიშა ადგილობრივი დილერებისთვის საკუთარი მზა პროდუქციის მიყიდვით დაიკავონ. ვინ გაიღებს მარკეტინგულ ხარჯებს სრულიად უცნობი ბრენდების მომხმარებლისთვის გასაცნობად, ჯერჯერობით გაურკვეველია.

    ჩნდება კითხვები ხარისხთან და სტილთან დაკავშირებითაც. РБК–ს ჟურნალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ირანული ბრენდები რუსული ბაზრის თავისებურებას გაითვალისწინებენ და მისთვის შესაბამის მოდელებს დაამზადებენ.

    2018 წლიდან ირანში ტანსაცმლის იმპორტი სანქციების გამო აკრძალულია, თუმცა როგორც გაირკვა, არსებობს ადგილობრივი ადგილობრივი ტანსაცმლის მწარმოებელი ფაბრიკები. სწორედ მათ შესთავაზეს რუსეთს საკუთარი თავი ცნობილი ევროპული ბრენდების გასვლის შემდეგ.

    რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ქვეყნიდან 160 ბრენდი გავიდა, რომელთა შორის მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდები არიან. სხვადასხვა გათვლებით სავაჭრო ფართების 40%–მდე დამქირავებლის გარეშე დარჩა. რუსეთში მსჯელობენ, როგორ ჩაანაცვლონ ისინი.

    ჟურნალისტების ინფორმაციით, იგეგმება ინდური  ბრენდების ბაზარზე შესვლაც. საუბარია არა ტრადიციულ ინდურ სამოსზე, არამედ  საერთაშორისო მომხმარებლის მოთხოვნასთან ადაპტირებულ ტანსაცმელზე. ამ ეტაპზე ათამდე ბრენდის შესვლა განიხილება. ჯერჯერობით რუსეთში არსებულ ინდურ მაღაზიებში კოლორიტული ინდური ტანსაცმელი იყიდება – ძირითადად აბრეშუმის და ტილოსი, ყოველდღიური მოხმარებიისთვის გამოსადეგი ტანსაცმელი კი ნაკლებია.  РБК–ს ჟურნალისტები ამ დროისთვის რუსულ ბაზარზე არსებულ ინდურ ტანსაცმელს უხარისხოს უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ინდოეთი რუსულ მასმარკეტზე გათვლილ ხარისხიან პროდუქციას შეიტანს, რომელიც  ფართო მომხმარებელს დააკმაყოფილებს და რუსი მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

    ვინ ჩააცმევს რუსებს სანქციების პირობებში? ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო რთულდება.

    ადგილობრივი რუსი დიზაინერები ბაზრის ათვისებას ახლო მომავალში ვერ შეძლებენ. რუსული მედია ამბობს, რომ რუსი დიზაინერების პროდუქცია ძირითადად ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი და ძვირია. ფართო მომხმარებლისთვის მასობრივი წარმოების დაწყება კი რუსეთში რთულია და წლები დაჭირდება: არ არსებობს შესაბამისი კადრები და მათ გაზრდას დიდი დრო უნდა, არის ძაფების და ნაჭრების დეფიციტი. წარმოების აწყობას კი ამ ყველაფერთან ერთად ინვესტიციები ჭირდება, რაც რუსეთში ახლა სერიოზული პრობლემაა.

  • კრიშტიანუ რონალდუს შვილი გარდაიცვალა

    “მანჩესტერ იუნაითედის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. ფეხბურთის ვარსკვლავმა პირად ინსტაგრამ ანგარიშზე განცხადება რამდენიმე ენაზე გამოაქვეყნა.

    „იძულებული ვართ ღრმა მწუხარებით განვაცხადოთ, რომ ჩვენი უმცროსი შვილი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რაც შეიძლება მშობლებმა გამოსცადონ“– წერს რონალდუ.

    ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მისი ცოლი, ჯორჯინა როდრიგესი ტყუპების– გოგოს და ბიჭის დაბადებას ელოდებოდნენ. გოგონა გადარჩა, ბიჭი კი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.

    რონალდუ ამბობს, რომ მხოლოდ გოგონას დაბადება აძლევს მას და ჯორჯინას ძალებს, რომ ეს მძიმე მომენტი იმედით და ბედნიერებით გადაიტანონ.

    რონალდუ ექიმებს და მედდებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის, თაყვანისმცემლებს და ჟურნალისტებს კი თხოვს დროებით თავი გაანებონ.

    “ამ დანაკარგით განადგურებულები ვართ და ვთხოვთ ყველას დაიცვათ ჩვენი კონფიდენციალობა ამ რთულ დროს. პატარავ, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები. კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი“– წერს თავის წერილში ფეხბურთის ვარსკვლავი.

    რონალდუ და მისი ცოლი ოთხ შვილს ზრდიან. იმის შესახებ, რომ წყვილი კიდევ ორი შვილის, ტყუპების დაბადებას ელოდებოდა 2021 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. დეკემბერში კი ცნობილი გახდა ბავშვების სქესი. წყვილი ბიჭის და გოგონას დაბადებას ელოდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ბიჭი ვერ გადარჩა.

  • მოსკოვის მერის თქმით, დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა

    მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლაა.

    “ვაგრძელებთ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის  ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას.  ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – აცხადებს სობიანინი

  • ქალბატონი ელჩის განცხადებას განვიხილავ შიშველ სპეკულაციად და დაუსაბუთებელ ბრალდებად–ნიკა გვარამია ამერიკის ელჩზე

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს:

    “როგორც რადიო თავისუფლება გვამცნობს, აშშ ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა შემდეგი:
    “ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი, [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადის სპიკერთან, ვფიქრობ, იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი“.

    ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმადაც მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ნადირობა, ბულინგი და დამცირება, ამერიკის ელჩის ამგვარი განცხადება შესაძლოა აღმოჩნდეს მედიაზე ძალადობის და მასზე ზეწოლის ახალი და კიდევ უფრო ძლიერი ტალღის ტრიგერი.

    ჩვენ უნდა აგვიხსნან ამ განცხადების არსი:

    რომელი მედია იგულისხმება (ქართული, უკრაინული თუ ორივე)

    თუ ქართული, რომელი – სამთავრობო თუ ოპოზიციური

    თუ ოპიზიციური, კონკრეტულად რომელი

    კონკრეტულად, რა არის მედიის ბრალი: ქართული ოცნების ლაივში გაკეთებული გამცხადებები მოიგონა, უკრაინელების განცხადებები მოიგონა, ხელი შეუშალა უკრაინულ მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირ კომუნიკაციას?

    ან განიმარტოს, რომ ამგვარი განცხადება არ გაკეთებულა, ან გულისხმობდა სხვა რამეს, ან კონტექსტიდან ამოღებამ შეცვალა განცხადების შინაარსი

    ან განიმარტოს, რომ ელჩმა შეცდომა დაუშვა და სწუხს ამის გამო

    ვიდრე ამ შეკითხვებზე პასუხებს და მტკიცებულებებს ვერ მივიღებთ, ვწუხვარ, მაგრამ ქალბატონი ელჩის განცხადებას განვიხილავ შიშველ სპეკულაციად და დაუსაბუთებელ ბრალდებად, რისი მიზანიც ჩემთვის უცნობია.

    ამ წუთისთვის რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული აშშ ელჩის განცხადება ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების და მედიის საქმიანობის ამერიკულ და ქართულ სტანდარტებს და ქმნის იმ საფრთხეების გაზრდის მაღალ რისკებს, რაც ამერიკისვე სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით, საქართველოში ისედაც უკიდურესად სახიფათო კონდიციაშია.
    იმედს ვიტოვებ, შეკითხვები არ დარჩება უპასუხოდ.“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

    შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და განაცხადა, რომ დელეგაციის მრავალპარტიულობა დადებითი ნიშანია.

    ელჩმა თქვა, რომ მოხარულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის წლების განმავლობაში არსებული ძმური ურთიერთობა ისევ სახეზეა.

    „ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია მრავალპარტიული დელეგაციაა, რაც გამოხატავს საქართველოს ხალხის ძლიერ გრძნობას, რომ მათ სურთ სოლიდარობა გამოხატონ უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი, [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადის სპიკერთან, ვფიქრობ, იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი და მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ხანგრძლივი, ძლიერი, ძმური მხარდაჭერა ისევ ადგილზეა და ისევ ძლიერია მაშინ, როცა ეს უკრაინას სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

    მისი სიტყვებით, „ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს მაშინ, როცა უკრაინა და საქართველო უპირისპირდებიან ერთმანეთს, არის რუსეთი”, ამიტომ ამ ერთიანობის ნახვა ახლა ძალიან სასიხარულოა.

    “ახლა ის მომენტია, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათელი გახადოს, რომ ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ქალაქების დანგრევა დაუშვებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

    კელი დენგანი დღეს, 15 აპრილს, ესწრებოდა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.

  • უნიკალური ოპერაცია: კიევში ექიმებმა დაჭრილი ჯარისკაცის გულიდან ტყვია ამოიღეს

    კიევის “ფეოფანიის“ საავადმყოფოში ექიმებმა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის, ვლადიმირ გორდიენკოს გულიდან ტყვია ამოიღეს. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წერს.

    20 წლის უკრაინელი სამხედრო რუსების ტყვეობიდან გაქცევისას დაიჭრა. ის მოწინააღმდეგემ ტყვედ ჩაიგდო და აწამა, თუმცა მეგობართან ერთად გაქცევა შეძლო. ავტომობილის დაცხრილვისას ის დაიჭრა, შემდეგ კი გულში ტყვიით და პნევმოჰომოთორაქსით (პლევრის ღრუში გაზის და სისხლის დაგროვება) ორი დღე იარა.

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მას პირველადი დახმარება ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევისას ექიმებმა პაციენტის გულში უცხო სხეული აღმოაჩინეს, ამიტომაც კიევში, ფეოფანიის საავამდყოფოს ინოვაციური კარდიოქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

    ვლადიმირ გორდიენკოს გულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტი

    კიეველმა ქირურგებმა ტყვიიის ფრაგმენტი მარცხენა პარკუჭის კედელში აღმოაჩინეს. ნახევარი მილიმეტრიღა იყო დარჩენილი, რომ ის ორგანოს ღრუში მოხვედრილიყო, რაც ნახვრეტს, ინსულტს ან კიდურების დაკარგვას გამოიწვევდა. ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც 5 საათს გრძელდებოდა. თან ისე, რომ პაციენტის  გული არ გაუჩერებიათ. მის უწვეტ მუშაობას სპეციალური სტაბილიზატორები უზრუნველყოფდნენ.

    ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე საათში ვლადიმირ გორდიენკომ ლაპარაკი შეძლო, მეორე დღეს კი სიარული. ექიმებმა ის უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, თუმცა კვლავ მეთვალყურეობას უწევენ.

    უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო რთული ოპერაციის მონაწილე ყველა ექიმს მადლობას უხდის.

  • “უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა“–ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

    “უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა“–ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

    ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე წერს, რომ ტვ პირველს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას უკრაინაში ვიზიტი არ შეატყობინეს.

    “ეხლა მომისმინეთ რა. ტვ ,,პირველი,, იმით მიყვარს,არავისი რომ არაა,არც ერთი პოლიტიკური ძალის და ფიგურის. არავისთან რომ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება( რაც არ უნდა გვაბრალონ, ჩვენმა თანამშრომლებმა იციან ყველაზე კარგად, რომ არასოდეს, არავის არაფერს ვავალებთ,პოლიტიკურ ორიენტირს არავის ვუხაზავთ ) .. ხოდა, ხელისუფლებას რომ მწვავედ ვაკრიტიკებთ, თუ ვინმე ფიქრობს, ოპოზიციას მოვერიდებით, არ ვიტყვით,რაც სათქმელია, ძალიან,ძალიან ცდება…. თუ ოპოზიციიდან ვინმე ფიქრობს, რომ მათია ტვ ,,პირველი,. აქაც ძალიან ცდება. ეთერებში მხოლოდ ოპოზიცია დადის იმიტომ, რომ არ დადის ხელისუფლება …. უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა, რომ ტვ ,, პირველისთვის,, შეიძლებოდა დაგემალათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება, დამიჯერეთ! უბრალოდ,იმხელა ვარ უკვე, ზუსტად შემიძლია ვთქვა. რომ პირიქით!“– წერს ინგა გრიგოლია.

  • შთამბეჭდავი რეკორდი: Mercedes-Benz Vision EQXX–მა აკუმლატორის დამუხტვის გარეშე 1000 კმ–ზე მეტი გაიარა

    ახალმა ელექტრომობილმა Mercedes-Benz Vision EQXX რეალობაში დაამტკიცა მისი შთამბეჭდავი შესაძლებლობები. მან 1000 კილომეტრზე მეტი გაიარა აკუმლატორის დამუხტვის გარეშე. ამის შესახებ გერმანული ბრენდის ოფიციალური გვერდი წერს.

    Mercedes-Benz Vision EQXX –ის მარშრუტი გერმანაში, ზინდელფინგერში მდებარე ქარხანაში დაიწყო და საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, მარსელის სიახლოვეს ქალაქ კასიში დასრულდა. მარშრუტის სიგრძე 1008 კილომეტრი იყო.

    საოცარია, რომ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც აკუმლატორი ბოლომდე დამჯდარი არ იყო. მას შემდეგ მანქანით კიდევ 140 კილომეტრის გავლა გახდა შესაძლებელი, ანუ თეორიულად შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილის ერთი დამუხტვით თითქმის 1150 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ამასთან, ელექტრომობილის საშუალო სიჩქარე დისტანციის მანძილზე 90 კმ/სთ–ს შეადგენდა, ავტობანებზე კი სიჩქარეს 140 კმ/სთ–მდე უმატებდნენ.

    მარშრუტი სპეციალურად შეირჩა – წვრილი, ორხაზიანი გზებით, რემონტზე დაკეტილი მონაკვეთებით და ქალაქის საცობებით. ალპების ციცაბო დაღმართებზე აქტიურად გამოიყენებოდა მუხრუჭები. ასევე თავისი წვლილი შეიტანა სახურავზე დამაგრებულმა მზის ელემენტებმა.

    შეგახსენებთ, რომ მერსედესის ახალი მოდელი – Mercedes-Benz Vision EQXX გაყიდვაში 2024 წელს გამოვა. ბრენდის ყველაზე ინოვაციურს მოდელს არც ისე მოცულობითი აკუმლატორი აქვს. თუმცა დიდი მანძილის გავლის შესაძლებლობას კარგად გააზრებული აეროდინამიკის, მანქანის შედარებით მცირე წონის და მაღალეფექტური, 204 ძალიანი ელექტრომოტორის საშუალებით მიაღწიეს.

  • “თვეზე მეტია ქმარი არ მინახავს“–უკრაინის პირველი ლედი

    უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკაიამ ამერიკულ ტელეარხს, სიენენ–ს ელექტრონული ფოსტით მისცა ინტერვიუ, რომელშიც  ყვება, როგორ ცხოვრობს ომის დაწყების შემდეგ. ის ქველმოქმედებით არის დაკავებული, ისევე როგოც მშვიდობიანობის დროს და უკრაინელ ბავშვებზე ზრუნავს, რომელთა მდგომარეობა ომის დაწყების შემდეგ კატასტროფულია.

    “ახლა ჩვენ ვზრუნავთ და ვლაპარაკობთ არა მათ ჯანსაღ კვებაზე, არამედ ზოგადად კვებაზე, ჩვენი ბავშვების გადარჩენაზე. ჩვენი ბავშვების ნახევარი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ათასობით ბავშვი დაზარალდა ფიზიკურად და ემოციურად“– ამბობს ელენა ზელენსკაია.

    კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს ქმართან ომის დროს, პირველმა ლედიმ უპასუხა, რომ ვლადიმერ ზელენსკი უკვე ერთი თვეა არ უნახავს.

    “ვლადიმირი და მისი გუნდი პრეზიდენტის ოფისში ცხოვრობენ. ჩემთვის და ბავშვებისთვის იქ დარჩენა არ შეიძლება – ძალიან საშიშია. ამიტომ ერთ თვეზე მეტია მხოლოდ ტელეფონით გვაქვს ურთიერთობა“– ამბობს ის.

  • მოსკოვის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ხელში წიგნი “ომი და მშვიდობა“ ეჭირა

    მოსკოვის პოლიციამ მოსკოველი კონსტანტინ გოლდმანი დააკავა, რომელიც ალქსანდროვის ბაღში, გმირი–ქალაქის, კიევის მონუმენტთან იდგა და ხელში ლევ ტოლსტოის წიგნი, ომი და მშვიდობა ეჭირა. პოლიციამ ჩათვალა, რომ ის პიკეტს მართავდა. სამართალდამცავების ინფორმაციით ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადგილზე მისი ადვოკატიც მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით აღძრავენ საქმეს დაკავებულის წინააღმდეგ.

    უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ქალაქებში პოლიცია მომენტალურად აკავებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ხელში პლაკატი უჭირავს, თუნდაც ის მარტო იდგეს. იყო შემთხვევა, როცა პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლით მდგარი ახალგაზრდა კაცი დააპატიმრა. ომის საწინააღმდეგო ნებისმიერი გამოხატვა რუსეთში დასჯადია.

  • მთავარია არ გაჩერდეთ–სწორი სტრატეგია ზედმეტი კალორიების დასაწვავად

    მსოფლიო მოსახლეობის ორმოცდახუთი პროცენტი ცდილობს  წონაში რამდენიმე კილო დაიკლოს.  2020 წლის “IPSOS“- ის გამოკითხვის მიხედვით, მათ მიზნის მისაღწევად დიეტის დაცვას ურჩევნიათ მეტი ივარჯიშონ და უკეთ იკვებონ, დიეტის მაგივრად. ამ მეთოდს უწოდებენ  „მიიღე კალორია, დაწვი კალორია“ , რაც იმაზე მეტი კალორიის დაწვას გულისხმობს, რომელსაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს.  მაგრამ ამ მეთოდს ერთი პრობლემა აქვს: იმის დაზუსტება თუ რამდენ კალორიებს წვავ ბევრად უფრო რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათ.

    კალორიების რაოდენობა რომელსაც  ადამიანიკონკრეტული ვარჯიშით ან მოძრაობით  წვავს, დამოკიდებულია მრავალ წინაპირობაზე, როგორიცაა სიმაღლე, წონა, სქესი, და კუნთის მასა, ასევე აღსანიშნია რომ ამინდსა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც კი შეუძლია ჰქონდეს გავლენა ზოგიერთი ვარჯიშის დროს დამწვარი კალორიების რაოდენობაზე.

    „თქვენი სხეული იტვირთება მეტად, როდესაც გარბიხართ ათ კილომეტრს, როდესაც გარე ტემპერატურა ოცდაშვიდი გრადუსი ცელსიუსია და ტენიანი ამინდი, ვიდრე მაშინ, როდესაც ათი გრადუსი ცელსიუსია და მშრალი ამინდი.“- ამბობს კით ენდერსონი, ჩრდილოეთ კაროლინის “Novant Health”- ის კლინიკის ოჯახისა და სპორტის მედიცინის ექიმი.

    „თქვენი სხეული ასევე მეტად იტვირთება როდესაც ცდილობს სითბო შეინარჩუნოს სიცივეში, ან როდესაც კარგად არ გეძინათ წინა ღამეს. მეტაბოლიზმი ძალიან ბევრ ნიუანსებს შეიცავს.“- ამბობს ის.

    კალორიების აღმრიცხველი მოწყობილობები, მაგალითად, ფიტნეს საათები, ხანდახან სიზუსტით არ გამოირჩევიან.

    ერთ–ერთი  კვლევის მიხედვით , მიუხედავად იმისა, რომ შვიდი გამოკვლეული ფიტნეს საათებიდან ყველამ მისაღები სიზუსტით გაზომა  პულსი სიარულის, სირბილისა და ველოსიპედის ტარებისას დროს, ზუსტად ვერცერთმა გაზომა ენერგიის (კალორიების) წვა. ყველაზე ზუსტი მოწყობილობა ნამდვილ მონაცემებს 27%-ით იყო აცდენილი, ყველაზე არაზუსტი  კი 93%-ით.

    „სავარჯიშო აღჭურვილობა ყოველთვის საიმედო არ არის“

    ფიტნეს საათების მსგავსად, კალორიების მრიცხველები სავარჯიშო აღჭურვილობებზე, (მაგალითად: სარბენალი ბილიკი, სავარჯიშო ველოსიპედი და ელიფსური მოწყობილობები) არ არის საიმედო. კონკრეტულად ელიფსურ მოწყობილობები გამოირჩევიან კალორიების წვის არაზუსტი მაჩვენებელით გამირჩევიან,  სავარჯიშო არჭურვილობის ყველა მოდელს კი ახასიათებს გადაჭარბებული შეფასება იმის, თუ რამდენ კალორიებს წვავთ სინამდვილეში. ამის შესახებ კვლევა  ჟურნალი „Exercise Medicine“-ში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ  მოცემული აღჭურვილობების მრიცხველების მიხედვით გამოკვლევაში მონაწილე პირები საათში წვავდნენ 200 კალორიით მეტს, ვიდრე სინამდვილეში, როდესაც საშუალო დონის ინტენსიურობით  ვარჯიშობდნენ.

    „უბრალოდ შეუძლებელია ამ მოწყობილობებს ენდო,“ -ამბობს რეგისტრირებული დიეტოლოგი, კვების ტრენერი ა.შ.შ-ს სპორტული მედიცინის ეროვნულ აკადემიაში.კეტ ბეარფილდი:

    „მაშინაც კი როცა ივარჯიშებ ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში და გამოიყენებ დახვეწილ საზომ ეკიპირებას, სრულიად ზუსტ რეზულტატებს ვერ მიიღებ“- ამბოს ის.

    შესაბამისად, თუ ზუსტად ვერავინ დაადგენს, რამდენ კალორიებს წვავს ადამიანი კონკრეტული ვარჯიშის დროს, როგორ შეიძლება, მათთვის დადებით ფიტნეს გეგმა შეარჩიონ? „აირჩიეთ აქტივობები რომლებიც მთლიან სხეულს ავარჯიშებენ, რადგან ისინი წვავენ ყველაზე მეტ კალორიებს“- ამბობს ექიმი კით ენდერსონი.

    „მე პირადად ვემზადები ტრიატლონის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, და მე ბევრად მეტ კალორიებს ვწვავ ცურვითა და სირბილით ვიდრე ველოსიპედის ტარებით,“ „ასევე კარგი არჩევანია  პილატესი და მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, ასევე ცნობილი როგორც H.I.I.T”- ამბობს ექიმი კით ენდერსონი.

    „რაც მეტი სახის მოძრაობა შეგიძლია გაურიო ვარჯიშში, მით უკეთესია იგი“-ამბობს კეტ ბეარფილდი. იგი აღნიშნავს, რომ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ტრეკინგის ჯოხები როდესაც გადიხართ სასეირნოდ ან სარბენლად, რომ რამოდენიმე კალორიით მეტი დაწვათ. თუნდაც მუსიკის მოსმენასაც შეუძლია დაგეხმაროთ. „მუსიკა მოგცემთ მეტ ენერგიას, რათა ირბინოთ უფრო ინტენსიურად“- ამბობს ის.

    „წონის დაკლების იოლი მეთოდები“

    ბევრს ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს  იმაზე თუ რამდენ კალორიას იღებს კვების დროს. კონკრეტული საკვების ენერგეტიკული ღირებულების (კალორიების) სავარაუდო მაჩვენებელები,  ინფორმაციის წყაროს მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში  ნამდვილ მაჩვენებელთან მიახლოებულია . მაგალითად: ა.შ.შ-ს აგროკულტურის დეპარტამენტის რეესტრის მიხედვით, ერთი ცალი საშუალო ზომის ვაშლი შეიცავს დაახლოებით 100 კალორიას, ეს ციფრი რათქმაუნდა ცვალებადია და დამოკიდებულია ვაშლის კონკრეტულ სახეობაზე და ზომაზე. მაგრამ ექიმი კით ენდერსონი ამბობს, რომ კალორიების დათვლაც ხანდახან შეიძლება პრობლემატური იყოს.

    „მე არ ვიცნობ ბევრ პაციენტს, რომელსაც სიზუსტით შეუძლია დაითვალოს თავისი დღიური კალორიების რაოდენობა. მათ შეიძლება ნახონ ინტერნეტში, რომ ეს(საკვები) არის ამდენი კალორია, მაგრამ იციან თუ არა ზუსტად რამდენ კარაქს ადებენ თავიანთ სენდვიჩს? ჭამენ თუ არა პურის ქერქს? საბოლოო ჯამში მაინც ვარაუდი უწევთ“- ამბობს კით ენდერსონი.

    ექიმი კეტ ბეარფილდიც უმეტეს შემთხვევაში არ ურჩევს პაციენტებს,  დაითვალონ კალორიების რაოდენობა.  ამის ნაცვლად იგი მოუწოდებს მათ, რომ ხშირად ანაცვლონ ვარჯიშის სახეობები, რადგან, რაც უფრო მეტს შეასრულებთ რაიმე სახის აქტივობას (მაგალითად: ველოსიპედით სიარული.), მით უფრო მეტად ადაპტირდება თქვენი სხეული ამ ვარჯიშის შესრულების მიმართ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს. შედეგად კი ნაკლებ კალორიებს დაწვავთ ამ კონკრეტული აქტივობით. ამიტომაც ყოველ ერთ კვირაში ახალი ვარჯიშის მეთოდის ათვისება ხელს უწყობს წონის კლებას.

    ექიმი კეტ ბეარფილდი ასევე მოყვარულია ეგრედწოდებული „NEAT“ (ნით) მეთოდის, რაც არის ტერმინი კალორიებისთვის რომელსაც წვავთ ნებისმიერი მოძრაობით, გარდა ჭამისა, ძილისა და დაგეგმილი ვარჯიშებისა.

    „ეს (NEAT-ი) არის ჩვეულებრივი აქტივობები როგორიცაა კიბეებზე ასვლა, ყვავილების მორწყვა-მოვლა და აქეთ-იქეთ სიარული როდესაც ტელეფონზე ლაპარაკობთ – ეს ყველაფერი არის NEAT“- ამბობს ის.

     „განაგრძე მოძრაობა“

    ექიმი ჯეიმს ლევინის  2009 წელს გამოცემულ წიგნში:“იმოძრავე ცოტა, დაიკელი ბევრი“, იგი ამბობს, რომ მჯდომარე და არააქტიური ცხოვრების წესი ყოველდღიურად ამცირებს წონის დაკლების პონტეციალს საშუალოდ 1500 კალორიით. ექიმი ლევინი გახლავთ ენდოკრინოლოგი, რომელმაც შექმნა პირველი ეგრეთწოდებული „სარბენი მაგიდა“, რაც არის საინტერესო ნაზავი სარბენ ბილიკსა და სამუშაო მაგიდის შორის. ექიმმა ლევინმა სარბენი მაგიდა შექმნა მათთვის ვისაც სურს, რომ არ მოუწიოთ მჯდომარე ცხოვრების წესი ჰქონდეთ, მიუხედავად მათი სამუშაოს სტილისა და დაწვან ის კალორიები, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდნენ და ასევე,   გაზარდონ „NEAT“ მეთოდის ეფექტიურობა.

    ალბათ ბევრი ამჯობინებს „NEAT“ მეთოდით წონის დაკლებას, ვიდრე კალორიები დაითვალონ ან გაარკვიონ რომელი ვარჯიშის სახეობა დაწვავს ყველაზე მეტს. მაგრამ მაშინაც კი როდესაც დაუფიქრდებით „NEAT“ მეთოდს, არ დაიკარგოთ დეტალებში, მოგიწოდებთ ექიმი ენდერსონი.

    „თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ძალიან ბევრი დრო კალორიების დათვლაში, მაგრამ ეს ძალიან სტრესულია, ჩვენ ისედაც ძალიან ბევრი სტრესი გვაქვს ცხოვრებაში“.

    ამის მაგივრად ექიმი ენდერსონი მოგიწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას და არა წონას, და რომ ხშირად იმოძრაოთ, იქნება ეს სირბილი, სიარული თუ სახლში ცეკვა როდესაც მარტო ხართ, მნიშვნელობა არ აქვს მთავარია არ გაჩერდეთ. „ვარჯიში ყოველთვის აჯობებს დიეტას“-ამბობს კით ენდერსონი.