რუსი ოლიგარქის, სერგეი ბაჩინის ქალიშვილი რუსეთში შესვლისას დააკავეს, რადგან რუსეთში Louis Vuitton–ის ბრილიანტის სამკაულები შეჰქონდა. ინციდენტი როგორც ირკვევა ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ანა ბაჩინა აშშ–დან რუსეთში სტამბულის გავლით ჩაფრინდა. მას თან ჰქონდა Louis Vuitton –ის სამკაულების ახალი კოლექცია Volt–ის მთელი კომპლექტი, რომელიც Z-ის მსგავსი სიმბოლოს გამოყენების გამო გააკრიტიკეს.
ანამ დეკლარაციაში არ შეიტანა სამი ბეჭედი, სამი წყვილი საყურე, ორი ყელსაბამი და სამი სამაჯური. ქალი დააკავეს, სამკაულები კი ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. რუსული მედიის ინფორმაციით სამკაულების ღირებულება მინიმუმ 100 000 დოლარია. ახლა პოლიცია კონტრაბანდის მუხლით სწავლობს საქმეს, რომლის მიხედვით ოლიგარის შვილს 3–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავად ანა ბაჩინა ამბობს, რომ სამკაულების ჩატანა მამამ, სერგეი ბაჩინმა თხოვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ძვირფასი ნივთების შეძენა შეზღუდულია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გერმანიაში საქმე აღძრეს რუს ქალზე მას შემდეგ, რაც ის ძვირფას ჩანთაზე tax free–ს გაფორმებას ცდილობდა. მას 500 ევროიანი Furla–ს ჩანთა ჩამოართვეს, რადგან ევროკავშირმა მარტის შუა რიცხვებში რუსეთში 300 ევროზე ძვირადღირებული ფუფუნების ნივთების ექსპორტი აკრძალა.
რომის პაპი ფრანცისკი შეიძლება კიევში აგვისტოში ჩავიდეს, კანადიდან დაბრუნებისას, უკანა გზაზე. ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა, პოლ რიჩარდმა განაცხადა.
რომის პაპი უკრაინელმა პოლიტიკოსებმა და რელიგიურმა პირებმა ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ დაპატიჟეს უკრაინაში.
არ არის გამორიცხული, რომის პაპი მოსკოვსაც ეწვიოს.
მანამდე პონტიფიკოსი ამბობდა, რომ იმედი ჰქონდა რუსეთის პატრიარქ კირილს სექტემბერში ყაზახეთში შეხვდებოდა.
თავიდან ვარაუდობდნენ, რომ სულიერი ლიდერები 14 ივნისს იერუსალიმში შეხვდებოდნენ, თუმცა ვატიკანელმა დიპლომატებმა ჩათვალეს, რომ ასეთ სიტუაციაში ასეთი შეხვედრა მეტისმეტად სადაო იქნებოდა.
რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა კომენტარი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, აღნიშნავდა უკრაინელი ხალხის გმირობას და ამბობდა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო.
“მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ნაწილ–ნაწილ გავდივართ. ასეც არის. ვთვლი, რომ ახლა მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. რა მოსდის კაცობრიობას, რომელმაც ერთ ასწლეულში სამი მსოფლიო ომი გადაიტანა? ეს ცუდია კაცობრიობისთვის. ეს უბედურებაა. ერთ საუკუნეში სამი მსოფლიო ომი, იარაღით ვაჭრობა, რომელიც მათ კვებავს“– ამბობდა პაპი ცოტა ხნის წინ ინტერვიუში.
იტალიის ერთ–ერთი ყველაზე წონადი ძებნილი, განგსტერი როკო მორაბიტო რომში ჩაიყვანეს. მისი ექსტრადირება ბრაზილიიდან მოხდა, სადაც ის დიდი ხნის მანძილზე იმალებოდა.
55 წლის მორაბიტო ცნობილია, როგორც “მილანის კოკაინის მეფე“. ის ბრაზილიის და იტალიის პოლიციების ერთობლივი ოპერაციის დროს გასული წლის მაისში დააპატიმრეს. იტალიაში განგსტერი 30 წლიან პატიმრობას ციხეში მოიხდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით.
იტალიის მაფიის ერთ–ერთმა ბოსმა ძებნილობაში სამხრეთ ამერიკაში გაყალბებული დოკუმენტებით მრავალი წელი გაატარა.
ბოლოს და ბოლოს, გასულ წელს, პოლიციამ მის კვალს ჟუან–პესოაში, ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთის საპორტო ქალაქში მიაგნო, სადაც მაფიოზური დაჯგუფება “ნდრანგეტას“ წევრ ვინჩენცო პასკინოსთან ერთად დააკავა. ამ უკანასკნელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 17 წელი აქვს მისჯილი.
როკო მორაბიტოს რომში დაბრუნებით დასრულდა პოლიციის მიერ მისი დაკავების მცდელობის მრავალწლიანი ეპოპეა.
ის იტალიის სამხრეთით, კალაბრიაში ჯუზეპე მორაბიტოს ოჯახში დაიბადა, რომელიც ქალაქ აფრიკოში მაფიოზური დაჯგუფება “ნდრანგეტას“ ბოსი იყო. 2004 წელს ჯუზეპე დააპატიმრეს, შვილმა კი დაჯგუფების მართვის სადავეები აიღო.
დანაშაულებრივი ქსელი იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ კოკაინით უკანონო ვაჭრობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.
ახალგაზრდობაში მორაბიტომ მილანში ნარკოტიკებით წარმატებული მოვაჭრის სახელი გაითქვა, დააორგანიზა კოკაინის კონტრაბანდის საკვანძო მარშრუტები სამხრეთ ამერიკიდან ამ იტალიურ ქალაქში.
ელეგანტურ პიჯაკებში გამოწყობილ მორაბიტოს ხშირად შეხვდებოდით ქალაქის ელიტარულ წვეულებებზე. მალე ის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რომელმაც მასზე თვალთვალი დააწესა.
შედეგად გამოვლინდა, როგორ ცდილობდა მორაბიტო სამხრეთ ამერიკიდან ტონაზე მეტი კოკაინის შეტანის გარიგების ორგანიზებას, თუმცა ამის შემდეგ მალევე მაფიოზი გაქრა. პოლიცია თვლის, რომ ის ბრაზილიაში გაიქცა, სადაც გამოგონილი სახელით და გვარით ცხოვრობდა.
მორაბიტოს ვილა ურუგვაიში
იქიდან მეზობელ ურუგვაიში გადავიდა, სადაც კურორტ პუნტა–დელ–ესტეში 13 წელი ცხოვრობდა.
ურუგვაიში მორაბიტო მდიდრულ ვილას ქირაობდა, რომელსაც შემოქმედების ნიმუშები ამშვენებდა. მეზობლები ყვებიან, რომ ის მოკრძალებულ მანქანას მართავდა და არავის გასჩენია ეჭვი მისი სიმდიდრის შესახებ, სანამ ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად პომპეზური წვეულება არ მოაწყო.
გაქცეული განგსტერი კვლავ მოხვდა პოლიციის თვალთახედვის არეში, როცა შვილი სკოლაში მისი ნამდვილი სახელით და გვარით დაარეგისტრირა. 2017 წელს მან ცოლთან იჩხუბა და ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში სასტუმროში გადავიდა. სწორედ იქ მიაგნო პოლიციამ.
დაპატიმრების დროს მორაბიტოს პისტოლეტი, 13 მობილური ტელეფონი, პასპორტის 150 ფოტო უპოვნეს სხვადასხვა იმიჯით.
თუმცა, მალე ის ისევ თავისუფლებაზე აღმოჩნდა–ციხეში 2 წლის გატარების შემდეგ იტალიაში ექსტრადიციის მოლოდინში მორაბიტო სამ პატიმართან ერთად გაიქცა, სახურავში გაკეთებული ხვრელის საშუალებით.
საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც ინტერპოლი ხელმძღვანელობდა, ბოლოს და ბოლოს ის ქალაქ ჟუან–პესოას სასტუმროში იპოვნეს. გასულ კვირას ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ იტალიაში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
“თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც….” – “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმაურება.
“თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც… ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა ბევრი ხალხი უდგათო, “სრული მხარდაჭერა” აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძის და სირცხვილიას, ჩემი რწმენით და თქმით სულელურ გეგმას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა. ახლა დგანან სირცხვილიას აგინებენ. სირცხვილიამ ის ქნა, რაც იცოდა – მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს. აი დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ?
P.S. მე გეტყვით რატომ, უპასუხისმგებლობები, უსინდისოები და უტვინოები ხართ”, – წერს თამარ ჩერგოელიშვილი სოციალურ ქსელში.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საქართველოში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას და ხელისუფლების რეაქციას აფასებს, ასევე წერს იმის შესახებ, როგორ უნდა იმოქმედონ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა:
“შევეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ და გასაგებად ვთქვა ჩემი სათქმელი.
დღევანდელ მასობრივ პროტესტს აერთიანებს ევროკავშირთან (ზოგადად, დასავლეთთან) ინტეგრაციის სურვილი და, შესაბამისად, ბრაზი, რომ ამ გზაზე ხელისუფლებამ აშკარა და მიუტევებელი დაბრკოლებები შექმნა. ამან გამოიყვანა ქუჩაში ათეულ ათასობით ადამიანი, რომელთა კონკრეტული პოლიტიკური გემოვნება ჭრელია.
საპროტესტო მოძრაობის ფლაგმანია სამოქალაქო ჯგუფები, მათ ქუდქვეშ ერთად დგომა არ გასჭირვებიათ ერთმანეთისგან განსხვავებული (მეტიც, დაპირისპირებული) პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანებს.
20 ივნისის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამ საპროტესტო ენერგიის პოლიტიკურ მოთხოვნებში კონვერტაცია, საპროტეტსო ენერგიის მთლიანობის შენარჩუნების ფონზე. ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის იდეა, პირველ რიგში, ნაკარნახევი იყო იმით, რომ ქართულ ოცნებასაც მიეღო მონაწილეობა ასეთი გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე სხვა ძალებთან ერთად აეღო პასუხისმგებლობა. ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ამაზე არ წამოვიდა. მას აწყობს პროცესის გამწვავება იმ აზრით, რომ სამოქალაქო მოძრაობის ფლაგმანობა ჩანაცვლდეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიურობით. ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიციური პარტიების „გაშავებას“ უფრო უკეთესად მოახერხებს „ნაცობის“ სტიგმის გამოყენებით; მან ისიც იცის, რომ აქციებზე აღარ მივლენ ის ადამიანები, რომლებიც ოცნებას კი უწყრებიან, მაგრამ იმ მიტინგზე, სადაც სცენაზე „ძველი“ ოპოზიციური პარტიები დგანან (პირველ რიგში, ნაცმოძრაობა), აღარ წავლენ.
ხელისუფლებას სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა, რომ საზოგადოებაში არსებულ მძლავრ საპროტესტო ტალღას გამოაცალოს კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო ხელისუფლების მიმართ დაეჭვებული ადამიანები, რომელთა შორის ნაწილი მისი ყოფილი ამომრჩეველია, ხოლო ნაწილი ე.წ. შუაშისტი ნიჰილისტი, რომელსაც არც ერთი მხარე არ მოსწონს (თუმცა, ევროპა უნდა).
ხელისუფლების მიზანია მისი ყოფილი ამომრჩევლები კვლავ თავის ბანაკში გადმოიყვანოს, ხოლო შუაშისტები კვლავ სახლებში დატოვოს. სწორედ ამას ემსახურებოდა: ა) რადიკალურად განწყობილი „სამეულის“ გამოყოფა „ქართული ოცნებიდან“ და ბ) კობახიძის განცხადება, რომ მზადაა ხელისუფლებამ, სხვა პარტიებთან ერთად, იმუშაოს 12 პუნქტიანი გეგმის შესასრუებლად და უკვე დაანონსა კიდეც კომისიის შექმნა დეპოლარიზაციის მიმართულებით (ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნათელია, რომ ასეთი კომისიები ძალაუფლების შესანარჩუნებლად დროის გაწელვის სატყუარაა, მაგრამ საჯარო მოხელე ამ სატყუარას შეიძლება მოეჭიდოს).
შესაბამისად, საპროტესტო მოძრაობის წინაშე, დღესდღეობით, დგას რთული ამოცანა: შეინარჩუნოს ევროპასთან ინტეგრაციის გარშემო გაერთიანებული უამრავი ადამიანის ერთიანობა. როგორაა ეს შესაძლებელი მაშინ, როდესაც ავანსცენაზე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან?
1. არსებულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შეძლონ ერთმანეთთან კოორდინაცია და კონცენტრირდნენ დაბალანსებულ (და არა გამყოფ) მოთხოვნებზე, რომელთა შორის წამყვანი კვლავ ევროკომიიის მოთხოვნების შესრულება და ევროპასთან დაახლოება იქნება. ვიცი, რომ ერთ-ერთ „ცხელი“ პუნქტად დადგება სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ნაცმოძრაობა უნდა დათანხმდეს, რომ მიჰყვეს რეზოლუციის მოთხოვნებს: მოხსნას სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა და ილაპარაკოს იმაზე, რაც უკვე წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში – სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარულ მოპყრობაზე, რაც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობს.
ბ) საპროტესტო გამოსვლები უნდა იყოს პერმანენტული და მათში მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლებმა (აკადემიურმა წრეებმა, სტუდენტებმა, ბინესმენებმა, „რიგითმა“ ადამიანებმა). ბოლო აქციების ერთ-ერთი შთამბეჭდავი სიახლე სწორედ ეს იყო და ეს უნდა შენარჩუნდეს.
გ) სამოქალაქო ჯგუფებმა, რომლებიც დღევანდელი საპროტესტო მოძრაობის ფლაგმანები არიან, მომავალი არჩევნებისთვის (ჩატარდება ის 2024 წელს თუ მანამდე) უნდა იფიქრონ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაზე. ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ქართულლ ოცნებაზე განაწყენებული/დაეჭვებული ამომრჩეველი ისეც სახელისუფლო ბანაკში დაბრუნდეს და, ამასთანავე, მიიმხრობს ნიჰილისტურად განწყობილ შუაშისტ ამომრჩეველს, რომელსაც ევროპა უნდა.“–წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფესიბუქზე.
გლობალურმა დათბობამ კაცობრიობას შეიძლება ახალი დაავადებები მოუტანოს, რომელთა შესახებ ამჟამად წარმოდგენაც კი არ გვაქვს.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ შეიძლება იმოქმედოს დედამიწაზე გლობალურმა დათბობამ. გაირკვა, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ კლიმატურ ცვლილებებს, არამედ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. მყინვარებში, რომლებმაც დნობა უკვე დაიწყეს, მეცნიერებმა დაახლოებით ათასი უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს, რომლებსაც ახალი დაავადებების და ეპიდემიების გამოწვევა შეუძლიათ.
ამას მოწმობს კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature biotechnology–ში გამოვეყნდა.
მეცნიერთა ჯგუფმა ტიბეტის მყინვარებში თოვლის და ყინულის ნიმუშები შეაგროვა. გაირკვა, რომ გაყინულ წყალში დაახლოებით ათასობით ისეთი ბაქტერიაა, რომელთა შესახებ მეცნიერებამ არაფერი იცის. მკვლევარები უკვე ვარაუდობენ, რომ ეს ბაქტერიები შესაძლოა კაცობრიობისთვის სერიოზული საფრთხის მატარებლები იყვნენ. მათ შეიძლება ახალი დაავადებები და ეპიდემიების პროვოცირება გამოიწვიონ.
ბაქტერიების 968 სახეობიდან, რომლებიც მეცნიერებმა ტიბერტის დნობად მყინვარებში აღმოაჩინეს, 98% მეცნიერებისთვის უცნობია და მათ უკვე უწოდეს პოტენციურად საშიში. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 10% ყინულის ფარებით და მყინვარებით არის დაფარული. თუ ყველა მათგანი დნობას დაიწყებს, ადამიანებს ახალი ბაქტერიების “გაცნობა“ მოუწევთ, რომლებიც გაყინულ წყალში ბუდობენ. და არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ თითქმის ყველა ეს ბაქტერია მთელი მსოფლიოსთვის ახალ გამოწვევად იქცევა.
მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთზე სასანქციო ზეწოლისთვის მარტში შეიქმნა, ამბობს რომ რუსი ოლიგარქების კუთვნილი, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაბლოკა ან მისი კონფისკაცია მოახდინა.
ლუქსის კლასის იახტების, თვითმფრინავების, მდიდრული სახლების და სხვა ქონების გარდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებს ეკუთვნის, REPO-ს სახელით ცნობილი სამუშაო ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინა.
ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „REPO-ს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, მომავალ თვეებში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ სანქციებ-დაწესებული რუსული ქონების ძებნას და სანქციების ქვეშ მყოფ რუსებს საშუალებას არ მისცემენ ძირი გამოუთხარონ იმ ზომებს, რომელსაც REPO-ს წევრებმა ერთობლივად მიმართეს“.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ხაზინამ 16 მარტს შექმნეს REPO (Russian Elites, Proxies and Oligarchs), როგორც რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი საერთაშორისო სანქციების ნაწილი. შეერთებული შტატების გარდა მის წევრებს შორის არიან ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ევროკავშირი.
REPO-ს გარდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ მიზნით სააგენტოთშორისო სამუშაო ჯგუფი KleptoCapture (კლეპტოქაფჩერ) ჩამოაყალიბა, ევროკომისიამ კი გაყინვის და კონფისკაციის საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება მოახდინოს.
აპრილში, ესპანეთის ხელისუფლებამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თხოვნის საფუძველზე, რუსი მილიარდერის, ვიქტორ ვექსელბერგის 90 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტა დააკავა.
მაისში, ფიჯის სამართალდამცავებმა, სანქცირებული რუსი ოლიგარქის – სულეიმან ქერიმოვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. 106 მეტრიანი მდიდრული იახტა „ამადეა“ სან-დიეგოს ყურეში ორშაბათს გადაიყვანეს.
რუსი მილიარდერი ოლეგ ტინკოვი მწვავე შეფასებას აძლევს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მათ, ვინც ამ ომს მხარს უჭერს. ასევე აკრიტიკებს რუსული არმიას. ბანკირი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს რუსული ბიზნეს ელიტის იმ მცირერიცხოვან წარმომადგენლებს შორის არის, რომელმაც თავს უფლება მისცა და პუტინი გააკრიტიკა:
“ვერ ვხედავ ამ უგუნური ომის ვერცერთ ბენეფიციარს! იღუპება უდანაშაულო ხალხი და ჯარისკაცები“– დაწერა ტინკოვმა ინსტაგრამზე. მან მწვავე შეფასება მისცა რუსული არმიის მომზადებასაც:
“საიდან იქნება არმია კარგი, როცა ყველაფერი დანარჩენი ქვეყანაში ნეხვშია და ნეპოტიზმში, ლაქიობასა და ფლანგვაშია ჩაძირული? კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი შვილებიც ამიერიდან ზაფხულობით ხმელთაშუა ზღვაზე ვეღარ წავლენ. ბიზნესმენები საკუთარი ქონების ნარჩენების გადარჩენას ცდილობენ. რა თქმა უნდა, არიან დებილები, ვინც Z-ს ხატავენ, მაგრამ დებილები ნებისმიერ ქვეყანაში 10%–ს შეადგენენ. რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია!“– წერს ბიზნესმენი ინსტაგრამზე და ინგლისურად მოუწოდებს “კოლექტიურ დასავლეთს“, მისცეს პუტინს სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა, რათა “სახის შენარჩუნება შეძლოს და ეს სასაკლაო შეაჩეროს.“
“თუ შეიძლება, იყავით უფრო რაციონალურები და ჰუმანურები“– წერს ის.
ეს არ არის ტინკოვის პირველი პოსტი ომის შესახებ. ჯერ კიდევ 29 მარტს ის წერდა:
“ახლა უკრაინაში უდანაშაულო ხალხი იღუპება, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია! სახელმწიფოებმა ფული ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დამარცხებაზე უნდა დახარჯონ და არა ომზე. ჩვენ ამ ომის წინააღმდეგი ვართ.“
ტინკოვი ფორბსის რეიტინგში 2022 წლის 5 თებერვლის მონაცემებით 608–ე ადგილს იკავებდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში. რუსეთში კი 2021 წელს 32–ე ადგილზე იყო. მისი ქონება 4.7 მილიარდი დოლარია.
ის არის ტინკოფ ბანკის , ტექნიკის მაღაზიების ქსელის დამფუძნებელი, ლუდის ქარხნის, რესტორნების ქსელის და სხვა არაერთი ბიზნესის მფლობელი.
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, მიკი რურკმა ქსენია სობჩაკთან ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ უკვე დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვით მისი მთელი ქონება მის პირად თანაშემწეს და ახლო მეგობარს, უკრაინელ დმიტრი კორნიიჩუკს დარჩება.
69 წლის მსახიობმა აღიარა, რომ რვა წლის მანძილზე დიმა მისი ერთ–ერთი უახლოესი ადამიანი გახდა.
“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის მსოფლიოში! მე ჩემი სახლის მისამართის დამახსოვრებაც არ შემიძლია. დიმას გარეშე დავიკარგები“– ამბობს სობჩაკთან ინტერვიუში მიკი რურკი და აღიარებს, რომ უკვე დაგეგმა საკუთრი დაკრძალვა. მსახიობს უნდა მის ძაღლებთან დაკრძალონ. მას წლების მანძილზე უკვე გარდაეცვალა 12 ძაღლი, რომლებიც აკლდამაში არიან დამარხული და მას იმედი აქვს, რომ ოდესმე მათთან ერთად განისვენებს. მისი სიკვდილის შემდეგ კი მთელი ქონება კორნიიჩუკს დარჩება.
“ყველაფერი დიმას დავუტოვე, აბსოლუტურად ყველაფერი! არ მეშინია სიკვდილის. თავად პროცესის მეშინია. მჯერა, რომ იმქვეყნად ჩემს ძმას ვნახავ, ჩავეხუტები“– ამბობს მსახიობი.
Celebrity Net Worth–ის შეფასებით, მიკი რურკის ქონება 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული, გარდა ამისა, მსახიობს აქვს აპარტამენტი მანჰეტენზე.
ცოტა ხნის წინ მან მხარი დაუჭირა უკრაინას და ემოციურად გამოეხმაურა რუსეთის შეჭრას, აღფრთოვანება გამოთქვა პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცით და გააკრიტიკა აშშ და ნატო ნელი მოქმედებებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის შესახებ ასე დეტალურად მსახიობმა სწორედ მისი თანაშემწისგან და ახლო მეგობრისგან იცის: დმიტრის ნათესავები ხმელნიცკის ოლქში ცხოვრობენ.
დასავლელი ექსპერტების აზრით უკრაინის დონბასის რეგიონის დაპყრობა რუსეთის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სახე შეინარჩუნოს და “სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის შესახებ“ განაცხადოს.
იმ შემთხვევაში, თუ დონბასისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი შეძლებს უკრაინაში წარუმატებელი შეჭრა წარმატებად გაასაღოს, დონბასში დამარცხება კი სამუდამოდ შეიყვანს ისტორიაში პუტინის მიერ გაჩაღებულ სრულმაშტაბიან ომს, როგორც რუსეთის დიდ მარცხს.
“ისეთი ქალაქები, როგორიც არის ლუგანსკი და დონეცკი, ისტორიულად არის ადგილები, სადაც რუსებს შეეძლოთ საკუთარი თავის გარკვეული ვერსია ენახათ“– ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის უკრაინული კვლევების დოცენტი რორი ფინინი.
ექსპერტების აზრით, დონბასის ეს ისტორიული იმიჯი შეიძლება კვლავ შენარჩუნდეს პუტინის მსოფლმხედველობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რეგიონის დაპყრობის გარეშე კი ეს არ გამოვა.
“დონბასის ოკუპირება რუსეთის ფედერაციისთვის სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია. დონბასი მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ნედლეულით. ეს იყო ადგილი, რომელიც საბჭოთა ინდუსტრიალიაციას ტემპს აძლევდა“ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის იურისტი, მარკიან დობჩანსკი.
სწორედ ამ კონტექსტში მოახდინა პუტინმა მისი შეფერხებული შეჭრის გადაორიენტირება რეგიონზე, სადაც უკრაინიასთან ომი რვა წლის წინ დაიწყო – თვლიან ანალიტიკოსები.
აშშ–ს დაზვერვის მონაცემები მეტყველებს, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთით 9 მაისამდე რამე შედეგს მაინც მიაღწიოს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამირ პურინი, რომელიც დონბასში 2014–2015 წლებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთ–ერთი დამკვირვებელი იყო, თვლის, რომ რეგიონის შესაძლო დაპყრობა პუტინს საშუალებას მისცემს რუსულ საზოგადოებას უთხრას, რომ ომში გამარჯვება მოიპოვა.
“დონბასის დაპყრობა ნუგეში იქნებოდა რუსეთისთვის, რომელიც კიევს ვერ მიწვდა. ეს კარგი დამამშვიდებელი პრიზი იქნებოდა“ – ამბობს პური.
ამავე დროს, ექსპერტი ვარაუდობს, რომ დონბასში ომის ახალი ეტაპი თითქმის დანამდვილებით გამოიწვევს რეგიონის კიდევ უფრო მეტ დაცარიელებას, რომელიც ისტორიულად და კულტურულად აგრესორი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ადგილია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი დონბასზე გადამწყვეტი შეტევისთვის მესამე კვირაა ემზადება. გუშინ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში თქვა, რომ დონბასისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. თუმცა, მას არ ეთანხმებიან New York Times–ის მიერ გამოკითხული დასავლელი ექპერტები. მათი აზრით, რუსეთი რეგიონში უფრო მაშტაბურ შეტევას ამზადებს.
თავის მხრივ,Atlantic Council –ის ანალიტიკოსები უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ დონბასზე კონტრშეტევის გაჭიანურება არ ღირს, რადგან ამან შეიძლება აგრესორ სახელმწიფოს უპირატესობა მისცეს მათ მიერ დაკავებული პოზიციების დაცვაში.